* * *
ჩვენვიბრძოდით შენთვის! დავიხოცეთ შენთვის, -
ჩვენი საფლავების მომვლელო და მცველო!
ჩვენი საზრუნავი იყო ერთადერთი:
შენი გადაქცევა მთლიან საქართველოდ!
დღეს შენ მთლიანი ხარ! ღმერთმა გადღეგრძელოს!
* * *
ნუ ქნას ბნელი საფარველად შენდა!
წინ გიძღოდეს უნათლესი აზრი!
დიდი ენა - მოსაუბრე ღმერთთან -
დაიცავი უწმინდესი ტაძრით!
* * *
ახლა, როდესაც გადიდებენ, ყველგან გისმენენ,
ახლა, როდესაც ქართველთ ძმობის ხატად იქცევი, -
ჩადენილ ცოდვით, დედავ, შვილებს ნუ მოიხსენებ,
მოიხსენიე დათესილი მათგან სიკეთით!
* * *
რამდენ აკვანსაც ჩვილებს დაურწევ,
შვილებს სიცოცხლის გზას გაუგრძელებ, -
იმდენ შენს ქებას დღე დღეს აუწყებს
და ღამე ღამეს გადაუმღერებს!
* * *
თავისუფლების, გამარჯვების ღირსი ერი ხარ!
დაბადებიდან საკუთარი ლუკმით იზარდე!
კურტხეულ იყავ, შემწე იყავ, მიწიერ იყავ
უკუნისამდე! უკუნითი უკუნისამდე!
* * *
ჩვენო სააკვანე და ჩვენო საკუბოევ!
ჩვენო საღიმილევ და ჩვენო საცრემლევ! -
დამიმალამოე შენთვის დაგულ პოეტს
ტკივილი, საფლავშიც რომ აღარ მასვენებს!
* * *
შენი ბრძოლების მატიანეს, აბა, ვინ წაშლის?!
გაგიმარჯვნია შემოსეულ უთვალავ მტერზე!
ბევრჯერ მოგაგეს შენ ბოროტი კეთილსა წილ,
სიყვარულის წილ - სიძულვილი მოგაგეს ბევრჯერ!
* * *
შენთვის აღვენთე, შენთვის ვიბრწყინე,
ვუდარაჯებდი კარავსა შენსა...
და, განწმენდილი შენთვის შვიდწილად,
შენს წმინდა მიწას ჩავეწნე ფესვად.
* * *
როცა მოედო შენი ზეცის თაღებს ნათელი
და სიხარული მოგაფინა კიდით-კიდე,
როცა აღსდექი, აღზევდი და აღემართენი, -
დიდება იმ დღეს - დაუვიწყარს! დიდება იმ დღეს!