ყვავებს შეუტევ, მიაყრი რისხვას,
ყმუილს მორთავენ გარშემო მგლები,
ფოთლებს დამაყრი შემოდგომის ხანს
და ეს იქნება შენი ცრემლები.
თუ ზამთრის ღამეს ოდესმე წამლად
მთვარე კრიალით გამოჰყავს ქაოსს,
უთხარი: დიდხანს ნუღარსად წავა,
და შენს ტოტების გარს იტრიალოს.
ჟამი ჩვენს ახლოს რას იყურყუტებს,
რა ჭირად უნდა დარდების თხრილი.
ქარში რაღაცას წაიბუტბუტებ
და საცოდავად დაიწყებ ტირილს.
შენი ფესვები ჩემ გულს გამოხრავს.
თხუნელა კუბოს მიარტყამს კვინიხს.
შეეშინდება მოხუც მაცხოვარს
და ფაშარ ლოცვებს კუნჭულში იტყვის.
„ცაცხვი ფერს შესცდა? რა ამბავია!“ -
იტყვის სოფელი ერთ სისხამ დილით -
„აქ ხე მარხია პოეტის გვამით
სახადშეყრილი და მოთენთილი“.