Litclub.ge

წვიმის პროფილი
ეს წვიმიანი დღე-ჯარაოზი
გამოაქროლებს წარსულ იმედებს
და მოგონება თეთრ მარაოსი
ჩემთვის სიხარულს ზანტად იმეტებს.
მე მახსოვს მისი მწვანე მანდილი,
გულმოღერილი შავი ტუფლები,
და თუ შევიქენ მე - ავთანდილი,
მის მორჩილ ხელებს დავეუფლები.
კვალად ჩქარ სხივებს გაუზიარებს
იმის ჭორფლიან სახეს დაისი.
და ჩემი ტრფობა უზენაესი
ისევ დაითვლის თავის იარებს.
ვიწრო წვიმიდან მისი პროფილი
გამოიხედავს მეტი წვალებით,
მის მოჩვენებას მე ორჭოფილი
დაღლილ ღიმილით ვენაცვალები.
მას მიაცილებს წვიმა სოველი,
თუ მარტო მიდის ქალწულ ბინაზე;
და ატირდება ჩემი სინაზე,
ვით სექტემბერი დაუთოველი.