Litclub.ge

ყველაფრის შაირი
მე ვნახე ორეული,
ოდნავ გადარეული,
დატკბა ჩემი ნახვითა,
რაღაც ჩაიხითხითა.
მოიგონა წარსული:
გული გადაბასრული.
უბნის გუბე, ჭოჭები,
ყველიერის კოჭები.
ყაჩაღების ბუდობა,
ღამე ყურძნის ქურდობა.
ფშანში ფაცრის დაგება,
გადარჩენა, განგება.
სახრის ზურგზე გადაწნა.
კვერცხზედ ვაშლის გადაცვლა.
ღვინო ახალ ნახადი,
ბოსლის ღვდელის ღაღადი.
ხონჩა, ბედის ქადები.
მუზმუზელა ქალები.
ლხინი ხელებჩართული.
და სიმღერა ქართული.
ეზო, ქორის გართობა.
წიწილების დაფრთხობა.
გუგულის ხმა, ნახირი
და „დაგძლიეს“ ძახილი.
ქაშანურას ძაგება,
ეხის დაკარწახება.
სოფლის აბიბინება
და თაყინას გინება.
ცული და სატევარი.
საძნე ურმის ყევარი.
ღამე, გრიგალის შობა.
ვენახი და ბავშვობა.
მე ვნახე ორეული,
ნახშირგამორეული.
წარსულ დღეთა მეზარე
და ჭოტივით მკვნესარე.