ორტოტა ქარი ჩაქოლავს თაღებს,
იმ კვალს გადაშლის, ჩვენ რო ვიარეთ.
რამდენი შფოთვა ვურიგეთ ნაღველს,
ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.
იცი, სიცოცხლეს რომ ყოველ დილით
ვშთანთქავდი ჩემი ცხელი თითებით?
თან მიტაცებდა ეგ შენი ჩრდილი,
ჩრდილი, დაწნული ჯვარცმულის თმებით.
ძილი წამებად გადამექცა, დედავ!
ველი იმ დღეებს, რომ გავტიალდე.
ქვესკნელს შემასხი მარადისობავ,
რომ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე.
ჩემი გაჩენა მიეზღოს ცოცხლად
ვისაც ეს ჩემი იღბალი მართებს,
თითქოს ეს გული ამოურეცხავთ
ღვიით და სარცხით შიშველ წარმართებს.
წავალ, ჩამყვება უსინდისობა.
სამყარო ჩემ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის.
მიწიდან ხალხი ამოცვინდება,
შემოღამებულ სივრცეებს იქით.
ეკლესიის წინ ილოცებს გველი,
საკმევლის სუნი გამოვა გარეთ.
რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს,
ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ.