Litclub.ge

მამიდა ასმათი
(ვუძღვნი ციცინათელას) 


ივანობისთვე იყო. ჭიჭინობელა ტყემალზე ჭიანურს უკრავდა. მიწა გოლვისაგან ღრმად დამსკდარიყო., შიგ გომბეშოები ისხდენ და გრილობდენ; ზოგი მათგანი ულაზათოდ ყიყინებდა, თითქოს ზეცას შესჩივოდა, ცოტა ცვარი გადმოგვიგდეო. ერთს ფერდობზე პატარა სამთვალიანი ოდა, ხის ბოძებზე შესკუპებული, გადმოჰყურებდა. ყავრით დახურული ფარდულები ძერის ფრთებივით ჩამოეშვა, თითქოს ძირულის ხევში ეპირებაო ჩაფრენას. წინა ფარდული აივანზე ჰქონდა გადაშლილი და ოთხ ბოძზე იყო დაბჯენილი. ერთ კუთხეში გრძელი ხის სკამი იყო კედელზე მიდგმული და ცალი თავი სასთუმლად ჰქონდა მომორილი. ამის გამო სკამს სავერძელს ეძახდნენ. იმაზე იჯდა ერთი შუა ხანზე გადასული ქვრივი, შავებით შემოსილი. ლურჯი ლაინის პერანგი ეცვა და საყელო თეთრი ზონრებით ჰქონდა მარყუჟათ შესკვნილი. გვერდით მოესვა თმა-გრუზა, პირ-რგვალი გოგონა. ამას კალთაში ძველი დაჭმუჭვნილ-დაფლეთილი ბარათები ეწყო. ერთი მათგანი მუხლზე ჰქონდა გადაფენილი, სტრიქონებს თითს აყოლებდა და წკრიალა ხმით გასძახოდა: “ჩ...ე..მ...ო... ს...ა...ყ...ვ...ა...რ...ე...ლ...ო” და სხვ. თუ ხანდახან შეეშლებოდა, ქვრივი მაშინვე გაუსწორებდა, თუმცა შიგ ბარათში არ იხედებოდა. მისი მსხვილი თვალები ხშირად ლურჯ ცას შეჰყურებდენ; ეტყობოდა, ქვრივი ღრმათ იყო ჩაფიქრებული, ხელში ეჭირა თითისტარი და ბამბის ფთილას ართავდა. ხანდახან თავს ახირებულათ გაიქნევდა, თითქოს დახვეულს ფიქრებს იგერებსო. პატარა მოწაფე არ იყო მაინც-და-მაინც სუფთათ ჩაცმული: მუხლებ ქვეშ, როცა ფეხ-მოკეცილი იჯდა, ტიტველა ფეხის ცერები უჩანდა, კაბის სახელოები შავათ ჰქონდა გალიფული, რადგან მათ ცხვირსახოცის მაგიერათ ხმარობდა. შავი წარბები, გრძელი შავი წამწამები და მელნის ტბა თვალები მეტად აცოცხლებდნენ მის სანდომიანს სახეს. მისი შეთლილი და ცოტათ გაფუთქული ცხვირის ნესტოები ბაღის ვაშლის კვიჭიჭებს მოგაგონებდა, როცა ისინი მწვანე ფოთლებს ქვეშ ლამაზათ გამოიჭვრიტებიან. თუმცა მომუზნული სახე იმ ცხრა წლის გოგონასი ბევრს ბუნებითს შნოს ჰკარგავდა, მაგრამ ვინც ნახავდა, ყველა ასე ამბობდა: “როცა მოჩიტდება, მაგის ნახვას არა ემჯობინება-რაო”. 
მზე დასავლეთისაკენ გადაწეულიყო და სავარძელს ჩერო მიდგომოდა. აივნის მეორე კუთხეს მზე ისევ აჭერდა და პაპანაქება-სიცხე ჯერ კიდევ არ დაშვებულიყო. ძირულის ხეობიდან ცოტა სიომ მოჰბერა და სავარძელზე მსხდარნი მამიდა-ძმისწული გააგრილა. მაგრამ აივნის მეორე მხარეზე, საცა მზე აჭერდა, მაინც მყუდრო იყო. ბუზებიც აქვე მოგროვილიყვენ და თითქოს სიცხისაგან გარეტებულნი ერთმანეთს ებრძოდნენ. 
— აწ კარგი, შვილო, გეყოფა კითხვა, შეინახე. — უთხრა ქვრივმა და თითონაც მიდგა სავარძელზე თითისტარი და ბამბის გორგოლაჭი. 
პატარა ქალი ელვაზე უმალ წამოვარდა, დახვია ხელი ბარათების ნაგლეჯებს და შევარდა განის ოთახში. 
— ნათელა! — დაუძახა ქვრივმა პატარა ქალს. — უჩემოდ ნურსად წახვალ. ბარათები რომ შეინახო, ისევ აქ მოდი. ორიოდე სიტყვა მაქვს შენთვის გადმოსაცემი... 
— აი, მამიდა! აგერ ვარ, რა გინდა? — გამოეჭიმა ცოტა ხანს შემდეგ შნოიანი გოგონა და სიკეკლუცით წელში იხრებოდა. 
— შენ გენაცვალოს შენი მამიდა, ჩემო მერცხალო გოგონა! — შემოხვია თავზე ორივე ხელი, მიიზიდა და დაუწყო კოცნა თვალებში, მერე დაისვა მუხლზე და ასე ეუბნებოდა: 
— ვაითუ აღარც კი გაგახსენდე, ქმარს რომ წაჰყვები?! 
— არა, მამიდა, მე ქმარი არ მინდა. არც წავყვები. 
— მამიდა გენაცვალა, ქალი რომ გაიზდება, ქმარს უნდა წაჰყვეს, უსათუოდ. ისეა წესი. მეც მყავდა ქმარი, კარგი კაცი იყო. მე, შვილო, მისი ღირსი არ ვიყავი, ღმერთმა არ მომცა, თორემ... დედაშენსაც ჰყავდა ქმარი. ცოლ-ქმრობა ღვთის გაჩენილია. თუ ქმარს არ წაყვა ქალი, ისე რა შვილია? 
— მე ხომ ჯერ ქალი არა ვარ. 
— წლეულს, მარიამობისთვეს, ათი წელი შეგისრულდება, მეთერთმეტეში ჩადგები. მერე ქალობა დაგეტყობა. თორმეტის წლის არც-კი ვიყავი, მე რომ გამათხოვეს. ტანით თურმე შენ ხელაც არ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გავთხოვდი და ერთს წელს შემდეგ ისევ საყოლში (მამის ოჯახში) დავბრუნდი, შინაურებმა ვეღარც-კი მიცნეს. შოლტივით დედაკაცი შევიქენი. ქმარს რომ წაყვები, შენც გაიზდები, შვილო, გაკეთდები. 
— აჰ, არა, მამიდა! — თავი გაიქნია ნათელამ:— ასე მგონია, გძულვარ და გინდა თავიდან მომიშორო; თუ შეგძულდი, ბიძაჩემთან გამგზავნე. 
— მის მეტად ღმერთმა არ შეგიძულოს!.. — მოხვია ორივე ხელი ძმისწულს, ჩაიკრა გულში და ხელმეორედ დაუწყო კოცნა. — ეგ რა თქვი? მძულხარ-კი არა, შენზე ამომდის მზე. მე შენს მეტი ვინ მყავს ქვრივ-ოხერს? დედა შენი რომ კვდებოდა, შენი თავი მე ჩამაბარა იმ სულ-განათლებულმა: “შენ იცი და შენმა ქალობამ, თუ ჩემს ნათელას გამიზდიო”. მას აქეთ შვილად მყავხარ აყვანილი, რაც შენს გამოზდაზე წვალება და მწუხარება გამოვსცადე, დედა როგორ გამოცდის იმდენს! ორი დასკვნილი წელიწადი ამ ხელებითა მიტარებიხარ, ძირს ფეხი არ დამიდგმევინებია შენთვის, მეშინოდა, არ გამცივებოდი... 
— აბა, რათ მეუბნები გაგათხოვებო. მე წვერებიანი კაცების მეშინია. 
— რათა, შვილო, კაცის რათ გეშინია?.. ბიძაშენი კაცი არ არის წვერებიანი? სხვა გარეშე კაცებიც მისთანები არიან... არ გახსოვს, მამაშენი რომ ვაშლებს და კანფეტებს მოგიტანდა, კალთაში ჩაგისვამდა, გკოცნიდა, გეალერსებოდა?.. ქმარი კიდევ უფრო ბევრს საჩუქარს მოგიტანს: ოქროს ძეწკვს, ფარჩის კაბას, აპრიალებულს პოლსაპოჟკებს და ვინ იცის რამდენს რას არ მოგიტანს. 
— არა, მამიდა, არაფერს არ გამოვართმევ. არც მივეკარები. ძიძა ყოველთვის მარიგებდა, კაცს არ მიეკაროვო, თვარა მაშინვე მოგიტაცებსო... ტყუილათ რომ გვერდით გაუარო და მისი ჩოხის კალთა მოგედვასო, მაშინვე დაორსულდები და გაუბედურდებიო. მას აქეთ შემძულდენ მე კაცები. 
— იმას დაუდუმდეს ის ბოროტი ენა!.. მოვიდეს აქ, მე გავსცემ საკადრის პასუხს. ის ავ-სული! როგორ გაბედა შენთან მაგისთანების ლაპარაკი! 
— არა, მამიდა, ნუ გაუწყრები. მე ძიძა ძალიან მიყვარს. ხომ არ გაუწყრები, ჩემო მამიდა? — ნათელა უცებ ახტა, მოეხვია ქვრივს კისერზე და დაუწყო კოცნა. 
— კარგი, შვილო, არ გავუწყრები, მაგრამ როგორ გაბედა იმ საძაგელმა შენი დაშინება. განა, შვილო, მე შენი სიკეთე არ მინდა? ქმარი რომ ცუდი იყოს, როგორ გირჩევ? მაგრამ შენ ახლა მოზდილი ხარ. ერთსა და ორ წელს იქით გასათხოვარი შეიქნები. ახლავე მინდა, შვილო, შეგაჩვიო ამ აზრს, კარგი საქმრო გამოგირჩიო. მე შენთვის სულ პირტიტველა ბიჭი მყავს გამორჩეული. აბა, ბიძაშენი რომ ფიქრობს, ის კი არ მინდა შენთვის: შავტუხა ყაძახი (გლეხი). შავი წვერულვაშიანი, უთვალტანადო, უსახო. იმისთანას არც მე გირჩევ. 
— მამიდა, წავალ ლეტიასთან, კოწიასთან, სათამაშოთ, — მოუთმენლად ჩაჰკითხა ნათელამ, რომელსაც მობეზრდა ცოლ-ქმრობის ფილოსოფია. — კოწიას ერთი ყელ-მომტვრეული დოქი უშოვნია, ქვევრად უნდა ჩაფლას მიწაში, წყლით გაავსოს, თავი გადუგლისოს, ვითომ ქვევრია და შიგ ღვინო. მე მინდა იქ დავესწრო. 
— წადი, მაგრამ არა იწყინო-რა. 
ნათელამ მოკურცხლა მეზობლებისაკენ ფეხშიშველამ, თავ-მოხდილმა: თავსაფარი ყელზე ჩამოვარდნოდა და მიაფარფაშებდა. 
ქვრივმა გაუშტერა იქითკენ თვალები, საითკენაც ნათელა გაფრენილიყო: ხელში შერჩენოდა მხოლოდ თითისტარი და ბამბა ფთილის ნარჩენი. ცოტა ხანს იქით ქვრივმა ამოიხვნეშა და ასე დაიწყო: “ვინ იცის, იქნება არც-კი მოხდეს! ბევრი მტერი მყავს. პირველი ჩემი მტერი ჩემი ძმა როსაფია. იმას უნდა ნათელას წყალობით ისარგებლოს. რა ენაღვლება, ამდენი მიწა-წყალი ხელში ჩაიმუჭნა; ობლის ლუკმა გემრიელია. ვინ არის პასუხის მომკითხავი?.. აპეკუნობა ქრთამით დაიმტკიცა. იმ დღესაც ობლის მამულიდგან ერთი ახო გაუყიდია ოც თუმნათ. სანამდის ჩემი ნათელა წამომეზრდებოდეს, იმის ადგილმამულს გაანახევრებს... არა, უნდა დავაჩქარო ნათელას გათხოვება, მერე-კი მე ვიცი, თუ ქალი ვარ, პირში ლუკმას 
გამოვაცლი. იმ დღესაც ქართლიდგან მომივიდა ნათელას მაშვალი. შეუტყვიათ, მამულიანი ქალი არისო, მოტაცება განუზრახავთ, თუ აპეკუნი არ დათანხმდაო. აბა, რას დათანხმდება? ათას ორასი თუმნის მამული ხელში უჭირავს. იქნება იმას სულაც არ უნდოდეს ნათელას გათხოვება. იმ დღეს მითხრეს, ცოლის ძმისწულისათვის უნდაო. თურმე როსაფსა და იმის ცოლის ძმას მოლაპარაკება ჰქონიათ. ორმოც თუმანს დაჰპირებია როსაფსა, ოღონდ ჩემს შვილს მიეცი ნათელაო. მანამდის არ ადგა ჩემის ძმის გვერდები, მე იმას ეს იმედი არ ავუსრულო. თანდილაანთ იოთამს შემოუთვლია, თუ ჩემს შვილს ჭიჭიკოს შერთავ შენს ძმისწულს ნათელასაო, სამოც თუმანს გასამრიგოს მოგართმევო. ოთხმოც თუმანსაც ადვილათ მომცემს. ხვალ უნდა შევუთვალო პასუხი. საკუთარს ნაყმევს გავგზავნი და წიგნსაც ასე მივწერ: ოცი თუმანი ხელათ გამოგზავნოს და სამოცის თუმნის ვექსილიცა ერთის წლის ვადით. მაგრამ ესეც არის, თუ არ მოვატაცებინე, ნებაყოფილობით არავინ დამანებებს ნათელას, ჩემს ავსულს ძმას გზირები ჰყავს ყოველგან დაყენებული. მაგრამ თუ მოვინდომე, ჩემს მტერს ნურა გაუგია რა, მაგათ ჩემი ასავალ-დასავალი ვერ გაიგონ. თვალსა და თვალს შუა ბეწვს გამოვაცლი... თხუთმეტი ცხენოსანი-კი იქ უნდა გამოგზავნონ, საცა მე დავუნიშნავ. დანარჩენი მე ვიცი”. გაათავა თუ არა ეს ფიქრები, ასმათმა დააბზრიალა თითისტარი და ჩამოუშვა ძაფით ბამბის ფთილა, მერე ხელით ჩამოსწორება დაუწყო. 


II 
ასმათი იყო ერთი მკვრივათ ჩასხმული დედაკაცი, ორმოცის წლისა. მისი მსხვილი ბრიალა თვალებისა ყველას ერიდებოდა, მეტადრე, როდესაც რამე ან ეწყინებოდა, ან ეოცებოდა. ის მაშინ წარბებს აიგრეხდა და თვალებს გადმოკარკლავდა. ამ დროს მისი თვალები მოაგონებდა კაცს ზღაპრულს ალმასის გველის თვალებს, რომელიც ყოველსავე ახმობდა და აშეშებდა, რასაც-კი შეხედავდა. მეზობლის დერეფნის წინ ქვა იყო ჩამოკიდებული, რომ ასმათის თვალების ანდამანტი პირველად ამ ქვას დასტეხოდა. თუ ვისმე ბატის ჭუკები დაეხოცებოდა, ან ახალ-გამოტეხილი წიწილები ავათ გაუხდებოდენ, ან ძროხას თვალი ეცემოდა, ან ხბო დაიხუთებოდა, პატრონი მაშინვე ასმათის ეზოსკენ გამორბოდა, სამჯერ გადააფურთხებდა და ასე იტყოდა: “შენი თვალი ქვასო, შენი არჩივი ძაღლსო”. მაგრამ არც სულ ისე ავი იყო ასმათი, როგორც უგონებდენ. უნდა გეყურებინათ ასმათის ალერსი, როცა თავის ძმისწული ნათელა კალთაში უჯდა. ამ დროს იმისი ქცევა ვეფხის სიყვარულს მოაგონებდა კაცს, როცა ზურგზე კნუტები უსხედან. ასმათმა სიყვარულიც გადამეტი იცოდა, სიმძულვარეცა. თუ ვისმე ჩაასობდა კბილს, მის ნიადაგზე ნერგიც აღარ გაიხარებდა; მაგიერათ იმისი მეგობრობა თუ-კი ვისმე გაიმეგობრებდა, სწორეთ ღვთის მოწყალება იყო. აი, ამის გამო იმ სოფელში, საცა ასმათი ცხოვრობდა, პარტიობა განუწყვეტელი იყო. ერთი მხარე რომ ასმათს აძაგებდა, მეორე მხარე ყოველთვის ქომაგათ ჰყავდა. 
ასმათი და მისი ძმა როსაფი დიდის ხნიდან იყვენ ერთმანეთზე გადამტერებული: და ემდუროდა ძმას იმის გამო, ვითომც ზოგიერთი დედის ნაქონი ნივთები მამის სიკვდილის შემდეგ როსაფს გადაემალოს და ანდერძიც დაეხიოს. ვითომც ანდერძში წერებულიყოს, ერთი საპარტახე ადგილი ასმათისათვის დამიტოვებიაო. 
იმ სოფელში, საცა ასმათი ცხოვრობდა, ერთი შეუძლო აზნაურიც ესახლა, კარგი თვალტანადი, მომლხენი და მომღერალი. მას ერქვა ოთარი. ყველაფრად კარგი ვაჟკაცი იყო, მხოლოდ ერთი ნაკლულევანება სჭირდა — მუშაობა არ უყვარდა. მამა-პაპეული ქოხისთვის ერთი ტკოჩი ფიცარიც არ მიემატებინა. მის სახლის სახურავზე ხავსი მოითიბებოდა. ჰყავდა ერთი ძმის ზიარი დროებით ვალდებული გლეხი, ჰქონდა ათი ურმის ყანა და მამის დანატოვარი ერთი კუდა ხმალი, რომელსაც ფრანგის რკინას ეძახდა. ასი თუმანი რომ შეგეძლია, ხმლის ფასად, კიდევ ცოტა იყო. წლის სარჩო ქრისტეშობისთვის დამლევამდის თუ გაჰყვებოდა. მერე კარ-და-კარ დაიარებოდა: დღეს ერთთან მივიდოდა, ხვალ — მეორესთან. ხშირად მოხდებოდა, რომ ერთის რომლისამე აზნაურის ოჯახს ამოიჩემებდა და დაუწყებდა სტუმრობას: მასაც ალხენდა, თვითონაც ლხინობდა. არც სულ მართლა ხელ-ცარიელი შედიოდა მეგობრის ოჯახში: არ ვიცი, საიდან შოულობდა, მაგრამ საკლავ-შეჭამადი ბევრი შეჰქონდა მის ოჯახში. თუმცა ოთარი განიერი მხარ-ბეჭის პატრონი იყო, მაგრამ, თუ, დასჭირდებოდა, გველის ხვრელშიაც სრიალს გაადენდა. მეზობლები ხშირად ჩიოდენ საქათმისა და სათხებოს კარის გატეხას... დღეს ერთს მეზობელს დააკლდებოდა მსუქანი დედლები, ხვალ მეორე მეზობელს საშობოთ გასუქებული ინდოურები, ზეგ მესამე მეზობელი გააბამდა: “ვიხარმამაცი, წუხელი სანათლიღებო ქვევრი მომიხადეს და სამი კოკა ღვინო მომპარესო”. ყველას ოთარზე ჰქონდა იჭვი მიტანილი, მაგრამ ვინ რას გაბედავდა: “ხმალი სწყვიტესო, თავი კოტილარესო”, იცოდა ოთარმა ხუმრობით ხალხში წამოძახება, “ღმერთო უარესისაგან დაგვიცევო”, — ფიქრობდენ დანაკლისებულნი. ოთარს ყველა მისებური ცალ-ხელა აზნაურები მომადლიერებული ჰყავდა. მის წვევას აღდგომასავით შეხაროდენ. კარგად იცოდენ, რომ ოთარი ხელცარიელი არ ეწვევოდა მათ უმთვარო ღამეში. იმის ცოლშვილი ღვთის ანაბარათ იყო მიგდებული. ვინ იცის, რამდენს გაჭირვებას და შიმშილ-წყურვილს ითმენდენ მის კარ-და-კარ სიარულითა. ხშირად მოხდებოდა, რომ ოთარი ორს-სამს კვირას შინ არ მივიდოდა და როცა შეაღებდა კარს მამა-პაპეულის ქოხში, მაშინაც დღე ნიადაგ გაუსხლეტელი ჩხუბი ჰქონდა ცოლ-შვილთან. ისინი მუდამ შიშველ-ტიტველნი ეყარენ, მაშინ როდესაც ოთარს ყოველთვის კარგი ტანსაცმელი ეცვა და კარგს ცხენზე იჯდა. მაგრამ საკვირველი იყო! მის ცოლს ოთარის შინ მისვლა მაინც აღდგომასავით გაამხიარულებდა. ის ოთარის წყრომასაც სიამოვნებით ითმენდა, ოღონდ კი იმას ორი, სამი დღე ცოლ-შვილთან გაეთია. აი, ეს ოთარი დაუმეგობრდა ასმათს და შეიქმნა მისი ყურ-მოჭრილი ყმა და მოსამსახურე. 


III 
როგორც მამა დამარხეს, ასმათსა და როსაფს დიდი ალიაქოთი შეუდგათ. 
— მე შენ არ შეგარჩენ დედის ჩემის დანატოვარს გულის-ქინძისთავს და ბეჭედს! ჯერ მამა არ მანებებდა თავის სიცოცხლეში და ახლა შენ გადამიმალე. მომეცი ჩემი, რას მეჭიდები! — ეკაპასებოდა ასმათი თავის ძმას. კვირა ერთი იყო და ასმათის ანჩხლობა დღენიადაგი. მისმა გესლიანმა ენამ რამდენი ცუდი არ აკადრა როსაფის ოჯახს? მის ცოლს, თავის საკუთარს რძალს, როსკიპობას სწამებდა, თვითონ მას — ათასნაირს ქურდობას, ცრუ-მოწმობას, ქრთამს, ხაზინის გატეხას და, ვინ მოთვლის, რამდენ სხვა სიცუდ კაცეს. როსაფმა ჯერ ბევრი უთმინა, ბოლოს რომ ვეღარა მოახერხა-რა, ასმათი ვერ დათოკა, ერთი ამგვარი ჩხუბის დროს, წამოავლო მათრახს ხელი და ერთი ორიოდე უჭირა თავის დას. მაშინ იკადრა ასმათმა მოკურცხვლა შინისაკენ, მაგრამ იქვე დაექადნა: “თუ ქალი ვყოფილვარ, ძვირათ დაგიჯენ ჩემს გალახვასო”. აი, ამას შემდეგ ოთარმა ხშირად დაიწყო სიარული ასმათის ოჯახში. მისთვის იქ მუდამ მზათ იყო კარგი ღადარში ჩასმული პურები, კარგი მწვანის ღვინო, კარგი შემწვარი ვარია. როცა ოთარი შეჟინჟღილდებოდა, მერე მოჰყვებოდა როსაფზე მუქარას: “ასმათო, დარდი ნუ გაქვს, მე ვიყრი იმაზედ შენს გულის ჯავრსო”. ამასობაში სოფლად გავარდა ხმა ასმათისა და ოთარის საეჭვო დამოკიდებულებაზე: ვინ იცის, რამდენს რას არ აჭორებდენ. ზოგი ამბობდა, სოფლის ვახშმობის შემდეგ ოთარი ასმათის სახლში მიიბუზება ხოლმე და მამლის ყივილზე შინ ბრუნდებაო. ამ 
ჭორებმა მიაღწია ასმათის ყურებამდის; ოთარის ცოლმაც შეიტყო, თუმცა ეს ამბავი არ სჯეროდა, რადგან ასმათთან კარგს განწყობილებაში იყო. თითოეული ჭორი ისე უშვერად იყო შეთხზული, რომ ოთარის ცოლს ძალიან ადვილათ შეეძლო მისი სიცრუე დაემტკიცებინა. თვით ქვრივის საღმა მოქმედებამაც ცხადათ დაანახვა ოთარის ცოლს თავისი უბრალოება. 
ერთხელ ქვრივმა შეიკერა დიდი, განიერი პერანგი, რომელშიაც ორი კაცი კარგათ მოთავსდებოდა. დაიბარა მოძღვარი, მოიპატიჟა ოთარის ცოლი და მეზობლები. ოთარიც იქ იყო. ასმათმა უთხრა ოთარს: “მე დედა და შენ — შვილიო”. მერე გადიცვა ტანისამოსზე დიდი პერანგი, შიგ ოთარი გააძვრინა, შემდეგ გადმოაგდო ძუძუ და ზედ კბილი დაადგმევინა. მოძღვარმა აიაზმის წყალი უკურთხა. ამას შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ოთარი ასმათის ნამდვილი შვილობილი ყოფილა. ამიერითგან ოთარის ცოლიც ასმათის რძლათ იგდებდა თავს. მტრები-კი მაინც იჭვის თვალით უყურებდენ ამ ამბებს. 
ეს მეხუთე წელი გადიოდა, რაც ასმათი დაქვრივდა. ქმრისაგან კარგი მამული დარჩა და უშვილოც იყო. ბევრს უადგილ-მამულო აზნაურს რჩებოდა თვალი მის ქონებაზე, მაგრამ მის შერთვას მაინც ვერავინ ჰბედავდა, რადგან ქვრივის სიავე ყოველგან იყო ცნობილი. ქმრის უდროოთ სიკვდილს ყველა ცოლს აბრალებდა. “მოინელა ის საწყალი კაცი, უდროოთ ჩასდო საფლავშიო”, — ამბობდენ მეზობლები. თვითონ ასმათი-კი გულახდით სწუხდა მის დაკარგვას. მის ოჯახს უკაცობა უფრო ახლა დაეტყო, როცა ასმათი ნაყმევებმა დაიბრიყვეს და შემოსავალს სრულად არ აძლევდენ. მას ეჭირვებოდა ერთი ვინმე ფხიანი მოურავი, თუ ნადელების ასაღებათ, თუ ადგილების გასაცემათ, თუ საჩივრების ასატეხათ. ამაებში ოთარი ძალიან მარჯვე იყო. ასმათიც არ რჩებოდა ხელ-ცარიელი. ამიერითგან ოთარის ცოლ-შვილი სულ ასმათის წყალობით რჩებოდა. 
ასმათს გული ძალიან სტკიოდა, რომ იმისი ძმა როსაფი საპარტახე ახოს აღარ ანებებდა. ეს მესამე წელი იყო, რომ ის ახო გლეხებს სანახევროთ აეღოთ როსაფისაგან. მისი და-კი გულზე სკდებოდა, ჩემ საწილო ადგილს ჩემი ძმა როგორ სარგებლობსო... 
მარტის დამდეგი იყო. საღმოს ოთარი მოვიდა ასმათისას. 
— ოჰ, ისე შენ გაგახაროს დედა-შვილობის გამჩენმა ღმერთმა, როგორც მე შენი მოსვლა გამეხარდა, — შესძახა ასმათმა მხიარულათ. 
— რაო, დედა, რა ამბავია? 
— ჯავრისაგან აღარ ვარ. თუ წრეულსაც ი მამიჩემის დანატოვარი საპარტახო როსაფის გლეხებმა დამიხნეს, სევდას ვერ გადავურჩები. 
— ნუ დაახვნევინებ და ის იქნება. 
— რითი, ჩემო შვილო?.. ქვრივ-ოხერს რა შემიძლია, როგორ უნდა ვეწინააღმდეგო?.. 
— თუ აგრეა, მე გადმომეცი, მე ვიშოვნი კაცებს, ბარე ათი სახელმწიფო გლეხი მეხვეწება, სამუშაო ადგილები აგვაღებინეო. 
— მიშველე, ჩემო ოთარ, დედა-შვილობის გამჩენმა ღმერთმა მოგიწყოს ხელი. 
— ბატონი ბრძანდები. ამიერიდან ყვავსაც აღარ გადავაფრენ ზედ. 
— დღეს სამი მარტია. თუ ამისთანა დარებმა წაიარა, შუა მარტამდის ყანები უნდა დაიხნას. რაღას უყურებ?.. ბარემც გაურიგდი იმ გლეხებს, როსაფის ნაყმევებმა რომ აღარ მოგასწრონ. 
— მაშ დამიწერე ბარათი, რომ ის პარტახი ჩემზე გაქვს სასარგებლოთ გადმოცემული. მერე მე ვიცი. თუ კაცია და ვინმე მოჰბედავს იქა. 
— ახლავე, ჩემო შვილო, — უპასუხა ასმათმა და წავიდა საწერ-კალამზე. 


IV 
აღდგომის მიწურული იყო. ოთარი ემზადებოდა თანდილაანთსა სტუმრობას. იმას ერთი ახირებული ჩვეულება სჭირდა. როგორც გაზაფხულის სული მოაწევდა. ისიც ნავარდს ჰკრავდა თავის სოფლიდან!.. გორიდან ფოთამდის მისი სანავარდეთი იყო. განსაკუთრებით უყვარდა ზესტაფონში და ქუთაისში ყოფნა. ნაგაზი რომ საყასბოზე მიეჩვევა, ისე იყო ოთარი სამიკიტნოებში გაწუწკებული. ერთხელ რომ ვისმე სალამი მიეცა, მეორეთ გულის ბიძაშვილათ გაუხდებოდა. დღე არ გავიდოდა, რომ ის სამიკიტნოში ვისმე პურის ჭამათ არ შესწრობოდა. ოთარმა იცოდა დრო და კაცი. იმ დროს მიადგებოდა, როცა მასპინძელი ღვინით იყო შეჟინჟღილებული და სტუმარს ნატრობდა. “ოჰ, ოთარ, ღმერთმა ბევრს კარგს შეგასწროს, მობძანდი, მობძანდი!” — უძახოდა გამხიარულებული მასპინძელი. ოთარსაც ეს უნდოდა. მივიდოდა, მოუჯდებოდა გვერდით და სტუმრული მორცხობით შეჰყვებოდა საქმეს. მასპინძელი-კი თან-და-თან იწვევდა ოთარს მხიარულობისათვის. ბოლოს იმდენზე მივიდოდა საქმე, რომ, სანამდის მასპინძლის ჯიბეს სიქა არ გავარდებოდა, სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს არ გაშორდებოდნენ. როცა ორივე კარგა ლაზათიანათ გამოიბრუჟებოდნენ. ოთარი ერთ-ორ მანეთს დაესესხებოდა მასპინძელს და მერე სხვა მხრით შეუტევდა. იმერეთიდან ქართლს გადავიდოდა, იქიდან ცხინვალის მხარეზე იცოდა გამგზავრება. იქ ახლო-მახლო ოსების სოფლებში ლუდისა და არაყის გემო ჰქონდა გაგებული. ხატობისა და დღეობის ანგარიშები მამაო ჩვენოსავით ჰქონდა დაზეპირებული: სად რა დღესასწაული იყო, ან ოსეთში არყის ხდა როდის იცოდნენ, ან ლუდს როდის დააყენებდენ. ოთარი ყოველთვის იმ დროს მიადგებოდა კარზედ მასპინძელს, როცა იმას ყოველი სტუმარი უფლისაგან გამოგზავნილი მოციქული ჰგონია. აი, ამიტომაც უყვარდათ ოთარი გარეთ ყოველგან. მაგრამ მაგიერად შინ არ გაიცდიდენ მეზობლები, რადგან ოთარი ოთოთაანთ ქორივით ირჯებოდა; როცა გარეთ ლუკმა შემოაკლდებოდა, შინაურებს დაუტრიალდებოდა. 
აღდგომის დღესასწაულები შავში გაითენა ოთარის ცოლშვილმა. 
— ამის მეტათ არ მახსოვს, ოთარი რომ აღდგომას გარეთ დარჩენილიყოს, — თვალ-ცრემლიანმა ოთარის ცოლმა მიუწუწუნა ასმათსა. მე იმის იმედი უფრო მქონდა, რაკი თქვენს ადგილ-მამულს აიღებდა, მერე შინ მოდგებოდა. წელს სულ გადაირია! 
მაგრამ ოთარის მოუსვლელობას მის ცოლზე უფრო ასმათი სწუხდა. 
— იმ გაწუწკებულმა პირობა მომცა, სააღდგომოთ უსათუოდ შინ დავბრუნდებიო. — შესჩივლა თავის მხრით ასმათმაც. — სად არის?! ნეტავ ახალ-კვირას მაინც მოსულიყო. მე რომ საპარტახე ადგილი მივეცი ოთარს, არ გახსოვს, როგორ დამარწმუნა, ყვავსაც აღარ გადავაფრენ ზედო... გუშინ-წინ როსაფის გლეხებს ისევ დაუხნავთ და სიმინდი დაუთესიათ შიგ. 
ამ დროს უეცრად შემოიღო კარები და ოთარი შემოიჯგიმა. ქალებს უცბათ გადაავიწყდათ საყვედური. ცოლი გადაეხვია. 
— კაცო. ასე უნდა?.. შენმა ლოდინმა მომკლა, ვინ იცის, რამდენი რამ წამომიდგა! მე მეგონა, ცოცხალს ვეღარც-კი გნახავდი. 
— ჩემი მომკვლელი კაცი ჯერ არ დაბადებულა, — უპასუხა ოთარმა. 
— შე, კარგო კაცო, სააღდგომოდ ჩამოვალო, რომ დამპირდი, აგრე უნდა?.. ეგ იმედი მქონდა შენი? იტანტალე გარეთ. შენი საპარტახე როსაფის გლეხებმა ისევ დახნეს და კიდეც დათესეს, — უამბო ასმათმა. 
— ეგ უკეთესი, — არ გაიკვირვა ოთარმა. — დაე, დახნან, დაოშონ, დათოხნონ: როცა ყანა მოიწევა, წავალ, მოვმკი და შინ მოვიტან. 
— მე მაგის იმედი არა მაქვს. როსაფი და მისი გლეხები აღარ დაგანებებენ. 
— ვნახოთ, ვისი ხმალი უფრო გასჭრის. 
— აგრე იძახი შენ დღეში და მე შენი დაჭრილი ვერავინ ვნახე. 
— აბა, დამაცადე და თუ ვერ გაჩვენებ, შეიტყობ. 
— მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერს, — დაცინვით უპასუხა ასმათმა. 
— გაყურებინებ, — დაიქადა ოთარმა. 
ამ დროს შემოცქრიალდენ ოთარის ბავშვები. პერანგის მეტი ტანზე არა ებადათ-რა. 
— მამა, მამა! — შესძახეს შვილებმა, შეახტენ კისერზე და დაუწყეს კოცნა. 
— როგორ დატიტვლებულხართ? სააღდგომოთ განა არ შეგიკერათ-რა დედამ?.. 
— რა მოგვიტანე, რომ დედას შეეკერა? — უთხრეს მხიარულათ ბავშვებმა. 
— აი, თუ არ მოგიტანეთ! — გახსნა ხურჯინი და ამოიღო სამშაურიანი ჩითები. 
— უი, უი, რა ლამაზი პრიალა ჩითებია! — გაიხარეს ბავშვებმა. — ეს ჩემი საახალუხე იყოს, — ამოირჩია ვაჟმა. — არა, ეს ჩემი საკაბე იყოს! — დაემუშტრა ქალი. 
— აი, დედა, — წამოიძახა ვაჟმა. — მამას რომ ემდური, ჩვენთვის არა მოაქვს-რაო. აბა რა არის ეს?.. 
— კაი შვილია!.. — ღიმილით გააპარა თვალები ცოლმა ოთარისაკენ. 
— ძალიან ვეცადე, — იმართლა თავი ოთარმა, — რომ სააღდგომოთ დავბრუნებულიყავი; მაგრამ რათ გინდა!.. რაი ერთხელვე იმ ტეტიების ხელში კაცი ჩავარდება, თავს როგორ იხსნი?! დღე და ღამე სულ ლხინში ვიყავი: თარი, ჭიანური, დუდუკი, სიმღერა!.. ზურნის ჭიჭყინმა ყურები დამიჭექა. მერე გიორგობას წამიყვანეს. ძლივს აქ დავაღწიე თავი. ეს ჩითები გორში ვიყიდე... მართლა, თანდილაანთ იოთამმა შენთან წიგნი გამომატანა. რაც დამაბარე, მანდ სწერია იმის პასუხი. — გაუწვდინა ბარათი. 
— იოთამის პატარა ბიჭი არ გაზდილა? — ეშმაკური გაღიმებით ჰკითხა ასმათმა. 
— მარიამ!.. — ასე ერქვა ოთარის ცოლსა. — ხომ იცი, ოთარი ნამგზავრია, მშიერი იქნება. ბიჭს დაუძახე, ღვინო ამოაღებინე, იქ თაროში ერთი ღორის კანჭი ძევს და გაფუებული პურები. 
მარიამი საჩქაროთ წავიდა თადარიგის მოსახდენათ. 
— რაო, რა თქვა იოთამმა? — ჰკითხა ასმათმა. 
— ასე შემოგითვალა, შენ ოღონდ ჩემს ჭიჭის შენი ძმისწული შერთეო და რასაც დაგპირებივარ, აგისრულებო, ოც თუმანს ნაღდათ მოგართმევთ, როცა ქალს ხელში მოგვცემთო, სამოცის თუმნის ვექსილსაც დაგიწერთ ერთის წლის ვადითო. 
— ჯერ კიდევ წელიწად ნახევარი ვადა აქვთ, — ჩაიცინა ასმათმა. სანამდის თორმეტის წლის არ გახდება ჩემი ნათელა, მანამდის მისი ჯვარისწერა არ მოხერხდება. 
ამ დროს მარიამი შემოვიდა და სუფრას გაწყობა დაუწყო. იმათ უცბათ გასწყვიტეს ლაპარაკი. 
— შე უბედურო, — უთხრა ქმარს მარიამმა. — ამდენი ხანი ოჯახში არ ყოფილხარ, რატომ არ იკითხავ, რა გვქონდა, ან რა გვითბებოდა? შენს ამარა დადგა ჩემი მტრის ოჯახი! 
— დედაკაცის საყვედურის რა მეცოდინება, — შენიშნა მკვახეთ ოთარმა. — ნუ გეშინია ჩემი დედობილი შენ არას გაგიჭირვებდა. 
— მის მეტი შენს მტერს ნუ მიეცა, რაც შენს დედობილს ბევრი არა ჰქონდეს-რა. მეც შენი შემჩერე ვარ. რაცღა ორი კვალი ადგილ-მამული მაქვს, ისიც უპატრონოთ მიხდება. წრეულს ნახევარი ნადელიც არ წამომიღია გლეხებისგან. თუ ჭირნახულის მოწევის დროს გლეხს თავზე არ ადგიხარ, მესამედსაც არ გიჩვენებს. განა ტყუილად მოგანდვე ჩემი მამული?.. ყოველფერს ყური უნდა უგდო, ნეტავი დედაჩემს, შენ თუ კარ-და-კარ იარე!. მე რა? 
— კარგი, დედი, გაათავე ამდენი საყვედური. ეს იყო და ეს. აწ გაისამდის გარეთ აღარ გავიხედავ. სულ ოჯახობაში ვიქნები. აბა ნახე, თუ ისე არ გამოვტენო ეს სასიმინდეები, რომ წკნავილი გაჰქონდეს. 
— შე, უბედურო, — შენიშნა მარიამმა: — რატომ ხარ მაგისთანა ტრაბახა? 
— შენ, დედაკაცო, ენა ნუ წაიგძელე, ჩემი ამბავი ხომ იცი! 
—ამბავი, თორემ ყურზე ხახვი არ დამაჭრა, — ღიმილით უთხრა მარიამმა. 
— დაგაჭრი-კი არა, მეტსაც გიზამ! 
— მასხარა!.. წაიბუტბუტა ცოლმა სიყვარულით. 
ოთარს მართლაც მოშივებოდა. ის ჩინებულათ შეექცა ღორის კანჭს. ერთი მორჩილი ხელადა ღვინოც ზედ დააყოლა. შვილები გვერდით უსხდენ, ისინიც დააძღო, თვითონაც კარგათ გამოიტიკნა. როცა შექეიფიანდა, მერე მოჰყვა თავის გარდასავალს ქართლში... 
ღამე შემოიპარა. ბავშვები წამოხტენ და მამას ეზიდებოდენ შინისკენ. ერთი ზურგზე შეახტა, მეორე მუხლზე დაუჯდა და წვერებზე ეპოტინებოდა ხელებით. ორივე ერთნაირად ჩასძახოდა: წამოდი, მამა, შინ. წამოდიო. 
— დასწყევლა ღმერთმა თქვენი ეშმაკი, როგორ დაგიჟდენ! მოიცადეთ შვილებო, ცოტა ხანს კიდევ, მოიცადეთ. 
— წამოდი, მამა, შინ, წამოდი! — მაინც კიდევ დაუჟინეს შვილებმა. ერთს სახელოში ჩაევლო ხელი, მეორე კისერში ჩაჰფრენოდა. 
ოთარი წამოდგა ზეზე, გამოემშვიდობა ასმათს და დაუბარა, რომ ბიჭებს იმის ცხენისათვის მოევლოთ. მერე ჩაჰკიდა ხელი შვილებს და წავიდა შინ. მისი ცოლი უკან გაედევნა. იმ წუთს მარიამის ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა. 


ასმათს მეექვსე წელი გაუხდა ქვრივობაში. ათი წელიწადი მეტი სტკბებოდა ცოლ-ქმრობის სიყვარულით, მაგრამ შვილი მაინც არ გაუჩნდა. მაგიერათ დაებადა თუ არა მის ძმას სამსონს ნათელა, მაშინვე ასმათმა ხელში აიყვანა და როგორც ნაშობს შვილს, უვლიდა. სამსონის ცოლი ლოგინობაზე დაავადმყოფდა და ერთ წელიწადზე სული განუტევა. რძლის სიკვდილის შემდეგ ასმათს თავისი სახლი აღარ უძებნია. სულ თავის ძმის სამსონის ოჯახში იყო, მარტო მის ოჯახზე და პაწია ნათელას აღზრდაზე ზრუნავდა. რამდენადაც უფროსი ძმა როსაფი სძულდა, იმდენათ უმცროსი ძმა სამსონი ეწყალებოდა და უყვარდა. ხშირად წამოიძახებდა ხოლმე ასმათი გულ-გახეთქილი: “მოინელა იმ წყეულმა ჩემი ძმა სამსონი. რაც კარგი ადგილები და სადგომები იყო, გაყოფის დროს სულ თვითონ ირგო, სამოსახლოც არ გაუზიარა. სადაც ღვიძლ-ნადები ძმა არ გაიტანა იმ არ გადასარჩენმა, მე რას დამეძებს ქვრივ-ოხერს და თავიდან მოცილებულს. ჩემი ძმა სამსონი გულკეთილი კაცია და ანგელოზი, მაგრამ არც მეტი გულკეთილობა ვარგა: ყველა დაგიბრიყვებს, ზურგზე შეგჯდება. საწყალი ჩემი სამსონი სუსტი ხასიათის არის, არავის წყენა არ უყვარს. იმიტომაც დაიბრიყვა იმ მხეცმა, არა წმინდამ. ნაფუზარზე რომ შეედავა, მე ის ვყოფილიყავი, თავს გავუხეთქდი. ასე, ტყუილ-უბრალოთ უნდოდა წაგლეჯა. მაგრამ ვერ მივართვი. სიცოცხლე გაქვს, ჩემს სამსონს ჯგროთ ვუშოვე მოწმეები და დავადგენიე მოსამართლეს სამსონის სასარგებლოთ განჩინება. როცა სასამართლოდან გამოვიდა როსაფი, მიწის ფერი ედვა. იქვე დამემუქრა, თუ კაცი ვარ, იმ შენს ჩამოჭვარტლულს ქოხს თავზე დაგანგრევო. მეც კარგი ბრაწები დავაყოლე”. 
ცოლის სიკვდილის შემდეგ სამსონს ბევრი აღარ უცოცხლია. მას დარჩა ნათელა სამის წლისა. შეიქნა ყმაწვილი ლიტონი ობოლი. ბევრი ეცადა ასმათი, რომ ნათელას მამულის აპეკუნობა როსაფს არ ჩავარდნოდა ხელში. ამის გულისთვის ქვრივმა სამჯერ მოიარა ქუთაისი, ზესტაფონი და საჩხერე. ნათელას თავის ძიძიანა თან დაატარებდა. ყოველგან თითო არძა მიართვა მთავრობას თავის ძმის როსაფის უსვინდისობაზე. იმას სწამებდა ობლის მამულის აფორიაქებას, ცხენის ქურდობას, ავაზაკებთან ამხანაგობას და ვინ იცის, რამდენ რასა? ითხოვდა, რომ ის არამც და არამც აპეკუნათ არ დაენიშნათ ობლის მამულზე. მაგრამ ყოველმა მისმა წადილმა ამაოთ ჩაუარა. როსაფს ძველითგანვე იცნობდენ და თითო-ოროლა მეგობარი მას ყოველ სასამართლოში ჰყავდა. იგი მაინც დანიშნეს ობლის მამულზე აპეკუნათ. აპეკუნათ რომ დაამტკიცეს, შემდეგ პირველი მისი განზრახვა იყო, ნათელა წაერთმია მამიდისათვის, მაგრამ ვერას ღონისძიებით ვერ მოახერხა. ქვრივი ისეთი გააფთრებული შეიქნა ნათელაზე, როგორც ძუ ლომი თავის ლეკვებზე. ნათელაც ხომ მომეტებული ჩაკრული იყო მამიდას გულში. სიკვდილის მეტი ვერა მოჰგლეჯდა-რა მას იმის მკერდზე. ძმის სიკვდილის შემდეგ ასმათი გადმოვიდა ისევ ოჯახში, ნათელა ძიძიანა თან გადმოიყვანა და შეუდგა თავის მივიწყებულის ოჯახის გამოსწორებას. დაძველებულს ორთვალიანს ოდას ერთი ოთახი კიდევ მიადგა, ძიძა და ყმაწვილი იქ დააყენა და თვითონაც იქ გაიკეთა საწოლი. ღამით სამს ნაყმევს არ იცილებდა თოფ-იარაღითა. ისინი იქვე დერეფანში წვებოდენ საყარაულოთ. როსაფი ძალიან სწუხდა ამ გარემოებას, მაგრამ თავი ვერსაიდგან შემოევლო. 
ის იმ კუთხეში ყველაზე შეძლებული მებატონე იყო. ჯერ მამულითაც მეტობდა ყველას და ახლა რაკი თავის ძმის მამულის აპეკუნი გახდა, მიწა-წყალი გააორკეცა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ცოტა თვალხარბიც არ ყოფილიყოს: ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ თავისი ადგილები, ზოგი ჩამოჭრილები, ზოგი პარტახები, ზოგი ნაფუზრები და ვერანი მინდვრები, შეუმუშავებლათ არ დარჩენოდა. საზოგადოთ იმ სოფელში გლეხობას ძალიან აკლდა მიწა-წყალი. თუ-კი სადმე სამოდოთ გასაცემ ადგილებს იშოვნიდენ, ერთმანეთს ეჩხუბებოდენ. ამის გამო როსაფი სხვა მებატონეების გლეხებსაც თავისკენ იბირებდა, რადგან მათზე უფრო იაფად ურიგდებოდა. სოფელში წესი იყო, ერთი მებატონის გლეხი მეორეს არ მისვლოდა არც ადგილის საქირაოდ, არც ტყის საჭრელად, მაგრამ როსაფი ამ წესს არას დასდევდა. 
კვირა დღეობით მებატონეები საყდარზე შეიკრიბებოდენ და ნაწირევს სულ როსაფის საყვედურში იყვენ: გლეხებს გვიბრიყვებსო, თავის ტყე-ველში იაფად ურიგდება და ჩვენ აღარ გვემსახურებიანო. როსაფმა იცოდა ეს ამბავი და რომ თავი მოერიდებინა, წელიწადში ორჯერ არ მოისმენდა წირვას თავის საყდარზე. ასმათი სარგებლობდა ამ საზოგადო უკმაყოფილებით და ადგენდა პარტიას ძმის წინააღმდეგ. 
ერთ საღამოს ასმათს ჰყავდა ოთარი და მისი ამფსონები მოპატიჟებული. ახალგაზდა აზნაურები დიდხანს შეექცენ ღვინის სმას. მშრალად მოხარშული ცხვარი, შემწვარი ქათმები, ჩადებული ინდაური და მწვანის ღვინო თავსა სდიოდათ. მასპინძლობა რათ გინდოდათ უკეთესი! ყმაწვილებმა კარგათ მოილხინეს. როცა შეღვინიანდენ, ოთარმა დალია ასმათის სადღეგრძელო. იმან მოიხადა ქუდი, ტახტზე დაახალა და წამოიძახა: ასე თავი დაემხოს შენს მტერს, დედილო!.. ეს სადღეგრძელო ყმაწვილებმაც სიამოვნებით დალიეს. 
— გინდა იმ შენს ძმას, როსაფს, თავზე გადავფუტკრო, ის დიდი ოდა რომ გადმოუჭიმავს? — ჰკითხა თავ-მომწონებით ოთარმა. 
— დაწვით ნუ დაწვავ და, თუ იმ ანდერძს ჩამიგდებ ხელში, იმან რომ გადამიმალა, ძალიან დაგიმადლებ. ხომ იცი, მე რომ ნაფუზვარი გადმოგეცი ბარათით, აი, ის მამამ მე დამიტოვა იმ ანდერძით საკუთრად. ამის გარდა თუ დედის ჩემის ნაქონს გულის-ქინძისთავს და იაგუნდის ბეჭედს რამენაირათ ხელში ჩამიგდებ, მაშინ იქნები შენ ნამდვილი ჩემი შვილობილი. 
— ეს ოთარი მოგიკვდეს, თუ ეგ თხოვნა ვერ აგისრულოს! შენ მხოლოთ მითხარი, სადა აქვს ჩამალული? 
— ის ნივთები და ანდერძი ერთს მოზდილ გალაქულ ყუთშია ჩაკეტილი, ეს ყუთი ჩემ რძალს მუდამ თავით უდგია. როცა დაწვება, მისი მუთაქაც ის არის და ყურბალიშიცა. ყუთზე ბალიში აქვს მიდებული. ეს კიდევ რა! იმ ყუთში როსაფს ბარე ასი თუმნის ქაღალდის ფული უწყვია. 
ფულს რომ ყური მოჰკრეს, ოთარის ამფსონები გამხნევდენ. 
— ოთარ, მარჯვეთ იყავი, ჩვენც შენთან ვართ. მოვკვდეთ, ერთად მოვკვდეთ; დავრჩეთ, ერთად დავრჩეთ, — გაამხნევეს ოთარი ყმაწვილებმა. 
— ის ასი თუმანი კარგა ხანს გვაქეიფებს! — თქვა ერთმა. 
სიცოცხლე გაქვს, მე ქუთაისის გემო ვნახო! — დაუმატა მეორემ. 
— ჰო, ჰო, ჰო!.. რომ იცოდე, როგორ გავიკინკლები, რა რიგათ მოვაჭედინებ ჩემს იარაღს!.. რა იორღა ცხენს ვიყიდი!.. მერე ამ ჩემს ოხერ სოფელში თვალითაც ვერ დამინახავს კაცი. გადავიკარგები: ბათუმში წავალ და იქ სხვა საქმეს მოვძებნი, — დააწყო პლანები მესამემ. 
დარდი ნუ გაქვთ, ყმაწვილებო! ყველას გეყოფათ ის ფულები, — დააიმედა ოთარმა. 


VI 
შემოდგომა განახევრებული იყო. ღრუბლები ცაში აირია. ღვაფაც დაიწყო. ზურუკეთის სოფელი ერთი მაღალი სერიდან გადმოჰყურებდა. ხის ბოძებზე შემდგარს პატარ-პატარა ოდებს სილის სოკოებივით ამოეყოთ თავი წიფლარში. სერს ქვემო ფერდი წრიაპად დაეშვებოდა. ალაგ-ალაგ თვალ-ჩაუწვდენელი ნაპრალები ჩაუყვებოდა. ძირს, წყლის ნახეთქებში, ჰქოთავდა მდინარე ძირულა. გაღმა-გამოღმით მთის კალთები წითელი ბილიკებით იყო დასერილი. უჩვევი კაცი ვერც კი გაბედავდა ამ ბილიკებზე სიარულს, მაგრამ ზურუკეთის მცხოვრებნი და სოფლის ბიჭები ეშმაკებივით დახტოდენ ზედ, თითქო ქვა-ფენილი ყოფილიყოს. უზარმაზარს წიფლის ხეებს მწვანით შეეფინათ მთის კალთები. ქვევით, ღრატოებში, კლდის ნამზღვლევები მდინარეს წინ უხვდებოდენ, გზას უღობავდენ. ისიც ამის გამოჯავრებული ღრიალებდა, ჰკბენდა კლდის ნამზღვლევებს და ზედ ქაფს აყრიდა. ცა ლენტად ჰქონდა ხეობას გადაკრული და იმ ძირულის პირად ვინც მოხვდებოდა, ეს ვიწრო ხეობა სულს უხუთავდა. აქ ასე ეგონებოდა მოგზაურს, რომ ქვესკნელის კარზე ვარ მიმდგარიო. 
მაღლა სერზე ერთი ათი ურმის გადაყვითლებული ყანა პატრონის ხელს ელოდა მოსატეხად. ეს მეექვსე დღე იყო, რაც ასმათი თავის ოდიდან გულის კანკალით შესცქეროდა გაღმა იმ მოწეულს ყანას. ვაითუ როსაფის ნაყმევებმა მოტეხონ, ჩალაც მომკონ და შემძახებელი კაციც არავინ გაუჩნდეს! ის დღენიადაგ გზირათ იყო გადაქცეული, უნდოდა შეეტყო, ნეტა როსაფის ნაყმევები როდის აპირებენო იმ ყანაში შესვლას. ამ დროს ერთმა თავ-შიშველა გლეხის გოგომ მოირბინა აივნის წინ და ნათელა იკითხა. 
— გოგო! — ჰკითხა მაშინვე ასმათმა: — ე ყანა რო ისე მიუგდიათ თქვენებს და არ ტეხენ, რა მიზეზია?.. 
— მამამ თქვა, ხვალ უნდა შევიდეო სატეხათ. მეც წავალ, კვახები (გოგრები) უნდა დავაგროვო. ნათელამ მითხრა, შემატყობინე, რომ მეც წამოვიდეო. იმიტომ მოვედი... ერთად მოვაგროვოთ კვახებიო. იქ ონტოფაც ბევრია და სათამაშოებს გავაკეთებთ. 
— კარგი, შვილო, ვეტყვი. 
გლეხის გოგომ საჩქაროთ მოკურცხლა უკან. 
იმ საღამოს აფრინა ასმათმა კაცი ოთართან, ნაყმევებიც დაიბარა. გადასწვიტეს, ხვალ დილით უნდა შესეოდენ ყანას და ჭირნახული წაერთმიათ როსაფის გლეხებისათვის. 
დილა გათენდა, ნისლიანი, წინწკლავდა კიდეც. როგორც ინათლა, ოთარი შეიარაღებული გაჩნდა ასმათის ეზოში. იქ მისი ნაყმევები შემოიკრიბა. გლეხები ზანტობდენ, რაღაც არ უნდოდათ წასვლა, ჰგრძნობდენ, რომ კარგი არა შეემთხვეოდათ-რა. 
— ბატონო, ის არ სჯობია, რომ სამართლით დაირჩინოთ? ვინ იცის, რა დაგვემართება, ძალაზე რომ დავდგეთ!.. თუ ჩვენ გავლახეთ, კანონი ჩვენ დაგვსჯის. ისინი თუ მოგვერიენ, კეტებით დაგვიხეთქენ თავებს. — სთქვა ერთმა გლეხმა. 
— დღეს თუ თქვენ ის სიმინდი არ შემომიტანეთ, მე ნუღა დამენახვებით. დღეს იქ უნდა მოვიკლა ჩემი თავი? — გაბრაზებით წამოიძახა ასმათმა. 
— თქვენ რისა გეშინიათ? — ანუგეშა გლეხები ოთარმა. — მე ვიცოდე და იმათ. ჩემი იარაღი გასცემს მათ პასუხს. აი, ჩემი აფსონები! — უჩვენა აზნაურებზე, — წინ ჩვენ მიგიძღვებით, ჩვენ წავართმევთ. თქვენ მხოლოდ წამოიღეთ, რაც მოგცეთ. ხუთ კაცს მარტო მე გავუსწორდები. 
— თუნდა ათ-ათი მოვიდეს თითოზე! — გამხნევებით შესძახეს ოთარის ამხანაგებმა. 
— ა, ბატონო, თქვენ წაბრძანდით და ჩვენ მოგყვებით, მეტი რა ღონეა!.. — უგულოთ ჩაილაპარაკეს გლეხებმა. ოთარი აჩქარებით დაეშვა ბილიკზე. მას უკან გაედევნენ აზნაურები და გლეხები. ისინი მალე გაჰქრენ წიფლარში. 
ასმათი გადადგა აივანზე და გაცოფებული შეჰყურებდა გაღმა, სერზე მდებარე ყანას, რომელსაც როსაფის გლეხები ქალიან-კაციანა შესეოდენ ნამგლებით, თან ტეხდენ და თან ჩალას მკიდენ. 
— ვაი, ჩემო უბედურო თავო! რას ვხედავ? ყანა მომიჭრეს! დახე იმ პირშავებს, რა ჩქარა მუშაობენ! სანამდის ჩვენები მივიდოდენ, კიდეც აიღებენ! — სიანჩხლით იცემდა ასმათი მუჭს მკერდში. 
ამ დროს ოთარი და მისი ამალა აეფინენ გაღმა ფერდს. 
ჯერ კიდევ კარგა მოშორებით იყო ოთარი, რომ ქვევიდან შესჭყივლა: 
— აუშვით ახლავე მუშაობას ხელი, თორემ ერთიც ცოცხალი ვერ გადარჩებით! 
როსაფის გლეხები შეჯგუფდენ, ნამგლები შეარაწკუნეს და გადმოსძახეს: 
— ნუ მობრძანდებით, ჩვენ ნაოფლარს ჭირნახულს ვერ დაგანებებთ. როსაფს ედავთ. ჩვენთან რა ხელი გაქვთ? 
— მანდ დამიდექით, თუ ბიჭები ხართ!.. 
გლეხებმა ქალიან-კაციანა ასტეხეს ყვირილი: 
— ნუ მობრძანდებით! დღეს ყველამ აქ უნდა მოვიკლათ თავი!.. 
პატარა ბიჭებმა ქვებს დაუწყეს მოგროვება. ეტყობოდათ, ისინიც ემზადებოდენ საჩხუბრათ. 
ოთარმა უთხრა აზნაურებს, განის ბილიკით თავი დაევლოთ გლეხებისათვის. თვითონ ოთარი პირდაპირ შეუდგა შეღმართს, გლეხებიც თან იახლა. თხუთმეტ ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა ყანას, შედგა ერთ კონცხზე, ამოიღო გატენილი დამბაჩა და დაუძახა გლეხებს: 
— დაანებეთ თავი მუშაობას, თორემ ეს არის გესროლეთ. — ამ დროს ერთმა ახალგაზდა ბიჭმა გამოუშვა ქვა და ოთარს ბეჭებში მოახვედრა. გავარდა ოთარის დამბაჩა, დაეცა ძირს ერთი გლეხი. დედაკაცებმა მორთეს წივილ-ჩხავილი, ახალგაზდა ბიჭებმა გაახშირეს ქვების სროლა. ოთარი და გლეხები კონცხს ამოეფარნენ. უეცრად აზნაურებმაც მეორე მხარით დასცეს ზევიდან კიჟინა: “აბა, გაჩერდით, ვინც ვაჟკაცი ხართ!..”ამას არ მოელოდენ გლეხები. იმათ იგრძნეს თავი ორ ცეცხლ-შუა და აირივნენ. რამდენიმე მათგანი ძირს დაეშვა, საცა კონცხს ქვემოთ ოთარი უყარაულებდა. ვინც ახლოს ჩაურბინა, ყველას ხმალი შვლიჭა ოთარმა. ერთ გლეხს მკერდამდის გაავლო, მეორეს მკლავი ჩამოაგდებინა, მესამეს კისრის მძივი მოაგდებინა. სხვანი გაიფანტენ. ამ ჩხუბში ორი გლეხი მოკვდა, სხვები, ხუთამდის, მძიმეთ იყვენ დაჭრილი. ასმათი გაღმიდან უყურებდა ამ ამბავს და სიამოვნებდა: “აგრე მოგიხდებათ, თქვე ღორებო!.. საწყლები, როგორ თხებივით დაიფანტენ!.. თუ ეგ არ გინდოდათ, რათ დამითესეთ ჩემი ყანა?.. წადით ახლა და როსაფმა გიშველოთ!..” 
ამ ამბავმა მალე შესძრა მთელი ქუთაისის ადმინისტრაცია, გამოგზავნეს სამძიმო საქმეთა მწარმოებელი და თან გამოაყოლეს საგლეხო სასამართლოს წევრი. შედგა დიდი საქმე. როსაფი არაფერს ზოგავდა, რომ მთავრობას დამნაშავეთათვის მაგრათ მოეკიდა ხელი, მაგრამ არც ასმათს დაუკლია მეცადინეობა მის წინააღმდეგ. 
ამ დროს მოხდა ერთი შემთხვევა. ერთს დიდებულს იმერეთის თავადს დაეკარგა ორი ბედაური. ასმათმა მაშინვე საიდუმლოთ აცნობა იმ თავადს, რომ ვითომც მისი ცხენები როსაფს მოეპაროს. თავადმა სთხოვა გუბერნატორს, როსაფი დაეჭირათ. ის დაატყვევეს და წაიყვანეს ქუთაისს. მერე სახლი გაუჩხრიკეს, მაგრამ კვალი ვერაფრის იპოვეს. ასმათმა ხელახლა შეასმინა როსაფი; იმან დაარწმუნა თავადი, ვითომც როსაფს რომ ვეღარსად გადაემალოს ცხენები, დაეკლას და ბოსელს ქვეშ მიწაში ჩაემარხოს. ის იყო როსაფს საპყრობილიდან უშვებდენ, მაგრამ ამ მეორე შეწამების გამო ისევ დააკავეს. მის ბოსელში ჭერი აჰყარეს, მიწა ღრმათ გათხარეს, მაგრამ მაინც ვერა იპოვეს-რა. 
ამ გვარი მოქმედებით როსაფი ბარე ნახევარი წელიწადი საპყრობილეში იყო გამომწყვდეული და ოთარის საქმეს თვალ-ყური ვეღარ ადევნა. თვითონ ასმათმა-კი თავდებ ქვეშ მოახერხა ოთარის გამოშვება და ცდილობდა, გლეხების მოკვლის საქმე მისთვის თავიდან გადაეცილებინა. თუმცა საქმე ხუთ წელს გაჭიანურდა, მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა, რომ ოთარს კარგი დღე არ დაადგებოდა. მით უმეტესად შეიქნა ოთარი დაუძინებელი მტერი როსაფისა. 


VII 
მარიამობა მოახლოვდა. ზურუკეთის გლეხი და აზნაური სულ საწვეულოდ ემზადებოდა. დღესასწაული იცოდენ ოფოთას სოფელში. ის იყო ზურუკეთიდან ერთი საათის სავალზე. ოფოთა კიდე უფრო მაღლიდან გადმოჰყურებდა, ვიდრე ზურუკეთი. იმ სოფლის საყდარი აწეულ კონცხზე იყო დადგმული. ბზების ბუჩქები და ნაძვის ხეები გარშემო უსხდენ და შორიდან შავს არშიად მოჩანდენ. ამის გამო კირით შეფეთქილი საყდარი კიდევ უფრო ნათელს შუქს ისხამდა. საყდრის გალავანში კარგა მოზდილი მინდორი იყო. მარიამობას იმდენი ხალხი გროვდებოდა ამ მინდორში, რომ ტევა აღარ იყო. აქ ჩინებული თემობა იცოდენ. თემში ფერხული, სუფრული, მაყრული, იმერული “ორიდელა”და მრავალი სხვა ჰანგის სიმღერა გაუწყვეტლივ ისმოდა. ხან-და-ხან სროლაც იყო ხოლმე. მთელი ოფოთა ამ დღესასწაულს დიდათ მიეხარებოდა. გლეხი და აზნაური ერთ კვირაზე ადრე შეუდგებოდენ დღესასწაულისათვის მზადებას. ლავაშს, მურასას, შოთს და თორნეულს კოდობით აცხობდენ. იმ ხანებში ვინც-კი იყო ხაბაზი ან მზარეული იმ კუთხეში, სულ იქ მიისწრაფოდა. კარგი ნაშოვრობაც იყო ხოლმე იმათთვის. ერთ ჩანახ ჭირნახულის გამოცხობაში თითო აბაზს, ხან-და-ხან ხუთ-ხუთ შაურსაც აძლევდენ. ამას გარდა ხარჯიც მასპინძლისა იყო, ღვინო თავსა სდიოდათ. მარიამობის წინა ღამეს ოფოთას სოფელში, განსაკუთრებით გლეხობაში გაისმოდა ნასუქი ღორების ჭყივილი; რომელიც უფრო შეძლებული აზნაური იყო, ის ღორს არ დაჯერდებოდა საკლავათ, უშობელსაც ზედ მიაყოლებდა. ვინც ძალიან ღარიბი და ხელ-მოკლე მოსახლე იყო — ორი მესამედი სულ ამ წრეს ეკუთვნოდა, — იმათთვის სოფელი საერთო ხარჯით ხოცდენ საკლავებს და მუშტრები ასო-ასოთ დაიტაცებდენ. ზოგიერთი ჩანახს სიმინდათ ურიგდებოდა, ზოგი კოდსაც აძლევდა, — ეს იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ რა ასოს აიღებდა. 
წინა ღამეს მამიდა ასმათისას შეგროვდენ ოთარი და სამი მისი ამხანაგი. 
— რა კარგი დრო გიდგებათ, ოთარ, ჩვენი განზრახვის ასასრულებლათ, რომ იცოდეთ!.. — უთხრა ყმაწვილებს ასმათმა. 
— რა დროს საქმეა, მე ხვალ ოფოთას მივდივარ დღესასწაულზე, — სთქვა ოთარმა. 
— შენ და როსაფი, მგონია, ერთ ოჯახში ხართ დაპატიჟებული. 
— ჩხუბი ხომ არ გინდა, რომ ავუტეხო და თავი გადავფრიწო? 
— არა, მაგას არ გეუბნები, შვილო. ანდერძზე რაც გითხარი, აღარ გახსოვს? არ იცი, რომ თუ ის ანდერძი ხელში არ გვექნა, შენი საქმე ცუდათ არის? ჩვენ იმ ანდერძით უნდა დავამტკიცოთ, რომ ყანა შენი სამოდო, საიჯარო იყო და როსაფის გლეხები შენ მოგიხტენ და არა თქვენ იმათ. უამისოთ, ხომ იცი, გლეხების გაწყვეტას თავზე ვერ გადივლებ, ციმბირს აქეთ ადგილი არ გექნება! 
— ბიჭო, ანდერძს გარდა ფული?.. ამას აღარ ანგარიშობ?.. — წამოიძახა აღტაცებით ერთმა აზნაურმა. — ხვალ სწორედ კარგი დრო გვაქვს, რადგან როსაფი შინ არ იქნება. 
— აი, მე რას გირჩევთ!.. — განაგრძო ასმათმა. — ოთარმა ხვალ სადილზე ჩხუბი აუტეხოს როსაფს. შეიქნება ერთი მითქმა-მოთქმა. ამ ამბავს მთელი ოფოთა შეიტყობს. საღამოს ყველა მთვრალი იქნება. ვინ რას გაიგებს ოთარის უკან დაბრუნებას? ჩამოირბინოს ღამით ოთარმა ზურუკეთში და ცეცხლი მისცეს როსაფის ოდასა. მერე ისევ გაბრუნდეს ოფოთას. მარიამობის ღამე თავის ნათლიმამისას გაატაროს. მთელი ზურუკეთის სოფელი ცეცხლს მიაშურებს. ამ ყმაწვილებმაც დაუწყონ ცეცხლს ქრობა და ოჯახის ავეჯეულობის გარეთ გამოტანა. უეჭველია, იმ ყუთს ნახავენ, რომელიც მე გითხარით; გადამალონ და მერე აქ მომიტანონ. გავტეხოთ, ყუთი ცეცხლში დავწვათ, ანდერძს და ნივთებს მე წავიღებ, ფული თქვენ გქონდესთ. გაკეთდება ამით საქმე. 
— კარგა არ მოისაზრა ასმათმა! — მოწონებით წამოიძახეს აზნაურებმა. 
— ბატონი ბძანდები! როგორც შენ თქვი, დედილო, ისე მოვიქცევი. 
— თუ ის ანდერძი არ ჩავიგდეთ ხელში, გლეხების მოკვლისათვის ყველას დაგვკარგვენ, დაჰკრა კვერი ასმათმა. 
ამ მოგონებამ, ცოტა არ იყოს, უსიამოვნოთ იმოქმედა ოთარზე და მის ამხანაგებზე. მით უფრო ბეჯითათ გადასწყვიტეს გულში მარიამობის ღამეს როსაფის სახლის დაწვა და ყუთის ხელში ჩაგდება. 
მარიამობას ჩინებული დარი დაუდგათ ოფოთლებს. ხალხიც ბევრი შეგროვდა საყდარზე. ახლო-მახლო სოფლის მცხოვრებლები ქალიან-კაციანა სულ ოფოთას მიაწყდენ. შარა-გზები, გზა-წვრილები და ბილიკები ქვევით-ცხენოსნებით იყო აჭრელებული. გლეხის მანდილოსნები წითელ-ყვითელ ტანისამოსში გამოწყო-ბილები ისხდენ ცხენებზე და წინ ნათესავები ქვეითათ მიუძღოდენ. ზოგ მათგანს ძუძუ-მწოვარა ბავშვი ჰყავდა ატატებული, ზოგს შვიდი წლის ქალი ან ვაჟი ცხენს უკან ჰყავდა შემოსმული, ზოგს ცხენს უკან გაფუცქნული ღორიც ეკრა. ესეც, რასაკვირველია, მოყვრის ძღვენი იყო. ზოგს გლეხს ცხენის სადავე ეჭირა და ცოლს წინ მიუძღოდა, თვითონ სავსე ხურჯინი ჰქონდა მხრებზე გადაგდებული ყოველნაირი სამზადისით და საგზლით. იმაში იყო შოთები, ერთი დოქი ღვინო, მოხარშული ქათმები, კვერცხები და სხვა. 
აი, აგერ, მოშორებით ერთი გროვა მშვენივრად მორთული ქალები და კაცები ცხენებს მოათქიფინებენ. რახტიანი ცხენები ლამაზი მანდილოსნებისა ვერცხლის ფარფლებს მოარაჩხუნებენ. ესენი იყვნენ დამამშვენებელნი შეძლებულის მასპინძლისა. ნაწირევს ხალხი გაიფანტა სხვა-და-სხვა ოჯახში. ცოტა ხანს იქით მთელი ოფოთა გაცოცხლდა. ყოველს ოჯახში შეიქნა ლხინი, სიმღერა და თოფის სროლა. 
ოთარის და როსაფის მასპინძელს ბევრი სტუმარი ჰყავდა. იქ კარგი ნადიმიც იყო. 
მზე გადაიხარა დასავლეთისკენ. სტუმრები შეღვინიანდენ. დიდი ჯიხვის ყანწები ჩამოატარეს. ოთარმა დალია ერთი ჯიხვის ყანწი და დაულია როსაფსა. ეს რადგან ოთარზე გულნაკლულად იყო, გაჯინდა, აღარ დალია. ოთარმა შეურაცხყოფად მიიღო და ჭინჭყლი ასტეხა. შეიქნა ხმაურობა. ბოლოს ოთარმა შესძახა: 
— დალიე, თორემ კისერში ჩაგასხამ! 
— შენ შეგარცხვინა და ისიც, ვისთვისაც შენ კისერში ღვინო ჩაგესხას! — უპასუხა როსაფმა. 
— დალიე, თორემ წელებს აგათრევინებ! — განუმეორა ოთარმა 
— აბა მობრძანდი, შე წუწკო! — შესძახა როსაფმა და ხანჯალზე ხელი დაიდვა: — მე შენ იმისთანები ნუ გგონივარ, ღამით საქათმეში და ქვევრების თავზე რომ დაგყავს! 
— როგორ თუ ქვევრების თავზე?! — და ხანჯალ-ამოღებული გადუხტა როსაფს. 
მასპინძელმა სტაცა ხელი ოთარს და შეაჩერა. ამას წამოეშველენ სხვა სტუმრებიცა. 
— გამიშვით! — იძახოდა გაცოფებული ოთარი. 
— გამოუშვით, ეგ მხდალი, ქათმების ქურდი! — უპასუხებდა როსაფი. 
ატყდა დიდი ალიაქოთი. ოთარი ჯიგლიგით გამოიყვანეს გარეთ და ხანჯალი ისევ ჩააგებინეს. ის კიდევ დიდხანს ილანძღებოდა მასპინძლის ეზოში. ბოლოს გაჰყვა სხვებს თემში. 
საღამოს ჟამი მოიწია. თემში მთელი ოფოთა ამ ჩხუბზე ლაპარაკობდა. საყდრის გალავანი ისევ ხალხით გაივსო. ზოგ ალაგას ჯირითობდენ, ზოგგან ფერხული დაებათ, ზოგგან მანდილოსნები შეგროვილიყვნენ და ლეკურს თამაშობდნენ. ამ გვარი მხიარულობა თანდათან მატულობდა. თემობის ღრეობა და თოფის სროლა ოფოთის საყდრიდან შორს ვრცელდებოდა. 
დღე და ღამე გაიყარა, მაგრამ როსაფის მასპინძლისას ჯერ კიდევ სუფრის აღებას არ აპირებდენ, თუმცა როსაფს ჩხუბის შემდეგ ბევრი აღარ უსვამს. ის-კი არა, უფროც გამოფხიზლდა, მისი სუფრულის მოძახილი ქვემო ჭალებამდის ისმოდა. ამ დროს უეცრად შემოვარდა ერთი კაცი და დაიძახა: ზურუკეთში ვიღაც დაიწვაო, გარგვალებული ცეცხლი მოჩანსო. ამ ამბავმა ერთბაშად წამოჰყარა სტუმრები. ყველაზედ უმალ როსაფი გამოვარდა გარეთ. ზურუკეთს რომ გახედა, იფიქრა: ვაითუ ჩემი სახლი იწვოდესო. მაშინვე მოახტა ზურგზე ცხენს და დაეშვა ზურუკეთისკენ. ჩამოირბინა თუ არა სერი, იჭვი არ ჰქონდა, რომ მისი სახლი იწვოდა. მან გადაჰკრა ცხენს მათრახი და ცოტას ხანს იქით შევარდა თავის ეზოში. იმას მწუხარებით გული აუტივტივდა, როცა დაინახა თავისი ცოლ-შვილი თითქოს მტრისაგან დაფორიაქებული. მათმა წივილ-კივილმა კურცხლები მოადინა თვალებზე. მისი ბარგი-ბარხანა სულ ეზოში იყო მოქიაქებული: აქ ზუნდუკი ეგდო გამტვრეული, იქ ქვეშსაგები, ხალები და ბალიშები ეყარა უპატრონოთ. საზამთროდ მომზადებულს თხილს, კაკალს და წაბლს გაჰქონდა ცეცხლში ტკიცინ-ტკიცინი. ხალხი ჭიანჭველივით ირეოდა სახლის გარშემო. მაგრამ მაინც ვეღარა ეშველებინათ-რა. მხოლოდ დრო გამოშვებით ჩვენი ნაცნობი აზნაურები, ზურგ-დატვირთულები, ხან ძველს სკივრს გამოიტანდენ. ხან ფარდაგებს და ჭილობებს, ხან ქალის ტანთ-საცმელებს. როსაფი მადლობას ეუბნებოდა მათ. ის ცდილობდა, იქნებ ნახევრათ დამწვარი კედლები კეტებით წაექცია, რომ ალი ძირს დაშვებულიყო და ნაკვერცხლები სხვა სახურავებზე მაინც აღარ გადაცვინულიყვენ. ამ ყოფით გასტანეს შუაღამემდის. ცეცხლი დანელდა, ნაყმევებმა დაუწყეს გაფორიაქებულს საოჯახო ნივთებს ბოსლის ოთახში შეზიდვა. როსაფის სახლობას მამლის ყივილამდის არ დაუძინია. 
ცეცხლმა ოფოთის მცხოვრებლებს მარიამობა ჩაამწარა, ნახევარი სტუმრები ზურუკეთისკენ გაიხვეწენ. ზურუკეთელები ფიქრობდენ, არა ჩემი სახლი იწვისო და არა ჩემიო. ვინღა მოიცდიდა ოფოთას. აღარც სიმღერას, აღარც მოლხენას იმ ღამეს ხალისი აღარ ჰქონებია ოფოთაში. 
მეორე დღეს, წირვის დროს ოფოთაში ოთარს გამოეღვიძა ნათლიმამისას და თვალების ფშვნეტა დაიწყო. ეტყობოდა, მარიამობა ღამეს იმას აქ ძალიან დაელია. ნათლიმამამ კიდეც უსაყვედურა: რატომ ჩემთან არ წამოხვედი, რა გინდოდა როსაფის მასპინძლისასო, სოფლის სადილობა წამოიწია. ოთარი ზოზმანით ადგა ზეზე და ხელებ-დაკაპიწებული წყაროს წყალზე მივიდა. ის იქვე ნათლიმამის ეზოში ღარზე გადმოჩუხჩუხებდა. სხვა სტუმრებიც მოგროვდენ იქ ხელ-პირის დასაბანათ. 
— ბიჭო, წუხელი, მგონია, ვინღაც დამწვარა ზურუკეთში? — იკითხა ერთმა. 
— ასე ამბობენ, როსაფს გასჩენია ცეცხლიო, — სთქვა მეორემ. 
— ამბობენ-კი არა, ნამდვილათ როსაფი დაუწვავთ, — სთქვა მესამემ. — ეს არის, ახლა მოვიდა იქიდან ბიჭი და იმან ილაპარაკა. 
— მის მეტი ჯავრი ნუ მოგეცა! — ჩაილაპარაკა თავისთვის ოთარმა, დადგა ღარის პირდაპირ და რამდენჯერმე შეიშხაპუნა პირზე ცივი წყაროს წყალი. 


VIII 
გავიდა რამდენიმე დღე. ერთ საღამოს ოთარი ფეხ-აკრეფით შევიდა ასმათთან. იქ იმას უცდიდენ მისი ამხანაგები. ქვრივმა დახურა კარები და ურდულით ჩაკეტა. მერე აანთო ჭრაქი, გამოიღო თახჩიდან ერთი მოზდილი ნიგვზის ყუთი, მოიტანა ჭრაქთან და მხიარულათ წამოიძახა: 
— აი, ამაშია ჩემი საუნჯე და შენი ბეჯითი საბუთი, შვილო ოთარ, რომ გლეხების მოკვლის საქმე თავიდან გადიცილო. 
— მაგაში ჩვენი საუნჯეც არის, — მიაძახა აზნაურებმა: — მაგაში ჩვენი ასი თუმანია! 
ოთარმა დაუწყო ყუთს დანის წვერით ახდა. 
— ეჰ, აქ მოიტა ერთი! შენც ნაზათ ეკიდები! — გამოჰგლიჯა ყუთი ხელიდან ერთმა აზნაურმა, დაჰკრა ხანჯალი და შუაზე გააპო. ყუთიდან გადმოცვინდენ ქაღალდები. ასმათმა დაატანა ამ ქაღალდებს ხელი და ყუთის ნამტვრევებიც თან გაიტაცა, ტახტთან მიიტანა და რჩევა დაუწყო. ყუთში აღმოჩნდა როსაფის თამასუქები, შინაური ბარათები გასესხებულ ფულებისა, აღსრულებითი ფურცლები, ბოლოს ორი ოქროს ბეჭედი, რომელშიაც იაგუნდების მაგიერათ წითელი გამსჭვერი ციმბირის ქვები იყო ჩაყენებული. არც ერთი არ აღმოჩნდა, რასაც მოელოდნენ: არც ანდერძი, არც ასი თუმანი და არც ასმათის დედის დანატოვარი ნივთები. ქვრივი გაშტერდა. ოთარს თმა აებურძგა. მას წარმოუდგა იმ წუთას სამსჯავრო, რომელიც ნამდვილის საბუთებით სწამებდა ოთარს კაცების დახოცვას. იმას აქამდის ასმათის ანდერძის იმედი ჰქონდა, რომელსაც უნდა დაემტკიცებია ასმათის მფლობელობა და როსაფის გლეხების ძალადობა. ახლა-კი დარჩა პირ-დაღებული. ქვრივი კიდევ უფრო გულშეწუხებული შეიქნა: ანდერძი აღარსად გამოჩნდა და საყანეც ხელიდან წაუვიდა. ამ მდგომარეობით აზნაურებმა ისარგებლეს, ბეჭდები ჯიბეში ჩაიდვეს, გააღეს ნელა კარი და გაილალენ. 
ბოლოს ოთარი გამოერკვა მწუხარებიდან, წამოვარდა ზეზე, ამოიღო ხანჯალი, დაადგა თავზე ასმათს და მრისხანეთ შესძახა: 
— სულ შენი ბრალია, შე კუდიანო, ამდენი ჩემი ცუდი საქმეები! რას მიპირებ ახლა? რომ რაიმე შემემთხვეს იმ გლეხების დახოცვით, შუაზე გაგჩეხავ. როსაფი შენ დამაწვევინე — რისთვის, ჰა რა მიზეზით? ამ ქაღალდების ნაფლეთების გულისათვის?.. ოჰ, ღმერთმა დაგწყევლოს, შე კუდიანო! — იმან საჩქაროთ დააგდო ასმათის სახლი. 
ქვრივმა ხმა ვეღარ ამოიღო. ერთხანს ასმათი თითქოს გაბრუებული, დაეშვა ტახტზე უძრავათ. ამ დროს ნათელას ძიძა შემოვიდა და ასმათი რომ ამ მდგომარეობაში დაინახა, შესძახა: 
— ქალბატონო, რა დაგემართათ, ავად ხომ არ ბრძანდებით? 
— კი, შვილო, რაღაც ქარმა გამკრა ფერდებში. — ის საჩქაროთ ზეზე წამოვარდა, დაავლო ხელი ქაღალდებს, ყუთის ნამტვრევებს და სკივრში ჩაკეტა. მეორე ღამეს იმან ესეები სულ-ერთიანად დაწვა. 
ცოტა ხანს იქით ზურუკეთში ხმა გავრცელდა, როსაფის სახლი ოთარის დამწვარიაო. მარიამობას რომ ოთარსა და როსაფს ჩხუბი მოსვლოდათ, იმის გამოჯავრებული ოთარი ჩამოვარდნილა ზურუკეთში და ცეცხლი წაუკიდებია როსაფის სახლისათვისაო. ზოგიერთები ამბობდენ, მარიამობა ღამეს ვახშმობისას ოთარი ვნახეთ, რომ ზურუკეთიდან ისევ ოფოთას მიისწრაფოდაო.. როსაფმა შეიტანა არზა გამომძიებელთან. ეს მაშინვე ფიცხლად შეუდგა საქმის გამოძიებას, მაგრამ რაც უფრო უკვირდებოდა, ამ საიდუმლო ბოროტ-მოქმედებას, იმდენათ უფრო რწმუნდებოდა, რომ ოთარი სრულებით უბრალო უნდა ყოფილიყო. უტყუარი საბუთებით აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, როცა როსაფის სახლი დამწვარიყო, ოთარი ოფოთას ყოფილიყო მარიამობას. იმ ღამეს და მეორე დღესაც ოთარი ოფოთიდან არ დაძრულა. რაკი გამომძიებელი ამაზე დარწმუნდა, მაშინვე იფიქრა, რომ ეს დაწამება სულ მტრობით არის შედგენილიო და საქმე წარადგინა პროკურორთან მოსასპობლათ. 


IX 
როსაფი იყო ერთი იმ აზნაურთაგანი, რომელსაც 1850 წელს გაეთავებინა ქუთაისის სასულიერო ოთხ-კლასიანი სასწავლებელი და შემდეგ შორაპნის უეზდის გამგეობაში შესულიყო მწერლად. თავის დროს ის ჩინებული მკვირცხლი ახალგაზდა იყო. კარგი მომღერალი, ქეიფის მოყვარე და ქართულად არზის დამწერი. ვინც ძღვენს მიართმევდა, ისეთს არზას დაწერდა, “ქვას გახეთქდაო,”იტყოდენ გლეხები. ის მალე დაიახლოვა უეზდის სასამართლოს სეკრეტარმა. ეს ისეთი სეკრეტარი იყო, რომ უიმისოთ უეზდში არც არა გაკეთდებოდა-რა, არც არა წახდებოდა-რა. გასამგებო იყო თუ სამოსამართლო — ყოველივე საქმე მის ხელთ იყო. უეზდის მმართველათ ერთი ვინღაც რუსეთიდან გადმოსული შტაბს-კაპიტანი ბრძანდებოდა: არც ქართული ენა ესმოდა, არც არა ჩვენი ქვეყნის ვითარებისა გაეგებოდა. ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ ქართულად იწერებოდა არზები და ზოგჯერ განჩინებაც ქართულად დგებოდა. ამის გამო ყოველივე საქმე უეზდის გამგეობისა სეკრეტარს ჰქონდა ჩაბარებული და მის უდასტუროთ არა გადაწყდებოდა-რა. თვით უეზდის მმართველმა მალე იგრძნო, რომ სეკრეტარი მისი მარჯვენა ხელი იყო, მისი მოსიამე მრჩეველი, მოურავი, სახლთ-ხუცესი, ხორაგის მყიდველი, ოჯახის გამგე, სამზარეულოში რიგის მიმცემი, სასამართლოში მისი ქაღალდის დამწერი. ერთი სიტყვით, შინ და გარეთ სეკრეტარი იყო უეზდის მმართველის გაჭირვების ტალ-კვესი. შტაბს-კაპიტანი ქაღალდებზე ხელის მოწერის მეტს არას აკეთებდა. სეკრეტარმა მალე დააჯერა უეზდის მმართველი, რომ იმერლებმა მთავრობის წინაშე ძღვნით ხელის დაშვენება იციანო და თუ მთავრობის კაცმა მათი ძღვენი არ მიიღო, დრტვინვას დაუწყებენ, აღარ მიეკარებიან და, შეიძლება, ბოლოს საჩივრებიც გაუმართონო. ძღვენი წმინდა იოანეს მოწყალებააო. შტაბს-კაპიტანმა მალე დაიჯერა თავის სეკრეტრის მოძღვრება. ბოლოს ამ ძღვენს ისე მიეჩვია, რომ როცა ხურჯინიანი კაცი ჭიშკარს არ შეაღებდა, ის დღე დღეთ აღარ მიაჩნდა. ცუდ გუნებაზე შეიქნებოდა და სევდის გასაქარვებლათ სეკრეტარს დაუძახებდა: “ну, брат, св. Iоанн забыл нас. Свечку бы надо поставить”. ეს ამბავი მით უფრო სტკენდა გულს უეზდის მმართველს, რომ ფუცხუნა ღვინოებს მიჩვეოდა და, რადგან არყის სმა გადაეგდო, ახალ-ახალი ჭაშნიკებით გულს იოხებდა. წყალს აღარ იკარებდა და სამწყურვალოთ სხვა-და-სხვა ღვინოები ედგა ღრაფინებით: ცოლიკაური, კრახუნა, მწვანე, საფერი და რკოს ღვინო. თუ რომელიმე გამოელეოდა, მაშინვე წმინდა იოანეს დაუწყებდა საყვედურს დავიწყების გულისათვის. 
როსაფი მალე შეიქნა სეკრეტრის მესაიდუმლე, იმის შემწეობით ძალიან გაიწაფა არზების წერაში. ერთი მოზდილი სკივრი სულ სხვა-და-სხვა ფორმის არზებით და აპელაციებით ჰქონდა გავსებული. ვისაც უეზდის სასამართლოში საქმე ექნებოდა, ყველანი როსაფთან მიდიოდენ, რადგან იცოდენ, რომ იმის არზებს თვით სეკრეტარი ასწორებდა. შრომის გულისთვის წითლიანი და ცისფრიანი ქაღალდები სცვიოდენ როსაფის ხელში. მაგრამ სეკრეტარს ერთი ახირებული საქმე სჭირდა: რაც უნდა მიეტანა როსაფს იმისთვის გინდა წითლიანი, გინდა ცისფერიანი, ის ყველას ჩაჯიბამდა ამ სიტყვებით: 
— ჩემო როსაფ, ამას ნუ გამიტეხ, ეს ჩემი იყოს, შენ სხვა გამოართვი კიდევ. 
— შე დალოცვილო, აღარ მომცეს მეტი, დავრჩი მე ყოველთვის ვირის მიმდევი! — უსაყვედურებდა ხან-და-ხან როსაფი. მაგრამ სეკრეტარი იტყოდა გულში: “ყურსა ბამბისასაო”და ჩაივლიდა. 
მეტი რა ჩარა იყო, როსაფი ისევ უნდა დატრიალებოდა მთხოვნელს და თავის გასამრჯელო ცალკე მოეთხოვა. ხშირად მოხდებოდა, რომ გლეხი გაწიწმატდებოდა და შეექნებოდათ დავა. ზოგჯერ ლაწანიც ისმოდა გლეხის ყბაზე. ატყდებოდა ხოლმე ერთი ალიაქოთი უეზდის სასამართლოს დერეფანში. საცა არ გინდა, სეკრეტარი უცბად იქ გაჩნდებოდა, შეარიგებდა მოჩხუბრებს და გასამრიგლოთ ორი-სამი მანეთი მაინც კიდევ ამოვარდებოდა გალახულის გლეხის ჯიბიდან როსაფის სასარგებლოთ. ამ ყოფნით გაატარა როსაფმა რამდენიმე წელიწადი უეზდის სასამართლოში. 
ის თავის ტოლ-ამხანაგებში პირველი დარდიმანდი იყო. ტანს ეცვა ბუზმენტებით გამოწყობილი ქართული ყურთმაჯებიანი კაბა, წითელი ხავერდის ბეწვ-მოვლებული ქულაჯა, განიერი შარვალი, ბუხრის ქუდი. იჯდა ყოველთვის მატარებელს ბედაურზე და ყელზე ჩამოგდებული აბრეშუმის ბაღდადი ლამაზათ მიფარფაშებდა. არც ერთს დღეობას არ დააკლდებოდა, ყოველგან ლხინის თავი იყო. თემში რომ გამოვიდოდა, მანდილოსნებს მაზედ რჩებოდათ თვალები. მაგრამ ყოველთვის ერთი დრო არ შერჩება კაცს. მოხდა უბედურება. რევიზიის კლანჭი შორაპნის უეზდის სასამართლოსაც მისწვდა. თურმე ხაზინის ფულს ოთხასი თუმანი დააკლდა. სეკრეტარს საპყრობილეში ამოაყოფინეს თავი. შტაბს-კაპიტანს ფეხი აადგმევინეს და ისევ პოლკში გაგზავნეს. როსაფმა ძლივს დააღწია თავი ამ საქმეს და მიბრუნდა თავის ოჯახში. 
მამის სიკვდილის შემდეგ მას დარჩა ოცდა-ხუთი კომლი გლეხი. ბლომათ ადგილ-მამული და ხუთასი მანეთი გავალებული. 
ის მაინც გამოჩენილი ოჯახის აზნაურიშვილი იყო თავის კუთხეში, კარგი პურადი და სტუმრის მიმღები. მტრებიც ჰყავდა, მაგრამ მეგობრები კიდევ უფრო ბევრი. არავის შიში არ ჰქონდა, მხოლოდ თავის დას ასმათს ვერა მოუხერხა-რა და ბევრი სიმწარეც გამოსცადა მისი ქიშპობით ცხოვრებაში. როსაფს ის უფრო აწუხებდა, რომ მისი სააპეკუნო ძმისწული ნათელა მის დას მიეთვისებინა და ვერას ღონისძიებით ვეღარ დაგლიჯა ხელიდან. როსაფი მაინც და მაინც არ იყო დიდი ხნის: ასე ორმოცდა რვა წლის თუ იქნებოდა, მაგრამ ასმათის მტრობას უდროოდ გაეთეთრებინა. 
მისი ძმისწული ნათელა მეთორმეტე წელში იყო ჩამდგარი და ყური მოეკრა, რომ ასმათი ქართლისკენ უპირებდა გათხოვებასა: “მართლა, რომ იმ კუდიანმა ხელიდან გამომაცალოს ის ბავშვი, დავიღუპები, ვინ იცის, რა კაცს მიათხოვებს. სიძემ რომ სააპეკუნო ანგარიშები მომთხოვოს სამართლის წესით, ჩემი საცხოვრებელიც ვეღარ აუდგებაო. 
ბოლოს, მტრობით რომ ვერა მოუხერხა-რა, თათბირი გაუმართა. მან განაზრახა თავისი ცოლი მზეხათუნი, რომ ის რამენაირათ თავის მულს ასმათს დაახლოვებოდა. დროც კარგი შეურჩიეს. იმ დროს ასმათს ოთარი შემომწყრალი ჰყავდა და ქვრივი ძალიან დანაღვლიანებული იყო. ამ ხანებში ასმათს ცხოვრება ჰქონდა გამწარებული. ის გრძნობდა თავის თავს უბედურათ. ერთი ქვრივ-ოხერი დედა-კაცი იყო, ხანში შესული, უპატრონო; მეზობელი და მოყვარე კი არა, სანადელო გლეხებიც აღარას უჯერებდენ. რაც სიავე ექმნა თავისი დღენი, არაფერი აღარ წადგომოდა, მეზობლები არ ეკარებოდენ. მოყვრები შემოცლოდენ. ერთი ძმა დარჩენოდა ცოცხალი, ისიც გადამტერებული. ერთად ერთი-მისი ნუგეში პატარა ნათელა იყო. მაგრამ აღარც იმისი იმედი ჰქონდა. მუდამ შიშში იყო, ძმამ არ მომტაცოს და არ გამითხოვოსო. ხან-და-ხან, როცა ასმათი ნათელას წინდების ქსოვაში ჩაფიქრდებოდა, გულ გახეთქილი წამოიძახებდა: “ვაი, ჩემი ბრალი! რომ მოვკვდე, საყდარზე მიმტანი კაციც არავინ გამიჩნდებაო!” ამ უნუგეშობის დროს რძლისგან კაცი მოუვიდა, ბარათი მოუტანა, ნათელასათვის ერთი ხელი ტანისამოსი გამოეგზავნა და ერთი ცისფერი თავშალიც თვითონ მულისთვის. 
“საყვარელო მულო! — სწერდა მზეხათუნ: — ეს არის როსაფი ქუთაისიდან დაბრუნდა, ბავშვისთვის ერთი ხელი ტანისამოსი ეყიდნა და თქვენთვისაც ერთი თავშალი. მართალია, დიდი არაფერია, მაგრამ ღვიძლი ძმისაგან მაინც გიამება. ვისურვებ თქვენს ბედნიერ ცხოვრებას თქვენის ნათელათი. როსაფმა შემომჩივლა, მე მოვხუცდი და ნათელას მამულს ვეღარ ვუვლიო. რა აქვს ჩემს დას ან საჩხუბარი, ან გასაყოფი, რომ ჩემი არა უნდა-რაო. იმ ბავშვის მამულს მაინც მოუაროსო. იქნება გული მაზედ აკლია, რომ ვითომც მამაჩვენს რაღაც ანდერძი დარჩენოდეს. აშოროს ღმერთმა, არაფერი ანდერძი იმას არ დაუტოვებია რაო. მაგრამ გაღმა სერზე რომ საყანე მაქვს, თუ უნდა — მიირთვასო. განა ღირდაო იმის გულისთვის რომ საწყალი გლეხები ოთარს დაახოცვინაო?.. მეც, ჩემო ძვირფასო მულო, ძალიან გთხოვ, რომ გადმოხვიდე და რძალ-მულის სიყვარულით მოგვიკითხო. შენი მოყვარული რძალი მზეხათუნ”. 
ამ წიგნმა ძალიან შეღავათი მისცა მის გამქისებულს გულს. წიგნს რომ კითხულობდა, გული აუჩვილდა და ორი კურცხალი ბარათზე გადმოაგდო... უცბათ დაკეცა წიგნი, თვალები ამოიწმინდა, რომ იმ კაცს არა შეენიშნა-რა, მერე წიგნის მომტანს დაუწყო შეპატიჟება: “შვილო, დაღალული იქნები, ღვინის დასალევს მოგართმევო”. როსაფის ნაყმევმა თავი გაიქნია უარის სათქმელად, მაგრამ ასმათი მაინც არ მოეშვა, ღვინო დაალევინა. შემდეგ ბოდიშით გაისტუმრა: “უკაცრავათ ვარ, ჩემს რძალს ახლა წიგნს ვერ ვსწერ, რადგან საწერ-კალამი არ დამესწრო, დედა-შვილობას, ჩემი რძალი მზეხა სიყვარულით მომიკითხე. ასე უთხარი, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ მნახავთ-თქო. მე, შვილო, ფეხებში ვარ დახუთული, სიარული არ შემიძლია, არც ცხენზე ჯდომა... ამ დროს ასმათმა ხელი იტაცა ფერდებზე და დაიწყო კრუსუნი: “ვაი, ვაი, ჭვლები, ჭვლები აღარ მაძლევენ მოსვენებას. თავის ტკივილისაგან წელიც ვეღარ ამიტანია”. როცა როსაფის ნაყმევი გაისტუმრა, მერე-კი სხვა ჰანგზე შესცვალა ლაპარაკი: “ვერ უყურებ ჩემს რძალს, როგორ თავს გასვლია? ჩემთან არ უკადრებია მობრძანება. პირველად მე უნდა ვეახლო! მანამდის არ ადგა მისი გვერდები! თუ შერიგება უნდა, თვითონ იკადროს მობრძანება. მისი დაბადება მახსოვს, რომ კიდეც მაზე უფროსი არ ვიყო, ის მამიჩემის ოჯახში მოთრეულია და მე მკვიდრი ოჯახის ასული ვარ... ჯერ დაიცადეთ!. შენ-კი არა, შენ ქმარსაც დავამუხლისთავებ თუ ჩემი ნათელა კარგად მეყოლა, ერთი გავათხოვო, მერე მე ვიცი, ამოვიყრი თქვენს გულის ჯავრს, არ შევარჩენინებ ჩემს სიძეს ობლის მამულის კვრეხას... დიდი რამე ყოფილა წლითი-წლობამდე თუ ერთი ჩითის ან მირიზონის კაბა შეუკერა ჩემს ნათელას. ან მე თუ ერთი თავშალი მომიგდო!.. ობლის მამულს წელიწადში ასი თუმანი აქვს შემოსავალი. ამაებს სულ როსაფი იყრის ჯიბაში. არ შეარგოს ნათესაობის გამჩენმა!.. 
ამ ლაპარაკში თან-და-თან უფრო გაანჩხლდა. ბოლოს, თითქოს რაღაც რეტი დაესხა თავზეო, მიწვა ტახტზე და ერთხანს ასე იყო გალურსული. მერე წამოჯდა და დაიწყო ისევ აღშფოთებით ძველი ამბების მოგონება. “რა საარაკო ამბავი მოხდა!. უბედური გლეხები რა ტყუილათ დაიხოცენ! რა არ მოვიქმედე!.. სახლი არ დავაწვევინე როსაფისა? ყუთი არ გავატეხინე?.. ნეტა სად გადიმალა? მიწამ ჩაყლაპა, თუ ზღვამ ჩანთქა ის ანდერძი. ის ჩემი დედის ნაქონი გულის-ქინძისთავი?.. ცოცხლათ დატანჯვის ღირსი ვარ! სხვას ვინ ჩივის, ნეტა საწყალს ოთარს არა გაუჭირდეს-რა!.. სულ იმ ანდერძის პოვნაში იყო დაფუძნებული მისი გამართლება!.. ახლა რაღა ეშველება? მაგრამ იმასაც ნუ მოუშალოს ღმერთმა ყოველივე სიავე! რაც მე იმაზე და მის ცოლ-შვილზე ამაგი და ხარჯი გავწიე, ჩემ საკუთარ ოჯახზე არ გამიწევია იმდენი. ამას მემართლებოდა? დამკრა ფეხი და აღარ გაიარა ჩემ ნიადაგზე. მაგრამ რა?.. “კარგისათვის კარგი ვის უქმნია, გველო, გველო, წაუჭირე კისერშიო...” მაინც შენი სისხლი და ხორცი სულ სხვა არის. შენსას მაინც, რაც უნდა გულ-გატეხილი იყოს შენზე, მაინც უფრო ებრალები. აი, თუნდა ახლა მზეხას წიგნი. რა მოეპრიანა? მე როსაფისათვის მიზეზი არა მიმიცია-რა, მაგრამ ბოლოს ერთი დედმამის სისხლმა და ხორცმა მაინც იგრძნო... ძალიან მიამება ჩემი რძლის ნახვა, თუ-კი იკადრა პირველათ მობრძანება; მაშინ სწორეთ დავრწმუნდები, რომ ისინი გულმართლათ მექცევიან... მაგრამ ვინ იცის? იქნება ეს რამე ახალი თილისმობა იყოს ჩემის ძმის როსაფის მხრით.. ეჰ, რაც უნდა იყოს, მაინც ძალიან მენატრება მისი ოჯახის ნახვა”. 
ამ ფიქრებს შემდეგ თითქო ასმათს რაღაც გული აუმსუბუქდა. ადგა, აივანზე გამოვიდა და შეხედა, რომ ოდის დერეფანს სახურავი ჩამოქცეოდა. მერე ნახევრათ თავ-გადახდილს ბოსელს გადაავლო თვალი. მის მოშორებით ჭიშკრის ბოძები მიღმეჭილ-მოღმეჭილი იყო, ცალი კარი ჩამოვარდნილი მიწაზე ეგდო; ბოსტანში თხები წიწკნიდენ ნიახურსა და შარშანდლის ხახვის ფოთლებს; დაცარიელებულის სასიმინდის კედლებში ქარი ზუზუნებდა. დამარცვლულს სიმინდის კაკლებს ქათმები ჰკენკავდენ. “ვაი, როგორ გაძაღლებით გავატარე ჩემი წუთი-სოფელი! — ამოიოხრა ასმათმა: — მუდამ სასამართლოებში თრევას ამ დაქცეულ ოჯახისათვის მომევლო, სახლები შემეკეთებინა, ეზო შემომეღობა ის არ სჯობდა?.. ჩემს ბოსტანში დღეს პრასის თავსაც ვეღარ ვშოულობ!” 


ასმათი სამზარეულოში ჩავიდა, გამდელს უთხრა, ნათელას დასაბანი წყალი გაეთბო. არ მინდა, რომ ჩემმა რძალმა იფიქროს, ყმაწვილი სუფთად არა ჰყავს შენახულიო. ძარში ერთი ბურვაკი ჰყავდა დამწყვდეული, რომელიც წინა დღეს ყანაში დაეჭირათ. 
— მაგ ბურვაკს კარგად აჭამე, ხვალ კვირაა, იქნება სტუმარი მოგვივიდეს ვინმე, დასაკლავათ დაგვჭირდება. 
შემდეგ ხელოსანი მოიხმო და უთხრა: 
— დიდ ნიგოზს ქვეშ რომ ოცდაათიანი ქვევრია, კრახუნის ღვინით გავსებული, მოხადე, ნახე, ხომ არ გადაბრუნებულა. ხვალ სტუმრებს მოველი, არ შემარცხვინო. თუ წამხდარი გამოდგა, ისევ მეზობლებში ვისესხებ ორიოდე კოკას რთვლამდისა. პურიც არა გვაქვს გაკეთებული. სადილს უკან გამდელს მოეხმარე, დააკვრევინე პური და გაარეცხინე წყაროზე. საღამომდის მზეზე გაშრება, მერე ჩვენ მეთხეს გაატანე კოდის წისქვილზე. ამაღამ დააფქვევინოს და ხვალ დილით უთენიათ ამოიტანოს. ეგ, უნამუსო, ტანისამოსის ფასად არ ღირს. გუშინ წინ თხები წარა-მარა გაეშვა, თვითონ მთელი დღე სადღაც ღრეში გდებულიყო, ძირულის პირად სძინებოდა. თხები აქ ამოცვინდნენ. პრასა და ნიახური სულ გადახრეს. უმისოთაც არ გვქონდა ხეირიანი ბოსტანი და ახლა, როგორც ჩემ ხელის გულზე არა არის-რა, ისე ჩემს ბოსტანში. — ამ ლაპარაკში რომ იყო, გაიხედა ჭიშკრისაკენ და დაინახა, რომ ნათელა ზუზუნით მოდიოდა. 
— ნათელა, რა ამბავია? ვინ აგატირა. მოგიკვდა მამიდა შენი! ნათელამ კიდევ უფრო უმატა ხმა მამიდის მოფერებაზე. 
— ვინ დაგიკაწრა ეგ სახე? წარბთან რა არის ეგ გაჭრილი? 
ნათელამ ტირილით უამბო მამიდას ყოველიფერი. თურმე ოთარის ქალ-ვაჟთან თამაშობდა. ყმაწვილებს მოენდომებინათ, ნაურმალში რომ წყალი მიდიოდა, იმაზე პაწია ბორბლის აბრუნება. ოთარის ვაჟს ეშოვნა კორჩიოტას ძირი და ზედ ფრთებს ასხამდა. ნათელა იქ იყო და ყურადღებით დაჩერებოდა. ამ დროს ოთარის ვაჟს აექნია დანა. დანის წვერი უცაბედად წარბსა და წარბს შუა მოხვედროდა ნათელას და სისხლი გამოდენოდა. 
— შვილო, რამდენჯერ დამიშლია შენთვის, იმ არა-წმინდებს ნუ გაეკარები-მეთქი! აბა, რა კარგები იქნებიან ოთარის შვილები. თვითონ ქურდი და ავაზაკია! ახლა ბიცოლა შენი რომ მოვიდეს და აგრე გნახოს, რას იტყვის? — ბავშვი დაუსახიჩრებია მამიდასო, ყურს არ უგდებსო. შენმა გაზდამ, სულ შენ ფიქრში ვარ, მაგრამ რა ვქნა, შვილო? ვეღარ დაგამაგრე, მთელი დღე გარეთ დარბიხარ. სად ხარ და სად არა, კაცმა არ იცის, როგორ იქნება? ორ წელიწადს იქით გასათხოვარი შეიქნები. აწ შენ სულ შინ უნდა იჯდე, გარეშე კაცს აღარ უნდა ეჩვენო. აგრე-კი არას იტყვიან, სახელი გაგიტყდება. დღეს რომ წინდის ჩხირები და დართული ღაზლის გვრიჭა მოგეცი, რა უყავი? აკი წინდის ქსოვა დაგაწყებინე?.. ერთი თითის დადებაც არ მოგექსოვა, ისე მალე მოგწყენოდა. გვრიჭა და წინდის საქსოვი ლოგინზე დაგეყარა, შენ-კი გამქრალიყავი. — ასმათმა თავის ხელით დაბანა პირი. სისხლის ლაქები მოაცილა, გაჭრილზე აბლაბუდას ქსელი დაადვა და შუბლი შეუკრა. მერე დედა-შვილურის სიყვარულით გაჰკოცნა, დასვა სავარძელზე, ხელში მისცა ბეჭი და ბატის ფრთა. 
— აბა, შვილო, შენი ტოლი ქალები თბილისსა და ქუთაისს დღეს რუსულსა და ფრანციულს კითხულობენ, შენ-კი ნ—დინაც (ნარამდის) წერას ვერ მიჩვევიხარ. 
— ვერ მივეჩვიე, მამიდა, და მე რა ვუყო. ბეჭზე არ მეხერხება. ქაღალდი რომ იყოს, ის სულ სხვა არის. 
— შვილო, სანამდის ისწავლიდე, მასე უნდა სწერო. ბეჭზე რამდენიც უნდა სწერო მაინც გადირეცხება, როცა ანბანების წერას მიეჩვევი, ამოსაღებს დაიწყებ. აი, მაშინ გიყიდი ქაღალდს და საწერ-კალამსაც მოგიტანინებ. ცალკე პაწია საკუჭნაო ყუთს გავაკეთებინებ შენთვის, რომ შენი ხელ-საწყო სულ იმაში გქონდეს. 
— როდის მიყიდი, მამიდა? 
— როცა ანბანის წერას დაისწავლი. 
— აბა კარგი, ვეცდები, მალე გავათავო. 
— მეც მალე გიყიდი მამიდაშვილობამ! 
ნათელამ ბეჭი უცბად განზე გააგდო და ჩაეკრა გულში ასმათს. მერე აიღო ისევ ბეჭი, ბატის ფრთა და მიუბრუნდა გულმოდგინეთ ქართული ასოების ჯღაბნას. 
რვა წლის რომ გახდა, მამიდამ ქაღალდის ნაწიბურზე დაუწერა ანბანი და მისცა ხელში დასაზეპირებლათ. სანამდის ამ ანბანს ჵ-მდის ჩაათავებდა, ნახევარი წელი მოანდომა. შემდეგ ისეთი ბარათები ამოურჩია, რომ გარკვევით იყვნენ ნაწერნი, ასო ასოზე არ იყო გადაბმული. ამისთანა ბარათებს რომ მარცვლა-მარცვლათ დაასწავლიდა, მერე ისეთ ბარათებს მისცემდა ხელში, საცა ასოები ათასნაირათ იყო ერთმანეთზე გადაბმული და გადახლართული. ამისთანა სწავლებამ გასტანა წელიწად-ნახევარი. მერე ამოსაღები დააწყებინა და ზემოთ ნახსენები ძროხის ბეჭიც მისცა ხელში საწერათ. ნათელამ წერა-კითხვა კიდეც დაისწავლა და კიდეც შეიქმნა ათის წლისა, მეთერთმეტეში გადამდგარი იყო. ამის შემდეგ ახალ მოსულს წერილებს სულ ნათელას აკითხებდა: “შვილო, მოდი ერთი ეს წერილი წამიკითხე; მე ვეღარ ვკითხულობ, თვალს დამაკლდაო.” 
ბავშვის სისუფთავეზე ასმათს სულ თავისებური შეხედულობა ჰქონდა. 
“ბავშვს თვეში ერთხელ უნდა დაბანო მიწით თავი, ორ თვეში ერთხელ — ტანი. ხშირად ბანა ტანს გაუნაზებს და დაავადმყოფებსო”. მამიდა თავის ძმისწულს ორ კვირაში ერთხელ გამოუცვლიდა საცვალს. თუ პატივსაცემი სტუმარი არ მოუვიდოდა, ნათელას ფეხს არ ჩააცმევდა. თვით ბავშვიც ვერ ჰგუობდა ფეხსაცმელს, თოვლსა და ყინვაშიაც ბევრჯერ უნახავთ ნათელა, რომ ფეხ ტიტველა გარბოდა მეზობლისას. მაგრამ საკვირველი იყო, სხვისას რომ ნათელას კანფეტები ეჭამა და მამიდას ცივი ჭადის ნატეხიც ვერ ეშოვნა, მაინც ამასთან ურჩევნოდა. ერთი გულ-მკერდში მამიდის ჩაკვრა სულ ერჩია მთელს დედამიწას. 
შაბათი ღამე იყო. ასმათმა დაბანა, დაგვრიტნა ნათელა და ადრიანათ შეახვია ლოგინში: “დაიძინე, შვილო, ხვალ ბიცოლას გამოგზავნილს კაბას ჩაგაცმევ, ჩემ ბაღდათს მოგახვევ და, სააღდგომოთ რომ წითელი ჩუსტები გიყიდე, იმაში გაპრაკუნებ. არ იცი, შვილო, ხვალ დილით, როცა “მამაო ჩვენოს” და “ღირს არს ჭეშმარიტად” ილოცავ, მერე რა მოგერთმევა? მშვენიერი გოჭის შემწვარი ღვიძლი. ნათელა აღტაცებაში მოვიდა ამ ამბით, ერთხელ კიდევ ჩაუკოცნა მამიდას გულ-მკერდი ამ სიტყვებით: “ჩემი კარგი მამიდა, ჩემი!” — გადაბრუნდა ლოგინში და უცებ მიიძინა. 


XI 
კვირა დილა გათენდა. ასმათი ადრიანათ წამოდგა. იმ დღეს წირვაზე ემზადებოდა და ნათელაც უნდოდა თან წაეყვანა. ჩააცვა წითელი კაბა, ჭრელი ღაზლის წინდები, ზედ ახალი ნაყიდი ჩუსტები მოარგო და თავზე თეთრი სახიანი ბაღდადი მოახვია. “მაგრამ ვინ იცის, იქნება ამ დილას ჩემი რძალიც გაჩნდესო, — ფიქრობდა გულში და რაღაც სიამოვნებით იცქირებოდა ჭიშკრისკენ, — სისხლმა და ხორცმა თავის ალღო აიღო, გულმა იფეთქა დაკარგული გულისთვის”. 
— “არაო,— ეუბნებოდა ასმათს მეორე გული: — როსაფს ეგრე ადვილათ ნათესაობრივი გრძნობა ვერ მოდრეკს. რომ კიდეც სურვილი ჰქონოდა ჩემს რძალს ჩემი ნახვისა, განა ჩემი კერპი ძმა კი გამოუშვებდა. მეც რაებს ვფიქრობ! სულ გავყმაწვილდი ამ სიბერის დროს”. ასმათი თუმცა ამისთანა მოსაზრებაში იყო გართული, მაგრამ თვალი მაინც ჭიშკრისკენ ეჭირა. ხან ადგებოდა, ეზოში მიივლ-მოივლიდა, ხან გამდელს რასმეს უშარებდა. ერთი სიტყვით, ყოველნაირს მიზეზს ეძებდა, რომ შეეგვიანებია წირვაზე წასვლა. ნათელას სულ სხვა დარდი აწვა გულზე. 
— მამიდა, წირვაზე წასვლა დაგვიანდა! — იმას უნდოდა საჩქაროთ საყდარზე გასულიყო და ტოლ-ამხანაგებისათვის ეჩვენებინა თავისი ლამაზი მორთულობა. 
— რა გეჩქარება, შვილო, ჯერ არ დაურეკიათ. 
— როგორ არა, ბარე ორჯერაც დარეკეს. 
— ცოტა კიდო მოვიცადოთ, შვილო, საქმე მაქვს. 
— უჰ, ამდენი მოცდაც არ გამიგონია! თუ წირვა გამოვა, მერე რაღა გვინდა საყდარზე! 
ამ დროს ჭიშკარში შემოვიდა სამი ცხენოსანი: ერთი ქალი და ორი კაცი, მისი ხლებელი. 
— ნეტა თუ მართლა ეს ჩემი რძალია, — გაივლო გულში ასმათმა და აჩქარებით გასწია ოდისკენ. 
— ნათელა, სტუმრები მოდიან, იქნება ბიცოლა-შენიც იყოს. საყდარზე ვეღარ წავალთ. 
— არა, მამიდა, მე მაინც წავალ და მაინც... 
ამ დროს მისი რძალი, ორი ცხენოსნიანათ, კიბეს მოადგა. 
ასმათი სიხარულისაგან გაფოცდა, ბიჭს უყვირა, ცხენები ჩამოართვიო. თვითონ ჩამოეგება კიბეზე, რძალს გადაეხვია და გადაჰკოცნა. 
— მობძანდი გენაცვალე, ეს რა კარგი დღე გამითენდა? ამდენის ხნის თქვენს უნახავს რა სული შემრჩა, როგორ გავძელი ამ ჩემს მინგრეულ-მონგრეულს ქოხში! მობძანდი, ჩემო რძალო, აგერ სავარძელზე დაბძანდი! 
ნათელა იქვე იდგა, წირვაზე წასასვლელად გამოწყობილი. 
— უი, ამას ვის ვხედავ! — გაიოცა მზეხათუნმა, როცა შეხედა ნათელას, რომელსაც დიდ-ძალი ტანი აეყარა მას აქეთ, რაც მზეხათუნს არ ენახა. თვალ-წყაზარი ნათელა ახალ ტანისამოსში სასიამოვნო შესახედავი იყო. მის რგვალ პირს მშვენივრად უხდებოდა შუბლზე დაყრილი წაბლის ფერი ხუჭუჭი თმა. 
— ჩემი ლამაზი გოგონა, როგორ გაზდილა! გამოგოგმანებულა, ავი თვალით არ ინახება, ჯვარი დაგწერა ბიცოლა-შენმა! — თან ალერსიანს სიტყვებს ეუბნებოდა, თან იხუტებდა და ჰკოცნიდა. 
— აბა, გენაცვალე, გადექი განზე, ერთი კიდევ შემოგხედო. 
ნათელა ადგა, მორცხვობით თვალები ძირს დახარა და ისე გაიარა. 
— გასათხოვარი შექნილა, ჩემი გოგონა! ვინ იქნება იმისთანა ახალგაზდა, რომ შენ საცოლოდ დაგიწუნოს! — ამ სიტყვებით მზეხათუნმა თვალები გააპარა იმის ხლებულის ახალგაზდა კაცისაკენ. იმან თითქოს იგრძნოვო მზეხათუნის გულის-პასუხი, სახე განზე წაიღო და თვალები მოარიდა. ის იყო ოც-და-ხუთის წლის მოხდენილი ვაჟკაცი. შავი წვერი მის თეთრ-ყირმიზს სახეს არშიასავით ჰქონდა შემოვლებული და შავი კოკობი ულვაშები ლამაზად უხდებოდა. 
ნათელა უცებ მივარდა მამიდას და ჩუმათ უსაყვედურა. 
— წირვა კიდეც გამოვა აწ, როდის უნდა წავიდეთ? 
— რა დროს წასვლაა, გენაცვალე, ბიცოლა მოგივიდა! 
— არა, არა, — იუარა ნათელამ წარბების შეჭმუხვნით: — უნდა წავიდე წირვაზე, უნდა წავიდე!.. 
— ნათელა, შენ ხომ არ იცი, მე რა გაპრიალებული პოლსაპოჟკები მოგიტანე, მაღალქუსლებიანი? — უთხრა მზეხათუნმა. — ივანე! — მიუბრუნდა მოურავს, რომელსაც ცხენები ეჭირა: — ფუთა ამომიღე ხვირჯინიდან და აქ მომიტანე! 
— უი, ჩემს თვალებს! — დაიძახა ასმათმა. — ჩვენი ივანე-კი ვეღარ ვიცანი! როგორ ხარ, ჩემო ივანე, ან შენი ცოლ-შვილი რასა იქს?.. 
— ღმერთმა თქვენი სიცოცხლე ნუ მომაკლოს! კარგათ გახლავართ. დაგვიძვირდით, ქალბატონო. რამდენი ხანია, მამის თქვენის ოჯახში არ მობძანებულხართ. როგორ გეკადრებათ ოჯახის დავიწყება. 
— ალბათ ჩემს ძმას არ ნებავდა. 
— მაგას როგორ ბძანებ, ქალბატონო? როსაფი ნუ მომიკვდება, ბევრჯელ უთქვამს, ნეტა რა დავუშავე ჩემს დას, რომ აღარ გამიტანაო? 
— ბევრი, ჩემო ივანე, ბევრი, თორემ შენც კარგათ გეცოდინება... 
— უკაცრავათ, ჩემო ბატონო! — მიუბრუნდა ასმათი იმ ახალგაზდას, რომელიც აქამდის ფეხზე იდგა და ნათელას ჩუმ-ჩუმათ თვალებს ესროდა: — ისე გამახარა ჩემი რძლის ნახვამ, რომ გონება ვეღარ მოვიკრიფე. დაბძანდით, შენი ჭირიმე, ამ სკამზე. 
— არა მიშავს-რა, ბატონო! — თავდაბლათ მიუგო ვაჟკაცმა, ჩამოართვა სკამი ასმათს და დაჯდა. 
— ჩემო მულო, იქნება არ იცნობ ჩემს ძმისწულს ილიკოს? 
— აბა, სად გავიცნობდი, გენაცვალე! — უპასუხა ასმათმა. 
ამ დროს მზეხათუნმა ამოიღო ფუთიდან აპრიალებული მაღალქუსლებიანი პოლსაპოჟკები, ჩააცვა ნათელას და უთხრა: 
— გაიარე, გენაცვალე, ხომ არ გიჭერს?.. 
ნათელა კიდევ უფრო მაღალი გამოჩნდა. 
ის სიხარულისაგან იღიმებოდა. 
— ახლა ეს კურტკაც ჩაიცვი, ეგენი ბიძა შენმა მოგიტანა, გენაცვალე, ქუთაისიდან. 
ასმათი სულ აჭყლოპინდა. 
— შენ შემოგევლოს მამიდა-შენი, როგორ კარგათ გიხდება ყოველიფერი!.. 
ამ საზოგადო მხიარულობაში ილიკოც დიდ მონაწილეობას იღებდა, თუმცა ძალიან ცდილობდა, სიამოვნება სახეზე არ დაემჩნია. მზეხათუნმა შეატყო, თუ რა ვერცხლის წყალი დაკრთოდა ილიკოს სახეს, და თვითონაც სიხარული გააორკეცა. 
ნათელას აწ კიდევ უფრო მოუნდა ტოლ-ამხანაგებში გაფრიალება და ჩასჩურჩულებდა მამიდას, წირვაზე გამიშვიო. 
— გაუშვი, ჩემო მულო, — სთხოვა მზეხათუნმა: — ჩემ ცხენზე შევსვათ და ილიკო ვაახლოთ. 
— დიდი სიამოვნებით! — დაატანა ილიკომ. 
ნათელა აიბუზა, მოხვია მამიდას კისერზე ხელები და ჩასჩურჩულა: 
— არ მინდა იმასთან წასვლა. 
მზეხათუნი მიუხვდა. 
— რატომ არ გინდა, გენაცვალე? ილიკო შენი ძმა არის, რისი გეკრძალება? საყდარზე უფრო მალე მიხვალთ. ფეხით რომ წახვიდე, ვეღარც-კი მიუსწრებ წირვას. 
ამ უკანასკნელმა საბუთმა ნათელას უარობას ღოჯი მოსტეხა. იმ წუთას ის თუნდ კაცის მჭამელსაც გაჰყვებოდა, ოღონდ წირვაზე მიესწრო და ტოლ-ამხანაგებში თავი მოეწონებინა. 
ასმათმა რომ დაინახა ნათელა ცხენზე შემჯდარი და იმის გვერდით ახალგაზდა ვაჟი, სიხარულისაგან ტაშის ცემა მორთო: “როგორ მოუხდა ცხენზე ჯდომა, სულ გასათხოვარს ქალს დაემსგავსა!” მერე გულში გაივლო: “ქართლს უნდა ვაფრინო კაცი, ბარემც საქმე გაათავონო.” ასმათი რომ ამ ოცნებაში იყო გართული, მზეხას ფიქრები ნათელას შესახებ სულ სხვა ნიავს მიჰქონდა. იმას თვალწინ გაუცოცხლდა ილიკოსა და ნათელას ცოლ-ქმრობა. 


XII 
ერთი თვე გავიდა. რძალ-მული და წაკიდებული და-ძმა ძალიან დამეგობრდენ. ორ დღესაც არ გაუშვებდენ, რომ ერთმანეთის ამბავი არ ეკითხათ, ან ერთმანეთისას არ ყოფილიყვნენ. ასმათს მართლაც დაუბრუნეს ძირულას გაღმა რომ ყანა იყო. თვითონ როსაფი ხშირად ჰკითხავდა ხოლმე რჩევას თავის დას სააპეკუნო საქმეებზე. ერთი-ორი სააპეკუნო გლეხი, თვით ასმათის მეზობლათ რომ ესახლენ, მას მიუჩინა. “რადგან ნათელა შენთან არისო, — უთხრა როსაფმა: — სჯობია ის გლეხები შენ დაიჭირო ხელში და, როგორც გინდა, ისე მოიხმარო.” ამისთანა მოქმედების გამო ასმათმა გული დაანდო როსაფს. ნათელაც ძალიან დაუმეგობრდა როსაფის ქალს, რომელიც მისი ხნის იყო. როცა ასმათი და ნათელა როსაფისას გავიდოდენ ხოლმე, ყმაწვილები სულ ერთად იყვნენ, ერთად სწავლობდენ, ერთად ქსოვდენ, ერთად კერავდენ და მეზობლებშიაც ერთად დაიარებოდენ. მზეხათუნი მუდამ თვალებში შესცქეროდა ნეთელას და მის სიტყვას მიწაზე არ დააგდებდა. ეს მეოთხე წვევა იყო ასმათისა და ნათელასი როსაფისას. მზეხამ ახალი საკაბე დაუჭრა ნათელას და თან დაატანა: “ეს საკაბე ნათელამ და ჩემმა ქალმა ერთად უნდა გააწყონო.” ნათელას ძალიან მოეწონა ხალისი ფერი კაბისა და საკუთარი ხელით თავის კაბის შეკერვა მეტად იამა, რადგან პირველი შემთხვევა იყო. 
— მაგდენს ხანს სად მოვიცდით? — დაატანა ასმათმა, — ამ საღამოს ისევ შინ უნდა დავბრუნდეთ, ხომ ნათელა?.. 
— მე კაბის შეკერვა მინდა! — უპასუხა ნათელამ. 
— მე რომ წავალ, მერე შენ უჩემოდ დარჩები აქ? 
— ბეჩა, რა იქნება მერე, ორი დღე რომ თავის ბიძისას დარჩეს? კაბას შეიკერავს და მერე მე თვითონ ჩამოგიყვან. 
ასმათს, ცოტა არ იყოს, გულზე ეკლათ ეჩხვლიტა ეს ამბავი. იმას არ იამა, რომ ნათელა შინისაკენ აღარ იწევდა. 
— შენმა სიცოცხლემ, ასმათო, ისე მოვუვლი, აი, იმ ჩემს შვილზე უკეთ. თვალ-წინ არ მოვიცილებ; ღამით ჩემთან დავიწვენ. ფიქრი ნუ გაქვს ნათელასი, ისე გეგულებოდეს, როგორც შენ თავთან. 
— ნათელა, არ წამოხვალ? განუმეორა ასმათმა. ამ დროს თვითონ როსაფის ქალი გადაეხვია ქვრივს: 
— ჩემო მამიდა, დაანარჩუნე ნათელა ორი-სამი დღე ჩვენთან; ერთად ვისწავლით ჭრა-კერვას. ამ ახალი კაბით გამოვაწყობთ და მერე ერთად გეწვევით. 
— კარგი, გენაცვალე, იყოს. მერე მოეხვია ნათელას და დაუწყო გაშმაგებულმა კოცნა, თითქოს საუკუნოთ ეთხოვებოდა. თვალებში ცრემლი მოერია და ერთი კურცხალი ნათელას ლოყაზედაც დაადინა. ძმისწულიც თანაბრათ ჰკოცნიდა მამიდას და თან ანუგეშებდა: 
— ჩემი ჯავრი ნუ გაქვს, მალე წამოვალ. 
ასმათი წავიდა შინ მარტოდ-მარტო, მაგრამ ნათელას ჯავრი მაინც გულში ნაღვლათ ჩაიყოლა. გზაზე რაღაც გამოურკვეველი ზაფრა დააწვა გულზე. 
— ჰე, დასწყევლოს ღმერთმა ჩვენი გაჩენის დღე! — წამოიძახა ბოლოს ასმათმა, როცა თავის ეზოში შემოდგა ფეხი: — არაფერი მკვიდრი ამ სოფლათ არ არის. ვინ იცის, იქნებ ნათელას აწ სულაც დავავიწყდე. ჩიტის ბახალაც ასეა, ფრთებს რომ შეისხამს, ბუდიდან გადაფრინდება და მწვანე ტყეში შეიმალება, მერე ბუდისაკენ პირს ვეღარ აქნევინებ. 


XIII 
ასმათმა ნათელა რამდენჯერმე მოიკითხა, მაგრამ სხვა-და-სხვა მიზეზები მოუდვეს, ყმაწვილი არ გაუგზავნეს. ერთ საღამოს ასმათი საჯალაბო სახლში კერას მიფიცხებოდა და მოწყენილი იყო, ამ დროს ერთმა ოთარის ამხანაგმა აზნაურმა ფეხი შემოდგა საჯალაბო სახლში. ასმათს ძალიან იამა მისი დანახვა. 
— უი, შენ გაგახარა ღმერთმა, როგორც მე შენი მოსვლა მიამა! რასა იქ, საიდან მოდიხარ?.. რა ღმერთი გაგიწყრათ, რომ ჩემს ნიადაგზე აღარ გაიჭაჭანეთ, მოგძულდათ განა ქვრივ-ოხერი? 
— ღმერთს ნუ შეძულდი, ასმათ, შენ ჩვენ არ გვძულდე. მაგრამ ხომ იცი, ჩვენი გვარის კაცის ამბავი. ხან აქეთ კლდეს უნდა ვეცეთ, ხან იქით, რომ მშიერი მგლებივით რასმე წავაწყდეთ. შინ რა შავი ქვა ვაკეთოთ? აქ არც არა გვიცხელდება რა, არც არა გვიცივდება-რა. — ის დაჯდა სკამზე არხეინად და ჰკითხა ასმათს. — ახალი ამბავი არა გაგიგონია რა? 
— როგორ, რა? — შეუტია ასმათმა: — მე რას გავიგონებდი, მუდამ შინ ვგდივარ, უნათელოთ თავი მკვდარი მგონია. ვუთვლი და არ მიგზავნიან. მინდა ხვალ წავიდე და წამოვიყვანო. 
— გვიანღაა, შენ იმას აღარავინ დაგანებებს. 
— როგორ თუ არავინ დამანებებს? 
— ათხოვებენ. 
— უი ჩემს თავს!.. 
— უი არა მაქვს მე... დღეის სწორს აქვთ ხადილი. — ასმათმა ერთი ისეთი იტკვლიცა, რომ გეგონებოდათ, ყბა მოექცაო. 
— ვის აძლევენ? 
— მზეხას ძმისწულს, ილიკოს. 
— ის დღე რატომ ბნელად არ მექცა, ჩემი ნათელა რომ მე იმას საყდარში გავატანე. თუ ამის გულისათვის გამეგენ ფეხქვეშ ის არაწმინდები!.. არიქა, დედა-შვილობას, ახლავე გაფრინდი, ჩემი ოთარი მომგვარე! აწ მე ვიცი, რასაც ვიზამ. 
ასმათი გალომდა, მისი თვალები ბუდიდგან ამოვარდნას აპირებდნენ. ის აზნაური მაშინვე გამოვარდა გარეთ და გაიქცა ოთარის მოსაყვანათ. 
— როსაფის წინ უნდა დავიკლა დანით ჩემი თავი. უმალ ამ ჩემი სისხლით შევღებავ მის წვერებს, სანამდის ის ნათელას გამითხოვებდეს! — ქადაგებდა ასმათი თავისთვის. იმან ოდასა და საჯალაბო სახლს შუა დაიწყო რბენა... ძუ ლომს რომ ლეკვს მოპარავენ, იმასაც ასე სჭირს აქეთ-იქით რბენა და უმიზნოთ ხტომა, თითქოს სურდეს მტაცებელს კვალში ჩაუდგესო, თუ მტერი შეხვდა ამ დროს იმას წინ, ყოველსავე დაფხრეწს. 
— გამდელი საჩეხში საქონელს უვლიდა. ის რომ საჯალაბო სახლში შემოვიდა, ასმათი კერას გარემო დათარეშობდა. გამდელს ძალიან გაუკვირდა მისი აღელვებული ბროტიალი. 
— ქალბატონო, რა ამბავია, ცუდი ხომ არა შეგიტყვიათ-რა? — ასმათი შედგა და მსხვილი თვალები დააშტერა მოხუცებულს. ასე ეგონებოდა კაცს, ნახტომი უნდა ქმნას და დაფხრიწოსო. 
— ქალბატონო, დამშვიდდით! ეგ რა ამბავია? — კრძალვით განუმეორა გამდელმა. 
— რა დროს დამშვიდებაა, დანა რომ გულზე დამცე, წვეთი სისხლი არ გამომივა! 
— ბარემც ბძანეთ, ქალბატონო, თორემ შიშისაგან ლამის გადვირიო! 
— რაღა რა ამბავია, ჩემი ნათელა მომტაცეს! 
— ნათელა აკი როსაფთან იყო, ვინ მოიტაცებდა? 
— ათხოვებენ... 
— ვის აძლევენ? 
— ილიკოს, ჩემი რძლის ძმისწულს! 
— ისემც კარგი დაგემართოს, კარგი ახალგაზდა ის იყოს!.. 
— ჩუმათ, ბებრუცუნა! თავი ხომ არ მოგძულებია?.. 
ეს უკანასკნელი სიტყვები ისეთი კილოთი წარმოსთქვა ასმათმა, რომ გამდელს შიშისაგან ენა ჩაუვარდა. მაგრამ გულში მაინც ასე ფიქრობდა: 
— “რამ გადარია ეს ქალბატონი? იმისთანა ბიჭს, ახალგაზრდას, მდიდარს, კარგს ოჯახის შვილს სხვას ვის იშოვნის ნათელასთვის?” 
ჩამოვარდა სიჩუმე... ამ დროს ოთარი შემოვიდა, თან შემოჰყვა ამხანაგიც. ასმათი მივარდა ოთარს. 
— მოდი, ჩემო შვილზე უტკბესო შვილო! შენ იყავი და შენ იქნები ყოველთვის ჩემი გაჭირების ტალკვესი. — ოთარი სრულებით არ ფიქრობდა ასე სიამით შეხვედრას. ის, მართალია მოდიოდა ასმათის სანახავათ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, კიდეც შიშობდა: რა ვუთხრა, რა პასუხი მივცე, როგორ ვიმართლო თავიო?.. იმ ღამეს რომ შემოწყრა, მას აქეთ დედობილი საუკუნოთ დაკარგული ეგონა. ასმათის ალერსიანმა სიტყვებმა ერთბაშად მოხსნა ოთარს ზურგიდან მძიმე ტვირთი. 
— წამოდით ჩემთან ოდაში, — წაუძღვა წინ ასმათი. 
დღე და ღამე იყრებოდა. ვარსკვლავები ცაზე დაენთენ. თექვსმეტი წლის ქალწული ვერ აირბენდა ისე სწრაფათ, ასმათმა რომ კიბის საფეხურები შეიარა. ის დადგა აივანზე ორთავეს წინ. 
— ოთარ, შენზეა დღეს ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული. დროს ნუღარ კარგავთ. შენ ჩემი საჯდომი ცხენი შეიკაზმე, შენ, — მიუბრუნდა აზნაურს: — მეორე ცხენი. დილით უთენიათ მოჰკურცხლეთ ქართლისაკენ, მიიჭერით თანდილაანთსა და უთხარით: თუ შაბათს საღამოს არ მოსულხართ და ქალი არ მოგიტაცებიათ, კვირა დილას ქალს გაათხოვებენ-თქო. შაბათს ვახშმობისას ძირულის პირას უნდა იყონ. იქიდან უნდა დაადგენ გზას, ნელ-ნელა შემოუდგენ შემოღმართს ძირულის ჭალებზე. მეც ჩემი ნათელათი იმ დროს იმ გზითვე წამოვალთ და დავეშვებით დაღმართზე. ქალს ხელში მივცემ და წაიყვანონ. მაგრამ წინ-და-წინ პარასკევს დილას ეს ჩემთან უნდა მოიჭრას, — უჩვენა აზნაურზე: — ამან უნდა შემატყობინოს, მოდიან თუ არა?.. დანარჩენი მე ვიცი. აბა წადით ახლა შინ და მამლის ყივილზე გამოეწყვეთ. 
იმ ღამეს ასმათს არ უძინია. მეორე დღეს ჩავარდა საწოლში და პარასკევამდის ლოგინი აღარ აუღია. ასმათი თავს იტკენდა მეტის-მეტად. გამდელი ქალბატონს აღარ მოცილებია. ის მალ-მალ ჩაჰკითხავდა, ან რა წამალი მოუხდებოდა, ან რა იამებოდა. მაგრამ ქვრივი კრინტს არ იღებდა... მხოლოდ ხან-და-ხან იტყოდა ჭარხლის ფოთლების მოტანას, თავის ტკივილს შველისო. ამ სამს დღეში მას სამი ლუკმა პირში არ ჩაუდევს. გათენდა პარასკევი. წირვის დრომდის აზნაურიც გაჩნდა. ასმათს გულზე ელხინა. მაშინვე წამოდგა ლოგინიდან და გამდელს უბძანა, ქათამი შეგვიწვიო. აზნაური შევიდა ასმათის ოთახში მხიარული სახით. ის მაშინვე მიხვდა, საქმე კარგათ იყო. მართლაც, აზნაურმა მოუტანა ამბავი: “ოთარი და თანდილანნი შაბათს პირველს ძილზე ძირულის სერს ამოუდგებიანო თხუთმეტი ცხენოსნითა”. ასმათს მეტი არა უნდოდა-რა, სახეზე გამხიარულდა. ისინი ერთად დანაყრდენ, ღვინოც კარგათ დალიეს. ასმათს გულზე მოეშვა, ჯანზე მოვიდა. ნახევარ საათს შემდეგ ცხენზე იჯდა და როსაფისას მიემგზავრებოდა. აზნაურიც თან იახლა. 


XIV 
ჯერ ჭიშკარშიაც არ შესულიყო, მზეხათუნმა იცნო ასმათი და ნათელას აცნობა მამიდას მოსვლა. ახალგაზდა ქალი უეცრად წამოვარდა ზეზე, და ხელ-საქნარი იქით მიაგდო. ცხენიდან ჩამოხტომაც ვერ მოასწრო ასმათმა, რომ ნათელა ყელზე ჩამოეკიდა. არც ათის წლის გაშორებული დედა-შვილი შეხვდებოდენ ერთმანეთს ასე აღტაცებით. ნათელას მთელი თავისი სიყმაწვილე მოაგონდა ამ წუთას, მამიდას კალთაში გატარებული. “ჩემი მამიდა, ჩემი!.” უალერსებდა ნათელა და თან ყოველ ნაწილს პირისახისას ცალკე უკოცნიდა. ასმათს სიხარულისაგან ცრემლები მოერია თვალებში. 
— ნათელა, აქამდის რამ გაგაძლებინა აქ უჩემოთ? მაგას მოველოდი შენგან? 
— მინდოდა წამოსვლა, მაგრამ შენგან კაცი არ მომივიდა. 
— რამდენჯერ მოვწერე მზეხას... 
— მე არც ერთი წერილი არ მინახავს. ახლა წავიდეთ. გადია რას შვრება?.. ჩემი თეთრი ქოჩორა ქათმები არ დაიზარდნენ?.. 
— კი, გენაცვალე, ყველანი კარგათ არიან. 
მამიდა-ძმისწული მხიარულათ ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ამოვიდენ კიბეზე. აივანზე რძალ-მული ჩვეულებრივის სიყვარულით შეეგებენ ერთმანეთს. ასმათი ისე გულ-ღიათ ექცეოდა თავის ძმას როსაფს და მის ცოლს, რომ მთელი დღე ერთს ძარღვსაც არ აღმოუჩენია მის პირის სახეზე, თუ რა განზრახვით მოვიდა ის თავის ძმის ოჯახში. არც ამათ შეუნიშნინებიათ რა ქვრივისათვის, რომ მეორე დღეს ნიშნობას აპირებდენ. ნათელა სრულებით არას გრძნობდა. ის ახლა მხოლოდ შინ წასვლის ფიქრებში იყო გართული, ისწრაფოდა მალე ენახა თავისი ნაცნობი კუთხეები, გარეოდა მეზობლის ტოლ-ამხანაგებში, დილით გადიასთან ერთად დაეძახნა “ჯურრ!..” თავის ქოჩორა ქათმებისათვის და მერე საუზმე მიერთმია. მისი ნორჩი ყმაწვილური გამოხატულება სულ ამისთანა სურათებს დასტრიალებდა გარს. იმ დღეს მამიდას გვერდით აღარ მოსცილებია. 
არც როსაფს და არც მზეხას არაფრათ ეჭაშნიკა ნათელას ამ გვარი განაზება, მაგრამ ცდილობდენ ასმათისათვის არა შეენიშნებინათ-რა. სადილის უკან ასმათმა აზნაური შინ დაითხოვა ცხენებიანათ. მის ძმას ეს კიდეც იამა, ეგონა, ასმათი ნათელას წაყვანას მოინდომებდა, ეშინოდა, გაძალების დროს რაიმე უსიამოვნება არ შემთხვევოდა. თუმცა ასმათის დარჩენა სასიამოვნოთ მიიღო ცოლ-ქმარმა, მაგრამ გულში დაფარული მაინც ვერ განუცხადეს. 
ამასობაში ასმათი და ნათელა დარჩენ აივანზე მარტოდ-მარტო. 
— შვილო, შენ სად წვები? — ჰკითხა მამიდამ ნათელას... 
— მე ბიცოლასა და ჩემ ბიძაშვილს შუა ვწვები, მარა ამაღამ შენ გვერდით მინდა დავწვე, — უთხრა ნათელამ. 
— არა, შვილო, ისევ შენ ბიცოლას გვერდით დაწექი. მე რაც გითხრა, დამიჯერე, არავისთან გაამხილო, ბიცოლა შენს როდი უნდა შენი გაშვება, თუ ჩუმათ არ წაგიყვანე. ამაღამ ისევ ბიცოლასთან დაწექი და როცა ფეხზე ხელი მოგისვა, უცებ ჩამოძვერი ლოგინიდან. ბიცოლა არ გააღვიძო. ტანისამოსი რომ გაიძრო, ჩემსკენ დაალაგე. თვითონ მე ჩაგაცმევ. მერე ჩუმათ გავიაროთ კარი და წავიდეთ შინისაკენ. 
— კარგი, მამიდა, ამაღამ სულ არ დამეძინება. ისე გამოვძვრები საბნიდან, რწყილმაც ვერ შემიტყოს. 
— აგრე, შვილო. 
ამ დროს კარებში გამოჩნდა მზეხათუნი. მამიდა-ძმისწულმა უცებ შესწყვიტეს საუბარი. მზეხას არაა შეუმჩნევია-რა. 
— უკაცრავათ, ჩემო მულო, რომ მარტო დაგტოვე. ოჯახის საქმეებისაგან მოცლა აღარ მაქვს. ხვალ სტუმრებს მოველი, ნათესავები მომივლენ, ხომ იცი, თუ თვითონ არ გააკეთე ყველაფერი, მოჯამაგირე არას დაგეძებს. 
— განა არ ვიცი, ჩემო რძალო, — უპასუხა ასმათმა: — ახლა იმისთანა დროა, თუ მოჯამაგირეებს ნიადაგ არ მიყვებ-მოყვები, არაფერი გაკეთდება. ერთი თხის მწყემსი მოჯამაგირე მყავს და იმისმა ქაქანმა თავში ტვინი ამომართვა. ორიოდე თხა მყავდა და იმ დღეს ერთი შენი მოწონებული დედალი თხა მგელს შეაჭამა; თუ ვუთხარი რამე, ასე მეტყვის: ქალბატონო, თუ არ გინდებვარ, დამითხოვე, ანგარიში გამისწორე და შინ წავალო... ორი კვალი ბოსტანი მქონდა, ისიც თხებს გადააკვრეხინა. შენი მოძულებული მოვკვდე, ჩემო რძალო, თუ ახლა პრასის კვიჭიჭი ჩემს ბარობაზედ მოიძებნებოდეს. 
— ჩემი მტერი ჩავარდა მოჯამაგირეების ხელში! — დასცა დასტური მზეხათუნმა. 
თუმცა ასე გულ-მარტივათ სჯიდა ასმათი, მაგრამ მის ცოცხალ თვალებს მაინც არა ეპარებოდა-რა. აი, საჯალაბოს წინ შეუბეს ხარები და ტომრებით დატვირთული ურემი გაგზავნეს წისქვილზე. აი, ერთმა კაცმა მოიყვანა უშობელი, როსაფმა დაათვალიერა, შეატყო მსუქანი იყო, და უბძანა, ბოსელში დაებათ. აი, ორი ბიჭი გამოვიდა საჯინიბოდან, ჩოხის კალთები შეიკეცეს და დაუწყეს ეზოს გვა. გამდელმა ხელები დაიკაპიწა და დაუწყო გძელს ხის სუფრებს დადუღვრა. 
“ქორწილს ემზადებიან”, — გაივლო გულში ასმათმა და ჩაიქრიტინა. — სეირი იქნება, სიძე რომ მოვა, დედოფალი აღარ დაუხვდება. წაგიხდა, ძმაო როსაფ, ყოველივე სიკეთე, როგორც შენ ხვალინდელი ქორწილი წაგიხდეს! 
მზე ჩადიოდა, ჭიშკარში ორი ცხენოსანი კაცი შემოვიდა. 
— უი, ჩემი ბიძაშვილი! — წამოიძახა მხიარულებით მზეხათუნმა და გასწია შესაგებებლათ. 
— მამიდა, გავიქცეთ შინ, იმ კაცის დანახვა არ მინდა, — ნათელამ მაგრა მოსჭიდა ხელი ასმათს კაბაში. 
— ნუ გეშინია, შვილო, ამაღამ გავიპარებით. 
“ესენი ალბათ მექორწილენი და მაშვალნი არიან, — სთქვა გულში ასმათმა: — უნდათ შეიტყონ, მზათ არიან ხვალისათვის თუ არა. ითათბირეთ, მოგერთმევათ ჩემი ნათელა, როგორ არა!..” 
ერთი სტუმართაგანი საკვირველი მსხვილი და წარმოსადეგი აზნაური იყო, განიერი მხარბეჭით, წვერ მოპარსული, და შავათ შეღებილი ულვაშები კოკობათ ჰქონდა სახეზე დაყენებული. 
— უი, მამიდა, რამსისხო კაცია!.. დევსა ჰგავს! — საიდუმლოთ წასჩურჩულა ნათელამ ასმათს. 
— ჩვენ თუ ამაღამ არ გავიპარეთ, მაგ კაცს გაგატნევენ და ვინღაც დიდ წვერ-ულვაშებიანს მიგათხოვებენ, — ჩაულაპარაკა ასმათმა. 
ნათელა შიშისაგან აკანკალდა. 
ამ დროს მსხვილი კაცი, მზეხათუნთან ხელი-ხელ ჩაკიდებული, ამოვიდა კიბეზე. მზეხას ბიძაშვილი, თავით ფეხებამდის შეიარაღებული, დარბაისლურათ მიესალმა ასმათსა. ნათელამ თავი ჩაღუნა; ხუჭუჭი სქელი თმა სახეზე მობურდნოდა, ხელი ასმათის კაბაში ჩაევლო, თითქოს შიშობდა, იმ დევმა არ მომიტაცოსო. ასმათი მხიარული სახით გამოელაპარაკა იმ მსხვილს კაცს, ის-კი მისჩერებოდა ნათელას, უნდოდა მისი სახე დაენახა. ნათელამ თითქო იგრძნოვო მსხვილი კაცის განზრახვა, კიდევ უფრო ჩაქინდრა ძირს თავი. 
— ნათელა, როგორ დაირცხვინე? აიღე ზევით თავი, ბავშვი-კი აღარა ხარ. თორმეტი წლის გასათხოვარი ქალი ხარ. შენი ბიცოლა ხომ გიყვარდა, რატომ აღარ მეკარები? მამიდა მოგივიდა და მიღალატე განა?.. — მოუალერსა მზეხათუნმა. ის მივიდა, ნათელას შუბლზე აკოცა, უნდოდა თავისკენ წაეყვანა, მაგრამ ქალი მამიდას კაბას მაგრა ჩაფრენოდა. 
— დარცხვენილია უცხო კაცთან, — მოუბოდიშა ასმათმა. — ნათელა, როგორ სოფლის გოგოსავით ირჯები, რას ჩაგიღუნავს თავი? — ვითომ წყრომით უთხრა ასმათმა. მერე წამოდგა და ოთახში შევიდა, ნათელაც თან გაჰყვა. 
მზეხამ სიცილით უთსრა ბიძაშვილს: 
— ჯერ არა გვითქვამს-რა ნათელასათვის, არც ასმათისათვის გაგვიმხელია, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ იციან. ჩვენ დროს რომ თექვსმეტის წლისას ესმოდა, ახლა აკვნის ბავშვს ესმის იმდენი. 
— ისე დარცხვენილია, რომ სწორეთ შეტყობილი უნდა ქონდეს ნათელას, — დაჰკრა კვერი სიცილით მსხვილმა კაცმა. 
დაღამდა. როსაფმა და ახალ მოსულმა სტუმრებმა ცალკე ოთახში შეიკეტეს კარები. “ალბათ ქორწილის რიგს აწყობენო”, ფიქრობდა ასმათი. მზეხა საჯალაბო სახლში დატრიალებდა. მისი ქალიც მასთან იყო. დარჩენ ასმათი და ნათელა მარტო. ქვრივმა იფიქრა: “მართალია, ამაღამ ნათელას გავაპარებ, მაგრამ მალე რომ გაგვიგონ, უსაცილოთ დაგვეწევიანო”. არ იცოდა, რა მოეგვარებინა. უეცრად ერთმა მოხერხებულმა აზრმა გაუელვა: “მოდი, ცხენების უნაგრებს და აღვირებს გადავმალავ. სანამდის მონახავდენ, ჩვენ ბინაზე მივალთო”. 
ეზოს გადაღმა მზეხათუნს ბოსტანი ჰქონდა შერაგვული. იქ, კვლების პირად, ღობის გაყოლება, მაღალი შამბნარი ჩაუდიოდა. 
ასმათი შევარდა კარ-დაფერილს სალაროში, გამოიტანა ყველა უნაგირები სათითაოდ და ღობეს გადაღმა შამბნარში ჩაამწკრივა ოთხი უნაგირი თავის აღვირებიანა. 
ვახშამზე როსაფმა ჩვეულებრივათ მოულხინა თავის სტუმრებს. იმათაც კარგათ ასვა, თვითონაც შექეიფიანდა, სიმღერებიც თან მოაყოლეს. მერე როცა მოსასვენებლად წავიდ-წამოვიდნენ, შუაღამე შეიქმნა. 
შინაურები როსაფის საწოლს ოთახში ტახტზე ჩამორიგდენ. ნათელა გაჯიუტდა, აღარ წვებოდა. მზეხა ეფერებოდა, რას არ პირდებოდა, ნათელას მაინც არ უნდოდა ბიცოლასთან დაწოლა. 
— დაწექი, გენაცვალე, ბიცოლაშენთან, — არიგებდა ასმათი. — მეც, აი, აგერ მივწვები, ხელი მაინც შენთან მექნება. ჩემსა და შენ შუა მარტო შენი ბიძაშვილი იწოლება. ერთად ვიქნებით. — რითაც იქნა დაითანხმეს ნათელა. იმან გაიძრო ტანსაცმელი და შეგორდა მზეხას ლოგინში. ბიცოლამ მოუქალაჩუნა და ხელებს წელზე სდებდა. ნათელა სცდილობდა ბიცოლას ხელები იქით წაეღო. ახლა მისი ალერსი აღარაფრად ეპრიანებოდა. 
— კარგი, გენაცვალე, თუ არ გიამება, აღარ მოგეხვევი. მშვიდობით, ძილი ნებისა! — უთხრა მზეხათუნმა, გადაბრუნდა და ცოტახანს იქით ხვრინვა ამოუშვა. ყველამ დაიძინა, ვინც ამ ოთახში იწვა. მხოლოდ ნათელას და ასმათს ლული არ მოჰკიდებიათ, ბიჭების ფეხის ხმაც მიწყნარდა. ასმათი გაინაბა, მაგრამ გარეთ ხიდან ფოთლის ჩამოვარდნაც არ ეპარებოდა. ცოტა ხანს კიდევ ასე იყო გაჩუმებული. მერე ხელი გადააპარა ნათელას. ის მაშინვე რწყილივით ჩაძვრა ლოგინიდან, ასმათმა ლანდზე ჩააცვა და მამიდა ძმისწული ფეხ-აკრეფით გამოილალენ ოთახიდან. 


XV 
შუაღამე გადასული იყო. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. მათი კრიალი ბნელს ღამეს ციაგსა სცემდა. გზა კარგათ იხედებოდა. სასწორი — სამი ვარსკვლავი — გადაწეული იყო, ხომლი ცის გუმბათს გადაცილებოდა. იერუსალიმის გზა რძის ნაკადულად სდიოდა ჩრდილოეთით სამხრეთისაკენ. 
— შეხედე, შვილო, ცა როგორ მოქარგულა და ბრწყინვალეთ მორთულა! აი, ეგერ, პაწია მშვენიერი ვარსკვლავი რომ მოკიაფობს, იმას კუროს თვალი ჰქვია. ის არის შენი ვარსკვლავი, შენი ბედი. იერუსალიმის გზის პირს დასდგომია, ის შენსკენ მოეშურება ნათლად გატკეცილის გზითა. ჩვენც იმისკენ გვაქვს გზა, იმას უნდა შევეყაროთ. მისი საეტლო ძირს ძირულის პირათ ჩვენსკენ მოისწრაფის პირ-ტიტველა, შენსავით თმა ხუჭუჭა ბიჭი. ის პაწია ბუცუცა კოკრებში ჩაგიყოფს ხელს და გაკოცებს. აბა, მაჩვენე, გენაცვალე, შენი გულ-მკერდი. ამ სიტყვებით ასმათმა ნათელას ჩაუყო ხელი უბეში და ჩაჰკოცნა. მართლაც ამ დროს ნათელას გულში იელვა რაღაც სიყვარულის შუქმა. ამის შემდეგ ის გულ-ღიად დაადგა თავის ბედის წერის გზას და წინ მიისწრაფოდა. 
— მამიდა, ჩქარა გავსწიოთ, თორემ, რომ გამოიღვიძონ, მოგვეწევიან. 
— გავსწიოთ, გავსწიოთ!.. იმათ გადაირბინეს ეზო და დაადგენ დაღმართს 
ძაღლები დაედევნენ წკმუტუნით. ახლოს რომ მივარდენ, იცნეს ასმათი და ნათელა; იმათ გალოკეს მამიდა-ძმისწული და ჩამოცილდენ. შემდეგ ამათ იარეს ასე აჩქარებით კარგა მანძილზე ხმა გაკმენდილი. ნათელა წამის წამ შესცქეროდა ცაზე მოკიაფე პაწია ვარსკვლავსა. ის უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ვარსკვლავი მისკენ მიისწრაფოდა. მას თითქმის იმ წუთას ჩაუვარდა გულში პირ-ტიტველა ვაჟის სიყვარული. 
— ხომ არ დაიღალე, ჩემო კურდღლის ბოცვერო? — ჰკითხა ასმათმა. 
— არა, მამიდა, გავუჩქაროთ, მალე მივიდეთ. 
— მალე, მალე იქნება ყოველიფერი. 
— ვინ მოდის? — უცებ მოისმა ბოხი ხმა უმთვარო ღამეში. ნათელა შეკრთა, დაიხია უკან და გაეხვია ასმათის კალთაში. 
— ნუ გეშინიან, გენაცვალე, ისინი სოფლის გზირები არიან. 
— ვინ ხართ, ამ დროს რომ მოდიხართ? — კიდევ მოისმა წყრომის ხმა. 
— ვინ ვიქნებით? ქალები ვართ. ზურუკეთლები. ყანაში ვიყავით და დაგვიგვიანდა, — უპასუხა მხნეთ ასმათმა. 
გზირები დაუახლოვდენ. ერთი მათგანი სოფლის ხელოსანი იყო, ასმათის ნაცნობი. მეორე ღამეში ასმთმა ვერ იცნო. ამოიღო საჩქაროთ სამ მანეთიანი, უჩვენა ხელში და უთხრა: 
— ჩუმათ იყავი, ნურავის ეტყვი, თუ ჩვენ გვნახე. 
გზირებმა გაუშვეს მამიდა-ძმისწული, ისინი დაეშვენ საჩქაროთ დაღმართზე. მეორე გზირი ყოფილიყო, როსაფის ნაყმევი. იმან იცნო ასმათი და ნათელა. მაშინვე მიხვდა, გამოპარული იქნებიანო, გაექანა და როგორც მიუახლოვდა, მორთო როსაფის ეზოსკენ ყვირილი: “არიქა, ქალი გააპარეს, ქალიო!” ძაღლებმა შეჰქმნეს გაბრაზებული ყეფა, გამოვარდა მოურავი და შესძახა: 
— ვინ ხარ, მაგ ღამეში რომ ყვირი? 
— ნათელა მოიტაცა ასმათმა. 
— როგორ თუ ნათელა? — გაოცებით შესძახა მოურავმა. 
— აი, ამ წამს შეგვხვდენ ისინი ძირულის დაღმართზე. — მოურავი შევარდა როსაფის საწოლს ოთახში, საცა კარები დაფელილი იყო და, როგორც შეეძლო, ისე დაიყვირა: 
— ბატონო, ნათელა გააპარეს. 
როსაფი წამოვარდა ფშვნეტით. 
— რაო, კაცო, რას ამბობ? 
— ნათელა გააპარეს, ნათელა!.. 
როსაფმა ჰკრა ჯლინქი მზეხას. 
— ქალო, ნათელა რა უყავი? 
— ჰა!.. ჰა!.. — წამოიკრინა მზეხათუნმა. ძილისაგან გაბურბუსალებულმა მოუსვა ხელი თავის ქალს, რომელიც ძილში დედას გვერდით მიგორებოდა: 
— ბეჩა, რამ გაგაგიჟათ, აგერ არის, აგერ. 
აანთეს სანთელი, გადახადეს საბანი, ნახეს... რაღას ნახავს მათი თვალები: აღარც ასმათი იყო, აღარც ნათელა. მათ მაგიერათ მხოლოდ მათი ქალი შერჩათ ხელში. 
— არიქა, ცხენები! — დაიყვირა როსაფმა. ყველანი წამოცვინდენ: სტუმარი და მასპინძელი. გამოიყვანეს საჩქაროთ ცხენები, მერე შევარდენ სალაროში!. სადღაა ან უნაგირები, ან აღვირები!.. ვინ ეზოში დაეძებდა, ვინ ბეღელში, ვინ ბოსელში და საჯალაბო სახლში, ვერ ნახეს და ვერა. 
— არიქა, ბოსტანიც დაათვალიერეთ! — შეჰყვირა ბიჭებს როსაფმა, ბიჭები გადაეშვენ ბოსტანში და ერთმა მათგანმა შამბში წამოჰკრა ფეხი უნაგირს. 
— აგერ არის, აგერ!.. — დაიყვირა ბიჭმა. 
დაკაზმეს ცხენები. ყველაზე უმალ მზეხას ბიძაშვილი მოახტა ცხენს და როსაფს შეჰყვირა: 
— მე წინ გავსწევ, შენ უკან მომდიე შენი ხლებულებით დიდ შარაზე, მეზობლებს გადაძახეთ, იქნება ერთი ხუთიოდე ცხენოსანი კიდევ გამოიყოლიოთ. 
მზეხას ბიძაშვილს კურდღელივით კვალიც არ დაემალებოდა ზურუკეთის ახლო-მახლო. იმან იცოდა ერთი ბილიკი, მეტად ფრიალო და ჩაკიდებული. ის იყო მარდი ცხენოსანი და თვითონ ცხენიც ნაჩვევი ჰყავდა კლდეების ღადა-ღუდაში თრევასა. ის დაადგა იმ ბილიკს, იქნება ან ასმათს თავი დავურბინო, ან ცხენოსნებს დავეწიო, რომელთაც ქალი მიჰყავთო. 
მზეხას ბიძაშვილი ერთ ლანდზე ჩავარდა ძირულის პირას და დაადგა შარა გზას, რომელიც ქართლის გზატკეცილზე გადიოდა. ცოტა კიდევ წინ წაიარა. უეცრად მოესმა ცხენების ფეხის ხმა. კარგათ ვერ შეიტყო, ქვეიდან მოდიოდა ცხენების ფეხის ბაკუნი, თუ ზევიდან. გადმოხტა ცხენიდან, დაადვა ყური დედამიწას და დარწმუნდა, რომ ფეხის ხმა ქართლის გზატკეცილით მოდიოდა. მან გადასწყვიტა, ასმათი და ნათელა ჯერ კიდევ უკან არიანო, გამოაბრუნა ცხენი და შემოუდგა აღმართსა. ცოტა ხანს შემდეგ შენიშნა, რომ რაღაც ლანდივით გამოჩნდა ზევიდან მომავალი, წინ დიდ ლანდს პაწია მოუხტოდა. “თუ არიან, ესენი უნდა იყონო”, იფიქრა გულში და წამოუჩქარა. 
რაკი ასმათმა დაინახა ცხენოსანი, ღამეში მისკენ მიმავალი, იამა. “ეს უსათუოდ ოთარი უნდა იყოსო, წინდაწინ მოდის ნათელას წასაყვანათო”. ქალს უთხრა: 
— შვილო, ნუ გეშინია, ეს ჩვენი ოთარია, შეუჯექი ცხენის ტახტაზე. — ნათელა მზათ იყო გასაყოლათ. — ოთარ, შენ ხარ? — ჰკითხა მზეხას ბიძაშვილს ასმათმა. იმან პასუხის მაგიერათ ხელები გადმოუწვდინა, ნათელა ცხენზე აიტაცა, ასმათიც მოეხმარა. შემდეგ დაჰკრა მათრახი ცხენს და ოთხ ამოღებით შეღმართში შეარბენინა. 
ასმათი გაშტერდა. “თუ ოთარი იყო, ზევით რა უნდოდაო?..” უეცრად მოისმა ჟივილ-კივილი და ცხენების თქრიალი. 
— ვერ წაგვიხვალთ, ვერა! — მოისმა როსაფის რიხიანი ხმა. 
ამ დროს მოვარდა ქვედა გზიდან ოთარი. 
— ასმათო, ქალი რა უყავი? 
— შენ აკი მოგეცი?.. 
— რას გაგიჟებულხარ მე სად მომეცი?.. ეს არის მე ახლა მოვდივარ ქვეიდან. უკან თუთხმეტი ცხენოსანი თანდილაანთი მომდევენ. 
— ვაი ჩემს უბედურებას! — იტკვლიცა ასმათმა თავში ხელი. — სწორეთ იმ წყეულებმა წაგვართვეს ნათელა!.. 
ზევიდან ხმაურობა უფრო და უფრო გაძლიერდა. გავარდა თოფი... ერთი... ორი... სამი... ოთარმა იფიქრა, აქ დგომა აღარ ვარგაო, გააბრუნა ცხენი და მოკურცხლა ისევ ქვეითკენ. თანდილაანთი დარწმუნდენ, რომ საქმე წაგებული იყო, გააბრუნეს და დაეშვენ ძირულის მდინარის დაღმა, ამ დროს მოვარდა როსაფი. იმას გზის პირად ქალი დაუხვდა, რომლის კბილებსაც მეტი შიშისაგან წაკაწუკი გაჰქონდა. როსაფმა იცნო ასმათი და ერთი თუ ორი უშიშვლა მათრახი. 
— უი!.. უი!.. უი!.. მოვკვდი!.. — იკივლა ასმათმა და იქვე მუხლები ჩაეკეცა. 
— ეგეც შენი ჯილდო, ჩემო დაია! — დაცინვით უთხრა როსაფმა: — წადი ახლა და გამოუდექი შენს ნათელას. ჩემმა ცოლის ბიძაშვილმა მოგტაცა. ბრაწი შენს საქმეს! 
— ვაიმე, ვაიმე! — გულ-გახეთქილმა წამოიკრინა ასმათმა. 
როსაფს და მის ხლებულებს იქ აღარ მოუცდიათ. რაკი გული არხეინად ეგულებოდათ. ჰკრეს ქუსლი ცხენებს და გაუდგნენ შინისკენ. 


XVI 
მეოთხე დღეს ოთარი იახლა ასმათს და ჩავიდენ ქუთაისს. ქვრივმა ერთი არზა ღუბერნატორს მიართვა, მეორე — პროკურორს, მესამე — ეპისკოპოსს. ყველა არზებში ერთნაირი საჩივარი იყო განცხადებული: თორმეტის წლის ქალი, მცირე-წლოვანი ობოლი, მისი ძმისწული, მოიტაცა ბიჭია გოგორიშვილმა და თავის შვილზე ჯვარი დასწერაო. ეპისკოპოსის არზაში, სხვათა შორის, ამასაც ითხოვდა ქვრივი, რომ ის მღვდელი გაეპარსათ, რომელმაც ჯვარი დასწერა. ახლათ-ახლავე განაშორონ ქალი და ისევ მე ჩამაბარონ, მის ჭირისუფალს და გამზდელსო. ეპისკოპოსი თვითონ ინახულა, მაგრამ მან ასე უთხრა: 
— დედაკაცო, წადი შინ და მოუცადე განკარგულებას, მღვდელი ვერ გაბედავდა უწლოვანის ჯვარის დაწერას. 
— როგორ არა, შენი მუხლის ჭირიმე, ჯვარი დაუწერიათ, მე ეს ნამდვილათ ვიცი. გევედრები, წმინდა მამაო, მოიღოთ განკარგულება, განაშოროთ და ქალი ისევ მე ჩამაბაროთ, — დაუჩოქა ასმათმა ტირილით. 
— ეგ ჩემი საქმე არ არის. 
— აბა, რა ვქნა? თავს მოვიკლავ, ჩემო ხელმწიფევ! 
— წადი, წადი, მე შევიტყობ ყოველისფერს. 
— ჩემი აქედან წასვლა მოუხერხებელია, სანამდის კმაყოფილებას არ მივიღებ. 
— რას ჩივი, შე უბედურო, რაც არ გესმის? წადი! 
— დამარიგე, ჩემო ხელმწიფევ. 
— დედაკაცო, მე შენ გატყობ, ავი უნდა იყო! 
— არა, ჩემო ბატონო, ავს რა მიგავს, მაგრამ უსამართლობამ გამაბოროტა. 
— წადი, ნუ დადიხარ აგრე წარამარა! ოჯახს გაუფრთხილდი. 
— ღმერთმა მაგისთანა ნუგეში ნუ დაგილიოსთ! — წამოვარდა ზეზე ასმათი გაბრაზებული. 
— გაიყვანეთ აქედან! — უბრძანა მრისხანეთ მთავარ-დიაკონს ეპისკოპოსმა: — ვინ ყოფილა ეს ბოროტი დედაკაცი, მაგისთანა შეუგნებელი! — გატრიალდა უცებ და შევარდა თავის სამლოცველო ოთახში. 
მთავარ-დიაკონმა თითქმის ჯიგლიგით გაიყვანა ასმათი დერეფანში. 
ღვდელო, როგორ უზრდელათ ირჯები? ღმერთმა მაგიერი ნუგეში მოგაგოთ! მაინც არ დაგეყრებათ თქვენ ხეირი! — წყევლა-კრულვით გაშორდა ეპისკოპოსის სასახლეს ასმათი. 


XVII 
ორ კვირას შემდეგ უეზდის მმართველმა გამოგზავნა პრისტავი გოგორიშვილებში, მაგრამ ქალის მოტაცების ნამდვილი ამბავი ვერა შეიტყო-რა. როსაფი, როგორც აპეკუნი, ამბობდა: 
— ქალი ჩემთან არის. მე ვარ მისი ბიძა და მზრუნველი, ვის რა დავა აქვს! თუ მე არ ვჩივი, ჩემს დას რა აჩივლებს! 
პრისტავი გადავიდა ასმათთან. მან დაწვრილებით უამბო ყოველიფერი, თუ ქალი რა რიგათ მოსტაცეს მას გოგორიშვილებმა, ან აპეკუნი როსაფი, მისი ძმა, რა მონაწილეობას იღებდა უწლოვანის ქალის გაყიდვაში. 
— ეგ, ბატონო პრისტავო, სულ როსაფის საქმეა. იმან გააწყალა ობლის ადგილ-მამული. ნახევარზე მეტი გაყიდული და შეჭმული აქვს. რომ არა მოდებოდა-რა, თავის ცოლის ძმისწულზე გადაწერა ჯვარი. პირობა აქვთ ერთმანეთში დადებული: თუ როსაფი მოუხერხებდა ობლის მითხოვებას, ის აღარაფერს გამოედავებოდა, აღარც განაყიდს და აღარც მითვისებულს ობლის ქონებიდან. 
— ქალი სად არის ახლა? — ჰკითხა პრისტავმა. 
— გოგორიშვილისას ჰყავთ დამალული. ღვდელს მცირე წლოვანობის გამო ჯვარი არ დაუწერია. 
— რატომ ქალი აპეკუნისას არ არის? 
— არ დადგება მასთან, ჩემო ხელმწიფევ, ჭირივითა სძულს, მაშინვე ჩემთან გამოიქცევა. კიდევაც იმიტომ გადამიხვეწეს ის ჩემი ერთად-ერთი ცხოვრება და თვალის სინათლე, გამიფუჭეს, ლაფი დამისხეს ჩემს ნათელას. გევედრები, ბატონო პრისტავო, მიშველე, მიიღე ყოველგვარი ზომა, სახლი დაუჩხრიკე გოგორიშვილებს. 
— კარგი, ბატონო. რაც მთავრობისაგან მაქვს მონდობილი, ყოველსავე კანონისამებრ ავასრულებ. 
პრისტავმა ესე ყოველივე წინდაწინი გამოძიება დასწერა, შეადგინა პროტოკოლი და გადასცა გამომძიებელს, ჯერ-ჯერობით ამით გათავდა საქმე. 
იმ ღამის შემდეგ ნათელა სამ დღეს არ გამორკვეულა. იმას ეგონა, როგორც ასმათმა დაარიგა, თავის თავი პატარა საქმროსას, მაგრამ ძალიან გაუკვირდა, რომ ვისი ნახვაც ენატრებოდა, აქამდისინ არსად ჩნდებოდა. მოტაცების მეორე დღეს ნათელას შუადღემდის არ გამოღვიძებია. წინა ღამეს საშინლათ დაღალულიყო. ნაშუადღევს ნათელა ადგა და მიიხედ-მოიხედა; სულ უცხო პირები დაუხვდა სადგომში. ყველა მას ესიყვარულებოდა, ეფერებოდა. ხელ-პირი დაბანეს, ჩააცვეს; აქ იმას ახალი გადია დაუხვდა, რომელიც წამისწამ თავს ევლებოდა. ყოველნაირი საჭმელი მოუტანეს, რაც რომ ესიამოვნებოდა. საუზმე რომ გაათავა, შემოვიდა მზეხა თავის ქალით, რომლის ნახვა ნათელას მეტად იამა. ცოტა ხანს იქით ილიკოც შემოვიდა. ამისმა ნახვამ ნათელა კიდევ უფრო გაამხიარულა. იმ წუთს იმან ისევ თავისიანებში იგრძნო თავი და სულით დამშვიდდა. პირველ ორ დღეს ასმათი არ მოუსაკლისებია, მით უფრო, რომ დარწმუნებული იყო, ასმათი შინ უნდა დარჩენილიყო, რადგან თავისი თავი თანდილაანთსა ეგონა. “მამიდა მოვა, თან საქმროს მოიყვანს და ჯვარს მაშინ დავიწერთო!” — ფიქრობდა გულში ნათელა. იმის გარშემო მყოფნი არას უმხელდენ. მხოლოდ ეს იყო მისთვის გასაკვირველი, რომ მზეხა და იმისი ქალი იმ ოჯახს არ სცილდებოდენ. როსაფიც ხან სადილათ გადმოივლიდა, ხან ვახშმათ დარჩებოდა. ნათელას ერთი ვერ წარმოედგინა: “ეს რა ამბავია! მამიდამ ბიძის ოჯახიდან გააპარა და მაშ ესენი აქ რათ უნდა იყვენო?.. რატომ სულ წყევლა-კრულვით არ იხსენებენ მამიდას?.. რა ამბავია, რომ ესენიც ისე მხიარულნი არიან, როგორც თვითონ მამიდა იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყოვო?..” ის როგორ წარმოიდგენდა, თუ ილიკო მისი ქმარი უნდა ყოფილიყო... მას აქეთ, რაც ილიკო პირველად საყდარზე გაჰყვა ნათელას, როგორც ძმას, ისე უყურებდა და მისი ნახვა ყოველთვის სასიამოვნოდ უჩნდა. 
თვითონ ილიკოს მისი სიყვარული ღრმათ ჰქონდა გულში ჩავარდნილი, ხშირად იყო მასთან და მუდამ თვალ წარბში შეჰყურებდა, რომ რამე ესიამოვნებინა. ჯვარის წერის მოახლოვებას წამობით ითვლიდა. არავინ იცის, რანაირად მოხდა, მაგრამ ბოლოს ნათელამ მაინც შეიტყო ამ ოჯახის ვინაობა, თუ როგორ მოჰპარეს ასმათს ის უმთვარო ღამეში და იმის მაგიერათ, რომ თავის ვარსკვლავს შეხვედროდა, ისევ უკან მოაბრუნეს და ილიკოს მამის ოჯახში დააბინავეს. ეს ამბავი რომ ნათელამ ბეჯითად შეიტყო, შემდეგ აიტეხა, მამიდასთან წამიყვანეთო. ხან-და-ხან კიდეც ტიროდა, მაგრამ ილიკოს ოჯახობა არას ზოგავდა, რომ ნათელა რამენაირათ გაერთოთ და მამიდას უყოლობა გვერდით არ დასჩენოდა. ბოლოს მაინც ნათელა შეურიგდა თავის მდგომარეობას. თუმცა ის აღარც ტიროდა, კიდეც თამაშობდა და საქმიანობდა თავის ბიძაშვილთან ერთად, მაგრამ მისი გული მას შემდეგ ვეღარ მოლბა ამ ოჯახისთვის. მას აქეთ, რაც ის შეიტყო, რომ ასმათს წაართვეს მისი თავი ძირულის ხეობაში, ამ ოჯახს უცხოთ უყურებდა. 


XVIII 
ბიჭია გოგორიშვილი ძალიან დააფიქრიანა ასმათის საჩივრებმა. სამართლის კარი თავის დღეში არ გამოეცადა, რა იყო, და ყოველ საჩივრის საქმეს სიკვდილსავით უფრთხოდა. ნათელას მოტაცების საქმე რომ აღძრულიყო და ის სასამართლოში დაებარებინათ, ეს მისთვის დანით ყელის გამოჭრა იქნებოდა. ამ საქმის ჩაქრობის გულისთვის ის არაფერს დაიშურებდა, არც ფულს, არც ჯაფას, არც ზარალს. იმან გაუგზავნა ოთარს ბიჭის ხელით სამი თუმანი და სთხოვა ასმათის გულის მონადირება. ოთარი გადავიდა ბიჭია გოგორიშვილისას, ძალიან ქეიფიც გაატარა, ბოლოს წამოიღო ასმათთან გამოტანებული წიგნი და დაბრუნდა. 
“უგულითადესო დაო ასმათ, — სწერდა ბიჭია: — ღმერთმა ხომ იცის, მე თქვენთვის არა დამიშავებია-რა. თქვენ რომ ძმასთან მტრობა გქონდესთ, მე რა შუაში უნდა ვიყო. მართალია, თანდილაანთ ვაჟისთვის გინდოდათ ნათელას მითხოვება, მაგრამ ამ ჩემს ილიკოს რათი დაიწუნებთ? ჩემი ილიკო თვალ ტანათ ცხრას სჯობია მისთანას. გვარისშვილობა იმას ჩემზე უკეთესი არა აქვს. თვითონ მოგეხსენებათ, ზემო ქართლში ერთის კვირის გამომცხვარის პურითა და მახოხით რჩებიან. ღვინო ვინ მისცათ. მე შენს ნათელას ცხელ საჭმელსა და მწვანის ღვინოს არ გამოვულევ. რაიცა შეეხება ჩაცმა-დახურვას და საზოგადოებაში გამოყვანას, შენი ნათელა ქართლელ ტეტია ქალებზე ერთი-ათად უკეთ მორთული იქნება. მობძანდით ჩემს ოჯახში, გაგვიცანით, თუ ჩვენი მოყვრობა დაგიჯდეს, ხომ კარგი, თუ არადა, ჩვენ რა ძალა გვაქვს თქვენს ნათელაზე. მე როსაფმა მომიყვანა შინ თქვენი ძმისწული, ძალას მატანდა, ახლავე ჯვარი დასწერეო თქვენს შვილზე, მაგრამ მე არ ვქენი; ერთი, რომ თქვენი ნება არ იყო, მეორე, რომ ჩემს შვილს მცირეწლოვანს ქალს არ შევრთავდი, რადგან არ მინდოდა, სამსჯავროთ საქმე გამხდომოდა და სამართალში ჩავბმულიყავი. თუ ჩემი მოყვრობა არ გენებებათ, კარგს მეზობლობას მაინც რას მემართლებით? თქვენს ჩემს ოჯახში მობრძანებას ისე მივიღებ, თითქოს საქართველოს დედოფალი მწვეოდეს. თუ მოყვრათ არ მიკადრებთ, თქვენი ქალი მაინც წაიყვანეთ. ამას უთქვენოთ ემძიმება აქ ყოფნა, თუმცა, ღმერთია გულთა მხილველი, ისე გვყავს დაცული და შენახული, როგორც მზეთუნახავი. თქვენ გინებებიათ ჩემზე სამსჯავრო საქმის შეყენება. რა საჭირო იყო?.. ცოლ-ქმრობა ნებაყოფლობით უნდა, ძალდატანებით რა შნო ექნება. თქვენი ძმისწული რძლათ მიტომ უფრო მენატრება, რომ თქვენი გაზდილია. მაგის ადგილ-მამული მე არ მეხარბება. ის არ გვქონია, მაგრამ არავის უარესათ არ გახლავართ ოჯახში. ნეტავი-კი ეღირსებოდეს თქვენი ნახვა ჩემს ოჯახს, თორემ მარტო თქვენ პირის სანახავად სამოცი თუმანი სულ ცინცხალი მანათები მაქვს პარკში გამოკრული. მაგრამ ეს-კია, რომ რაკი ერთხელვე დავმოყვრდებით, ყოველივე დავა და საჩივრები ჩვენ შორის უნდა მოისპოს. ნათელა მეთოთხმეტეში გადადგა და თუ თქვენი სურვილი იქნება, ჩვენც მზათ ვართ ქორწილისათვის. მე მხოლოდ მაშინ გავხდები ბედნიერი, როცა თქვენი ანდამატის თვალები სიუხვის სხივს მოჰფენს ჩემს ოჯახს. თქვენი უმდაბლესად მორჩილი მოსამსახურე ბიჭია გოგორიშვილი”. 
ოთარს ყოვლად შეწუხებული და უნუგეშო მდგომარეობაში დაუხვდა ასმათი. ქმრის სიკვდილს შემდეგ მას ამისთანა ავი არა გადაწყვეტია-რა. სამი თვე მეტი გავიდა მას აქეთ, რაც ნათელა მოსტაცეს. ეს მკვრივი, ღონიერი დედაკაცი სანთელივით ჩამომდნარიყო. ძვლისა და ტყავის მეტი აღარა იყო-რა. თავი ჩაექინდრა და წელში მოხრილიყო. ხვნეშისა და ვაების მეტი პირიდან არა ამოსდიოდა-რა. ოთარის მოსვლამ ასმათი კიდევ უფრო მოაწყინა. მის უწინდელს დარდს ესეც დაერთო, რომ ოთარის ცოლისთვის ხელში მიეცათ ბრალდების ოქმი (обвинительный акт) ოთარის გადასაცემათ. მას მკვლელობის გულისთვის ციმბირს უწყვეტდენ. მისმა ცოლმა მწარეთ იმოთქმა. ოთარმა არა იცოდა-რა, რადგან ჯერ შინ არ მოსულიყო. იმან გადასცა თავის დედობილს გოგორიშვილის წიგნი. 
ასმათმა გადიკითხა და წამოიძახა: 
— მანამდის არ ადგა მათი გვერდები, სანამდის მათ ოჯახში არ შევიდე. 
— ახლა მაინცა და მაინც ნურც შენ გადიქაჩები. ის შენი თანდილაანი გამოფშუტურებულნი ყოფილან. ცეცხლი არ უნთიათ, ისე ღარიბათ არიან: ღვინის მაგიერათ მყრალი არაყით გამხეთქეს. ღმერთმანი, ნათელას ცოდვას დაიდებდი, თანდილაანთ ვაჟისთვის რომ მიგეცა ნათელა, იქ ორ კვირას ვერ გაძლებდა. ვაჟს არ იტყვი? მამა არ წამიწყდება, ჩამოქნილი სანთლის ფერი აქვს. ერთი რაღაც დაფსხრიკულია, ნაზამთრ ხბოსავით დაათრევს ფეხებს. შენ აკი მიწერე, ათი თუმანი მიეცით ოთარასაო. შენ დედობას ვფიცავ, თხუთმეტი მანეთის მეტი არ მოეცესთ, ისიც რის ვაი-ვაგლახით. შინ რომ არ ჰქონიყოთ, სამიკიტნოში ისესხეს. 
— მე მაგას ხომ არ ვამბობ, — გულ-ლმობიერათ დაიწყო პასუხი ასმათმა: — იქნება ილიკო სჯობდეს, იქნება მისი ოჯახი უკეთესი იყოს, მაგრამ როსაფმა როგორ გაბედა ნათელას გათხოვება უჩემოთ?.. ვინ ვიყავი, ვინ?.. ნათელას ზიდვით ეს მკლავები მაქვს ჩამომწყდარი. 
— შე დალოცვილო, შენც ისე არ გინდოდა? შენც მის ნამალევათ არ უპირებდი გათხოვებას? იმან მოგასწრო და გაათხოვა. იმასაც ისე შესტკივოდა გული, როგორც შენ. ჩვენ შორის ითქვას, იმას უფრო არ ეკუთნოდა მისი გათხოვება?.. აპეკუნი და მზრუნველი ის იყო. შენ მამიდა იყავი მისი და ის ბიძა იყო. 
— არა, მე ჩემს შეურაცხყოფას არ დავთმობ! თუ ქალი ვარ, გამოვალპობ ბიჭია გოგორიშვილს ქუთაისის ნაობახში. 
— ვერც გამოალპობ და ვერც არას უზამ! ქალი აწ თოთხმეტი წლის გახდება. როსაფი, როგორც აპეკუნი, იტყვის — მე გავათხოვეო. გოგორიშვილებს არაფერი ევნებათ მაგითი. შენ-კი დაგეკარგება სამოცი თუმანი და დამრჩები ცარიელზე. 
ამ სიტყვებმა ძალიან ჩააფიქრა ასმათი. კარგა ხანს პასუხი აღარ გაუცია; დააყრდნო მუხლზე ნიდაყვი და ნიკაპი ხელზე ჩამოიდვა. ის იყო ორ წყალს შუა. კიდეც ამართლებდა ოთარის აზრს და ვერც მოეფიქრებინა, რანაირად უნდა შერიგებოდა ბიჭია გოგორიშვილის ოჯახს. 
— ჯავრობას თავი დაანებე. შეურიგდი, გამოართვი, რასაც გაძლევენ, ისა სჯობია. ნათელა რომ ილიკოს ხელში უფრო ბედნიერი იქნება, ამას ლაპარაკი აღარ უნდა. 
— შენ, ჩემო ოთარ, ეს საქმე კარგათ არ გესმის. ბიჭიას უნდა მიმიტყუოს, შემირიგოს, საქმე მომასპობინოს და მერე თითი პირში გამომავლოს. მაგაზე მაინც არ დავთანხმდები, ნათელაც რომ გამიუბედურდეს. 
— შენ რა გინდა?.. მე მოვახერხებ ყოველიფერს. ოღონდა დამეთანხმე, გამგზავნე. რაც წიგნში მოუწერია, მე მოგიტან. მაგრამ საქმე-კი უნდა მოსპო. 
— აბა, რადგან აგრეა, ნახევარი წინდაწინ გამომიგზავნოს. მერე წავალ და ვნახავ. 
— ბატონი ბძანდები. 
მეორე დღეს ოთარმა ოც-და-ათი თუმანი მოუტანა. მესამე დღეს ასმათი დიდი პატივის ცემით მიიღეს გოგორიშვილებისას. ნათელა მამიდას ნახვით სიხარულისაგან აღარ იყო. როსაფი და მზეხაც აქვე შეურიგდენ ასმათს. ერთს კვირას შემდეგ ილიკომ ჯვარი დაიწერა ნათელაზე. ჩინებული ქორწილი გადაიხადეს. ოთარმა ძალიან მოილხინა. მისი სუფრულის ხმა ზურუკეთიდან ოფოთას ადიოდა. 


XIX 
5 ნოემბერს 188... წელს ოთარის გასამართლებაზე მრავალი ხალხი დაესწრო. სასამართლოს სხდომაზე როსაფიც იყო მოწმეთ დაბარებული საქმის ასახსნელათ. ასმათმა ყოველი ღონისძიება იხმარა, რომ დაემტკიცებინა, ძირულას გაღმით მდებარე ყანა, რომელზედაც ჩხუბი მომხდარიყო, ვითომ მისი ყოფილიყოს, ოთარს, როგორც მის მოურავს, ისე ემოქმედნოს, გლეხები თვითონ შესეოდენ ოთარს და მას მხოლოდ ადგილის მფლობელობა დაეცვას. მაგრამ ამისთანა ჩვენება არაფრით დამტკიცდა, რადგან ასმათმა ვერაფერი საბუთი ვერ წარადგინა, თავის უფლების გასამართლებლად. 
სანამდის განჩინებას წაუკითხავდენ, ოთარი ძალიან მხნეთ იქცეოდა. ერთხელ თვით სხდომის დროს ოთარმა გადმოუბრიალა გლეხებს თვალები და მრისხანეთ შესძახა: 
— თქვენ როგორ ბედავთ სიცრუის ლაპარაკს?! — გლეხები შეკრთენ. თავმჯდომარემ შენიშნა დამნაშავეს: 
— თუ წყნარათ არ იქნები, სხდომიდან გავაყვანინებ შენს თავს. 
— ეგ რა სამართალია! — ამაყათ წამოილაპარაკა ოთარმა: — თუკი უფლება არ მექნება, თავი დავიცვა, ან გასამართლება რაღა საჭიროა? დამსაჯეთ და ის იქნება! 
ამ სიტყვების გულისთვის სხდომიდან გაიყვანეს და მხოლოდ განჩინების მოსმენის დროს შემოიყვანეს. განჩინებამ მძიმეთ იმოქმედა ოთარზე, სახეზე ნაცრის ფერმა გადაჰკრა. ფეხზე რომ ვეღარ დადგა, მუხლები მოეკვეთა და სკამზე დაეშვა. 
ასმათი მივარდა და ყველას გასაგონათ უსაყვედურა: 
— აგრე რამ წაგახდინა, კაცი არა ხარ?.. როგორ არ გრცხვენია?.. მარჯვეთ იყავი, ნუ გეშინია, შენს ცოლ-შვილს მე მოვუვლი. 
ოთარს შემოერტყა სამი ყარაული და წაიყვანეს სატუსაღოში. გარეთ რომ გამოვიდა, ქვითინი დაიწყო. თვე ნახევარს არ გაუვლია მას აქეთ, რომ ქუთაისში ხმა გავარდა, საპყრობილიდან ტყვეები გაიქცენო. გაქცეულებში ოთარიც ერია. იმას გაევლო თავის სოფელში, ერთი დღე და ღამე ცოლ-შვილში გაეთია, ასმათიც ენახა, შემდეგ გადავარდნილიყო ქართლისკენ... 
გაზაფხულზე გავარდა ხმა, რომ ცხინვალის მხარეს ყაჩაღები გაჩნდენო, ცხინვალელებს დასხმიან, რამდენიმე მოსახლე გაუცარცვავთ და ერთი სომეხი მოუკლავთო. ორ კვირას შემდეგ ქართლის მხარეზე დაეცენ მღვდელს, თვითონ მოჰკლეს და გაცარცვეს მისი სახლი. მერე დაუხვდენ გლეხებს ჭერათხევის მახლობლათ. ისინი მიდიოდენ ხატობაზე და მიჰყავდათ ცოლ-შვილი, მოჰკლეს ერთი თექვსმეტი წლის ქალი, ერთი კამეჩი და დასჭრეს ერთი გლეხი. სულ ეს საქმეები ბრალდებოდა ახალ შედგენილს ყაჩაღების გროვას. მთავრობამ მოიხმარა სასტიკი ღონისძიება, შეჰკრეს მთები და ქართლის გადასავალი გზები. ამბობდენ, ოთარიც ამ ყაჩაღებში ურევიაო. 
ამასობაში შეიტყეს, რომ ოთარი ხან-და-ხან ღამით შინ ბუნაგობდა. მთავრობამ განაწესა ოთარის სოფელში საიდუმლო გზირები. 
ერთ საღამოს ოთარი შინ მიიპარა, გზირებმა გაიგეს და პოლიციის პრისტავს შეატყობინეს. მან იმავე წამს მოახდინა განკარგულება. გასცა ბრძანება, შეეკრიბათ სამოცი კაცი მახლობელი სამამასახლისოდან. ამ გროვაში რამდენიმე გლეხი, ოთარისაგან დაჭრილი, ერია. იმათ უხაროდათ ოთარის ხელ-მეორეთ გაძაგვრა. თვითონ-კი ექვსი დაიარაღებული ჩაფარი იახლა და მტრედის ფრად რომ ინათლა, შემოჰკრა ოთარის სახლი და ეზო. პრისტავმა მიგზავნა სახლთან მამასახლისი და ორი ჩაფარი, რომ ოთარი გაეღვიძებინათ. 
იმათ ძლიერად დაურაკუნეს კარზე და იწვევდენ ოთარს, გარეთ გამოსულიყო, მთავრობას დანებებოდა. მაგრამ ბაიბურიც არ ისმოდა შიგნიდან. 
კარ-ჩაკეტილს სახლობას ავი დღე დაუდგა. პირველსავე დარახუნებაზე ცოლს გამოეღვიძა და შიშის კანკალმა აიტაცა. ოთარი წამოვარდა ზეზე და ცოლს უთხრა: “ჩემი ბედის წერის დღე მოიწია, შენ იცი, შვილებს როგორ მოუვლი!” ცოლს ამ სიტყვებზე გული შემოეყარა. ოთარი აღელდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, ვეღარც დოქი მიაგნო, ველარც წყალს, რომ დედაკაცი მოებრუნებინა. გარეთ რუზ-რუზი და ხმაურობა თან-და-თან მატულობდა: “გამოდი, შე მხდალო, კაცების მკვლელო!” უყვიროდენ მისგან ჩხუბში დალახული როსაფის ნაყმევი გლეხები. ოთარმა იშიშვლა ხმალი, გააღო უცებ კარები: “აბა, დადექით, ვინც ვაჟკაცი ხართ”! შესძახა მამაცურად და შურდულივით გამოვარდა შინიდან. მამასახლისმა და ჩაფრებმა უნებურად გზა უტიეს. ოთარი თვალის დაფახურებამდის შეხტა ღობეზე, ამ დროს ესროლა თოფი ჩაფარმა. ტყვია მოხვდა ოთარს იმ ხელში, რომელიც ღობის სარზე ჰქონდა მოჭიდებული. იმან უშვა ხელი უნებურად და ძირს ჩამოვარდა. პრისტავმაც მოუსწრო და უბძანა ჩაფრებს დაემორჩილებიათ. ერთმა ჩაფარმა დაჰკრა კეტი თავში, მეორემ ხმალი გააგდებინა ხელიდან. შემდეგ შეუდგენ მის შეკვრა-შეკოჭვას. ოთარს სისხლი ლაფ-ლაფით გადმოდიოდა. თავი შეუხვიეს, ჭრილობა დაუცვეს, დასდეს საკაცეზე და წაიღეს უეზდის სასამართლოში. 
ამ ალიაქოთზე გამოეღვიძათ ოთარის ქალსა და ვაჟსა. ქალი იყო რვა წლისა, ვაჟი თერთმეტისა, ძალიან მკვირცხლი და დაუდგრომელის ხასიათისა. იმას პაწია ოთარს ეძახდენ; ის გამოვარდა გარეთ, შეხედა, რომ ხალხი მამა-მისს მისეოდა, თავსა და ხელებს უკრავდენ, ისიც დაინახა, რომ მამა-მისი სისხლის ღვარში ცურავდა. 
იმან უეცრად დაიწყო რბენა და უსიამოვნო ხმით ძახილი: 
— მამაჩემი დაჩეხეს! დაკუწეს, დაჩეხეს, დაკუწეს!.. 
სახლის შიგნით რვა წლის ოთარის ქალი მოჯდომოდა მწოლიარე დედას და საცოდავი ხმით ტიროდა. დედა მისი გულ-შემოყრილობისაგან მობრუნებულიყო, მაგრამ ხელ-ფეხი ვეღარ მოეხმარა, ვეღარც წელი აეთრია. იმას ეთქვა პაწია ქალისთვის ჩურჩულით მეტი ხმა აღარ ჰქონდა: “მამაშენი მოჰკლეს!”ქალი მაშინვე ატირებულიყო ლოგინში და დედას აღარ ცილდებოდა. ოთარი კარგა ხანი იყო მას აქეთ, რაც წაეყვანათ, მაგრამ მისი ვაჟი მაინც კიდევ ასე დარბოდა და დაჰყვიროდა თავის ეზოში: 
— მამაჩემი დაჩეხეს, დაკუწეს, დაჩეხეს, დაკუწეს!.. 
ასმათი გულ-გახეთქილი გადმოიჭრა შინიდან. იმან დაინახა, რომ ოთარი ჭალებზე მიჰქონდათ საკაცით და უკან ხალხი მისდევდა. შინ მის ცოლს დამბლა დასცემოდა. პაწია ქალი საცოდავად ტიროდა და ვაჟი გაგიჟებულიყო. ამ სამწუხარო სურათის შემხედვარემ მოსთქვა ტირილით ოთარის უბედურება. მეზობლები ყველანი იქ მიცვივდენ და ყველას სდიოდა თვალებზე ცრემლის ნაკადული. 
XX 
სამი წელი მეტია მას აქეთ, რაც ილიკო გოგორიშვილი სტკბება თავის ძვირფასი ცოლ-შვილის შემხედვარე. ის ძალიან მარჯვე ახალგაზდა შეიქნა და ოჯახის ერთგული. მამა მისი ბიჭია გოგორიშვილი იმდენათ მოხუცდა, რომ გარეთ აღარ გამოდის. ოჯახის საქმეები თავის შვილს ილიკოს გადასცა. ესეც მომჭირნეთ შრომობს და დღითი-დღე იცდება ცხოვრებაში. ილიკო თავის სოფელში მოწონებული ვაჟკაცი დადგა, თავ-მდაბალი, უწყინარი, ტოლსა და ამხანაგში პატივცემული. შეუძლებელია, რომ ან ლხინში მომეტებული ღვინო დალიოს, ან ვისმე წაეჩხუბოს. მან ძველს მამის ოდას სამი ახალი ოთახი მიადგა და იქ გაიკეთა საკუთარი ბინა. 
ბიჭია გოგორიშვილს დიდ ბატონს ეძახიან. ზალაში დიდი ტახტი აქვს გაშლილი. სხვა-და-სხვა ნაირი გრძელ-ტარიანი ჩიბუხები აქვს გაწყობილი და ბოლთასაც სცემს. რა დღესაც სტუმარი არ მოუვა, იმ დღეს მოწყენილია. მისი მხიარულება მაშინ არის, როცა როსაფი ესტუმრება ხოლმე. ისინი ზამთარში ზალაში იშლიან ხოლმე სუფრას, ზაფხულში დიდ მუხის ძირში, სმენ აურაცხელ ღვინოს და მუდამ გაჯიბრებული არიან: ვინ ვის დაათრობსო. როცა კარგათ შეზარხოშდებიან, ბიჭია მოითხოვს ჩიბუხს და დაიწყებს ძველის დროის ამბებს. დიდ სასიამოვნოდ მიაჩნია ერთი ამბავი თავადის რომანოს ერისთავისა, რომელსაც ყაბახის გადმოგდების გულისთვის ერთი ქულაჯა ეჩუქებია ბიჭიასთვის და ერთი ბუხრული ქუდი. ის ბუხრული ქუდი დღესაც აკოსია თავზე, მაგრამ მეტის სიძველისაგან ბეწვი გასცლია და მარტო ტყაპუჭა დარჩენილა. ბიჭია სულ იმ დროს ქებაშია და ახლანდელი დრო აღარ მოსწონს. 
— ეჰ, კარგია, თუ ღმერთი გწამს, ბიჭია, ნუ იცი ეგ ტრაბახი! ის დრო ახლანდელს დროს როგორ სჯობდა: მზე რომ ჩავიდოდა, გარეთ ვეღარ გამოხვიდოდი და ჩექმის მაგიერათ ქალამნები გეცვა! — ეტყვის გასაჯავრებლად როსაფი და ეშმაკურად გაუღიმებს. ბიჭია, წყრომის ნიშნათ თავს გაიქნევს, ბოლს გამოუშვებს ჩიბუხიდან. 
— ეჰ, რა ეშველებოდა ამ წუთისოფელს, ბიჭია, მე და შენ რომ არ გავჩენოდით, — წაუხუმრებს როსაფი და მიაწოდებს ღვინით სავსე დიდ-ყურიანს სტაქანს. 
მოყვრები ისევ შერიგდებიან და განაგრძობენ მხიარულებას... 
ოთარის ცოლმა თქვენი ჭირი წაიღო. იმის ვაჟი-შვილი ტყე-ველათ დარბის, ტანისამოსს ტანზე არ იყენებს, არ იცის კაცმა, ან რითი რჩება, ან სად ათევს ღამეს. ხან-და-ხან მგელივით ჩამოირბენს სოფელში. ყველას ებრალება, ზოგი მჭადს მიაწვდის, ზოგი ხორცს, ღვინოს არა სვამს. ოთარის ქალი ასმათს ჰყავს აყვანილი შვილათ და ისე ზრდის, როგორც ოდესმე ნათელას ზრდიდა. 
მამიდა ასმათმა თავისი ადგილ-მამული ნათელას დაუმტკიცა. ის დგას იქვე ბიჭია გოგორიშვილის ეზოში. ორ-ოთახიანი ოდა აქვს გაკეთებული. ერთი გოგო ჰყავს ხელზე მოსამსახურე. რაც ბიჭია გოგორიშვილისაგან ფული აიღო, ოთარის ქალის სამზითოთ აქვს გავალებული. თვითონ-კი ბიჭია გოგორიშვილის ხარჯზე ცხოვრობს; ჰმართებს კიდეც, რადგან მთელი თავის ადგილ-მამული ნათელას ამკვიდრა. 
ასმათი ძვირად თუ ვისმე ეჩვენება. ხან-და-ხან შეძვრება მხოლოდ ნათელას ოთახში, როცა ილიკო შინ არ არის, და უალერსებს მის ვაჟს. ნათელას უწინდულათვე უყვარს მამიდა და ისე დღეს როგორ დააღამებს, სამჯერ, ოთხჯერ რომ არ ნახოს თავის საყვარელი მამიდა. ნათელას ყველა თავს ევლება და მისი პატივისცემით ასმათსაც მოწიწებით და მორჩილებით ექცევიან. მამიდა ასმათი ძალიან დაბერდა: მისი დიდრონი თვალები აღარ სცემენ უწინდელ სინათლეს, კიდეც ჩასცვენიან. თვით გამხმარა, შვილდივით წელში მოხრილა. მისი წითური ლოყები დამჭკნარი ვაშლის ჩირსავით ჩამოჭმუნვილა და ყვითელი ფერი დასდებია. ოთარის ცოლის მოსახსენებლად წელიწადში სამჯერ გზავნის საკურთხს ზურუკეთის საყდარზე. იმას აქვს პატარა დაუჯდომელი ლოცვანი და დავითნი; დღეში სამჯერ ლოცულობს. რადგან თვალებს დაჰკლებია, სათვალეებს ხმარობს, რომელიც ბამბის ძაფით აქვს შეკრული და ლოცვანში უძევს. 
ილიკო, როცა მოიცლის საქმეებისაგან, მუდამ შინ არის. მაშინ არის მისი აღდგომა. ის მუდამ თავის ცოლს ნათელას და მის ვაჟს შეტრფის. ესენი არიან მისი განუსაზღვრელი ბედნიერების წყარო. ნათელა, როგორც მანამდის, ისე ეხლა ექცევა თავის ქმარს ილიკოს. პატივს სცემს, მისი ნახვა ყოველთვის გაამხიარულებს, მაგრამ საკვირველია, რომ აქამდის უწინდელი გრძნობა არ შეცვლია მაზე, თუმცა მასთან უკვე ვაჟი ჰყავს. ის იმას ძმური სიყვარულით უფრო ექცევა, ვიდრე ცოლ-ქმრობის სიყვარულითა. 
ნათელამ ამ სამ წელიწადს შოლტივით ააგდო ტანი; მაღალი გაშლილი გულ-მკერდით და შავი თვალ-წარბით; სქელი შავი თმა წელზე სცემს; მისი წითური ლოყები ორი თურაშაული ვაშლია. როცა ვაჟი ჰყავს აყვანილი ხელში, მისი მოხარული და მცინარე სახე ვარსკვლავებივით მოკრიალებულს ცასა ჰგავს. აი, ის ხშირად შეჰყურებს უმთვარო მოწმენდილს ღამეში იმ მოჭედილს ცას, იმიტომ, რომ მას იქ ეგულება “თავისი ბედის ვარსკვლავი”კუროს თვალი; აქამდის ელის მას და ჯერ კიდევ ვერ შეხვედრია. თავის პირველი ვაჟი იმ კუროს თვალისთვის დაუმსგავსებია. ნეტა როდის იქნება, რომ ამ ვარსკვლავის “საეტლო, ის პირ-ტიტველა, მის ვაჟსავით თმა ხუჭუჭი ბიჭი”, ნათელას ბედის-წერა, ძირს, ამ ქვეყანაში მას შეხვდეს სადმე და მხოლოდ მას დაარქვას ნამდვილი თავისი ქმარი?! 
 
1888 წ.თ