Litclub.ge

ნათითურები
დამალვა- 
პროტესტის უთქმელი აქცია. 
თვალები, 
რომლებიც ეძებენ სამალავს. 
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია, 
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან. 
თითები- 
განთიადს სხეულზე მივაწვი. 
გზა- 
მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან. 
შემოდი... 
დამთავრდა დრამების მირაჟი, 
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად. 
გზები- 
შეუკრავი ათვლის პარაბოლა 
პროფილი- 
ფერმკრთალი ღიმილის გრაცია. 
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა 
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია. 
მზერას- 
საწნახელში ბადაგად გიწურავ. 
წლები დავბერტყე და ახლა შიშველი 
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან 
ამბორად ვიშლები... 
ამბორი გიშველის?! 
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა 
თვალებიც, 
რატომღა ეძებენ სამალავს. 
სუნთქვა- 
ნაპრალიდან სულში შემოვიდა 
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.