წუხელის შენი სიზმარი ვნახე,
ხშირი ბაღები, ბოდვა მგოსნების,
გადაბურული პალმებით ღამე
და ოდნავ სველი კვიპაროსები.
რომ დაგეძებდი, ფოთლები მიხვდნენ,
მითხრეს: ვარდებმა კოცნით დაღალეს
ძლივს ჩაიძინა... მტრედებიც დასხდნენ
და ნისკარტები ფრთებში დამალეს.
გულხელდაკრეფილ ძეგლებს ეღვიძათ...
წარწერებს შლიდა შადრევნის ცვარი.
ხეებს სიბნელე ძლივსღა ეჭირათ.
ჰქუხდა ჩანჩქერი - ბაღების ზარი.
გათენდა უცბად... ამწვანდა არე,
აგრილდა, ყველგან გაჩნდნენ ჩრდილები,
მე ვნახე: შენი სიზმრების ღამე
და, რო გივლია, ის ადგილები.