Litclub.ge

გა-მო-ღვი-ძე-ბა
“კოკასა შიგან რაცა სდგას” 
(სანდრიკა ნაკაიძის ხსოვნას) 

არ შემოხვიდე ჩემს ჯოჯოხეთში. 
ახლად ამოყრილილ თევზებივით 
გულაღმა წვანან ჩემი ფიქრები. 
ღამით, ძილი რომ არ მეკარება 
მთელ ტანზე ნუშის საცხს ვიგლეს და 
ჩემს ხორცს ვანელებ.
შუაღამისას, ნაწილ-ნაწილ ვიცლი კიდურებს 
და მენჯის ძვლიდან ვხაპავ მდინარეს. 
“კოკასა შიგან რაცა სდგას” 
სხვა არის გადმომდინარე. 
ახლა გაყინულ ხელებს ვითბობ, 
დაძველებული კარამელივით 
ვიკვნეტ ბაგეებს, 
შენ, გადმომისხი სისხლი ჩემი უკვდავებისთვის 
უკვდავებაში
მიცვალებად მე შეგაგროვებ. 
ცარცისფერ ძვლებზე ნაპრალებად დამეტყოს მინდა 
ქვესკნელის გზები. 
ვჭამდე ჩემს ხორცს, 
სულს კი ვკორტნიდე
და მერე დილა 
იწყებოდეს დასავიწყებლად. 
და მერე დილას 
გადახვეულ ფირზე ვიწერდე, 
რომ სიცოცხლეში გამარჯვებით დაბრუნებულმა 
შენს მომაკვდავის არტახებში 
ვცადო გახვევა. 
დასავიწყებლად იწყებოდეს დილა და ისევ 
გამთენიისას ვერ გავუძლო და შენს სასთუმალს, 
იწვეს სიკვდილი ჩემი ხელით გადარჩენილი, 
ნიჟარებს სუნი ასდიოდეთ მლაშე სისხლდენის.
იყოს მოქცევა, 
გადიდებულ თვალის გუგებში- 
ჩანდეს სამყარო, 
ზამთრისპირზე
ნისლის ბაღები ირხეოდნენ და 
პალატაში ხელოვნურად მსუნთქავი გული 
იდოს საწოლზე 
ერთი გრამი სითხის ამარა.
სიკვდილი კართან ავაყუდო იქნებ ვიღაცამ 
ჩამოიაროს და წაიღოს ჩასაბარებლად.

ნუ...ნუ, შემოხვალ ჩემს ჯოჯოხეთში. 
შავ მდინარეში ტივტივებენ
ჩემი ფიქრები.
არ ვიცი ახლა ნაწილ-ნაწილ ვიცლი კიდურებს 
თუ მეშინია გაღვიძების 
და დროს ვაჩერებ. 
და მერე დილა 
იწყებოდეს გასახსენებლად, 
მზე ზღვაში კლავდეს დავიწყებას 
ბლაგვი საგნებით. 
ეს სახლი უკვე აირია. ალბათ ოდესმე 
იატაკს ცოცხს რომ გამოვუსვამ- 
მეც დავლაგდები. 

გა-მო-ღვი-ძე-ბა არის უთუო, 
მშვიდობით ზღვაო, 
რომელიმე ხომ მაინც ვრჩებით.