ვასილ ბარნოვს ვაჟა-ფშაველასავით ფანდური არ ეჭირა ხელში, თავის სათქმელს და გულის ხვაშიადს ფანდურის ლარებზე არ აწყობდა, მაგრამ შემოქმედების წუთებში ალბათ ისიც მღეროდა, ჩუმი ხმით დუდუნედა და ისე თხზავდა. ამას ამტკიცებს არა მარტო მისი ამღერბული გულისთქმით ნაწერი პროზა, არამედ სხვა ჟანრის ერთი ნაწარმოებიც, რომლის გამოც ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა.
1927 წლის ჟუნალ "ქართული მწერლობის" მეხუთე ნომერში გამოქვეყნებულია ვასილ ბარნოვის მონოგრაფია პოეტ ალექსანდრე ჭაჭავაძის შემოქმედებაზე.
იშვიათი და ფრიად თავისებური კრიტკულ-პოეტური დოკუმენტია ეს დიდის გზნებით დაწერილი განხილვა ქართევლი პოეტის შემოქმედებისა.
სანამ ლექსების მიმოხილვზე გადავიდეოდეს, ვასილ ბარნოვი ორი-სამი თავისებური შტრიხით გვიხატავს ამ შესანიშნავი პოეტის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გზას. ამ მცირე მონახაზში გარკვევით მოჩანს ცხოვრების, უკეთ რომ ითქვას, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ცხოვრების საბედისწერო გზაჯვარედინზე დაფიქრებით მდგარი პოეტი, რომელმაც:
"1804 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებაში".
"მონაწილეობა მიიღო 1812 წლის ომებში და პოლკოვნიკობა უბოძეს. შემდეგ ღენერლობაც დაიმსახურა".
"არ მიიღო მონაწილეობა 1832 წლის აჯანყებაში: არ კი გასცა ეს საიდუმლო. ურჩედა, თავი დაენებებინათ წინააღმდეგობისათის: საქართველოს ძალა არ შესწევსო განდევნოს რუსნი.... ისევ დააპატიმრეს და ტამბოვში გაგზავნეს. იმაზე, თუ უწყრებოდნენ მთხრობელად არ გამოხვედიო".
პოეტის ცხოვრების საგზაჯვარედინო თარიღების მოხაზვის შემდეგ ვასილ ბარნოვი გამოთქვამს მეტად საგულისხმო მოსაზრებას:
"... მასში იბრძვიან: მამისაგან ნაანდერძევი დადებითი შეხედულობა ქართველთა ცხოვრების ახალი სადინელის შესახებ და საქართველოს სულისაგან ზიზღით უარყოფა მონობისა და მის წინააღმდეგ მებრძოლად გამოდის ცხოვრებაში. შემდეგ ნელ-ნელა ემორჩილება გარემოებებს, მიიღებს ახალ მიმართულებას და წარმატებით იღწვის ამ სადინელზედ".
ეს წინააღმდეგობანი და მერყევი სულის დრამატიზმი მიაჩნია ვასილ ბარნოვს ალ. ჭავჭავაძის პოეზიის სათავედ.
*
ვასილ ბარნოვი ამ მონოგრაფიით თითქოს ბანს ეუბნება გარდასულ ჰანგების "მუხამბაზისა" და "მუსტაზადის", "თეჯლისისა" და "სათარას ხმაზე" უბადლოდ მომღერალ პოეტს და მისი ლექსების ბრწყინალე ნატეხებიდან - საკუთარი შემღერების მოშველიებით და ჩართვით ქმნის თავისებურ პოეტურ კომბინაციებს ალექსანდრე ჭავჭავაძის პორტრეტის შესაქმნელად.
მონოგრაფია შესდგება შვიდი პატარა თემატური რკალისა თუ მონახაზისაგან.
აი ისინი.
მ ი მ ა რ თ ვ ა,
ს ა ყ ვ ა რ ლ ი ს ს ა ხ ე,
შ ე ს ტ რ ფ ი ს ს ა ტ უ რ ფ ა ლ ს,
კ ა რ ნ ი გ ა ნ ხ მ უ ლ ნ ი,
ე დ ე მ ი ხ შ უ ლ ი,
ი ს ე ვ დ ა ი ს ე ვ ღ ვ ი ნ ი თ ა,
დ ა რ დ ი ს ლ ა ნ დ ე ბ ი...
თვითვეულ რკალს ვ. ბარნოვი თხზავს და ჰკინძავს ალ. ჭავჭავაძის რჩეული, საგულისხმო და დამახასიათებელი გამონათქვამებით. ერთი ლექსიდან რომ ერთი ამოძახილს მოიტანს, უცებ თითქოს მეორე მისი მსგავსი თუ ტოლი ახსენდება, ხიდად თუ ძეწკვად ერთს თვითონაც ამოიძახებს, გადააბამს, ერთმანეთს შეუტოლებს, რომ მთლიანი პოეტური განწყობილება შექმნას.
ადგილი რკალიდან:
"დარდის ლანდები...
წარვიდნენ, გაქრნენ ნაქებნი დრონი, მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას. ბედისგან ესრეთ დასჯილი იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, იგიცა მელტვის. ბედს ვჩივი ჩემსას კეთილთაგან იავარქმნილი...
ჰე, ამ სახლსა, სადგურსა ბნელსა! არ გებრალებათ მას შინა მყოფნი?! თუ გაქვთ პატიმართ სიბრალული, მპოვეთ აქა მე. გახსოვდეთ მწარედ მომჩივარი საწუთროს რებით... წყეულ არს ის დრო, როს დავკარგეთ ჩვენი სამკვიდრო!"
ვასილ ბარნოვი წიგნში არ იხედება, ისე, ოცნებაში წასული და თითქოს თვალმოხუჭული იხსენებს ალექსანდრ ჭავჭავაძის ლექსებს და როგორც ჩანს, არც შემდეგ ამოწმებს, სწორად, უშეცდომოდ გაიხსენა თუ არა პოეტის ნათქვამი.
აჰა, ნაქცევნი, შენობათა საგლოვნი ნაშთნი.
პოეტს კი ასე აქვს ეს ადგილი:
აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აი კიდევ:
"ეს კამარა ძლივსაცნობი ყოფილა ტაძრად. ეს გროვა. ქვათა სახეშლილი, ეს ვრცელი ვაკე ქვაყრილი ბნელად... "
ლექსში, ამის შესატყვის ადგილას ვკითხულოთ:
ეს გროვა ქვათა სახეშლილის ოთხკუთხედისა..
მიხდება აბა ვრცელსა ვაკეს ქვაყრილსა ბნელად.
ახლა, მართლაც ძნელი მისახვედრია, როცა ასე თავისგუნებისად ალაგედა მონოგრაფიის ავტორი ამ სტრიქონებს, ზემოთ ნათქვამისა არ იყოს, ზეპირად, წიგნში ჩაუხედავად იხსენიებდა ჭავჭავაძის ლექსებს, თუ ექსტაზში შესული შეჯიბრს უმართავდა საყვარელ პოეტს.
აი ერთი მაგალითიც ამ თავისებური შეჯიბრებისა:
აქაც მჯდარა ერთგზის ძალა ტახტსა ამაყად (ვ. ბარნოვით).
აქაც მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად (ალ. ჭავჭავაძე).
თვითვეულ რკალს ვასილ ბარნოვი პოეტის გამონათქვამთაგან ამოკრებილი, რკალის განწყობილებისათვის შესაფეი ამონაკვნესით ასრულებს:
ეჰ, ამაოა მასთან ბრძოლა: ჰმონებდეს ყველა!
მომკლა ძებნამა, სადღა არს პოვნა?!
ისევ და ისევ ღვინ...
*
ამ შვიდ რკალში გაერთიანებული ლექსების ილუსტრირებისა თუ გაზიარების შემდეგ ვასილ ბარნოვი ამბობს:
"ესე დალაგდა მგოსნისვე თქმით შინაარსი მისი ლექსების..." და მონოგრაფიის ზოგად ნაწილში მრავალ საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს ალექსანდრე ჭავჭავაძის და სხვა ქართველი პოეტების შემოქმედების ირგვლივ. მისი აზრით, იქ სადაც "ჰვერის ზეარსთ... სად ჰხატვს რაინდს მოტრფიალეს, ან აზროვნებს სიყვარულის ძლიერებაზედ" - ალ. ჭავჭავაძე იმდენად მაღლდება, რომ "გვაგრძნობინებს რუსთაველის სხივებს". მისი თქმით: "ძნელი არის ქართველმა მელექსემ შემოქმედების ჟამს შორეულად მაინც არ იხილოს შოთას აჩრდილი".
შთაგონეის წუთებში:
დარდი დაჰბურავს ალექსანდრე გულს,
ქუფრ ბურუსად შემოაწვება,
როდესაც წარვლენ კეთილნი დრონი,
და საკანში ზის -
ცრემლით მგონე გარდასულ შვების...
მრთალია, მონოგრაფიის ავტორი აღტაცებულია მგოსნის ფაქიზი ხმით, მისი სატრფიალო ლირიკით, სადაც სიყვარული "დღეს აღიმებს ადამიანს, ხვალ აღონებს, სამუდამოდ კი ვერც აწამებს, ვერც აღიტაცებს" - მაგრამ იგი მეტად კრიტიკულად უცქერის პოეტის სოციალურ მრწამსს:
"ვერსად ჰპოვებდა მგონსანი ნუგეშს: მის პიროვნებაში საბრძოლველი ძალა უკვე ამოშრეტილი იყო, მის გარშემო მყოფნი გვამნი მასვე ჰგვანდნენ განაზებულნი. ვერ ჰხედავდა იმ ერთადერთ საიმედო ბუმბერაზს, რომლის შეშმუშვნა ძრწოლასა ჰგვრიდა ბნელეთის ძალას: სრულიადაც ვერა გრძნობდა მგოსანი ხალხსა".
ამ თავისებურ მონოგრაფიაში ვ. ბარნოვი შოთა რუსთაველის გარდა კიდევ ორ ქართველ პოეტს ახსენებს: ბესიკს და ბარათაშვილს.
ალ. ჭავჭავაძის ლექსების განხილვისას ვ. ბარნოვი თითქოს ვიღაცას ეკამათებოდა, ისე ამბობს:
"არა, ბესიკის მოწამფე არ არის აქ ალექსანდრე, თუმცა მასავით სასიმღერო ჰაგი გამოაქვს, საგალობლებს აწყობს სატრფიალო სიმშვენიერეზედ. ალექსანდრე ამ ლექსებში ეთვისება უფრო ქეშიშ დარდიმანდს: მის სიმღერების ნალეწები ჰმოწმობენ ამას. განვითარდება ეს თქმა, როცა შეკრებენ დავიწყებულ პოეტის ლექსებს".
უფრო დიდ ზღვარსა სდებს ვ. ბარნოვი ალ. ჭავჭავაძესა და ნიკ. ბარათაშვილს შორის:
არა, არა ჰგავს ალექსანდრე ბარათაშვილსა,
რომლის მძლე ნიჭმა არ მიიღო ძნელი მონობა,
გადალახა ბედის საზღვარი
და წარესწრაფა უვალ გზებით იმ ნათლისაკენ,
შორს ტატნობზე რომ მოჩანდა, მოციაგოდა.
მის აღტაჩებამ გასწირა ყველა,
სიყვარული კი,
რომ გეკაფა გზა დახშული კეთილისაკენ.
მონოგრაფიის დასასრულს მეტად ორიგინალური სურვილია გამოთქმული:
"კარგი იქნეოდა, რომ შეიძლებოდეს მისი (ალ. ჭავჭვაძის გ. შ.), ბესიკისაც, გამოცემა საგალობელი ნიშნებით".
ამ სტრიქონების ავტორი ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ბესიკის ლექსებს ალბათ თავისი ტკბილი ხმით ხშირად დუდუნებდა ხოლმე, ოცნებით წარმოდგენილი ჰქონდა ის საგალობლები, რომლის ნიშნებსაც აქ ახსენებს.
ვასილ ბარნოვისათვის სიმღერა უცხო არ იყო...
ამიტომაც მივეცით ჩვენს თავს ნება, მისი მონოგრაფიის ორი ადგილი ისე დაგველაგებინა, როგორც იგი მის ბაგეთაგან ითქვა: თეთრ ლექსად.
ასე დალაგდა ვასილ ბარნოვისავე თქმით შინაარსი ამ მეტად თავისებური მონოგრაფიისა.
1958 წ.