Litclub.ge

მრავალჟამიერ!
შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!
 
1952