Litclub.ge

მოლაღული
გადავიღალე... 
ღამე- დაღლილ მოლაღურივით 
სახემორღვეულ პასაჟებით 
მეღლაბუცება. 
ჩავუნისკარტე- 
ქალაქს ძველი საბარგულიდან 
ჭრელი მარაო ამოვუღე- 
ჩემი გაცნობა არც გაბედო. 
(სახეს ვიფარავ). 
გალანტურია? 
არა, 
იქნებ სულაც უბრალო... 
კრიჭაშეკრული- 
აჭრიალებს კარებს ზამთარი. 
ჯვარს რომ გავაკრა- 
ეს ტუჩები 
დღესაც მჭირდება. 
ყინვას- პირიდან უნებართვოდ 
გამოვაცალე 
ნოემბრის ბოლო. 
ჭილოფივით ვიფენ- 
ქარნაკრავს. 
ლოგიკურია? 
არა, 
მგონი ესეც უბრალო... 
ჩამომეცალეთ... 
გზიდან ყველა ჩამომეცალეთ. 
ჩიტის ბუდემდე 
ჩემს სხეულსაც 
თვითონ ავიტან. 
მშვენის მარაო 
ღამე- ჩემი მამინაცვალი 
პოეტობისთვის მასამართლებს- 
ფერი გამიცვდა. 
ახლა მიცანი? 
ანდა, 
იქნებ სულაც უბრალოდ 
გადავიღალე... 
და დაღლილი მოლაღურივით 
ჩემი სიცოცხლე-
დავაწურე თავზე მთაწმინდას.