Litclub.ge

სონეტი 105 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
ალბათ თქვენს თვალში მე ვიქცევი მართლა წარმართებრ,
ალბათ დამწამებთ სატრფოს კერპად გამოცხადებას,
რადგან ამ ქვეყნად ბედი ჩემი ასე წარვმართე:
ერთ სახელს ვუმღერ, ერთს ვუწოდებ სალოც ხატებას.
მიჯნური ჩემი კეთილია აწ და მარადის,
არ იცვლება და მერყეობა არცა შეფერის,
რადგან ცდუნება ცვლილებისა აცდა მარად დიდს,
მასზე ნამღერი ჩემი ლექსიც დარჩა ერთფერი.
ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვამბობდი გუშინ,
ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვიტყვი მარადჟამს,
ეს ამის სამი სიტყვა ჩამებეჭდა ანთებულ გულში,
და ლექსიც ჩემი ამ სამ მცნებას უდგას დარაჯად!
თითო სიკეთეს აღმოვუჩენთ ათას მახლობელს,
მაგრამ ვის ახსოვს სამივ მადლი ერთში სახლობდეს?!