მარინას შველს
ოდრი! ყველაზე ლამაზო შველო,
მე შენი ბედი მშურს...
გადრი, ძვირფასო და საყვარელო
უძვირფასესის ისლს!..
ოდრი! წყაროზე ანკარა ნუკრო,
მე მშურს ტყვეობის შენის...
სიყვარულს მარადს, სიყვარულს უქრობს,
უთქმელს ღმერთების ენით,
შენ გამოხატავ თვალებით, ოდრი,
სხეულის ნაზი თრთოლვით...
ნუმც გადმოგღვრია ცრემლები ობლის,
გქონდეს სიწმინდე თოვლის!..
მარინას ზრუნვა, ნაზს და დედობრივს,
მოუარე და ენდე,
ნუ მიატოვებ, ნურასდროს, ოდრი
ამ ნათელ სისხლის ედემს!..
ოდრი, მარინას ლამაზო შველო,
გთხოვ, უნაზესო, ერთს:
უნდა მიშველო, უნდა მიშველო,
მამონო ქალს და ღმერთს!..
გამიგე, ღმერთის ლამაზო სულო,
ულამაზესო ოდრი!
მინდა სიცოცხლე აქ დავასრულო,
ოღნდ, მიბრძანე, როდის!..