ჩემო ტკბილო პაწიავ,
სიხარულო ახალო,
რაც კი მე გამაჩნია.
მინდა, შენ მოგახმარო!
კდემა გქონდეს ქალური,
ჩემი გოგო, მზისთვალო,
აკვნისხელა მამული
ვერვინ ვერ მოგიშალოს!
ჩემი ფიქრის სათავევ,
არ დაიწვე უალოდ,
მამა-პაპის საფლავებს
გვერდი არ აუარო!
მამულისთვის ანათე,
მის დიდ წარსულს ჩაჰხედე.
ერს არგე რა, სანამდე
ერით იამაყებდე!
მშობელ მიწას მოვლდა და
მზრუნველობა სჭირდება,
მიწა ბავშვივითაა, -
მოვლა-ზრუნვით იზრდება!
შენი წუთისოფლის დღე
ნუ გქონოდეს სადარდო,
მე თუ ადრე მოგიკვდე,
ჩემმა ლოცვამ გაგზარდოს!
იყავ მუდამ ხალასი,
ერი იყოს მზე შენი...
და თ მაინც დამარცხდი,
სულით ნუ დაეცემი!
სიმართლეზე თვალები
არ დახუჭო არასდროს,
კაცს თუ დაეხმარები,
შვილო, არ დაამადლო!
დედის იავნანა ხარ, -
ჩემი ბედის სასწორო, -
მამულს გარეთ დამარხვა,
შვილო, ბედმა გაშოროს!
სულში მზე თუ ინთება,
მაშინ უნდა უმღერო,
ყალბი ქება-დიდება,
შვილო, არ შეიფერო!
გაგერიდოს ქარ-წვიმა,
სინანული მარადდღე...
და თ მტრობა გაგწირავს,
სიყვარული გფარავდეს!
გულში ვარდი მიყვავის -
შენი ლოყებისთანა...
კარგი დედა იყავი,
მეტი არა მინდა რა.
სულ ილოცე, ელისო,
ერისთვის და ენისთვის,
ეოცა მამულს შეიცნობ,
მაშინ, შვილო, შენ იცი!
მაწვალებენ ფიქრები,
მეტს ვერ გეტყვი ამჯერად...
საამაყო იქნები,
თუ ღმერთმა არ დამწყევლა!
ღმერთო, ჩემი ელისო
მამულს შენ ანაცვალე,
შეისმინე ეს ლოცვა
და სიცოცხლე მაცალე!..