Litclub.ge

სამხედრო მფრინავი
მაიორ ალიასს, ყველა ჩემს ამხანაგს შორეული დაზვერვის 2/33 ავიაჯგუფიდან, განსაკუთრებით კი — კაპიტან-მოთვალთვალე მოროს და ლეიტენანტ-მოთვალთვალეებს — აზამბრსა და დიუტერტრს, რომლებიც ჩემი თანამგზავრები იყვნენ რიგრიგობით 1939—1940 წლების ომში საბრძოლო დავალებების შესრულებისას და რომელთა ერთგულ მეგობრადაც სამუდამოდ დავრჩები.

I
თითქოს სიზმარს ვხედავ. ისევ კოლეჟი. თხუთმეტი წლის ვარ, ხელში ფარგალი, სახაზავი და ტრანსპორტირი მიჭირავს და, მერხზე დაყრდნობილს, გულმოდგინედ გამომყავს გეომეტრიული ამოცანა. მშვიდად და გულისყურით ვმუშაობ. ჩემ გვერდით ჩურჩულით ბაასობენ ჩემი მეგობრები. ერთ მათგანს, რომელიც დაფასთან დგას, ციფრების სვეტები ჩამოუმწკრივებია. ზოგიც, ნაკლებ სერიოზული, ბრიჯს თამაშობს. დროდადრო ფანჯარაში ვიცქირები და უფრო ღრმად ვინთქმები სიზმარში. გარეთ ხის ტოტი ნელა ირხევა მზეზე, დიდხანს შევყურებ მას. ამოცანა გადამავიწყდა... შევხარი მზეს და ხარბად ვისუნთქავ ბავშვობის სურნელებას, მერხიდან, ცარციდან და შავი დაფიდან რომ იფრქვევა. სიამოვნებით ვუბრუნდები ესოდენ კარგად დაცულ ბავშვობას! მე კარგად ვიცი: ჯერ პატარა ხარ. კოლეჟი, ამხანაგები. მერე კი დგება გამოსაშვები გამოცდების დღე, იღებ დიპლომს და გულის ფანცქალით აბიჯებ იმ ზღურბლს, რომლის იქითაც ერთბაშად ხდები მამაკაცი. და ახლა უფრო მძიმედ მიაბიჯებ დედამიწაზე. ცხოვრების გზას იწყებ. პირველ ნაბიჯებს დგამ. ახლა უკვე ნამდვილ მტერზე გამოცდი შენს იარაღს. ახლა სამკუთხედი, სახაზავი და ფარგალი იმისთვის დაგჭირდება, რომ ცხოვრება აშენო და მტერი დაამარცხო. დამთავრდა თამაში!
მე ვიცი, რომ, ჩვეულებრივ, არც ერთ მოწაფეს არ აშინებს ცხოვრებასთან შეხვედრა. იგი მოუთმენლად ელის ამ დღეს. ტანჯვა, საფრთხე, იმედების გაცრუება, რაც მამაკაცს ელის ცხოვრებაში, მას არ აშინებს.
მაგრამ მე უცნაური მოწაფე ვარ. მე ვგრძნობ ჩემს ბედნიერებას და არ ვესწრაფვი ცხოვრებას... გვერდით დიუტერტრმა ჩამიარა. მე ვეძახი მას.
— ჩამოჯექი, ფოკუსს გიჩვენებ...
და მე აღტაცებული ვარ, რომ ყვავის ტუზი ამოვიღე.
ჩემ პირდაპირ, ისეთივე შავ მერხზე, როგორზედაც მე ვზივარ, დიუტერტრი შემომჯდარა. იგი იცინის. მე წყნარად ვიღიმები. მერე პენიკო მოდის ჩვენთან და მხარზე მხვევს ხელს.
— რას შვრებით, ბებრებო?
ღმერთო ჩემო, რამდენი სინაზეა ყოველივე ამაში.

მორიგე (ნუთუ ეს მორიგეა?) კარს აღებს და ორ ამხანაგს იძახებს. ისინი თავს ანებებენ სახაზავებსა და ფარგლებს და გადიან. ჩვენ თვალით ვაცილებთ მათ. მათთვის დამთავრდა სკოლა. მათ ცხოვრებაში ისვრიან. აი სად დასჭირდებათ ყველაფერი, რაც ასწავლეს. ისინი ისე მიდიან, როგორც ნამდვილ მამაკაცებს შეშვენით. მიდიან, რომ მოწინააღმდეგეზე სინჯონ თავიანთი გაანგარიშებების შედეგები. არავის გაუმართავს მათთვის საზეიმო გაცილება. მათ არც კი შემოუხედავთ ჩვენთვის. თუმცა ცხოვრების ორომტრიალმა შეიძლება სადმე ქვეყნის დასალიერს გადაისროლოს ისინი! როცა სკოლის დამთავრებისას ცხოვრება ფანტავს ადამიანებს, განა მათ შეუძლიათ დაიფიცონ, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს?
ჩვენ ისევ ვიხრებით რუკაზე. ჩვენ ჯერჯერობით სათბურის სიმშვიდეში ვართ.
— მისმინე, დიუტერტრ, ამ საღამოს...
მაგრამ ის კარი ისევ იღება. და მესმის სიტყვები, რომლებიც განაჩენივით ჟღერს:
— კაპიტანო დე სენტ-ეგზიუპერი და ლეიტენანტო დიუტერტრ, მეთაურთან.
დამთავრდა სკოლა. ეს ცხოვრებაა.
— იცოდი, რომ დღეს ჩვენი ჯერი იყო?
— რაღა თქმა უნდა. დილით პენიკო გაფრინდა.
რაკი გვიძახებენ, ცხადია — უნდა გავფრინდეთ. მაისის მიწურულია. ჩვენ ყველგან უკან ვიხევთ. დამარცხებაა. სრული დამარცხება. ისე სწირავენ ეკიპაჟებს, როგორც ჭიქა წყალს — ტყის ხანძრის ჩასაქრობად. მაგრამ ვინღა დაგიდევს საფრთხეს, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა?
შორეული დაზვერვის ორმოცდაათი ეკიპაჟიღა დავრჩით მთელ საფრანგეთში, ორმოცდაათი ეკიპაჟი სამ-სამი კაცის შემადგენლობით, და ამათგან ოცდასამი ჩვენს პოლკს ეკუთვნის. სამი კვირის განმავლობაში ოცდასამი ეკიპაჟიდან ჩვიდმეტი დავკარგეთ. ცვილივით ვდნებით.
— ამაზე ომის შემდეგ დავფიქრდებით, — ვუთხარი გუშინ ლეიტენანტ გავუალს.
— იქნებ იმედოვნებთ, კაპიტანო, რომ ცოცხალი გადაურჩებით ამ ომს? — მომიგო გავუალმა.
გავუალი არ ხუმრობდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სხვა აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ მიგვასხან მძვინვარე კოცონს, თუმცა ეს ჟესტი ამაოა. ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათნი ვართ მთელ საფრანგეთში. ჩვენს მხრებზეა დაყრდნობილი  საფრანგეთის არმიის მთელი სტრატეგია! იწვის ვეება ტყე. ვინ დაზოგავს რამდენიმე ჭიქა წყალს: მას, რაღა თქმა უნდა, შესწირავენ.
ყველაფერი სწორია. არავინ აპირებს ჩივილს. განა ოდესმე გაუგონიათ ჩვენგან სხვა პასუხი — `არის, მეთაურო~, `დიახ, მეთაურო~, `გმადლობთ, მეთაურო~ ან `მესმის, მეთაუროს~ გარდა? მაგრამ ამ ომში ყველაფერზე ძლიერია ერთი გრძნობა — უაზრობის გრძნობა. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ირყევა, ყველაფერი ინგრევა. სიკვდილიც კი სისულელედ გეჩვენება. მას სერიოზულობა აკლია ამ ორომტრიალში.
ჩვენ მაიორ ალიასთან შევდივართ (იგი ახლაც მეთაურობს 2/33 ავიაჯგუფს).
— გამარჯობათ, სენტ-ეგს. გამარჯობათ, დიუტერტრ. დასხედით.
ჩვენ ვსხდებით. მაიორი რუკას შლის მაგიდაზე და მორიგეს მიმართავს:
— მეტეოცნობა მომიტანეთ.
ალიასი ფანქარს აკაკუნებს მაგიდაზე. შევყურებ და ვხედავ, რომ გამხდარა. მას არ უძინია. მაქოსავით დაქროდა წინ და უკან დივიზიებისა და კორპუსის გამქრალი შტაბების საძებრად. ცდილობდა შებრძოლებოდა საინტენდანტოებს, რომლებმაც სამარაგო ნაწილების მოწოდება შეგვიწყვიტეს. გაჭედილ გზებზე ლტოლვილთა ბრბოში ემწყვდეოდა. ხელმძღვანელობდა ჩვენს უკანასკნელ ადგილგადანაცვლებას და ჩვენს უკანასკნელ დაბინავებას, იმიტომ, რომ ჩვენ ისე ვიცვლით ადგილს, როგორც ბანკროტი, რომელსაც შეუბრალებელი სასამართლოს აღმასრულებელი დასდევს. და ალიასი ყოველთვის ახერხებს რომელიმე თვითმფრინავის, სატვირთო მანქანის ან ათეული ტონა ტვირთის გადარჩენას. მაგრამ ვგრძნობთ, რომ უკვე ძალ-ღონე ელევა და ნერვები ღალატობს.
— მაშ ასე...
იგი განაგრძობს მაგიდაზე კაკუნს და ჩვენ არ გვიყურებს.
— ... ძალიან არასასიამოვნოა...
მერე მხრებს იჩეჩავს და დასძენს:
— მოსაწყენი დავალებაა. მაგრამ შტაბში დაბეჯითებით მოითხოვენ. ძალიან მოითხოვენ... ვერაფერს გახდები...
მე და დიუტერტრი ფანჯარაში ვიცქირებით. ცა მოწმენდილია. მესმის ქათმების კაკანი. ჩვენი საკომანდო პუნქტი ფერმაში დაბინავდა, ისევე, როგორც დაზვერვა — სკოლაში. ჩემს ცნობიერებაში სავსებით ურიგდება ერთმანეთს ზაფხული — როცა ხეხილი მწიფდება, წიწილები სუქდებიან და თავთავები ივსებიან პურის ყანაში — და სიკვდილზე ფიქრი. და მე ვერ მივმხვდარვარ, რით უპირისპირდება ზაფხულის დღის სიჩუმე სიკვდილს და რატომ უნდა მიიღოს ამ სილამაზემ ირონიის იერი. მაგრამ, ამასთან ერთად, თავში მებადება ბუნდოვანი აზრი: `რაღაც დაემართა ამ ზაფხულს. ზაფხულს ხიფათი შეემთხვა. იგი დამტვრეულია...~ მე ვნახე მიტოვებული სალეწი, სათიბი და ძნის შემკვრელი მანქანები, მიტოვებული სოფლები. რომელიღაც მიტოვებულ სოფელში წყალი ისევ ისე იღვრებოდა ღიად დარჩენილი ონკანიდან და წმიდა წყალი, რომელიც ამდენი შრომისა და ზრუნვის ფასად იყო გამოყვანილი, ჭუჭყიან გუბედ დგებოდა. უცნაური სახე მეხატება უეცრად თვალწინ: დამტვრეული საათის სახე; სოფლის სამრეკლოებისა და სადგურების საათების, მიტოვებული სახლების ბუხრებზე მდგარი საათების სახე... და მკვდარი საათების სასაფლაო გაქცეული მესაათის ვიტრინაში. ომია... აღარავინ მართავს საათებს. აღარავინ იღებს ჭარხლის მოსავალს. აღარავინ ფიქრობს ვაგონების შეკეთებას. წყალი, რომელიც წყურვილის მოსაკლავად და გლეხი ქალების მშვენიერი, სადღესასწაულო, მაქმანიანი ტანსაცმლის გასარეცხად იყო გამოყვანილი ჭუჭყიან გუბედ დგება ეკლესიის წინ. და კვდებიან ზაფხულში...
ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს უკურნებელი სენით ვიყო შეპყრობილი და ექიმს ეს-ეს არის ეთქვას: `ეს მოსაწყენია...~ ესე იგი, საჭიროა ვიფიქრო ნოტარიუსზე და იმათზეც, ვინც ცოცხალი რჩება. ერთი სიტყვით, მე და დიუტერტრი მივხვდით, რომ ლაპარაკია დასაღუპავად განწირულ დავალებაზე.
— შექმნილ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ხიფათს მაინცდამაინც არ უნდა მოვერიდოთ...
გასაგებია, `მაინცდამაინც არ უნდა მოვერიდოთ~. და ეს არავის ბრალი არ არის. არც ჩვენა ვართ დამნაშავენი, რომ სევდა შემოგვაწვა. არც მაიორია დამნაშავე, რომ თავს უხერხულად გრძნობს, არც შტაბი, რომელიც ბრძანებებს იძლევა. მაიორი მოღუშულია, რადგან იცის, რომ ეს ბრძანებები უაზროა. ჩვენც ვიცით ეს და შტაბშიაც იციან. შტაბი ბრძანებას იძლევა იმიტომ, რომ უნდა გასცეს ბრძანებები. ომში შტაბი ბრძანებებს იძლევა. იგი მშვენიერ ცხენოსნებს ანდა მოტოციკლისტებს აბარებს ბრძანებებს. და აი ძრწოლისა და სასოწარკვეთილების ჟამს ერთ-ერთი ასეთი მხედარი გაქაფული ცხენიდან ხტება და, როგორც წინასწარმეტყველთა ვარსკვლავი, მომავალს გვამცნობს. მას მოაქვს ჭეშმარიტება და ბრძანებები კვლავ აღადგენენ შერყეულ წესრიგს.
ასეთია ომის სქემა, ფერად ნახატებზე ნაჩვენები ომისა. და აი ყველა, რაც შეუძლია, ცდილობს, რომ ეს ომი ომს ჰგავდეს. არავინ იშურებს ძალ-ღონეს და მთელი კეთილსინდისიერებით ასრულებს თამაშის წესებს. იქნებ მაშინ მაინც დაემსგავსოს ეს ომი ომს.
ამიტომ სწირავენ ასე ჯიუტად და უმიზნოდ ჩვენს მფრინავ ეკიპაჟებს. არავის სურს აღიაროს, რომ ეს ომი არაფერს ჰგავს; რომ ყველაფერი უაზროა ამ ომში; რომ იგი არ შეესაბამება არც ერთ სქემას და ადამიანები მთელი თავიანთი მედიდურობით იმ ძაფებსღა ექაჩებიან, რომლებზედაც  უკვე აღარაა გამობმული თოჯინები. შტაბები მოვალეობის სრული შეგნებით იძლევიან ბრძანებებს, რომლებიც ვერავისთან მიაღწევს. ჩვენგან მოითხოვენ ცნობებს, რომელთა მოპოვებაც შეუძლებელია. მაგრამ ავიაციას არ ძალუძს აუხსნას შტაბებს, რა ხდება ომში. ავიაციას მხოლოდ ის შეუძლია, რომ თავისი დაზვერვის საფუძველზე შეამოწმოს შტაბების ჰიპოთეზები. მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი ჰიპოთეზა აღარ არსებობს. რაღაც ორმოცდაათ ეკიპაჟს სთხოვენ შექმნან ომის სახე, რომელიც არ არსებობს. ისე მოგვმართავენ, როგორც მისნების რომელიღაც ტომს. მე შევყურებ დიუტერტრს — ჩემს მოთვალთვალე-მისანს. გუშინ იგი შეეკამათა დივიზიის პოლკოვნიკს: `როგორ გნებავთ მოწინააღმდეგის პოზიცია განვსაზღვრო მიწიდან ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სისწრაფით?~ — `მაგრამ თქვენ ყველაფერს მიხვდებით, როცა ცეცხლს დაგიშენენ! რაკი გესვრიან, გერმანელთა პოზიციები ყოფილა~.
— ბევრი ვიცინე... — გვიყვებოდა შემდეგ დიუტერტრი.
იმიტომ, რომ ფრანგი ჯარისკაცები საერთოდ ვერ ხედავდნენ ფრანგულ თვითმფრინავებს. მხოლოდ ათასი თვითმფრინავია მიმოფანტული დიუნკერკსა და ელზასს შორის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, — გაფანტული უსასრულობაში. ამიტომ, როდესაც ფრონტის ხაზზე თვითმფრინავი გადაიქროლებს, იგი ყოველთვის გერმანულია და ჩქარობენ მის ჩამოგდებას, ვიდრე ყუმბარებს ჩამოყრიდეს. ამიტომაა, რომ, როგორც კი შემოესმებათ თვითმფრინავის ღმუილი, ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ხელადვე იწყებს სროლას საზენიტო და სწრაფმსროლელი ქვემეხებიდან.
— ძვირფას ცნობებს მიიღებენ ასეთი მეთოდების წყალობით, — დასძენს დიუტერტრი.
ჩვენს ცნობებს ანგარიშს უნდა უწევდნენ, რადგან, წესით, დაზვევრის მონაცემებს ანგარიში უნდა გაეწიოს.
მაგრამ ეს ომი შეშლილი ომია.
ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ, საბედნიეროდ, ჩვენს ცნობებს არავინ გაუწევს ანგარიშს. ჩვენ ვერავის გადავცემთ ცნობებს. გზები ჩახერგილია. ტელეფონები — გაფუჭებული. შტაბმა სასწრაფოდ გადაინაცვლა. მნიშვნელოვან ცნობებს მტრის პოზიციების შესახებ თვითონ მტერი გვატყობინებს. რამდენიმე დღის წინ ლაონის მახლობლად ჩვენ ვარაუდით განვსაზღვრეთ ფრონტის ხაზის მდებარეობა და ლეიტენანტი გავგზავნეთ გენერალთან კავშირის დასამყარებლად. ჩვენი ბაზისა და გენერლის ადგილსამყოფელის შუა გზაზე ლეიტენანტის მანქანა შეეჩეხა გზის გარდიგარდმო მდგარ სატკეპნ მანქანას, რომლის უკანაც ორი ჯავშნიანი ავტომანქანა იდგა. ლეიტენანტმა გადაწყვიტა შემოევლო სატკეპნისთვის, მაგრამ ტყვიამფრქვევის ცეცხლმა იქვე დაცხრილა იგი და დაჭრა მანქანის მძღოლი. ჯავშნიანი მანქანები გერმანელებისა აღმოჩნდა.

შტაბი, არსებითად, იმ ადამიანს ჰგავს, რომელმაც ბრიჯის თამაშის წესები იცის და მეორე ოთახიდან რჩევას სთხოვენ:
— მითხარით, რა ვუყო ჩემს პიკის ქალს?
ადამიანი, რომელიც თამაშში მონაწილეობას არ იღებს, მხოლოდ მხრებს იჩეჩავს ამ შეკითხვაზე. როგორ უნდა ურჩიოს რამე, როცა თამაშს ვერ ხედავს?
მაგრამ შტაბს ნება არა აქვს მხრები აიჩეჩოს. თუ მას ჯერ კიდევ ჰყავს რაღაც სამხედრო ნაწილები, იგი ვალდებულია აამოქმედოს ეს ნაწილები, რომ მათი მართვის უნარი არ დაკარგოს და ყველა საშუალება გამოიყენოს, ვიდრე ომი გრძელდება. იგი ვალდებულია იმოქმედოს და სხვებიც აიძულოს იმოქმედონ, თუნდაც ბრმად.
მაგრამ ძნელია რაიმე როლი მიანიჭო შემთხვევას ან პიკის ქალს. ჩვენ უკვე მივხვდით, რაც ადრევე იყო სავარაუდებელი: როდესაც ნგრევა იწყება, ყოველგვარი მუშაობა წყდება. ერთი შეხედვით, დამარცხებულს თითქოს უამრავი საქმე აწევს მხრებზე და ისიც ყველაფერს იყენებს ამ საქმისთვის, უკანასკნელ ლურსმანსაც კი — მთელ ქვეით ჯარს, მთელ არტილერიას, ტანკებს, თვითმფრინავებს... მაგრამ, სინამდვილეში, დამარცხება ყველა პრობლემას სპობს. თამაში ირევა. აღარ იცი, რა უყო თვითმფრინავებს, ტანკებს, პიკის ქალს...
და კარგა ხნის თავის მტვრევის შემდეგ მოთამაშე, რომელსაც პიკის ქალი ეჭირა, ალალბედზე ისვრის ბანქოს ქაღალდს მაგიდაზე. კატასტროფის დროს უხერხულობის გრძნობა ეუფლებათ ადამიანებს, და არა აღფრთოვანებისა, მხოლოდ გამარჯვება აყენებს მწყობრში, მხოლოდ გამარჯვება აშენებს. და ყველა, რაც ძალი და ღონე აქვს, ქვებს ეზიდება მშენებლობაზე. დამარცხება კი დაბნეულობის, სევდისა და, უწინარეს ყოვლისა, უაზრობის ატმოსფეროთი ბურავს ადამიანებს.
იმიტომ რომ, უწინარეს ყოვლისა, უაზრობაა — ეს დავალებები, ჩვენ რომ ვიღებთ, და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უაზრო ხდება. მათში უფრო და უფრო ნაკლები აზრია და უფრო და უფრო მეტი სისხლი. იმათ კი, ვინც ბრძანებას იძლევა, სხვა აღარაფერი დარჩენიათ ზვავის შესაჩერებლად, თუ არა ის, რომ უკანასკნელი კოზირები გადაისროლონ მაგიდაზე.
მე და დიუტერტრი კოზირები ვართ. და ჩვენ ვუსმენთ მეთაურს. იგი დღევანდელ დავალებას გვიმარტავს. იგი გვგზავნის, რომ შვიდასი მეტრის სიმაღლიდან არასის ოლქში განლაგებული ტანკების პარკი დავზვეროთ და მერე ამ სიშორიდან ათი ათას მეტრ სიმაღლეზე გამოვბრუნდეთ უკან. და იგი ისეთი ხმით გვამცნობს ამას, თითქოს გვეუბნებოდეს:
— მარჯვნივ მეორე ქუჩას გაჰყვებით პირველ მოედნამდე. იქ, კუთხეში, თამბაქოს ფარდულს დაინახავთ და ასანთს მიყიდით...
— არის, მაიორო.
ეს დავალება ისეთივე უაზროა, როგორც ყველა დავალება. და ბრძანებაც ისეთივე ლირიკული ენითაა გაცემული, როგორც ყველა ბრძანება.
`განწირული დავალებაა~, — ვეუბნები ჩემს თავს. მე ვფიქრობ... ბევრ რამეზე ვფიქრობ. მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერს კარგად დავუფიქრდე, ღამეს დაველოდები, ცოცხალი თუ გადავრჩი. ცოცხალი თუ გადავრჩი... როდესაც დავალება იოლია, სამიდან ერთი ეკიპაჟი ბრუნდება. ხოლო, როდესაც იგი `მოსაწყენია~, ბუნებრივია, რომ გაცილებით ძნელია დაბრუნება. აქ კი, მეთაურის კაბინეტში, სიკვდილი არც დიდებული მეჩვენება, არც ამაღლებული, არც გმირული და არც ტრაგიკული. იგი მხოლოდ ნგრევის სიმბოლოა. ჩვენ ისე დავეკარგებით პოლკს, როგორც ბარგს კარგავენ რკინიგზის ბაქანზე ატეხილ ორომტრიალში.
და ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, თითქოს სხვა აზრები არ მქონდეს ომზე, სიკვდილზე, მსხვერპლსა და საფრანგეთზე, არამედ იმიტომ, რომ ახლა არავითარი მთლიანი კონცეფცია არა მაქვს და არ შემიძლია ნათლად გამოვთქვა ჩემი სათქმელი; ახლა მე მხოლოდ ერთმანეთის საპირისპირო დებულებებით ვაზროვნებ. ჩემი ჭეშმარიტება ნამსხვრევებადაა ქცეული და მე მხოლოდ ცალ-ცალკე შემიძლია განვიხილო ეს ნამსხვრევები. თუ გადავრჩი, ღამეს დაველოდები, რომ ვიფიქრო... ჩემს საყვარელ ღამეს. ღამით გონებას სძინავს და წყდება შეგნების დამანგრეველი მუშაობა. ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, კვლავ თავის სახეს იღებს. და ადამიანიც ისევ იძენს თავის მთლიანობას, მშვიდდება, როგორც ხე — ქარის ჩადგომისას.
დღე ოჯახურ უთანხმოებებს ხმარდება, ღამით კი ადამიანი ისევ პოულობს სიყვარულს, ვინაიდან სიყვარული სიტყვების კორიანტელზე ძლიერია. ღამით ადამიანი ფანჯარასთან ჯდება, ვარსკვლავების ქვეშ, და ისევ გრძნობს თავის მოვალეობას მძინარე ბავშვებისადმი; გრძნობს ლუკმაპურის შოვნის მოვალეობას და იმას, რომ ვალდებულია გაუფრთხილდეს ცოლის ძილს — ასეთ ფაქიზს, ფხიზელსა და ხანმოკლეს. სიყვარულზე არ კამათობენ, იგი არსებობს. დაე მოვიდეს ღამე, რომ ცხადად დავინახო ის, რაც ღირსია სიყვარულისა; რომ შემეძლოს ცივილიზაციაზე, ადამიანის ბედსა და მეგობრობაზე დაფიქრება; რომ მომინდეს რომელიმე ძლიერი, თუმცა იქნებ ჯერ კიდევ შეუცნობელი ჭეშმარიტების სამსახური...
ახლა კი მე იმ ქრისტიანს ვგავარ, რომელსაც რწმენა გამოეცალა. დიუტერტრთან ერთად მე პირნათლად შევასრულებ ჩემს როლს, ეს უეჭველია, მაგრამ მე ისე შევასრულებ მას, როგორც იმ წესს, რომელსაც აზრი აღარა აქვს, იმიტომ რომ მის მიღმა აღარ არის ღმერთი. და, ცოცხალი თუ გადავრჩი, ღამეს დაველოდები, რომ ცოტა გავისეირნო დიდ გზაზე, რომელიც ჩვენს სოფელს სერავს, და, მარტო დარჩენილმა, გავარკვიო, რატომ უნდა მოვკვდე.

II
მე ვიღვიძებ. უეცრად საგონებელში ჩამაგდო მაიორის უცნაურმა სიტყვებმა:
— თუ დავალება არ მოგწონთ... თუ კარგად ვერა გრძნობთ თავს, მე შემიძლია...
— რას ბრძანებთ!
მაიორმა მშვენივრად იცის, რომ ეს სიტყვები უსაფუძვლოა. მაგრამ, როდესაც რომელიმე ეკიპაჟი არ ბრუნდება, გაგონდება ეკიპაჟის წევრთა სერიოზული სახეები გაფრენის წინ. ამ სერიოზულობას ავის მომასწავებელ ნიშნად თვლი და სინდისი გქენჯნის, რომ არაფრად ჩააგდე ეს ნიშანი.
მაიორის ეჭვმა იზრაელი მომაგონა. გუშინწინ, დაზვერვის განყოფილების ფანჯარასთან რომ ვეწეოდი პაპიროსს, ეზოში იზრაელი დავინახე. სადღაც მიიჩქაროდა. მას წითელი ცხვირი ჰქონდა, დიდი ცხვირი, ძალიან ებრაული და ძალიან წითელი. და რატომღაც გამაოცა იზრაელის წითელმა ცხვირმა.
იზრაელთან, რომლის ცხვირმაც ასე მიიპყრო გუშინწინ ჩემი ყურადღება, გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა. იგი ჩვენი პოლკის ერთ-ერთი უმამაცესი პილოტი იყო; ერთ-ერთი უმამაცესი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავმდაბალი ადამიანი. მაგრამ მას იმდენი რამ გაეგონა ებრაულ სიფრთხილეზე, რომ თავის სიმამაცესაც კი სიფრთხილედ თვლიდა. მართლაც, გამარჯვებით სიარული ხომ დიდი სიფრთხილის ნიშანია.
და აი მე დავინახე მისი დიდი წითელი ცხვირი, რომელიც მხოლოდ წამით გამოჩნდა, ისე სწრაფად ჩაიარეს ჩემს ფანჯარასთან იზრაელმა და მისმა ცხვირმა.
— რატომ აქვს ასეთი ცხვირი? — ისე შევეკითხე გავუალს, რომ ოდნავადაც არ მიფიქრია ხუმრობა.
— ასეთი გააჩინა დედამისმა, — მომიგო გავუალმა. და ხელადვე დასძინა: — სულელური დავალება მიიღო — დაზვერვა მცირე სიმაღლიდან. ახლა გაფრინდება.
— ა!
და საღამოს, როდესაც იზრაელის ლოდინს თავი ვანებეთ, ეს ცხვირი მომაგონდა, ასე რომ გამოირჩეოდა სრულიად მშვიდ სახეზე. მხოლოდ ცხვირი გამოხატავდა მის შეშფოთებას. იზრაელის გაფრენის ბრძანება რომ მე გამეცა, ალბათ დიდხანს არ მომასვენებდა ეს ცხვირი და მუდამ ჩემ თვალწინ იტრიალებდა, როგორც სასტიკი საყვედური. იზრაელს, რაღა თქმა უნდა, სხვა არაფერი უთქვამს ბრძანების პასუხად — `არის, მეთაურო~, `მესმის, მეთაურო~ და `კეთილი, მეთაუროს~ გარდა. მის სახეზე, რაღა თქმა უნდა, არც ერთი კუნთი არ შეტოკებულა. მაგრამ მისი ცხვირი, მისდა შეუმჩნევლად, ვერაგულად ალაპლაპდა. იზრაელი ფლობდა თავის სახეს, მაგრამ არ შეეძლო დაემორჩილებინა ცხვირის ფერი. და ცხვირმაც ისარგებლა ამით და უხმოდ გამოთქვა თავისი სათქმელი. იზრაელისგან ფარულად ცხვირმა თავისი დიდი უკმაყოფილება ამცნო მეთაურს.
იქნებ ამიტომაა, რომ მაიორს არ უყვარს იმათი გაშვება დავალების შესასრულებლად, ვისაც, მისი აზრით, რაიმე წინაგრძნობა აქვს. წინაგრძნობა თითქმის ყოველთვის გვატყუებს, მაგრამ იგი განაჩენის ელფერს ანიჭებს სამხედრო ბრძანებებს. ალიასი კი მეთაურია და არა მსაჯული.
ასე მოუვიდა იმ დღეს სერჟანტ ტ.-საც. რამდენადაც მამაცი იყო იზრაელი, იმდენად მშიშარა იყო ტ. ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებში, რომელსაც ნამდვილად ეუფლებოდა შიში. როდესაც ტ. დავალებას იღებდა, უცნაურად გაშეშდებოდა ხოლმე. ეს მდგომარეობა ნელ-ნელა, მაგრამ გარდუვალად ეუფლებოდა მას და ისიც თანდათან ირინდებოდა თავით ფეხამდე. მის სახეზე ყოველგვარი გამომეტყველება ქრებოდა და მხოლოდ თვალები ენთებოდა.
იზრაელისგან განსხვავებით, რომლის ცხვირიც ასეთი აფორიაქებული მეჩვენა მისი პატრონის მოსალოდნელი სიკვდილის გამო, ტ-ს, რომელიც ერთიანად ძრწოდა შიშისაგან, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. იგი აღარაფერს აქცევდა ყურადღებას და მეტყველების უნარს კარგავდა. როდესაც ტ.-სთან საუბარი მოთავდებოდა, იგი უკვე შიშით იყო შეპყრობილი. და ეს შიში ისე ეფინებოდა მის სახეს, როგორც თანაბარი სინათლე. ამ წუთიდან იგი უკვე სადღაც სხვაგან იყო, გრძნობდით, რომ სამყაროსა და მას შუა გულგრილობის უდაბნო ჩნდებოდა. ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არავისთვის შემიმჩნევია.
— არ უნდა გამეშვა იმ დღეს, — ამბობდა შემდეგ ალიასი.
იმ დღეს, როდესაც მეთაურისგან გაფრენის ბრძანება მიიღო, ტ. არა მარტო გაფითრდა, არამედ გაიღიმა კიდეც. უბრალოდ გაიღიმა. იქნებ ასე იღიმებიან საწამებელ მარწუხებში, როდესაც ჯალათის გულმოდგინების ატანა ადამიანის ღონეს აღემატება.
— თქვენ ცუდად ხართ. მე თქვენ შეგცვლით...
— არა, მაიორო. რაკი ჩემი ჯერი დადგა, ჩემი ჯერია.
და ტ. სწრაფად გაიჭიმა მაიორის წინაშე და თვალებში შეაცქერდა.
— მაგრამ თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ...
— დღეს ჩემი ჯერია, მაიორო...
— მომისმინეთ, ტ....
— ბატონო მაიორო...
ადამიანი თითქოს კლდედ იქცა.
— და მაშინ დავრთე გაფრენის ნება. — გვიყვებოდა ალიასი.
იმის ახსნა, რაც შემდეგ მოხდა, ვერაფრით შევძელით.
ტ.-ს, რომელიც ბორტ-მსროლელი იყო, მათკენ წამოსული მტრის გამანადგურებელი დაუნახავს. როგორც ჩანს, გამანადგურებლის ავტომატები მოშლილა და თვითმფრინავმა გვერდი აუქცია მათ. მფრინავი და ტ. თითქმის აეროდრომზე დაშვებამდე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მფრინავს განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია მის საქციელში. მიწაზე დაშვებამდე ხუთი წუთით ადრე კი ტ.-მ აღარ უპასუხა მფრინავს.
საღამოს ტ. თავგახეთქილი იპოვეს. როგორც ჩანდა, თვითმფრინავის კუდზე ჰქონდა მიხლილი თავი. იგი სრული სიჩქარის დროს გადმომხტარა პარაშუტით და თანაც საკუთარ ტერიტორიაზე, როდესაც აღარავითარი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. გამანადგურებელთან შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.

— წადით, მოემზადეთ, — გვეუბნება მაიორი, — ხუთ საათსა და ოცდაათ წუთზე ჰაერში უნდა იყოთ.
— ნახვამდის, მაიორო.
მაიორი ხელის გაურკვეველი მოძრაობით გვპასუხობს. იქნებ ცუდის ნიშანია? ამ დროს პაპიროსი ჩამიქრა და ჯიბეებში ასანთის ძებნა დავიწყე.
— რატომ არასოდეს არა გაქვთ თან ასანთი?
იგი მართალს ამბობს. მეთაურის ამ სიტყვებზე კაბინეტიდან გავდივარ და ჩემს თავს ვეკითხები — რატომ არასოდეს არა მაქვს-მეთქმ ასანთი.
— დავალება აბრაზებს. — ამბობს დიუტერტრი.
მისთვის სულ ერთია! — ვფიქრობ მე. მაგრამ ამ უსამართლო დასკვნას რომ ვაკეთებ, ალიასზე არ ვფიქრობ. მე გაოგნებული ვარ ფაქტით, რომლის აღიარება არავის სურს: იმ ფაქტით, რომ სულის ცხოვრება ცვალებადია. მხოლოდ ჩვენი გონება მუშაობს თანაბრად და გამუდმებით. ანდა თითქმის გამუდმებით. მისი ნიჭი საგნების გაანალიზებისა ნაკლებ იცვლება. მაგრამ სულს საგნებთან კი არა აქვს საქმე, არამედ მათ არსთან, რომელიც ამ საგნებს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი ნათელყოფს მათ ნამდვილ სახეს, გარეგნული საფარის იქით რომ იმალება. და ადამიანის სულიერი ცხოვრებაც ხილვადობასა და სრულ სიბრმავეს შორის მერყეობს. ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სახლი უყვარს, დგება საათი, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი, რასაც იგი ფლობს, მხოლოდ ერთმანეთისაგან განცალკევებული საგნების გროვა ყოფილა. ადამიანისთვის, რომელსაც ცოლი უყვარს, დგება საათი, როდესაც სიყვარულში საზრუნავისა და უსიამოვნების მეტს ვეღარაფერს ხედავს. ადამიანისთვის, რომელსაც რაიმე მუსიკა უყვარდა, დგება საათი, როდესაც ეს მუსიკა აღარაფერს ეუბნება მას. და დგება საათი, როგორც დღეს მოხდა, როდესაც მე აღარაფერი გამეგება ჩემი ქვეყნისა. ქვეყანა ხომ ოლქების, ჩვეულებებისა და სიმდიდრის ჯამი არ არის, რომელთა დანახვაც ყოველთვის შეუძლია გონებას. ჩემი ქვეყანა არსია. და დადგა საათი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დავბრმავებულვარ და ვეღარ ვხედავ არსს.
მეთაურმა ალიასმა მთელი ღამე გაატარა გენერალთან წმინდა ლოგიკურ დისკუსიაში. წმინდა ლოგიკა კი სულის ცხოვრებას ანადგურებს. მერე, უკან რომ ბრუნდებოდა, გზაზე დაუსრულებელმა ჭედვამ დაქანცა. მერე, პოლკში რომ დაბრუნდა, ათას ყოველდღიურ საზრუნავს და დაბრკოლებას შეეჩეხა, რომლებიც ნელ-ნელა ნთქავენ ადამიანს, როგორც ზვავი ნთქავს ხოლმე, რომლის შეჩერება შეუძლებელია. და ბოლოს მან გამოგვიძახა, რომ შეუძლებელი დავალების შესასრულებლად გავეგზავნეთ. ჩვენ მისთვის საყოველთაო ნგრევის ნაწილი ვართ. ჩვენ მისთვის სენტ-ეგზიუპერი და დიუტერტრი არა ვართ. ჩვენ არა ვართ ადამიანები, რომლებსაც მოვლენების დანახვის ან დაუნახაობის საკუთარი უნარი შესწევთ, უნარი შესწევთ იფიქრონ, იარონ, სვან, გაიღიმონ. ჩვენ რაღაც ვეება ნაგებობის ნაწილები ვართ, ხოლო ამ ნაგებობის აზრსა და დანიშნულებას რომ ჩასწვდე, გაცილებით მეტი დროა საჭირო, გაცილებით მეტი სიჩუმე და მეტი დაშორება. მე რომ რაიმე ტიკი* (* ტიკი — ნერვული დაავადება, რომელიც მეტწილად სახის კუნთების უნებურ კრუნჩხვაში გამოიხატება.) მაწუხებდეს, ალიასი მხოლოდ ჩემს ტიკს დაინახავდა. და იგი ამ ტიკს გაგზავნიდა არასში. პრობლემების გროვაში, საყოველთაო ნგრევის ქაოსში, ჩვენ თვითონაც ნამსხვრევებად ვიქეცით. ჩვენ ვართ ხმა, ცხვირი, ტიკი. ნამსხვრევები კი არავის აღელვებს.
ეს მარტო მაიორ ალიასზე კი არა, ყველა ადამიანზე ითქმის. მიცვალებულის დასაფლავების თადარიგში, როგორც არ უნდა გვიყვარდეს განსვენებული, ჩვენი კავშირი მასთან დარღვეულია. სიკვდილი დიდი საქმეა. სიკვდილი სრულიად ახალ დამოკიდებულებას ბადებს განსვენებულის შეხედულებების, ნივთებისა და ჩვეულებებისადმი. იგი ახალ წესებს ამყარებს. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა. და ამავე დროს ყველაფერი შეიცვალა. წიგნის ფურცლები იგივე დარჩა, მაგრამ წიგნის შინაარსი სხვანაირი გახდა. იმისთვის, რომ სიკვდილი ვიგრძნოთ, ის წუთები და საათები უნდა გავიხსენოთ, როდესაც ის, ვინც ჩვენგან წავიდა, საჭირო იყო ჩვენთვის. და მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როგორ გვაკლია იგი. უნდა გავიხსენოთ ის საათები, როდესაც ჩვენ ვჭირდებოდით მას. და აი ჩვენ უკვე აღარა ვართ მისთვის საჭირო. უნდა წარმოვიდგინოთ მისი მეგობრული სტუმრობის საათი და ვიგრძნოთ, რომ ეს საათი დაცარიელდა. ცხოვრება პერსპექტივაში უნდა დავინახოთ.
მაგრამ დასაფლავების დღეს არც პერსპექტივა არსებობს და არც სივრცე. მიცვალებული ჯერ კიდევ ნაწილებადაა დაქუცმაცებული. იმ დღეს, როდესაც მას ვასაფლავებთ, ჩვენ თადარიგის ფაციფუცით და გულწრფელი ან პირფერი ხელის ჩამორთმევით ვართ დაფანტულნი და დახურდავებულნი. მიცვალებული მხოლოდ ხვალ მოკვდება, სიჩუმეში. იგი მთელი თავისი არსით წარმოგვიდგება თვალწინ, რომ მთლიანად მოსწყდეს ჩვენს არსებას. და მაშინ გმინვა აღმოგვხდება იმის გამო, ვინც მიდის და ვისი შეჩერებაც აღარ ძალგვიძს.
მე არ მიყვარს ომის იაფფასიანი სურათები. ამ სურათებზე მკაცრი მეომარი სწრაფად იშრობს ცრემლს და მღელვარებას მწარე ოხუნჯობით ფარავს. ეს სიყალბეა. მკაცრი მეომარი არაფერს ფარავს. და თუ მას მწარე სიტყვა წამოსცდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სწორედ ასე ფიქრობდა.
აღამიანის ღირსებები აქ არაფერ შუაშია. მაიორ ალიასს დიდი გული აქვს და, თუ ჩვენ არ დავბრუნდით, იგი სხვებზე მეტად დაიტანჯება. რაღა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ლაპარაკი იქნება ჩვენზე, და არა რაიმე დეტალების ჯამზე. და კიდევ იმ პირობით, თუ მან მშვიდი წუთი გამონახა, რომ თვალწინ წარმოვუდგეთ, იმიტომ რომ, თუ სასამართლოს აღმასრულებელმა, რომელიც ჩვენ დაგვდევს, ისევ აიძულა ამაღამ პოლკი, ადგილი გამოიცვალოს, ანდა რომელიმე სატვირთო მანქანამ ბორბალი დაკარგა, გადაუდებელი პრობლემების ზვავი ჩვენი სიკვდილის აღქმის ვადას გაახანგრძლივებს. და ალიასსაც დაავიწყდება დაღუპულთა გამოტირება.
სწორედ ასევე მეც, დავალების შესასრულებლად რომ მივდივარ, ნაციზმთან ბრძოლაზე არ ვფიქრობ. მე აუცილებელ წვრილმანებში ვარ დანთქმული. მე ვფიქრობ შვიდას მეტრ სიმაღლეზე არასისკენ გაფრენის უაზრობასა და იმ ცნობების უსარგებლობაზე, რომლისთვისაც ჩვენ გვგზავნიან. ვფიქრობ კომბინეზონის ჩაცმაზე, რაც დიდხანს გრძელდება და რაც სიკვდილმისჯილის სამზადისს მაგონებს, და კიდევ — ჩემს ხელთათმანებზე. სად წავიღე, ეშმაკმა დალახვროს, ეს ხელთათმანები? ნამდვილად დავკარგე!
მე უკვე ვეღარ ვხედავ ჩემი ტაძრის კედლებს.
მე მკვდარი ღვთაების სამსახურისთვის ვემზადები.

III
— აჩქარდი, თუ შეიძლება.. სადაა ჩემი ხელთათმანები?.. არა... ეს სხვა ხელთათმანებია... ჩემს ჩანთაში მონახე...
— ვერ ვნახე, კაპიტანო.
— რეგვენი ხარ.
ყველანი რეგვენები არიან. ისიც, რომელმაც ჩემი ხელთათმანები ვერ იპოვა, და ისიც, შტაბში რომ ზის და მცირე სიმაღლიდან დაზვერვის იდეა აუკვიატებია.
— მე შენ ფანქარი გთხოვე. უკვე ათი წუთია, რაც ფანქარსა გთხოვ... არა გაქვს ფანქარი?
— მაქვს, კაპიტანო.
როგორც იქნა, აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც კიდევ შერჩენია რაღაცის მოსაზრების უნარი.
— ეს ფანქარი ზონარზე ჩამომკიდე, ზონარი კი ღილკილოზე გამოაბი... მსროლელო, თქვენ ისეთი იერი გაქვთ, თითქოს არსად მიგეჩქარებოდეთ.
— მე მზად გახლავართ, კაპიტანო.
— კარგი...
ნეტავ მოთვალთვალე რას შვრება? ახლა მოთვალთვალეს ვეცი:
— აბა რას მეტყვით, დიუტერტრ? რამე ხომ არ გვაკლია? კურსი გამოთვლილია?
— კურსი მზად გახლავთ, კაპიტანო.
კეთილი. კურსი გამოთვლილია. დავალება — განწირული. ნეტავ ვიცოდე, აქვს თუ არა აზრი ეკიპაჟის გაწირვას იმ ცნობების მოსაპოვებლად, რომლებიც არავის სჭირდება და რომლებსაც ვერავის გადასცემენ, ერთ-ერთი ჩვენგანი ცოცხალიც რომ გადარჩეს და ცნობები მოიტანოს...
— უკეთესი იქნებოდა, სპირიტები მოეწვიათ შტაბში სამსახურისთვის...
— რატომ?
— იმიტომ, რომ ჩვენი ცნობები მბრუნავი მაგიდის მეშვეობით გადაგვეცა მათთვის. — მაინცდამაინც აღტაცებული არა ვარ ჩემი ოხუნჯობით, მაგრამ ბუზღუნს განვაგრძობ: — შტაბი, შტაბი, კარგი იქნებოდა თვითონ შტაბში მსხდომნი წაბრძანებულიყვნენ ასეთ დაზვერვაზე!
ჩაცმის მთელი ცერემონიალი უსაზღვროდ გრძელი გეჩვენება, როდესაც დავალება დასაღუპავადაა განწირული და როდესაც ასე გულმოდგინედ უნდა მოიკაზმო მხოლოდ იმისთვის, რომ ცოცხლად შეიწვა. რამდენი შრომაა საჭირო, რომ ტანსაცმლის სამფენიან გარსში შეძვრე, ინსტრუმენტების მთელი საწყობი აიკიდო, რომელსაც ძველმანების ვაჭარივით დაათრევ; ჟანგბადის ცირკულაცია, ცხელი ჰაერის ცირკულაცია და ეკიპაჟის წევრებთან სატელეფონო კავშირი მოაწესრიგო. მე ნიღბის მეშვეობით ვსუნთქავ. მე კაუჩუკის მილით ვარ შეერთებული თვითმფრინავთან, რაც ჭიპლარის მაგივრობას მიწევს. ჩემი სისხლის ნაკადის ცირკულაციაში მთელი თვითმფრინავია მოქცეული. თვითმფრინავი ჩემი ადამიანური კავშირების ჯაჭვშია ჩართული. ჩემს სხეულს შეემატა ორგანოები, რომლებიც ჩემს და ჩემს გულს შორისაა შემოჭრილი. ყოველ წუთს უფრო და უფრო ვმძიმდები, უფრო და უფრო ახმახი და მოუქნელი ვხდები. ახლა მე მხოლოდ მთელი ტანით შემიძლია მობრუნება და, როცა ვიხრები, რომ თასმები მოვიჭირო ან ელვები შევიკრა, სახსრები ტკაცუნობს და ძველი ჭრილობები მტკივა.
— სხვა მუზარადი მომეცი. უკვე ოცდახუთჯერ გითხარი, ძველ მუზარადს არ დავიხურავ-მეთქი. მეტისმეტად მეკვრის თავზე.
მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა სასწაულით ხდება, რომ დიდ სიმაღლეზე თავის ქალა სივდება. და მუზარადიც, რომელიც კარგად გქონდა თავზე მორგებული, მიწაზე რომ იყავი, ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ვიწრო კოლოფივით გიჭერს ძვლებზე. 
— ეს სხვა მუზარადია, კაპიტანო. უკვე გამოვცვალე...
— მართლა? მაშ კარგი...
სრულიად უმიზეზოდ ვბუზღუნებ და ოდნავადაც არ მქენჯნის სინდისი. მე მაინც მართალი ვარ! თუმცა ყოველივე ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სწორედ ამწუთს იმ შინაგანი უდაბნოს ცენტრი უნდა გადავლახო, რომელზედაც უკვე ვილაპარაკე. ჩემ ირგვლივ მხოლოდ ნამსხვრევებიღაა. და არც კი მრცხვენია, რომ სასწაულზე ვოცნებობ, რომელიც მთელი დღევანდელი დღის მდინარებას შეცვლიდა; მაგალითად, ლარინგოფონის გაფუჭება. იგი ხომ მუდამ ფუჭდება, ეს ძველი ნაგავი! დღეს კი ლარინგოფონის გაფუჭება ჩემს ეკიპაჟს გადაარჩენდა...

მე კაპიტანი ვეზენი მიახლოვდება. იგი მოღუშულია. დასაზვერავად რომ მივფრინავთ, კაპიტანი ვეზენი ყოველ ჩვენგანს მოღუშული აცილებს ხოლმე. პოლკში ვეზენს საჰაერო მოთვალთვალეებთან კავშირი აქვს მინდობილი. მან მტრის ავიაციის მოძრაობა უნდა გვამცნოს. ვეზენი კარგი მეგობარია და ძალიან მიყვარს, მაგრამ მას შეუძლია დამნავსოს. რისთვის შემომეფეთა!
— იცი, რას გეტყვი, — მეუბნება ვეზენი, — ეს მოსაწყენია! მოსაწყენი! მოსაწყენი! — და რაღაც ქაღალდებს იღებს ჯიბიდან. მერე კი უცებ უნდობლად მაცქერდება: — როგორ გაფრინდები?
— ალბერზე გავლით.
— რაღა თქმა უნდა. ასეც ვიცოდი. ო, რა მოსაწყენია!
— ნუ სულელობ. რა უნდა გეთქვა?
— შენი გაფრენა არ შეიძლება!
— არ შეიძლება?!
რა კეთილია ვეზენი! მაგრამ უკეთესი იქნება, ლარინგოფონის გაფუჭება შესთხოვოს ღმერთს!
— ვერ გააღწევ.
— რატომ ვერ გავაღწევ?
— იმიტომ, რომ ალბერის თავზე განუწყვეტლივ დარაჯობს გერმანელთა გამანადგურებლების სამი საფარი. ერთი — ექვსი ათას მეტრზე, მეორე — შვიდი ათას ხუთასზე, მესამე კი — ათი ათასზე. და არც ერთი მათგანი არ ტოვებს ცას, ვიდრე არ შეენაცვლებიან. ეს ნიშნავს გაფრენის აკრძალვას აპრიორულად. შენ მახეში მიძვრები და, გარდა ამისა, აი შეხედე!..
და იგი ქაღალდს მიჩვენებს, რომელზედაც გაურკვეველი ხელითაა რაღაც დაჯღაბნილი.
უკეთესი იქნებოდა, სულ არ გამოჩენილიყო ეს ვეზენი! სიტყვები — `აპრიორული აკრძალვა~ — შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. წითელი შუქი და მოძრაობის წესების დარღვევა წარმომიდგა თვალწინ. მოძრაობის წესების დარღვევა კი აქ სიკვდილს ნიშნავს. და, გარდა ამისა, ვერ ვიტან სიტყვა `აპრიორულს~. ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს მიზანში ამომიღეს.
ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით ვიკრებ გონებას. მტერი ყოველთვის აპრიორულად იცავს თავის პოზიციებს. მთელი ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვების რახარუხია... და, გარდა ამისა, მიმიფურთხებია იმ გამანადგურებლებისთვის. შვიდას მეტრზე რომ დავეშვები, უწინარეს ყოვლისა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ჩამომაგდებს. იგი არასოდეს ააცდენს მიზანს. და უეცრად ვბრაზდები:
— ერთი სიტყვით, იმისთვის მოხვედი, გაგეფრთხილებინე, რომ გერმანელთა ავიაციის არსებობის გამო ჩემი გაფრენა წინდაუხედაობაა, ხომ? ახლა გაიქეცი და გენერალი გააფრთხილე...
ხომ შეეძლო, ალერსიანად გავეფრთხილებინე და ეს ყბადაღებული გერმანული საფარები `რაღაც გამანადგურებლებად~ მოენათლა, რომლებიც `ალბერის თავზე დაბორიალებენ~.
აზრი ზუსტად იგივე იქნებოდა.

IV
ყველაფერი მზადა. ჩვენ თვითმფრინავში ვართ. მხოლოდ ლარინგოფონების შემოწმებაა საჭირო...
— დიუტერტრ, გესმით ჩემი ხმა?
— მესმის, კაპიტანო.
— თქვენ, მსროლელო, გესმით?
— მე... დიახ... ძალიან კარგად.
— დიუტერტრ, გესმით მსროლელის ხმა?
— მშვენივრად, კაპიტანო.
— მსროლელო, გესმით კაპიტან დიუტერტრის ხმა?
— მე... დიახ... ძალიან კარგად.
— რატომ მუდამ ერთსა და იმავეს მიმეორებთ — `მე... დიახ... კარგად?~
— ფანქარს დავეძებ, კაპიტანო.

ლარინგოფონები წესრიგშია.
— მსროლელო, ჰაერის წნევა ბალონებში ნორმალურია?
— მე... დიახ... ნორმალურია.
— სამივე ბალონში?
— სამივეში.
— მზადა ხართ, დიუტერტრ?
— მზადა ვარ!
— მზადა ხართ, მსროლელო?
— მზადა ვარ.
— მაშ მივდივართ.
და მე მიწას ვწყდები.

V
შიშს საკუთარი რაობის შეგნების გაქრობა ბადებს. თუ მე რაიმე ცნობას მოველი, რომელმაც ბედნიერება ან უბედურება უნდა მომიტანოს, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სიცარიელეში გადამისროლეს. და, ვიდრე ამ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, ჩემი გრძნობები და ჩემი საქციელი დროებითი ნიღაბია მხოლოდ. დროის დინება — ერთმანეთის მომდევნო წამები — აღარ ქმნის იმ პიროვნებას, რომელიც ერთი საათის შემდეგ მე ვიქნები. ისევე როგორც ხეს ქმნის ხოლმე დროის დინება. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი პიროვნება საიდანღაც აჩრდილივით მოდის ჩემკენ. და მე შიში მიპყრობს. ცუდი ამბის შეტყობა კი ტანჯვას იწვევს, და არა შიშს: ეს სულ სხვა რამეა.
მაგრამ აი, როგორც იქნა, დრომ შეწყვიტა უაზრო დინება. მე მტკიცედ ვგრძნობ ჩემს მოვალეობას. ახლა მე გაურკვეველ მომავალზე გამოსახული აჩრდილი აღარა ვარ. მე უკვე აღარა ვარ ის, ვინც შეიძლება დაიღუპოს მოგიზგიზე ცეცხლში, როცა ალმოდებული თვითმფრინავი თავდაყირა დაეშვება. მომავალი უკვე აღარ მესახება გაურკვეველ მოჩვენებად. ამიერიდან მას ჩემი თანმიმდევრული საქციელი ქმნის. მე ვარ ის, ვინც აიღო კურსი 313 ვინც ხრახნების მოძრაობასა და საწვავის ტემპერატურას აწესრიგებს. ყოველივე ეს არსებითი და გადაუდებელი საზრუნავია. ესაა ოჯახზე ზრუნვა, ყოველდღიური წვრილმანი საქმეები, რომლის იქითაც ვეღარ ამჩნევ, როგორ ბერდები. და დღეც კარგად დალაგებულ სახლად, კარგად გაშალაში¬ნე¬ბულ ფიცრად, კარგად დახარჯულ ჟანგბადად იქცევა. მე მართლაც ვაწესრიგებ ჟანგბადის ხარჯს, რადგან სწრაფად მივიწევთ მაღლა. უკვე ექვსი ათას შვიდას მეტრზე ვართ.
— როგორ არის ჟანგბადის საქმე, დიუტერტრ, როგორ გრძნობთ თავს?
— ყვლაფერი რიგზეა, კაპიტანო.
— ეი, მსროლელო, როგორ არის ჟანგბადის საქმე?
— მე... დიახ... ყველაფერი რიგზეა, კაპიტანო...
— ისევ დაეძებთ ფანქარს?..
და ამავე დროს მე ვარ ის, ვინც ჩ ღილაკსა და A ღილაკს აჭერს ხელს, რომ ტყვიამფრქვევები  შეამოწმოს. ჰო, მართლა...
— ეი, მსროლელო, ჩვენ უკან, თქვენს სამიზნე სექტორში, დიდი ქალაქი ხომ არ მოჩანს?
— ა...… არა, კაპიტანო.
— მაშ ტყვიამფრქვევები შეამოწმეთ.
მესმის ტყვიამფრქვევის ხმა.
— ყველაფერი რიგზეა?
— რიგზეა.
— ყველა ტყვიამფრქვევი მუშაობს?
— ჰმ... დიახ... ყველა.
მეც ვისვრი. მაინტერესებს, სად ცვივა ეს ტყვიები, რომლებსაც ჩვენ ასე გულდამშვიდებით ვაფრქვევთ სამშობლოს მინდვრებს. ეს ტყვიები არავის კლავს. დედამიწა დიდია.
ამრიგად, ყოველი წუთი თავისი შინაარსით მავსებს. მე ისევე მეშინია, როგორც ტოტზე გამოსხმულ ნაყოფს. გარემოება ჩემ ირგვლივ, რაღა თქმა უნდა, შეიცვლება. გარემოებაც და მიზნებიც. მაგრამ მე თვითონ ვიღებ მონაწილეობას ამ ჩემი მომავლის შექმნაში. დრო მძერწავს მე. ბავშვს არ აძრწუნებს ის ამბავი, რომ დასაბერებლად ემზადება. იგი ბავშვია და თავისი ბავშვური თამაშობებით არის გართული. მეც ვთმაშობ. მე ვითვლი ჩემი სამეფოს სახელურებს, სექტორებს, ღილაკებს და ბერკეტებს. ას სამი საგანი დავითვალე, რომლებიც უნდა შევამოწმო, გამოვწიო, გადავაბრუნო ან დავწიო (კინაღამ არ ვიცრუე, ჩემი ტყვიამფრქვევის ღილაკი ორ საგნად რომ ჩავთვალე: მას ხომ დამცველიც აქვს). როგორ გავაოცებ დღეს ჩემს ფერმერს, რომლის სახლშიაც ვარ ბინად, როცა შევეკითხები:
— იცით თუ არა, რამდენ ხელსაწყოს მართავს თანამედროვე მფრინავი?
— საიდან უნდა ვიცოდე?
— მაინც, მაინც. დამისახელეთ რიცხვი.
— ღმერთმანი, არ ვიცი.
ჩემი ფერმერი გამჭრიახი არაა.
— რაიმე რიცხვი დაასახელეთ.
— კარგი, შვიდი.
— ას სამი!
და მე კმაყოფილი დავრჩები.
კიდევ იმიტომ დავმშვიდდი, რომ ყველა ხელსაწყო, რომელიც უსარგებლო გროვად ახერგილიყო ირგვლივ, თავ-თავის ადგილზე მოთავსდა და აზრი და დანიშნულება შეიძინა. მილებისა და კაბელების მთელი ეს ხლართი კავშირების ქსელად იქცა. თვითმფრინავი ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავს: მე ხელს ვაჭერ ამა თუ იმ ღილაკს და ამის წყალობით ჩემი ტანსაცმელი და ჟანგბადი თბება. თუმცა ჟანგბადი მეტისმეტად ხურდება და ტუჩებს მწვავს. ჟანგბადის მოწოდებაც სიმაღლის მიხედვით და ძალიან რთული ხელსაწყოს დახმარებით ხდება. თვითმფრინავი სიცოცხლეს მინარჩუნებს. გაფრენამდე მე იგი უსულო საგნად მეჩვენებოდა, ახლა კი დედისადმი შვილის სიყვარულის მაგვარი გრძნობაც კი დამეუფლა მისდამი. ძუძუმწოვრის გრძნობა. ხოლო, რაც შეეხება ჩემს წონას, იგი თანაბრადაა განაწილებული საყრდენ წერტილებს შორის. სამფენიანი ტანსაცმელი და ჩემი მძიმე პარაშუტი სკამს ეყრდნობა. ვეება ჩექმები — პედალებს. ჩემი ხელები კი, რომლებზედაც სქელი და ტლანქი ხელთათმანები მაცვია, — ასეთი მოუხეშავი მიწაზე, — მსუბუქად მართავს შტურვალს. მართავს შტურვალს... მართავს შტურვალს.
— დიუტერტრ!
— ...…ტან!
— შეამოწმეთ კონტაქტები. მე მხოლოდ გაურკვეველი ბგერები მესმის. გესმით ჩემი ხმა?
— მეს... კაპ...
— აბა ერთი კარგად შეანჯღრიეთ თქვენი მეურნეობა! ახლა როგორ არის საქმე?
ახლა უკვე გარკვევით ისმის დიუტერტრის სიტყვები.
— მშვენივრად მესმის თქვენი ხმა, კაპიტანო!
— კეთილი. მართვა დღესაც იყინება: შტურვალი ძლივს მოძრაობს, პედალები სულ გაიხირა!
— კარგი ამბავია. სიმაღლე რამდენია?
— ცხრა ათას შვიდასი.
— ტემპერატურა?
— ორმოცდარვა გრადუსი. ჟანგბადის საქმე როგორაა?
— კარგად.
— მსროლელო, ჟანგბადის საქმე როგორაა?
არავითარი პასუხი.
— მსროლელო, ეი!
არავითარი პასუხი.
— დიუტერტრ, გესმით მსროლელის ხმა?
— არ მესმის, კაპიტანო...
— დაუძახეთ!
— მსროლელო, ეი, მსროლელო!
პასუხი არ ისმის.
ვიდრე დაბლა დაშვებას დავიწყებდე, მთელი ძალით ვანჯღრევ თვითმფრინავს, რომ გავაღვიძო მსროლელი, თუ ვინიცობაა ჩაეძინა.
— კაპიტან?
— თქვენ ხართ, მსროლელო?
— მე... ჰმ... დიახ...
— კარგად ვერა ხართ დარწმუნებული, რომ თქვენა ხართ?
— დარწმუნებული ვარ!
— რატომ არ გამეცით პასუხი?
— რადიოს ვსინჯავდი და გამოგეთიშეთ.
— ყეყეჩო! ხომ უნდა გაგეფრთხილებინეთ! კინაღამ არ დავსვი თვითმფრინავი, მეგონა მოკვდით!
— მე... არა...
— ვენდობი თქვენს სიტყვას. მაგრამ მეტად აღარ იხუმროთ ასე! გამაფრთხილეთ, ეშმაკმა დალახვროს, ვიდრე გამომეთიშებოდეთ!
— მაპატიეთ, კაპიტანო. მესმის, კაპიტანო. გაგაფრთხილებთ.
საქმე იმაშია, რომ ჟანგბადის მოწყობილობის ავარია შეიძლება ვერ შენიშნოს კაცმა. იგი ოდნავ შესამჩნევ ეიფორიაში ვლინდება, რომელიც რამდენიმე წამში გულის შეღონებას იწვევს, რამდენიმე წუთში კი — სიკვდილს. ამიტომ მფრინავი გამუდმებით უნდა ამოწმებდეს ჟანგბადის მოწოდებას და თავისი მგზავრების მდგომარეობას.
მე ნელა ვუჭერ თითებს ნიღბის მილს, რომ ცხელი ნაკადი შევიგრძნო, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს.

ერთი სიტყვით, ჩემს საქმეს ვაკეთებ. არ განვიცდი არაფერს, გარდა ფიზიკური კმაყოფილებისა, რომელსაც გააზრებული და თვითკმაყოფილი მოქმედება მანიჭებს. მე არც მოსალოდნელ საფრთხეს ვგრძნობ (გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ბევრად უფრო ვღელავდი) და არც ჩემს დიად მოვალეობას. დასავლეთსა და ნაციზმს შორის ბრძოლა ამჯერად, ჩემი მოქმედებების სკალაზე რომ გადმოვიტანოთ, სახელურების, ბერკეტებისა და ღილაკების მანევრირებაში გამოიხატება. და ეს ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მნათეს სიყვარული ღმერთისადმი იმაში ვლინდება, რომ იგი სიამოვნებით ანთებს სანთლებს. იგი თანაბარი ნაბიჯებით დააბიჯებს ეკლესიაში, რომელსაც ვერ ხედავს, და უხარია, როცა მისი ხელების ქვეშ ზედიზედ ინთება კანდელები. ხოლო, როცა ყველა კანდელი აინთება, იგი კმაყოფილია, იგი ამაყობს თავისი საქმით.
აი მეც დიდებულად განვსაზღვრე ხრახნების ნაბიჯი და ზუსტად ნავარაუდევი კურსით მიმყავს თვითმფრინავი. ამან უნდა აღაფრთოვანოს დიუტერტრი, თუ იგი ოდნავ მაინც ადევნებს თვალს კომპასს.
— დიუტერტრ... კურსი როგორია, სწორია?..
— არა, კაპიტანო. კარგა მაგრად გადავუხვიეთ. მარჯვნივ აიღეთ გეზი.
მით უარესი!
— კაპიტანო, ფრონტის ხაზს ვკვეთთ. გადაღებას ვიწყებ. რამდენია თქვენს ალტიმეტრზე?
— ათი ათასი.

VI
— კაპიტანო... კურსი!
მართალია. მარცხნივ წავედი. და ეს შემთხვევით არ მომხდარა... ქალაქი ალბერი მაფრთხობს. მე შორიდანვე ვგრძნობ მას. იგი მთელი თავისი `აპრიორული აკრძალვის~ სიმძიმით მაწვება სხეულზე. რა საოცარი მეხსიერება აქვს ჩვენს სხეულს! მას ახსოვს უეცარი დავარდნა, თავის ქალას ბზარები, სიროპივით წებოვანი გულშეღონება და ჰოსპიტალში გატარებული ღამეები. ჩემს სხეულს ეშინია დარტყმისა და ცდილობს გვერდი აუქციოს ალბერს. საკმარისია სხვა რამეზე დავიწყო ფიქრი და — მარცხნივ გაქანდება. იგი ისე მიიწევს მარცხნივ, როგორც ჯაგლაგი ცხენი მთელი ცხოვრება უფრთხის იმას, რამაც ერთხელ შეაშინა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სხეულს ეხება... და არა სულს... დაფანტულობის წუთებში ჩემი სხეული მალულად სარგებლობს ჩემი უყურადღებობით და ცდილობს დაუძვრეს ალბერს.
იმიტომ, რომ მე თვითონ განსაკუთრებულად მტანჯველს არაფერს განვიცდი. მე უკვე აღარ ვოცნებობ დავალებების გაუქმებაზე. ამ ცოტა ხნის წინ კი თითქოს მინდოდა, რომ გაეუქმებინათ. ვოცნებობდი: ნეტავ ყველა ლარინგოფონი გაფუჭებული აღმოჩნდეს, ძალიან მეძინება, წავალ და დავიძინებ-მეთქი. და ლოგინი, რომელზედაც ნებიერად შემეძლო გაშხლართვა, ნეტარების მწვერვალად მესახებოდა. მაგრამ სადღაც, სულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ შეუსრულებელი დავალება მწარე უკმაყოფილების გარდა არაფერს მომიტანდა, თითქოს ყველაზე უფრო საჭირო გამოცდისთვის ამერიდებინოს თავი.
და ეს კოლეჟს მაგონებს... პატარა ბიჭი რომ ვიყავი...
— კაპიტანო!
— ა?
— არაფერი... მომეჩვენა...
ო, როგორ არ მიყვარს, როცა ეჩვენება.
ჰოდა... პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ძალიან ადრე გვაღვიძებდნენ კოლეჟში. კოლეჟში დილის ექვს საათზე დგებიან. ცივა. თვალებს იფშვნეტ და წინასწარ იტანჯები გრამატიკის მოსაწყენი გაკვეთილის წარმოდგენაზე. ოცნებობ, რომ ავად გახდე და ლაზარეთში გაიღვიძო, სადაც თეთრთავსაკრავიანი მოწყალების დები ტკბილ მიქსტურას დაგალევინებენ. ოცნება ამ სამოთხეს წარმტაცი ფერებით გიხატავს. და აი ოდნავაც რომ ვყოფილიყავი გაციებული, იმაზე უფრო მაგრად ვახველებდი, ვიდრე საჭირო იყო. დილით კი ლაზარეთში მესმოდა ზარის ხმა, რომელიც სხვებისთვის რეკავდა. და, თუ მეტისმეტად მოვიავადმყოფებდი თავს, ეს ზარი სასტიკად მსჯიდა: იგი აჩრდილად მაქცევდა. იქ, შორს, იგი აწმყოზე გუგუნებდა: ეს იყო გაკვეთილების მოსაწყენი საათები, შესვენებების ხმაურიანი წუთები და ტრაპეზის დრო თბილ სასადილოში. იქ, ცოცხლებს, ეს ზარი მრავალფეროვან სიცოცხლეს უქმნიდა, მწუხარებით, უბედურებით, აღტაცებითა და სინანულით აღსავსე სიცოცხლეს. მე კი ყოველივე ამას მოკლებული ვიყავი და დავიწყებული. და მე მეზიზღებოდა ტკბილი მიქსტურები, მოთელილი ლოგინი და ერთფეროვანი საათები, რომლებიც არაფრით განირჩეოდა ერთმანეთისგან.
შეუსრულებელი დავალებისგან არაფერს უნდა მოელოდე.

VII
ზოგჯერ, როგორც, მაგალითად, დღეს, დავალების შესასრულებლად გული არ მიგვიწევს. მეტისმეტად აშკარაა, რომ  ომობანას ვთამაშობთ. ჩვენ ყაჩაღობანას ვთამაშობთ. ჩვენ ზუსტად ვიცავთ ჩვენი ისტორიის წიგნებიდან ამოკითხულ მორალს და ჩვენი სახელმძღვანელოების წესებს. წუხელ, მაგალითად, მანქანით მოვედი ჩვენს აეროდრომზე, გუშაგებმა კი, წესის თანახმად, ხიშტები გადააჯვარედინეს მანქანის წინ, რომელიც შეიძლებოდა ტანკიც ყოფილიყო! ჩვენ ტანკების წინ ხიშტების გადაჯვარედინებას ვთამაშობთ!
და განა შეიძლება გაგვიტაცოს ამ ამბავმა, ამ საკმაოდ მკაცრ შარადებში მონაწილეობამ, სადაც ჩვენ სტატისტების როლი გვაქვს განკუთვნილი, და თანაც ეს როლი სიცოცხლის ფასად უნდა შევასრულოთ. სიკვდილი კი მეტისმეტად სერიოზული რამაა შარადისათვის.
ვის დაეუფლება აღტაცება გაფრენის სამზადისში? არავის. თვით ოშედეც კი, რომელიც მუდამ მზადაა თავის გასაწირად — და თავგანწირვა ხომ ადამიანობის უმაღლესი გამოვლინებაა — თვით ოშედეც კი დუმს ამ დროს. როცა ამხანაგები გასაფრენად ემზადებიან, ისინი დუმან და იღუშებიან. და ეს გმირების თავმდაბლობა არაა. ეს მოღუშული სახე არავითარ ენთუზიაზმს არ ფარავს. იგი მხოლოდ იმას გამოხატავს, რასაც გამოხატავს. და მე კარგად ვიცი ეს. ეს დუმილი იმ მოურავის დუმილია, რომელსაც არ მოსწონს, რაც დაავალა მამულის პატრონმა წასვლის წინ, და რომელიც მაინც ცდილობს, რომ მისი ერთგული დარჩეს. ყველა ჩემი ამხანაგი ოცნებობს მყუდრო ოთახზე, მაგრამ მათ შორის ერთიც კი არ მოიძებნება, რომელიც დასაძინებლად წასვლას ირჩევდა!
იმიტომ, რომ მთავარი ენთუზიაზმი არაა. დამარცხებისას არავითარი საფუძველი არა გვაქვს ენთუზიაზმისთვის. მთავარია ჩაიცვა, მანქანაში ჩაჯდე და მოსწყდე დედამიწას. ხოლო იმას, რასაც შენ ამაზე ფიქრობ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. და პატარა ბიჭიც, რომელსაც აღტაცება დაეტყობოდა გრამატიკის გაკვეთილის გახსენებაზე, ყალბი თვალთმაქცი იქნებოდა. მთავარია მთელი შენი არსებით მიეცე საქმეს, თუნდაც მიზანს გარკვევით ვერც კი ხედავდე. ეს მიზანი გონებისთვის არ არის განკუთვნილი. იგი სულისთვისაა. სულს სიყვარული შეუძლია, მაგრამ მას სძინავს. ახლა მე ეკლესიის მამებზე ნაკლებ არ ვიცი, რა არის ცდუნება. ცდუნება ნიშნავს — აჰყვე გონების კარნახს, როდესაც სულს სძინავს.
რა აზრი აქვს იმას, რომ მე სიცოცხლეს ვწირავ იმ წუთებში, როცა ზვავი ყველაფერს ანგრევს თავის გზაზე? არ ვიცი. ჩემთვის ასჯერ უთქვამთ: `დაგვეთანხმეთ, რომ ამა და ამ ადგილას დაგნიშნოთ. თქვენი ნამდვილი ადგილი იქ არის. იქ თქვენ უფრო საჭირო იქნებით, ვიდრე ესკადრილიაში. პილოტებს ათასობით ვამზადებთ...~ ეს უტყუარი საბუთები იყო. საბუთები ყოველთვის უტყუარია. და ჩემი გონება ეთანხმებოდა ამ მოსაზრებებს. მაგრამ ჩემი ინსტინქტი ძლევდა გონებას.
რატომ იყო, რომ ეს საბუთები ასეთი უსუსური მეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვაბათილებდი მათ? მე ასე ვეუბნებოდი ჩემს თავს: `ინტელიგენტებს სათადარიგოდ ინახავენ პროპაგანდის თაროებზე, როგორც მურაბის ქილებს, რომ ომის შემდეგ გამოაჩინონ-მეთქი...~ მაგრამ ეს ხომ პასუხი არ არის!
და დღეს მე ისევ გავფრინდი, ისევე როგორც ჩემი ამხანაგები, იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა საბუთს, ყველა ფაქტს, ყველა უშუალო პასუხს ეწინააღმდეგება. ოდესმე ალბათ დადგება დრო და მივხვდები, რომ გონივრულად მოვიქეცი, გონების ყველა საბუთის წინააღმდეგ რომ წავედი. მე შევპირდი ჩემს თავს — თუ გადავრჩი, სოფელში გავისეირნო ღამით. და მაშინ იქნებ გავუგო საკუთარ თავს და ყველაფერი დავინახო.
თუმცა იქნებ ვერც კი შევძლო იმის გამოთქმა, რასაც შევიცნობ. როცა რომელიმე ქალი მშვენიერი მეჩვენება, ვერაფერს ვამბობ. მე მხოლოდ ვტკბები მისი ღიმილით. ანალიტიკოსი ნაწილ-ნაწილ განიხილავს მშვენიერი ქალის სახეს, რომ განმარტოს მისი სილამაზე, მაგრამ ამის შემდეგ იგი ღიმილს ვეღარ დაინახავს.
რაიმეს ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნაწილებად დაჰყო ან განმარტო იგი. რაიმეს ცოდნა მის განჭვრეტას ნიშნავს. მაგრამ იმისათვის, რომ დაინახო, უწინარეს ყოვლისა, მონაწილეობა უნდა მიიღო. ეს მკაცრი სკოლაა...
მთელი დღის განმავლობაში ჩემი სოფელი უხილავი იყო ჩემთვის. გაფრენამდე იგი ალიზით შელესილ კედლებს და მეტ-ნაკლებად ჭუჭყიან გლეხებს წარმოადგენდა. ახლა კი, ათი ათასი კილომეტრის სიმაღლიდან, იგი ერთი მუჭა ღორღია მხოლოდ. ესაა და ეს მთელი ჩემი სოფელი.
მაგრამ ამაღამ იქნებ გაიღვიძოს და აყეფდეს რომელიმე მოდარაჯე ძაღლი სოფელში. მე ყოველთვის მხიბლავდა მოწმენდილ ღამეში მძინარე სოფელი და ძაღლის ყეფა სიჩუმეში.
არავითარი იმედი არა მაქვს, რომ გამიგებენ, თუმცა ახლა სულ ერთია ჩემთვის. ოღონდ კი წარმომიდგეს თვალწინ ჩემი სოფელი, დასასვენებლად მიმყუდროებული, მაგრამ დაკეტილი ბეღლებითა და ბოსლებით და საუკუნეობრივი ადათ-წესების საგანძურით.
ყანიდან დაბრუნებული გლეხები, ვახშამს რომ მოათავებენ და ბავშვებს დააძინებენ, ლამპას აქრობენ და მდუმარებაში იძირებიან. მხოლოდ მშვენიერი შინნაქსოვი სოფლური ზეწრები ირხევა თანაბარი სუნთქვისგან, როგორც ზღვის მსუბუქი ტალღები ქარიშხლის შემდეგ.
ღამით, როდესაც ცხოვრებას უნდა დაუფიქრდე, ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს ქონებაზე ზრუნვისაგან. და ვიდრე ადამიანები ძილის სამეფოში ისვენებენ, იქნებ შევძლო და დავინახო მათი ფარული მემკვიდრეობა — ყოველივე ის, რის სიტყვებით გამოხატვაც ასე ძნელია.
მე ვივლი, როგორც უსინათლო, რომელიც ხელგაწვდილი მიიკვლევს გზას სინათლისაკენ. ბრმას არ ძალუძს აღწეროს ცეცხლი, მაგრამ იგი პოულობს მას. და იქნებ ასე მაინც წარმომიდგეს თვალწინ ის, რაც უნდა დაიცვა და რაც თვალით არა ჩანს, მაგრამ ცოცხლობს, როგორც ნაკვერჩხალი სოფლის ღამეების ღველფქვეშ.
მე არაფერს მოველი შეუსრულებელი დავალებისაგან. იმისათვის, რომ უბრალო სოფელი შევიცნო, ჯერ საჭიროა...
— კაპიტანო!
— გისმენ.
— ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ — მარცხნივ!
ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავს.
საჭიროა... საჭიროა... და მაინც მინდა, რომ დროზე მივიღო ის, რაც მერგება. მინდა, რომ სიყვარულის უფლება მოვიპოვო. მინდა ვიცოდე, ვისთვის ვკვდები.

VIII
— მსროლელო!
— გისმენთ, კაპიტანო.
— გაიგონეთ? ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ — მარცხნივ!
— გავიგონე, კაპიტანო!
— დიუტერტრ, დაგვინახეს?
— დაგვინახეს. ჩვენკენ აიღეს გეზი. ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე.
— გაიგონეთ, მსროლელო? ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე. დიუტერტრ! კიდევ შორს არიან?
— რამდენიმე წამიღა დარჩა.
— მსროლელო, გაიგონეთ? რამდენიმე წამში კუდში მოგვექცევიან.
აი ისინიც, მე ვხედავ მათ! პატარები, როგორც შხამიანი კრაზანების გუნდი.
— მსროლელო! ისინი გზის გადაჭრას გვიპირებენ. ერთი წამის შემდეგ დაინახავ. აი!
— მე... მე ვერაფერს ვხედავ... აჰა! დავინახე!
სამაგიეროდ, ახლა მე ვეღარ ვხედავ მათ.
— მოგვდევენ?
— მოგვდევენ!
— სწრაფად მოიწევენ?
— არ ვიცი... არა მგონია... არა!
— რა გადაწყვიტეთ, კაპიტანო?
ამას დიუტერტრი მეკითხება.
— რა უნდა გადავწყვიტო!
ჩვენ ვდუმვართ.
გადასაწყვეტი არაფერია. ეს უკვე ღმერთის საქმეა. ვირაჟი გავაკეთო, შევამცირებ მანძილს, რომელიც მათგან გვაშორებს. ჩვენ პირდაპირ მზისკენ მივფრინავთ, დიდ სიმაღლეზე კი, ხუთას მეტრზე რომ აიჭრა, რამდენიმე კილომეტრით ჩამორჩები მსხვერპლს. იქნებ, ვიდრე ჩვენს სიმაღლეს მოაღწევენ, დაგვკარგონ თვალისმომჭრელ მზეში.
— ყველაფერი წინანდებურადაა, მსროლელო?
— ყველაფერი წინანდებურადაა.
— ჩამოგვრჩნენ?
— უფ... არა... ჰო.
ყველაფერი ღმერთზე და მზეზეა დამოკიდებული.
მოახლოებული ბრძოლის მოლოდინში (თუმცა გამანადგურებლები უფრო ხოცავენ, ვიდრე იბრძვიან) მთელ ძალ-ღონეს ვძაბავ და ვცდილობ ავამოძრაო გაყინული პედლები. უცნაური გრძნობა მიპყრობს — თითქოს ჩემ თვალწინ ისევ ისე ირწევიან გამანადგურებლები. მე მთელი ძალ-ღონით ვაწვები გაშეშებულ პედლებს.
და ისევ და ისევ ვრწმუნდები, რომ გაფრენის სამზადისში უფრო ვღელავდი, ვიდრე ახლა, თუმცა უაზრო მოლოდინი მაინც მიპყრობს. უფრო სწორად — გაავება მიპყრობს. კეთილისმყოფელი გაავება.
მაგრამ არავითარი გაბრუება მსხვერპლის გაღებით. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ვიკბინებოდე.
— მსროლელო, ჩამოგვრჩნენ?
— ჩამოგვრჩნენ, კაპიტანო.
ყველაფერი რიგზეა.
— დიუტერტრ... დიუტერტრ...
— გისმენთ, კაპიტანო!
— არა... არაფერი...
— რა მოხდა, კაპიტანო?
— არაფერი... მომეჩვენა, რომ... არაფერი.
მე მათ არაფერს ვეტყვი. ასეთ რამეზე ლაპარაკი ხუმრობა არ არის. თუ ვინიცობაა თავდაყირა წავედით, თვითონვე მიხვდებიან...
არაბუნებრივია 50 გრადუს ყინვაში ოფლად იღვრებოდე. არაბუნებრივი. თუმცა უკვე მივხვდი, რაც ხდება: მე ნელ-ნელა მიღონდება გული. ძალიან ნელა...
მე ვხედავ ხელსაწყოების დაფას. მე უკვე ვეღარ ვხედავ ხელსაწყოების დაფას. ხელები, რომლებიც შტურვალზე მიწყვია, თითქოს ბამბისაა. ლაპარაკის ღონეც კი აღარა მაქვს... ბურანში ვინთქმები...
ხელს ვუჭერ და ისევ ვუშვებ კაუჩუკის მილს. მაცოცხლებელი ნაკადი ცხვირში მცემს. მაშ ეს ჟანგბადის ხელსაწყოს ბრალი არ ყოფილა. ეს... რაღა თქმა უნდა, სისულელე ჩავიდინე. ეს პედლის გამო მოხდა. ისე დავაწექი, თითქოს მტვირთავი მუშა ვყოფილიყავი. ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ისე მოვიქეცი, როგორც ცირკის ძალოსანი. ჟანგბადის მოწოდება განსაზღვრული იყო. ეკონომიურად უნდა გამომეყენებინა. მე კი ღრეობის ნება მივეცი ჩემს თავს. და აი ახლა სამაგიერო უნდა ვზღო...
საშინელი სიხშირით ვსუნთქავ. გული გამალებით მიცემს, როგორც პატარა ეჟვანი. მე არაფერს ვეტყვი ჩემს ეკიპაჟს. თუ თავდაყირა წავედით, თვითონვე დაინახავენ ამას და საკმაოდ მალეც! მე ვხედავ ხელსაწყოების დაფას... მე ვეღარ ვხედავ ხელსაწყოების დაფას... ოფლად ვარ გაღვრილი და სევდა მიპყრობს.

თანდათან მიბრუნდება სიცოცხლე.
— დიუტერტრ!..
— გისმენთ, კაპიტანო!
მინდა ყველაფერი ვუამბო, რაც გადამხდა.
— მე... მეგონა... რომ...

მაგრამ გადავწყვიტე აღარაფერი ვუთხრა. ლაპარაკისთვის ძალიან ბევრი ჟანგბადია საჭირო და სამი სიტყვის თქმაზე სუნთქვა შემეკრა. ჯერ კიდევ ვერ მოვსულიერებულვარ.
— რა მოხდა კაპიტანო?
— არაფერი...
— კაპიტანო, თქვენ გამოცანებს ამბობთ!
მე გამოცანებს ვამბობ. მაგრამ მე ცოცხალი გადავრჩი.
— ...…ხომ დავტოვეთ პირში ჩალაგამოვლებულები!..
— ო, კაპიტანო! ეს მხოლოდ ხანმოკლე შვებაა!
რაღა თქმა უნდა, ხანმოკლე. წინ არასი გველოდება.

და ასე, რამდენიმე წუთის განმავლობაში მეჩვენებოდა, რომ ვეღარ გამოვბრუნდებოდი, მაგრამ მაინც არ მიგრძვნია ის სასტიკი შიში, რომლისაგანც, როგორც ამბობენ, ადამიანს ერთბაშად უთეთრდება თმა. საგონი მაგონდება. მაგონდება საგონის ნაამბობი. ეს ამბავი მაშინ გვიამბო, როცა სანახავად მივედით მასთან ამ ორი თვის წინ, იმ ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისი თვითმფრინავი საფრანგეთის ზონაში ჩამოაგდეს. რა განიცადა საგონმა, როცა გერმანელების გამანადგურებლებმა ვიწრო წრეში მოიმწყვდიეს, თითქოს სიკვდილმისჯილი კედელთან მიაყენესო, და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებში შეჰყურებდა სიკვდილს?

IX
მე ისევ ვხედავ საგონს ჰოსპიტლის საწოლზე. პარაშუტიდან რომ ხტებოდა, მუხლით თვითმფრინავს მიეხალა და ფეხი მოიტეხა. სახე და ხელები საკმაოდ ძლიერ ჰქონდა დამწვარი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და, ჰოსპიტალში მწოლი, დინჯად, დაწვრილებით გვიყვებოდა თავის ისტორიას, თითქოს შესრულებული დავალების ანგარიშს გვაბარებსო.
— ... რომ დავინახე, კაშკაშა ბურთები მეხვია, მივხვდი, რომ მესროდნენ. ჩემი ხელსაწყოების დაფა დაიმსხვრა. მერე ცოტა კვამლი შევნიშნე, სულ ცოტა! კვამლი წინიდან მოდიოდა, ვიფიქრე, შემაერთებელი მილაკიდან მოდის-მეთქი... ალი ძლივს მოჩანდა...
საგონი შუბლს იჭმუხნის, ცდილობს ზუსტად მოიგონოს ყველაფერი. მას უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ჩვენ ვიცოდეთ — ძლიერი იყო ცეცხლი თუ არა. იგი მერყეობს:
— და მაინც... ეს ცეცხლი იყო... და მაშინ ჩემს ეკიპაჟს გადახტომა ვუბრძანე...
იმიტომ რომ, ცეცხლი რომ გაჩნდება, ათ წამში თვითმფრინავი უკვე მოგიზგიზე ალშია გახვეული!
— და მაშინ სისულელე ჩავიდინე და საავარიო სანათური გავაღე. ჰაერის ნაკადმა ცეცხლი კაბინისკენ წამოიღო... ცუდ გუნებაზე დავდექი.
როცა შვიდი ათას მეტრ სიმაღლეზე ორთქლმავლის ღუმელი პირდაპირ მუცელში გესვრით ცეცხლის ნიაღვარს, ცხადია, ცუდად გახდებით. მე არ ვუღალატებ საგონს და ქება-დიდებას არ შევასხამ მის გმირობას ან თავმდაბლობას. სულ ერთია, იგი არ ჩათვლიდა თავს ამის ღირსად. `არა! არა! მე მართლაც ცუდ გუნებაზე დავდექიო...~ — იტყოდა იგი. იგი მხოლოდ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება სწორად აეწერა ყველაფერი.
მე კარგად ვიცი, როგორი შეზღუდულია ცნობიერების არე. ერთსა და იმავე დროს იგი მხოლოდ ერთ პრობლემას მოიცავს. თუ ხელჩართულ ბრძოლაში ხართ ჩაბმული და ბრძოლამ გაგიტაცათ, თქვენ აღარ გაწუხებთ მუშტები. როცა ჰიდროპლანის ავარიის დროს ვიგრძენი, რომ წყალში ვიძირებოდი, ყინულოვანი წყალი თბილი მეჩვენა. უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩემმა ცნობიერებამ ვერ აღიქვა წყლის ტემპერატურა. საგონის ცნობიერებაც გადახტომის ტექნიკაზე ფიქრით იყო მოცული და იმწუთას მისთვის მთელი ქვეყანა სანათურის სახელურში, პარაშუტის რგოლში და ეკიპაჟის ბედზე ზრუნვაში იყო მოქცეული. `გადახტით თუ არა?~ პასუხი არ ისმოდა. არის ვინმე თვითმფრინავში?~ პასუხი არ ისმოდა.
— მივხვდი, რომ მარტო ვიყავი და უფლება მქონდა გადავმხტარიყავი (სახე და ხელები კი უკვე დამწვარი ჰქონდა). კაბინიდან გამოვძვერი და ფრთაზე მოვიკიდე ფეხი. მერე წინ გადავიხედე — მოთვალთვალე არ ჩანდა...
მოთვალთვალე გამანადგურებლების ტყვიებმა დაცხრილა და კაბინის ფსკერზე იწვა.
— მერე უკან გადავინაცვლე, მაგრამ ვერც მსროლელი დავინახე...
მსროლელიც მკვდარი იყო.
— და ვიფიქრე, რომ მარტო ვიყავი...
საგონი მოყოლას განაგრძობს:
— რომ მცოდნოდა, ან ეჭვი რომ მქონოდა... ისევ შევიდოდი თვითმფრინავში... ცეცხლი არც ისე ძლიერი იყო... საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე... კაბინიდან გამოსვლამდე თვითმფრინავი გავასწორე და ოდნავ დავხარე ცალ ფრთაზე. თვითმფრინავი სწორად მიდიოდა აღებული გეზით, ჰაერის ნაკადი მანცდამაინც ძლიერი არ იყო და თავს კარგად ვგრძნობდი. საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე... რა მექნა, არ ვიცოდი...
საგონის წინაშე იმ წუთებში არავითარი გადაუჭრელი პრობლემა არ იდგა: იგი დარწმუნებული იყო, რომ მარტო იყო თვითმფრინავზე, ხედავდა, რომ თვითმფრინავი იწვოდა, გამანადგურებლები კი ისევ უვლიდნენ გარს და ტყვიებს უშენდნენ. მაგრამ საგონის ნაამბობიდან ცხადი იყო, რომ იმ წუთებში მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა. იგი არაფერს განიცდიდა. თითქოს უსაზღვროდ ბევრი დრო ჰქონოდეს! და ახლა მეც თანდათან მეუფლება ეს უჩვეულო გრძნობა, რომელიც ზოგჯერ გარდაუვალ სიკვდილს უძღვის ხოლმე წინ: მოულოდნელი სიმშვიდე და უსასრულობის შეგრძნება... როგორ არა ჰგავს ეს გრძნობა ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენას სიცოცხლესთან გამოთხოვებაზე, როცა თითქოს ელვის სიწრაფით უნდა ჩაიქროლოს უკანასკნელმა წუთებმა! საგონი არ იძვროდა. იგი ისევ ისე იდგა თვითმფრინავის ფრთაზე, თითქოს დროის ნაკადიდან ამოაგდესო.
— მერე კი გადავხტი, — თქვა მან. — და ცუდად გადავხტი. ვიგრძენი, რომ ჰაერში ვტრიალებდი. შემეშინდა, მეტისმეტად ადრე არ გავხსნა პარაშუტი და ტანზე არ შემომეხვიოს-მეთქი. დავუწყე ლოდინი იმ წუთს, როცა ჩემი სხეული ტრიალს შეწყვეტდა. დიდხანს დამჭირდა ლოდინი...
ყველაზე მთავარი, რაც საგონს მთელი ამ ამბიდან ახსოვდა, ის იყო, რომ იგი იცდიდა. ჯერ ცეცხლის გაძლიერებას უცდიდა. მერე, კაცმა არ იცის, რას უცდიდა თვითმფრინავის ფრთაზე. მერე კი, ჰაერში თავისუფალი ვარდნის დროს, ისევ იცდიდა, როდის მიიღებდა მისი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობას.
და ყველაფერი ეს ჩაიდინა საგონმა; საგონმა, რომელიც იმ წუთებში უფრო მეტად პრიმიტიული და ტლანქი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ; საგონმა, რომელიც კარგად ვერც კი მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, და დინჯად ინაცვლებდა ფეხს უფსკრულის პირას.

X
უკვე ორი საათია, რაც იმ სიმაღლეზე ვართ, სადაც ჰაერის წნევა ატმოსფეროს ნორმალური წნევის მესამედს უდრის. ეკიპაჟს თანდათან ელევა ღონე. თითქმის აღარ ვლაპარაკობთ. ერთი-ორჯერ ვცადე ფრთხილად ამემოძრავებინა პედლები, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყოველთვის საშინელი სისუსტე მეუფლებოდა.
დიუტერტრს კი ფოტოგადაღებისათვის ვირაჟები სჭირდება და დიდი ხნით ადრე მაფრთხილებს ხოლმე. მეც რის ვაი-ვაგლახით ვუსრულებ თხოვნას ჩემი თითქმის გაყინული მართვით. თვითმფრინავს ცალ მხარეზე ვხრი, შტურვალს ვებღაუჭები და რის ვაი-ვაგლახით უზრუნველვყოფ დიუტერტრს ოცი კადრისთვის საჭირო ვირაჟით.
— სიმაღლე რამდენია?
— ათი ათას ორასი...
მე ისევ საგონზე ვფიქრობ. ადამიანი ყოველგვარ პირობებში ისეთია, როგორიც არის. ჩვენ ადამიანები ვართ. საკუთარ თავში მე ყოველთვის საკუთარ თავს ვპოულობ და საგონიც მხოლოდ საგონს იცნობდა. მომაკვდავი ისეთ ადამიანად კვდება, როგორიც სიცოცხლეში იყო. უბრალო მეშახტე უბრალო მეშახტესავით კვდება. სად ნახავთ იმ სიგიჟესა და შეშფოთებას, რასაც მწერლები იგონებენ, რომ შეგვაძრწუნონ?
ესპანეთში მე ვნახე ადამიანი, რომელიც ყუმბარისგან დანგრეული სახლის სარდაფში მომწყვდეულიყო და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნეს. ბრბო მდუმარედ და, როგორც მე მეჩვენა, უცნაური მოკრძალებით შემოეხვია ამ ადამიანს, რომელიც თითქმის საიქიოდან დაბრუნდა. კირსა და ნაგავში ამოგანგლული და შიმშილისა და უჰაერობისგან ღონემიხდილი, იგი საფრთხობელას ჰგავდა. როდესაც ვიღაცამ მხნეობა მოიკრიბა და გამოელაპარაკა, იგი გაოგნებული უსმენდა მას. და ბრბოს მოკრძალება უხერხულობის გრძნობამ შეცვალა.
ვერავის გამოეთქვა ის შეკითხვა, რომელიც ყველას თავში უტრიალებდა, და მხოლოდ იმას ეკითხებოდნენ, რაც ენაზე მოადგებოდათ, თითქოს იმ ბოქლომის გახსნას, რომლის გასაღებიც დაჰკარგოდათ, ხელში მოხვედრილი სხვა გასაღებებით ცდილობდნენ: `რას გრძნობდით? რას ფიქრობდით? რას აკეთებდით?~ ასეა ხოლმე, როდესაც ყოველი შემთხვევისთვის დებენ ხიდებს, რომ უფსკრულისკენ მიმავალი ბრმა ყრუ-მუნჯი გადაარჩინონ.
და, როცა გადარჩენილმა ხმის ამოღება მოახერხა, თქვა:
— გრუხუნი შემომესმა...
და დასძინა:
— ცუდ დღეში ვიყავი. ძალიან დიდხანს გაგრძელდა... ძალიან დიდხანს…...
და კიდევ:
— წელი ამტკივდა, ძალიან ამტკივდა.
ამ კარგ კაცს მხოლოდ ამ კარგი კაცის ამბის მოყოლა შეეძლო. განსაკუთრებული მღელვარებით გვიყვებოდა იგი საათის ამბავს, რომელიც დაჰკარგოდა.
— ბევრი ვეძებე... ძალიან კარგი საათი იყო... მაგრამ იმ სიბნელეში რას ვიპოვიდი...
რაღა თქმა უნდა, ასეა. ცხოვრებამ მას დროის შეგრძნება და შეჩვეული საგნების სიყვარული ასწავლა და იმისთვის, რომ სამყარო აღექვა, თუნდაც იგი ჩამონგრეული სარდაფით ყოფილიყო შემოზღუდული, მხოლოდ იმ ადამიანის გრძნობებით შეეძლო ესარგებლა, რომელიც თვითონ იყო. და ამიტომ მთავარ კითხვაზე, რომლის გამოთქმა ვერავინ მოახერხა, მაგრამ რომელიც ყველას თავში უტრიალებდა — `ვინ იყავით? ვინ აღმოაჩინეთ საკუთარ სულში?~ — მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი რამ შეეძლო ეპასუხა: `საკუთარი თავი~.
ჩვენს სულში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიღვიძებს ვინმე სხვა ადამიანი, რომლის არსებობაზედაც არაფერი ვიცოდით. ცხოვრება ნელ-ნელა დაბადებას ნიშნავს. მეტისმეტად მარტივი ამბავი იქნებოდა მზამზარეული სულის მიღება საჩუქრად.
ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს ვიღაცის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა იმის გამო, რომ მას მოულოდნელი ნათელი მოეფინა. მაგრამ ნათლის მოფენა მხოლოდ უეცრად დანახული და დიდი ხნის მომზადებული გზაა. მე დიდხანს ვსწავლობდი გრამატიკას, ვვარჯიშობდი სინტაქსში. დიდხანს მიღვივებდნენ გრძნობებს. და აი უეცრად ლექსის ფეთქვა ვიგრძენი გულში.
ამწუთას მე ჯერ კიდევ არა ვგრძნობ არავითარ სიყვარულს და, თუ ამ საღამოს რამეს შევიგნებ, ეს მხოლოდ იმ მოვალეობის შეგნება იქნება, რომ ქვები ვზიდო ჩემთვის უხილავი შენობის ასაგებად. მე ზეიმისთვის ვემზადები და არავითარი საფუძველი არ მექნება, რომ საკუთარ სულში ვიღაც მეორე ადამიანის მოულოდნელ გამოჩენაზე ვუამბო ხალხს, რადგან ეს მეორე ადამიანი ის არის, ვისაც ახლა ვქმნი.
მე არაფერს მოველი ომისგან, ამ ნელი მომზადების გარდა. სამაგიეროს მერე მივიღებ, როგორც გრამატიკის შესწავლის შემდეგ მოხდა...

უფრო და უფრო გვაკლდება ღონე და სიცოცხლეც უფრო და უფრო დუნდება. ჩვენ ვბერდებით. დავალება გვაბერებს. რად გვიჯდება დიდ სიმაღლეზე ფრენა? რას უდრის ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე გატარებული ერთი საათი, ნორმალური ცხოვრების — გულის, ფილტვების და არტერიის ნორმალური მუშაობის ერთ კვირას, სამ კვირას თუ ერთ თვეს? თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. გულშეღონებამ თითქმის რამდენიმე საუკუნით დამაბერა: ახლა ისეთი სიმშვიდითა ვარ მოცული, როგორც მოხუცი. ახლა უსასრულოდ შორეულ ამბად მეჩვენება, კომბინეზონის ჩაცმისას რომ ვღელავდი, თითქოს შორეული წარსულის ამბავს ვიგონებდე. არასი კი ასეთივე შორეულ მომავლად მესახება.
მაგრამ სამხედრო თავგადასავალი? სად არის ეს თავგადასავალი?
ამ ათიოდე წუთის წინ კინაღამ გამოვესალმე სიცოცხლეს, მაგრამ მოსაყოლი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ სამი წამის განმავლობაში ჩემ თვალწინ ჩაიქროლა პაწაწინა კრაზანების გუნდმა. ნამდვილ თავგადასავალს კი წამის მეათედზე მეტი არ დასჭირდებოდა, ოღონდ ასეთი თავგადასავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან, რომ მასზე გვიამბონ.
— ცოტა მარცხენა ფეხი, კაპიტანო.
დიუტერტრს დაავიწყდა, რომ ჩემი პედლები გაიყინა. ერთი გრავიურა მაგონდება, რომელმაც ბავშვობისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამ გრავიურაზე მარადიულ ყინულებში ჩახერგილი გემების საზარელი სასაფლაო იყო გამოხატული პოლარული ციალის ფონზე. პოლარული ღამის ფერფლისფერ სინათლეზე მათ ყინულის კრისტალებით დაფარული ხელები გაეშვირათ. და ამ მკვდარ და უძრავ ატმოსფეროში მათი იალქნები ისე იყო გამობურცული, თითქოს ქარის შემობერვის კვალი შეუნახავთო, ისევე როგორც ბალიში ინახავს ხოლმე მხრის ნაზ მოხაზულობას. მაგრამ იგრძნობოდა, რომ ეს იალქნები გაშეშებული იალქნები იყო და ადვილად შეიძლებოდა დამსხვრეულიყო.
ყველაფერი გაიყინა. მართვა გაიყინა. ტყვიამფრქვევები გაიყინა.
— ტყვიამფრქვევები როგორ არის? — ვეკითხები მსროლელს.
— არის და არც არის.
— რა გაეწყობა!
ნიღბის სასუნთქ მილში ყინულის ნემსებს ვისვრი პირიდან. დროდადრო კაუჩუკის რბილ მილს ხელს ვუჭერ და ასე ვამტვრევ შიგ გაჩხერილ ყინულის საცობს, რომლის გამო სული მეხუთება. და, საცობს რომ ვსრეს, ჩემს თითებქვეშ ყინული ტკაცუნობს.
— მსროლელო, როგორ არის ჟანგბადის საქმე?
— არა უშავს...
— როგორია წნევა ბალონებში?
— ჰმ... სამოცდაათი.
— კეთილი.
ჩვენთვის დროც კი გაიყინა. ახლა ჩვენ სამი თეთრწვერა მოხუცი ვართ. არაფერი იძვრის. არაფერს აქვს ფასი. არაფერი გვაშინებს.

სამხედრო თავგადასავალი? ერთხელ მეთაურმა ალიასმა საჭიროდ ცნო ეთქვა:
— თქვენცა სცადეთ თვალის დევნება!
მაგრამ რას ვადევნოთ თვალი, მაიორო ალიას? გამანადგურებლები ელვის სისწრაფით გესხმიან თავს. გამანადგურებლების რაზმს, ათას ხუთასი მეტრის მანძილზე რომ შეგნიშნავს, შეუძლია არ აჩქარდეს. იგი მოგეპარება, მიზანში ამოგიღებს და ხელსაყრელ პოზიციას დაიკავებს. თქვენ კი ჯერ არაფერი იცით. თქვენ თაგვივითა ხართ მოქცეული მტაცებელი ფრინველის ჩრდილქვეშ. თაგვს ეჩვენება, რომ ცოცხალია, და ჯერ კიდევ წრიალებს თავთავებში. მაგრამ იგი უკვე ქორის თვალების ტყვეა, იგი მაგრადაა მიწებებული ამ თვალებზე, უფრო მაგრად, ვიდრე ფისზე, რადგან ქორი ცოცხალს აღარ გაუშვებს მას.
სწორედ ასევე თქვენც განაგრძობთ ფრენას, ოცნებას, მიწისკენ ცქერას, მაშინ როდესაც უკვე სიკვდილი გაქვთ მისჯილი იმ უხილავი შავი წერტილის მიერ, რომელიც ადამიანის თვალის გუგაზე გამოისახა.
გამანადგურებელთა ჯგუფის ცხრა თვითმფრინავი, როცა მოესურვება, მაშინ დაგატყდება თავს. მათი დრო არაფრით არის შეზღუდული. და საათში ცხრაასი კილომეტრის სიჩქარით სრბოლისას გადმოისვრის თავის ვეება ჰარპუნს, რომელიც ყოველთვის სწვდება მსხვერპლს. ბომბდამშენთა ესკადრას კიდევ შეუძლია თავისი ცეცხლით დაიცვას თავი, მაგრამ მზვერავ ეკიპაჟს, მარტოდმარტო რომ მიფრინავს ცაში, არასოდეს ძალუძს სამოცდათორმეტი ტყვიამფრქვევის შეტევას გაუძლოს, რასაც მხოლოდ ტყვიების მოელვარე ძნებით შენიშნავს.
და სწორედ იმ წუთს, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ თავს გესხმიან, გამანადგურებელი ერთბაშად ამოანთხევს შხამს, როგორც კობრა, და ისევ გაწვება თქვენ ზემოთ, გულგრილი და უვნებელი. კობრებმა იციან ასე — ჯერ ირხევიან, მერე ელვასავით ისვრიან გესლს და კვლავ განაგრძობენ რწევას.
ამიტომ, როდესაც გამანადგურებლების ჯგუფი თვალს მიეფარება, არაფერი იცვლება. სახეებიც კი არ შეიცვლება. ისინი მხოლოდ ახლა შეიცვლებიან, როდესაც ცაში მშვიდობა და სიჩუმე დაისადგურებს. გამანადგურებელი უკვე გულგრილ მოთვალთვალედ იქცა და იცდის — როდის იფეთქებს შტურმანის საძილე არტერიიდან სისხლის პირველი ნაკადი, როდის გამოჩნდება მოტორის გარსაცმიდან პირველი გაუბედავი ალი, რომელიც სამჭედლოს ქურად აქცევს თვითმფრინავს. კობრა უკვე დაგორგლილია, როდესაც მისი შხამი გულამდე აღწევს და მსხვერპლს პირველი კუნთი უტოკავს სახეზე. გამანადგურებლების ჯგუფი არა კლავს. იგი სიკვდილს თესავს და მისი დათესილის მოსავალი მაშინ მოდის, როდესაც გამანადგურებლების კვალიც კი აღარ ჩანს ცაზე.
რას ვადევნო თვალი, მაიორო ალიას? როდესაც ჩვენ გამანადგურებლებს შევხვდით, მე არაფერი მქონდა გადასაწყვეტი. შეიძლება არც კი მცოდნოდა მათი მოახლოება. შეიძლება ისიც კი არ მცოდნოდა, რომ ისინი უკვე ჩემ ზევით არიან.
რას ვადევნო თვალი?
ცა ცარიელია.

დედამიწაც ცარიელია. ათი კილომეტრის სიმაღლიდან რომ დასცქერი მიწას, ადამიანი აღარ არსებობს. ასეთ მასშტაბში ადამიანის მოძრაობას ვერ შენიშნავ. ჩვენი გრძელფოკუსიანი ფოტოაპარატები აქ მიკროსკოპის მაგივრობას გვიწევენ. მიკროსკოპი საჭიროა იმისთვის, რომ დაინახო ადამიანი კი არა, — იგი არა ჩანს ამ ხელსაწყოში, — არამედ მისი არსებობის კვალი: გზები, არხები, რკინიგზის ვაგონები, კარჭაპები. ადამიანი უხილავია მიკროსკოპის მინაში. მე კი გულგრილი მკვლევარი მეცნიერი ვარ და ჩემთვის ამ უხილავი არსებების ომი სხვა არაფერია, თუ არა ლაბორატორიული ექსპერიმენტი.
— გვესვრიან, დიუტერტრ?
— მგონი გვესვრიან.
დიუტერტრმა თვითონაც არაფერი იცის. ტყვიები ძალიან შორს სკდებიან და კვამლის ქულები მიწას ერწყმიან. ისინი, რაღა თქმა უნდა, არც იმედოვნებენ ასეთი არაზუსტი სროლით ჩვენს ჩამოგდებას. ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე ჩვენ მიწიდან პრაქტიკულად მიუწვდომელნი ვართ. ისინი იმისთვის ისვრიან, რომ ჩვენი მდებარეობა დაადგინონ და იქნებ გამანადგურებლებიც მოგვისიონ — გამანადგურებლები, რომლებიც ისე არიან მიმოფანტულნი ამ ცაში, როგორც მტვრის უხილავი ნამცეცები.
ისინი, დედამიწაზე რომ არიან, თეთრი, სადაფისფრად მოციმციმე ზოლით გვამჩნევენ, რომელიც საქორწინო კაბის შლეიფივით მისდევს თვითმფრინავს დიდ სიმაღლეზე. ბოლიდის ფრენით გამოწვეული ძვრები ატმოსფეროს ორთქლის დაკრისტალებას იწვევს. და ჩვენც ღრუბლის ქულებს ვტოვებთ ჩვენ უკან, რომლებიც ყინულის პატარა ნემსებისაგან შედგება. და, თუ ატმოსფერული პირობები ხელს უწყობს ღრუბლების წარმოქმნას, თვითმფრინავის ეს კვალი ნელ-ნელა გაიზრდება და საღამოს ღრუბლად გაწვება მინდვრების თავზე.
გამანადგურებლები თავიანთი რადიომიმღებებით და ჩვენი დიდებული თეთრი შლეიფით გვპოულობენ. და მაინც ჩვენ თითქმის ვარსკვლავეთის სიცარიელეში ვლივლივებთ.
კარგად ვიცი, რომ საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სისწრაფით მივფრინავთ... და ამავე დროს ყელაფერი უძრავადაა. თვითმფრინავის სიჩქარეს მხოლოდ ლანდშაფტის დანახვისას ვგრძნობთ, რომელიც უკან გარბის. აქ კი ყველაფერი უსასრულობაში ჩაძირულა. ამიტომაა, რომ ვერც მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობას ვამჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი წამში ორმოცდაორ კილომეტრს გადის. მზეს რომ შემოუაროს, მას ერთი წელი სჭირდება. იქნებ ჩვენც მსოფლიო მიზიდულობის ამ კანონს ვემორჩილებით? და საჰაერო ომიც სხვა არაფერია, თუ არა მტვრის ნამცეცების შეჯახება, რომლებიც ტაძრის თაღქვეშ ტრიალებენ! ჩვენ მტვრის ნამცეცები ვართ, მაგრამ ჩვენც ვიზიდავთ რამდენიმე ათეულ ან ასეულ ნამცეცს. და ყველაფერი ეს, როგორც გაფერთხილი ხალიჩიდან ავარდნილი მტვერი, ნელა მიიწევს მაღლა, მზის სხივებში.
რას უნდა ვადევნო თვალი, მაიორო ალიას? ჩემ ქვევით, ვერტიკალურად, გარდასული საუკუნეების პატარ-პატარა ნივთებს ვხედავ, როგორც მუზეუმის ვიტრინის გამჭვირვალე მინაში. მაგრამ აი გადავუხვიე და ახლა, სინათლის პირისპირ, თითქმის უკვე ვეღარაფერს ვხედავ. წინ, ძალიან შორს, რაღა თქმა უნდა, დიუნკერკი და ზღვაა. მზე ახლა ძალიან დაბლაა. და მეც ვეება დაბლობის გასწვრივ მივფრინავ, რომელიც მზის სხივებზე ლაპლაპებს.
— დიუტერტრ, ხედავთ რამეს?
— ვერტიკალურად ვხედავ, კაპიტანო...
— ეი, მსროლელო, გამანადგურებლებზე რას მეტყვით?
— ახალს არაფერს.
მე მართლაც არაფერი ვიცი, მოგვდევენ თუ არა და მოჩანს თუ არა დედამიწიდან ობობას ქსელის მთელი შლეიფი, როგორიცაა ჩვენი კვალი.
ეს `შლეიფი~ ასოციაციებს იწვევს ჩემს გონებაში. ჩემ თვალწინ ცოცხლდება სახე, რომელიც ერთი შეხედვით თვალისმომჭრელ მშვენებად მეჩვენება: `...მიუწვდომელნი, როგორც ძალიან ლამაზი ქალი, ჩვენ ბედისწერის გზით მივიწევთ და ჩვენს კვალდაკვალ ნელა მოცურავს ვარსკვლავებით მოოჭვილი თეთრი შლეიფი...~
— ცოტა მარცხენა ფეხი!
ეს რეალობაა. მაგრამ მე ისევ ვუბრუნდები იაფფასიან პოეზიას:
`... ჩვენს დანახვაზე მოთაყვანეთა მთელი გუნდი წამოიშლება~.
მარცხენა ფეხი... მარცხენა ფეხი... მაგრამ როგორ? ძალიან ლამაზი ქალის ვირაჟი ვერ მოხერხდა.

— თუ მღერით, ლარინგოფონი გამოთიშეთ, კაპიტანო.
ნუთუ ვმღეროდი?
მაგრამ დიუტერტრი მსუბუქი მუსიკის გუნებას მიფუჭებს.
— თითქმის უკვე დავამთავრე გადაღება. მალე არასისკენ შევძლებთ დაშვებას.
მე შევძლებ... რაღა თქმა უნდა, შევძლებ! საჭიროა ხელსაყრელი პირობებით ვისარგებლო.
სეირი თუ გნებავთ, ეს არის! აირის სექტორის ბერკეტებიც გაიყინა.
და მე ვფიქრობ:
`ამ კვირაში სამი მზვერავი ეკიპაჟიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ეს იმის ნიშანია, რომ გადარჩენის იმედი თითქმის არ არის, მაგრამ კიდეც რომ გადავრჩეთ, არაფერი გვექნება მოსაყოლი. წინათ მქონია ხოლმე საგმირო თავგადასავალი, საფოსტო ხაზების შექმნისას, საჰარაში და სამხრეთ ამერიკაში იძულებითი დაშვების დროს... მაგრამ ომი ნამდვილი გმირობა არ არის. იგი ერზაც-გმირობაა. ყოველი გმირობის საფუძველია ის კავშირები, რომლებსაც იგი ამყარებს, ის ამოცანები, რომლებსაც იგი სახავს, და ის მოქმედება, რომლის სურვილსაც იგი აღძრავს. იმისთვის, რომ ფულობანას თამაში გმირობად იქცეს, საკმარისი არ არის, რომ სიკვდილ-სიცოცხლეზე თამაშობდე. ომი გმირობა არ არის. ომი ავადმყოფობაა, როგორც ტიფი.
იქნებ ოდესმე, მოგვიანებით, შევიგნო, რომ ჩემი ერთადერთი სამხედრო გმირობა ორკონტში გატარებული დღეები იყო.

XI
ორკონტში — სენ-დიზიეს მახლობელ სოფელში — ერთ პატარა, ალიზით შელესილ სახლში ვცხოვრობდი. ამ სოფელში იდგა ჩემი ავიაჯგუფი 1939 წლის მთელი ზამთრის განმავლობაში. ღამით ტემპერატურა სახლში ისე კლებულობდა, რომ თიხის დოქში წყალი იყინებოდა. დილით, ვიდრე ჩაცმას შევუდგებოდი, ჯერ ცეცხლს ვაჩაღებდი ბუხარში. მაგრამ ამისათვის ლოგინიდან გამოძრომა იყო საჭირო, რომელშიც თბილად ვიყავი გახვეული და ვნეტარებდი.
არაფერი შეედრებოდა ამ უბრალო მონასტრულ საწოლს ცარიელ და გაყინულ ოთახში. აქ ნეტარებით ვისვენებდი მძიმე დღის შემდეგ და საფრთხე არ მელოდა. დღისით ჩემს სხეულს დიდი სიმაღლის სასტიკი განსაცდელი და მომაკვდინებელი ტყვიები ემუქრებოდა. დღისით შეეძლოთ  სატანჯველად გაეწირათ და უაზროდ მოესპოთ იგი. დღისით ჩემი სხეული ჩემი აღარ იყო. იგი უკვე აღარ მეკუთვნოდა მე. მისი ნაწილები შეეძლოთ მოეკვეთათ, შეეძლოთ სისხლი გამოედინათ მისგან. იმიტომ რომ — და ესეც ომის მოვლენათა რიცხვს ეკუთვნის — ადამიანის სხეული ნაწილების საწყობადაა ქცეული და ჩვენს საკუთრებას აღარ წარმოადგენს. მოდის სასამართლოს აღმასრულებელი და თავის უფლებას გიცხადებთ თქვენს თვალებზე. და თქვენც უთმობთ თვალებს. სასამართლოს აღმასრულებელი თქვენს ფეხებს მოითხოვს და თქვენ უთმობთ მას სიარულის უნარს. სასამართლოს აღმასრულებელი ჩირაღდნით მოდის თქვენთან და თქვენი სახის ხორცს მოითხოვს. და თქვენ საფრთხობელად იქცევით, რადგან ვალში ღიმილის უნარი, ადამიანებისადმი მეგობრული განწყობილების გამოხატვის უნარი გადაიხადეთ. და აი სხეული, რომელიც შეიძლება ჩემს მტრად იქცეს დღესვე და ტკივილი მომაყენოს, ეს სხეული, რომელმაც შეიძლება თავი მომაბეზროს ჩივილით, ჯერჯერობით ჩემი მეგობარი, ჩემი დამჯერე და ახლობელი არსებაა. იგი მოგორგლილა საბნის ქვეშ, ბედნიერად ხვრინავს და, სიცოცხლის სიხარულის გარდა, არაფერს აგრძნობინებს ჩემს ცნობიერებას. მაგრამ, მსურს თუ არა მსურს, უნდა ვაიძულო ლოგინიდან ადგეს და ყინულიანი წყლით დავბანო და გავპარსო, რომ ასეთი დაბანილ-დავარცხნილი დავაყენო ფოლადის ნამსხვრევების პირისპირ. ეს კი იმას უდრის, რომ ხელიდან გამოგლიჯო ბავშვი დედას, ძუძუს მოსწყვიტო, მოაკლო ყველაფერს, რაც ანებივრებს, ეალერსება და იფარავს მის პატარა სხეულს.
კარგა ხნის ყოყმანისა და დაყოვნების შემდეგ კბილს კბილზე ვაჭერდი, ერთი ნახტომით ვჩნდებოდი ბუხართან, შეშის კონას ცეცხლს ვუკიდებდი და, როგორც კი შეშას ცეცხლი მოედებოდა, ხელმეორედ ვსერავდი ოთახს ერთი კუთხიდან მეორემდე და ისევ ვეფლობოდი საწოლში, სადაც ჯერ კიდევ თბილოდა და საიდანაც, საბნებსა და ბუმბულებში გახვეული, მხოლოდ ცალი თვალით ვუთვალთვალებდი ბუხარს. ჯერ მეჩვენებოდა, რომ შეშას ცეცხლი არ ეკიდებოდა. მერე ერთბაშად ცეცხლის უეცარი ანარეკლი აინთებოდა ჭერზე. მერე კი ცეცხლი ძლიერდებოდა, როგორც მხიარულება შუაგულ ზეიმზე. ბუხარი ტკაცუნს, გუგუნსა და სიმღერას იწყებდა და ისეთი ხმაური იდგა, როგორც სოფლურ ქორწილში, როცა მაყრებს ღვინო მოეკიდებათ და მუჯლუგუნებს სთავაზობენ ერთმანეთს.
მეჩვენებოდა, თითქოს ჩემი კეთილი ცეცხლი მიცავდა, როგორც ერთგული და თავგანწირული მეცხვარის ძაღლი იცავს თავის მწყემსს, და, ცეცხლის შემყურე, აუწერელ სიხარულს განვიცდიდი. ხოლო როდესაც ზეიმი უმაღლეს წერტილს აღწევდა — როდესაც ჭერზე ცეცხლის ანარეკლები აცეკვდებოდნენ, ორკესტრი ოქროსფრად აგიზგიზდებოდა და ოთახი ფისისა და კვამლის ჯადოსნური სურნელებით ივსებოდა, მე ერთი ნახტომით ვშორდებოდი ერთ მეგობარს მეორის გამო და საწოლიდან ბუხრისკენ გავრბოდი — უპირატესობას ვანიჭებდი უფრო გულუხვს. და, მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი — მუცელს ვიწვავდი თუ გულს ვითბობდი ბუხართან. ორი ცდუნებიდან უსინდისოდ ვეძლეოდი უფრო ძლიერს, განსაკუთრებით ბრჭყვიალა ცდუნებას, იმას, რომელიც თავისი დაფდაფითა და ილუმინაციით უკეთეს რეკლამას იქმნიდა.
და ასე, სამჯერ უნდა გადამესერა ოთახი: ჯერ ბუხრის ასანთებად, მერე იმისთვის, რომ ისევ ჩავწოლილიყავი ლოგინში. მერე კი იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი და სითბოს მოსავალი მომემკა. სამჯერ ვსერავდი კბილებაკაწკაწებული ყინულოვან უდაბნოს და თითქმის ვგრძნობდი, როგორი უნდა იყოს პოლარული მოგზაურობა.
 მე უდაბნოში მივიწევდი სანეტარო დასაჯდომი მოედნისაკენ და ბოლოს მიფასდებოდა შრომა მოგიზგიზე ალით, რომელიც ჩემ წინაშე მეცხვარის ძაღლის ცეკვას ასრულებდა ჩემთვის.
ეს თითქოს არაფერია. მაგრამ ჩემთვის ეს უდიდესი მოვლენა იყო. ჩემი ოთახი მთელი სიცხადით ავლენდა ჩემ წინაშე იმას, რასაც მე ვერასოდეს აღმოვაჩენდი მასში, ტურისტად რომ მოვსულიყავი აქ ერთ მშვენიერ დღეს. იგი მე ერთ ცარიელ, უშნო ოთახად მომეჩვენებოდა, რომელშიც ღარიბული საწოლის, წყლიანი დოქისა და ცუდი ბუხრის მეტს ვერაფერს აღმოვაჩენდი. რამდენჯერმე დავამთქნარებდი — ეს იქნებოდა და ეს. როგორ შევძლებდი მეგრძნო მისი სამი სახე, სამი სამეფო — ძილის, ცეცხლისა და უდაბნოსი? როგორ შევძლებდი განმეცადა მთელი მეტამორფოზა სხეულისა, რომელიც ჯერ ბავშვის სხეულია, დედის მკერდს ჩაკონებული, დედის სხეულითა და ალერსით გამთბარი, მერე — ჯარისკაცის სხეული, რომელიც ტანჯვისთვის არის შექმნილი; მერე კი — იმ ადამიანისა, რომელიც ტომის ღვთაებად ქცეული ცეცხლის თაყვანისცემით არის გამსჭვალული. და ცეცხლიც პატივს მიაგებს მასპინძელს და მის სტუმრებს. მეგობრის სანახავად მოსული სტუმრები, ცეცხლს რომ უსხედან, ზეიმში მონაწილეობენ, ახლოს მიუჩოჩებენ თავიანთ სკამებს მასპინძელს და ახალ ამბებზე, თავიანთ საქმეებსა და საზრუნავზე ბაასობენ; ისინი ხელებს იფშვნეტენ სიამოვნებისაგან, ჩიბუხს ტენიან და ამბობენ, კარგია ცეცხლთან ყოფნაო.
მაგრამ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს ცეცხლი, რომ ალერსის რწმენა დამიბრუნოს. აღარ არის გაყინული ოთახი, რომ თავგადასავლის არსებობაში დამარწმუნოს. მე სინამდვილეს ვუბრუნდები. ჩემს ირგვლივ აბსოლუტური სიცარიელეა. ჩემში კი — მხოლოდ უკიდურესი სიბერე. და მე მხოლოდ ერთი ხმა მესმის, დიუტერტრის ხმა, რომელიც ჯიუტად მიმეორებს თავის ამაო სურვილს:
`მარცხენა ფეხი, კაპიტანო...~

XII
მე კარგად ვართმევ თავს ჩემს საქმეს. მაგრამ მაინც განწირული ეკიპაჟი ვარ. მე დამარცხების ატმოსფეროში ვარ მოქცეული. დამარცხება მოჟონავს ყოველი მხრიდან და დამარცხების ნიშანი საკუთარ ხელში მიჭირავს.
აირის სექტორის ბერკეტები გაიყინა. იძულებული ვარ სრული ბრუნვით ვიარო. და ეს ჩემი ორი რკინის ნაჭერი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე მაყენებს.
ჩემს თვითმფრინავზე ხრახნების ნაბიჯის რეგულირების საზღვრები შეზღუდულია და დაქვეითებული. სრული სიჩქარით თუ დავეშვი დაბლა, საათში რვაას კილომეტრამდე გავზრდი სიჩქარეს და მოტორების ნებადართულ ბრუნვას გადავაჭარბებ. და მაშინ მოტორები შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს.
უკიდურეს შემთხვევაში შემიძლია გამოვრთო მოტორი, მაგრამ მაშინ იძულებული ვიქნები მიწაზე დავეშვა. მიწაზე დაშვება კი დავალების ჩაშლას ნიშნავს, ზოგჯერ კი — თვითმფრინავის დაკარგვასაც. ყველა მოედანი არ გამოდგება მანქანის დასაშვებად, რომელიც საათში ას ოთხმოცი კილომეტრის სისწრაფით ეხება მიწას.
ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ავამოძრაო ბერკეტები, რადაც უნდა დამიჯდეს. ძალ-ღონის დაძაბვით ვახერხებ მარცხენა ბერკეტის დაძვრას. მაგრამ მარჯვენა ჯერ კიდევ არ მემორჩილება.
ახლა შემიძლია დაბლა დავეშვა ნებადართული სიჩქარით, მაგრამ, თუ მარცხენა მოტორის ბრუნვის სიჩქარე შევამცირე, იძულებული ვიქნები, როგორმე გავათანაბრო მარჯვენა მოტორის წევის სიჭარბე, რაც აუცილებლად მარცხნივ გადაახვევინებს თვითმფრინავს. მე კი ხელი უნდა შევუშალო ამას. მაგრამ პედლები, რომლებზედაც  ეს არის დამოკიდებული, გაიყინა და მანევრირების არავითარი საშუალება არა მაქვს. იმიტომ, რომ, თუ მარცხენა მოტორის ბრუნვა შევამცირე, თვითმფრინავი თავდაყირა წავა.
ამრიგად, მე სხვა გამოსავალი არა მაქვს, გარდა იმისა, რომ მოტორების ნებადართული სიჩქარის თეორიულ საზღვარს გადავაცილო, რაც ავარიის საფრთხეს ქმნის. მოტორის სამი ათას ხუთასი შემობრუნება თვითმფრინავის აფეთქებას მოასწავებს.
ყველაფერი უაზროა. არაფერი არ არის თავის ადგილზე. ჩვენი ქვეყანა კბილანებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზე არ არიან მორგებული. ამაში მესაათეა დამნაშავე და არა მექანიზმი. მესაათე არა გვყავს. 
ომის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენმა მრეწველობამ თვითმფრინავის მართვის სისტემა და ტყვიამფრქვევები დიდი სიმაღლის პირობებს შეუხამოს. და ეს ადამიანების უგულო მუშაობით არ არის გამოწვეული. ადამიანები მეტწილად კეთილსინდისიერნი არიან. მათი გულგრილობა უაზრობის შედეგია, და არა მიზეზი.
უაზრობა ემუქრება ყველაფერს, როგორც ბედისწერა. უაზრობა ემუქრება ქვეით ჯარს, რომელიც შაშხანებითაა შეიარაღებული ტანკების წინააღმდეგ; მფრინავებს, რომლებიც ერთი თვითმფრინავით ათს ებრძვიან; და უაზრობის საფრთხე ემუქრება იმათაც, ვისაც ტყვიამფრქვევებისა და მართვის სისტემის გაუმჯობესება უნდა ეკისრებოდეს.

ჩვენ ადმინისტრაციული მანქანის ბრმა სტომაქში ვცხოვრობთ. ადმინისტრაცია მანქანაა. და რაც უფრო სრულყოფილია ადმინისტრაციული მანქანა, მით უფრო გამორიცხავს იგი ადამიანის ყოველგვარ ჩარევას მის საქმეებში. უნაკლო ადმინისტრაციული მექანიზმის მუშაობაზე, რომელშიც ადამიანი კბილანას როლს ასრულებს, არც სიზარმაცეს, არც კეთილსინდისიერებას და არც უსამართლობას არ ძალუძს გავლენის მოხდენა.
და ისევე, როგორც მანქანას, რომელიც თანმიმდევრული, ერთხელ და სამუდამოდ ნავარაუდვეი პროცესების შესასრულებლადაა აგებული, ადმინისტრაციულ მანქანასაც არ შესწევს არავითარი შემოქმედების უნარი. მანქანა გარკვეულ სანქციას იყენებს გარკვეული დანაშაულის პასუხად და გარკვეული გადაწყვეტილება გამოაქვს გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად. ადმინისტრაციული მანქანა ახალი პრობლემების გადასაწყვეტად არ არის შექმნილი. თუ მტვიფრავ მანქანაში ხის ნაჭრებს მოათავსებთ, იგი ავეჯს ვერ გამოუშვებს. იმისათვის, რომ მანქანამ ახალი პროდუქციის გამოშვება შეძლოს, საჭიროა, რომ ადამიანს მისი გადაკეთების უფლება ჰქონდეს. მაგრამ ადმინისტრაციულ მანქანაში, რომელიც ადამიანის ჩაურევლად მუშაობისთვისაა მოწყობილი, გადამცემი მექანიზმები არ ემორჩილებიან ადამიანს. ისინი უარყოფენ მესაათეს.

ნოემბრიდან 2/33 ავიაჯგუფში ვარ. ამხანაგებმა მოსვლისთანავე გამაფრთხილეს:
— უტყვიამფრქვევოდ და მოშლილი მართვით მოგიხდება გერმანიის თავზე გასეირნება.
და ხელადვე მანუგეშეს:
— ნუ გეშინია. ამას მნიშვნელობა არა აქვს. გამანადგურებლები იმაზე ადრე ჩამოგვაგდებენ, ვიდრე მათ დანახვას მოვასწრებდეთ.
და აი მაისში, ექვსი თვის შემდეგ, ტყვიამფრქვევი და მართვა წინანდებურად იყინება.

ერთი ანდაზა მაგონდება, ისეთივე ძველი, როგორიცაა ჩემი ქვეყანა: `როდესაც გგონია, რომ საფრანგეთი იღუპება, მას სასწაული იხსნის~. მე მივხვდი, რატომ ხდებოდა ასე. როცა კატასტროფა ანგრევდა დიდებულ ადმინისტრაციულ აპარატს და იგი ვეღარ ასრულებდა თავის საქმეს, მისი ფუნქციები, უკეთესი აპარატის უქონლობის გამო, უბრალო ხალხის ხელში გადადიოდა. და ეს ადამიანები გადაარჩენდნენ ხოლმე დასაღუპავად განწირულს.
როდესაც ყუმბარა ფერფლად აქცევს ავიაციის სამინისტროს, სასწრაფოდ მოუხმობენ პირველივე კაპრალს და ეტყვიან:
— თქვენ გევალებათ მართვის სისტემის გაყინვის თავიდან აცილება. ნება გეძლევათ იმოქმედოთ, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. თუ ორი კვირის შემდეგ მართვა ისევ გაიყინა, კატორღაში გაგგზავნით.
და მაშინ იქნებ აღარ გაიყინოს მართვა.

ასეული მაგალითით შემიძლია დავასურათო მექანიკური ადმინისტრირების ეს მანკიერება. ჩრდილოეთის ერთ-ერთ დეპარტამენტში ინტენდანტთა კომისიებმა მაკე ძროხების რეკვიზიცია მოახდინეს და სასაკლაოები მუცლადმყოფი ხბოების სასაფლაოებად აქციეს. მანქანის არც ერთ მექანიზმს, საინტენდანტოს არც ერთ პოლკოვნიკს არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო — არ შეეძლო არ შეესრულებინა ის, რაც ამ მექანიზმს ევალებოდა. ერთი პაწია ბორბალი მეორეს ემორჩილება, როგორც საათის მექანიზმში. ამიტომ იყო, რომ, როდესაც სამხედრო მანქანის ნგრევა დაიწყო, იგი მთელი უპასუხისმგებლობით შეუდგა მაკე ძროხების ხოცვას. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მეორე კბილანაც რომ გაფუჭებულიყო, იგივე მანქანა ინტენდანტ პოლკოვნიკებსაც დახოცავდა.

ეს საყოველთაო ნგრევა თითქოს ძვალ-რბილში გამიჯდა და ძალ-ღონეს მაცლის. მაგრამ ვინაიდან ჩემი ერთ-ერთი მოტორის ამოქმედება ახლა შეუძლებელ საქმედ მეჩვენება, მთელი ძალით ვაწვები აირის მარცხენა ბერკეტს. გამწარებული მეტისმეტად ვძაბავ ძალ-ღონეს და ხელადვე ვანებებ თავს. დაძაბვისაგან ისევ დამიწყო გულმა ჩხვლეტა. ადამიანი ნამდვილად არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ათი ათას მეტრ სიმაღლეზე ტანვარჯიში გამართოს. გული ჩუმად მიკვნესის, როგორც სინდისი, რომელმაც უდროო დროს გაიღვიძა სხეულის ღამეულ ღრეობაში.
მიმიფურთხებია მოტორისთვის. რაც უნდა, ისა ქნას. მთელ ჩემს ძალ-ღონეს ვიკრებ, რომ სული მოვითქვა. ასე მგონია, თუ მთელი გულისყურით არ მოვეკიდე ამ უბრალო საქმეს, ვეღარასოდეს ამოვისუნთქავ. ძველებური საბერველები მაგონდება, რომლითაც წინათ ცეცხლს აღვივებდნენ. ძალ-ღონის სწორედ ისეთივე დაძაბვა მჭირდება ახლა, რომ ჩემი სიცოცხლე გავაღვივო. მინდა დავიყოლიო იგი, რომ ხელახლა `აინთოს~, როგორც კოცონი.
გამოუსწორებელი დაუდევრობა გამოვიჩინე! ათი ათას მეტრ სიმაღლეზე ასეთ ფიზიკურ დაძაბვას გულის კუნთის გაგლეჯა შეეძლო. გული ძალიან ფაქიზია. მაგრამ იგი დიდხანს უნდა გვემსახუროს. უაზრობაა ასეთი უხეში საქმისათვის გაწირო იგი. ეს იგივეა, რომ ალმასები დაწვა ვაშლის შესაწვავად.

XIII
ეს იგივეა, რომ ჩრდილოეთ საფრანგეთში ყველა სოფელი გადაწვა, თუმცა ამ სოფლების მოსპობა ნახევარი დღითაც კი ვერ შეაჩერებს გერმანელების შემოტევას. მე ვხედავ, როგორ გიზგიზებენ დიუნკერკიდან ელზასამდე სოფლები, ძველებური ეკლესიები, ძველებური სახლები, მძიმე მოგონებებებით, დიდებული კაკლის ხის პარკეტებით, კარადებში დაწყობილი მშვენიერი თეთრეულით და ფანჯრებზე დაკიდებული მაქმანიანი ფარდებით, რომლებიც ერთგულად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას დღევანდელ დღემდე.
`გიზგიზებენ~ მეტისმეტად ხმამაღლა ჟღერს, როცა ხანძარს ათი ათასი მეტრის სიმაღლიდან დასცქერი, იმიტომ, რომ, სოფლებზე, ისევე როგორც ტყეებზე, მხოლოდ უძრავ კვამლს ხედავ, რომელიც მოთეთრო ნისლივით გაწოლილა. ცეცხლი წვის ფარულ, უხილავ პროცესად ქცეულა. ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე დრო თითქოს ანელებს სვლას, ვინაიდან მოძრაობა აღარ არის. აღარც ცეცხლის ტკაცუნი და ჩამწვარი კოჭების გრუხუნი ისმის და აღარც შავი კვამლის გრიგალი მოჩანს. აღარ არის არაფერი, გარდა მონაცრისფრო სითხისა, მღვრიე ლაქებად რომ მოჩანს ზემოდან.
განიკურნება თუ არა ოდესმე ეს ტყე? განიკურნება თუ არა ეს სოფელი? ამ სიმაღლიდან მე მეჩვენება, თითქოს ცეცხლი ნელა ღრღნის მათ, როგორც სენი.
ამაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. `არ დავზოგავთ სოფლებს!~ — ჩემი ყურით გავიგონე ეს სიტყვები. და ეს სიტყვები აუცილებელი იყო. ომის დროს სოფელი აღარ არის ის კვანძი, რომელიც ტრადიციებს ნასკვავს ერთმანეთთან. მტრის ხელში იგი ვირთხების ბუდეა. ყველაფერი იცვლის აზრს. მაგალითად, ხეები, რომლებიც სამი საუკუნე იდგნენ აქ და სიგრილეს ფენდნენ თქვენს ძველ სახლს, ჭაბუკი ლეიტენანტის სასროლ მიზანს ეფარებიან. და იგი თხუთმეტიოდე ჯარისკაცს გზავნის, რომ გაანადგუროს ის, რაც დრომ შექმნა. და ათ წუთში იგი სპობს პარკს, რომელსაც სამასი წლის მანძილზე ქმნიდა ადამიანის გულმოდგინება და მზის სითბო — სამი საუკუნე ოჯახის კულტისა და პარკის ჩრდილქვეშ გამართული ნიშნობისა.
— ეს ჩემი ხეებია! — ეუბნებით თქვენ.
მაგრამ მას არ ესმის თქვენი. იგი ომობს. იგი მართალია.
მაგრამ ახლა ხეებს ომობანას თამაშისთვის წვავენ. ამისთვის ჩეხენ პარკს, ამისთვის წირავენ მფრინავ ეკიპაჟებს და ამისთვის გზავნიან ქვეით ჯარს ტანკების წინააღმდეგ. და აუწერელი შეშფოთება გიპყრობს, რადგან ყოველივე ამას არავითარი აზრი არა აქვს.
მტერმა შეიგნო ერთი აშკარა ჭეშმარიტება და სარგებლობს ამით: ადამიანებს პატარა ადგილი უჭირავთ ვეებერთელა დედამიწაზე. ასი მილიონი ჯარისკაცი იქნებოდა საჭირო, რომ მთლიან კედლად ჩაგემწკრივებინა დედამიწის ირგვლივ. ამიტომაა, რომ ჯარის ნაწილების დაშორება გარდაუვალია. მაგრამ სინამდვილეში ეს დაშორება შეიძლება აღარც კი იგრძნობოდეს არმიის მოძრაობის წყალობით. ხოლო თუ არმია სუსტადაა მოტორიზებული, იგი უძრავია მოწინააღმდეგის ტანკებისთვის და მაშინ ნაწილების დაშორება ნამდვილ გარღვევად იქცევა. სწორედ აქედან გამომდინარეობს სამხედრო ტაქტიკის უმარტივესი წესი: `სატანკო დივიზია წყალივით უნდა მოქმედებდეს. იგი შეუმჩნევლად უნდა აწვებოდეს მოწინააღმდეგის მიერ აღმართულ დაბრკოლებას და იქ გაჟონოს, სადაც წინააღმდეგობა არ ხვდება~. ასე აწვებიან ტანკები დაცვას. დაშორება კი ნაწილებს შორის ყოველთვისაა. და ტანკებიც ყოველთვის გადიან.
ტანკებს, რომლებსაც წინააღმდეგობა არ ხვდებათ, აუნაზღაურებელი ზარალი მოაქვთ მაშინაც კი, როცა, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო ნგრევას იწვევენ (ადგილობრივი შტაბების დაკავება, სატელეფონო კავშირის გაწყვეტა, სოფლების გადაწვა). ისინი ქიმიური ნივთიერებების როლს ასრულებენ, რომლებიც სხეულს კი არა, მის ნერვულ და ლიმფურ კვანძებს ანადგურებენ. ტერიტორიაზე, რომელიც ელვის სისწრაფით გადალეწეს ტანკებმა, ყოველგვარი არმია, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს არავითარი ზარალი არ განუცდია, კარგავს არმიის თვისებას. იგი ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილებად იშლება. იქ, სადაც წინათ ორგანიზმი იყო, ახლა მხოლოდ ერთმანეთისგან განცალკევებულ ორგანოებს ვხედავთ. და ამ ნაწილებს შორის — როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობა — მტერი ისე მოიწევს, როგორც მოესურვება. არმია აღარ წარმოადგენს მოქმედ ძალას, როცა იგი ჯარისკაცების გროვადაა ქცეული.
ტექნიკურ საშუალებებს ორ კვირაში ვერ შექმნი. ჩვენ არ შეგვეძლო დავწეოდით მათ შეიარაღებაში. ჩვენ — ორმოცი მილიონი მიწის მუშა — ოთხმოცი მილიონი სამრეწველო მუშის პირისპირ ვიდექით!
ჩვენ ერთი ადამიანი გამოვიყვანეთ სამის წინააღმდეგ. ერთი თვითმფრინავი — ათი ან ოცი თვითმფრინავის წინააღმდეგ, ხოლო დიუნკერკის შემდეგ ერთი ტანკი — ასის წინააღმდეგ. ჩვენ დროც კი არა გვაქვს დავუფიქრდეთ იმას, რაც მოხდა. ჩვენ აწმყოთი ვცხოვრობთ. ჩვენი აწმყო კი ასეთია. ჩვენ მიერ გაღებული ვერავითარი მსხვერპლი ვერ შეაჩერებს გერმანელების შემოტევას.
და აი სამოქალაქო და სამხედრო იერარქიის კიბის თავიდან ქვემო საფეხურამდე, შავი მუშიდან მინისტრამდე, ჯარისკაციდან გენერლამდე — ყველა გრძნობს ერთგვარ სინდისის ქენჯნას, რომლის გამოთქმა არ ძალუძთ და ვერც ბედავენ. მსხვერპლი კარგავს ყოველგვარ სიდიადეს, როცა იგი მსხვერპლის პაროდიად ან თვითმკვლელობად იქცევა. თავის განწირვა მშვენიერია, როდესაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად კვდები; როდესაც ცეცხლში შედიხარ, რომ მეზობლის სახლი ხანძარს გადაარჩინო; როდესაც უკან არ იხევ პოზიციიდან, რომელსაც მტერმა გზები გადაუჭრა, და ამით შენს საშველად წამოსულ მაშველ ძალებს საჭირო დროს აძლევ. მაგრამ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ცეცხლი ყველაფერს ედება. უკანდასახევი გზა აღარ არის. მაშველი ძალების იმედი არ არის. ხოლო იმათ, ვისთვისაც იბრძვი ან თავს იტყუებ, რომ იბრძვი — დასაღუპავად წირავ, რადგან თვითმფრინავმა, რომელიც ქალაქებს ანადგურებს არმიის ზურგში, შეცვალა ომის ბუნება.
წარმოდგენილი მაქვს, როგორ დაუწყებენ უცხო ადამიანები საფრანგეთს გაკიცხვას იმ რამდენიმე ხიდის გამო, რომლებიც არ ააფეთქეს, იმ რამდენიმე სოფლის გამო, რომლებიც არ გადაწვეს, და იმ ადამიანების გამო, რომლებიც არ დაიხოცნენ. მაგრამ მე სულ სხვა რამე მაოცებს, ამ მოვლენის სრულიად საწინააღმდეგო ამბავი. მე მაოცებს ის, რომ მზადა ვართ თვალები დავხუჭოთ და ყურები დავიცოთ. მაოცებს ჩვენი უიარაღო ბრძოლა ცხადზე ცხად სინამდვილესთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ამაოა, ჩვენ მაინც ვაფეთქებთ ხიდებს, რომ განვაგრძოთ თამაში. და ადამიანები ეწირებიან იმას, რომ თამაში გაგრძელდეს.
მაგრამ, ცხადია, ზოგი რამ ავიწყდებათ! ავიწყდებათ ხიდის აფეთქება, ავიწყდებათ სოფლის გადაწვა, ზოგჯერ ჯარისკაცების სიცოცხლესაც ზოგავენ. 
მაგრამ ამ დამარცხების ტრაგიზმი ისაა, რომ ყოველგვარი საქციელი უაზროა. იმას, ვინც ხიდს აფეთქებს, არ შეიძლება არ ეზიზღებოდეს თავისი საქციელი. ჯარისკაცმა, რომელიც ხიდს აფეთქებს, იცის, რომ ამით იგი ვერ შეაჩერებს მტერს: იგი მხოლოდ ნანგრევებად აქცევს ხიდს. იგი ასახიჩრებს თავის ქვეყანას, რომ მისი ნანგრევებიდან ომის დიდებული კარიკატურა შექმნას.
იმისათვის, რომ ადამიანების საქციელი რწმენით იყოს გამსჭვალული, ამ საქციელს აზრი უნდა ჰქონდეს. ჭირნახულის დაწვას აზრი აქვს, თუ მის ფერფლქვეშ მტერი დაიმარხება. მაგრამ მტერი, რომელსაც ას სამოცი დივიზია აძლევს ძალას, აფურთხებს ჩვენს ხანძრებს და ჩვენს სიკვდილს. 
რისთვისაც სოფელს წვავენ, ამ სოფლად უნდა ღირდეს. მაგრამ ჩვენი გადამწვარი სოფელი მხოლოდ კარიკატურაა ასეთი მსხვერპლის ნამდვილი მნიშვნელობისა.

რისთვისაც კვდებიან, სიკვდილად უნდა ღირდეს. კარგად იბრძვიან ჯარისკაცები თუ ცუდად? ამ კითხვას აზრი არა აქვს! თეორიულად ცნობილია, რომ სოფლის დამცველებს შეუძლიათ მხოლოდ სამი საათი გაუძლონ მტრის შემოტევას. მაგრამ ჯარისკაცებმა ბრძანება მიიღეს — დაიხოცნენ და ფეხი არ მოიცვალონ. და აი, ბრძოლის საშუალებებს მოკლებულნი, ისინი თვითონ იწვევენ მტერს სოფლის დასანგრევად, რომ  ომობანას თამაშის წესები დაიცვან. ისევე როგორც, თავაზიანი ადამიანი მიმართავს ხოლმე ჭადრაკის თამაშის დროს მოწინააღმდეგეს: ამ პაიკის აღება დაგავიწყდათო...
და ჩვენც ასევე მივმართავთ მტერს:
— ჩვენ ამ სოფლის დამცველები ვართ. თქვენ — თავდამსხმელები. მაშ შემოგვიტიეთ!
მიმართვა მიიღეს. და მტერი ჩექმით თელავს სოფელს.
კარგად არის ნათამაშები!

თუმცა, რა თქმა უნდა, უქნარა ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ უქნარობა სასოწარკვეთილების ფარული ფორმაა. და, რაღა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებმაც მტერს ზურგი უჩვენეს. თვითონ მაიორი ალიასი ემუქრებოდა რევოლვერებით მოღუშულ დეზერტირებს, რომლებიც ორჯერ თუ სამჯერ შეეჩეხნენ მას გზაში და მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცეს შეკითხვებზე. როგორი სურვილი გიპყრობს, დაიჭირო დამნაშავე და მისი მოსპობით ყველაფერი გადაარჩინო! გაქცეულები დამნაშავენი არიან გაქცევაში, რადგან, ისინი რომ არა, არც გაქცევა იქნებოდა. და აი, ტყვიებს თუ დაახლი, ყველაფერი მოწესრიგდება... მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი დამარხო, რათა ავადმყოფობა მოსპო. და მაიორი ალიასიც ბოლოს და ბოლოს ისევ ჯიბეში იდებდა რევოლვერს, რადგან ეს რევოლვერი საოპერეტო დაშნის იერს იძენდა მისსავე თვალში. ალიასს კარგად ესმოდა, რომ ეს მოღუშული ჯარისკაცები კატასტროფის შედეგს წარმოადგენდნენ, და არა მიზეზს.
ალიასმა კარგად იცოდა, რომ ეს ჯარისკაცები ზუსტად ისეთივე ჯარისკაცები იყვნენ, როგორიც ისინი, რომლებიც სხვა ადგილას დღესვე თანახმა იყვნენ, რომ დახოცილიყვნენ. ხომ განაცხადა სიკვდილზე თანხმობა ას ორმოცდაათი ათასმა კაცმა ამ ორ კვირაში. მაგრამ არიან ჭკუათამყოფელნიც, რომლებიც მოითხოვენ, რომ აუხსნან, რატომ უნდა დაიხოცნენ.
ამის ახსნა კი ძალიან რთულია.
ცხოვრების სრბოლაში ყველა თანახმაა შეეჯიბროს თავისივე თანრიგის მორბენალს, მაგრამ აი მან სირბილის დაწყებისთანავე შენიშნა, რომ ფეხზე კატორღელის ბორკილი ადევს. მოწინააღმდეგე კი ლაღად მიქრის ფრთაშესხმულივით. და ბრძოლა ყოველგვარ აზრს კარგავს. ადამიანი ჩერდება.
— ეს შეჯიბრება შეჯიბრებად არ ჩაითვლება... — პროტესტს აცხადებს იგი.
— ჩაითვლება! ჩაითვლება!..
რა უნდა იღონო, რომ აიძულო ადამიანი, განაგრძოს შეჯიბრება, რომელიც შეჯიბრება აღარ არის?
ალიასმა კარგად იცის, რასაც ფიქრობენ ჯარისკაცები.
— ეს არ ჩაითვლება... — ფიქრობენ ისინი.
და ალიასიც ინახავს რევოლვერს და დამაჯერებელ პასუხს დაეძებს.
დამაჯერებელი პასუხი კი მხოლოდ ერთია. ერთადერთი. მსურველს შეუძლია უკეთესი პასუხი იპოვოს.
— თქვენი სიკვდილი არაფერს შეცვლის. უკვე დავმარცხდით. მაგრამ, წესით, ყოველგვარ დამარცხებას მსხვერპლი უნდა მოჰყვეს. დამარცხება გლოვა უნდა იყოს. თქვენ იმიტომ ხართ სამხედრო სამსახურში, რომ თქვენი როლი შეასრულოთ.
— არის, მაიორო.

ალიასს არა სძაგს ლტოლვილები. მან კარგად იცის, რომ დამაჯერებელ პასუხს მისგან ყოველთვის უყოყმანოდ იღებდნენ. იგი თვითონაც მზადაა სასიკვდილოდ. ყველა მისი მფრინავი მზადაა სასიკვდილოდ. და ჩვენც დავკმაყოფილდით ასეთი დამაჯერებელი, ოღონდ შელამაზებული სიტყვებით:
— მოსაწყენი დავალებაა... მაგრამ შტაბში დაბეჯითებით მოითხოვენ... ძალიან მოითხოვენ... ვერაფერს გახდები...
— არის, მაიორო.

მე ვფიქრობ, რომ დახოცილები თავდებობას უწევენ ცოცხლად დარჩენილთ.

XIV

ისე მოვბერდი, რომ მეჩვენება, თითქოს ყველაფერი უკან დამრჩა ცხოვრებაში. კაბინის ვეება მინიდან ვიცქირები, რომელშიაც სინათლის შუქი იჭრება. ქვევით ხალხია. ინფუზორიები მიკროსკოპის მინაზე. განა შეიძლება გაინტერესებდეს ინფუზორიების ოჯახური დრამები?
გული რომ ასე ძალიან არ მტკიოდეს, ბებერი ტირანივით ჩავთვლემდი. საოცარია, რომ სულ რაღაც ათი წუთის წინ შლეიფზე ვთხზავდი ლექსებს. ეს საშინელი სიყალბე იყო. განა მე ნაზ ოხვრაზე ვფიქრობდი, როდესაც გამანადგურებლები შევნიშნე? მე კრაზანების გესლზე ვფიქრობდი. ნამდვილად მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი იმ წუთებში. რა პაწაწკინტელები იყვნენ ის გარეწრები.
და მე შემეძლო შეუზიზღებლად მეფიქრა შლეიფიან კაბაზე! მაგრამ სრულებითაც არ ვფიქრობდი შლეიფიან კაბაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არასოდეს დამინახავს ჩემი თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი ჩემი კაბინიდან, რომელშიც ისე ვარ გახირული, როგორც ჩიბუხი თავის ბუდეში, მე არაფრის დანახვა არ შემიძლია ჩემ უკან. უკან ჩემი მსროლელის თვალებით ვიცქირები. და ისიც მაშინ, როცა ლარინგოფონი წესრიგშია, და მე არასოდეს გამიგონია ჩემი მსროლელისაგან: — ო, რამდენი თაყვანისმცემელი გამოედევნა ჩვენს შლეიფსო...
სკეპსისისა და სიტყვების თამაშის მეტი აღარაფერი დამრჩენია. თქმა აღარ უნდა, რომ მინდა მწამდეს, მინდა ვომობდე, მინდა ვიმარჯვებდე.
მაგრამ როგორც არ უნდა მოგვქონდეს თავი, თითქოს გვწამს, ვომობთ და ვიმარჯვებთ, როდესაც საკუთარ სოფლებს ვწვავთ — ძნელია ამ საქციელმა აღგვაფრთოვანოს.
ძნელია ცხოვრება. ადამიანი მხოლოდ იმ ურთიერთობათა კვანძია, რომლებიც მას ქვეყნიერებასთან აკავშირებს. და აი აღმოჩნდა, რომ ეს კავშირები არაფრად ღირებულა.

რა ჩაკვდა ჩემში? სად იფარება ამ ცვლილების საიდუმლო? როგორ ავხსნათ, რომ სხვა პირობებში შემაძრწუნებდა ის, რაც ახლა ასეთი განყენებული და შორეული მეჩვენება? როგორ უნდა აიხსნას, რომ რაიმე სიტყვას ან ხელის რაიმე მოძრაობას შეუძლია უსაზღვრო სივრცე დაანახვოს ადამიანს; სივრცე, რომელმაც მისი ცხოვრება უნდა განსაზღვროს? რატომ არის, რომ, თუ მე პასტერი ვარ, რაღაც ინფუზორიების ფუთფუთი ჩემთვის იმოხელა მნიშვნელობას იძენს, რომ მიკროსკოპის მინა გაუვალ ტყეზე დიდი მეჩვენება და, ამ მინაზე დახრილს, შემიძლია მთელი თავგადასავალი განვიცადო?
რატომ არის, რომ ის შავი წერტილი — ადამიანის სადგომი — იქ, ჩემ ქვემოთ, ასე იპყრობს ჩემს ყურადღებას...
და მე მაგონდება...

პატარა ბიჭი რომ ვიყავი... ჩემს ადრეულ ბავშვობას ვუბრუნდები. ბავშვობა ის ვეება ნაკრძალია, საიდანაც გამოვიდა თითოეული ჩვენგანი. საიდანა ვარ მოდგმით? ბავშვობიდან. მე ბავშვობიდან ვარ მოდგმით, ისევე როგორც რომელიმე ქვეყნიდან არიან... ჰოდა, პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ერთ საღამოს უცნაური თავგადასავალი გადამხდა.
მაშინ ხუთი თუ ექვსი წლის ვიქნებოდი. საღამოს რვა საათი იყო. რვა საათი კი ის დროა, როდესაც ბავშვებს უნდა ეძინოთ. განსაკუთრებით ზამთარში, რადგან ამ დროს უკვე ბინდდება. მაგრამ იმ საღამოს დამივიწყეს.
ჩვენი დიდი პროვინციული სახლის პირველ სართულზე ვესტიბიული იყო, რომელიც ვეებერთელა მეჩვენებოდა. ამ ვესტიბიულში გამოდიოდა თბილი ოთახი, სადაც ბავშვები ვსადილობდით ხოლმე. მე ყოველთვის მეშინოდა ამ ვესტიბიულისა და იქნებ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მის შუაგულში ოდნავ ბჟუტავდა ლამპა, რომელიც თითქმის ვერ ფანტავდა ჩამოწოლილ სიბნელეს. იგი ნიშანი უფრო იყო, ვიდრე ლამპა. კიდევ ხის პანელების გამო მეშინოდა, რომლებიც დროდადრო ტკაცუნობდნენ სიბნელეში. და სიცივის გამოც. ამ ვესტიბიულში ისე შედიოდნენ განათებული და თბილი ოთახებიდან, როგორც სარდაფში.
მაგრამ იმ საღამოს, რაკი დავინახე, რომ დამივიწყეს, ბოროტი დემონის ცთუნებას ვეღარ გავუმკლავდი და თითის წვერებზე მივიპარე კართან, ფრთხილად ჩამოვწიე სახელური, ვესტიბიულში გავედი და ფარულად შევუდექი სამყაროს გამოკვლევას.
მაგრამ ხის პანელების ტკაცუნი თითქოს ღვთის რისხვას მიქადდა. ნახევრად ჩამობნელებულ ვესტიბიულში ძლივს ვარჩევდი პანელების ვეება ჩარჩოებს, რომლებიც თითქოს საყვედურს იხვევდნენ გულში. ადგილიდან დაძვრა ვეღარ გავბედე, ძლივძლივობით ავფოფხდი სარკის პატარა მაგიდაზე, ზურგით კედელს მივეყრდენი და გულაჩქროლებული გავირინდე, როგორც ის ადამიანი, რომელმაც გემის დაღუპვის შემდეგ წყლიდან ამოზიდულ კლდეს შეაფარა თავი ღია ზღვაში.
ამ დროს ერთ-ერთი სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და ვესტიბიულში ჩემი ორი ბიძა შემოვიდა, რომელთა წინაშეც მუდამ ვცახცახებდი მეტისმეტი მოწიწებისგან. მათ გამოიხურეს კარი, საიდანაც სინათლე და ადამიანთა ხმები გამოდიოდა და ვესტიბიულში დაიწყეს სიარული.
მე ვცახცახებდი იმის გაფიქრებაზე, რომ მათ ჩემი დანახვა შეეძლოთ. ერთ-ერთი ბიძა — გუბერი — სიმკაცრის და უმაღლესი სამართლიანობის განსახიერება იყო ჩემს თვალში. ეს ადამიანი, რომელსაც ალბათ არასოდეს ეყოფოდა ღონე, თითი დაეკარებინა ბავშვისთვის, ხშირად მეუბნებოდა წარბშეკრული ყოველი ჩემი დანაშაულის გამო: `ხელმეორედ რომ წავალ ამერიკაში, ბავშვების გასაწკეპლავ მანქანას ჩამოვიტან. ამერიკაში ყველაფერი გაუმჯობესებულია. ამიტომაა, რომ ამერიკელი ბავშვები ჭკვიანები და დამჯერნი არიან და მშობლებს შეუძლიათ მშვიდად მოისვენონო~. ო, როგორ მძულდა ამერიკა!
ჩემი ბიძები წინ და უკან დააბიჯებდნენ უსასრულო ყინულოვან ვესტიბიულში და ვერ მამჩნევდნენ. მე სულგანაბული ვადევნებდი მათ თვალს და ვცდილობდი გამეგო, რაზე ბაასობდნენ. სულშეგუბებულს ლამის გული შემღონებოდა. `ჩვენი ეპოქა...~ — ამბობდნენ ისინი და მშორდებოდნენ და თან მიჰქონდათ რაღაც საიდუმლო, რომელიც მხოლოდ დიდებისთვის იყო განკუთვნილი. `ჩვენი ეპოქა...~ — ვიმეორებდი მე ჩემს გულში. მერე კი ისევ ბრუნდებოდნენ, როგორც ზღვის მოქცევა, რომელსაც ისევ მოჰქონდა ნაპირთან ჩემი გონებისთვის მიუწვდომელი განძეული. `ეს უგუნურებაა, — ეუბნებოდა ერთი მათგანი მეორეს, — ნამდვილი უგუნურება...~ და მეც ისე ვიჭერდი ამ ფრაზას, როგორც საოცარ ნივთს, და ნელა ვიმეორებდი, რომ ჩემს შეგნებაზე — ხუთი წლის ბიჭის შეგნებაზე — გამომეცადა ამ სიტყვების მთელი ძალა: `ეს უგუნურებაა, ნამდვილი უგუნურება...~
მერე ზღვის მიქცევას ისევ მიჰყავდა ბიძები. მოქცევისას კი ისევ ისე ბრუნდებოდნენ. და ეს სასწაული, რომელმაც ახალი, ჯერ კიდევ დაბურული სივრცეები გადამიშალა თვალწინ, მსოფლიო მიზიდულობის კანონის სიზუსტით მეორდებოდა. მე კი, ჩემს მაგიდაზე სამუდამოდ მიჯაჭვული, ფარული მოწამე ვიყავი ამ დიდებული თათბირისა, რომელზედაც ჩემი ყოვლისმცოდნე ბიძები სამყაროს ქმნიდნენ. ჩვენი სახლი შეიძლებოდა კიდევ ათას წელს მდგარიყო და მთელი ამ წლების მანძილზე ვესტიბიულში დინჯად მოსეირნე ჩემი ბიძები მარადისობის ელფერს მიანიჭებდნენ ამ სახლს.

ეს წერტილი, რომელსაც მე ვაკვირდები, რაღა თქმა უნდა, ადამიანის ბინაა, რომელიც ათი კილომეტრითაა დაშორებული ჩემგან. და ეს ბინა არაფერს მეუბნება. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იგი დიდი პროვინციული სახლი იყოს, რომლის ვესტიბიულშიც ორი ბიძა წინ და უკან დააბიჯებს და ნელა აგებს ბავშვის შეგნებაში რაღაცა ისეთსავე ზღაპრულს, როგორიცაა ზღვის უსასრულობა.
ათი ათასი მეტრის სიმაღლიდან მთელი პროვინციის ტერიტორიას ვხედავ, მაგრამ მე ვიწროდ ვარ, მიმძიმს, სული მეხუთება და ვერა ვგრძნობ სივრცეს. ასე მგონია, თითქოს აქ გაცილებით ნაკლები სივრცეა, ვიდრე სახლის ვესტიბიულში, თუმცა ამ სიმაღლიდან ასეთი სახლი შავი წერტილია მხოლოდ და მეტი არაფერი.
მე დავკარგე სივრცის გრძნობა. ბრმა ვარ სივრცის მიმართ და ამავე დროს მწყურია იგი. და მე მგონია, რომ აქ ვეხები ადამიანის ყველა მისწრაფების საერთო საზომს.
როდესაც რაიმე შემთხვევის გამო ჩვენს გულში სიყვარული იღვიძებს, ყველაფერი ამ სიყვარულს ემორჩილება და სიყვარული საშუალებას აძლევს ადამიანს, სივრცის გრძნობა შეიცნოს. საჰარაში ყოფნის დროს, როდესაც ჩვენს კოცონებთან უეცრად არაბები გამოჩნდებოდნენ და გვაფრთხილებდნენ, ხიფათი გელითო, უდაბნო ცოცხლდებოდა და აზრს იძენდა ჩვენს თვალში. და უდაბნოსა და ჩვენ შორის კავშირი მყარდებოდა. ეს შიკრიკები უდაბნოს სივრცის შემოქმედნი იყვნენ. ასევე მოსდის მუსიკასაც, თუ იგი მშვენიერია. და ძველი კარადის უბრალო სურნელებასაც, როდესაც იგი მოგონებებს აღძრავს და აკავშირებს ერთმანეთთან. პათოსი — აი რა არის სივრცის გრძნობა.

მაგრამ მე მესმის, რომ, როდესაც საქმე ადამიანს ეხება, არც გამოთვლა შეიძლება და არც გაზომვა. ჭეშმარიტ სივრცეს თვალი ვერ სწვდება, იგი მხოლოდ სულის ნიჭია. იგი იმავე თვისებისაა, რა თვისებისაც არის ენა, იმიტომ რომ ენა ყველაფერს აკავშირებს ერთმანეთთან.
ასე მგონია, რომ ახლა ჩემთვის უფრო ცხადი გახდა, რა არის კულტურა. კულტურა რწმენის, ჩვეულებებისა და ცოდნის მემკვიდრეობაა, რომელიც ნელა გროვდება საუკუნეების მანძილზე და ზოგჯერ ძნელიც კია მისი ახსნა ლოგიკით. მაგრამ მისი არსებობის აზრი მასშივეა მოქცეული, ისევე როგორც გზებისა, თუ ამ გზებს სადმე მიჰყავს ადამიანი, რადგან კულტურა მის შინაგან სივრცეს უშლის თვალწინ ადამიანს.
ცუდი ლიტერატურა საკუთარი თავისგან გაქცევას გვიქადაგებს. ცხადია, სხვა ქვეყნებში მოგზაურობას რომ ვიწყებთ, უსასრულობის საპოვნელად გავრბივართ. მაგრამ უსასრულობას ვერ იპოვი. იგი შენს არსებაში უნდა შექმნა. არავითარ გაქცევას არ ძალუძს სადმე მიგიყვანოს.
ზოგჯერ ადამიანი, იმისთვის, რომ ადამიანად იგრძნოს თავი, სირბილში ეჯიბრება სხვებს, გუნდში მღერის ან საომრად მიდის, — ეს ის ძაფებია, რომლებსაც იგი ადამიანებთან და ქვეყნიერებასთან აბამს, რომ დაუკავშირდეს მათ. მაგრამ რა უსუსურია ასეთი კავშირი! მხოლოდ ნამდვილ კულტურას, მხოლოდ სულიერ და გულითად კავშირებს შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანი. და მაშინ მას არავითარი ადგილგადანაცვლება აღარ სჭირდება.
რომელიღაც წყნარ პატარა ქალაქში, წვიმიანი დღის ნაცრისფერ ბურუსში, თავის პატარა ოთახში გამოკეტილ ხეიბარ ქალს ვხედავ, რომელიც ფანჯარასთან დგას და ფიქრს მისცემია. რა ადამიანია იგი? რა შეუქმნიათ მისგან? ამ პატარა ქალაქის კულტურის საზომს ჩემთვის ამ ადამიანის სულიერი სისავსე წარმოადგენს. რა არის ჩვენი ფასი, როდესაც მოძრაობა არ ძალგვიძს?
ლოცვად დამდგარი გარინდებული დომინიკელი თავისი შინაგანი ცხოვრებით არის  აღსავსე. იგი ყველაზე მეტად ამ წუთსაა ადამიანი. პასტერი, რომელიც სულგანაბული დახრილა თავის მიკროსკოპზე, უდიდეს სულიერ სისავსეს აღწევს. იგი ყველაზე მეტად ამ წუთსაა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ არ იძვრის. სწორედ ამ დროს მიიწევს იგი წინ. ამ დროს მიისწრაფვის. ამ დროს მოძრაობს გიგანტური ნაბიჯებით და მის თვალწინ ვეება სივრცე იშლება. თუმცა თვითონ უძრავია, უძრავი და დადუმებული.
თავისი ეტიუდის წინაშე გარინდებული სეზანი უსაზღვრო შინაგან სისავსეს აღწევს. იგი ყველაზე მეტად იმ წუთებშია ადამიანი, როდესაც დუმს, აცქერდება და სჯის. და მაშინ მისი ტილო ზღვაზე უვრცესია მისთვის.

სივრცე, რომელსაც იმ სახლის წყალობით ვწვდები, სადაც ბავშვობა გავატარე, ანდა იმ ოთახის წყალობით, ორკონტში რომ მეკავა, სივრცე, რომელიც პასტერს გადაეშალა თვალწინ მისი მიკროსკოპის ხედვის არეში ანდა პოეტს — მის ლექსში, ის ნატიფი და ფასდაუდებელი განძია, რომელსაც მხოლოდ კულტურა გვანიჭებს, იმიტომ, რომ სივრცე სულიერ კავშირებს ქმნის, ამ კავშირებს კი თავისი ენა სჭირდება.
მაგრამ როგორ შთავბერო აზრი ჩემს ენას საყოველთაო ნგრევის ჟამს, როცა ძველი პარკი ერთსა და იმავე დროს მრავალი თაობის თავშესაფარი კიდობანიცაა და დაბრკოლებაც არტილერიისთვის; როცა ბომბდამშენები მძიმე წნეხივით ჩამოწოლილან ქალაქების თავზე და აიძულებენ მთელ ერს — შავ წვენად დაიღვაროს გზებზე; როცა საფრანგეთი ჭიანჭველების გასრესილი ბუდის საზიზღარ ქაოსად ქცეულა; როცა გაყინულ პედლებს, გახირულ ბერკეტებსა და მორყეულ ქანჩებს ებრძვი, და არა ცოცხალ მოწინააღმდეგეს...
— შეგიძლიათ დაბლა დაეშვათ!
მე შემიძლია დაბლა დავეშვა. მე დავეშვები. მცირე სიმაღლეზე წავალ არასისაკენ. ეს რომ შევძლო, ათასწლოვანი კულტურა მიმიძღვის წინ. მაგრამ ახლა ეს არ კმარა. ახლა ვერ მოიმკი ამ კულტურის ნაყოფს.

მე დაბლა ვეშვები საათში რვაასი კილომეტრის სიჩქარით, სამი ათას ხუთას ოცდაათი ბრუნვით წუთში.
ვირაჟის დროს ვეთხოვები მეტისმეტად წითელ პოლარულ მზეს. წინ, ხუთი-ექვსი კილომეტრით დაბლა, ღრუბლების სწორ ფრონტს ვხედავ. მის ჩრდილს საფრანგეთის დიდი ნაწილი დაუფარავს. მის ჩრდილშია მოქცეული არასიც. წარმოდგენილი მაქვს, როგორ ბნელა ამ ღრუბლების ქვეშ. იქ, როგორც ვეება ქვაბის სტომაქში, ომის მორგვი ტრიალებს: გაჭედილი გზები, ხანძრები, დამსხვრეული მანქანები, გადათელილი სოფლები, ნგრევა. ყველაფერი ეს უაზროდ ფუთფუთებს ღრუბლების ქვემოთ, როგორც ცხრაფეხები — ლოდის ქვეშ.
ეს დაშვება კატასტროფას წააგავს. ჩვენ ალბათ ტალახში ფართხალი მოგვიხდება. ჩვენ ბარბაროსთა რომელიღაც დანგრეულ სამეფოში ვბრუნდებით. იქ, ქვევით, ყველაფერი იხრწნება! და ჩვენ იმ მდიდარ მოგზაურებს ვგავართ, რომლებიც მარჯნის კუნძულებისა და პალმების ქვეყანაში დიდხანს ყოფნის შემდეგ გაღატაკებულნი ბრუნდებიან შინ — უბრუნდებიან თავიანთ ერთფეროვან ცხოვრებას, ძუნწი დიასახლისის უგემურ კერძს, ოჯახურ კინკლაობას, სარჩოზე ზრუნვას, აუხდენელ იმედებს, ბინიდან გაგდების სირცხვილს, სახლის პატრონის თავხედობას, სიღატაკესა და აყროლებულ სიკვდილს საავადმყოფოში.
ამ სიმაღლეზე ეს მაინცაა, რომ სიკვდილი არა ყარს: აქ გაყინვა ან დაწვა გელის. აქ მზისგან, ცისგან, ყინულისგან ან ცეცხლისგან გელის სიკვდილი. იქ კი, ქვევით, ნელ-ნელა უნდა შეერიო თიხას.

XV
— კურსი სამხრეთისკენ, კაპიტანო. უმჯობესია ფრანგულ ზონაზე შევამციროთ სიმაღლე!
შავ გზებს რომ დავყურებ, რომელთა გარჩევა უკვე შემიძლია, ვხვდები, რა არის მშვიდობა. მშვიდობა ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული წესრიგია. საღამოს სოფლის ბინადარნი შინ ბრუნდებიან. ხორბალს ბეღელში ყრიან და გაუთოებულ და საგულდაგულოდ დაკეცილ თეთრეულს კარადებში ალაგებენ. მშვიდობის დღეებში იცი, სად დევს ესა თუ ის ნივთი. იცი, სად იპოვო მეგობარი. იცი, სად დაიძინო ღამით. მაგრამ მშვიდობა კვდება, როდესაც ჩარხზე ქსელი იხლართება, როდესაც ადგილს ვეღარ პოულობ ქვეყნად, როდესაც აღარ იცი, სად არიან შენი ახლობლები, როდესაც ქმარი, რომელიც ზღვაზე გავიდა სათევზაოდ, აღარ ბრუნდება.
მშვიდობის დღეებში, როდესაც ყველა თავის ადგილზეა, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახე აქვს. და იცი, რომ ეს საგნები რაღაც უფრო დიდის ნაწილს წარმოადგენენ, ვიდრე თვითონ არიან. ისევე როგორც ნიადაგის მარილები, რომლებიც ხის წვენში ერწყმიან ერთმანეთს.
მაგრამ დაიწყო ომი.

და აი მე იმ გზების გასწვრივ მივფრინავ, რომლებზედაც უსაზღვრო შავი ლავა მიედინება. ამბობენ, მოსახლეობის ევაკუაციას ეწევიანო. მაგრამ ეს არ არის მართალი. მოსახლეობა თვითონ მიდის. ეს ამბავი გადამდებ სიგიჟეს ჰგავს. იმიტომ, რომ გაუგებარია, სად მიდიან ლტოლვილები. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, თითქოს იქ ბინა და გაშლილი სუფრა ელოდეთ, თითქოს იქ სტუმართმოყვარეობით დაუხვდებიან. მაგრამ სამხრეთში არ არის არაფერი, გარდა უკიდურესად გავსებული ქალაქებისა, სადაც ადამიანებს ფარდულებში სძინავთ და სადაც სანოვაგე უკვე ილევა. სადაც ყველაზე უფრო გულუხვი ადამიანებიც კი მტრულად გხვდებიან ამ შემოსევის უაზრობის გამო, რომელიც ნელ-ნელა, ტალახის ნიაღვარივით ნთქავს მათ. მთელ საფრანგეთს ხომ ვერ შეიფარებს და გამოკვებავს ერთი პროვინცია!
სად მიდიან? თვითონაც არ იციან. ისინი რომელიღაც მოჩვენებითი თავშესაფრებისკენ მიიწევენ, იმიტომ რომ, როგორც კი ქარავანი ოაზისს მიუახლოვდება, ოაზისი უკვე აღარ არსებობს. ყოველი ოაზისი, თავის მხრივ, იფანტება და ქარავანს უერთდება. ხოლო თუ ქარავანი ნამდვილ სოფელში შედის, რომელიც ჯერ კიდევ წააგავს ცოცხალს, იგი პირველივე საღამოს გამოსწოვს მას მთელ სასიცოცხლო წვენს. იგი გამოხრავს მას, როგორც ჭიები — ძვალს.
მტერი კი ლტოლვილებზე სწრაფად მოძრაობს. ზოგან გერმანელების ტანკები ევაკუირებულთა ნაკადის პარალელურად მოძრაობენ. და მაშინ ეს ნაკადი იყინება და ჩერდება. ზოგან კი ამ ფაფაში გერმანელთა დივიზიები იფლობიან და ზოგჯერ პარადოქსული მოვლენა შეგიძლიათ დაინახოთ — ჯარისკაცები, რომლებიც სხვა ადგილას კლავდნენ, აქ წყალს ასმევენ ადამიანებს.
უკან დახევისას ჩვენ ათ სხვადასხვა სოფელში მოგვიხდა დაბანაკება. და იმ ბრბოს შუაგულშიც მოვქცეულვართ, რომელიც სოფელზე გავლით ნელა მიიკვლევდა გზას.
— სად მიდიხართ?
— ღმერთმა იცის, სად...
მათ, საერთოდ, არაფერი იცოდნენ. არავინ არაფერი იცოდა. ისინი მხოლოდ მიდიოდნენ. თავშესაფარი არ იყო. გზები გაჭედილი იყო ხალხით. მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ სვლას. სადღაც, ჩრდილოეთში, ვეება ჩექმამ ჭიანჭველების ბუდე გასრისა. და ჭინჭველებიც მოღოღავდნენ დანგრეული ბუდიდან, როგორც შრომისმოყვარე ჭიანჭველებს შეეფერებათ. მოთმინებით. უპანიკოდ. უიმედოდ. სასოწარკვეთილების გარეშე. თითქოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
— ვინ გიბრძანათ ევაკუაცია?
ბრძანებას ყოველთვის მერი იძლეოდა, ან მისი თანაშემწე, ანდა მასწავლებელი. ერთ მშვენიერ დილას, სამ საათზე, ბრძანება ერთბაშად წამოაფრთხობდა სოფელს:
— ევაკუაცია იწყება.
და ისინიც მზად იყვნენ ამისთვის. უკვე ორი კვირა იყო, რაც მათ თვალწინ ლტოლვილთა ნაკადი მოძრაობდა  და მათაც უკვე აღარ ჰქონდათ იმედი, რომ დიდხანს დარჩებოდნენ თავიანთ სახლებში. მაგრამ ადამიანმა უკვე დიდი ხანია თავი ანება მომთაბარეობას. მან სოფლები გააშენა, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. იგი აკეთებდა ავეჯს, რომლითაც შვილიშვილთა შვილებიც სარგებლობდნენ. იგი თავის მამა-პაპათა სახლში იბადებოდა, რომელიც მისი თავშესაფარი იყო სიკვდილამდე, მერე კი ამ სახლს, როგორც საიმედო კიდობანს, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდა მისი შვილიც. მაგრამ აი ბინადარ ცხოვრებას ბოლო მოეღო და ისინიც ისე ტოვებდნენ სახლ-კარს, რომ არც კი იცოდნენ, რისთვის ტოვებდნენ!

XVI
მძიმეა განსაცდელი, რომელიც ადამიანს თავს ატყდება გზაში! ზოგჯერ დავალებას ვიღებთ — ერთ დილას დავზვეროთ ჰაერიდან ელზასი, ბელგია, ჰოლანდია, ჩრდილოეთ საფრანგეთი და ზღვა. მაგრამ ჩვენი დავალებების მეტი წილი მიწასთან არის დაკავშირებული და ჩვენი დაზვერვა რომელიმე გზაჯვარედინზე წარმოქმნილი საცობით შემოიფარგლება. და აი ამ სამიოდე დღის წინ მე და დიუტერტრი იმის მოწმენი გავხდით, როგორ ინგრეოდა სოფელი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით.
მე ვერასოდეს გავთავისუფლდები ამ მოგონებისგან. დაახლოებით დილის ექვს საათზე მე და დიუტერტრი სახლიდან გამოსვლისას წარმოუდგენელმა ქაოსმა გაგვაოცა. ყველა გარაჟი, ყველა ანგარი, ყველა ფარდული ათასნაირ ეკიპაჟს ისროდა ვიწრო ქუჩებში — ახალ მანქანებსა და ძველისძველ ოთხთვალებს, რომლებიც ნახევარი საუკუნე მაინც თვლემდნენ უვარგისი ძველმანების გროვაში, თივის ურმებსა და სატვირთო მანქანებს, ომნიბუსებსა და ორთვალებს. კარგად თუ მოძებნიდა, დილიჟანსებსაც კი იპოვიდა კაცი ამ ბაზარში! ბორბლებზე მდგარი ყოველი ყუთი ქუჩაში გამოეტანათ. სახლებიდან ოჯახის ძვირფასეულობას ეზიდებოდნენ. სახელდახელოდ კრავდნენ ძველ ზეწრებში და ოთხთვალებისკენ მიათრევდნენ. და ეს განძეული მთელ თავის ფასს კარგავდა.
წინათ ეს ნივთები სახლის სახეს ქმნიდა. ეს საგნები ოჯახის კულტის საგნები იყო. და ყოველ საგანს თავისი ადგილი ჰქონდა, რომელიც ჩვეულებებით იყო განმტკიცებული და მოგონებებით იყო აღსავსე. და ყოველი მათგანის ფასი იმ როლით განისაზღვრებოდა, რაც მან ოჯახის წმიდათაწმიდა კერის შექმნაში შეასრულა. მაგრამ ახლა ადამიანებმა მას ის ფასი დასდეს, რაც არაფრით არ იყო შეპირობებული, ფასი, რომელიც მის მიერ ოჯახის ცხოვრებაში შესრულებული როლით არ განისაზღვრებოდა. მათ გლეჯდნენ მათი ადგილიდან, ბუხარი იყო ეს, მაგიდა თუ კედელი, და ერთად აგროვებდნენ. და ისინიც ბაზარზე გამოტანილ ძველმანების გროვად იქცნენ, ამ ძველმანებად ქცეული რელიკვიების დანახვაზე გული აგერეოდა!
ნგრევა ჩვენ თვალწინ ხდება.
— ხომ არ გაგიჟებულხართ! რას შვრებით?
იმ ყავახანის დიასახლისი, სადაც ჩვეულებისამებრ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, მხრებს იჩეჩავს:
— ევაკუაციაა!
— ღმერთო ჩემო! რატომ?
— კაცმა არ იცის. მერმა ასე ბრძანა.
მას არ სცალია სალაპარაკოდ. იგი კიბეებზე არბის. მე და დიუტერტრი ქუჩას გავყურებთ. სატვირთო მანქანებზე, ავტომობილებზე, ორთვალებსა და შარაბანებზე ერთმანეთზე დაუყრიათ ბავშვები, ლეიბები და სამზარეულოს მოწყობილობა.
განსაკუთრებით საცოდავი სანახავია ძველი ავტომანქანები. ორთვალაში შებმული წვივმაგარი ცხენი საიმედოა. ცხენს არ სჭირდება სათადარიგო ნაწილები, ოთხთვალას შესაკეთებლად კი სამი ლურსმანიც კმარა. მაგრამ ყველაფერი ეს მექანიკური ტრანსპორტის ეპოქის ნაშთია! ეს დგუშები, სარქველები და მაგნეტოები კი რამდენ ხანს გაძლებს?..
— ხომ არ დამეხმარებით, კაპიტანო?..
— სიამოვნებით. რას მიბრძანებთ?
— ფარდულიდან გამოიყვანეთ ჩემი მანქანა...
მე გაოგნებული შევყურებ მას:
— განა თქვენ... მანქანის ტარება არ იცით?
— არაფერია... გზაზე შევძლებ როგორმე... იქ არც ისე ძნელია...
და ამ ქალს რძალი და შვიდი ბავშვი ახლავს.
გზაზე იქნებ შეძლოს როგორმე! გზაზე იგი მხოლოდ ოც კილომეტრს გაივლის დღეში, ორასმეტრიანი მონაკვეთებით! ყოველი ორასი მეტრის შემდეგ იძულებული იქნება მანქანა დაამუხრუჭოს და გააჩეროს, ჩართოს და გადართოს სიჩქარე. და ყველაფერი ეს ჩახერგილი გზის ორომტრიალში. იგი სულ დაამტვრევს ამ მანქანას! ახლა საწვავი, რომელსაც ვერსად იშოვის! ანდა ზეთი! და წყალიც კი, რომლის ჩასხმა დაავიწყდება.
— წყალი არ დაგავიწყდეთ. თქვენი რადიატორიდან ისე ჟონავს, როგორც კალათიდან.
— რას იზამ, ძველი მანქანაა...
— ერთ კვირაზე მეტი დრო დაგჭირდებათ გზაში... როგორ გაუძლებთ?
— თვითონაც არ ვიცი...
პირველივე კილომეტრებზე იგი სამჯერ მაინც დაეჯახება სხვა მანქანას, დააზიანებს სიჩქარის კოლოფს და შეანგრევს ბალონებს. და მაშინ მის რძალთან და შვიდ ბავშვთან ერთად ატირდება. მაშინ იგი, მისი რძალი და შვიდი ბავშვი, დაუძლეველი დაბრკოლების წინაშე მდგარნი, უარს იტყვიან ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაზე, გზის პირას ჩამოსხდებიან და მწყემსის გამოჩენას დაელოდებიან. მაგრამ მწყემსი არსადაა...
საოცარია, მაგრამ მწყემსები მართლაც არ ჩანან! მე და დიუტერტრმა ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ იქცეოდნენ უმწყემსოდ დარჩენილი ცხვრები. ისინი განაგრძობდნენ გზას მექანიკური ტრანსპორტის აუწერელ ხმაურში. სამი ათასი დგუში. ექვსი ათასი სარქველი. და ყველაფერი ეს რახრახებს, წივის, ჟღრიალებს. რადიატორებში წყალი დუღს. ასე განაგრძობს გზას შესრულებული მოვალეობის შეგნებით გამსჭვალული ეს განწირული ქარავანი. ქარავანი, რომელსაც სათადარიგო ნაწილები და საწვავი არა აქვს და მექანიკოსები არა ჰყავს. ნამდვილი სიგიჟეა!
— ნუთუ არ შეიძლება შინ დარჩეთ?
— ო, როგორ გვინდა შინ დარჩენა!
— რატომღა მიდიხართ?
— ასე გვითხრეს...
— ვინ გითხრათ?
— მერმა გვითხრა...
ისევ მერი.
— რაღა თქმა უნდა, სიხარულით დავრჩებოდით.
ყველაფერი ცხადია. ვერავითარ პანიკას ვერ ვხედავთ. აქ მხოლოდ ბრმა მორჩილების ატმოსფერო მეფობს. მე და დიუტერტრი ზოგიერთების გონს მოყვანას ვცდილობთ.
— ჯობს გადმოალაგოთ ყველაფერი და თქვენს სახლს დაუბრუნდეთ. საკუთარი ჭიდან მაინც დალევთ წყალს...
— თქმა არ უნდა, კარგი იქნებოდა...
— მაშ რატომ არ რჩებით, ვინ გაიძულებთ!
ჩვენმა სიტყვამ გაჭრა. ჩვენ ირგვლივ ხალხი მოგროვდა. გვისმენდნენ და თავს გვიქნევდნენ თანხმობის ნიშნად.
— კაპიტანი მართალს ამბობს!..
ვიღაცეები მხარს მიჭერენ. რომელიღაც გზის მუშამ კი თავგამოდებით დასძინა:
— მეც ყოველთვის ამას ვამბობდი! გზაში ალბათ ასფალტს დავუწყებთ ღრღნას.
ისინი თათბირობენ და ერთხმად წყვეტენ, რომ დარჩნენ. რამდენიმე კაცი წავიდ-წამოვიდა, რომ დანარჩენები დაიყოლიონ. მაგრამ დაღვრემილნი დაბრუნდნენ უკან:
— არაფერი გამოდის. გინდა თუ არ გინდა — უნდა წახვიდე.
— რატომ?
— მეპურე წავიდა. ვინ გამოგვიცხობს პურს?
სოფელი უკვე დაიშალა. სოფელი გაიბზარა. და ახლა ყველგან ჟონავს. ახლა ყველაფერი ამ ნაპრალებში გავა, რაც კი იყო შიგ. იმედი აღარ არის.
დიუტერტრს თავისი მოსაზრება აქვს:
— უბედურება ის არის, რომ ადამიანებმა ომი არანორმალურ მდგომარეობად მიიჩნიეს. ძველად ისინი შინ ისხდნენ. ომი და ცხოვრება ერთმანეთზე იყო გადახლართული.
ისევ გამოჩნდა ყავახანის დიასახლისი. იგი ტომარას მოათრევს.
— ჩვენ ორმოცდახუთ წუთში უნდა გავფრინდეთ... თითო ფინჯანი ყავა ხომ არ მოგეძებნებათ ჩვენთვის?
— საცოდავი ბიჭები...
იგი თვალებს იმშრალებს. მაგრამ ჩვენ არ დაგვტირის. და არც თავის თავს. იგი დაღლილობისგან ტირის. იგი უკვე ჩაითრია ქარავნის ორომტრიალმა, რომელიც უფრო და უფრო იმატებს ყოველი კილომეტრის შემდეგ.
გზაზე, ღია ცის ქვეშ, ამ საბრალო ფარას ტყვიების თქეში ელის მცირე სიმაღლეზე მფრინავი მტრის გამანადგურებლებისაგან. თუმცა, როგორ უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, გამანადგურებლები არც ისე ხშირად უშენენ ტყვიებს ლტოლვილებს. რამდენიმე მანქანას გადაბუგავენ და შეჩერდებიან. რამდენიმე კაცს მოკლავენ და შეწყვეტენ სროლას. ეს თავისებური სამსახურია — თითქოს გვაფრთხილებენ. ასე კბენს ხოლმე ძაღლი ფეხებში ცხვრებს, რომ მთელი ფარა ააჩქაროს. აქ კი ასე იმიტომ იქცევა მტერი, რომ უფრო მეტი ორომტრიალი გამოიწვიოს. მაშ რა საჭიროა ეს ადგილობრივი და არარეგულარული სროლა თვითმფრინავებიდან, რასაც თითქმის არავითარი შედეგი არა აქვს. მტრისთვის ძალიან იოლია გაფანტოს და მოსპოს ქარავანი. თუმცა ქარავანი თავისთავადაც იშლება, როგორც მანქანა, რომელიც მშვიდობიანი და მყუდრო ცხოვრებისთვის იყო შექმნილი, ისეთი ცხოვრებისთვის, როცა არავინ არსად მიიჩქარის. ახლა კი აღარავის სცალია ამ მანქანის შესაკეთებლად, მოსაწესრიგებლად და გასაწმენდად. იგი თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვდება. ამ საღამოს ამ ეკიპაჟებს უკვე ათასი წლის იერი ექნებათ.
ასე მგონია, თითქოს სულთმობრძავ მანქანებს შევყურებ.
აი ვიღაც მეფური სიდიადით ურტყამს მათრახს ცხენს. იგი სახეგაბრწყინებული ზის უნაგირზე, როგორც სამეფო ტახტზე. ეტყობა, ცოტა გადაუკრავს.
— ჰეი, თქვენ, რა გიხარიათ?
— მეორედ მოსვლაა!
მე ბუნდოვანი შეშფოთება მეუფლება იმის გამო, რომ ეს მშრომელი ადამიანები, მთელი ეს უბრალო ხალხი, რომელსაც ასეთი მკაცრად განსაზღვრული ადათ-ჩვევები და ამდენი დიდებული თვისება ჰქონდა, პარაზიტ მწერებად, კალიებად იქცევა დღესვე.
ისინი მინდვრებში მიმოიფანტებიან და გადახრავენ მინდვრებს.
— ვინ უნდა გარჩინოთ?
— კაცმა არ იცის...
როგორ გინდა, რომ სანოვაგე მიაწოდო მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც ჩახერგილ გზებზე გაჭედილან, გზებზე, რომლებზედაც დღეში მხოლოდ ხუთიდან ოცამდე კილომეტრს თუ გაივლი. მაგრამ, კიდევაც რომ გქონდეს სანოვაგე, სულ ერთია, მაინც ვერ მიაწვდენ!
ადამიანებისა და მანქანების ეს ზედახორა ლიბიის უდაბნოს მაგონებს, შავი, მზეზე მოლაპლაპე  ქვებით რომ იყო მოფენილი, რომლებიც ჯავშანივით ბოჭავდნენ მიწას...
სასოწარკვეთილება მიპყრობს ჩემ თვალწინ გადაშლილი სურათის შემყურეს: დიდხანს გაძლებს ასფალტზე დაფენილი კალიების გუნდი?
— წყლის დასალევად წვიმის ლოდინი დაგჭირდებათ!
— ვინ იცის...
ათი დღის განმავლობაში მათ სოფელზე განუწყვეტლივ მოედინებოდა ჩრდილოეთიდან ლტოლვილების ნიაღვარი. ათი დღის განმავლობაში შეჰყურებდნენ ისინი ამ უწყვეტ სვლას. ახლა კი მათი ჯერი დადგა. და ისინიც კუდში მოექცნენ პროცესიას სრულიად უიმედოდ.
— როგორ მინდოდა ჩემს სახლში მოვმკვდარიყავი!
— ვის არ უნდა საკუთარ ჭერქვეშ სიკვდილი!
ეს ასეა. მაგრამ სოფელი მაინც იშლება, როგორც სილისგან ნაგები სახლი, თუმცა არავის სურდა ადგილიდან დაძრულიყო.

კიდევაც რომ ჰყოლოდა საფრანგეთს სარეზერვო არმია, ეს არმია ადგილიდან ვერ დაიძვროდა, რადგან გზები გაჭედილია. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს მიჯახებული დამტვრეული მანქანებისა და ჩახერგილი გზების მიუხედავად, ნიაღვრის დინების მიმართულებით კიდევ შეიძლება დიდი გაჭირვებით მოძრაობა, მაგრამ როგორ გინდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაო?
— რეზერვები არ არის, — მეუბნება დიუტერტრი, — და, მაშასადამე, სადარდელიც არაფერია.
ხმა დაირხა, მთავრობამ სოფლების ევაკუაცია აკრძალაო. თუმცა ბრძანებები, ღმერთმა იცის, როგორ ვრცელდება, რადგან გზებზე მოძრაობა შეუძლებელია. რაც შეეხება სატელეფონო ქსელს, იგი ან გადატვირთულია, ან გადაჭრილი, და ვერ ენდობი. და ესეც რომ არ იყოს, საქმე ბრძანებები არაა. საქმე ისაა, რომ ხელახლა შექმნა მორალი. ათასეული წლების მანძილზე უნერგავენ ადამიანებს იმ აზრს, რომ ქალებსა და ბავშვებს ომი არ უნდა შეეხოთ, რომ ომი მამაკაცების საქმეა. ეს კანონი კარგად იციან მერებმა, მათმა თანაშემწეებმა და მასწავლებლებმა. მაგრამ აი — უეცრად მათ ბრძანება მიიღეს ევაკუაცია აკრძალონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები და ბავშვები ბომბების ქვეშ დატოვო. მაგრამ ერთი თვე მაინცაა საჭირო, რომ ადამიანის შეგნება ახალ წესებს შეაჩვიო. არ შეიძლება ერთი დაკვრით გადააყირავო აზროვნების მთელი სისტემა. მტერი კი წინ მოიწევს. და აი — მერიც, მისი თანაშემწეც და მასწავლებელიც დიდ გზაზე მიერეკებიან თავიანთ ხალხს. სხვა რაღა დარჩენიათ? სად არის ჭეშმარიტება? და ცხვრებიც მილასლასებენ უმწყემსებოდ.

— აქ სადმე ექიმი ხომ არ არის?
— თქვენ აქაურები არა ხართ?
— არა. ჩვენ შორიდან ვართ, ჩრდილოეთიდან.
— რად გინდათ ექიმი?
— ჩემი ცოლი ბავშვსა შობს ოთხთვალაში...
სამზარეულოს ჭურჭლისა და რკინის ნამსხვრევების ქაოსში, როგორც ეკლებზე.
— რატომ ადრევე არ იფიქრეთ ამაზე?
— უკვე ოთხი დღეა გზაში ვართ.
გზა კი ის ნიაღვარია, რომელიც ყველაფერს იმორჩილებს. სად უნდა შეჩერდე? სოფლები, რომლებიც ნიაღვარმა ერთმანეთის მიყოლებით წალეკა, თავისთავად ცარიელდება, თითქოს რიგრიგობით სკდება და საერთო მღვრიე მორევს უერთდება.
— არა, ექიმი არ არის. პოლკის ექიმი აქედან ოც კილომეტრზეა.
— რა გაეწყობა.
და იგი ოფლს იწმენდს სახეზე. ყველაფერი ინგრევა. მისი ცოლი შუა ქუჩაში შობს ბავშვს, სამზარეულოს ჭურჭლებზე... და მთელ ამ ამბავში ოდნავი სისასტიკეც კი არ იგრძნობა. ყველაფერი ეს იმდენად საზარელია, რომ ადამიანურობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება. არავინ ჩივის, რადგან ჩივილს არავითარი აზრი არა აქვს. მისი ცოლი კვდება, მაგრამ იგი არ ჩივის. ვერაფერს გახდები. ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს.
— სადმე გაჩერება რომ მაინც შეიძლებოდეს...
ნამდვილი სოფლის, ნამდვილი სასტუმროს, ნამდვილი საავადმყოფოს შოვნა რომ შეიძლებოდეს სადმე... მაგრამ საავადმყოფოებიც ევაკუირებულია და ღმერთმა იცის — რატომ! ასეთია თამაშის წესი. ახალი წესების მოგონების დრო კი აღარ არის. ნამდვილი სიკვდილის პოვნა მაინც შეიძლებოდეს! მაგრამ აღარც ნამდვილი სიკვდილია სადმე. არის მხოლოდ ადამიანთა სხეულები, რომლებიც მანქანის ნაწილებივით იშლებიან.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ აუცილებელ საქმეებს, რომლებსაც ყოველგვარი აზრი დაუკარგავთ და უკვე აღარ არის აუცილებელი. ადამიანები დღეში ხუთი კილომეტრის სიჩქარით მილასლასებენ, რომ გაექცნენ ტანკებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ას კილომეტრზე მეტს გადიან, და თვითმფრინავებს, რომლებიც ექვსას კილომეტრს გადიან ამავე დროში. ასე იღვრება ხოლმე სიროფი წაქცეული ბოთლიდან. ცოლი ბავშვსა შობს, ქმარი კი არ ჩქარობს — მას იმდენი დრო აქვს, რომ არც კი იცის, რაში მოიხმაროს. ამ საქმის დაყოვნება არ შეიძლება. მაგრამ იგი უკვე აღარ არის დაუყოვნებლივი საქმე. ყველაფერი მერყევ წონასწორობას მოუცავს, რომელიც წუთსა და მარადისობას შორის მოქცეულა.
ყოველი მოქმედება შენელებულია, როგორც მომაკვდავის რეფლექსები. ადამიანები ვეება ფარად ქცეულან, რომელიც თავჩაქინდრული მიაბიჯებს სასაკლაოს გზაზე. რამდენია ასფალტზე გადმოსროლილთა რიცხვი — ხუთი მილიონი თუ ათი მილიონი? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძლივსღა ინაცვლებენ ფეხს მარადისობის პირას მისულნი, დაღლილნი და თავჩაქინდრულნი.
და, მართალი რომ გითხრათ, ვერ მივმხვდარვარ, როგორ უნდა შეინარჩუნონ სიცოცხლე. ადამიანს არ შეუძლია ხის ტოტებით იკვებოს. ამას თვითონაც გრძნობენ, მაგრამ ეს არ აძრწუნებთ მათ. თავიანთი ბუდიდან ამოგდებულთ და ჩვეულ საქმიანობას მოწყვეტილთ ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგავთ. მათი პიროვნება წაშლილა. ისინი თითქმის აღარ არსებობენ. შემდეგ ისინი მოიგონებენ რაიმე ამაღლებულ ტანჯვას, მაგრამ ახლა ყველაზე უფრო ის ტანჯავთ, რომ წელი გაშეშებიათ, რომ გადატვირთულ საბარგულს მიათრევენ, რომ სახელდახელოდ შეკრული ფუთების კვანძები გახსნილა ან ფუთები გახეულა და ყველაფერი გარეთ გადმოცვენილა, ხოლო მანქანას ხშირ-ხშირად სჭირდება ზურგიდან მიწოლა, რომ ადგილიდან დაძრა.
დამარცხებაზე არავინ ლაპარაკობს. ისედაც ცხადია. საჭირო არ არის იმაზე ლაპარაკი, რითაც მთლიანად ხართ მოცული, რაც თქვენს არსს შეადგენს. ისინი თვითონ `არიან~ დამარცხება.
და უეცრად მთელი საშინელებით მესახება თვალწინ მუცელგამოფატრული და ნაწლავებგადმოყრილი საფრანგეთი. გაკერვაა საჭირო. ერთი წამით დაყოვნებაც არ შეიძლება, თორემ ყველანი დაიღუპებიან...
აი უკვე დაიწყო. უკვე ღაფავენ სულს, როგორც ნაპირზე ამოგდებული თევზები.
— იქნებ რძე აქვს ვინმეს? სად შეიძლება რძის შოვნა?
სიცილით მოკვდება კაცი ასეთი შეკითხვის გაგონებაზე!
— ჩემს ბავშვს გუშინდლიდან აქეთ არაფერი უჭამია...
ლაპარაკია ექვსი თვის ბავშვზე, რომელიც ჯერჯერობით ხმამაღლა წივის, მაგრამ დიდხანს ვერ იწივლებს: თევზები უწყლოდ არიან... აქ რძე არ არის. აქ მხოლოდ რკინის ნამტვრევებია. აქ მხოლოდ უსარგებლო ძველმანების გროვაა, რომელიც ყოველ კილომეტრზე მატულობს, ჭანჭიკებს, ქანჩებსა და თუნუქის ნაკუწებს ყრის ირგვლივ და თან მიათრევს მთელ ამ ხალხს, რომელიც ასეთი გასაოცარი განწირულებით მიიწევს არარაობისკენ.
ხმა დაირხა, რომ სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრზე, თვითმფრინავები ტყვიებს უშენენ გზას. ყუმბარებზედაც ლაპარაკობენ. ჩვენ მართლაც გვესმის აფეთქებების ყრუ გრუხუნი. როგორც ჩანს, მართალს ამბობენ.
მაგრამ ბრბოს ეს არ აშინებს. ასე მეჩვენება, თითქოს იგი ოდნავ გამოცოცხლდა კიდეც. ეს რეალური საფრთხე, როგორც ჩანს, ნაკლებ საშინელია, ვიდრე რკინის ნამტვრევების მიერ ადამიანის შთანთქმის საფრთხე.

რა სქემებს არ გამოიგონებენ შემდეგ ისტორიკოსები! რას არ გამოიგონებენ, რომ ოდნავი აზრი მაინც მიანიჭონ ამ ორომტრიალს! ისინი დაებღაუჭებიან რომელიღაც მინისტრის სიტყვას, რომელიღაც გენერლის გადაწყვეტილებას, რომელიღაც კომისიის სხდომას და ისტორიულ სიტყვებს შექმნიან ლანდების ამ ვიტრინიდან — ვიღაცას პასუხისმგებლობას დააკისრებენ, ხოლო ვიღაცას წინასწარმეტყველების უნარს მიანიჭებენ. ისინი მოიგონებენ — ვინ იყო მომხრე და ვინ —წინააღმდეგი, ვინ წარმოთქვა კეთილშობილური მონოლოგები კორნელის სტილით და ვინ იყო მოღალატე. მე კი კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ევაკუირებული სამინისტრო. მე შემთხვევით მქონდა საქმე ერთ-ერთ ასეთ სამინისტროში. და ხელადვე მივხვდი, რომ მთავრობა, რომელიც თავის რეზიდენციას ტოვებს, აღარ არის მთავრობა. ისევე, როგორც სხეული, თუ თქვენ ნაწილ-ნაწილ შეუდგებით მის გადატანას: თუ ერთ ადგილას კუჭს გადაიტანთ, მეორეგან — ღვიძლს და კიდევ სადღაც — ნაწლავებს, — ეს ორგანოები უკვე აღარ იქნება ორგანიზმის ნაწილები. მე ოცი წუთი გავატარე ავიაციის სამინისტროში და დავრწმუნდი, რომ მინისტრს ნამდვილად შეუძლია თავისი მდივნის გამოყენება. და თანაც ყოვლად საოცარი საშუალებით — ელექტრონის ზარით, ვიდრე ამ ზარის მავთული მთელია. მინისტრი ღილაკზე აჭერს თითს და მდივანიც ხელადვე ცხადდება.
და ეს დიდი მიღწევაა.
— მანქანა, — ბრძანებს მინისტრი.
მაგრამ მისი ძალაუფლება ამით ამოიწურება. მას შეუძლია აიძულოს თავისი მდივანი მცირეოდენი მანძილი გაირბინოს. ოღონდ მდივანმა უკვე აღარ იცის, არსებობს თუ არა ქვეყნად სადმე მინისტრის მანქანა. რადგან არავითარი ელექტრომავთული არ აკავშირებს ერთმანეთთან მდივანსა და მანქანის მძღოლს. მძღოლი სადღაც სამყაროს გაუვალ წიაღში მიკარგულა. რა შეუძლიათ იცოდნენ ომზე მათ, ვისაც მთავრობა ჰქვია? მათ კი არა, ახლა ჩვენც კი ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ ბომბდამშენების ესკადრილია გაგვეგზავნა ჩვენ მიერ აღმოჩენილი ჯავშანსატანკო დივიზიის გასანადგურებლად, იმდენად დარღვეულია კავშირები. და რა ცნობების მიღება შეუძლია მთავრობას იმ ქვეყნის შესახებ, რომელსაც ნაწლავები გარეთა აქვს გადმოყრილი? ცნობები დღეში ოცი კილომეტრის სისწრაფით ვრცელდება. ტელეფონები გადატვირთულია ან გაფუჭებული და გარკვევით არაფრის თქმა შეუძლია იმ არსებაზე, რომელიც ამ წუთას იღუპება. მთავრობა უჰაერო სივრცეშია გამოკიდული. დროდადრო მის ყურამდე სასოწარკვეთილი გოდება აღწევს, რომელიც შველას ევედრება, მაგრამ ეს გოდება, რომელიც სამი სტრიქონითაა გამოხატული, აბსტრაქტულად ჟღერს. როგორ უნდა შეიტყონ ადამიანებმა, რომლებსაც ხალხის სიცოცხლე აქვთ მინდობილი, რომ ათი მილიონი ფრანგი უკვე მოკვდა შიმშილით. იმისთვის, რომ ათი მილიონი ადამიანის ეს გოდება გამოხატო, საკმარისია რამდენიმე სიტყვა და მხოლოდ ერთი ფრაზა:
— ოთხ საათზე X-თან გამოცხადდით.
ანდა:
— ამბობენ, ათი მილიონი ადამიანი დაიღუპაო.
ანდა:
— ბლუა იწვის.
ანდა:
— თქვენი შოფერი იპოვეს.
და ყველაფერი ეს ერთი და იმავე ტონით და ერთმანეთის მიყოლებით. ათი მილიონი ადამიანი. მანქანა. აღმოსავლეთის არმია. დასავლეთის ცივილიზაცია. შოფერი იპოვეს. ინგლისი. პური. რომელი საათია?
მე თქვენ შვიდ ასოს გთავაზობთ. ეს შვიდი ასო ბიბლიიდანაა აღებული. სცადეთ და აღადგინეთ ბიბლია ამ შვიდი ასოს შემწეობით!
ისტორიკოსები დაივიწყებენ იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი გამოიგონებენ მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც სასწაულებრივი საიდუმლო ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი მთელ სამყაროსთან, ნათლად ხედავდნენ მთელ სურათს და კარტეზიული ლოგიკის ოთხი კანონის მიხედვით ჰქონდათ აწონილ-დაწონილი დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ისტორიკოსები შეძლებენ კეთილი ძალები ბოროტი ძალებისგან გაარჩიონ და გმირები მოღალატეებისგან განაცალკეონ. მე კი ერთ შეკითხვას მივცემდი მათ:
— ღალატი რომ შეძლო, რაღაც პასუხისმგებლობა უნდა იკისრო, რაღაც უნდა ითავო, რაღაცაზე უნდა მოახდინო გავლენა, რაღაც უნდა იცოდე. ამ საყოველთაო ნგრევის დღეებში კი, ეს რომ შეძლო, გენიოსი უნდა იყო. მაშ რატომ არ აჯილდოებენ მოღალატეებს ორდენებით?

მაგრამ ნელ-ნელა ყველგან ვლინდება მშვიდობის ნიშნები. ოღონდ ეს არ არის მკვეთრად გამოხატული მშვიდობა, რომლითაც ომი მთავრდება და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელშეკრულებით დამტკიცებული ახალი ისტორიული ეტაპის სახით გვევლინება. ესაა რაღაც გაურკვეველი პერიოდი, ყველაფრის აღსასრული, აღსასრული, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ეს ის ჭაობია, რომელშიაც ნელ-ნელა იხშობა ყოველგვარი შემართება. არავითარი დასასრულის მოახლოება არ იგრძნობა — არც კარგის და არც ცუდის. პირიქით, ჩვენ ნელ-ნელა გვეუფლება გარდამავალი ხანის ლპობა, რომელიც მარადისობას წააგავს. და ვერაფერი დასრულდება, იმიტომ რომ არ არსებობს ის კვანძი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდო და ამოზიდო ქვეყანა, როგორც დასახრჩობად განწირული ქალი ამოჰყავთ ხოლმე თმით წყლიდან. ყველაფერი დაიშალა. და, როგორც არ უნდა დაძაბო ძალ-ღონე, ხელში მხოლოდ ერთი ბღუჯა თმაღა შეგრჩება. ეს მშვიდობა ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არ არის. იგი კეთრივით ედება ქვეყანას.
იქ, ჩემ ქვევით, იმ გზებზე, სადაც ლტოლვილთა ქარავნები მილასლასებენ, სადაც გერმანელი ტანკისტები ხან ხოცავენ მათ და ხან წყალს ასმევენ, ჭაობია და ხმელეთსა და წყალს შორის საზღვარი არა ჩანს. მშვიდობა, რომელიც უკვე შეერია ომს, ხრწნის ამ ომს.
ჩემი მეგობარი, ლეონ ვერტი, საოცარი სურათის მოწმე გახდა, რომლის აღწერასაც დიდ წიგნში აპირებს. გზის მარცხენა მხარეზე გერმანელები არიან, მარჯვნივ — ფრანგები. მათ შორის კი დინების ნელი მორევი ტრიალებს — ათასობით ქალი და ბავშვი, რომლებიც ცეცხლმოდებული მანქანებიდან მობობღავენ. და აი — არტილერიის ლეიტენანტი, რომელიც საგზაო საცობში გაიხირა, ცდილობს საბრძოლველად გაამზადოს სამოცდათხუთმეტმილიმეტრიანი ქვემეხი, რომელსაც მოწინააღმდეგე ცეცხლს უშენს. რადგან მოწინააღმდეგე მიზანში ვერ ურტყამს და მხოლოდ გზას ცელავს, ხოლო ოფლად გაღვრილი და თავისი სამხედრო მოვალეობით დაჰიპნოზებული ლეიტენანტი მაინც ცდილობს გადაარჩინოს პოზიცია, რომელსაც ოც წუთსაც კი ვერ შეინარჩუნებს (რადგან არტილერისტები მხოლოდ თორმეტნი არიან), ლტოლვილი დედები უყვირიან ლეიტენანტს:
— ჩამოგვეცალეთ! წაეთრიეთ აქედან!
და ლეიტენანტიც მიდის თავის ხელქვეითებთან ერთად. ასე ყოველ ფეხის გადადგმაზე ეჯახებიან ისინი მშვიდობის მოთხოვნებს. ხომ ვერ გაჟლეტ ბავშვებს გზებზე! ყოველი ჯარისკაცი, რომელიც სროლას დააპირებს, ბავშვს მოახვედრებს ზურგში. ყოველი სატვირთო მანქანა, რომელიც აქ გავლას ცდილობს, დაღუპვას უქადის ხალხს, რადგან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გავლისას იგი გაუვალ საცობს უქმნის მთელ გზას.
— ხომ არ შეიშალეთ! გაგვატარეთ! ბავშვები გვეღუპება!
— რას იზამ... ომია...
— რომელი ომი? სად ხედავთ ომს? სამ დღეში ამ მიმართულებით ექვს კილომეტრზე მეტს ვერ გაივლით!
აი რამდენიმე ჯარისკაცი, რომლებიც რომელიღაც შესაკრები პუნქტისაკენ მიდიოდნენ თავიანთი სატვირთო მანქანით და გზა დაეკარგათ. შესაკრები პუნქტი, რაღა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე საათია აღარ არსებობს. მაგრამ ისინი თავიანთი უმარტივესი მოვალეობის შესრულების აუცილებლობის შეგნებით არიან გამსჭვალულნი:
— ჩვენ ომში ვართ...
— ... უკეთესი იქნება ჩვენ წაგვიყვანოთ! ეს გულქვაობაა!
რომელიღაც ბავშვი ტირის.
— ამას რაღა მოუვიდა...
ის უკვე აღარ ტირის: აღარ არის რძე. აღარ ისმის ტირილი.
— რას იზამ... ომია...
და ისინი სასოწარკვეთილი ადამიანის ჩლუნგი სიჯიუტით იმეორებენ ამ სიტყვებს.
— სად ხედავთ მაგ თქვენს ომს? ჩვენთან ერთად ამოგძვრებათ აქ სული!
— ჩვენ ვომობთ...
მათ თვითონაც არ გაეგებათ, რას ამბობენ. თვითონაც არ არიან კარგად დარწმუნებულნი, რომ ომობენ. მათ თვალითაც არ უნახავთ მოწინააღმდეგე. ისინი თავიანთი სატვირთო მანქანით რომელიღაც მიზნისკენ მიექანებიან, რომელიც უდაბნოს მირაჟზე უფრო მოჩვენებითია. და ყველგან მხოლოდ  აყროლებული ნაგვის სამყაროს აწყდებიან.
და რადგან ამ ქაოსს ვერ გააღწიეს, მანქანიდან გადმოდიან. მათ გარს ეხვევიან.
— წყალი ხომ არა გაქვთ?
ისინი არიგებენ წყალს.
— პური?
პურსაც არიგებენ.
— ამ ქალს აქ დატოვებთ სასიკვდილოდ?
დამტვრეულ მანქანაში ვიღაც ქალს სული ეხუთება.
იგი გამოჰყავთ და სატვირთო მანქანაზე სვამენ.
— ამ ბავშვს?
ბავშვიც მაღლა აჰყავთ.
— ამ მშობიარეს?
მასაც სატვირთო მანქანაზე სვამენ.
მერე კიდევ ერთი ქალი აჰყავთ. იმიტომ, რომ ტირის.
ერთი საათის ვაი-ვაგლახის შემდეგ, როგორც იქნა, გაუკაფეს მანქანას გზა. იგი სამხრეთისაკენ მიაბრუნეს. და ომის ეს გზადაბნეული ნამტვრევიც, რომელიც ლტოლვილთა ნიაღვარში მოექცა, ამიერიდან მათი გზით ივლის. ჯარისკაცები მშვიდობას ეზიარნენ, რადგან ომს ვერსად მიაგნეს.
იმიტომ, რომ ომის მუსკულატურა არა ჩანს. იმიტომ, რომ თქვენი დარტყმა ბავშვს ხვდება. იმიტომ, რომ სამხედრო შესაკრებ პუნქტში მშობიარე ქალებს ეჩეხებით. იმიტომ, რომ ცნობების გადაცემის ან ბრძანების მიღების იმედი ისეთივე უაზრობაა, როგორც სირიუსთან დავა. აღარ არის არმია. არიან მხოლოდ ჯარისკაცები.
და ისინი მშვიდობას ეზიარნენ. მოვლენების ძალით ისინი მექანიკოსებად, ექიმებად, მწყემსებად და სანიტრებად იქცნენ. ისინი ცდილობენ მანქანები შეუკეთონ ამ პატარა ადამიანებს, რომლებსაც თვითონ არ ძალუძთ თავიანთი დანჯღრეული მანქანების შეკეთება. და ამ ჯარისკაცებმა, რომლებიც თავიანთი სინდისის კარნახით მუშაობენ და არა შიშის გამო, თვითონაც არ იციან, ვინ არიან — გმირები თუ დეზერტირები, რომლებიც სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს. მათ არ გაუკვირდებათ, ორდენებით რომ დააჯილდოონ, არ გაუკვირდებათ, კედელთან რომ დააყენონ და თორმეტ-თორმეტი ტყვია დაახალონ შუბლში. და არც ის გაუკვირდებათ, რომ დემობილიზაცია გამოუცხადონ. მათ აღარაფერი გააკვირვებთ. მათ უკვე დიდი ხანია გადააბიჯეს გაოცების საზღვრებს.
ყველაფერი ერთმანეთშია არეული. არავითარ ბრძანებას, არავითარ მოძრაობას, არავითარ ახალ ამბავს, არავითარ ტალღას, არაფერს ძალუძს სამ კილომეტრზე შორს გავრცელდეს. და, ისევე, როგორც სოფლები ერთვიან ერთმანეთის მიყოლებით საერთო მორევს, სამხედრო მანქანებიც ერთმანეთის მიყოლებით გადადიან მშვიდობის სამსახურში. ადამიანები, რომლებიც უყოყმანოდ შეხვდებოდნენ სიკვდილს, ეს ამოცანა რომ წამოჭრილიყო მათ წინაშე, ახლა იმას აკეთებენ, რასაც ცხოვრება აჩრით ხელში: ძველისძველი ორთვალას შეკეთებას ცდილობენ, რომელშიაც სამ მონაზონს თორმეტი ბავშვი ჩაუსვამს, რომ სიკვდილს გადაარჩინონ. და, ღმერთმა იცის, რომელი წმინდა ადგილებისკენ, რომელი ზღაპრული ქვეყნისკენ მიეშურებიან.

და, ისევე როგორც ალიასი, რომელიც ჯიბეში ინახავდა თავის რევოლვერს, მე არ გავკიცხავ ამ დეზერტირებს. სად არის ის სული, რომელიც მათ აღაფრთოვანებდა? სად არის ის ტალღა, რომელიც მათ აიტაცებდა? სად არის ის აზრი, რომელიც მათ გააერთიანებდა? მათ არაფერი იციან, რა ხდება ქვეყნად, გარდა იმ ხმებისა, რომლებიც ყოველთვის დაუჯერებლია და სადღაც გზაზე, სამი-ოთხი კილომეტრის მოშორებით იბადება უაზრო ვარაუდის სახით, ხოლო სამკილომეტრიან ბრბოში გაჟონვის შემდეგ უტყუარი ფაქტების სახეს იძენს. შეერთებული შტატები ომში ჩაება. პაპმა თავი მოიკლა. რუსების თვითმფრინავებმა ბერლინი გადაბუგეს. სამი დღის წინ დაზავებას მოაწერეს ხელი. ჰიტლერი ინგლისში გაიქცა.
არსად ჩანს მწყემსი ქალებისა და ბავშვებისათვის. არა ჩანს იგი არც მამაკაცებისთვის. გენერლის განკარგულებაშია მაცნე, მინისტრის განკარგულებაში კი — მდივანი. და თავიანთი მჭევრმეტყველებით მათ იქნებ შეუძლიათ კიდეც აღაფრთოვანონ ისინი. ალიასის განკარგულებაში კი მფრინავი ეკიპაჟებია. და მას შეუძლია თავის გასაწირად გაგზავნოს ისინი. სამხედრო მანქანაზე მჯდარი სერჟანტი თორმეტ მებრძოლს მეთაურობს, რომლებიც მისი ხელქვეითები არიან. მაგრამ მას არ ძალუძს ვინმეს დაუკავშირდეს. რომელიმე გენიოსიც რომ მოგვევლინოს უეცრად, რომელიც თვალის დახამხამებაში გაართმევდა ყველაფერს თავს და ხსნის გეგმას დასახავდა — ამ გენიოსის განკარგულებაში იქნებოდა მხოლოდ ელექტროზარის ოცმეტრიანი მავთული, სამანევრო ძალის სახით კი — მდივანი, თუ იგი თავის ადგილზე აღმოჩნდებოდა მავთულის მეორე ბოლოში.
და როდესაც შემთხვევის ანაბარა მიტოვებული ჯარისკაცები — რომლებიც რომელიღაც დამსხვრეული სამხედრო ერთეულის ნაწილებს წარმოადგენენ — თითო-თითოდ მილასლასებენ გზაზე, ამ ადამიანებს, ომის ამ უმუშევრებს, ვერავითარ სიმძიმილს შენიშნავთ, რასაც დამარცხებულ პატრიოტს შენიშნავდით. ისინი ბუნდოვნად ოცნებობენ მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა მათ ესახებათ, როგორც ამ არნახული ორომტრიალის დასასრული და საკუთარ პიროვნებასთან დაბრუნება, როგორი უბრალოც არ უნდა იყოს ეს პიროვნება. ყოფილი მეწაღე ოცნებობს ისევ აკერებდეს ფეხსაცმელს ძირებს, რადგან, ლურსმანს რომ აჭედებდა, იგი სამყაროს შექმნაში მონაწილეობდა.
და თუ ახლა თვითონაც არ იციან, სად მილასლასებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ორომტრიალის გამო, რომელიც ადამიანებს ფანტავს, და არა სიკვდილის შიშით. მათ არაფრის ეშინიათ: ისინი დაცარიელებულნი არიან.

XVII
არსებობს ერთი ურყევი კანონი: შეუძლებელია თვალის დახამხამებაში აქციო დამარცხებული გამარჯვებულად. როდესაც არმიაზე ამბობენ — ჯერ უკან იხევდა, მერე კი შეტევაზე გადავიდაო — ეს მხოლოდ სიტყვებია, იმიტომ, რომ უკანდახეული ჯარის ნაწილები და ის ჯარი, რომელიც ბრძოლაში ებმება, ერთი და იგივე არ არის. არმია, რომელიც უკან იხევს, უკვე აღარ არის არმია. და იმიტომ კი არა, რომ მისი ჯარისკაცები ღირსნი არ არიან გამარჯვებისა, არამედ იმიტომ, რომ უკანდახევა ყოველგვარ კავშირს არღვევს — მატერიალურსაც და სულიერსაც. ჯარს, რომელმაც უკან დაიხია, ახალი რეზერვებით ავსებენ, რომლებსაც ჯანსაღი ორგანიზმის თვისებები აქვს. სწორედ ისინი უღობავენ გზას მტერს. უკან გაქცეულებს კი კრებენ და ამ უფორმო ცომისგან ისევ ძერწავენ არმიას. ხოლო, თუ რეზერვები არ არის, მაშინ პირველივე უკანდახევა ისეთ შედეგს გამოიღებს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია!
მხოლოდ გამარჯვება აერთიანებს, დამარცხება კი თიშავს ადამიანებს. იგი თვით ადამიანის სულშიაც გაორებას იწვევს. ბრძოლის ველიდან გაქცეულები სწორედ იმიტომ არ დასტირიან დაღუპვის პირას მისულ საფრანგეთს, რომ დამარცხებულნი არიან. იმიტომ არ დასტირიან, რომ საფრანგეთი არა მარტო მათ გარეთ, არამედ თვით მათში განადგურდა. საფრანგეთის დატირება კი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ უკვე გამარჯვებული ხარ.

თითქმის ყველას წინაშე — იმათ წინაშეც, ვინც ჯერ კიდევ განაგრძობს წინააღმდეგობას, და იმათ წინაშეც, ვინც უკვე აიღო ხელი წინააღმდეგობაზე — ძირს დანარცხებული საფრანგეთის სახე მოგვიანებით წარმოდგება, როდესაც სიჩუმე დაისადგურებს. დღეს კი ყველა უკანასკნელ ძალ-ღონეს ძაბავს, რომ რომელიმე უბრალო დეტალი შეაკეთოს, რომელიც მოშლილა ან საცაა უნდა მოიშალოს — ავარიაში მოხვედრილი სატვირთო მანქანა იქნება ეს თუ გაჭედილი გზა, გახირული ბერკეტი თუ უაზრო დავალება. სწორედ დავალების უაზრობაა დამარცხების სიმბოლო. იმიტომ, რომ უაზრო ხდება ყოველგვარი საქციელი, რომელსაც ნგრევას უპირისპირებენ. იმიტომ, რომ დაბნეულობა ყველას და ყველაფერს მოედო. აღარავინ ნაღვლობს საყოველთაო კატასტროფას. თითოეული მხოლოდ იმას დასტირის, რაზედაც თვითონ უნდა აგოს პასუხი, რაც მის ხელშია და ინგრევა. დაქცევის პირას მისული საფრანგეთი ნამსხვრევების ზღვაში ინთქმება და ცალკეული ნამსხვრევი უკვე აღარაფრად ღირს — არც ეს დავალება, არც ეს სატვირთო მანქანა, არც ეს გზა და არც ეს ყოვლად უვარგისი ბერკეტი.
ნგრევა, რაღა თქმა უნდა, სავალალო სანახაობაა. სულმდაბალი ადამიანები ამ დროს თავიანთ მდაბალ სულს ააშაკარავებენ. მძარცველები მძარცველებად გვევლინებიან. საზოგადოების საფუძვლები ირყევა. ჯარი უკიდურესი ზიზღისა და დაღლილობისაგან იხრწნება და უაზრო ბრბოდ იქცევა. და ყოველივე ეს კატასტროფის გამოვლინებაა, როგორც სვირინგები — შავი ჭირისა. მაგრამ თუ სატვირთო მანქანამ იმ ქალის სხეულზე გადაიარა, რომელიც თქვენ გიყვართ, ნუთუ თქვენ გაკიცხავთ მას სიმახინჯისთვის?
დანაშაული, რომელსაც დამარცხება თავის მსხვერპლთ მიაწერს — აი რა არის მისი უდიდესი უსამართლობა. მაგრამ როგორ უნდა დაინახო დამარცხების დროს თავგანწირვა, მოვალეობის მტკიცე ერთგულება, ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლი და უძილობა, როცა თვითონ ღმერთმა, რომელიც ბრძოლის ბედს წყვეტს, არ ისურვა ანგარიში გაეწია ყოველივე ამისთვის! ან სიყვარული როგორ უნდა დაინახო?.. განა ძალუძს დამარცხებას მისი აღმოჩენა? დამარცხებას სააშკარაოზე გამოჰყავს სარდლების უძლურება, ჯარების დაბნეულობა, ბრბოს ინერტულობა. ბევრმა მართლაც აარიდა თავი მოვალეობის შესრულებას. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც ასეთ ფაქტებს? საკმარისი იყო ხმა დარხეულიყო, რუსები შეტევაზე გადავიდნენ ან ამერიკელები ომში ჩაებნენო, რომ ადამიანები გარდაქმნილიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ, საერთო იმედით აღფრთოვანებულნი. ასეთი ხმა ყოველთვის წმენდდა ატმოსფეროს, როგორც მონაბერი ზღვაური. ნუ განსჯით საფრანგეთს მისი დამარცხების შედეგების მიხედვით. 
საფრანგეთი უნდა განსაჯოთ იმის მიხედვით, თუ როგორ უყოყმანოდ გაიღო მან მსხვერპლი. საფრანგეთი ლოგიკის ყველა კანონის წინააღმდეგ ჩაება ომში. ლოგიკა ამბობდა: `გერმანელები ოთხმოცი მილიონი არიან! ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წელიწადში გავაჩინოთ ქვეყნად ორმოცი მილიონი ფრანგი, რომლებიც გვაკლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხორბლის ყანები ქვანახშირის საბადოებად ვაქციოთ. ჩვენ არ შეგვიძლია შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ. მაშ რატომღა უნდა მოვიკლათ თავი იმის გამო, რომ ვერ გადავარჩენთ დანცინგს, რომელსაც გერმანელები ეპოტინებიან და რომლის გადარჩენა შეუძლებელია? სირცხვილის თავიდან ასაცილებლად? განა სირცხვილია, რომ ჩვენი მიწა უფრო მეტ პურს შობს, ვიდრე მანქანებს, ანდა ის, რომ ჩვენ ორჯერ ნაკლები ვართ მათზე? რატომ უნდა შევრცხვეთ ჩვენ და არა მთელი მსოფლიო?~ ლოგიკურად მოაზროვნენი მართალნი იყვნენ. ომი ჩვენთვის კატასტროფას მოასწავებდა. უნდა აეცდინა თუ არა საფრანგეთს ომი, რომ კატასტროფისგან დაეღწია თავი? არა მგონია. და საფრანგეთმაც ასე განსაჯა ინტუიციით, რაკი ამის მაგვარმა გაფრთხილებებმა ვერ ააცდინა იგი ომს. სულმა სძლია გონებას საფრანგეთში.
ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს. და დაღუპვას, როგორი საზარელიც უნდა იყოს იგი, შეუძლია თვითონ გაკაფოს ერთადერთი გზა აღორძინებისკენ. იმისთვის, რომ ხე დაიბადოს, თესლი უნდა დალპეს. წინააღმდეგობის პირველი აქტი, თუ მან ძალიან დაიგვიანა, ყოველთვის დასაღუპავადაა განწირული. მაგრამ იგი წინააღმდეგობის ძალებს ბადებს და მისგან შეიძლება წინააღმდეგობა ამოიზარდოს, როგორც თესლისგან — ხე.
საფრანგეთმა შეასრულა თავისი როლი: იგი თანახმა გახდა გაესრისათ — რაკი მთელმა ქვეყანამ მსაჯულის ადგილის დაკავება ამჯობინა — და რამდენიმე ხნით მდუმარებაში დანთქმულიყო. როცა შეტევაზე გადასვლაა ნაბრძანები, ვიღაც აუცილებლად უნდა მიუძღოდეს შეტევაზე გადასულთ. და მოწინავენი თითქმის ყოველთვის იღუპებიან. მაგრამ იმისთვის, რომ შეტევა განხორციელდეს, პირველი რიგები უნდა დაიღუპოს.
ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამ როლით, იმიტომ, რომ ყოველგვარი ილუზიის გარეშე დავთანხმდით, ერთი ჯარისკაცი გამოგვეყვანა სამის წინააღმდეგ და ჩვენი გლეხები — მათი მუშების წინააღმდეგ! მე არ მინდა, რომ დამარცხების მახინჯი შედეგების მიხედვით იმსჯელონ ჩვენზე! ნუთუ შეიძლება წყლულებისა და ჭრილობებისთვის გაასამართლო ის, ვინც თანახმაა ცოცხლად დაიწვას აფრენილ თვითმფრინავში? მას ხომ სახიჩრობა ელის.

XVIII
მაგრამ ეს ომი ისე წარიმართა, რომ, მიუხედავად მისი სულიერი მნიშვნელობისა, რისთვისაც ეს ომი ჩვენს შინაგან აუცილებლობად მივიჩნიეთ, უცნაურ ომად გვეჩვენა. მე არასოდეს მრცხვენოდა ამ სიტყვებისა. ომის გამოცხადებაც ვერ მოვასწარით და უკვე ლოდინი დაგვჭირდა, როდის მოიღებდნენ მოწყალებას და გაგვანადგურებდნენ, რადგან შეტევის არავითარი საშუალება არ გვქონდა.
და გაგვანადგურეს.
ტანკების წინააღმდეგ ხელთ მხოლოდ ხორბლის ძნები გვეჭირა. და ხორბლის ძნები ამ საქმისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ახლა განადგურება დამთავრებულია. აღარც არმიაა, აღარც რეზერვები, აღარც კავშირები და აღარც მატერიალური ნაწილები.
მაგრამ მე მაინც მთელი მონდომებით განვაგრძობ ფრენას. საათში რვაასი კილომეტრის სიჩქარით ვეშვები გერმანელთა პოზიციებისკენ წუთში სამი ათას ხუთას ოცდაათი ბრუნვით. რატომ? როგორ თუ რატომ! იმიტომ, რომ თავზარი დავცე მათ! იმიტომ, რომ გერმანელები ჩვენი მიწიდან წაეთრიონ! რაკი ცნობები, რომლებსაც ჩვენ შევაგროვებთ, უსარგებლოა, ჩვენს დავალებას სხვა არავითარი მიზანი შეიძლება ჰქონდეს.
უცნაური ომია!
თუმცა მე ვაზვიადებ. მე საგრძნობლად დავეშვი. მართვა და აირის ბერკეტები გალღვა. სიმაღლე და სიჩქარე ნორმალურია. და მე მხოლოდ ხუთას ოცდაათი კილომეტრის სიჩქარით ვიჭრები გერმანელთა პოზიციებში ორი ათას ხუთასი ბრუნვით წუთში. და გული მწყდება, რომ ახლა მათ ისე აღარ შეეშინდებათ.
ჩვენ გაგვკიცხავენ იმისთვის, რომ ამ ომს `უცნაური ომი~ ვუწოდეთ!
მაგრამ ხომ ჩვენ თვითონ ვუწოდეთ მას ეს სახელი! მაშასადამე, იგი მართლაც უცნაურად გვეჩვენა! ჩვენ კი უფლება გვაქვს ისე ვიხუმროთ მასზე, როგორც მოგვესურვება, იმიტომ, რომ მთელ მსხვერპლს ჩვენ ვკისრულობთ. მე უფლება მაქვს ვიხუმრო საკუთარ სიკვდილზე, თუ მე ეს გამართობს. და დიუტერტრსაც აქვს ამის უფლება. მე უფლება მაქვს, პარადოქსებით გავერთო. და, მართლაც, რატომ იწვის სოფლები? რატომ მილასლასებს გზებზე სახლ-კარს მოკლებული ხალხი? და რატომ შევიჭერით უყოყმანოდ ამ მექანიზებულ სასაკლაოში?..
მე ყველაფრის ნება მაქვს. იმიტომ, რომ ამწუთას მშვენივრად ვიცი, რასაც ვაკეთებ. მე ჩემი ნებით ვეგებები სიკვდილს. მე რისკს კი არ ვწევ, ომს კი არ ვიღებ, მე სიკვდილს ვიღებ. ჩემ წინაშე, ჩემ თვალწინ დიდ ჭეშმარიტებას მოეფინა შუქი. ომი რისკი არ არის. ეს არ არის ბრძოლის მიღება. ზოგჯერ ომი მხოლოდ სიკვდილის მიღებაა.

ამ დღეებში, როდესაც უცხოური პრესა ჩვენი მსხვერპლის სიმცირეზე ლაპარაკობდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი ჩვენი ეკიპაჟების შემყურე, რომლებიც მიფრინავდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ: `რისთვის ვწირავთ სიცოცხლეს? ვინ გადაგვიხდის სამაგიეროს?~
იმიტომ, რომ ჩვენ ვკვდებით. იმიტომ, რომ ორ კვირაში უკვე ას ორმოცდაათი ათასი ფრანგი დაიღუპა. თუმცა მათი სიკვდილი იქნებ არც კი წარმოადგენდეს ჩვენი უჩვეულო წინააღმდეგობის ილუსტრაციას. მე სრულებითაც არ ვასხამ ქებათა ქებას ამ წინააღმდეგობას. ეს შეუძლებელია. მაგრამ ხომ არსებობს ქვეითი ჯარის მთელი რაზმები, რომლებიც სიკვდილს არ ერიდებიან, რომ დასაღუპავად განწირული ფერმა დაიცვან, და მფრინავების მთელი ჯგუფები კოცონში გადასროლილი ცვილივით დნებიან.
რატომაა, რომ ჩვენი ავიაჯგუფი 2/33 ჯერ კიდევ თანახმაა მოკვდეს? მსოფლიოს პატივისცემა რომ დაიმსახუროს? მაგრამ პატივისცემა მსაჯულებსაც გულისხმობს. და რომელი ჩვენგანი მისცემს ვინმეს ნებას, რომ ჩვენ გაგვასამართლოს? ჩვენ იმ საქმისთვის ვიბრძვით, რომელსაც საყოველთაო საქმედ ვთვლით. ბანქოს ქაღალდზეა დასმული არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლება. და ჩვენ არბიტრის როლი მეტისმეტად იოლი გვეჩვენება. ჩვენ თვითონ ვასამართლებთ არბიტრებს. ჩემი ავიაჯგუფის ყველა წევრი ასამართლებს არბიტრებს. მაშ აღარავინ გაბედოს და აღარ გვითხრას, რომ ყველას თვალი ჩვენკენაა მოპყრობილი! არც ჩვენ გვითხრას ეს; ჩვენ, ვინც უყოყმანოდ ვთანხმდებით ისეთი დავალების შესასრულებლად გავფრინდეთ, რომლის დროსაც სამიდან ერთი თვითმფრინავი ბრუნდება (თუ დავალება იოლია), არც სხვა ავიაჯგუფების მფრინავებს, და არც იმ მეგობარს, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევმა სახე დაუმახინჯა და სამუდამოდ წაართვა სიხარული — მოეწონოს ქალს, წაართვა ეს ბუნებრივი უფლება და სახიჩრობა დაუყენა უმწიკვლობის დარაჯად — სატუსაღოს კედლებსა და ციხე-სიმაგრეების მაღალ ზღუდეებზე უფრო საიმედო გუშაგად.
არავინ გაგვიბედოს იმის თქმა, რომ ჩვენ მაყურებლები გვყავს და რომ ისინი გვასამართლებენ. მაყურებლები ტორეადორებს სჭირდებათ, ჩვენ კი ტორეადორები არა ვართ. ოშედესთვის რომ ეთქვა ვინმეს: `შენ დაზვერვაზე უნდა წახვიდე, რადგან მაყურებლები შემოგცქერიანო~, ოშედე მიუგებდა: `აქ რაღაც შეცდომაა. ისინი კი არ შემომცქერიან, მე დავცქერი მათ~.
მაშ რისთვისღა ვიბრძვით? დემოკრატიისთვის? მაგრამ თუ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიხოცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დემოკრატიულ ქვეყნებს. თუ ასეა, მათაც იბრძოლონ ჩვენ მხარდამხარ! მაგრამ ყველაზე ძლიერმა მათ შორის, ერთადერთმა, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეეძლო, ზურგი გვაქცია გუშინ და დღესაც უარგვყვეს. რა გაეწყობა! ეს მისი უფლებაა. მაგრამ ამით იგი გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ საკუთარი ინტერესებისთვის ვიბრძვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველაფერი წაგებულია. მაშ რისთვისღა განვაგრძობთ სიკვდილს?
სასოწარკვეთილების გამო? მაგრამ ჩვენ არავითარ სასოწარკვეთილებას არა ვგრძნობთ! თქვენ წარმოდგენაც არ გქონიათ, რა არის კატასტროფა, თუ გგონიათ, რომ მას სასოწარკვეთილების წარმოშობა ძალუძს.

არსებობს უფრო მაღალი ჭეშმარიტება, ვიდრე გონების ყველა საბუთი. ჩვენ რაღაცითა ვართ გამსჭვალულნი და ეს რაღაც წარმართავს ჩვენს საქციელს. მე ვემორჩილები ამ რაღაცას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შემიცვნია იგი. ხეს ენა არა აქვს. ჩვენ ხის ტოტები ვართ. არსებობს აშკარა ჭეშმარიტებები, რომელთა სიტყვებით გამოთქმაც შეუძლებელია. იმიტომ კი არ მივდივარ სასიკვდილოდ, რომ თავდამსხმელებს გადავუღობო გზა — არ არსებობს ისეთი სიმაგრე, რომელსაც თავს შევაფარებდი იმათთან ერთად, ვინც მიყვარს, და გავუმკლავდებოდი მტერს. არც სახელის დასაცავად მივდივარ სასიკვდილოდ, იმიტომ, რომ სახელის საქმედ არა ვთვლი ამას. მე უარვყოფ მოსამართლეებს. და არც სასოწარკვეთილების გამო ვწირავ თავს. ამავე დროს მე ვიცი, რომ ოცდაათი წამიც არ გაივლის და დიუტერტრი, რომელიც ახლა რუკას დასცქერის, როგორც კი გამოთვლის, რომ არასი სადღაც იქ — ას სამოცდათხუთმეტ გრადუსზე მდებარეობს, მეტყვის: — კურსი ას სამოცდათხუთმეტი, კაპიტანო… 
და მეც ავიღებ ამ კურსს.

XIX
— ას სამოცდათორმეტი.
— არის. ას სამოცდათორმეტი.
ას სამოცდათორმეტზედაც თანახმა ვარ. ჩემი ეპიტაფია ასეთი იქნება: `ზუსტად იცავდა კურსს — ას სამოცდათორმეტს~, — რამდენ ხანს შეიძლება გაუძლო ამ მდგომარეობას? მე შვიდას ორმოცდაათი მეტრის სიმაღლეზე მიმყავს თვითმფრინავი მთლიანი ღრუბლების ჭერქვეშ. ოცდაათი მეტრითაც რომ ავიწიო მაღლა, დიუტერტრი ვეღარაფერს დაინახავს და ვერ გადაიღებს. ჩვენ იძულებულნი ვართ, პირდაპირ მტრის თვალწინ ვიფრინოთ და კარგ სასწავლო მიზანს წარმოვადგენდეთ გერმანელთა ქვემეხებისთვის. შვიდასი მეტრი აკრძალული სიმაღლეა. ამ სიმაღლეზე დაბლობის ყოველი წერტილიდან შეუძლიათ ამოგიღონ მიზანში. მთელი არმიის არტილერია შენ გიმიზნებს და ყოველი ყალიბის ქვემეხისთვის მისაწვდომი ხარ. უსასრულოდ დიდხანს ხარ გამოკიდული ქვემეხების სამიზნე არეში. და ისინიც, კი არ გიმიზნებენ, პირდაპირ კეტებით გცემენ, თითქოს ათასი კეტი აუღიათ, რომ ერთი კაკალი ჩამოაგდონო.
მე მშვენივრად გავიაზრე ყველაფერი: თუ რამე მოხდა, პარაშუტით გადახტომაზე ფიქრიც ზედმეტია. როცა დაცხრილული თვითმფრინავი თავდაყირა წავა, საავარიო სანათურის გაღების პროცესს მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თვითმფრინავის დავარდნას. სანათური რომ გააღო, შვიდჯერ უნდა გადაატრიალო სახელური, რომელიც მძიმედ მოძრაობს. გარდა ამისა, სრულ სიჩქარეზე სანათურის ფორმა იცვლება და აღარ სრიალებს სახსრებზე.
რას იზამ. ესეც ხომ უნდა განიცადო ცხოვრებაში! ცერემონიალი რთული არაა: უნდა მეჭიროს კურსი ას სამოცდათორმეტი. არ უნდა დავბერებულიყავი. სხვა არაფერი იყო საჭირო. ისეთი ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში! მაგრამ მართლა ბედნიერი ვიყავი? მე უკვე ვესტიბიულში მქონდა აღებული კურსი ას სამოცდათორმეტი. ჩემი ბიძების გამო.
ბავშვობა... ახლა იგი უღრუბლოდ მეხატება. და არა მარტო ბავშვობა. არამედ მთელი წარსული. მე ვხედავ, როგორ გარბის იგი და სივრცეში ინთქმება, როგორც მინდორი.
და მე მეჩვენება, რომ არ შევცვლილვარ. ის, რასაც ახლა ვგრძნობ, ყოველთვის ვიცოდი. სიხარულისა და მწუხარების საბაბი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ გრძნობები იგივე დარჩა. სწორედ ასე ვიყავი მაშინ ბედნიერი ან უბედური. ხან მსჯიდნენ და ხან მიტევებდნენ, ხან კარგად ვსწავლობდი, ხან — ცუდად...
ყველაზე უფრო ადრინდელი მოგონება? მე მყავდა ტიროლელი ძიძა, რომელსაც პაულა ერქვა. მაგრამ ამას მოგონებაც არ ეთქმის: ესაა მოგონების მოგონება. ხუთი წლის რომ ვიყავი და ის ამბავი შემემთხვა ვესტიბიულში, პაულა უკვე ლეგენდად იყო ქცეული. მაგრამ კიდევ დიდხანს, ახალი წლის წინ, დედა გვეუბნებოდა ხოლმე: `პაულას წერილი მოვიდაო!~ და ეს უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის, ბავშვებისთვის. მაინც რა გვახარებდა ასე? პაულა ხომ არც ერთს არ გვახსოვდა — იგი თავის ტიროლში წავიდა, დაუბრუნდა თავის პატარა ტიროლურ სახლს, რომელიც იმ ბარომეტრს ჰგავდა, თოვლში მიკარგული პატარა შალეს* (* შალე — პატარა ფიცრული სახლი ალპებში, რომელსაც, ჩვეულებრივ, `შვეიცარიულ სახლს~ უწოდებენ.) ფორმა რომ აქვს. და, როგორც ყოველ ასეთ ბარომეტრში, მზიან დღეებში პაულა კარის ზღურბლზე გამოჩნდებოდა ხოლმე.
— ლამაზია პაულა?
— მომხიბლავი.
— ტიროლში ხშირადაა კარგი ამინდი?
— ყოველთვის.
ტიროლში ყოველთვის კარგი ამინდი იყო. და პაულაც გამოდიოდა თავისი შალე-ბარომეტრიდან თოვლით დაფარულ პატარა მინდორზე. წერა რომ ვისწავლე, პაულასთვის მაწერინებდნენ წერილს. `ძვირფასო პაულა. — ვწერდი მე, — ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია წერილი მოგწეროთ...~ და ეს ლოცვას უფრო ჰგავდა, რადგან მე არ ვიცნობდი მას...
— ას სამოცდათოთხმეტი.
— გასაგებია. ას სამოცდათოთხმეტი.
ას სამოცდათოთხმეტზედაც თანახმა ვარ, ოღონდ ეპიტაფიის შეცვლა იქნება საჭირო. საოცარია, როგორ ერთბაშად წარმომიდგა თვალწინ მთელი ცხოვრება. მე ჩავალაგე ჩემი მოგონებები. ამიერიდან ეს მოგონებები აღარ იქნება საჭირო. არავისთვის და არასოდეს. მე გულში ვინახავ დიდი სიყვარულის მოგონებას. დედა გვეუბნებოდა: `პაულა მთხოვს — ყველანი დამიკოცნეო...~ და დედა ყველას გვკოცნიდა პაულას მაგიერ.
— პაულამ იცის, როგორ გავიზარდე?
— რაღა თქმა უნდა, იცის.
პაულამ ყველაფერი იცოდა.
— კაპიტანო, გვესვრიან.
პაულა, მესვრიან! მე ალტიმეტრს ვავლებ თვალს: ექვსას ორმოცდაათი მეტრი. ღრუბლები შვიდას მეტრზეა ჩამოწოლილი. რა გაეწყობა! ღრუბლების ქვეშ ქვეყნიერება არც ისეთი შავია, როგორიც მეგონა: იგი ლურჯია, მშვენიერი ლურჯი ფერისა. ახლა საღამოა და მთელ დაბლობს ლურჯი ფერი დაჰფენია. ალაგ-ალაგ წვიმს. ლურჯად ცრის...
— ას სამოცდარვა.
— გასაგებია. ას სამოცდარვა.
ას სამოცდარვაზედაც თანახმა ვარ. უნდა ითქვას, რომ მარადისობისკენ მიმავალი გზა საკმაოდ მიკიბულ-მოკიბულია... მაგრამ როგორი წყნარი მეჩვენება ეს გზა! მთელი ქვეყანა ხეხილის ბაღს წააგავს. ეს ქვეყანა ახლახან ნახაზივით მშრალი მეჩვენებოდა. და ყველაფერი არაადამიანური ჩანდა. ახლა კი ისე დაბლა მივფრინავ, რომ ქვეყნიერების სიახლოვეს ვგრძნობ. აქა-იქ პატარ-პატარა ჯგუფებად ან თითო-თითოდ კიაფობენ ხეები. ისინი ჩვენკენ მორბიან. და მწვანე მინდვრებიც მორბიან. წითელკრამიტიანი სახლებიც. ის ადამიანიც, კართან რომ დგას. და ირგვლივ მშვენიერი ლურჯი თავსხმაა. ასეთ ამინდში პაულას, რა თქმა უნდა, საჩქაროდ მივყავდით სახლში...
— ას სამოცდათხუთმეტი.
ჩემი ეპიტაფია უკვე კარგავს თავის კეთილშობილურ ლაკონიურობას: `ინარჩუნებდა კურსს — ას სამოცდათორმეტს, შემდეგ ას სამოცდათოთხმეტს, ას სამოცდარვას, ას სამოცდათხუთმეტს...~ ეს უკვე დაუდევრობაა. ეშმაკმა დალახვროს! მოტორი ახველებს! იგი  გაცივდა. კაპოტის სარქველების დახურვაა საჭირო. კეთილი. დროა სამარქაფო ბაკზე გადავიდე. მე ბერკეტს ვაბრუნებ. ხომ არაფერი დამავიწყდა? ვამოწმებ ზეთის წნევას. ყველაფერი რიგზეა.
— საქმე ცუდადაა, კაპიტანო...
გესმის, პაულა? ჩვენი საქმე ცუდადაა. ძალიან ცუდად. და ამავე დროს არ შემიძლია არ დავტკბე საღამოს სილურჯით. იგი ისეთი უჩვეულოა! ისეთი ღრმა! არ შემიძლია არ დავტკბე ამ ხეებით, ქლიავის ხეებს რომ ჰგვანან და ჩვენკენ მორბიან. მე შევესისხლხორცე პეიზაჟს. ვიტრინებს ბოლო მოეღო. მე ქურდი ვარ, რომელიც ღობეზე გადახტა. ვეება ნაბიჯებით მივიკვლევ გზას სველ იონჯაში და ქლიავს ვიპარავ. ეს ომი უცნაური ომია, პაულა. იგი ძალიან სევდიანი ომია და თანაც ისეთი ლურჯი! მე ცოტათი დავიბენი. ეს საოცარი მხარე აღმოვაჩინე ამ სიბერეში... ო, არა, არ მეშინია. უბრალოდ, სევდა შემომაწვა ოდნავ, ეს არის და ეს.
— ზენიტსაწინააღმდეგო მანევრი, კაპიტანო!
ო, ეს კი ახალი თამაშია, პაულა! მარჯვენა ფეხის დაჭერა, მარცხენა ფეხის დაჭერა. ჩვენ თავგზას ვუბნევთ მეზენიტეებს. პატარაობისას, რომ წავიქცეოდი, ნატკენი ადგილები მილურჯდებოდა და შენ, რაღა თქმა უნდა, არნიკის ნაყენში დასველებულ საფენს მადებდი დაჟეჟილ ადგილებზე. მალე მე ძალიან დამჭირდება შენი საფენები. მაგრამ იცი... დაისის ეს სილურჯე მაინც საოცრად მშვენიერია!
იქ, ჩემ წინ, სამი განწონილი ისარი შევნიშნე. სამი გრძელი ვერტიკალური და მოელვარე ღერო. ეს მგეზავი ტყვიების ან მცირეყალიბიანი ჭურვის კვალია. ეს კვალი ოქროსფერი იყო. მე დავინახე, როგორ გასერა საღამოს სილურჯე ამ სამსანთლიანი შანდლის თვალისმომჭრელმა ელვარებამ...
— კაპიტანო! მაგრად გვიშენენ მარცხნიდან! გადაუხვიეთ!
ფეხის დაჭერა.
— საქმე ცუდადაა...
შესაძლოა...
საქმე ცუდადაა. მაგრამ მე მოვლენების არსს ვწვდები. ჩემთანაა ჩემი მოგონება, მთელი დაგროვილი განძი, ყველა, ვინც მიყვარს. ჩემთანაა ჩემი ბავშვობა, როგორც ღამის სიბნელეში წასული ფესვი. მე ახლა მოგონებათა სევდით ვცხოვრობ... საქმე ცუდადაა. მაგრამ ისეთს არაფერს განვიცდი, რის განცდასაც მოველოდი ჩემკენ გამოქანებული ვარსკვლავების ბრჭყალებქვეშ.
მე ჩემს საყვარელ ქვეყანაში ვარ. საღამოვდება. მარცხნივ საავდრო ღრუბლები ფართო ზოლებად გაუსერავთ სხივებს, რომლებიც ტაძრის სწორკუთხოვან ვიტრაჟებს ქმნიან. მე თითქმის ხელით ვეხები ამ მშვენიერ საგნებს, — ისინი მხოლოდ ორიოდე ნაბიჯზე არიან ჩემგან. აი ქლიავით დახუნძლული ხეები, აი მიწა, რომელსაც მიწის სუნი ასდის. ახლა, ალბათ კარგი უნდა იყოს დაცვარულ მიწაზე გავლა. იცი, პაულა, მე ნელა, რწევით მივფრინავ, როგორც თივით დატვირთული ურემი. ადამიანს ჰგონია, რომ თვითმფრინავი სწრაფად დაფრინავს... ცხადია, თუ გახსოვს, რომ თვითმფრინავში ხარ! მაგრამ თუ მანქანას დაივიწყებ, თუ მიწას დაჰყურებ, ასე გგონია, თითქოს მინდვრებში მიაბიჯებ...
— არასი...
დიახ! წინ, ძალიან შორს. მაგრამ არასი ქალაქი არაა. არასი წითელი არილია ღამის ლურჯ ფონზე, ავდრის ფონზე, რადგან წინიდან საავდრო ღრუბელი გვიახლოვდება. ეს ბინდი მარტო საღამოს მოახლოებით არ ჩამოწოლილა. დიდძალმა ღრუბელმა უნდა მოიყაროს თავი, რომ ასეთი სიბნელე ჩამოწვეს...
არასის ალი ძლიერდება. ეს ხანძარი არაა. ხანძარი წყლულივით ფართოვდება ხოლმე, ჯანსაღი ქსოვილით გარშემორტყმული. ეს უწყვეტი ცეცხლი კი მხრჩოლავი ლამპის ალს წააგავს. ეს ალი მშვიდად ანთია. იგი დარწმუნებულია, რომ არ ჩაქრება, რომ საწვავი ეყოფა. ასე მეჩვენება, თითქოს მას მკვრივი სხეული აქვს და დროდადრო ხესავით არხევს ქარი. სწორედ ხესავით... ამ ხეს თავისი ფესვები შემოუხვევია არასისთვის. და ყველაფერი, რაც არასს ებადა, არასის მთელი მარაგი, არასის მთელი განძი მაღლა მიიწევს იმ ნიადაგის წვენად ქცეული, რომელიც ამ ხეს კვებავს.
მე ვხედავ, როგორ კარგავს დროდადრო წონასწორობას ეს მეტისმეტად მძიმე ალი, როგორ იზნიქება აქეთ-იქით და შავი კვამლის ბოლქვებს ანთხევს. მერე კი ისევ სწორდება წელში. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ თვითონ ქალაქს. მთელი ომი ამ შუქითაა განათებული. დიუტერტრი ამბობს, რომ საქმე ცუდადაა. იგი უფრო კარგად ხედავს წინ, ვიდრე მე. მე კი, პირიქით, გაოცებული ვარ იმ ლმობიერებით, რომლითაც ჩვენ გვხვდებიან: ეს შხამით გაჟღენთილი დაბლობი არც ისე ბევრ მოწამლულ ვარსკვლავს ისვრის.
მაგრამ...
იცი, პაულა, ჯადოსნურ ზღაპრებში რაინდს საშინელი განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ საიდუმლო, მოჯადოებულ ციხე-კოშკამდე მიეღწია. იგი ყინულებში მიიკვლევდა გზას, უფსკრულებზე გადადიოდა, ნიღაბს ხდიდა მოღალატეებს. და ბოლოს ცისფერი დაბლობის შუაგულში, რომელზედაც მის ცხენს თავისუფლად შეეძლო ჯირითი, მის თვალწინ ციხე-კოშკი წამოიმართებოდა. და იგი უკვე გამარჯვებულად თვლიდა თავს... აჰ, პაულა, ვინ იცის, რა არის ზღაპარი, ვერ მოატყუებ! სწორედ აქ იწყებოდა ყველაზე ძნელი განსაცდელი...
და აი საღამოს სილურჯეში მეც წინანდებურად მივისწრაფვი ჩემი ცეცხლოვანი ციხე-კოშკისკენ... შენ ძალიან ადრე წახვედი ჩვენგან, შენ არ იცნობ ჩვენს თამაშობებს, შენ არ გითამაშია ჩვენთან ერთად `რაინდი აკლენი~. ეს თამაში ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ, რადგან არ გვიყვარდა ჩვეულებრივი თამაშობანი. `რაინდ აკლენს~ იმ დღეებში ვთამაშობდით, როდესაც დიდი ავდარი ახლოვდებოდა, როდესაც პირველი გაელვებისთანავე ფოთლების უეცარი ათრთოლებით და სურნელებით, რომელიც მიდამოს ეფინებოდა, ვგრძნობდით, რომ ღრუბელი წუთი წუთზე გადმოიღვრებოდა კოკისპირულ წვიმად. ერთი წამით სქელი ფოთლები მოშრიალე მსუბუქ ქაფად იქცეოდა და ეს ნიშანი იყო... აღარაფერს შეეძლო ჩვენი შეჩერება!
ჩვენ თავ-პირის მტვრევით გამოვრბოდით პარკიდან სახლისკენ. დიდი წვიმის პირველი წვეთები, ჩვეულებრივ, მძიმედ და კანტიკუნტად ცვივა. და აი — პირველი, ვისაც ეს წვეთი მოხვდებოდა, დამარცხებულად ითვლებოდა და თამაშიდან გადიოდა. მერე მეორეს ეწეოდა ისეთივე ბედი. მერე მესამეს. და ბოლოს ყველას. მას, ვისაც ყველაზე ბოლოს ეწეოდა განსაცდელი, ღმერთების საყვარელ არსებად, უვნებელ რაინდად ვაცხადებდით! და მას უფლება ჰქონდა, მორიგ ავდრამდე `რაინდი აკლენის~ სახელი ეტარებინა...
და ეს თამაში დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ ყოველთვის ბავშვთა ჰეკატომბად იქცეოდა ხოლმე...
მე ახლაც `რაინდ აკლენს~ ვთამაშობ. მე გამალებით მივექანები ჩემი ციხე-კოშკისაკენ და სულშეხუთული, თანდათან ვანელებ სირბილს...
და უცებ მესმის:
— აჰ, კაპიტანო, ასეთი არაფერი გადამხდომია!
არც მე გადამხდომია ოდესმე ასეთი რამ. ამიერიდან უკვე აღარ ვარ უვნებელი.  არც კი ვიცოდი, რომ კიდევ მქონდა გადარჩენის იმედი...

XX
გადარჩენის იმედი მქონდა, მიუხედავად შვიდასი მეტრისა. გადარჩენის იმედი მქონდა, მიუხედავად სატანკო პარკისა და არასის ალისა. სასოწარკვეთამდე მქონდა გადარჩენის იმედი. მოგონებებით ბავშვობას ვუბრუნდებოდი, რომ მისი მფარველი ძალა მეგრძნო, რადგან კაცს არაფერი იფარავს. რომ დაკაცდებით, მარტოს გიშვებენ... მაგრამ ვინ გაბედავს რამე ავნოს პატარა ბიჭს, რომლის ხელიც მაგრად უჭირავს ყოვლისშემძლე პაულას? მე ვისარგებლე შენი აჩრდილით, პაულა, ფარად ავიფარე იგი...
მე ყველა ხერხი გამოვიყენე. როდესაც დიუტერტრმა მითხრა: `საქმე ცუდადააო~, თვით ეს საფრთხეც იმედად ვაქციე. ჩვენ ომში ვართ და ეს ომი რაღაცით მაინც ხომ უნდა გამოიხატოს? და აი იგი რამდენიმე კაშკაშა ისრის სახით გამოიხატა, თვალისმომჭრელად რომ გაიელვა ჩემ თვალწინ. 
`აი თურმე როგორი ყოფილა სახელგანთქმული სიკვდილის საფრთხე არასის თავზე. მეცინება...~
სიკვდილმისჯილმა უსიცოცხლო რობოტის სახით წარმოიდგინა თავისი ჯალათი. მის წინაშე კი კარგი ბიჭი წარდგა, რომელსაც ცხვირის დაცემინებაც შეუძლია და გაღიმებაც. სიკვდილმისჯილი ებღაუჭება ამ ღიმილს, როგორც იმ ძაფს, რომელმაც უნდა იხსნას... მაგრამ ეს მოჩვენებითი იმედია. ჯალათი ცხვირის დაცემინების შემდეგაც წაგაცლის თავს. მაგრამ როგორ უნდა თქვა იმედზე უარი?
როგორ არ მოვტყუვდებოდი, როდესაც ჩვენ ქვევით ყველაფერმა ასეთი მყუდრო, სოფლური იერი მიიღო, როდესაც ასე საამურად ლაპლაპებდნენ კრამიტის სველი სახურავები, როდესაც წუთები გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა და გეჩვენებოდა, რომ არც უნდა შეცვლილიყო. როდესაც ჩვენ — დიუტერტრი, მსროლელი და მე, მხოლოდ და მხოლოდ ვსეირნობდით მინდვრებში და ნელა ვბრუნდებოდით შინ, ისე რომ საყელოც კი არ აგვიწევია, რადგან კარგად არც კი გაწვიმებულა, გერმანელთა განლაგების სიღრმეში არაფერი იგრძნობოდა ისეთი, რომ მოყოლად ღირებულიყო, და არავითარი უტყუარი საბაბი არ გვქონდა გვეფიქრა, რომ ომი სახეს შეიცვლიდა. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ მტერი გაიფანტა, თითქოს უკიდეგანო სოფლურ პეიზაჟში დაინთქაო, და მხოლოდ თითო ჯარისკაცი შემორჩა თითო სახლში ანდა თითო ჯარისკაცი — თითო ხეზე, საიდანაც კანტიკუნტად გვესროდნენ, როცა ომი გაახსენდებოდათ. მათ ჭკუა-გონებაში ჩაუჭედეს ბრძანება: `თვითმფრინავებს უნდა ესროლო...~ მაგრამ ახლა მათ ბუნდოვნად აგონდებოდათ ეს ბრძანება, როგორც სიზმარში, და ჯარისკაციც სამ ტყვიას ისროდა, ისე რომ კარგად არც კი გაეგებოდა, რატომ ისროდა. ასე მინადირია ხოლმე ზოგჯერ საღამოობით სასურველ თანამგზავრ ქალთან სეირნობისას იხვებზე, რომლებზედაც სულ არ ვფიქრობდი. მე ვისროდი და თან სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობდი. და იხვებისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი იყო...
რა ადვილად ხედავ იმას, რისი დანახვაც გსურს: ის ჯარისკაცი მიმიზნებს, მაგრამ გულმოდგინედ არ მიმიზნებს და მისი ნასროლი არ ხვდება მიზანს, სხვები კი ისე მიშვებენ, რომ ერთხელაც არ მესვრიან. ისინი, ვისაც შეეძლო სარმა გამოეკრა ჩვენთვის, ამ წუთებში ალბათ ღამის სურნელებით ტკბებიან, სიგარას აბოლებენ, ანდა ანეკდოტებს უყვებიან ერთმანეთს და გვიშვებენ ჩვენ. იმ სოფელში დაბანაკებულნი კი ამ წუთებში იქნებ წვნიან კერძს უსხედან კოვზმომარჯვებულნი. მათ ესმით, როგორ ჩნდება და მერე ისევ წყდება რაღაც გუგუნი. მეგობრები არიან თუ მტრები? მათ არა აქვთ ამაზე დაფიქრების დრო, რადგან მთელი მათი ყურადღება პირამდე სავსე მათლაფისკენაა მიპყრობილი. ისინი გვიშვებენ ჩვენ. და აი მეც ვცდილობ უდარდელი იერით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სტვენით შევიპარო პარკში, სადაც მოსეირნეებს შესვლა ეკრძალებათ, მაგრამ სადაც ისინი მაინც იპარებიან, რადგან ერთი დარაჯი მეორის იმედადაა...
რა ადვილია ჩემი თვითმფრინავის ჩამოგდება! თვით ჩემი უმწეობა ამართლებს მათ საქციელს: `რატომ უნდა ვიჩქარო? სულ ერთია, მოშორებით ჩამოაგდებენ... წადი, წადი! იქაც მოგიღებენ ბოლოს...~ და ისინი სხვას ანდობენ ამ ჭუჭყიან საქმეს, რომ თავიანთი რიგი არ დაკარგონ წვნიან მათლაფასთან, რომ მხიარული ოხუნჯობა არ შეწყვიტონ ანდა, უბრალოდ, საღამოს სიგრილით რომ დატკბნენ. მე კი მათი დაუდევრობით ვსარგებლობ. მე იმ წუთზე ვამყარებ ჩემი გადარჩენის იმედს, როდესაც ისინი ყველანი დაიქანცებიან ომით, ყველანი, თითქოს საგანგებოდ — ან კი რატომ არ უნდა დაიქანცნენ? უნებურად იმის იმედიც კი მებადება, რომ ჯარისკაციდან ჯარისკაცამდე, ასეულიდან ასეულამდე, სოფლიდან სოფლამდე მე შეუმჩნევლად ვივლი და დავბრუნდები შინ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი თვითმფრინავი ხომ მხოლოდ კენტად მავალი თვითმფრინავია საღამოს ცაზე... თავის აწევაც კი არ ღირს მისკენ!

რაღა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი. მაგრამ, ამასთანავე, ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. თქვენ სიკვდილი გაქვთ მისჯილი, მაგრამ სატუსაღოში, სადაც თქვენა ხართ გამოკეტილი, ჯერ კიდევ სიჩუმე სუფევს. და თქვენ ებღაუჭებით ამ სიჩუმეს. ყოველი წამი წინა წამს ჰგავს. და არავითარი საბაბი არა გაქვთ იფიქროთ, რომ ეს წუთი, ახლა რომ დადგა, ქვეყნიერებას გადააყირავებს. ამის ძალა მას არ შესწევს. ყოველი წამი ერთმანეთის მიყოლებით იცავს სიჩუმეს. და ეს სიჩუმე უკვე მარადიული გეჩვენება...
მაგრამ აი გაისმის იმისი ნაბიჯების ხმა, ვინც უნდა მოსულიყო.
რაღაც დაირღვა პეიზაჟში. თითქოს მუგუზალმა, რომელიც ჩამქრალი ჩანდა, უეცარი ტკაცანით გადმოაფრქვია ნაპერწკლების ძნა. რა იდუმალმა ძალამ აიძულა მთელი დაბლობი — გამოხმაურებოდა ჩვენს გამოჩენას? ასე ერთბაშად სკდება ხოლმე ხეებზე კვირტები გაზაფხულის დამდეგს. რამ გამოაღვიძა ასე უეცრად ეს ქვემეხები? საიდან მოდის სინათლის ეს ნაკადები, რომლებიც ჩვენკენ მოიწევენ და ყველაფერს ავსებენ ირგვლივ?
ჩემი პირველი ფიქრი ისაა, რომ რაღაც დაუდევრობა გამოვიჩინე. ყველაფერი გავაფუჭე. როცა წონასწორობა მეტისმეტად მერყევია, თვალის დახამხამება ან თითის განძრევაც კმარა! რომელიმე ალპინისტი დაახველებს და მთელი ზვავი წამოვა. ხოლო ზვავი რომ წამოვა — ყველაფერი გათავებულია.
ჩვენ მეტისმეტად მძიმედ დავაბიჯებდით ამ ლურჯ ჭაობზე, რომელსაც ღამის სიბნელე ეფარა. ჩვენ ავაღელვეთ ეს მძინარე ჭაობი და აი მანაც ამოანთხია ათი ათასი ოქროს ბუშტი.
უამრავი ჯამბაზი ჩაება თამაშში, უამრავმა ჯამბაზმა დაგვიშინა ათი ათასი ბურთულა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოიწევენ ჩვენკენ. თავდაპირველად ეს ბურთულები უძრავნი ჩანან, მაგრამ მერე, თითქოს ჯამბაზის მარდმა ხელმა ამოისროლაო, ნელა მოიწევენ მაღლა. მე ვხედავ მოციმციმე ცრემლის წვეთებს, რომლებიც გაპოხილ სიჩუმეში იღვრება, სიჩუმეში, რომელიც ჯამბაზების გამოსვლას ახლავს.
ტყვიამფრქვევის ან სწრაფმსროლელი ქვემეხის ყოველი ჯერი ასობით მანათობელ ჭურვსა და ტყვიას ისვრის, რომლებიც კრიალოსნის მარცვლებივით მოსდევენ ერთმანეთს. ათასობით კრიალოსანი მოიწევს ჩვენკენ, უკიდურესობამდე იწელება და ბოლოს ფეთქდება ჩვენს სიმაღლეზე.
სინამდვილეში კი, გვერდიდან რომ შეხედოს კაცმა, აცდენილი ჭურვები თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქრიან. და ცრემლები კი არა, ელვის ისრები მეხვევიან ყოველი მხრიდან, მე ტრაექტორიათა უსაზღვრო ველში მოვექეცი, რომლებიც მწიფე თავთავებისფრად ელვარებენ. მე გამოსროლილი შუბების ძნაში მოვყევი. უთვალავი ნემსი მემუქრება, რომლებსაც თავბრუდამხვევი ფერხული გაუბამთ. მთელმა დაბლობმა გამომიწოდა თავისი ძაფები და ახლა მოელვარე ბადეს ქსოვს ჩემ ირგვლივ.
ხოლო როდესაც მიწისკენ ვიცქირები, ისევ ვხედავ ოქროს ბურთულების ამ ფენებს, რომლებიც ნელა მოიწევენ, როგორც ნისლის ფენები. მე ნელ ქარბუქს ვხედავ — ასე იფანტება ხოლმე ჰაერში ბზე, ხორბალს რომ ანიავებენ. მაგრამ თუ ჰორიზონტალურად გავიხედავ, ჩემ ირგვლივ მხოლოდ შუბებს ვხედავ, შუბების ძნებს. ცეცხლმსროლელი იარაღი? ო, არა! ცივი იარაღით მიტევენ! მე მოლაპლაპე ხმლებს ვხედავ! მე უკვე ვეღარ ვგრძნობ საფრთხეს... მე თვალს მჭრის დიდებული სანახაობა!
— ოჰო!
ოცი სანტიმეტრით შემახტუნა სკამზე. თითქოს ტარანის დარტყმამ შეარყია თვითმფრინავი. თვითმფრინავი დაილეწა და ნაფლეთებად იქცა... მაგრამ არა... არა... მე ვგრძნობ, რომ იგი ისევ ისე მემორჩილება. ეს მხოლოდ პირველი დარტყმა იყო დარტყმების ნიაღვრიდან, რომელიც თანდათან მიახლოვდება. მაგრამ მე არ დამინახავს აფეთქებები. როგორც ჩანს, აფეთქებების კვამლი ჩამუქებულ მიწას უერთდება: თავს მაღლა ვწევ და ვიცქირები.
და ვხედავ, რომ ხსნა აღარ არის.

XXI
მიწისკენ დახრილმა ვერ შევნიშნე თავისუფალი სივრცე, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა ღრუბლებსა და ჩემ შორის. მგეზავი ტყვიები მწიფე თავთავების ხორბლისფერ სინათლეს აფრქვევდნენ და საიდან უნდა მცოდნოდა, რომ სადღაც, მათი აფრენის უმაღლეს წერტილზე, ლურსმნებივით ესობოდა ცას მუქი კვამლის ქულები. მე მხოლოდ მაშინ დავინახავ მათ, როდესაც კვამლის გიგანტურ პირამიდებად იქცევიან და უკან გაცურდებიან მოდრეიფე ყინულების სიდინჯით. ამ ვეება მოძრავ ნაგებობებს რომ შევყურებ, მეჩვენება, თითქოს მე თვითონ ვარ უძრავად.
ვიცი, რომ ეს პირამიდები, წარმოქმნისთანავე უკვე აღარაა საშიში. თითოეულს ამ კვამლიან წარმონაქმნთაგან სიკვდილ-სიცოცხლის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ წამის მეასედი ნაწილის განმავლობაში აქვს. მაგრამ ყველა ისინი, ჩემდა შეუმჩნევლად, ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და მე ჩემს კეფაზე ვგრძნობ სიმძიმეს, როგორც გარდაუვალ განაჩენს.
ეს თანმიმდევრული მუნჯი აფეთქებები, რომელთა ხმასაც მოტორების ღმუილი ახშობს, უჩვეულო სიჩუმის ილუზიას ქმნის. მე არაფერს ვგრძნობ. ჩემში მოლოდინის სიცარიელემ დაისადგურა, თითქოს განაჩენს ველოდებოდე.
მე ვფიქრობ... მე მაინც ვფიქრობ: `მეტისმეტად მაღლა ურტყამენ!~ თავს მაღლა ვწევ და ვხედავ, როგორ მიფრინავს უკან არწივების მთელი გუნდი. მათ ხელი აიღეს ნადავლზე, მაგრამ გადარჩენის იმედი მაინც არ არის.
ქვემეხები, რომლებმაც ვერ ჩამომაგვაგდეს, მიზანს ასწორებენ. ისევ აღიმართა აფეთქებათა კედლები, ოღონდ უკვე ჩვენს დონეზე. სინათლის ყოველი გამონათება რამდენიმე წამის განმავლობაში აფეთქებათა პირამიდას ქმნის და მიზანს რომ ვერ ხვდება, ხელადვე ინაცვლებს, რათა ადგილი დაუთმოს მეორე პირამიდას, რომელიც უფრო ახლოს ჩნდება. მიზანი ჩვენ არ დაგვეძებს. იგი თავის მარწუხებში გვიმწყვდევს.
— კიდევ შორსა ვართ, დიუტერტრ?
— სამ წუთს რომ მაინც გავუძლებდეთ, დავამთავრებდით... მაგრამ...
— იქნებ გავაღწიოთ...
— რა გააღწევს!
როგორ ბნელეთად შემოგვერტყა ირგვლივ ეს განუჭვრეტელი ბურუსი, რუხი, როგორც გაცვეთილი და სანაგვეში გადაგდებული ჩვრები. დაბლობი კი ისეთი ლურჯი იყო. უსაზღვროდ ლურჯი. ლურჯი, როგორც ზღვის წიაღი...
კიდევ რამდენი ხანი შემიძლია გავუძლო? ათი წამი? ოცი წამი? აფეთქებები უკვე განუწყვეტლივ მარყევს. ახლო აფეთქებები ისე ეხლება თვითმფრინავს, როგორც ჩამონგრეული კლდე — ბავშვის ეტლს. და მაშინ მთელ თვითმფრინავს თითქმის მუსიკალური ხმა აღმოხდება, რაღაც უცნაური კვნესა... მაგრამ ეს მიზანს აცდენილი აფეთქებებია... ეს გაელვებას ჰგავს. რაც უფრო ახლოს გაიელვებს, მით უფრო ნაკლებ საშიშია იგი. ზოგიერთ აფეთქებას ისე აღიქვამ, როგორც ჩვეულებრივ ბიძგს: ეს იმას ნიშნავს, რომ ჭურვის ნამსხვრევი შეგვეხო. მტაცებელი, კამეჩს რომ კლავს, არ უბიძგებს ხოლმე; იგი სწრაფად და ზუსტად ასობს მას თავის ბრჭყალებს. იგი ხელადვე ეუფლება მსხვერპლს. და მოხვედრილი ტყვიაც ისე ესობა თვითმფრინავის კორპუსში, როგორც კუნთებში.
— დაიჭერი?
— არა! ეი, მსროლელო, დაიჭერი?
— არა!
ეს ბიძგები ანგარიშში ჩასათვლელი არაა. ისინი მხოლოდ ქერქზე, მხოლოდ დოლზე აბრახუნებენ, იმის მაგიერ, რომ ბაკი გახვრიტონ. მათ ასევე თავისუფლად შეუძლიათ მუცელი გაგვიფატრონ. მაგრამ ჩემი მუცელი მხოლოდ დოლია. მიმიფურთხებია სხეულისთვის! საქმე სხეული არაა... აი რა არის საოცარი!
მე ცოტა რამ უნდა ვთქვა სხეულზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვერ ვხედავთ სინამდვილეს. და იმისათვის, რომ სინამდვილე ნათლად დაინახოს, განსაკუთრებული გარემოებებია საჭირო. საჭიროა აფეთქებათა ეს ნიაღვარი, საჭიროა შუბების ეს ნიაღვარი, რომელიც შენკენ მოიწევს. და ბოლოს, საჭიროა, რომ უკანასკნელი საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგე. და მაშინ მიხვდები.
გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი — `როგორი იქნება უკანასკნელი წუთები-მეთქი~ —  და ცხოვრება ყოველთვის აბათილებდა ჩემ მიერ გამოგონილ ქიმერებს. ამჯერად კი საქმე მხოლოდ იმით განისაზღვრებოდა, რომ შიშველს გაგევლო გააფთრებული დარტყმების სეტყვაში ისე, რომ ხელიც კი არ აგეფარებინა სახეზე.
განსაცდელი? მე იგი სხეულის განსაცდელად მქონდა წარმოდგენილი. მე მეგონა, რომ ეს განსაცდელი სხეულმა უნდა გამოიაროს. უკანასკნელი წუთების განსაცდელს მე ჩემი სხეულის თვალსაზრისით განვიხილავდი. ჩვენ ხომ ისეთ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სხეულს. ისეთი მონდომებით ვმოსავთ მას. ვბანთ, ვუვლით, ვპარსავთ, ვასმევთ და ვაჭმევთ. ჩვენი სხეული შინაურ ცხოველად იქცა ჩვენთვის. ჩვენ იგი თერძთან, ექიმთან და ქირურგთან დაგვყავს. ვიტანჯებით მასთან ერთად. მასთან ერთად ვტირით. მასთან ერთად გვიყვარს. `ეს მე ვარო~, — ვამბობთ მასზე. და აი უცებ ამ ილუზიიდან აღარაფერი რჩება. მიგიფურთხებია შენი სხეულისთვის! შენ მსახურად აქცევ მას. საკმარისია მრისხანება დაგეუფლოს ან სიყვარულმა იფეთქოს, ანდა სიძულვილი დაგებადოს, რომ დაინგრეს შენი სოლიდარობა სხეულთან.
შენი შვილი ხანძარში მოჰყვა? — შენ გადაარჩენ მას! ვერავინ დაგაკავებს! ცეცხლი გედება? — მიგიფურთხებია! თუ საჭირო გახდა, შენი სხეულის ნაფლეთებს შესწირავ. და უცებ ხვდები, რომ სრულებითაც არ გყვარებია ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი გეჩვენებოდა. და შენ მზადა ხარ, გასწირო შენი ხელი, ოღონდ კი გაუწოდო იგი მას, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. შენ მთლიანად შენს საქციელში ვლინდები. შენ შენი საქციელი ხარ. შენი სხეული შენ გეკუთვნის, მაგრამ იგი შენ აღარა ხარ. ვეღარავინ დაგიმორჩილებს შენს სხეულზე ძალადობის მუქარით. შენ მტრის სიკვდილი ხარ. შენ შვილის გადარჩენა ხარ. შენ ცვლი შენს თავს. და ვერა გრძნობ, რომ რაიმეს კარგავდე ამ დროს. შენი ხელები და ფეხები? ისინი მხოლოდ იარაღებია! მიგიფურთხებია იარაღისთვის, თუ იგი ტყდება, როდესაც ლოდს თლიან. და თუ გამომგონებელი ხარ, შენ ცვლი შენს თავს მტრის სიკვდილზე, შვილის გადარჩენაზე, ავადმყოფის განკურნებაზე და შენს აღმოჩენაზე. ამხანაგი ჩვენი ავიაჯგუფიდან სასიკვდილოდ დაიჭრა. ბრძანებაში, რომლითაც მას მადლობა გამოუცხადეს, წერია: `და მან თავის შტურმანს უთხრა: `ჩემი საქმე გათავებულია. გაიქეცი! ბორტჟურნალი გადაარჩინე!~ აზრი მხოლოდ ბორტჟურნალის ან ბავშვის გადარჩენას აქვს, ანდა ავადმყოფის განკურნებას, ანდა მოწინააღმდეგის სიკვდილს, ანდა აღმოჩენას! შენი მნიშვნელობა უეცრად თვალისმომჭრელი სიცხადით წარმოგიდგება თვალწინ. ესაა შენი მოვალეობა, შენი სიძულვილი, შენი სიყვარული, შენი ერთგულება, შენი გამოგონება. სხვას ვერაფერს აღმოაჩენ საკუთარ თავში.
ცეცხლმა არა მარტო სხეულისგან, არამედ მისი კულტისგანაც გაგათავისუფლა. ადამიანს უკვე აღარ აინტერესებს საკუთარი თავი. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რასაც თვითონ ეკუთვნის. როდესაც კვდება, კი არ ქრება, არამედ ერწყმის მას. კი არ კარგავს, არამედ პოულობს თავის თავს. და ეს მორალისტის ქადაგება არ არის. ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჭეშმარიტებაა, რომელსაც ყოველდღიური ილუზიები განუჭვრეტ ნიღაბს აფარებს. როდესაც გასაფრენად ვემზადებოდი და ჩემი სხეულის ხვედრი მაშინებდა, როგორ უნდა მივმხდარიყავი, რომ ყოველივე ეს სისულელე იყო? როდესაც სხეულს სწირავ, მხოლოდ იმ წუთებში ხედავ, რა მცირე მნიშვნელობა ჰქონია შენთვის მას. მაგრამ, ცხადია, ჩვეულებრივ პირობებში, თუ მე უკიდურესი აუცილებლობა არ მამოქმედებს, თუ საქმე არ ეხება ჩემი არსებობის აზრს, ჩემს სხეულთან დაკავშირებულ საზრუნავზე უფრო მნიშვნელოვანი ვერაფერი წარმომიდგენია.
ჩემო სხეულო, მიმიფურთხებია შენთვის! მე დაგისხლტი შენ, მე აღარ მაქვს გადარჩენის იმედი და მაინც არაფერი მჭირდება! მე უარვყოფ ყველაფერს, რაც ამ წუთამდე ვიყავი. აქამდე მე არ ვფიქრობდი, მე არა ვგრძნობდი — ეს მხოლოდ ჩემი სხეული იყო. მე იძულებული ვიყავი, ამ წუთამდე მომეყვანა იგი, როდესაც უეცრად მივხვდი, რომ მას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის.
ამის პირველი გაკვეთილი თხუთმეტი წლისამ მივიღე: ჩემი უმცროსი ძმა ავად გახდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც გადაგვეწურა მისი გადარჩენის იმედი. და აი ერთ დილას, დაახლოებით ოთხ საათზე, მისმა მომვლელმა ქალმა გამაღვიძა: თქვენი ძმა გეძახითო.
— ცუდად არის?
მან არაფერი მომიგო. საჩქაროდ ჩავიცვი და ძმასთან მივედი.
— შენთან ლაპარაკი მინდოდა სიკვდილის წინ. ვკვდები... — მითხრა მან თავისი ჩვეულებრივი ხმით. მერე კი კრუნჩხვა დაეწყო და დადუმდა. მაგრამ ვიდრე კონვულსია გრძელდებოდა, მან უარყოფის ნიშნად გაიქნია ხელი. მე ვერ მივუხვდი, რისი თქმა სურდა ხელის ამ მოძრაობით. მე მეგონა, რომ ბიჭუნა სიკვდილს იშორებდა ხელით. მაგრამ, რომ დამშვიდდა, ამიხსნა:
— ნუ შეშინდები... მე არ ვიტანჯები. არა მტკივა. მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ეს ხომ ჩემი სხეულია.
მისი სხეული — ეს სამფლობელო, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა მას.
მაგრამ მას, ამ პატარა ძმას, რომელიც ოცი წუთის შემდეგ უნდა მომკვდარიყო, სერიოზული საუბარი სურდა ჩემთან. მას უდიდესი მოთხოვნილება ჰქონდა, თავისი ნაწილი დაეტოვებინა ვინმესთვის. `მე მინდოდა მეანდერძა შენთვის...~ — ამბობს იგი და წითლდება. იგი, რაღა თქმა უნდა, ამაყობს, რომ თავი ისე უჭირავს, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. იგი რომ კოშკების მშენებელი ყოფილიყო, კოშკის მშენებლობის დასრულებას დამავალებდა. მამა რომ ყოფილიყო თავისი შვილის აღზრდას მომანდობდა. სამხედრო მფრინავი რომ ყოფილიყო, ბორტჟურნალს ჩამაბარებდა. მაგრამ იგი მხოლოდ ბავშვი იყო. და მან ორთქლის მანქანა, ველოსიპედი და კარაბინი დამიტოვა.
ადამიანი არა კვდება. მას ჰგონია, რომ ეშინია სიკვდილისა: გეშინია მოულოდნელის, აფეთქების, საკუთარი თავის. სიკვდილის? არა, სიკვდილის არ გეშინია. როდესაც მას პირისპირ ხვდები, სიკვდილი უკვე აღარ არსებობს. ჩემმა ძმამ მითხრა: `არ დაგავიწყდეს, აღწერე ეს ყველაფერი...~ როცა სხეული იღუპება, ვლინდება არსი. ადამიანი კავშირების კვანძია და სხვა არაფერი და მხოლოდ ურთიერთობებს აქვს ადამიანისთვის მნიშვნელობა.
სხეულს ისე ტოვებენ, როგორც ბეხრეკ ცხენს. ვინ ფიქრობს სიკვდილის დროს თავის თავზე? ასეთი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია...
— კაპიტანო!
— რა მოხდა?
— გრანდიოზულია!
— მსროლელო!
— დიახ...
— როგორია...
ჩემს შეკითხვას დარტყმა აყრუებს.
— დიუტერტრ!
— ...ტან?
— მოგხვდა?
— არა!
— მსროლელო!
— დიახ!
— მოგხ...
მე თვითონ ჯავშანში ვარ ჩაჭედილი.
— ო, ლა-ლა! — მესმის პასუხად.
მაღლა ვიცქირები, რომ გამოვთვალო მანძილი ღრუბლებამდე. გვერდით რომ ვიხედები, აფეთქებათა შავ გროვებს ვხედავ, რომლებიც უწესრიგოდ ახერგილან ერთმანეთზე. ხოლო როდესაც ქვევიდან შევცქერი, ნაკლებ მჭიდრონი მოჩანან და შავი ყვავილწნულების დიდებულ გვირგვინს ქმნიან ჩვენს თავზე.
საოცარი ღონე ჰქონია ფეხის კუნთებს. ისე ვაწვები პედალს, თითქოს კედლის განგრევას ვაპირებდე, და გვერდზე ვისვრი თვითმფრინავს. და ისიც, ტკაცუნითა და ძაგძაგით, მკვეთრად უხვევს მარცხნივ. გვირგვინი მარჯვნივ ინაცვლებს. მე მას თავიდან ვიცილებ. მე გავაცურე ისინი, ვინც მიმიზნებდნენ, და დავუსხლტი. მარჯვნივ აცდენილ აფეთქებათა გროვას ვხედავ, მაგრამ ძლივს მოვასწარი მეორე ფეხის დაჭერა, რომ საწინააღმდეგო მიმართულება მიმეღო, და გვირგვინმა ადრინდელი ადგილი დაიკავა. მათ, მიწაზე რომ არიან, ისევ აღმართეს იგი ჩემს თავთან. და თვითმფრინავიც საშინელი ოხვრით ისევ მიისწრაფვის აფეთქებებისგან თავისუფალ არეში. მაგრამ, აი ისევ ვაწვები სხეულის მთელი სიმძიმით პედალს. და ისევ ვაკეთებ ვირაჟს, ანდა, უფრო სწორად რომ ვთქვა, ისევ მივექანები მეორე მხარეს (ეშმაკსაც წაუღია მთელი წესებით შესრულებული ვირაჟები!) და გვირგვინი მარცხნივ ვარდება.
მაგრამ ასეთი თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდება! რამდენჯერაც  არ უნდა დავაწვე პედლებს ჩემი გიგანტური ფეხით, შუბების ნაკადი ისევ ისე მოიწევს ჩემკენ და გვირგვინი ისევ ისე მადგას თავზე; დარტყმების ძალა გულ-ღვიძლს მირყევს. და, ძირს რომ ვიცქირები, ისევ ვხედავ, როგორ მოემართება ჩემკენ ცეცხლოვანი ბურთულების ნაკადი. გაუგებარია, რა სასწაული გვინარჩუნებს კიდევ სიცოცხლეს. და ამასთანავე ვხედავ, რომ უვნებელი ვარ. მე გამარჯვებული ვარ! მე ყოველ წამს ვიმარჯვებ!
— მოგხვდათ?
— არა...
ისინი უვნებელნი არიან. ისინი უძლეველნი არიან. მე ძლევამოსილთა ეკიპაჟს ვმეთაურობ...
და ახლა აფეთქებები კი არ გვემუქრება, არამედ გვაწრთობს. ყოველ აფეთქებაზე, წამის მეათედი დროის განმავლობაში მეჩვენება, რომ ჩემი მანქანა ფერფლად იქცა. მაგრამ იგი წინანდებურად ემორჩილება ჩემს ბრძანებებს და მეც ისევ ისე მაგრად მოჭიმული ლაგამით ყალყზე ვაყენებ მას, როგორც ცხენს. და მაშინ კვლავ შვებას ვგრძნობ და უტყვი სიხარული მეუფლება. მე ვერ ვასწრებ შეშინებას, მე მხოლოდ ვიძაბები, როგორც გამაყრუებელი ხმაურისგან მოსდის ხოლმე ადამიანს, და ისევ მეძლევა მხრების გაშლისა და ამოსუნთქვის საშუალება. წესით, ჯერ უნდა დავიძაბო, როგორც დარტყმისას, მერე შემეშინდეს და მერე შვება ვიგრძნო. თქვენ ასე გგონიათ? მაგრამ ამისთვის დროა საჭირო! მე კი ვიძაბები და ვთავისუფლდები. ვიძაბები და ვთავისუფლდები. ერთი ეტაპი იკარგება: შიში იკარგება. და მე სიკვდილის მოლოდინში კი არა ვარ, რომელიც ყოველ მომდევნო წამს უნდა მოჰყვეს, არამედ ხელმეორედ ვიბადები ყოველი წამის შემდეგ. ჩემი ცხოვრება სიხარულის ნიაღვარმა, აღტაცების უწყვეტმა ნაკადმა გაიტაცა. საოცრად კარგად ვგრძნობ თავს: თითქოს ყოველ წამს ხელახლა ვიძენდე სიცოცხლეს, თითქოს ყოველ წამს ვიმსჭვალებოდე სიცოცხლის უფრო და უფრო მძაფრი შეგრძნებით. მე ვცოცხლობ. მე ცოცხალი ვარ. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მე სიცოცხლის წყარო ვარ. მე ვთვრები სიცოცხლით. ამბობენ, `ადამიანი ბრძოლით თვრებაო...~ სწორედ ეს არის სიცოცხლით თრობა! ო! იციან თუ არა მათ, ქვემოდან რომ გვესვრიან, რომ ისინი გვაწრთობენ ჩვენ?

ზეთის ბაკები, საწვავის ბაკები — ალბათ ყველაფერი შენგრეულია. `დამთავრდა! ადით ზევით!~ — ამბობს დიუტერტრი. და მე, ვინ იცის, მერამდენედ, ვზომავ თვალით მანძილს, რომელიც ღრუბლებს მაშორებს, და მაღლა ვიჭრები. და, ვინ იცის, მერამდენედ ისევ ვისვრი თვითმფრინავს მარცხნივ და მერე კვლავ მარჯვნივ. და კიდევ ერთხელ ვიხედები მიწისკენ. ამ სურათის დავიწყება შეუძლებელია. მთელ დაბლობზე მოკლე მოციმციმე აფეთქებები კიაფობს. ეს, რაღა თქმა უნდა, სწრაფმსროლელი ქვემეხებია. ჭურვები ისე მოფრინავენ, როგორც ბუშტები ვეება მოცისფრო აკვარიუმში. არასი მუქი მეწამული ცეცხლით იწვის, რომელიც სამჭედლოს ალს წააგავს. ეს ხანძარია, რომელსაც უხვად კვებავს არასის მიწისქვეშა მარაგი. და ადამიანის ოფლი, ადამიანის გონება, ადამიანის ხელოვნება, მისი მოგონებები და განძეული, ამ ალთან შერწყმული, მაღლა მიიწევს და იმ მჭვარტლად იქცევა, რომელსაც ქარი იტაცებს.
მე უკვე შევდივარ ღრუბლების პირველ გრაგნილში. ჩვენ ირგვლივ ჯერ კიდევ იმართება ოქროს ისრები, რომლებიც დაბლიდან სერავენ ღრუბლების წიაღს. ერთი წამით ჩემ თვალწინ ისევ ჩნდება ალმოდებული არასი, როგორც ღამით ეკლესიის ნეფის სიღრმეში ანთებული კანდელი. ეს კანდელი რომელიღაც სარწმუნოებას ემსახურება, მაგრამ მასში დიდი საფასურია გაღებული. ხვალ იგი ყველაფერს შთანთქავს და გადაბუგავს. მე თან მიმაქვს მოწმის ჩვენება — ალმოდებული არასის სურათი.
— როგორ არის საქმე, დიუტერტრ?
— არა უშავს, კაპიტანო. ორას ორმოცი. ოცი წუთის შემდეგ ღრუბლებს გავარღვევთ. სადმე სენაზე ავიღებთ გეზს...
— როგორ არის საქმე, მსროლელო?
— ა... დიახ... არა უშავს.
— ცხელოდა, ა?
— ა... არა... დიახ.
მან არაფერი იცის. იგი კმაყოფილია. მე გავუალის მსროლელი მაგონდება. ერთხელ, ღამით, რეინის თავზე ოთხმოცმა სამხედრო პროჟექტორმა მოიმწყვდია გავუალი მარწუხებში. პროჟექტორების სხივებმა ვეება ტაძარი აღმართეს გავუალის ირგვლივ და სროლაში გავუალს უეცრად ჩურჩული შემოესმა (ლარინგოფონებს საიდუმლოს შენახვა არ ეხერხებათ): `რას იტყვი, ბერიკაცო?.. დიდხანს უნდა იცადო, რომ ასეთ რამეს ეღირსო სამოქალაქოზე!..~ იგი კმაყოფილი იყო, ის მსროლელი.
მე ნელ-ნელა სულს ვიბრუნებ. მთელი მკერდით შევისუნთქავ ჰაერს. რა კარგია, როდესაც სუნთქავ. ახლა ბევრ რამეს მივხვდები... მე, უწინარეს ყოვლისა, ალიასზე ვფიქრობ. თუმცა არა, უწინარეს ყოვლისა, ჩემს ფერმერზე ვფიქრობ. მე შევეკითხები მას ხელსაწყოების რაოდენობაზე... დიახ! აუცილებლად შევეკითხები! მე ას სამი ხელსაწყო მაქვს. მართლა... ნეტავი ჩემი ბენზინომეტრი და ზეთის მანომეტრები რა დღეშია? როდესაც ბაკები შენგრეულია, ყურადღებით უნდა ადევნო თვალი ამ ხელსაწყოებს! და მეც ვადევნებ მათ თვალს. შენგრეულ ადგილებს რეზინის პროტექტორებით ვავსებ. საოცარი გამოგონებაა! ვაცქერდები გიროსკოპებსაც: ეს ღრუბელი მყუდრო არ არის. ეს, რაღა თქმა უნდა, საავდრო ღრუბელია. მაგრად გვარყევს.
— შეიძლება დავეშვათ?
— ათი წუთიც... უმჯობესია ათი წუთიც მოვიცადოთ...
რაკი ეგრეა, ათ წუთსაც მოვიცდი. ჰო, მართლა, მე ალიასზე ვფიქრობდი. აქვს თუ არა მას ჩვენი დაბრუნების იმედი? იმ დღეს ნახევარი საათით დავიგვიანეთ. საერთოდ, ნახევარი საათი სერიოზული დაგვიანებაა... გავრბივარ, რომ სადილზე მსხდომთ მივუსწრო. ვაღებ კარს და ალიასის გვერდით, ჩემს სკამზე ვეშვები. მეთაურმა ის იყო, აიღო ჩანგალი, რომელზედაც ატრია იყო წამოგებული, და პირში უნდა ჩაედო ლუკმა, მაგრამ უცებ წამოხტა, გაშეშდა და პირდაღებული შემომაცქერდა. ჩანგალზე ჩამოკიდებული ატრია ხელში შეაცივდა.
— ო!.. ძალიან კარგი... მოხარული ვარ, რომ გხედავთ!
და პირში ჩაიტენა ლუკმა.
ჩემი აზრით, მას სერიოზული ნაკლი აქვს, ჩვენს მეთაურს. იგი დაჟინებით ეკითხება ხოლმე ყოველ მფრინავს დაზვერვის შედეგებს. მეც გამომკითხავს. საშინელი მოთმინებით დამაცქერდება და დაიწყებს ლოდინს, რომ ახალი ჭეშმარიტებები ვამცნო. იგი ქაღალდის ფურცელს და ავტომატურ კალამს მოიმარჯვებს, რომ ამ ელექსირის არც ერთი წვეთი არ დაეკარგოს. და მე ჩემი ახალგაზრდობა მაგონდება: `კანდიდატო სენტ-ეკზიუპერი, როგორ უნდა მოვახდინოთ ბერნულის განტოლების ინტეგრაცია?~
— ა...
ბერნული... ბერნული... და ისე ირინდები დაჟინებული შემოხედვის წინაშე, როგორც ქინძისთავზე წამოგებული მუმლი.
დაზვერვის მონაცემები დიუტერტრის საქმეა. მიწას დიუტერტრი აკვირდება. იგი უამრავ რამეს ხედავს. სატვირთო მანქანებს, კარჭაპებს, ტანკებს, ჯარისკაცებს, ქვემეხებს, ცხენებს, რკინიგზის სადგურებს, სადგურებზე მდგარ მატარებლებს, სადგურის უფროსებს. მე კი ირიბ ხაზზე ვაკვირდები. მე ღრუბლებს, ზღვას, მდინარეებს, მთებს და მზეს ვხედავ. მე მხოლოდ საერთო სურათი მამახსოვრდება.
— თქვენ კარგად იცით, მაიორო, რომ მფრინავს...
— დიახ! დიახ! ყოველთვის შეუძლია, რამე შენიშნოს.
— ჰო, მართლა! ხანძრები! მე ხანძრები დავინახე! ეს მართლაც საინტერესო იყო...
ო, არა. ახლა ყველაფერი იწვის. ხანძრების გარდა რა დაინახეთ?
რატომ არის ალიასი ასეთი სასტიკი!

XXII
ნეტავ ახლაც თუ დამიწყებს გამოკითხვას?
ის, რითაც მე ამ დაზვერვიდან ვბრუნდები, არ შეიძლება აღიბეჭდოს რაიმე ოქმში. ისე დავიბნევი, როგორც დაფასთან მდგარი მოწაფე. ძალიან საცოდავი იერი მექნება, მაგრამ უბედური არ ვიქნები. უბედურებას ბოლო მოეღო... იგი პირველ ტყვიებთან ერთად გაუჩინარდა. მე რომ სროლას გამოვქცეოდი, ვერაფერს შევიტყობდი ჩემს თავზე.
მე ვერ ვიგრძნობდი ამ საოცარ სიყვარულს, რომელიც ახლა მივსებს გულს. მე ჩემიანებთან ვბრუნდები. მე შინ ვბრუნდები. მე იმ დიასახლისს ვგავარ, რომელმაც ყველაფერი იყიდა, რაც სჭირდებოდა, და ახლა, შინ მიმავალი, იმაზე ფიქრობს, როგორი გემრიელი კერძებით აამებს თავის ქმარ-შვილს. იგი კალათის ქნევით მოაბიჯებს და დროდადრო ფრთხილად სწევს გაზეთს, რომელიც სანოვაგეს აფარია: ყველაფერი უყიდია, რაც საჭირო იყო, არაფერი დავიწყებია. იგი იღიმება იმ სიურპრიზის წარმოდგენაზე, რომელსაც შინაურებს უმზადებს, და არ ჩქარობს. გზადაგზა იგი ვიტრინებთან ჩერდება.
მეც სიამოვნებით დავათვალიერებდი ვიტრინებს, დიუტერტრი რომ ამ მოთეთრო საპყრობილიდან გამოსვლის ნებას მომცემდეს. მე დავტკბებოდი ჩვენ ქვეშ გადაშლილი მინდვრებით. მაგრამ ცოტა მოთმინება ნამდვილად საჭიროა: ეს პეიზაჟი შხამით არის სავსე. იქ, ქვევით, ყველაფერს ჩვენ წინააღმდეგ შეუკრავს პირი. პატარა-პატარა პროვინციული ვილებიც კი, პაწია მდელოები რომ აქვთ წინ, ხეები აკრავთ ირგვლივ და გულუბრყვილო ქალიშვილების სამკაულების კოლოფებს რომ მოგაგონებენ, ამ ვილებშიც კი საფრთხეა მიმალული. ოდნავ დაბლა თუ დაეშვები, მეგობრული მოსალმების ნაცვლად, არტილერიის ცეცხლით გაგიმასპინძლდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საავდრო ღრუბლებში ვარ გახვეული, მე მაინც ვბრუნდები ბაზრიდან. მაიორის ინტონაცია, რა თქმა უნდა, სწორი იყო: `პირველი ქუჩის მარჯვენა კუთხემდე მიხვალთ და ასანთს მიყიდით...~ ჩემი სინდისი მშვიდადაა. ასანთი ჩემს ჯიბეში დევს, უფრო სწორად, ჩემი ამხანაგის — დიუტერტრის ჯიბეში. ნეტავ როგორ დაიმახსოვრა ყელაფერი, რაც დაინახა? მაგრამ ეს მისი საქმეა. მე უფრო სერიოზულ რამეებზე ვფიქრობ. მიწაზე დაშვების შემდეგ, თუ ახალი ადგილგადანაცვლების გაწამაწია არ გველის, ჭადრაკში შევერკინები ლაკორდერს და გავიმარჯვებ. ლაკორდერი ვერ იტანს წაგებას. ვერც მე ვიტან. მაგრამ დღეს მე მოვიგებ.
გუშინ ლაკორდერი მთვრალი იყო. ყოველ შემთხვევაში... ცოტათი. მე არ მინდა ჩირქი მოვცხო მას. იგი დარდის გასაქარვებლად დათვრა. დაზვერვიდან დაბრუნებულს, შასის დაშვება დაავიწყდა და პირდაპირ მუცელზე დასვა თვითმფრინავი. ამ ამბავს, სამწუხაროდ, ალიასიც ესწრებოდა. მან სევდიანად შეხედა თვითმფრინავს, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ახლაც თვალწინ მიდგას ლაკორდერი, ძველი, გამოცდილი პილოტი. იგი ალიასის საყვედურებს ელოდა. იმედოვნებდა, რომ საყვედურს გაიგონებდა მისგან. მეთაურის გააფთრება მას დარდს შეუმსუბუქებდა. გაცეცხლებული საყვედურები საშუალებას მისცემდა, თვითონაც გაცეცხლებულიყო და საყვედურის საშუალებას მისცემდა, თვითონაც გაცეცხლებულიყო და საყვედურის პასუხად საკუთარი გააფთრება გადმოენთხია. მაგრამ ალიასმა მხოლოდ თავი  გადაიქნია. ალიასს გული ედაგებოდა თვითმფრინავის გამო და ლაკორდერი აღარც კი გახსენებია. ეს ავარია მაიორისთვის ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა იყო მხოლდ, თავისებური საწარმოო ხარჯი. საქმე ეხებოდა ყოვლად სულელურ გულმავიწყობას, რომელიც ზოგჯერ ძველ მფრინავსაც კი მოსდის ხოლმე. მაგრამ ლაკორდერისთვის ძნელი ასატანი იყო ეს მარცხი, რადგან ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, მისი პროფესიული სინდისი უმწიკვლო იყო. და ალიასიც, რომელსაც მხოლოდ თვითმფრინავი აინტერესებდა, მისდა უნებურად შეეკითხა ლაკორდერს, რას ფიქრობდა იგი თვითმფრინავის მდგომარეობაზე. და მე ვიგრძენი, როგორ გააცოფა ლაკორდერი ამ შეკითხვამ. თქვენ ალერსით ხვევთ მხარზე ხელს ჯალათს და ამბობთ: `უბედური... ო... რა აუტანელი უნდა იყოს მისი ტანჯვა...~ მაგრამ ვინ გამოიცნობს, რა ხდება ადამიანის გულში. ალერსიანი ხელი, იმის მაგიერ, რომ თანაგრძნობა გამოიწვიოს, აბრაზებს მას. იგი პირქუშად შეჰყურებს მსხვერპლს და ნანობს, რომ ხელადვე არ მოუღო მას ბოლო.
მაშ ასე. შინ ვბრუნდები. ავიაჯგუფი 2/33 ჩემი სახლია. და მე მესმის ჩემიანების. შეუძლებელია ვცდებოდე ლაკორდერში. შეუძლებელია ლაკორდერი ცდებოდეს ჩემში. მე უჩვეულო სიცხადით ვგრძნობ ჩვენს ერთობას: `ჩვენ, ესე იგი 2/33 ავიაჯგუფის მფრინავები~. და ამის წარმოდგენაზე უწესრიგოდ გაფანტული ნაკუწები ერთიანდება.
მე ვფიქრობ გავუალსა და ოშედეზე. მე ისევ ვგრძნობ ჩემს ერთობას მათთან. მე ვფიქრობ გავუალზე: საინტერესოა, რა წარმოშობისაა იგი? მასში გლეხის ჯანსაღი ფესვი იგრძნობა.
უეცრად ერთი მოგონება იღვიძებს ჩემს მეხსიერებაში და ამ მოგონებაზე გულში სითბო მეღვრება. ორკონტში რომ ვიდექით, გავუალი, ჩემსავით ფერმაში ცხოვრობდა. ერთხელ მითხრა: ფერმერის ცოლმა გოჭი დაკლა და სისხლიან ძეხვზე ვართ დაპატიჟებულიო.
ჩვენ სამნი ვიყავით: იზრაელი, გავუალი და მე. და გულმოდგინედ ვახრამუნებდით დიდებულ ძეხვს. დიასახლისმა მსუბუქი თეთრი ღვინოც მოგვართვა. უცებ გავუალმა მითხრა: `შეხედე, რა ვიყიდე, ჩვენს დიასახლისს გაუხარდება, ოღონდ უნდა წააწერო~. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წიგნი. მაგრამ მე ოდნავადაც არ მიგრძვნია უხერხულობა. სიამოვნებით წავაწერე წიგნს, რომ დიასახლისი გამეხარებინა. იზრაელი ჩიბუხს ტენიდა, გავუალი ბარძაყს იფხანდა და გლეხის ქალიც ბედნიერი ჩანდა წიგნის მიღებით, რომელსაც თვითონ ავტორმა წააწერა. ძეხვს საამო სურნელება ასდიოდა. მე ოდნავ მომეკიდა თეთრი ღვინო და სრულებით არ ვგრძნობდი თავს უცხოდ, მიუხედავად იმისა, რომ წავაწერე წიგნს, რაც წინათ მუდამ სისულელედ მიმაჩნდა. მე აქ შინაურად ვგრძნოდი თავს. მიუხედავად წიგნისა, ისინი არც მწერლად მთვლიდნენ და არც გარეშე მაყურებლად. მე ქუჩიდან არ მივსულვარ მათთან. იზრაელი ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ წავაწერე, გავუალი კი ისევ ისე, გულუბრყვილოდ განაგრძობდა ბარძაყის ფხანას. და მე უსიტყვო მადლობა მიღვიოდა გულში. მათ შეეძლოთ უცხო მაყურებლად მივეჩნიე. მაგრამ, წიგნის მიუხედავად, არც ინტელიგენტი ვიყავი მათ თვალში და არც უცხო მაყურებელი. მე შინაური ვიყავი მათთვის.
მე ყოველთვის მეზიზღებოდა მაყურებლის როლი. რა ვარ, თუ საერთო საქმის მონაწილე არ ვიქნები? იმისთვის, რომ ვიარსებო, მონაწილეობა უნდა მივიღო. მე ჩემი ამხანაგების ღირსებები მასაზრდოებს, ღირსებები, რომელსაც თვითონ ისინი ვერ ამჩნევენ. მაგრამ მათ თავმდაბლობით არ მოსდით ეს. უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ მას. არც გავუალი და არც იზრაელი არასოდეს დაფიქრებულან საკუთარ თავზე. ისინი თავიანთ საქმესთან, თავიანთ ხელობასთან, თავიანთ მოვალეობასთან არიან დაკავშირებულნი. და კიდევ ამ სურნელოვან ძეხვთან, ცხელი ოხშივარი რომ ასდის. მე მათრობს მათი სიახლოვე. მე შემიძლია ვდუმდე. შემიძლია ვსვა თეთრი ღვინო. მე შემიძლია წიგნსაც წავაწერო და ამან არ დაარღვიოს ჩემი ერთობა მათთან. ვერაფერი დაარღვევს ჩვენს ძმობას.
ამით არც გონების ღვაწლის დამცირებას ვაპირებ და არც აზროვნების გამარჯვებათა უარყოფას. მე თაყვანს ვცემ ნათელ გონებას. მაგრამ რა ფასი აქვს ადამიანს, თუ მასში არ არის არსი? თუ იგი მხოლოდ გარეგნული სახეა და არა არსი? და ამ არსს მე გავუალში და იზრაელში ვხედავ. მე მას გიომეში ვხედავდი. 
მე ზიზღით უარვყოფ იმ უპირატესობებს, რომელსაც მწერლის მდგომარეობა მანიჭებს; მაგალითად, თავისუფლებას, რომლის მიღებაც შემიძლია, თუ უცებ 2/33 ავიაჯგუფის მფრინავის ხელობაზე ამიცრუვდა გული. ასეთი თავისუფლება მხოლოდ არყოფნის უფლებას გაძლევს. და მხოლოდ მოვალეობის შესრულება აძლევს ადამიანს საშუალებას, რაიმედ იქცეს.
ჩვენ ყველანი კინაღამ დავიღუპეთ საფრანგეთში ინტელექტის გამო, რომელსაც სულიერი არსი გამოეცალა. გავუალი კი არსებობს. მას უყვარს, სძულს, უხარია, ბუზღუნებს. იგი მთლიანად კავშირებისგანაა მოქსოვილი. ვიჯდე მის პირდაპირ და ძეხვს შევექცეოდე — ჩემთვის ისეთივე სიამოვნებაა, როგორც პროფესიული მოვალეობის შესრულება, რამაც ერთ კვანძად გადაგვაჭდო ერთმანეთს. მე მიყვარს ჩემი ავიაჯგუფი 2/33. მე მიყვარს იგი არა როგორც მაყურებელს, რომელიც მშვენიერი სანახაობით ტკბება. მიმიფურთხებია სანახაობისთვის. მე მიყვარს 2/33 ავიაჯგუფი იმიტომ, რომ მისი ნაწილი ვარ, იმიტომ, რომ იგი მასაზრდოებს მე, და იმიტომ, რომ მეც ვასაზრდოებ მას.
ახლა კი, არასიდან გამობრუნებული, უფრო მეტად ვეკუთვნი ჩემს ავიაჯგუფს, ვიდრე ოდესმე. მე  კიდევ ერთი ძაფით დავუკავშირდი მას. ჩემს გულში განმტკიცდა ერთობის გრძნობა, რომლითაც მხოლოდ სიჩუმეში შეგიძლია დატკბე. იზრაელმა და გავუალმა უარესი განსაცდელი გამოიარეს, ვიდრე მე. იზრაელი აღარ დაბრუნდა. მეც მხოლოდ სასწაულმა გადამარჩინა დღეს. და სწორედ ამიტომ უფრო მეტი უფლება მაქვს, მათ სუფრას მივუჯდე და მათთან ერთად ვდუმდე. ეს უფლება ძალიან ძვირადაა მოპოვებული. მაგრამ იგი ღირს ამად: ეს `არსებობის~ უფლებაა. აი რატომ წავაწერე ამ წიგნს ასე უყოყმანოდ... ეს წარწერა არაფერს აფუჭებდა.
ახლა წინასწარ ვწითლდები იმის გაფიქრებაზე, როგორ დამებმება ენა, როცა მაიორი ალიასი შესრულებული დავალების ამბავს გამომკითხავს. მე შემრცხვება. მაიორი კი გაიფიქრებს, რომ ცოტა წავისულელებ. ჩემს წიგნებზე ჩამოვარდნილი საუბრის  დროს კი იმიტომ არ მრცხვენია, რომ მთელი ბიბლიოთეკაც რომ დამეწერა, მაინც ვერ მიხსნიდა იმ სირცხვილისაგან, რომელიც მემუქრებოდა. და ეს სირცხვილი ყალბი არ არის. მე არ ვეკუთვნი იმ სკეპტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ზოგჯერ ნებას აძლევენ თავიანთ თავს, გულისამაჩუყებელი წესის შესრულებაში მიიღონ მონაწილეობა. არც იმ ქალაქელთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც სოფლელის როლს თამაშობენ შვებულების დროს. მე იმიტომ გავფრინდი არასში, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ კეთილსინდისიერად ვთამაშობ. მე საკუთარ სხეულს ვწირავდი. მთელ სხეულს. და მოგების იმედი არ მქონდა. მე ყველაფერი შევწირე ამ თამაშის წესების შესრულებას, რისი შეწირვაც კი შემეძლო, რომ ეს წესები რაღაც უფრო დიდი გამხდარიყო, ვიდრე უბრალო თამაშის წესებია. და მე მოვიპოვე იმის უფლება, რომ ენის ბორძიკით ვუპასუხო მეთაურის შეკითხვებს. იმის უფლება, რომ მონაწილე ვიყო. იმის უფლება, რომ დაკავშირებული ვიყო ჩემიანებთან. იმის უფლება, რომ მათი ნაწილი ვიყო. იმის უფლება, რომ მივიღო და გავცე. იმის უფლება, რომ საკუთარ თავზე მეტი ვიყო. და იმის უფლება, რომ მთლიანად მიეცე იმ გრძნობას, რითაც არის აღსავსე შენი არსება. ისეთი სიყვარულით მიყვარდეს ამხანაგები, რომელიც გარედან მონაბერ ქარს არა ჰგავს და არ საჭიროებს სიტყვიერ გამოხატულებას, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც გამოსათხოვარ სუფრას ვუსხედვართ და, ღვინო რომ მოგვეკიდება, ისე ვიხრებით ერთმანეთისკენ, როგორც ნაყოფით დამძიმებული ხე. ჩემი სიყვარული ავიაჯგუფისადმი არ საჭიროებს გარეგნულ გამოხატულებას. იგი მხოლოდ კავშირებისგან შედგება. იგი თვითონ ჩემი არსია. მე მას ვეკუთვნი, მე მისი ნაწილი ვარ. ეს არის და ეს.
ჩემს ავიაჯგუფზე რომ ვფიქრობ, არ შემიძლია ოშედე არ მოვიგონო. მე შემეძლო მეამბნა მის მამაცობაზე, მაგრამ სასაცილო გამოვჩნდებოდი საკუთარ თვალში. საქმე სიმამაცე არაა. ოშედემ მთლიანად მიუძღვნა თავი ამ ომს. იქნებ მეტადაც, ვიდრე რომელიმე ჩვენგანმა. ოშედე ყოველთვის იმ სულიერ სიმაღლეზეა, რომლის მიღწევასაც ამდენი ძალ-ღონე შევალიე. მე ვილანძღებოდი, გასაფრენად რომ ვემზადებოდი, ოშედე არასოდეს ილანძღება. ოშედემ მიაღწია იმას, რისკენაც ჩვენ მხოლოდ მივისწრაფვით, იმ სიმაღლეს, სადაც მე ვისურვებდი მისვლას.
ოშედე ყოფილი სერჟანტია, მან მხოლოდ ახლახან მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება. და, რაღა თქმა უნდა, მაინცდამაინც განათლებული არ არის. იგი ვერ შეძლებდა, რამე ეამბა საკუთარ თავზე, მაგრამ იგი მკვიდრად არის ნაგები და შეუვალია. სიტყვა `მოვალეობა~, როდესაც ოშედეზეა ლაპარაკი, მთელ თავის მაღალფარდოვნებას კარგავს. ყველა ისურვებდა, ისე ასრულებდეს თავის მოვალეობას, როგორც მას ოშედე ასრულებს. ოშედეს მოგონებაზე მრცხვენია ჩემი ურიცხვი წვრილმანი დაუდევრობისა, სიზარმაცისა და ყველაზე მეტად იმ წუთებისა, როდესაც ეჭვები მიპყრობს. მე ჩემს ღირსებაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, მშურს ოშედესი. მე ვისურვებდი ისე მეარსება, როგორც ოშედე არსებობს. მშვენიერია ხე, რომელსაც მაგრად აქვს გადგმული მიწაში ფესვები. და ასეთივე მშვენიერია ოშედეს სიმტკიცე. ოშედე არასოდეს გაგიცრუებს იმედს.
ამიტომ მე არაფერს გიამბობთ ოშედეს სამხედრო დავალებებზე. მიფრინავდა თუ არა იგი ნებაყოფლობით? ჩვენ ყველანი მუდამ ნებაყოფლობით მივფრინავთ ყველა დავალების შესრულებისას. ჩვენ ბიძგს გვაძლევს ქვეშეცნეული მოთხოვნილება საკუთარი თავის გამოცდისა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ცდილობ, საკუთარ თავზე ცოტათი მეტი მაინც იყო. ოშედესთვის კი მოხალისედ ყოფნა სრულიად ბუნებრივია. იგი და ეს ომი — ერთი მთლიანობაა. და ეს ისე ბუნებრივია, რომ, როდესაც ეკიპაჟის გაწირვაა საჭირო, მეთაური, უწინარეს ყოვლისა, ოშედეს მიმართავს: `მითხარით, ოშედე...~ ოშედესთვის ომი იგივეა, რაც ბერისთვის სარწმუნოება. რისთვის ომობს ოშედე? თავისი თავისთვის. იგი შერწყმულია რაღაც არსთან, რომელსაც თვითონვე ასახიერებს, რომელსაც საფრთხე ემუქრება და რომელიც უნდა გადაარჩინო. ამ დონეზე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვარი თითქმის ქრება. ოშედესთვის უკვე გაქრა ეს საზღვარი. მას არ ეშინია სიკვდილისა, მაგრამ, იქნებ ვერც კი გრძნობს, რომ არ ეშინია. უნდა იცოცხლო და მოკვდე იმისთვის, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო... მის თვალში მცნებები — `სიცოცხლე~ და `სიკვდილი~ — არ გამორიცხავენ ერთმანეთს.
მაგრამ ყველაზე მეტად იმ შიშმა გამაოცა, რომელიც მან უეცრად გამოამჟღავნა, როდესაც გავუალმა სიჩქარის გამომთვლელი ქრონომეტრი სთხოვა.
— ვერა... ბატონო ლეიტენანტო... არ შემიძლია...
— ყეყეჩო! ათი წუთი მინდა მხოლოდ, რეგულირებისთვის...
— მაგრამ, ლეიტენანტო, ესკადრილიის საწყობშიაც აქვთ ზუსტად ასეთივე ქრონომეტრი...
— აქვთ! მაგრამ უკვე ორი თვეა, რაც ორ საათსა და შვიდ წუთზეა გაჩერებული!
— ისეთ რამეს, ბატონო ლეიტენანტო, როგორიცაა ქრონომეტრი... არ ანათხოვრებენ... მე ვალდებული არა ვარ, ჩემი ქრონომეტრი მოგცეთ... ამის მოთხოვნა თქვენ ჩემგან არ შეგიძლიათ!
სამხედრო დისციპლინას და მეთაურის ხარისხის პატივისცემას შეუძლია აიძულოს ოშედე, რომელიც ეს-ესაა დაეშვა ალმოდებული თვითმფრინავით და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, ხელადვე გადაჯდეს მეორე თვითმფრინავში და ისევ გაემართოს ახალ, უფრო სახიფათო დაზვერვაზე... მაგრამ იგი დაუდევარ ხელს არავის შეახებინებს თავის დიდებულ ქრონომეტრზე, რომელშიც სამი თვის ხელფასი გადაიხადა და რომელსაც დედური მზრუნველობით მართავს ყოველ საღამოს. საკმარისია შეხედო, როგორ ეპყრობა ადამიანი ნივთს, რომ ხელადვე მიხვდე, იცის თუ არა მან მისი ფასი.
და როდესაც ოშედე, რომელმაც გაიმარჯვა ამ ორთაბრძოლაში და აიძულა მოწინააღმდეგე, პატივი ეცა მისი უფლებებისთვის, აღშფოთებისგან ლოყებშეფაკლული გამოვიდა ესკადრილიის შტაბიდან თავისი ქრონომეტრით, რომელიც გულში ჩაეკრა, მინდოდა გადამეკოცნა იგი. იმ წუთებში მე ოშედეს სულის საგანძური გადამეშალა თვალწინ. იგი იბრძოლებს თავისი ქრონომეტრისთვის. მისი ქრონომეტრი არსებობს. მისი სამშობლოც არსებობს. იგი მოკვდება თავისი სამშობლოსთვის. და არსებობს ოშედე, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. იგი ურიცხვი კავშირებისგანაა შექმნილი და ყველა ეს ძაფი ქვეყნიერებასთან აკავშირებს მას.
აი რატომ მიყვარს ოშედე, მაგრამ არა მაქვს სურვილი, ამაზე ველაპარაკო მას. მე დავკარგე გიომე, რომელიც რეისის დროს მოკლეს — ჩემი საუკეთესო მეგობარი — მაგრამ ვერიდები მასზე ლაპარაკს. ისა და მე ერთსა და იმავე ხაზებზე დავფრინავდით და ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ჩვენ ერთი ჯურისანი ვიყავით. მე ნაწილობრივ მოვკვდი მასთან ერთად. გიომე ჩემი დუმილის მონაწილედ ვაქციე. მე გიომეს ნაწილი ვარ.
მე გიომეს ნაწილი ვარ, მე გავუალის ნაწილი ვარ, მე ოშედეს ნაწილი ვარ. მე 2/33 ავიაჯგუფის ნაწილი ვარ. მე ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი. და ყველა ჩემი ავიაჯგუფელი მას ეკუთვნის.

XXIII
ძალიან გამოვიცვალე! მე მიმძიმდა ამ დღეებში, მაიორო ალიას! ამ დღეებში, როცა შეჯავშნული ურდოები უკვე აღარავითარ წინააღმდეგობას აღარ ხვდებოდნენ და განწირული დავალებები ოცდასამიდან ჩვიდმეტ ეკიპაჟად დაუჯდა 2/33 ავიაჯგუფს. ჩვენ, და თქვენ პირველმა ჩვენ შორის, თანხმობა განვაცხადეთ გვეთამაშა სასიკვდილოდ განწირულთა როლი შარადაში. ო, როგორ მიმძიმდა, მაიორო ალიას, და როგორ ვცდებოდი.
ჩვენ დავებღაუჭეთ — და თქვენ, პირველი ჩვენ შორის — მოვალეობის კარნახს, რომლის აზრიც უკვე აღარ გვინათებდა. და თქვენ ინტუიციით მოითხოვდით ჩვენგან არა გამარჯვებას — ეს შეუძლებელი იყო — არამედ ჩვენი რაობის განმტკიცებას. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, მშვენივრად იცოდით, რომ ჩვენი დაზვერვით მიღებულ ცნობებს ვერავის გადავცემდით. მაგრამ თქვენ იმ კულტის გადარჩენისთვის იღვწოდით, რომლის მნიშვნელობაც დაფარული იყო. და თქვენ სერიოზულად გვეკითხებოდით — თითქოს ჩვენს პასუხს რამე სარგებლობის მოტანა შეეძლო — ტანკების პარკებზე, კარჭაპებზე, სატვირთო მანქანებზე. სადგურებზე და სადგურებზე მდგარ მატარებლებზე. ზოგჯერ თქვენ შეურაცხმყოფელ უნდობლობასაც კი იჩენდით ამ დროს:
— დიახ! დიახ! მფრინავსაც მშვენივრად შეუძლია თვალყურის დევნება. და თქვენ მართალი იყავით, მაიორო ალიას.
არასისკენ რომ მივფრინავდი, პასუხისმგებლობა ვიკისრე იმ ბრბოს ბედზე, რომელიც ჩემ ქვემოთ იყო. მე მხოლოდ მათთან ვარ დაკავშირებული და ჩემთვის გასაგებია ის, ვისთანაც ვარ დაკავშირებული. მე მხოლოდ იმდენად ვარსებობ, რამდენადაც ჩემი ფესვების წვენი მასაზრდოებს. მე ამ ბრბოს განუყოფელი ნაწილი ვარ. ეს ბრბო ჩემი განუყოფელი ნაწილია. საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სიჩქარით, ორას მეტრ სიმაღლეზე. ახლა, როდესაც ღრუბლებიდან გამოვედი, მე ვუერთდები ამ ბრბოს, როგორც მწყემსი, რომელიც თვალის ერთი გადავლებით ხვდება, რამდენი სული ჰყავს, და თავს უყრის და აგროვებს ფარას. და ეს ბრბო უკვე აღარ არის ბრბო: ეს ხალხია. მაშ რატომღა უნდა გადავიწურო იმედი?
რღვევისა და ნგრევის მიუხედავად, საზეიმო და ღრმა სიხარული მეუფლება. თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს ვეზიარე. მე ჩაფლული ვარ ამ ნგრევაში და მაინც გამარჯვებულად მიმაჩნია თავი. და რომელ ჩვენს ამხანაგს არ მიაჩნია დავალებების შესრულების შემდეგ თავი გამარჯვებულად? კაპიტანმა პენიკომ თავის დილანდელ გაფრენაზე მიამბო: `როცა შევნიშნავდი, რომ რომელიმე ავტომატური ქვემეხი მეტისმეტად ზუსტად მიმიზნებდა, პირდაპირ მივექანებოდი ამ ქვემეხისკენ სრული სიჩქარით, მცირე სიმაღლიდან ვაფრქვევდი ტყვიებს და პირწმინდად ვაქრობდი მოწითალო ალს, როგორც ქარი აქრობს ხოლმე სანთელს. სეკუნდის მეათედში ქარაშოტივით გადავუქროლებდი თავზე... გეგონებოდა, ქვემეხი აფეთქდაო! მსროლელები თავ-პირის მტვრევით გარბოდნენ. ასე მეგონა, თითქოს კეგლს ვთამაშობდი~. პენიკო იცინოდა. პენიკო მხიარულად იცინოდა. პენიკო — ძლევამოსილი კაპიტანი!
მე ვნახე, როგორ გარდაქმნა დავალებამ გავუალის მსროლელი, რომელიც მომწყვდეული აღმოჩნდა ღამით ოთხმოცი სამხედრო პროჟექტორის მიერ აღმართულ ტაძარში. და მანაც ისე გაიარა მის თავზე გადაჯვარედინებული დაშნების თაღქვეშ, როგორც ჯარისკაცმა — ქორწილში.

— შეგიძლია ოთხმოცდათოთხმეტზე გადახვიდეთ.
დიუტერტრმა ეს-ეს არის მოახერხა სენაზე ორიენტირება. მე ას მეტრამდე ვეშვები. დედამიწა საათში ხუთას ოცდაათი კილომეტრის სიჩქარით მოექანება ჩვენკენ იონჯისა და ხორბლის ვეება სწორკუთხედებით და ტყეებისა და წარაფების სამკუთხედებით. საოცარ ფიზიკურ სიამოვნებას ვგრძნობ ამ კალეიდოსკოპის შემყურე, რომელსაც თვითმფრინავის ქიმი კვეთს. ჩემ ქვემოთ სენა გამოჩნდა. როდესაც ირიბად ვკვეთ მას, იგი იმალება, თითქოს საკუთარ ღერძზე ეხვევაო. და ეს მოძრაობა ისეთივე სიამოვნებას მგვრის, როგორც მოცელილი ბალახის ცქერა, ნელა რომ წვება მოქნეულ ცელქვეშ. მოხერხებულად ვზივარ. ბატონ-პატრონად ვგრძნობ თავს ჩემს თვითმფრინავში. რეზერვუარები მთელია. მე ჭიქა კონიაკს მოვუგებ პენიკოს პოკერში და შამათს გამოვუცხადებ ლაკორდერს. აი რისი გაკეთება შემიძლია, როდესაც გამარჯვებული ვარ.
— კაპიტანო... გვესვრიან... აკრძალულ ზონაში ვართ...
თვითმფრინავის კურსი თვითონ გამოთვალა. მე აქ არაფერ შუაში ვარ.
— კარგად ისვრიან?
— რაც შეუძლიათ...
— წრე გავაკეთო?
— ო, არა...
ჩვენ უკეთ ვიცით, რა არის წარღვნა. ჩვენი საზენიტო არტილერიის ცეცხლი გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმაა მასთან შედარებით.
— მისმინეთ... დიუტერტრ... ეს ხომ სისულელე იქნება, რომ ჩვენებმა ჩამოგვაგდონ...
— ... არ ჩამოგვაგდებენ... ცოტას წაივარჯიშებენ მხოლოდ...
დიუტერტრის სიტყვებში გამწარება იგრძნობა.
მაგრამ მე არა ვარ გამწარებული. მე ბედნიერი ვარ. მე მსიამოვნებს ჩვენიანებთან გამოლაპარაკება.
— ისე ისვრიან, როგორც...
ჩვენი მსროლელი ცოცხალი ყოფილა! აქამდე მას გარკვევით ერთხელაც არ განუცხადებია ჩვენთვის თავისი არსებობა. ისე განვლო მთელი ჩვენი ეპოპეა, რომ შთაბეჭდილების გაზიარების არავითარი სურვილი არ გამოუჩენია. ქვემეხების ყველაზე ძლიერი ბათქის დროს თუ აღმოხდებოდა ზოგჯერ `ო, ლალა!~ — ეს იყო და ეს. ერთი სიტყვით, მეტისმეტ ყბედობას ვერ უსაყვედურებდა კაცი.
მაგრამ ახლა საქმე მის სპეციალობას — ტყვიამფრქვევს შეეხო. და რომელი სპეციალისტი შეინარჩუნებს სიმშვიდეს, როდესაც მის ხელობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი.

მე უნებურად ვუპირისპირებ ერთმანეთს ამ ორ სამყაროს: ჰაერისა და მიწის სამყაროს. ახლახან დიუტერტრი და მსროლელი ნებადართული საზღვრების გადაღმა გავიტაცე. ჩვენ დავინახეთ, როგორ იწვის საფრანგეთი. ჩვენ დავინახეთ, როგორ ლაპლაპებს ზღვა. ჩვენ ვბერდებოდით დიდ სიმაღლეზე. ჩვენ ისე ვიხრებოდით შორეული დედამიწისაკენ, როგორც მუზეუმის ვიტრინისაკენ. ჩვენ მტრის გამანადგურებლების ნამცეცებს ვეთამაშებოდით მზეში. ჩვენ ხანძარს ვესხმოდით თავს. ჩვენ ყველაფერს ვწირავდით. ჩვენ გაცილებით მეტი რამ შევიტყვეთ ჩვენს თავზე, ვიდრე ათი წლის ფიქრით შევიტყობდით. და აი, ბოლოს და ბოლოს, დავაღწიეთ თავი ჩვენს მრავალწლიან განდეგილობას...
გზაზე კი, იმ გზაზე, რომელსაც მაშინაც გადავუფრინეთ თავს, არასისკენ რომ მივდიოდით, ისევ ვხედავთ ლტოლვილების ქარავანს, რომელსაც დიდი-დიდი, ხუთასიოდე მეტრი თუ ექნება გავლილი. და, ვიდრე ისინი გაფუჭებულ მანქანას გადაათრევენ გზის პირას ან ბალონს გამოცვლიან, ანდა უძრავად ისხდებიან მანქანის საჭესთან ავარიის ნამსხვრევებისგან გზის გაწმენდის მოლოდინში, ჩვენ ბაზაში დაბრუნებას მოვასწრებთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ მთელი უკანდასახევი გზა. ჩვენ წმინდა ქალაქისკენ მიმავალ იმ მლოცველებს ვგავართ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არ იტანჯებიან უდაბნოში, სადაც მათ ძნელი და გრძელი გზა უძევთ წინ, რომ გულით უკვე წმინდა ქალაქში არიან.
ღამე თავის ცივ თაღქვეშ შეკრებს ამ ფარას. ვის უნდა შესთხოვონ დახმარება? ჩვენ კი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული: ამხანაგებთან მივიჩქარით და, ასე მგონია, თითქოს ზეიმზე მივფრინავთ. უბრალო ქოხი, თუ იგი შორიდან გინათებს, ზამთრის ყველაზე სუსხიან ღამესაც კი შობა ღამედ გიქცევს. ჩვენ გულღიად დაგვხვდებიან იქ, სადაც მივიჩქარით. ჩვენ იქ საღამოს ტრაპეზს ვეზიარებით.
დღეისთვის კი კმარა თავგადასავალი: ბედნიერი ვარ და დავიღალე. მე მექანიკოსებს მივუტოვებ თვითმფრინავს, რომელიც კიდევ რამდენიმე ნახვრეტით გამდიდრდა, გავიხდი მძიმე საფრენოსნო ტანსაცმელს და, ვინაიდან პენიკოსთან ჭიქა კონიაკზე პოკერის თამაში უკვე მეტისმეტად გვიანია, უბრალოდ მივუჯდები ვახშამს ამხანაგებთან ერთად...
ჩვენ ვიგვიანებთ. დაგვიანებულები კი, ჩვეულებრივ, არ ბრუნდებიან... აგვიანებენ?.. ძალიან გვიანაა? რა გაეწყობა! ღამე მარადისობაში ისვრის მათ. ვახშმობის დროს ავიაჯგუფი თავის დანაკარგს ითვლის.
დაკარგულები უკეთესნი ხდებიან მოგონებისას. მათ სამუდამოდ ამკობენ მათი ყველაზე უფრო ნათელი ღიმილით. მაგრამ ჩვენ უარს ვიტყვით ამ უპირატესობაზე. ჩვენ დაუკითხავად შევიჭრებით სასადილო ოთახში ცოდვილი ანგელოზების ან ბრაკონიერების მსგავსად. მაიორი ვერ მოასწრებს ლუკმის პირში ჩადებას. შემოგვხედავს და ალბათ იტყვის: `აა!.. თქვენც აქა ხართ...~ ამხანაგები კი ხმას არ ამოიღებენ და მხოლოდ ოდნავ შეგვავლებენ თვალს.
იყო დრო, როდესაც დიდებს მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემდი. და ვცდებოდი. ადამიანი არასოდეს ბერდება, მაიორო ალიას! დაბრუნების წუთებში დიდიც ისეთივე წმინდაა, როგორც ბავშვი. `აი შენც აქა ხარ, ჩვენო ამხანაგო...~ და კდემამოსილება გაიძულებს, დუმდე.
მაიორო ალიას, მაიორო ალიას!.. ეს გრძნობა თქვენთან ერთობისა, რომელსაც მე განვიცდი, იგივეა, რაც ცეცხლი უსინათლოსთვის. უსინათლო ჯდება და ხელებს უშვერს ცეცხლს. მაგრამ თვითონაც არ იცის, რა ჰგვრის ამ სიხარულს. დაზვერვიდან დაბრუნებისას ჩვენ უხილავ ჯილდოს მოველით, რომელიც სიყვარულია და სხვა არაფერი.
ჩვენ ვერც კი მივმხვდარვართ, რომ ეს სიყვარულია. სიყვარული, რომელიც ჩვენ, ჩვეულებრივ, წარმოგვიდგენია, უფრო ხმაურიანია. მაგრამ აქ ნამდვილი სიყვარული გველოდება: ერთიანობა, რომელიც ადამიანებად გვხდის.

XXIV
მე შევეკითხე ჩემს ფერმერს იმ ხელსაწყოების რაოდენობაზე, რომლითაც თანამედროვე მფრინავი სარგებლობს.
— მე არაფერი გამეგება თქვენი მეურნეობისა, — მომიგო ფერმერმა. — ხოლო რაც შეეხება ხელსაწყოებს, ვფიქრობ, მას რაღაც ნაწილები აკლია, სწორედ ის ნაწილები, რომელთა შემწეობითაც ომი უნდა მოგვეგო... ხომ არ ივახშმებთ ჩვენთან?
— მე უკვე ვივახშმე.
მაგრამ მაინც დამსვეს სუფრასთან ფერმერის ძმისწულ გოგონასა და დიასახლისს შუა.
— აბა, ძმისწულო, ცოტა გაიწი... ადგილი დაუთმე კაპიტანს.
და მე ვგრძნობ, რომ მარტო ამხანაგებთან არა ვარ დაკავშირებული. მათი მეშვეობით მე მთელ ჩემს ქვეყანას ვუკავშირდები. საკმარისია სიყვარული აღმოცენდეს, და იგი უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს.
ფერმერი მდუმარედ გვირიგებს პურს. მთელი დღის ზრუნვამ და ჯაფამ კეთილშობილური და მკაცრი სიდიადე მიანიჭა მას. ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად ასრულებს საღმრთო წესს — უკანასკნელად არიგებს თავისი ოჯახის სუფრაზე პურს.
მე ირგვლივ გადაშლილ მინდვრებზე ვფიქრობ, რომლებმაც ეს პური შობეს. ხვალ აქაურობას მტერი დაიპყრობს. ო, არა, შეიარაღებული ადამიანების არავითარი ნიაღვარი არ მოედება ამ მინდვრებს! დედამიწა დიდია. და მტრის შემოსევაც აქ ალბათ განმარტოებული გუშაგის სახით გამოიხატება — თვალუწვდენელ სივრცეზე ხორბლის ყანის საზღვართან მიკარგული ამ პატარა რუხი ლაქის სახით. გარეგნულად არაფერი შეიცვლება, მაგრამ ადამიანისთვის ერთი პატარა ნიშანიც კმარა, რომ ყველაფერი გადასხვაფერდეს.
ქარის ქროლა ხორბლის ყანაში ზღვაზე ამოვარდნილ ქარს მოგვაგონებს. მაგრამ ყანაში ამოვარდნილი ქარი უფრო შესამჩნევ კვალს ავლებს, იგი თითქოს მომავალი მოსავლის რაოდენობას ითვლის, თითქოს სურს დარწმუნდეს, რომ მომავალი საიმედოა. ასე ეფერება ხოლმე ქმარი ცოლს, მშვიდად რომ უსვამს თმაზე ხელს.
და აი ეს პური ხვალ სხვანაირი გახდება. პური მარტო სხეულის საზრდო არაა. იგი სხვა რამეც არის. სულ სხვა რამაა, ადამიანი ასაზრდოო, და სულ სხვა — პირუტყვი გამოკვებო. რამდენ დანიშუნლებას ასრულებს პური! ჩვენ პური ადამიანთა ერთობის საშუალებად მიგვაჩნია იმ პურის წყალობით, რომელიც საერთო სუფრაზე ტყდება. ჩვენ პურში შრომის სიდიადის სიმბოლოს ვხედავთ, იმიტომ, რომ იგი ოფლითაა მოპოვებული. ჩვენ პურს თანაგრძნობის წინამძღვრად ვთვლით იმ პურის წყალობით, რომელსაც გაჭირვების დროს გვიწვდიან. გაზიარებული პურის სიტკბოს არაფერი შეედრება ქვეყნად... და ახლა საფრთხეშია ამ სულიერი საზრდოს, ამ სულიერი პურის მთელი ძალა... ხვალ ჩემი ფერმერი, პურს რომ გატეხს, იქნებ აღარ იყოს ამ საოჯახო კულტის მსახური. ხვალ პურმა იქნებ ვეღარ აანთოს ასეთივე სინათლე თანამესუფრეთა თვალებში. პური ხომ იგივეა, რაც ზეთი კანდელში. იგი სინათლედ უნდა იქცეს.
მე ფერმერის ძმისწულს შევყურებ — იგი ძალიან ლამაზია — და ჩემს თავს ვეუბნები: პური, რომელიც ამ გოგონას ასაზრდოებს, სევდიან სილამაზედ ქცეულა. კდემამოსილებად ქცეულა. დუმილის სიტკბოებად ქცეულა. და აი ამ პურმა, თუნდაც მან წინანდებურად ასაზრდოოს სანათი, იქნებ ვეღარ გამოასხივოს ეს სინათლე იმ რუხი ლაქის გამო, რომელიც ხორბლის უსაზღვრო ზღვის კიდეზე გამოჩნდება. შეიცვლება ამ პურის არსი.
რომ ვიბრძოდი, ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს სინათლე გადამერჩინა, და არა სხეულის საზრდო. მე იმ განსაკუთრებული სხივისთვის ვიბრძოდი, რომელსაც პური გამოსცემს ჩემი ქვეყნის ოჯახებში. და ახლა, ამ გულდახურულ გოგონას რომ შევყურებ, ყველაზე მეტად მისი სულიერი სახე მაღელვებს, მისი სახის ნაკვთების მიუწვდომელი ჰარმონია, ფურცელზე აღბეჭდილი ლექსი და არა თვით ფურცელი.
მან იგრძნო, რომ თვალს ადევნებდნენ, თავი ასწია და შემომხედა. მომეჩვენა, თითქოს გამიღიმა კიდეც... და ეს ნიავის ქროლას ჰგავდა წყლის გამჭვირვალე ზედაპირზე. გული ამითრთოლდა. მე სულის ფარული სიახლოვე ვიგრძენი, სულისა, რომელიც მხოლოდ ამ სახლს ეკუთვნის. მე სიმშვიდით ვტკბები და ვფიქრობ: `აი როგორი ყოფილა დუმილის სამეფოს სიმშვიდე-მეთქი~. 
მე მწიფე პურის სინათლე ვიხილე.

გოგონას სახემ ისევ მიიღო ჩვეულებრივი გამომეტყველება, ისევ დაინთქა თავის ღრმა საიდუმლოებაში. ფერმერის ცოლი ოხვრით იცქირება აქეთ-იქით და დუმს. ფერმერი კი, რომელიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, თავის ფიქრებში დანთქმულა. და ამ სამი ადამიანის დუმილში იმალება შინაგანი სიმდიდრე, რომელიც საფრთხეშია, ისევე როგორც მათი სოფლის მთელი სიმდიდრე.

და მე საოცარი სიცხადით ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ უხილავი განძეულისთვის. მე მივდივარ. ნელა მივაბიჯებ გზაზე. თან მიმაქვს ეს საამო ტვირთი, თითქოს მძინარე ბავშვი მყავდეს მკლავზე გადაწვენილი.
მე ჩემს თავს აღვუთქვი ეს საუბარი ჩემს სოფელთან. და ახლა არაფერი მაქვს სათქმელი. მე იმ ნაყოფად ვგრძნობ თავს, რომელიც მტკიცედაა დაკავშირებული ხესთან და რომელზედაც ამ რამდენიმე საათის წინ ვფიქრობდი, როცა შიშმა გამიარა. მე, უბრალოდ, ყველა ჩემიანთან ვარ დაკავშირებული. მე მათი ვარ, ისევე როგორც ისინი — ჩემი. როცა ჩემი ფერმერი პურს გვირიგებდა, იგი არაფერს იძლეოდა. იგი მხოლოდ გვიყოფდა და გვიცვლიდა. ერთი და იგივე პური შემოვიდა ჩვენს არსებაში და ჩვენს არსებად იქცა. მაგრამ ფერმერი არ გაღარიბებულა, იგი გამდიდრდა, რადგან მისი პური უკეთესი გახდა — იგი საერთო სუფრის პურად იქცა. დღეს დილით, დავალებას რომ ვასრულებდი, მე არაფერს ვაძლევდი მათ, ვისი გულისთვისაც მივფრინავდი. ჩვენ—ჩვენი ავიაჯგუფი — არაფერს ვაძლევთ მათ. ჩვენ მხოლოდ იმ მსხვერპლის ნაწილი ვართ, რომელიც მათ ამ ომში გაიღეს. მე მესმის, რატომ ომობს ოშედე ასე უბრალოდ, მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე, ისე უბრალოდ, როგორც მჭედელი, რომელიც თავისი სოფლისთვის მუშაობს. `ვინა ხართ?~ — `სოფლის მჭედელი ვარ~. მჭედელი შრომობს და იგი ბედნიერია.
და თუ ახლა, როდესაც ისინი სასოწარკვეთილნი არიან, მე იმედითა ვარ აღსავსე, მაინც არაფრით განვსხვავდები მათგან. მე მხოლოდ მათი იმედის ნაწილი ვარ. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, დავმარცხდით. ყველაფერი მოირყა.  ყველაფერი ინგრევა. მაგრამ მე კვლავ გამარჯვებულის სიმშვიდითა ვარ მოცული. ჩემს სიტყვებში წინააღმდეგობაა? მიმიფურთხებია სიტყვებისთვის. მე პენიკოს, ოშედეს, ალიასსა და გავუალს ვგავარ. ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ — რატომ ვთვლით თავს გამარჯვებულად. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას. და შეუძლებელია პასუხისმგებლობას გრძნობდე და სასოწარკვეთილი იყო.
დამარცხება... გამარჯვება... მე ცუდად ვერკვევი ამ ფორმულებში. არის გამარჯვებები, რომლებიც აღაფრთოვანებენ, და გამარჯვებები, რომლებიც ამდაბლებენ. ზოგ დამარცხებას დაღუპვა მოაქვს, ზოგს კი — სიცოცხლის გამოღვიძება. სიცოცხლე მოქმედებაში გამოიხატება და არა მდგომარეობაში. ერთადერთი გამარჯვება, რომელშიაც მე ეჭვი არ მეპარება, ის გამარჯვებაა, რომელიც მარცვლის უძლეველ ძალაშია მოქცეული. ნოყიერ ნიადაგში მოხვედრილი მარცვალი უკვე გამარჯვებულია. მაგრამ დროა საჭირო, რომ მწიფე თავთავში იზეიმოს.
დღეს დილით ჩვენ მხოლოდ დამარცხებული არმია და დაბნეული ბრბო ვიხილეთ. მაგრამ დაბნეული ბრბო, თუ მასში არის თუნდაც ერთი ადამიანი, ვის შეგნებაშიაც ეს ბრბო შეკავშირებულია, აღარ არის დაბნეული ბრბო. მშენებლობაზე მიზიდული ქვები უწესრიგოდ დაყრილ გროვად ეჩვენება ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს არაა ქვების უწესრიგო გროვა, თუ მშენებლობაზე არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მომავალ ტაძარს ხედავს. მე მშვიდად ვარ, თუ მინდორში დაყრილი ნაკელის ქვეშ მარცვალია მოქცეული. მარცვალი შეიწოვს მის წვენს და ღვივდება.
ის, ვინც განჭვრეტამდე ამაღლდა, მარცვალი ხდება. ის, ვინც რაიმე ჭეშმარიტებას ჩასწვდა, ხელით მიათრევს მეორეს, რომ  ეს ჭეშმარიტება გაუზიაროს. ის, ვინც რამე გამოიგონა, ცდილობს საჩქაროდ ამცნოს ადამიანებს თავისი გამოგონება. მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა ისეთი ადამიანი, როგორიცაა ოშედე, როგორ გამოხატავს იგი თავის ზრახვებს, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე ვიცი, რომ იგი თავის მშვიდ რწმენას გადასცემს ირგვლივ მყოფთ.
ახლა მე უკეთ ვწვდები გამარჯვების არსს: ის, ვინც წინასწარვე ეძებს მნათეს ან მეკარის ადგილს მომავალ ტაძარში — უკვე დამარცხებულია. ის კი, ვინც გულით ატარებს მომავალი ტაძრის ხატებას — გამარჯვებული. გამარჯვება სიყვარულის ნაყოფია. მხოლოდ სიყვარულის წინაშე ვლინდება ჯერ კიდევ გამოუქანდაკებელი ქანდაკების მოხაზულობა. მხოლოდ სიყვარული წარმართავს მოქანდაკის საჭრეთელს. გონება კი მხოლოდ მაშინ იძენს ფასს, როდესაც სიყვარულს ემსახურება.
მოქანდაკე მომავალ ქმნილებას დაატარებს გულით, მაშინაც კი, როდესაც არ იცის, როგორ გამოძერწავს მას. თითის ერთი დაჭერიდან მეორემდე, შეცდომიდან შეცდომამდე, წინააღმდეგობიდან წინააღმდეგობამდე იგი აუცილებლად შექმნის უფორმო თიხისგან თავის ქმნილებას. არც გონებას და არც ინტელექტს არა აქვს შემოქმედების უნარი. თუ მოქანდაკეს მხოლოდ ცოდნა და ინტელექტი აქვს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხელები გენიოსის ხელებია.
ჩვენ ძალიან დიდხანს ვცდებოდით ინტელექტის როლის შეფასებისას. არაფრად ვაგდებდით ადამიანის არსს. გვეგონა, რომ მდაბალი სულის ადამიანების ვერაგულ ხრიკებს შეუძლია ხელი შეუწყოს კეთილშობილური საქმის გამარჯვებას, რომ მოხერხებულ ეგოიზმს შეუძლია თავგანწირულება გამოიწვიოს, რომ გულქვაობას და ამაო ლაყბობას ძმობის და სიყვარულის დამყარება ძალუძს. ჩვენ არაფრად ვაგდებდით არსს. კედარის თესლი ადრე თუ გვიან კედრად იქცევა. კვრინჩხის თესლი კი — კვრინჩხად. ამიერიდან მე უარს ვამბობ განვსაჯო ადამიანები იმ საბუთების მიხედვით, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებს ამართლებს. სიტყვების გულწრფელობის გამოცნობა ძალიან ძნელია, ისევე როგორც საქციელის ნამდვილი მიზნის გამოცნობა. ადამიანი შინისკენ მიდის: მე არ ვიცი, რა მიაქვს მას იქ — ნაგავი თუ სიყვარული. მე უნდა შევეკითხო ჩემს თავს: `ეს რა ადამიანია?~ და მხოლოდ მაშინ გახდება ჩემთვის ცხადი, რისკენ მიუწევს გული და სად მიდის. ყოველი ადამიანი ბოლოს და ბოლოს მიდის იქ, საითკენაც გული მიუწევს.
მზისგან გამთბარი ყლორტი ყოველთვის იკაფავს გზას ქვიან ნიადაგში. წმინდა ლოგიკოსი კი, თუ მას არავითარი მზე არ იზიდავს, პრობლემების ქაოსში გაიხლართება. მე ყოველთვის მემახსოვრება გაკვეთილი, რომელიც მტრისგან მივიღე. რა მიმართულებით უნდა მიიწევდეს სატანკო კოლონა, რომ მოწინააღმდეგის ზურგი დაიპყროს? არ ვიცი. რას უნდა წარმოადგენდეს სატანკო კოლონა? იგი უნდა წარმოადგენდეს ზღვას, რომელიც ჯებირს აწვება. 
რა უნდა გააკეთო? აი ეს. ანდა სრულიად საწინააღმდეგო რამ. ან კიდევ სხვა რაღაც. არავითარი წინასწარდასახულობა არ არსებობს. რა უნდა იყო? აი მთავარი კითხვა. იმიტომ, რომ მხოლოდ სული ანაყოფიერებს გონებას. მხოლოდ სული თესავს გონებაში მომავალი ქმნილების თესლს. დანარჩენს კი გონება აგვირგვინებს. რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ პირველი გემი ააგოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეტისმეტად რთული იქნებოდა. გემი ათასი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცდისგან იბადება. მაგრამ ვინ უნდა იყოს მისი შემქმნელი? და აქ მე ვუახლოვდები შემოქმედების სათავეებს. მისი შემქმნელი ან ვაჭარი უნდა იყოს, ან ჯარისკაცი, რადგან მხოლოდ შორეული მოგზაურობის მოყვარული ადამიანი აღაფრთოვანებს ამ საქმისთვის მექანიკოსებს, შეაგროვებს მუშებს და ერთ მშვენიერ დღეს ზღვაში შეაცურებს თავის გემს! რა უნდა მოიმოქმედო, რომ მთელი ტყე გააქრო? ო, ეს ძალიან ძნელია... ეს რომ შეძლო, ხანძარი უნდა იყო!
ხვალ ჩვენ ღამეში დავინთქმებით. ოღონდ კი შეძლოს ჩემმა ქვეყანამ და გათენებამდე გაძლოს! რა უნდა მოიმოქმედო, რომ გადაარჩინო იგი? როგორ უნდა იპოვო ამ ამოცანის უბრალო ამოხსნა? მას წინააღმდეგობა ეღობება. აუცილებელია სულიერი მემკვიდრეობის გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის სული დაიღუპება. აუცილებელია ხალხის გადარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მემკვიდრეობა დაიღუპება. ლოგიკოსები, რაკი ამ წინააღმდეგობის სიტყვიერ შერიგებას ვერ შეძლებენ, თანახმანი გახდებიან ან სული გაწირონ, ან სხეული. მიმიფურთხებია ლოგიკოსებისთვის! მე მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ სულითაც და ხორცითაც მიაღწიოს განთიადამდე. და ჩემი  სამშობლოს საკეთილდღეოდ რომ ვიმოქმედო, ვალდებული ვარ ყოველ წუთს მივისწრაფოდე ამისკენ მთელი ჩემი სიყვარულით. ზღვა აუცილებლად გაიკვლევს გზას იქითკენ, საითკენაც მიიწევს.
მე არც ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი გადარჩენაში. ახლა ჩემთვის უფრო გასაგებია სახე ბრმისა, რომელიც ცეცხლისკენ მიდის. თუ უსინათლო ცეცხლისკენ მიდის, მას ცეცხლის მოთხოვნილება გასჩენია. და ცეცხლი უკვე წარმართავს მას. თუ უსინათლო ცეცხლს ეძებს — ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე იპოვა იგი. მოქანდაკემ უკვე შექმნა თავისი ქმნილება, თუ მას გული თიხისკენ მიუწევს. ჩვენც ასე ვართ. ჩვენ ჩვენი კავშირების სითბო გვათბობს და ამიტომ ვართ გამარჯვებულნი.
ჩვენ უკვე ცხადად ვგრძნობთ  ჩვენს ერთობას. იმისათვის, რომ ამ ერთობამ შეგვადუღაბოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი სიტყვიერი გამოხატულება უნდა ვიპოვოთ. ეს კი უკვე გონებისა და ენის შრომას მოითხოვს. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, ხელუხლებლად შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობის საფუძველი, ყური არ უნდა ვათხოვოთ შანტაჟს, პოლემიკას და სიტყვიერ ხაფანგებს, რომლებიც წამდაუწუმ იცვლება. და, უწინარეს ყოვლისა, არ უნდა უარვყოთ ის, რაც განუყოფელია ჩვენგან.
ამიტომაა, რომ არასიდან დაბრუნებული, იმ გაფრენიდან დაბრუნებული, რომლის დროსაც ბევრი რამ შევიგნე, ახლა მარტო ვდგავარ ღამის სიბნელეში, მესერს მიყრდნობილი, და ჩემს თავს ვუსახავ უმარტივეს წესებს, რომლებსაც არასოდეს ვუღალატებ.

რაკი მე განუყოფელი ვარ ჩემიანებისგან, არასოდეს უარვყოფ მათ, რაც არ უნდა ჩაიდინონ. მე არასოდეს გავამტყუნებ მათ უცხოთა წინაშე. ხოლო თუ მათი დაცვის საშუალება მექნება, დავიცავ. თუ ისინი შემარცხვენენ თავიანთი საქციელით, ღრმად ჩავიმარხავ გულში ამ სიცხვილს და გავჩუმდები. და რასაც უნდა ვფიქრობდე მაშინ მათზე, არასოდეს გამოვალ ბრალდების მოწმედ. ქმარი არ ივლის კარიდან კარზე და არ შეატყობინებს მეზობლებს, რომ მისი ცოლი როსკიპია. ამით იგი ვერ იხსნის თავის სახელს. იმიტომ, რომ მისი ცოლი მისი სახლის განუყოფელი ნაწილია. მისი შერცხვენით იგი ვერ გაიკეთილშობილებს თავს. მხოლოდ შინ დაბრუნებულს შეუძლია გადმოანთხიოს თავისი რისხვა.

აი რატომაა, რომ არ ვიცილებ პასუხისმგებლობას დამარცხებისთვის, რომლის გამოც ბევრჯერ მომიწევს სირცხვილის განცდა. მე განუყოფელი ვარ საფრანგეთისაგან. საფრანგეთმა რენუარები, პასკალები, პასტერები, გიიომეები და ოშედეები აღზარდა. მაგრამ მან რეგვენები, პოლიტიკანები და გაიძვერებიც გამოზარდა. მეტისმეტად იოლ საქმედ მეჩვენება სოლიდარობა განვუცხადო პირველებს და უარვყო ყოველგვარი ნათესაობა მეორეებთან.
დამარცხება თიშავს. დამარცხება ანგრევს აგებულ მთლიანობას. ჩვენ ეს სიკვდილს გვიქადის: მე არ შევუწყობ ხელს ასეთ დაყოფას, არ დავაკისრებ პასუხისმგებლობას იმ ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც ისე არ აზროვნებენ, როგორც მე. ასეთ კამათს უმსაჯულოდ არაფერთან მივყავართ. ჩვენ ყველანი დავმარცხდით. მე დავმარცხდი. ოშედე დამარცხდა. მაგრამ ოშედე სხვას არ აბრალებს დამარცხებას. იგი თავის თავს ეუბნება: `მე, ოშედე, განუყოფელი ნაწილი საფრანგეთისა, სუსტი აღმოვჩნდი. საფრანგეთი, ჩემი განუყოფელი ნაწილი, სუსტი აღმოჩნდა. მისი სისუსტე ჩემი სისუსტეა~. ოშედემ კარგად იცის, რომ, თუ მან თავისი თავი გამოაცალკევა სხვებისაგან, მარტო საკუთარ თავს განადიდებს. მაგრამ მაშინ იგი აღარ იქნება ოშედე — თავისი სახლის, თავისი ოჯახის, თავისი ავიაჯგუფის და თავისი ქვეყნის ნაწილი. იგი მხოლოდ უდაბნოში მოხეტიალე ოშედე იქნება.
თუ მე გავიზიარებ ჩემი სახლის შერცხვენას, შევძლებ გავლენა მოვახდინო მის ბედზე. იგი განუყოფელია ჩემგან, ისევე როგორც მე ვარ მისგან განუყოფელი. მაგრამ, თუ არ გავიზიარებ მის შერცხვენას, ბედის ანაბარა მიტოვებული ჩემი სახლი დაიღუპება, მე კი მარტო განვაგრძობ გზას, დიდებით მოსილი, მაგრამ მკვდარზე უფრო გამოუსადეგარი.

იმისათვის, რომ იარსებო, ჯერ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა იკისრო. სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მე ბრმა ვიყავი. მიმძიმდა, მაგრამ ახლა უფრო საღად ვმსჯელობ. მე უარს ვამბობ, ბრალი დავდო სხვა ფრანგებს, რაკი ჩემი თავი საფრანგეთის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია, და არ მესმის, როგორ შეუძლია საფრანგეთს, სხვა ქვეყნებს დასდოს ბრალი. თითოეული ყველას მაგიერ აგებს პასუხს. საფრანგეთს მთელი მსოფლიოს მაგიერ უნდა ეგო პასუხი. საფრანგეთს შეეძლო ისეთი მაგალითი ეჩვენებინა სხვა ქვეყნებისთვის, რომ გაეერთიანებინა ისინი. საფრანგეთს შეეძლო შემაერთებელ რგოლად ქცეულიყო მთელი მსოფლიოსთვის. საფრანგეთს რომ საფრანგეთის სურნელება და საფრანგეთის ბრწყინვალება შეენარჩუნებინა, იგი წინააღმდეგობის ბურჯად იქცეოდა ყველა ქვეყნისათვის. ამიერიდან მე აღარ ვიტყვი საყვედურს სხვა ქვეყნების მისამართით. თუ მათს სულის სიძლიერე არ ეყოთ, მათ სულის სიძლიერედ საფრანგეთი უნდა ქცეულიყო — ასეთი იყო მისი ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე.
საფრანგეთს შეეძლო თავის ირგვლივ გაეერთიანებინა სხვა ქვეყნები. ჩემი ავიაჯგუფი 2/33 მზად იყო ჯერ ნორვეგიის მხარდამხარ ებრძოლა, მერე ფინეთის მხარდამხარ. რას წარმოადგენდა თავისთავად ნორვეგია ან ფინეთი ჩვენი ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრებისათვის? მე ყოველთვის იმ აზრის ვიყავი, რომ ისინი, თვითონაც არ იცოდნენ რატომ, თანახმა იყვნენ დახოცილიყვნენ საშობაო დღესასწაულის რომელიღაც სურნელებისათვის. მათ ეჩვენებოდათ, რომ ამ სურნელების გადასარჩენად ღირდა თავის გაწირვა ამქვეყნად. ჩვენ რომ საშობაო დღესასწაული ვყოფილიყავით ყველა ქვეყნისთვის, მსოფლიოს შეეძლო თავისი ხსნა ეპოვა ჩვენი მეშვეობით.
ჩვენ ვერ შევძელით გაგვესახიერებინა ყველა ქვეყნის ადამიანების სულიერი ერთობა. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, მსოფლიოსაც გადავარჩენდით და ჩვენს თავსაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს ამოცანა. თითოეული პასუხს აგებს ყველას მაგიერ. ოღონდ ყველა ცალ-ცალკე აგებს პასუხს. ყველა ცალ-ცალკე აგებს პასუხს ყველას მაგიერ. მე პირველად ვწვდები იმ სარწმუნოების ერთ-ერთ საიდუმლოს, რომელმაც ჩემი სულიერი კულტურა შვა: `ადამიანმა ადამიანების ცოდვა უნდა იტვირთოს...~ და ყველას ყველა ადამიანის ყველა ცოდვა აწვება ტვირთად.

XXV
განა შეიძლება ამაში სისუსტის ფილოსოფია დაინახოს კაცმა? ნამდვილი მთავარსარდალი ისაა, ვინც მთელ პასუხისმგებლობას კისრულობს. იგი ამბობს: `მე დავმარცხდი~. იგი არ იტყვის: `ჩემი ჯარისკაცები დამარცხდნენო~. ნამდვილი ადამიანი სწორედ ასე ლაპარაკობს. ოშედე იტყოდა: `მე ყველას მაგიერ ვაგებ პასუხსო~.
ჩემთვის ცხადია, რა არის მორჩილება. იგი არ ნიშნავს თავის დამცირებას. იგი მოქმედების წყაროა. თუ მე საკუთარი თავის გამართლების მიზნით ჩემს უბედურებას ბოროტი ბედისწერით ავხსნი, ამით ბოროტ ბედისწერას დავუმორჩილებ ჩემს თავს. თუ მე ღალატს მივაწერ ჩემს უბედურებას, ამით ღალატს დავუმორჩილებ თავს. მაგრამ თუ მე მთელ პასუხისმგებლობას ვკისრულობ, ამით მთელ ჩემს ადამიანურ შესაძლებლობებს ვიცავ. მე შემიძლია გავლენა მოვახდინო იმის ბედზე, რისგანაც განუყოფელი ვარ. მე ადამიანთა ერთობის შემადგენელი ნაწილი ვარ.
ამრიგად, ჩემში არის ვიღაც, ვისაც მე ვებრძვი, რომ გავიზარდო. და მე იმისთვის დამჭირდა ეს ძნელი გაფრენა, რომ საკუთარ თავში დამენახა ადამიანი, რომელსაც ვებრძვი, და გამეცალკევებინა იგი იმ ადამიანისგან, რომელიც იზრდება. მე ჯერ არ ვიცი, როგორია იგი, ჩემ წინაშე წამოჭრილი ეს სახე. მაგრამ მე ვეუბნები ჩემს თავს: პიროვნება მხოლოდ გზაა. ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს — აი რა არის უმთავრესი.
მე აღარ შემიძლია დავკმაყოფილდე პოლემიკური ჭეშმარიტებებით. რატომ უნდა დავდო ბრალი პიროვნებებს? ისინი ხომ მხოლოდ გზები და გზაჯვარედინებია. მე აღარ შემიძლია ტყვიამფრქვევების გაყინვა თანამდებობის პირთა გულგრილობით ავხსნა. მოკავშირეების უმოქმედობა კი — მათი ეგოიზმით. დამარცხება, რაღა თქმა უნდა, ცალკეული პიროვნებების გაღატაკებაში ვლინდება. მაგრამ ადამიანს ხომ სულიერი კულტურა ქმნის. და თუ კულტურას, რომელსაც ჩემს თავს ვაკუთვნებ, საფრთხე ემუქრება პიროვნებათა უბადრუკობის გამო, მაშინ მე უფლება მაქვს შევეკითხო ჩემს თავს — 
რატომ სხვანაირად არ აღზარდა ამ კულტურამ ისინი?
ყოველი სულიერი კულტურა, ისევე როგორც ყოველი სარწმუნოება, ენთუზიაზმის უქონლობას რომ უსაყვედურებს თავის მიმდევართ, საკუთარ უძლურებას ამხელს. მისი მოვალეობა სწორედ ის არის, რომ აღაფრთოვანოს ისინი. ასევეა, როდესაც იგი მოწინააღმდეგის სიძულვილს უჩივის. მისი მოვალეობაა — საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციოს ისინი. ჩემმა კულტურამ, რომელსაც ოდესღაც ძალა შესწევდა ტანჯვისთვის გაეძლო, გული აენთო თავისი მოციქულებისთვის, მტრის რისხვა დაეცხრო და დამონებული ხალხები გაეთავისუფლებინა, დღეს ვერც ადამიანების აღფრთოვანება შეძლო და ვერც თავის სარწმუნოებაზე მათი მოქცევა. თუ მე ვცდილობ გავიგო, სად არის ჩემი დამარცხების მიზეზი, თუ მე მინდა და ვიმედოვნებ აღორძინებას, უწინარეს ყოვლისა, კვლავ უნდა ვიპოვო სულიერი ძალების წყარო, რომელიც დავკარგე.
იმიტომ, რომ სულიერი კულტურა შეიძლება ხორბალს შევადაროთ. ხორბალი ადამიანს კვებავს. მაგრამ, თავის მხრივ, ადამიანიც ზრუნავს ხორბალზე, ბეღელში რომ ინახავს მარცვალს. და ხორბლის მარაგიც ინახება, როგორც მემკვიდრეობა, ერთი მოსავლიდან მეორემდე.
საკმარისი არაა ვიცოდე, რა ჯიშის ხორბლის მოყვანა მსურს, რომ სწორედ ეს ჯიში მოვიდეს. თუ მე მინდა, რომ გადავარჩინო ადამიანის გარკვეული ტიპი და მისი შესაძლებლობები, უნდა გადავარჩინო პრინციპები, რომლებიც მას აყალიბებს.
მაგრამ, თუ მე შევინარჩუნე ჩემი სულიერი კულტურის ხატი, სამაგიეროდ, ვეღარ ვხედავ იმ საფუძვლებს, რომლებზედაც იგი აიგო. დღეს მე უეცრად აღმოვაჩინე, რომ სიტყვები, რომლებითაც აქამდე ვსარგებლობდი, უკვე ვეღარ გამოხატავს უმთავრესს. მე ვქადაგებდი დემოკრატიას და ვერ ვგრძნობდი, რომ ამით სრულებითაც არ ვაძლევდი ადამიანებს აუცილებელ ზნეობრივ კანონებს, არამედ მხოლოდ კეთილ სურვილებს გამოვთქვამდი. მე მინდოდა, რომ ადამიანები ძმები ყოფილიყვნენ, თავისუფალნი და ბედნიერნი. რაღა თქმა უნდა, ვინ იტყვის ამაზე უარს? მაგრამ მე ვამბობდი, როგორი უნდა იყოს ადამიანი, და არ შემეძლო მეთქვა, რა უნდა იყოს იგი.
მე ვლაპარაკობდი ადამიანთა ერთობაზე ისე, რომ არ ვაზუსტებდი ამ სიტყვების მნიშვნელობას, თითქოს სულიერი ატმოსფერო, რომელიც მხედველობაში მქონდა, ამ ერთობის განსაკუთრებული სტრუქტურის შედეგი არ ყოფილიყოს. მეგონა, რომ ყველაფერი თავისთავად ცხადი იყო. მაგრამ თავისთავად ცხადი არაფერია ქვეყნად. ფაშისტური არმია ან მონათა ბაზარიც რაღაცნაირ ადამიანურ ერთობას წარმოადგენს.
ადამიანთა ერთობაში მე არ ვცხოვრობდი, როგორც მისი მშენებელი. მე ვსარგებლობდი მასში გამეფებული მშვიდობით, მისი შემწყნარებლობით და კეთილდღეობით. მე არაფერი ვიცოდი მასზე იმის გარდა, რომ მისი მკვიდრი ვიყავი. მე ვცხოვრობდი მასში, როგორც ეკლესიის მნათე ან მეკარე. ესე იგი, როგორც პარაზიტი, ესე იგი, როგორც დამარცხებული.
ასეთები არიან გემის მგზავრებიც. ისინი სარგებლობენ გემით, მაგრამ არაფერს აძლევენ მას. ისინი მოხერხებულად მოკალათებულან სალონებში, რომლის იქითაც მათ არაფერი აინტერესებთ, და ასე ატარებენ დროს. მათთვის უცხოა შპანგოუტების მძიმე შრომა, რომლებიც წყლის განუწყვეტელ შემოტევას აკავებენ. და განა მათ უფლება აქვთ იჩივლონ, თუ ქარიშხალმა ნაფოტებად აქცია მათი გემი?
თუ პიროვნება გადაგვარდა, თუ მე დამარცხებული ვარ, რა უნდა ვიჩივლო?
არსებობს ერთგვარი საერთო საზომი თვისებებისა, რომლებსაც მე ჩემი სულიერი კულტურის ადამიანებს მივანიჭებდი. არსებობს ქვაკუთხედი იმ განსაკუთრებული ერთობისა, რომელიც მათ უნდა შექმნან. არსებობს საწყისი, რომლისგანაც მოდის ყველაფერი: ფესვებიც, ტანიც, ტოტებიც და ნაყოფიც. რა არის ეს საწყისი? ესაა მძლეთამძლე მარცვალი, იმ ნოყიერ ნიადაგში გადასასროლი, რომელზედაც ადამიანები იზრდებიან. მარტო ამ მარცვალს შეუძლია გამარჯვებულად მაქციოს.
და მე მგონია, ბევრი რამ გავიგე სოფელში გატარებული ამ საოცარი ღამის განმავლობაში. ირგვლივ უცნაური სიჩუმეა. ოდნავი ხმაურიც კი ზარის წკრიალივით ედება მიდამოს. ყველაფერი ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის! ცხვრების ეს სევდიანი ბღავილიც, ეს შორეული ძახილიც და ვიღაცის მიერ გამოღებული კარის ჭრიალიც. თითქოს ყველაფერი ჩემს არსებაში ხდება. და მე ახლავე უნდა ჩავწვდე ამ არსების აზრს, ვიდრე იგი არ გაუჩინარებულა...
მე ვეუბნები ჩემს თავს: `ყველაფერი ეს არასის ტყვიების თქეშია...~ მისმა ტყვიებმა რომელიღაც გარსი გაარღვია. როგორც ჩანს, მთელი ამ დღის განმავლობაში მე ბინას ვუმზადებდი ჩემს არსებაში ადამიანს. მანამდე მხოლოდ ბუზღუნა მოურავი ვიყავი. მხოლოდ პიროვნება. მაგრამ აი გამოჩნდა ადამიანი და მან უბრალოდ დაიკავა ჩემი ადგილი. მან შეხედა დაბნეულ ბრბოს და — ხალხი დაინახა, თავისი ხალხი. ადამიანი ამ ხალხისა და ჩემი საერთო საზომია. აი რატომ იყო, რომ, როდესაც ჩემს ავიაჯგუფში ვბრუნდებოდი, მეჩვენებოდა, თითქოს დიდი კოცონის სითბო მიზიდავდა. ჩემი თვალებით ადამიანი იცქირებოდა — ადამიანი, საერთო საზომი ყველა ჩემი ამხანაგისა.

ნუთუ ეს იდუმალი ნიშანია? ამაღამ ლამის იდუმალი ნიშნებიც კი ვიწამო... ამაღამ თითქოს ყველაფერს უჩუმრად შეუკრავს პირი. ყოველი ბგერა ისე აღწევს ჩემამდე, როგორც ჩემკენ მომართული მოწოდება, რომელიც ერთსა და იმავე დროს გასაგებიცაა და გაუგებარიც. მე ვუსმენ, როგორ ავსებს ღამეს ვიღაცის ნაბიჯების ხმა.
— საღამო მშვიდობისა, კაპიტანო!
— საღამო მშვიდობისა!
მე არ ვიცნობ მას. ასე გადასძახებს ხოლმე ერთმანეთს ორი მენავე, რომლებიც მდინარეზე ხვდებიან ერთმანეთს.
და მე ისევ ვგრძნობ ამ იდუმალ ნათესაობას. ადამიანი, რომელიც დღეს ჩემში არსებობს, განუწყვეტლივ ცნობს თავისიანებს. ადამიანი — საერთო საზომი ყველა ხალხისა და ყველა რასისა...
ის, ვინც გამომეხმიანა, თავისი საზრუნავით, თავისი აზრებითა და ფიქრებით დატვირთული ბრუნდებოდა შინ თავისი საკუთარი, მის სულში დაფარული ტვირთით. მე შემეძლო მივსულიყავი მასთან, გამოვლაპარაკებოდი და სოფლის თეთრ შარაგზაზე რაიმე მოგონება გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის. ასე უცვლიან ხოლმე ერთმანეთს თავიანთ განძეულს ვაჭრები, როდესაც შორეული კუნძულებიდან მომავალ გზაზე ხვდებიან ერთმანეთს.
თუ ჩემი სულიერი კულტურის ადამიანებიდან ვინმე ისე არ აზროვნებს, როგორც მე, იგი არა მარტო არ შეურაცხმყოფს, არამედ, პირიქით, მამდიდრებს. ჩვენი ერთობის საფუძველია ადამიანი, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე მაღლაა. და ამიტომ, ჩვენი კამათი საღამოობით 2/33 ავიაჯგუფში არა მარტო არაფერს ვნებს ჩვენს ძმობას, არამედ, პირიქით, აკაჟებს მას: არც ერთ ჩვენგანს არ აინტერესებს საკუთარ ექოს უსმინოს ან სარკეში უცქიროს თავის თავს.
სწორედ ასევე ცნობენ ადამიანში თავიანთ თავს ფრანგები საფრანგეთში და ნორვეგიელები ნორვეგიაში. ადამიანი აკავშირებს მათ თავისი ერთიანობით და ამავე დროს, ეხმარება იმ განუმეორებელი თვისებების აყვავებას, რაც ამ ხალხებს ახასიათებთ. ხეც ასევე ავლენს თავის თავს ტოტებში, რომლებიც ფესვებს არა ჰგავს. და თუ ნორვეგიაში თოვლის შესახებ წერენ ზღაპრებს, ჰოლანდიაში ტიტები მოჰყავთ, ხოლო ესპანეთში ფლამენკოს თხზავენ, ყველაფერი ეს ამდიდრებს ადამიანს, რომელიც ყოველ ჩვენგანში არსებობს. ალბათ ამიტომაა, რომ ჩვენ, 2/33 ავიაჯგუფის მფრინავები, ნორვეგიის მხარდამხარ ვაპირებდით ბრძოლას...

და აი ახლა მე მგონია, რომ დიდი ხნის მოგზაურობის დასასრულს ვუახლოვდები. მე არაფერს ვხედავ ახალს, მაგრამ, როგორც ახლად გამოღვიძებული, ხელახლა ვხედავ ყოველივე იმას, რასაც უკვე დიდი ხანია აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
ჩემი სულიერი კულტურა ადამიანის კულტზეა დაფუძნებული. საუკუნეების განმავლობაში იგი ცდილობდა, ეჩვენებინა ადამიანი, რომელიც ცალკეული პიროვნებების მეშვეობით ვლინდება, თითქოს გვასწავლიდა ტაძარი დაგვენახა ქვების გროვაში. იგი ქადაგებდა, რომ ადამიანი ცალკეულ პიროვნებაზე მაღლა უნდა ყოფილიყო...
იმიტომ, რომ ჩემი სულიერი კულტურის ადამიანი ცალკეული ადამიანებით არ განისაზღვრება. პირიქით, ადამიანები განისაზღვრებიან ამ კულტურით. მასში, ისევე როგორც ყოველ არსში, არის რაღაც ისეთი, რასაც ვერ განმარტავ მისი შემადგენელი ელემენტებით. ტაძარი სრულიად სხვა რამაა, ვიდრე ქვების უბრალო გროვა. ტაძარი გეომეტრია და არქიტექტურაა. ქვები კი არ განსაზღვრავენ ტაძარს, არამედ, პირიქით, ტაძარი ამდიდრებს ქვებს თავისი განსაკუთრებული შინაარსით. მისი ქვები გაკეთილშობილებულია იმით, რომ ტაძრის ქვებია. სრულიად სხვადასხვანაირი ქვები ემსახურებიან მის მთლიანობას. და თვით მახინჯი ქვის ურჩხულებიც კი მონაწილეობენ საერთო ჰიმნში, რომელსაც ტაძარი აღავლენს ღვთის სადიდებლად.
მაგრამ თანდათანობით დავივიწყე ჩემი ჭეშმარიტება. მე მეგონა, რომ მცნება `ადამიანი~ ადამიანების ჯამი იყო მხოლოდ, ისევე როგორც მცნება `ქვა~ არის ქვების ჯამი. მე ტაძარი ქვების უბრალო გროვას გავუტოლე. და ჩემი სულიერი კულტურის მემკვიდრეობა თანდათან გაქრა. საჭიროა აღვადგინოთ ადამიანი. იგი ჩემი კულტურის არსია. იგი ჩემი საზოგადოების საფუძველია. იგი ჩემი გამარჯვების საწინდარია.

XXVI
საზოგადოებაში წესრიგის დამყარება ადვილია, თუ ყოველ მის წევრს გარკვეულ წესებს დაუმორჩილებ. ადვილია აღზარდო ბრმა, რომელიც უყოყმანოდ დაემორჩილება წინამძღოლს ან ყურანს. და ამდენადვე ძნელია გაათავისუფლო ადამიანი, საკუთარ თავზე ბატონობა ასწავლო მას.
რას ნიშნავს გაათავისუფლო? თუ მე უდაბნოში გავათავისუფლე ადამიანი, რომელიც არსად მიისწრაფვის, რა ფასი აქვს მის თავისუფლებას? თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანისთვის არსებობს, ვინც რაიმესკენ მიისწრაფვის. უდაბნოში ადამიანის განთავისუფლება ნიშნავს იმას, რომ წყურვილი აღუძრა მას და ჭისკენ მიმავალი გზა უჩვენო. მხოლოდ მაშინ შეიძენს მისი მოქმედება აზრს. უაზრობაა გაანთავისუფლო ქვა, თუ მიზიდულობა არ არსებობს, რადგან ქვა, კიდევაც რომ გაათავისუფლო, სულ ერთია, მაინც არ დაიძვრის ადგილიდან.
ჩემი სულიერი კულტურა ცდილობს, ადამიანთა ურთიერთობას საფუძლად დაუდოს კულტი ადამიანისა, რომელიც პიროვნებაზე მაღლაა; რომ თითოეული ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის თავისუფალ გამოვლინებად იქცეს და არა ჭიანჭველების ბუდის კანონებს დაქვემდებარებულ ბრმა მორჩილებად.
უხილავი გზა, რომელსაც მიზიდულობის ძალა სახავს, ათავისუფლებს ქვას. სიყვარულის უხილავი ძალები ათავისუფლებენ ადამიანს. ჩემი სულიერი კულტურა ცდილობდა, ერთი და იგივე მეუფის მოციქულად ექცია ყოველი ადამიანი. იგი ადამიანს გზად ან იმის ნების გამოვლინებად თვლიდა, ვინც მასზე მაღლაა. იგი თავისუფლებას აძლევდა მას იქ ასულიყო, საითკენაც მისი მიზიდულობის ძალები ეწეოდა.
მე ვიცი, საიდან წარმოიშვა ძალთა ეს არე. საუკუნეების განმავლობაში ჩემი სულიერი კულტურა ღმერთს ხედავდა ადამიანის მიღმა. ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად იყო შექმნილი. და ადამიანში ღმერთს სცემდნენ პატივს. ღმერთის ეს გამონაშუქი განუყოფელ ღირსებას ანიჭებდა ყოველ ადამიანს. ადამიანის დამოუკიდებლობა ღმერთისადმი ნათლად განსაზღვრავდა ყოველი ადამიანის ვალს საკუთარი თავისა და სხვებისადმი.
ჩემი სულიერი კულტურა ქრისტიანულ ღირებულებათა მემკვიდრეა. იმისათვის, რომ ტაძრის არქიტექტურას ჩავწვდე, დავფიქრდები, როგორ არის იგი აგებული.

ღმერთის ჭვრეტა ადამიანთა თანასწორობის საფუძველი იყო, რადგან ისინი თანასწორნი იყვნენ ღმერთის მიერ და ამ თანასწორობის აზრი ნათელი იყო. იმიტომ, რომ ადამიანები თანასწორნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ რაიმეს მიერ. ჯარისკაცი და მეთაური თანასწორნი არიან თავიანთი ხალხის მიერ. თანასწორობა ცარიელ ბგერად იქცევა, თუ არ არის საერთო რამ, რითაც ეს თანასწორობა გამოიხატება.
ჩემთვის ცხადია, რატომ იყო, რომ თანასწორობა, რომელიც ღმერთის უფლებების თანასწორობას წარმოადგენდა პიროვნებებში, კრძალავდა ცალკეული პიროვნების აღზევების შეზღუდვას: ღმერთს შეეძლო თავის გზად აერჩია იგი. მაგრამ, ვინაიდან ამავე დროს ღმერთს თანასწორი უფლებები ჰქონდა პიროვნებებზე, ჩემთვის ცხადია, რატომ ასრულებდნენ პიროვნებები ერთსა და იმავე მოვალეობას და რატომ ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე კანონებს, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. გამოხატავდნენ რა ღმერთს, მათ თანაბარი უფლებები ჰქონდათ. ემსახურებოდნენ რა ღმერთს, თანაბარი მოვალეობები ეკისრებოდათ.
ჩემთვის ცხადია, რატომ არ იწვევდა ღვთის წინაშე თანასწორობა არც წინააღმდეგობებს და არც უწესრიგობას. დემაგოგია მაშინ იწყება, როდესაც საერთო საზომის უქონლობის გამო, თანასწორობის პრინციპი იგივეობის პრინციპად იქცევა. მაშინ ჯარისკაცი  უარს ამბობს სალამი მისცეს მეთაურს, სალამს რომ აძლევს, პიროვნებას სცემს პატივს, და არა ერს.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, ადამიანობაზე დააფუძნა ადამიანთა თანასწორობა.

ჩემთვის ცხადია, საიდან წარმოიშვა ადამიანის პატივისცემა ადამიანისადმი. სწავლულს პატივი უნდა ეცა მტვირთავი მუშისთვის, რადგან ამ მუშაში იგი ღმერთს სცემდა პატივს, რომლის მოციქულიც მუშა იყო სწავლულის დარად. როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო ერთის ღირსება და მეორის ნიჭის შეზღუდულობა, არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა მორალური უფლება, მონად ექცია მეორე ადამიანი: მოციქულის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ადამიანისადმი ეს პატივისცემა არ იწვევდა შეზღუდული ნიჭის, სისულელის ან უვიცობის წინაშე მონურ ქედის მოხრას, იმიტომ, რომ ადამიანში, უწინარეს ყოვლისა, ღვთის მოციქულის ღირსებას აფასებდნენ. და, ამრიგად, ღმერთისადმი სიყვარული კეთილშობილურ ურთიერთობათა საფუძველს ქმნიდა ადამიანთა შორის, ვინაიდან ეს ურთიერთობა მოციქულთა ურთიერთობა იყო პიროვნებათა ხარისხის მიუხედავად.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, წესად აქცია ადამიანის პატივისცემა პიროვნების მიუხედავად.

ჩემთვის ცხადია, საიდან წარმოიშვა ადამიანთა ძმობა. ადამიანები ღმერთის მიერ იყვნენ ძმები. ძმებად შეიძლება მხოლოდ რამემ გაქციოთ. თუ არ არის კვანძი, რომელიც ადამიანებს აკავშირებს, ისინი შეიძლება ერთმანეთის გვერდით იდგნენ, მაგრამ ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებულნი. არ შეიძლება თავისთავად იყოთ ძმები. ჩემი მეგობრები და მე ძმები ვართ 2/33 ავიაჯგუფის მიერ. ფრანგები საფრანგეთის მიერ არიან ძმები.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, ადამიანის მიერ აქცია ძმებად ადამიანები.

ჩემთვის ცხადია მოყვასისადმი სიყვარული, რასაც ბავშვობიდან მინერგავდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღმერთის სამსახური იყო პიროვნების მეშვეობით. ეს იყო ღვთისადმი მიძღვნილი ხარკი, რაოდენ შეზღუდული ნიჭის პატრონიც უნდა ყოფილიყო თვით პიროვნება. ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას, ვისდამიც იყო იგი მიმართული, იგი არ ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით, ვინაიდან ამ ხარკს მას კი არა, ღმერთს სწირავდნენ. ამიტომ იყო, რომ ეს სიყვარული არასოდეს იქცეოდა შეზღუდულობის, სისულელის ან უვიცობის პატივსაცემად. ექიმის მოვალეობა იყო, სიკვდილის საფრთხეს არ მორიდებოდა და ემკურნალა შავი ჭირით შეპყრობილისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან ექიმი ღმერთს ემსახურებოდა. მას არ ამცირებდა ის, რომ ავაზაკის საწოლთან ათევდა ღამეს.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, მოყვასისადმი სიყვარული ადამიანისთვის გაღებულ შესაწირად აქცია, რასაც პიროვნების მეშვეობით სწირავდნენ.

ჩემთვის ცხადია ღრმა აზრი მორჩილებისა, რასაც პიროვნებისგან მოითხოვდნენ. მორჩილება არ ამცირებდა პიროვნებას. იგი ამაღლებდა მას. იგი პიროვნებას მის როლს — მოციქულის როლს შთააგონებდა. მოითხოვდა რა მისგან ღვთის სამსახურს მოყვასის სიყვარულის მეშვეობით, იგი ამავე დროს მოითხოვდა, რომ მას პატივი ეცა ღმერთისათვის საკუთარ არსებაში და თავისი თავი ეცნო ღმერთის მოციქულად, რომელიც ღმერთის მიერ ნაჩვენები გზით მიდის. მორჩილება საკუთარი თავის დავიწყებას ავალებდა მას, რითაც საკუთარი თავი უნდა აემაღლებინა, რადგან, თუ პიროვნება თავის მნიშვნელობას გააზვიადებს, მისი გზა ხელადვე ჩიხში მოექცევა.

ჩემი სულიერი კულტურა, ღმერთის მემკვიდრე, ქადაგებდა აგრეთვე საკუთარი თავის პატივისცემას, ანუ პატივისცემას ადამიანისადმი საკუთარი თავის მეშვეობით.

და, ბოლოს, ჩემთვის ცხადია რატომ დააკისრა ღვთისადმი სიყვარულმა ადამიანებს პასუხისმგებლობა ერთმანეთის მაგიერ და რატომ დაუწესა მათ იმედი, როგორც სათნოება. იგი ხომ ყოველ ადამიანს ერთი და იმავე ღმერთის მოციქულად ხდიდა და თითოეულის ხსნას ყოველ მათგანს აკისრებდა. და არავის ჰქონდა სასოწარკვეთის უფლება, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი მაუწყებელი იყო რაღაც უფრო დიდისა, ვიდრე თვითონ იყო. სასოწარკვეთილება კი საკუთარ თავში ღმერთის არსებობის უარყოფას უდრიდა. იმედის ვალი შეიძლებოდა ასე გამოგვეხატა: `როგორი მედიდურობაა შენს სასოწარკვეთილებაში! ნუთუ ასე დიდად მოგაქვს თავი?~

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, თითოეულ ადამიანს დააკისრა პასუხისმგებლობა ყველას მაგიერ და ყველას — თითოეულის მაგიერ. პიროვნებამ თავი უნდა გაწიროს კოლექტივის გადასარჩენად. მაგრამ აქ მარტო ელემენტარულ არითმეტიკაში არაა საქმე. საქმე ისაა, ადამიანს სცე პატივი პიროვნების მეშვეობით. ჩემი ცივილიზაციის სიდიადე სწორედ ისაა, რომ ასი მეშახტე გაწირავს თავს შახტში ჩამარხული ერთი ამხანაგის გადასარჩენად. რადგან ისინი ადამიანის გადასარჩენად სწირავენ თავს.

და ამიტომ ჩემთვის ცხადია, რას ნიშნავს თავისუფლება. ესაა ხის თავისუფლება — გაიზარდოს თავისი მარცვლის ძალთა არეში. თავისუფლება ადამიანის ამაღლების პირობათა ერთობლიობაა. იგი ზურგის ქარს წააგავს. მხოლოდ ქარის წყალობით იძენს თავისუფლებას იალქნიანი ნავი ზღვაში. 

ამ წესებზე აღზრდილი ადამიანი ფესვმაგარი ხის ძალას შეიძენდა. რა სიღრმეს არ ჩასწვდებოდა მისი ფესვები! რა ადამიანურ ღირსებებს არ შეიწოვდა, რომ შემდეგ მზეზე აეყვავებინა!

XXVII
მაგრამ მე ყველაფერი გავაფუჭე. გავფლანგე მემკვიდრეობა. ნება დავრთე, დაევიწყებინათ მცნება — `ადამიანი~. თუმცა იმისათვის, რომ გადაერჩინა მეუფის ეს კულტი, რომელიც ცალკეული პიროვნებების მეშვეობით ვლინდება, და კეთილშობილური ადამიანური ურთიერთობანი, რომელიც ამ კულტზეა დაფუძნებული, ჩემმა სულიერმა კულტურამ ბევრი  ძალ-ღონე და შემოქმედებითი აღმაფრენა დახარჯა. ჰუმანიზმის მთელი მოღვაწეობა ამ მიზნისკენ იყო მიმართული. ჰუმანიზმმა თავის ერთადერთ მიზნად დაისახა განემარტა და განემტკიცებინა ადამიანის უპირატესობა პიროვნებაზე. ჰუმანიზმი ადამიანობას ქადაგებდა.
მაგრამ, როდესაც ადამიანობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ჩვენი ენა საკმაო აღარ არის. ადამიანობა სხვა რამაა და ადამიანები — სხვა რამ. ტაძარზე არსებითს ვერაფერს იტყვი, თუ მხოლოდ ქვებზე ილაპარაკებ. ადამიანობაზე არსებითს ვერაფერს იტყვი, თუ ეცდები, ადამიანების თვისებებით განსაზღვრო იგი. ამიტომ იყო, რომ გზამ, რომლითაც ჰუმანიზმი მიდიოდა, ჩიხში შეიყვანა იგი. ჰუმანიზმი ცდილობდა, მცნება `ადამიანი~ ლოგიკური და მორალური არგუმენტების მეშვეობით შეექმნა და ასე დაენერგა იგი ადამიანთა შეგნებაში.
მაგრამ ვერავითარი სიტყვიერი განმარტება ვერ გასწევს განჭვრეტის მაგივრობას. არსის მთლიანობას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მე რომ მოვინდომო სამშობლოს ან მამულის სიყვარული გავუღვიძო ადამიანებს, რომელთა სულიერი კულტურისათვის ეს სიყვარული უცნობია, ვერავითარი მსჯელობით ვერ გამოვიწვევდი მათ გულში ამ გრძნობებს. მამული — ეს არის მინდვრები, საძოვრები და საქონელი. დანიშნულება თითოეული მათგანისა და ყველასი ერთად არის ის, რომ სიმდიდრე შეგვძინოს. მაგრამ ყოველ მამულს აქვს რაღაც ისეთი, რასაც მისი შემადგენელი ელემენტების ჩამოთვლისას ვერ აღნუსხავ: ზოგიერთი მამულის პატრონი თანახმაა გაღატაკდეს, რომ თავისი საყვარელი მამული გადაარჩინოს. სწორედ ეს რაღაც აკეთილშობილებს მამულის შემადგენელ ელემენტებს და განსაკუთრებულის თვისებებს ანიჭებს მას. და აი ეს უკვე ამ მამულის საქონელია, ამ მამულის მინდვრებია, ამ მამულის მდელოებია...
და ასევე ადამიანიც თავისი სამშობლოს ადამიანი, თავისი ხელობის ადამიანი, თავისი სულიერი კულტურის ადამიანი და თავისი სარწმუნოების ადამიანი ხდება. მაგრამ, თუ გინდა დაამტკიცო, რომ შენ ამ არსთა განუყოფელი ნაწილი ხარ, ჯერ საკუთარ არსებაში უნდა შექმნა ისინი. მას, ვისაც სამშობლოს გრძნობა არა აქვს, ვერავითარი სიტყვებით ვერ შთაუნერგავ ამ გრძნობას. იმ არსის შესაქმნელად, რომელსაც შენ შენს არსს უწოდებ, მოქმედებაა საჭირო. არსი მოქმედების სფეროს განეკუთვნება და არა ენის სფეროს. ჩვენი ჰუმანიზმი ყურადღებას არ აქცევდა მოქმედებას. და მისი მისწრაფება წარმატებით ვერ დაგვირგვინდა.
ყველაზე მნიშვნელოვანმა მოქმედებამ უკვე მიიღო თავისი სახელი. ეს სახელია — მსხვერპლი.
მსხვერპლი არ ნიშნავს რაიმეს დაკარგვას ან მონანიებას. ეს, უწინარეს ყოვლისა, მოქმედებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი თავი მიუძღვნა არსს, რომლის განუყოფელ ნაწილადაც თავი მიგაჩნია. მხოლოდ ის მიხვდება, რა არის მამული, ვინც თავის თავის ნაწილს შესწირავს მას, ვინც იბრძოლებს მის გადასარჩენად და იშრომებს, რომ უკეთესი გახადოს იგი. მაშინ იგი მამულის სიყვარულს იძენს. ეს მამული შემოსავლის ჯამი არაა — ეს მცდარი აზრი იქნებოდა. იგი გაღებული მსხვერპლის ჯამია.
ვიდრე ჩემი სულიერი კულტურა ღმერთს ეყრდნობოდა, მას შეეძლო გადაერჩინა მსხვერპლის ეს მცნება, რომელიც ღმერთს ქმნიდა ადამიანთა გულში. ჰუმანიზმმა არაფრად ჩააგდო მსხვერპლის უდიდესი როლი. მან მოინდომა, სიტყვების მეშვეობით შეენარჩუნებინა ადამიანი, და არა მოქმედებით.
იმისათვის, რომ ადამიანის ხატი გადაერჩინა, რომელიც პიროვნებებში ვლინდება, ჰუმანიზმს მხოლოდ იგივე სიტყვა — `ადამიანი~ გააჩნდა, ოღონდ ასომთავრულით შემკული. ჩვენ სახიფათოდ მივექანებოდით დამრეც ფერდობზე და საფრთხეში ვიგდებდით თავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანობის მცნება რაღაც საშუალო ნიჭის პიროვნებით ან ადამიანთა ერთობლიობით შეიცვლებოდა. ჩვენ საფრთხეში ვიგდებდით თავს, რომ ჩვენი ტაძარი ქვების ჯამად გადაიქცეოდა.
და თანდათანობით ჩვენ გავფლანგეთ მემკვიდრეობა. იმის ნაცვლად, რომ პიროვნებაში ადამიანის უფლებები გაგვემტკიცებინა, ჩვენ კოლექტივის უფლებებზე ავლაპარაკდით და შეუმჩნევლად გაგვიჩნდა კოლექტივის მორალი, რომელიც ადამიანს არაფრად აგდებს. ამ მორალს შეუძლია ახსნას, რატომ უნდა გაწიროს თავი პიროვნებამ საზოგადოებისათვის. მაგრამ თუ სიტყვიერ ხრიკებს არ მიმართა, მას არ შეუძლია ახსნას, რატომ უნდა გაწირონ თავი ათასებმა ერთი ადამიანის გადასარჩენად, რომელსაც უსამართლო სასჯელი აქვს მისჯილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიხსენებთ ხოლმე ამ პრინციპს, მაგრამ თანდათან ვივიწყებთ მას. მაშინ როდესაც ჩვენი სიდიადე, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამ პრინციპშია, რადგან იგი ძირფესვიანად განგვასხვავებს ჭიანჭველების ბუდისაგან.
ნაყოფიერი მეთოდის უქონლობის გამო, ჩვენ ადამიანზე დაყრდნობილი კაცობრიობიდან ჭიანჭველების ამ ბუდემდე დავეშვით, რომელიც პიროვნებათა ჯამს ეყრდნობა.
რა შეგვეძლო დაგვეპირისპირებინა სახელმწიფოს ან მასის კულტისთვის? რად იქცა ჩვენი დიდებული ხატი ადამიანისა, რომელიც ღმერთის მიერ იყო შობილი? მისი დანახვა თითქმის უკვე შეუძლებელია იმ სიტყვების მიღმა, რომლებმაც თავიანთი აზრი დაკარგეს.

და თანდათანობით, რაც უფრო ვივიწყებდით ადამიანს, ცალკეული პიროვნების პრობლემებით ვზღუდავდით ჩვენს მორალს. თითოეულისგან მოვითხოვდით, რომ ზიანი არ მიეყენებინა მეორისათვის. თითოეული ქვისგან მოვითხოვდით, რომ მას ზიანი არ მიეყენებინა მეორე ქვისთვის. თავისთავად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს არაფერს ვნებენ, როდესაც უწესრიგოდ არიან მიმოფანტულნი მინდორში. მაგრამ ისინი ზიანს აყენებენ ტაძარს, რომლის შექმნაც მათ შეეძლოთ და რომელიც, სამაგიეროდ, აზრს მიანიჭებდა თითოეულ მათგანს.
ჩვენ განვაგრძობდით ადამიანთა თანასწორობის ქადაგებას. მაგრამ, რაკი ადამიანობის მცნება დავივიწყეთ, უკვე აღარ გაგვეგებოდა ის, რაზედაც ვლაპარაკობდით. რაკი არ ვიცოდით, რა დაგვედო თანასწორობის საფუძვლად, ჩვენ იგი ბუნდოვან დებულებად ვაქციეთ, რომლის გამოყენებაც უკვე აღარ შეგვეძლო. როგორ უნდა ახსნა პიროვნებათა თანასწორობა, თანასწორობა ბრძენსა და გონებაჩლუნგს, სულელსა და გენიოსს შორის? რაც შეეხება საშენ მასალას, თუ ჩვენ მათი თანასწორობის განსაზღვრა და განხორციელება გვსურს, ყოველ მათგანს ერთნაირი ადგილი უნდა ეჭიროს და ერთსა და იმავე როლს ასრულებდეს. მაგრამ ეს უაზრობაა. რადგან ასეთ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი იგივეობის პრინციპად იქცევა.
ჩვენ განვაგრძობდით ადამიანთა თანასწორობის ქადაგებას. მაგრამ, რაკი ადამიანობის მცნება დავივიწყეთ, ჩვენი თავისუფლება ერთგვარ აღვირახსნილობად წარმოვიდგინეთ, რომლის დროსაც ყოველგვარი საქციელი ნებადართულია, თუ მას ზიანი არ მოაქვს მეორე ადამიანისათვის. ეს კი მოკლებულია ყოველგვარ აზრს, რადგან არ არსებობს ისეთი საქციელი, რომელიც მეორე ადამიანს არ ეხებოდეს. თუ ჯარისკაცი ვარ და თავი დავისახიჩრე, მე დამხვრეტენ. განცალკევებული პიროვნება არ არსებობს. ის, ვინც საკუთარ თავს საზოგადოებისგან განაცალკევებს, ზიანს აყენებს მას. ის, ვინც დარდიანია, სხვასაც ადარდიანებს.
რაკი თავისუფლება ასე გავიგეთ, ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო ისე გამოგვეყენებინა იგი, რომ გადაულახავ წინააღმდეგობას არ შევჩეხებოდით. და რაკი აღარ შეგვეძლო იმის განსაზღვრა, რა შემთხვევაში ვინარჩუნებდით ჩვენს უფლებას და რა შემთხვევაში ვკარგავდით მას, იმისათვის, რომ რაღაც ბუნდოვანი პრინციპი მაინც გადაგვერჩინა, პირფერულად დავხუჭეთ თვალი იმ ურიცხვ დაბრკოლებათა წინაშე, რომლითაც ყოველგვარი საზოგადოება ძალაუნებურად ზღუდავდა ჩვენს თავისუფლებებს.
რაც შეეხება მოყვასის სიყვარულს, ჩვენ უკვე ვეღარც ვბედავდით მის ქადაგებას. წინათ მოყვასის სიყვარულად ითვლებოდა მსხვერპლი, რომელიც რაიმე არსს ქმნიდა, თუ ეს არსი ადიდებდა ადამიანს მისი ადამიანური ხატის მეშვეობით. პიროვნების მეშვეობით ჩვენ ღმერთს ან ადამიანს ვწირავდით მსხვერპლს. მაგრამ რაკი ღმერთი ან ადამიანი დავივიწყეთ, ჩვენ მხოლოდ პიროვნებასღა ვწირავდით მსხვერპლს და მოყვასის სიყვარული ხშირად შეურაცხმყოფელი ხდებოდა. მატერიალურ სიკეთეთა სამართლიან განაწილებას საზოგადოება უნდა უზრუნველყოფდეს და იგი ამა თუ იმ პირის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. პიროვნების ღირსება ვერ აიტანს, რომ იგი მეორე პიროვნების გულუხვობაზე იყოს დამოკიდებული. ახირება იქნებოდა, რომ მდიდრები, თავიანთი ქონების გარდა, ღარიბებისგან მადლიერებასაც მოითხოვდნენ.
მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ცუდად გაგებული სიყვარული მოყვასისადმი საკუთარი მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მხოლოდ და მხოლოდ სიბრალულზე დაფუძნებული, იგი კრძალავდა დასჯის მეშვეობით აღზრდას. მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული კი, რომელიც ადამიანს ემსახურება და არა ცალკეულ პიროვნებას, გვაიძულებს, პიროვნება დავძლიოთ, რომ ადამიანი ავამაღლოთ მასში.

ასე დავკარგეთ ადამიანი. და რაკი ადამიანი დავკარგეთ, სითბო გამოვაცალეთ იმ ძმობას, რასაც ჩვენი სულიერი კულტურა ქადაგებდა. იმიტომ, რომ ძმებად შეიძლება მხოლოდ რაიმეს მიერ შეიქმნათ. არ შეიძლება თავისთავად იყოთ ძმები. ვინმეს თუ რამეს უზიარებ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ძმა ხარ. ძმობა მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვის შედეგად წარმოიშობა. იგი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საერთო მსხვერპლს სწირავენ რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თვითონ არიან. მაგრამ, რაკი ყოველგვარი ჭეშმარიტი არსებობის ეს საფუძველი უნაყოფო წვრილმანი შესაწირით შევცვალეთ, ჩვენი ძმობა იმით შეიცვალა, რომ, უბრალოდ ვურიგდებოდით ერთმანეთის არსებობას.
ჩვენ უკვე აღარაფერს ვაძლევდით ერთმანეთს. მაგრამ, თუ მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაძლევ, არაფერს ვიღებ, ვინაიდან ისეთს არაფერს ვქმნი, რისგანაც განუყოფელი ვიქნები. და, მაშასადამე, მე არარაობა ვარ. და თუ მე მომთხოვენ, რომ რაიმეს გულისთვის მოვკვდე, უარს ვიტყვი სიკვდილზე. მე მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით ვიქნები დაინტერესებული. რომელი სიყვარული აანაზღაურებს ჩემს სიკვდილს? კვდებიან სახლისთვის, და არა ნივთებისა და კედლებისთვის. კვდებიან ტაძრისთვის და არა ქვებისთვის. კვდებიან ხალხისთვის, და არა ბრბოსთვის. კვდებიან ადამიანისადმი სიყვარულისთვის, თუ იგი ერთობის ქვაკუთხედია. კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.
ჩვენი ლექსიკონი თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ სიტყვებს, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ და რომლებმაც თავიანთი ნამდვილი აზრი დაკარგეს, განუწყვეტელ წინააღმდეგობებთან მივყავდით. და ჩვენ იძულებულნი ვიყავით, თვალი დაგვეხუჭა ამ დაბრკოლებათა წინაშე. რაკი შენება აღარ შეგვეძლო, იძულებულნი გავხდით, ქვების გროვა მინდორშივე დაგვეტოვებინა და გაუბედავად წამოგვეწყო ლაპარაკი კოლექტივზე: ვშიშობდით განგვემარტა ის, რაზედაც ვლაპარაკობდით, რადგან ვლაპარაკობდით იმაზე, რაც სინამდვილეში არ არსებობდა. სიტყვა `კოლექტივი~ მოკლებულია აზრს იმ დრომდე, ვიდრე კოლექტივი არ დაუკავშირდება რაიმეს. ჯამი ჯერ კიდევ არ არის არსი.
და თუ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა არსებობის უფლება, თუ მასში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ადამიანის პატივისცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნამდვილი სულიერი კულტურა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უვიცობით ვღალატობდით, ჯერ კიდევ გვფენდა თავის მიმქრალ ნათელს და დაღუპვისაგან გვიცავდა ჩვენი საკუთარი საქციელის მიუხედავად.

როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები იმას, რაც ჩვენ თვითონ აღარ გვესმოდა? მათ მხოლოდ მიმოფანტულ ქვებად მიგვიჩნიეს. ისინი ცდილობდნენ აზრი მიენიჭებინათ კოლექტივისათვის, აზრი, რომლის ახსნა ჩვენ  უკვე აღარ შეგვეძლო, ვინაიდან ადამიანი დავივიწყეთ.
ერთნი ხელადვე, ისე, რომ ბევრი არ უფიქრიათ, უკიდურეს ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. ქვების გროვას მათ თვითმყოფი მნიშვნელობა მიანიჭეს. ერთი ქვა მეორეს უნდა ჰგავდეს. და თითოეული ქვა თვითონ უნდა იყოს თავისი თავის მეუფე. ანარქისტებს არ დაუვიწყებიათ ადამიანის კულტი, მაგრამ იგი მთლიანად გადააქვთ ცალკეულ პიროვნებებზე. და ამას უფრო შეურიგებელ წინააღმდეგობამდე მივყავართ.
მეორეებმა შეაგროვეს მინდორში უწესრიგოდ მიმოფანტული ქვები. ისინი მასების უფლებას ქადაგებდნენ. მაგრამ მათი თეორიაც უვარგისია. რადგან, თუ შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ ერთმა ადამიანმა მასაზე იბატონოს, ასევე შეუძლებელია, მასამ თუნდაც ერთი ადამიანი დაჩაგროს.
მესამენი დაეუფლნენ ამ უძლურ ქვებს და მათი შეჯამებით სახელმწიფო შექმნეს. მაგრამ ვერც ასეთი სახელმწიფო აამაღლებს ადამიანებს. იგი მხოლოდ ადამიანთა ჯამს გამოხატავს. ესაა ერთი პიროვნების ხელში მოქცეული კოლექტივის ძალაუფლება. ესაა ბატონობა ქვისა, რომელიც გარეგნულად თავის თავს სხვა ქვებთან აიგივებს, სინამდვილეში კი ზემოდან დაჰყურებს სხვებს. ეს სახელმწიფო აშკარად ქადაგებს კოლექტივის მორალს, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით უარვყოფთ, თუმცა ნელ-ნელა ვუახლოვდებით, ვინაიდან ადამიანი დავივიწყეთ. მხოლოდ ადამიანით შეგვეძლო გაგვემართლებინა ასეთი მორალის უარყოფა.
ამ ახალი რელიგიის მიმდევარნი ნებას არ დართავენ, რომ რამდენიმე მეშახტემ თავი გაწიროს შახტში ჩამარხული ერთი ამხანაგის გადასარჩენად. იმიტომ, რომ ეს დააზარალებდა ქვების გროვას. ისინი ბოლოს მოუღებენ დაჭრილს, თუ იგი არმიის მოძრაობას აფერხებს. ერთობის სიკეთეზე ისინი არითმეტიკის მეშვეობით იმსჯელებენ და არითმეტიკა იქნება მათი საქციელის წარმმართველი. მათთვის ხელსაყრელი არ არის უფრო დიდები გახდნენ, ვიდრე არიან. ამიტომ ისინი შეიძულებენ ყველაფერს, რაც განსხვავდება მათგან, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მაღლა ვერაფერს იპოვიან, რასთან  შერწყმასაც შეძლებდნენ. ყოველი უცხო ჩვეულება, სხვა რასა, სხვაგვარი აზრი უთუოდ შეურაცხმყოფელი იქნება მათთვის. მათ არ ექნებათ უნარი თავიანთ კულტურას აზიარონ სხვები, ვინაიდან, ადამიანი რომ საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციო, კი არ უნდა განკვეთო იგი, არამედ უნდა აუხსნა მისი როლი, უჩვენო მისი მისწრაფებების მიზანი და თავისი ძალისა და უნარის გამოყენების ასპარეზი მისცე მას. საკუთარ სარწმუნოებაზე მოქცევა გათავისუფლებას ნიშნავს. ტაძარს შეუძლია თავისი თანაზიარი გახადოს ქვები და ქვებს აზრი ენიჭებათ მასში. მაგრამ ქვების გროვა ვერაფერს აქცევს თავის თანაზიარად და, რაკი ეს არ ძალუძს, თავისი სიმძიმით გჯაბნის. ეს ასეა. მაგრამ ვის მიუძღვის ამაში ბრალი?
მე უკვე აღარ მიკვირს, რომ ქვების გროვამ, რომელიც თავისი სიმძიმით გჯაბნის, გაიმარჯვა ქვებზე, რომლებიც უწესრიგოდ იყვნენ მინდორში მიმოფანტულნი.
და მაინც მე უფრო ძლიერი ვარ მასზე.

მე მასზე ძლიერი ვარ, თუ კვლავ ვიპოვი საკუთარ თავს. თუ ჩვენი ჰუმანიზმი აღადგენს ადამიანს, თუკი ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ჩვენი ერთობა და თუ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთ ღირსეულ საშუალებას — მსხვერპლს გამოვიყენებთ. ჩვენი სულიერი კულტურის მიერ შექმნილი ერთობა არ იყო სარგებლობათა ჯამი — იგი შესაწირთა ჯამი იყო.
მე მასზე ძლიერი ვარ, ვინაიდან ხე იმ ნივთიერებებზე ძლიერია, რომლებიც ნიადაგს ქმნიან. იგი შეიწოვს მათ. იგი ხედ გარდაქმნის მათ. ტაძარი უფრო სხივოსანია, ვიდრე ქვების გროვა. მე მასზე უფრო ძლიერი ვარ, ვინაიდან ჩემს სულიერ კულტურას ძალუძს ერთ კვანძად შეაკავშიროს სხვადასხვანაირი პიროვნებები. ამით იგი სიცოცხლეს ანიჭებს თავისი ძლიერების წყაროს და ამ წყაროსვე ეწაფება წყურვილის მოსაკლავად.

გაფრენის დროს მოვინდომე რაღაც მიმეღო იმაზე ადრე, ვიდრე მე თვითონ გავიღებდი. ჩემი სურვილი უაზრო იყო. ეს ამბავი რაღაცით ჰგავდა გრამატიკის მოსაწყენ გაკვეთილს. ვიდრე მიიღებდე, უნდა გასცე, და ვიდრე დასახლდებოდე, უნდა ააშენო.
ჩემი სიყვარული ჩვენიანებისადმი იმას ემყარება, რომ მზადა ვარ ჩემი სისხლი გავიღო მათთვის, ისევე როგორც დედის სიყვარულია დაფუძნებული იმაზე, რომ იგი რძეს აძლევს შვილს. სწორედ ამაშია საიდუმლო. იმისათვის, რომ სიყვარულს საფუძველი ჩაუყარო, მსხვერპლი უნდა გაიღო. მერე კი სიყვარულს შეუძლია ახალი მსხვერპლის გასაღებად აღგაფრთოვანოს და ახალ-ახალი მსხვერპლით ახალ-ახალ გამარჯვებებთან მიგიყვანოს. ადამიანმა ყოველთვის უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ვიდრე იარსებებდე, უნდა დაიბადო...
დაზვერვიდან რომ დავბრუნდი, მე უკვე ვიგრძენი ჩემი ნათესაობა ფერმერის ძმისშვილთან. მისი ღიმილი გამჭვირვალე მეჩვენა და ამ ღიმილის მიღმა ჩემი სოფელი დავინახე. ჩემი სოფლის მიღმა — ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყნის მიღმა კი — სხვა ქვეყნები. იმიტომ, რომ მე განუყრელი ვარ იმ სულიერი კულტურისგან, რომელმაც თავის ქვაკუთხედად ადამიანი აირჩია. მე განუყოფელი ვარ 2/33 ავიაჯგუფისაგან, რომელმაც თანხმობა განაცხადა, ნორვეგიის მხარდამხარ ებრძოლა.
იქნებ ხვალ ალიასმა სხვა დავალების შესასრულებლად გამგზავნოს. დღეს კი, გასაფრენად რომ ვიმოსებოდი, ღმერთის სამსახურისთვის ვემზადებოდი, რომელსაც ვერ ვხედავდი, იმიტომ, რომ ბრმა ვიყავი. არასის ცეცხლმა საფარველი ჩამოაშორა ჩემს თვალებს და თვალი ამეხილა. თვალი აეხილათ მათაც, ვისგანაც მე განუყოფელი ვარ. და თუ განთიადზე მე კვლავ მოვწყდები მიწას, მეცოდინება, რისთვის ვიბრძვი.
მაგრამ მე მინდა დავიხსომო ის, რაც დავინახე. ამისათვის კი რწმენის სიმბოლო მჭირდება.
მე ვიბრძოლებ პრიორიტეტისათვის, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს ცალკეულ პიოვნებაზე, როგორც ზოგადს — კერძოზე.
მე მწამს, რომ ზოგადი ამაღლებს და ერთ კვანძად კრავს ცალკეულ პიროვნებათა სულიერ სიმდიდრეს და ერთადერთ ნამდვილ ჰარმონიას ამყარებს, რომელიც ცხოვრების ჰარმონიას წარმოადგენს. ხე ჰარმონიულია, თუმცა მისი ფესვები განსხვავდება ტოტებისაგან.
მე მწამს, რომ ცალკეული პიროვნების კულტს მხოლოდ სიკვდილი მოსდევს, იმიტომ, რომ მას სურს მსგავსებაზე დაამყაროს ჰარმონია. იგი არსის მთლიანობას მისი ნაწილების იგივეობით ცვლის. იგი ანგრევს ტაძარს, რომ ერთ ხაზზე გაამწკრივოს მისი შემადგენელი ქვები. ამიტომ მე შევებრძოლები ყველას, ვინც იქადაგებს ერთი რომელიმე ჩვეულების უპირატესობას სხვა ჩვეულებებზე, ერთი რომელიმე ხალხისა — სხვა ხალხებზე, ერთი რომელიმე რასისა — სხვა რასებზე და ერთი რომელიმე აზრისა — სხვა აზრებზე.

მე მწამს, რომ ადამიანის პრიორიტეტი ერთადერთ გონივრულ საფუძველს უყრის თავისუფლებას. მე მწამს ადამიანის უფლებათა თანასწორობა ყოველ პიროვნებაში და მე მწამს, რომ თავისუფლება ადამიანის აღმავლობის თავისუფლებაა. თანასწორობა იგივეობა არ არის. თავისუფლება არ არის პიროვნების განდიდება ადამიანის საზარალოდ. მე შევებრძოლები ყველას, ვინც ეცდება, ადამიანის თავისუფლება ერთ პიროვნებას ან პიროვნებათა მასას დაუმორჩილოს.

მე მწამს, რომ ჩემი სულიერი კულტურა მოყვასის სიყვარულს იმ ნებაყოფლობით მსხვერპლს უწოდებს, რომელსაც ადამიანს სწირავენ, რომ მისი სუფევა დაამყარონ. მოყვასის სიყვარული ადამიანისათვის გაღებული მსხვერპლია, რომელსაც საშუალო ნიჭის პიროვნების მეშვეობით ვწირავთ. იგი ადამიანს აფუძნებს. მე ვიბრძოლებ ყველას წინააღმდეგ, ვინც ამტკიცებს, რომ ჩემი სიყვარული მოყვასისადმი საშუალო ნიჭს განადიდებს; ამით იგი ადამიანს უარყოფს და პიროვნებას გამოუვალი შეზღუდულობის საპყრობილეში ამწყვდევს.

მე ვიბრძოლებ ადამიანისათვის მისი მტრების წინააღმდეგ. და საკუთარი თავის წინააღმდეგაც.

XXVIII
მე შევუერთდი ამხანაგებს. დაახლოებით შუაღამისას ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, რომ ბრძანებები მიგვეღო. 2/33 ავიაჯგუფი თვლემს. დიდი კოცონის ალი მიმქრალ ნაკვერჩხლებად ქცეულა. ერთი შეხედვით, ჯგუფი ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურება, მაგრამ ეს ილუზიაა. ოშედე სევდიანად შეჰყურებს თავის სახელგანთქმულ ქრონომეტრს. პენიკო კუთხეში ზის, თავით კედელს მიყრდნობია და თვალები მოუხუჭავს. გავუალი მაგიდაზე შემომჯდარა, მთქნარებას იკავებს და ისე იღრიჯება, როგორც სატირლად გამზადებული ბავშვი. აზამბრი წიგნზე დახრილა და თავი ჩაუქინდრავს. მარტო მეთაურია ჯერჯერობით ფხიზლად, მაგრამ სახეზე ფერი აღარ ადევს. მაგიდის ნათურასთან ქაღალდებზე დახრილი, იგი რაღაცაზე ჩურჩულით ეთათბირება ჟელეს. მაგრამ სიტყვა `თათბირი~ მხოლოდ მეტაფორაა. მაიორი ლაპარაკობს, ჟელე კი თავს უქნევს და `დიახ, რაღა თქმა უნდაო~, — ამბობს პასუხად. ჟელე თავის `დიახ, რაღა თქმა უნდას~ უკან იმალება. იგი უფრო და უფრო სწრაფად ეთანხმება მაიორს, როგორც წყალწაღებული ებღაუჭება ხოლმე მოცურავეს. ალიასის ადგილზე რომ ვიყო, კილოს შეუცვლელად განვუცხადებდი: `კაპიტანო ჟელე... განთიადზე თქვენ დაგხვრეტენ...~ და მის პასუხს დაველოდებოდი.
მთელ ჯგუფს უკვე სამი დღეა არ უძინია და ძლივსღა დგას ფეხზე.
მეთაური დგება, ლაკორდერთან მიდის და უფრთხობს სიზმარს, რომელშიაც იგი იქნებ შამათს მიცხადებდა ჭადრაკის პარტიაში.
— ლაკორდერ... თქვენ დილაადრიან გაფრინდებით. დაზვერვა მცირე სიმაღლიდან.
— არის, მაიორო.
— ამიტომ ცოტა უნდა წაიძინოთ.
— დიახ, მაიორო.
ლაკორდერი ისევ ჯდება თავის ადგილზე. ალიასი კი ოთახიდან გადის და ისე მიათრევს ჟელეს, როგორც ანკესზე წამოგებულ მძინარე თევზს. ჟელეს, სამი დღე კი არა, უკვე მთელი კვირაა თვალი არ მოუხუჭავს. ისევე როგორც ალიასი, იგი არა მარტო დაფრინავდა სამხედრო დავალებების შესასრულებლად, არამედ მთელი ჩვენი ჯგუფისთვის პასუხისმგებლობა აწვა კისერზე. ადამიანის ამტანობას საზღვარი აქვს. ჟელემ გადააბიჯა ამ საზღვარს. და აი ორთავენი — მოცურავე და წყალში ჩაძირული — მაინც მიემართებიან ბრძანებათა აჩრდილების მისაღებად.
მიახლოვდება ვეზენი, რომელსაც მთვარეულივით ზეზეურად სძინავს.
— გძინავს? — მეკითხება იგი.
— მე...
თავი სავარძლის ზურგზე მაქვს მიყრდნობილი — აქ მე სავარძელი აღმოვაჩინე — და ვიძინებ, მაგრამ ვეზენის ხმა არ მასვენებს.
— ეს ცუდად დამთავრდება! — ამბობს იგი.
ეს ცუდად დამთავრდება... აპრიორული განაჩენი... ცუდად დამთავრდება...
— გძინავს?
— მე... არა... რა დამთავრდება ცუდად?
— ომი.
აი ახალი ამბავი! მე ისევ ვინთქმები ძილში და ვბუტბუტებ:
— ... რომელი ომი?
— როგორ თუ `რომელი ომი~?
ასეთი საუბარი დიხანს ვერ გაგრძელდება. აჰ, პაულა, ავიაჯგუფებს რომ ტიროლელი ძიძები ჰყოლოდა, მთელი ჩვენი ავიაჯგუფი უკვე დიდი ხანია ლოგინში იქნებოდა!
მაიორი ქარივით აღებს კარს.
— გადაწყვეტილია. ბაზა უნდა გამოვიცვალოთ!
მის ზურგს უკან კი სრულიად გამოფხიზლებული ჟელე დგას. იგი ხვალამდე გადასდებს თავის `დიახ, რაღა თქმა უნდას~ და რომელიღაც, მისთვისვე უხილავი რეზერვებიდან ამოქაჩავს ძალ-ღონეს, რომ კიდევ ერთი ღამე გაუძლოს მომქანცველ შრომას.
ჩვენ ვდგებით. `დიახ... კეთილი...~ სხვა რა უნდა ვთქვათ?

ჩვენ არაფერს ვიტყვით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჯგუფის გადაყვანას. მარტო ლაკორდერი დაელოდება განთიადს, რომ დავალების შესასრულებლად გაფრინდეს, და, თუ დაბრუნდა, ახალ აეროდრომზე შემოგვიერთდება.
ჩვენ ხვალაც არაფერს ვიტყვით. გარეშე მაყურებელთათვის ხვალ დამარცხებულნი ვიქნებით. დამარცხებული კი უნდა დუმდეს, როგორც მარცვალი.