Litclub.ge

გველის ზეიმი
შენც შეგინიშნია ეს საკვირველი ამბავი? ჩაჰხედავ ადამიანს თვალებში და შემოგანათებს იქიდან რომელიმე მხეცი ან ფრინველი თუ ქვეწარმავალი. დაინახავ ხანდისხან ანგელოსსაც, ნათელის შვილს, ციაგის მოტრფიალეს; თვით სიბრძნეც შემოგხედავს, ღრმად გამჭვრეტელი ან სახიერება, კეთილის რამ ტბა, მაგრამ იშვიათად, ათასში ერთხელ. უფრო ხშირად - რაღაც პირუტყვი. 
- შემინიშნია მაგეთი რამ ერთხელ თუ ორჯერ. როგორ არა? ყურადღება კი არ მიმიქცევია, რა სათქმელია?! ხანდისხან გადღინული ჯირკი კარგ ნაცნობს მოგაგონებს და გაგეღიმება, ჭაობის ლელი - ქალის წერწეტ წელს. რა ვუყო?! ბევრია კაცის ცხოვრებაში მაგისთანა უხანო გრძნობა წყალწასაღები. ყველას ხომ არ იტყვი. ”პირზედ მომდგარსა სიტყვასა განა ყველასა თქმა უნდა”. 
- ვიცი! აკი ვითმინე აქამდინ; შენთვისაც არაფერი მითქვამს, არ გაგნდობივარ. ეხლა კი... საქმე ის არის, ამ განცდის სადინელზედ ძნელი ამბავი გადამხდა და გული ვეღარ ითმენს. 
- ავი რამ წაგეკიდა? სთქვი და გაათავე! 
- გინახავს, გითვალიერებია გველის თვალები, ღრმად გამზირალი, მარად აზავთებული, ბოროტად გამჭვრეტი გველის თვალები უქუთუთო? ბალღობიდანვე შიშსა მგვრიდა მისი შეხედვა, უძირო რამ ზიზღს. მუდამ სიფრთხილეს მიკარნახებდა, მტრობას უძინებელს. 
”უმზირდეს კაცი თავსა გველისასა”. 
და ვუმზერდი მარად. ჩვენ დიდ ეზოში არ გავბადებდი მცურავს; შევებრძოლებოდი; ვერ მოვისვენებდი, თუ შევამჩნევდი იმის კვალს სადმე. მისი თვალების მკაცრი გამომეტყველება არ მომასვენებდა, არ დამაწყნარებდა, არ დამაძინებდა; მუდამ საფრთხის შიშსა მგვრიდა და ის. მანამ არ გავუჭეჭყდი თავს. რა მარჯვე ჯოხი მქონდა მისთვის დამზადებული! 
”უმზირდეს კაცი თავსა გველისასა”. 
- ბიჭო, გობრონ, ნახავ, თუ მცურავის მსხვერპლი არ შეიქმენი ოდისმე რას გადაეკიდე მა წყეულებსა?! 
რა იცოდა ბეჩავმა მანგიამ, რომ იმ გამბედაობას სწორედ შიში მინერგავდა და უთმინო ზიზღი ცივ, გლუვ ქვეწარმავალისადმი. 
შემდეგ, ცხოვრებაში, ეს შიში და უშრეტი მტრობა გველისადმი გამყვა ბოლომდის. ნამდვილ გველისადმი კი არა, - ქალაქ ადგილას, ბუნების კალთას აშორებული, სად შევხვდებოდი მცურავს პირისპირ?! - გველის თვალების მექონ ადამიანისადმი. თუ სხვა ცხოველს ან ფრინველს დავინახავდი ადამიანის თვალში, ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვიცოდი, ეს ჩემი პირადი განცდა იყო და არავითარი კავშირი არა ჰქონდა იმას არც საზოგადო ცხოვრებასთან, არც თითონ იმ ადამიანის ღირსებასთან, რომლის თვალშიაც ვხედავდი ცხოველს, - პატივსადებ და პატივდებულ ადამიანის ღირსებასთან. მაგრამ თუ ვნახავდი გველის გამომეტყველებას ვისიმე თვალში, სიწყნარესა ვკარგავდი, უზომოდა ვღელავდი, ვიკუმშებოდი, საბრძოლველ გუნებაზედა ვსდგებოდი. ისეთ ზომებს ვერ მივიღებდი მის საწანააღმდეგოდ, როგორც ბალღობისას გველის წინააღმდეგ: ვერც თავს შევუმურავდი მას, ვერც წელს მოვწყვეტდი და... ვერიდებოდი: გავურბოდი, მისგან მოწოდებული კეთილიც გესლი მეგონა ფრიად საფრთხილო. იქნება ბეჩავს კიდეც უკვირდა ჩემი უმიზეზო განზე დგომა, იქნება კიდეც მოვსწონდი, ვუყვარდი და იტანჯებოდა, მაგრამ რა შემეძლო?! ესეთი ჩემი ქცევა მთლად შეუმართებელი იყო ჩემგან, ბუნებისაგან მძლავრად ნაკარნახები. მტკიოდა გული ამნაირ განცდის გამო; ვიცოდი, უსამართლო იყო ეს გრძნობა. როგორ შეიძლებოდა ღვთის სახე ადამიანი მცურავივით დაუნდობელი ყოფილიყო, შხამმორეული?! მაინც უძლური ვიყავი ამნაირ შთაბეჭდილების წინაშე, მთლად ღონემიხდილი. 
ესეთ გარემოებაში მაყენებდა ყვითელი პეტრეც, ჩვენი სოფლის ბიჭი, შემდეგ ქალაქში, ჩვენ უბანში, ზედ ჩვენ გვერდზედ მცხოვრები ბინადარი. ბალღობიდანვე არ მიყვარდა პეტრე, ვერიდებოდი, თუმცა ჯერ არ დამენახა მის თვალებში გველი გესლიანი: მაშინ არ მქონდა ესეთი განცდა. ადრე გაება პეტრე ქალაქის ცხოვრებას, ხელოსნობას კი არა, ვაჭრებთან მორბედობას. შემდეგში თითონ ვაჭრობდა, უდუქნოდ ეწეოდა აღებ-მიცემას. რა არ გამოეარნა, ღმერთო ჩემო?! როცა მომიყვებოდა, მიკვირდა, ნუთუ ადამიანის შვილს ამდენი სხვადასხვანაირი ყოფის, ბევრჯერ უკიდურეს მდგომარეობის ატანა შეუძლიან-მეთქი. აღსარებას არ მეუბნებოდა, ბევრ რასმე ჰმალავდა ჩემგან, უფერ რამ შემთხვევებს, მაგრამ რასაც მეტყოდა, ისიც ჰმოწმობდა, რომ მხოლოდ წისქვილი არ დატრიალებულიყო მის თავზედ, სხვა ყველაფერი გადაჰხედოდა. 
* * * 
როცა მე თბილისში მოვყევი სამუდამოდ საცხოვრებლად, ყვითელი პეტრე ქალაქის ბინადარი კაცი იყო. წინანდელი სახე შეეცვალნა: კოხტა ჩუსტები წვრილად ჩანაოჭებულ მაღალ ყელებით, ბჭყვრიალა ქსოვილის შავი ახალუხი, ვერცხლის ქამარი გობაკებიანი, წელ-მოკლე ჩოხა ნაოჭასხმული, განიერი შალვარი, ნაბდის ქუდი, რომლიდან ყვითელი ქოჩორი გადმოჰფენოდა შუბლზედ; ოქროს ვეება ბეჭედი ჭიაყელასავით მოძრავ თითზედა. არ კი უხდებოდა ესეთი ჩაცმა: თხელი კაცი იყო, უმუცლო, ძვალ-წვრილი, მოქნილ-მოხრილი; ესეთი ტანისამოსი უფრო თოქმად ნაშენ ვაჟკაცს უხდება, ხორციელად სრულს. 
- აა! გობრონ, შენა? როგორა ხარ, კაცო? ჩვენ ქალაქში ჩამოგისეირნია. 
- მთლად გადმოვსახლდი; აქ ვიშოვნე სამსახური. შენ როგორღა ხარ? ისევ ფეხზედა ვაჭრობ? 
- კარგად! არა, დუქანი მაქვს შუა ბაზარში. ხილსა ვყიდი, მწვანილეულობას, ათას რასმე სხვას. რომ გამოიარო იქით, მიკითხე: მინდა ფიშტაღი დაგალოცვინო - მითხრა თავმომწონედ. 
და ყელი მოიღერა, მთლად გაიშეშა კისერი, თითქო ბალით სავსე თაბახი უდგაო თავზედ. თან თვალები აუციმციმდა, შიგ გველი აუთამაშდა კმაყოფილი, ახლად გამაძღარი. არც ყელის მოღერება დაჰშვენდა, ღალღასავით წვრილი კისერისა. 
- სიამოვნებით! უთუოთა გნახავ: შენთან მირჩევნია ვაჭრობა, მანამ უცნობ ვისთანმე, - ვუთხარი გულწრფელად, რადგან დამენანა, რომ მის წინააღმდეგ ბოროტი მაგრძნობინა მისმა თვალის ჩინმა. ჩემთან არავითარი დანაშაული არ მიუძღვოდა კაცს, არ დაემსახურებინა იმას ჩემგნით მტრობა, თუნდაც უარყოფა. 
ჩავიარე შუა ბაზარში. ვიპოვნე პეტრეს დუქანი. ისეთ დროს მივედი, ხილს უწონავდა მუშტარს. მთელი მისი ყურადღება სასწორისაკენ იყო მიმართული. ვერ დამინახა, მანამ ფული არ ჩამოართვა და სასწორის თეფში არ შეათამაშა, თავის უძვლო თითებით. 
- აი, გობრონჯან, ჩემი დუქანი. მოგწონს? 
- მარჯვე ადგილას არის. 
- ნაქირავებელი მაქვს ეს დუქანი, მაგრამ, ღმერთია მოწყალე, მალე ვიყიდი. 
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ერთი გირვანქა ყველი ამიწონე. წუთზედ მამცა. გავსწორდი. თითო ჭიქა არაყი დავლიეთ იქვე, ხილის რამ მარცვალი შევატანეთ. არ ეცალა საუზმე გაგვეჩაღებინა, მუშტარი ეხვია. ვუსურვე დუქანს ბარაქა. მასწავლა თავისი ბინა. წამოვედი მოვდიოდი და თან იმაზედა ვფიქრობდი, რომ სარჩოს პირი ზოგს იმთავითვე დაჰყვება ბუნებით, ქვიდან გამოიღებს და შეიძენს კი. ვიცოდი, პეტრეს სიტყვა უბრალო კვეხნა არ იყო; ალბათ მოზომილი ჰქონდა ყველაფერი, რომ ესე თამამად ამბობდა დუქნის შეძენაზედ. მეც ვაპირებდი ქალაქში პატარა რამ ბინის ყიდვას. ცოტაოდენი ფულიცა მქონდა ამ ჰაზრით გადაგდებული; სხვაგან სამსახურის დროს გადავანარჩუნე. 
- ჯოჯო რომ არის, ხვლიკი რამ პირდაღებული, იმათაც თავიანთი სორო აქვთ კლდის ნაპრალში თუ ჯაგნარის ძირას და შენ რაღა დაგემართა, უბედურო, რომ აგიკიდნია ბარგი და დაათრევ ერთი უბნიდან მეორეში?! იპოვე ერთი რამ თავშესაფარი და დაბინავდი. მარტოხელი კაცი ხარ. ერთი ოთახიც გეყოფა. თუ ოთახის წინ ხეც იდგება, რომ ზრუნავდე იმაზედ და ზაფხულობით შეგეძლოს მის ჩრდილში ჩამოჯდე, სხვა რაღა გინდა? ლუკმა-პურის ფასს ყოველთვის იშოვნი, - ვეტყოდი ჩემს თავს. 
და ვცდილობდი ფულისათვის ფარა მიმემატებინა, მცირეოდენი თანხა შემეგროვებინა. არ კი გეგონოს ვიკლებდი რასმე ანა ვძუნწობდი. არა! ვსაზრდოობდი წესიერად, მეცვა სუფთად; სალაღობოსა და გასართობსაც მთლად არ ვიყავ მოწყვეტილი. უმეტეს დროს კი ჩემ სამსახურს ვანდომებდი და წიგნის კითხვას. წიგნების შოვნას არც თუ იმდენი ხარჯი სჭირდებოდა. ბოლოს გავბედე და შევიძინე სახლი. არა, მე კი არ გავბედე - შემთხვევამ მიმაგდო ზედ. 
- კაცო, გობრონ, სულ საკუთარ ბინაზედა ფიქრობ და, მოდი, - გაყიდვინებ, - მითხრა ჩემმა თანამსახურმა. 
- ამაღლდები მაგრამ ფული იმდენი არა მაქვს, ვალისა კი ისე მეშინიან, როგორც გველისა. 
- ვიცი. კარგად გაგიცანი. სწორედ საშენოა: ერთი ოთახი, ზედ მიდგმული პაწაწა ფიცრული და მცირე ეზო. 
- ხე დგას ეზოში? 
- დგას კარგად მოზრდილი ფშატი. ცოტა შორს კი არის სახლი, ქალაქის განაპირას. 
- მაინც სადა? 
- ზედ კლდეზედ. სულ უკანასკნელი სახლია მთაწმიდაში. 
- ეგ კარგია: მაღლობი ადგილი მიყვარს. წყალი? 
- წყალი ზედა აქვს, იქვე ხევის პირას. წამო. ბარემ წაგიყვანო. ხელად მოგარიგებ; ძალიან უჭირს კაცს და ნაღდს ეძებს. 
წავედით. მომეწონა. მოვრიგდით. ჩავაბარე ფული. იმ ჩემმა ამხანაგმა ყველაფერი თითონ მოაგვარა და ნასყიდობის ქაღალდი ჩამაბარა. სახლის გამყიდველიც მადლობელი დაგვრჩა. 
- ვალსაც მოვიშორებ, ცოტაოდენი კიდეც დამრჩება. ის საძაგელი მევალე კი მემუქრებოდა, შენი ქოხი ჩემს ვალს ვერ აუვაო. 
ტომბახი დამჭირდა, სადილი გავაკეთე. ფუძის ანგელოსს შეახვეწეს ჩემი თავი. ძველი სახლის პატრონი მავედრებდა თავის ნაქონ სახლსა თუ ეზოს. ჩემს ამხანაგს თავი მოსწონდა, რომ მარჯვედ დაათავა ეს საქმე და შნოიანად თამადობდა, ახალ-ახალ სადღეგრძელოებს ამბობდა. 
- იქნება ხანდისხან ამოვიდე, დავხედო ამ ეზო-ყურეს, ხომ არ გეწყინება? ძალიან მიყვარდა, შენც შეიყვარე! 
- მოდი ხოლმე, მიამება შენისთანა კეთილი კაცის ნახვა. უთუოდ შევიყვარებ ამ სახლ-კარს. 
გადავკოცნეთ ერთმანეთი. წავიდნენ. ფშატს მივეყუდე. კმაყოფილების ღიმილით შევყურებდი ჩემს ახალ მონაგარს. 
* * * 
რა კარგი იყო საკუთარი ბინა! კაცი ვიყავი, თავისი ჭერი მეფარა თავზედ. ვერც ერთი ჯოჯო ვეღარა მჯობდა: თუ იმათ ჰქონდათ ხვრელი რამ სორო. ეხლა მეც მქონდა ჩემი ბუნაგი. რამდენი ჯოჯო იყო კლდის ნაპრალებში ზედ ჩემ ეზოს წინ! მიყვარდა მათი თვალიერება ჩემი პაწაწა აივნიდან. გამოეფინებოდნენ, გაწვებოდნენ გახურებულ სილაზედ, თბებოდნენ მზეზედ; ამთქნარებდნენ, თვალებს ლულავდნენ, გვერდებს უცხუნებდნენ. გამჩენელს მიეცა მათთვის სიცოცხლე, საზრდო, ბინა, მზის მცხინვარე სინათლე და თავისებურად ნეტარებდნენ თავის არსებობით, ჰმადლობდნენ კეთილ - მყოფელ ბუნებას. წიწილებიცა ჰყავდათ, პაწაწინები. თავისებურად თუ უალერსებდნენ, სიყვარულს ამჟღავნებდნენ. ვიჯექი ჩემ ხის ქვეშ, ჩემს საკუთარ ეზოში და კმაყოფილება ავსებდა ჩემ არსებას. 
მაინც რა ბევრი უნდა ადამიანის კმაყოფილებას? ლუკმა პური, ბინა უყვედრი, და კეთილი გული. გრილი წყალი არცროდის არ მაკლდა: იქვე, კლდის ქიმის გადაღმა, სალი სცვარავდა ცივს ნამს ანკარას; ქსნური ჩემი ლიტრა კარგად ინახავდა სიგრილეს. წავიკითხავდი ვიფიქრებდი, გავიღიმებდი; ვოცნებობდი კიდეც ხანდისხან. 
- რაზედ ვოცნებობდი? იმაზედ, რასაც ოცნებობს მარტოხელი კაცი: ოჯახზედ, ახმაურებულ კერაზედ, თავის ცალ არსებაზედ. რატომ პატარა ეზო მქონდა, ცოტა დათავქვევებული, მაგრამ არც ისე. ბალღს ვერ ეცანცალნა, თუნდაც ახალ ფეხ-ადგმულს. ორი ოთახი მედგა. ერთი ფიცრული იყო და ძალიან პატარა, მაგრამ რა დარბაზები უნდა ორ ადამიანს, თუნდა პატარაცა ჰყვანდეთ იმათ?! მოყვარულ ცოლ-ქმარს ცულის ტარზედ დაუძინიათ. კიდევ იყო ერთი ოდის ადგილი, მაგრამ... ერთობ გადაჭარბებული ოცნება არ შეჰფეროდა ჩემს ყოფას. 
- გირჩევნია ღარიბი ვინმე მოიყვანო, პატიოსანი ოჯახის ქალი: არ გაუკვირდება შენი ხელმოკლეობა. 
- ჰაი, ჰაი, მირჩევნია! 
- ჰო, მაგრამ როცა ბალღები დაგიჩნდებიან, რაღას აპირებ? შენი პაწაწა ჯამაგირი, ყუთის ტოლა შენი ქოხმახი... 
- შენც მართალს ამბობ! მაგრამ არც თუ მეტი შიში ვარგა, გადაჭარბებული. ერთი ბალღი, თუნდაც მეორეც... 
- მერე? 
- მერე... მერე ზომიერება, თავის შეკავება. მოთმინებას ნაჩვევი კაცი... 
- თავის შეკავება, ზომიერება... აბა ერთი სცადე! ადვილად იტყვის ენა. 
იქვე ჩემი ეზოს წინ აზეული ფრიალო ერთ ადგილას თითქმის სწორედ იყო შეკვეთილი, ფართო კიბის საფეხურივით წავაკებული. ქვიშა იყო ზედ დაგროვილი, ზევიდან ჩამორეცხილი შლამი თუ მიწა. მცენარესაც ფეხი მოეკიდებინა იქ: ბალახეულობა, ნარი, ყვავილები ფურფუჭა. ეს წასწორებული ადგილი არ იყო შორს ჩემის ეზოდან, მისვლა კი არ შეიძლებოდა: მთლად მიუდგომელი ქვევიდან, არც ზევიდან შეიძლებოდა ჩამოსვლა: ერთობ დაშვებული, სიპი კლდე. 
ჩიტებს უყვარდათ ამ ადგილას შეგროვება: ჭიკჭიკობდნენ, ნავარდობდნენ, ბალახში ბუდარაობდნენ, მის თესლს ჰკენკავდნენ, მთლად უშიშრადა გრძნობდნენ ღვთის შვილები აქ თავს: ბალღები ვერ მიუდგებოდნენ, არც ქორი დაეშვებოდა ესე დაბლა, თითქმის სახლებთან. მიყვარდა ჩიტუნების თვალიერება. ვერთობოდი. მიხაროდა ჩემს ახლო სულდგმულთ მხიარულება. ერთი მაფიქრებდა: თუ ბალღი მეყოლებოდა, შეიძლებოდა აფოფხებულიყო იქ ან ყვავილებისათვის, ან ჩიტების დევნაში და... უთუოდ დაგორდებოდა. არა, ჯერ მაინც საშიში არ იყო ეს, შორს იყო ესეთი დრო: ცოლიც არა მყვანდა ჯერ. შესაძლო კი იყო და ადვილადაც: მოვინდომებდი - წლის თავზედ შევიძენდი. რა შეუძლიან ერთს წელიწადსა, თუნდ ხუთ-ექვსსა?! ვუყურებდი ჩიტუნებს, მიხაროდა: რა ფთხრიალი, რა ჟრიამული, შექცევა, არშიყობა, ხანდახან კინკლაობაც. რა უშავდა? იქვე რიგდებოდნენ. მაშინვე. 
- ოღონდაც რომ ფრინველნი ცისანი, ჰაერის შვილნი! არცა თესენ, არც მოიმკიან და სახიერი აცხოვრებს მათ შვებით. 
- ეგრე გგონია, ჩემო კარგო? 
- შეხედე და დაინახავ! 
- ჰო, მაგრამ ახლა იმ დროსა ნახე მაგათი ყოფა, როცა ბნელი ბოროტი სძლევს კეთილ სინათლეს: დღე დაპატარავდება, მზე შავ ღრუბელში დაიმალება, გაიცრიცება, გაცივდება; სასტიკი ქარი ასისინდება გველივით; ბუნება გაიძარცვება და გაითოშება; მოესპობათ ყოველი საზრდო ყინვით შებოჭილ ბუნების კალთაზედ. 
- ზამთრობით? 
- სწორედ! აბა რა ცხოვრებაა მაგათი ყოფა მაშინ?! დახტიან საცოდავად გზა-ბილიკებზედ, ფუნეს ჰქექავენ ნაღეჭ მარცვლისთვის. 
- მაშ რადა სწერია ღვთის წიგნში ესე? 
- რა ვიცი! იქნება საწყალის სანუგეშებლად. ბალღსაც ხომ აღუთქვამენ, ეგებ დაჩუმდესო. იქნება ეგ თქმა იქ იყო ზედგამოჭრილი, სადაც წარმოსთქვეს: ამბობენ, სამხრეთ ქვეყნებში ზამთარი არ იცისო. ესეც არ იყოს, განა ცოტა მტერი ჰყავთ მაგ საწყლებს ეხლაც... 
დავფიქრდი, მაგრამ მხოლოდ მცირე ხანს. ავყიაა ჩემი მეგობარი: რაც უნდა კარგ გუნებაზედ იყო და ლამაზ გარემოებაში, მაინც შავ ღრუბელს იპოვის მოწმენდილ ცაზედ შენის მხიარულებისა. 
* * * 
პატარა სურვილები მქონდა. შემოსაზღვრული და დიდი რამ ძალა თუ გამჭრიახობა არ უნდოდა მათ ასრულებას; არ აემატებოდნენ ჩემი მისწრაფებები ჩემს უნარს და ვასრულებდი თანდათანობით ჩემს ნდომებს თუ მოქალაქობრივ მოვალეობას. 
- უცოლო კაცი ცალმხრივია, არ არის სრული, ვერ იტყვის, ნამდვილი მოქალაქე ვარო. 
- რატომ? 
- იმიტომ რომ ვერ ასრულებს მოვალეობას: ვერ უზრდის ხალხს შვილს, ვერ ეხმარება ერის გამრავლების აუცილებლობას; იქნება ცხოვრებისა ეშინიან და მისთვის გაუმარტოვებია თავი, ხოლო მშიშარა რა ვაჟკაცია, რა მოქალაქე?! იქნება ისეთი თვითმოყვარეა, რომ არ უნდა თავი შეივიწროვოს ვისთვისმე, არც საყვარელი არსებისათვის; მხოლოდ თავის თავზედ მზრუნველი აბა რა მამულიშვილობას გასწევს. 
- ლამაზად ამბობ! აფსუს, ცარიელი თქმა არის ეგ სიტყვები შენს პირში, ჰაერის უბრალო რყევა. 
- როგორ, კაცო? 
- თუ ეგრე ფიქრობ, რად არ ასრულებ შენს ნათქვამს, რას დაეყუდები მარტოდმარტო მიუკარებელ ყარყუმივითა? 
- არა, ძამიავ, არც თუ მარტო სიტყვის კაცი ვარ; ვასრულებ ჩემს ნათქვამს თანისთანობით, როცა დრო ხელს მიწყობს: ვამბობდი, თბილისში გადავალ-მეთქი და გადმოველი; ვსთქვი - სახლს შევიძენ-მეთქი, და აჰა, ჩემს ჭერ ქვეშ ვცხოვრობ. 
- ეს ხომ მე გაგაბედინე. 
- მადლობელი ვარ. მეგობრების დაუხმარებლად ძნელია ყოფა: ერთი - ერთს გირჩევს და გაგაკეთებინებს, სხვა მეორე საქმეში წაგიმართავს ხელს. ესე ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, აი, ეხლაც საქმე უკვე მოწყობილი მაქვს ვანო მერჩულის დედის დახმარებით: კვირას ქორწილში მეწვიე! 
- კვირას? ქორწილში?! ჯვარს იწერ? ვიზედ, ბიჭო? 
- ნარგიზაანთ ქალზედ. ცოტა ნასწავლიც არის. 
- რა ჰქვიან? 
- მაია, მაიკო რაღა. 
- ფულიანია? 
- არა, ღარიბია. მდიდარი რომ იყოს, მე ხომ არც გამომყვებოდა. იმისი გარემოებები რომ ავწონ-დავწონე და ჩემს მდგომარეობას შევუფარდე, ჩემისთანა ალხანასათვის შესაფერ ჩალხანად ვიცანი.მომწონს კიდეც: ღვთის სახე აქვს. იცი? ვგონებ, კიდეც მიყვარს. 
- კეთილი! უსათუოდ გეწვევი. 
უჩინარი კაცების პატარა ქორწილი. მათთვის საკმაო სიმხიარულე. პატარა ოჯახის საფუძვლის ჩაყრა. წლის თავზედ ბალღი, შემდეგ კიდევ სხვა. ეჰ, წადი და თავი შეიმაგრე, აქაო და ღარიბი ვარო. დავწვრილშვილდი, დავიწიე. მაინც გულს არ ვიტეხდი: გამეზრდებოდნენ, ისევ ავიწევდი. რა ვუყოთ, რომ ეს მერმე იქნებოდა, შორ მომავალში; მანამდისინ კი ტვირთი დამიმძიმდებოდა. რა ვქნათ: ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო და მეც ოფლს ვიწურავდი ჩემი კერის კეთილად მოსაწყობად. არ მეზარებოდა შრომა, არც თავსა ვზოგავდი. მაგრამ თანდათან ძნელდებოდა სახლობის შენახვა. ვიხრებოდი ტვირთ ქვეშ, იღუნებოდა ჩემი ნებისყოფა; მეშინოდა, მთლად არ მოღვედილიყო ის, ან არ გადამსხვრეულიყო, ცხოვრების თანაბარ დენაში კიდევ როგორმე შევძლებდი სიმძიმის ზიდვას მე და ჩემი ცოლი, მაგრამ ორივეს შიშის ზარსა გვცემდა რამე რყევის შესაძლებლობა: ავადმყოფობისა თუ სხვა კერძო მარცხის მოვლენა ან საზოგადო ცხოვრების უშნოდ შერყევა, რაც ზედმეტ ხარჯს მოითხოვდა. 
- ნუ გეშინიან, ჩემო კარგო, მაინც გავუძლებთ; განა ცოტაა ჩვენზედ ღარიბი და გაჭირვებული. ჩვენ ჭერი მაინც გვაფარია თავს, ვერვინ გაგვდევნის ბინიდან. სხვებს ესეც არა აქვსთ. შენც სამსახურის კაცი ხარ და რა გვიშავს?! 
- არაფერი, გენაცვალე! განა გულს ვიტეხ, მხოლოდ მენანება, ნაკლებულებაში ჩაგაგდე და ამთავითვე მოგაკელ რამე სიამოვნებას. 
- ისე ლაპარაკობ, თითქო ახალი დანიშნულები ვიყოთ. არ მოგიკვდეს მაიკო, ის თავის თავისათვის არა ზრუნავდეს! - ღიმილით მეტყოდა დოინჯშემოყრილი. 
ვმხნევობდი ცოლის ნუგეშით ოდნავ დაწყნარებული, წელგაშლით მივდიოდი სამსახურში, მაგრამ იქ, ქაღალდების გადაწერაში გართულს, ხშირად მელანდებოდა ჩემი მაიკოს სახე. რომელიმე ასო თუ ხაზის მოსმა მომაგონებდა მის დოინჯს, მის ფეხის ნადგამს, ცალმხრივ მის ღიმილს და... გული მიკვნესოდა: დავინახავდი, ქალი მხოლოდ ჩემ გასამხნევებლად იტყოდა ლამაზს; დავრწმუნდებოდი, მისი ღიმილი საცრემლე ღრეჯად გარდაიქმნებოდა, რაკი შინიდგან გამიგულებდა. ვინ იცის, იქნება, როცა ქოხს ალაგებდა, ან ძონძმანს აკერებდა, ან კოჭობში შეჭამადსა ზელავდა, ვინ იცის-მეთქი, ცრემლებს აფრქვევდა. 
იცი? ერთხელ წვენი მლაშე მოსვლოდა მაიკოს, უცნაურად იყო წამლაშებული, თითქო მარილი კი არა, სხვა რამ სიმლაშე დასჭარბებიაო და... კოვზი დამივარდა ხელიდან სევდა-ნაკრავსა: ჩემი მაიკოს ცრემლებს გადემლაშებინა საჭმელი. ხომ იცი, ცრემლს თავისებური სიმლაშე მოსდევს, საკუთარი. 
- არ ვიცი! 
- არ გიგემებია, ბედნიერო?! იგემე! ხომ გყავს სატრფო გულისა? ჰო და როცა ის აგიტირდება შეჭირვებული, თვალები ამოუკოცნე და განიცდი ცრემლის თავისებურ გემოვნებას. 
სიცოცხლის დენა რომ ძირიანად შეირყა, იმან შეგვაშინა. მთლად ახალ სავალზე გადავარდა ცხოვრების მდინარე ამღვრეულ-აღელვებული. შავად მოქანაობდა აზვირთებული, მოჰქონდა თან არე-მარე, გზა-გზა ჰლექავდა ყველას და ყოველსავე. ამან შემაკრთო, დამამუხლისთავა. მარჯვე მცურავები აჰყოლოდნენ გაგიჟებულ ღვარს და... რა კაპუეტებს იჭერდნენ ბოროტად მოცეკვავე ტალღებში! თვალები თუ აუბა დაქანებულმა მღვრიემ თვით წყლის შვილებს. 
”პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს!” - ვიტყოდი სუფრის ნასახზედ და... ჩემი შრომა ვეღარ იძლეოდა ვერც პურს არსობისას, დღიურად საკმარისს, შავ პურის კოტორს გაუცრელს, ბზეზედ დაზელილს. მხოლოდ პური! დღეისთვის მაინც! სატანს რასმე სხვას როგორღა წარმოვიდგენდით. გადელაჯნათ ბნელისშვილებს პურზედაც არსობისა, მოგვიპყრობდნენ ოქროს ფასად. გავტეხდი პურსა, შიში გვიპყრობდა: იგი პური გამღებლის ხელში რძეზედ ზელილი, მიმღებლის ხელში სისხლზედ იყო ნათითხნი, ადამიანის სისხლზედ ჩაშავებულზედ. 
წაიღო, გაიტანა სისხლიანმა პურმა სისხლის ოფლით მონაგარი ყოველი კარგი. ”არა ვიხილე თესლი მართალთა მთხოველ პურისა”, იტყოდა ფონს-გასული გვირგვინოსანი. დასცილებოდა თავის წარსული უკვე ბედნიერს, მთლად დაჰვიწყებოდა. ”და ჩვენ ვიხილეთ თესლი მართალთა მთხოველ პურისა” ჰაი, ჰაი, ვიხილეო, საკუთარ კანზედ გამოვცადეთ. 
მაინც ვცხოვრობდით. რა გვიშავდა ჟამიერად ტვირთმძიმეებსა?! გვეგონა: წამიერად. იმედის სხივები გვიციაგებდნენ და გვამხნევებდნენ. თავისებური სიამეც კი მქონდა ისევ, ლამაზი განცდები, მეტადრე კვირა-უქმეში, როცა სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი და შემეძლო ცოლ-შვილში გამეტარებინა დრო. ყველაზე საამო ის იყო ჩემთვის, როცა ჩემგან ლამაზად მოვლილ ფშატის ქვეშ ვიჯექი და შევყურებდი ჩვენი ეზოს წინ აყუდებულ სალ კლდეს თვალუწვდენელს. ვათვალიერებდი მის ნაპრალებს, მის დაღვრემილ სახეს დაღარულს, იმაზედ სასწაულებრ მოსულ მცენარეს, რომელსაც როგორღაც მოეკიდებინა ფესვები, პირდაპირ ქვიდანა სწოვდა თავის საზრდოს და თითონაც ასაზრდოებდა მწერებს მაინც, პატარა ჩიტუნებსაც. 
- აი ცხოვრებას უნარი ამისათვის დაუტანებია გამჩენელს, ვფიქრობდი. რომ იტყვიან, სიპზედ დასვა, თავს დაირჩენსო, ამისთანაზედ იტყვიან. ადამიანიც არის ასეთი: რომ გამოედება ძურწასავით, აღარ მოეფშხვნება, მინამ თავისას არ გაიტანს. ყვითელმა პეტრემაც ესე იცის: ალღოთი მიჰხვდება, სად შეუძლიან გამორჩეს ოქროს და აღარც მოეშვება; სუნს იკრავს მეძებარივით, ლბილად შემოეხვევა გველივით, უხსნელად და... დაჰკრავს ნესტარს. ვინღა გადურჩეს ასპიტს გესლიანს?! ამბობენ, ძალიან სარგებლობს გარემოებით, ვინც წლით მდიდრდება, ის დღით მდიდრდებაო. 
* * * 
ყვითლის მოგონებამ ცუდ გუნებაზედ დამაყენა, სიამე შემიმღვრია. მათ უფრო მძიმე იყო ეს ჩემთვის. რომ იმ დღეს უქმე იყო. მიხაროდა. მზე მხიარულად თამაშობდა კლდის თლილ გვერდებზედ გაფოთლილ ფშატის ქვეშ თითქმის ვნეტარებდი საგრძნობ სადილის მოლოდინში. იქვე ფარდაგზედ თამაშობდნენ ჩემი ბალღები: კლდიდან ჩამოცურებული ქვის ფირფიტებით ხუხულას აშენებდა უფროსი, პაწაწა პირღია შესცქეროდა ახალ მოვლენილ ხუროთმოძღვარსა. განა მშურდა პეტრესათვის მისი უნარი ან მეხარბებოდა მისი დოვლათი? არა! მის მოგონებაზედ ისე გამითამაშეს წინ მისმა თვალებმა, თითქო თითონ შემოვიდაო ეზოში, ბოროტად მჭვრეტმა გველის თვალებმა. ძალა დავატანე ჩემს თავს, მოვიშორე გონების თვალთაგან უნდო სურათი და გავხვდე ისევ ჩემს კლდეს, იმედიანად მდგარ ურყევ ბუმბერაზს. კლდის ფერდობზედ ეხლაც თვალი დავკარი იმ წავაკებულ ადგილს მიუდგომელს, რომელზედაც შემრავლებულიყო მცენარე, ტანიც აეყარნა. რიგი ყვავოდა, რიგს თესლი გამოეღო, დაპურებულიყო. ჩიტუნები ისევ ირეოდნენ იქ. ნაჩვევი ვიყავი მათით შექცევას. ვუყურებდი, ვსიამოვნებდი: მახარებდა მათი ხალისი, ჟივილ-ხივილი, მათი ცელქობა; გულს მიყუჩებდა, ღიმილის გუნებაზედ მაყენებდა. მზის სხივებში ბანაობდნენ ჰაერის შვილნი მათი დრო იყო; სინათლე, სითბო, მარცვალო უხვობა, მწერთა სიმრავლე. 
იმ წავაკებულს ზევიდან კლდის ბექი ჰქონდა წამომდგარი და მისი ქიმი ზედ დაჰყურებდა ამ მდელოიან ადგილს განცალკევებულს. ბექობ ზევით კლდე ისევ ციცაბოდ იყო აწეული, ნაპრალებიანი კლდე, ერთ ნაპრალიდგან გამოსრიალდა კლდის ფერადვე შეჭრელებული მცურავი და წამოვიდა სალის ქიმისაკენ, გაინაბა ქვის იქით, მთლად გაეკრა სიპს; ძლივსღა ვხედავდი; ოდნავ გამოყო ქვის გვერდით თავი და... ელდასავით დააწყდა ჩიტებს. დაფთხნენ შეძრწუნებულნი. ერთი მათგანი პირში შერჩა მტაცებელს. ჩანთქა საცოდავი. დაიღუპა სიცოცხლე წყეულისაგან. 
- ეჰ, სხვა ბევრი დაენაცვლება დაღუპულს; მდიდარია ბუნების ძალა, ულეველი, ბევრეულ სიცოცხლის წარმომშობელი. 
- მაინც არა იმისი, რომელიც დაიღუპა. გაქრა საუკუნოდ ის განკერძოებული ცნობიერება თავისებური, აღარ გამეორდება. მასთან მოისპო მისთვის მთელი ქვეყნიერებაც, ხეც ყოველ გაზაფხულზედ იმოსება ფოთლებით, მაგრამ მხოლოდ გულუბრყვილოს ეგონება, იგივე ფოთლებიაო ის. არა, ისინი მოისპნენ, მტვერს განერთხნენ, ნიადაგს შეერივნენ მიწის შვილები. 
ზევითვე აცურდა გველი ნელ-ნელა. მზე ისევ დაჰყურებდა მდელოთა კორდსა. მთის ნიავი ისევ არხევდა ტანშეყრილ ბალახს, სხივები ჰქარგავდნენ ბჭყვრიალა სირმით ლამაზ ყვავილებს. მეორდებოდა და უსათუოდ დაჰკრავდა მიზანში ამოღებულს. გადანთქამდა დააცურდებოდა მზიან მაღლობზედ; სიამოვნებდა მზის მცხინვარე სხივებზედ, გვერდებს უცხუნებდა გახურებულ კლდეს, ლორწოიან გვერდებს გრილს. ბალღობისას უცაბედად ხელი შემიხია გველისათვის და იმ მკვეთრ გრძნობას დღესაც განვიცდი მის დანახვაზედ. იცი? ერთხელ პირისპირ შემეხო სიკვდილი, ვიგრძენი მისი ხელი ჩემს კანზედ და ისეთივე განცდა იყო ის ჩემთვის. გადავრჩი მაშინ, როგორც ბალღობისას გველის შემოხვევას: ღვთის შვილმა მიხსნა საკვირველის ოსტატობით, როგორც ბალღობისას რაღაც განგებამ. 
სისხლი ყელში მომდიოდა ამ გველის დანახვაზედაც, მებრალებოდნენ მისი მსხვერპლები. რას ვიზამდი? ასვლა და ეშმაკეულის განადგურება არ შემეძლო: ფეხის მოსაკიდებელი არ იყო სალზედ. ტყვიით შეიძლებოდა მისი მოსპობა, მაგრამ... ბალღობაში რომ მჭერია თოფი, მერმე ხელი აღარ მიხლია იარაღისათვის. თუ ვიშოვიდი, მაინც კლდესაც ავაცდენდი, არამც თუ მასზედ წოლილ გველს. 
და შევყურებდი ბოროტებას უღონო-ქმნილი, კარგის ვერ-მგონი. ასიც კი უნდა ვსთქვა, მაჯადოვებდა გრძნეულის ნადირობა. გამოვიდოდა ხვრელიდან, თვალებს უნებლიეთ მივაპყრობდი, მთელი ჩემი ყურადღება მისკენ მიექცეოდა, არც ერთი მისი მოძრაობა არ გამომეპარებოდა. როგორ ჭკვიანად მოქმედებდა, მიზანშეწონილად! ყოველ გამოსვლაზედ ახალ-ახალ ჰანგსა ხმარობდა ნადირობისას, ნელი და ფრთხილი მიპარვისას; მარჯვე, მედგარი თავდაცემისას. 
”ხოლო გველი იყო უგონიერეს ყოველთა მხეცთა ქვეყანასა ზედა”. 
გაიწაფა. დაბზინდა: ტყავი თუ გაიძრო და ახალ კანში მეჩვენებოდა. გაიზარდა კიდეც: დასქელდა, სიგრძე ემატა, მზეზედ თამაშობაც უფრო მოძრავი შეექმნა. ბევრჯერ ნახევრად წამოდგებოდა, ყელყელაობდა მაღლობიდან. რა შესაზარი იყო ბოროტი! სურვილითა მსურდა მისი გაქრობა, დაუფიქრებლივ მივიდოდი მასზედ კეტით ხელში, თუ ბილიკის ნასახი შემემჩნია მასთან მიმყვანი. 
* * * 
- საით მიეშურები ეგრე, გამარჯვებასაც არ მეტყვი კარგ ნაცნობს? 
- პეტრე შენ? უკაცრავად, გენაცვა: ტანისამოსზედ ვეღარ გიცანი, სახეზედ კი ვერ შემოგხედე. ძალიან ვეშურები, სამსახურში დამიგვიანდა. ბალღი გვყავს შეუძლოდ, იმას დავტრიალებდი. 
- არა უშავს რა! ეხლა ხშირად ვნახავთ ერთმანეთს: თქვენი მეზობელი გავხდი, ბაიდრელაანთ სახლი ვიყიდე და იქ გადმოვალ ამ დღეებში. 
- ალექსასი? 
- ჰო! ცოტა რამ ემართა, სხვა ნაღდად ჩავაბარე და... 
- კარგი სახლია! ხელი მოგიმართოს ღმერთმა, მშვიდობაში მოგახმაროს. 
კანი გამოეცვალნა ყვითელს: მიხაკის ფერი მაუდის ჩოხა გრძელი; იმფერივე მოგრძო ახალუხი; ზევიდან ვერცხლის ქამარი, ესე ორი თითის სიპრტყე, მოოქროვილი, უგობაკო; წაყვითანო ხუჭუჭი ქუდი; საათის ძეწკვი ოქროსი, სუფთა წაღები გაკრიალებული, ტოტებჩამოშვებული ვიწრო შალვარი უფრო მუქი; კოხტად გაკრეჭილი წვერი. დარბაისელ მოქალაქეს დაჰმსგავსებოდა, სუფთად მცხოვრებელს, ისევ ისე მოქნილი ტანი თითქო უძვლო, მხოლოდ ცოტა შესუქებულიყო, დაბზინებულიყო, წელში უფრო გასწორებულიყო; ბატონკაცური რამ იერი მიეღო. დავემშვიდობე. გრილი თითები ჰქონდა ლორწოიანი. 
არ მიამა მისი მეზობლად ჩამოსახლება. ჩემსა და მისგან შეძენილ სახლს შუა ერთი ქოხმახიღა იყო, ღარიბი დედა-შვილი სცხოვრობდა იქ. დედაც, ქალიც ნემსის წვერით გამოდიოდნენ. ვაჟკაცი მოჰკვდომოდათ, ჭერი დარჩენოდათ საკუთარი და დაჰყრდნობოდნენ მხოლოდ თავიანთ შრომას. ჩვენც გვიკეთებდნენ ცოტაოდენ საქმეს, გვეშველებოდნენ. ხელს ვატანდით რამდენადაც შეგვეძლო. უვაჟკაცონი იყვნენ ქალაქის განაპირას და უხაროდათ კაციანი მეზობელი. ბოლოს ძალიანაც შეეჩვივნენ ერთმანეთს ქალები, გული შეაწყვეს. 
- ახ, ერთი მალე გავათხოვო ჩემი ფეფიკო! მაშინ თუნდ მოვკვდე, ჯავრი არაფრისა წამყვება, - იტყოდა ბაბალე. 
- რა გული გაგტეხია, ჯერ ხომ ისევ ნორჩია ქალი. 
- თუ კარგი კაცი შეჰხვდა, ფხიზელი და საქმიანი, იცხოვრებენ ღვთით: თითონ ფეფიკო ხელგამამავალია, ახლა საკუთარი ბინა და რა უშავთ. არც მე ვარ ჯერ საბყარი, სხვის შესანახი; ცოტას რამ ვარგებ. 
ამასა ნატრობდა ქალის დედა. ამაზედ ოცნებობდა თვითონ ფეფიკოც, თუმცა ხმას არ იღებდა, როცა მის გათხოვებაზედ ვლაპარაკობდით განსაკუთრებული დარდი აქვს. ამ პატარა სახლობასაც, ყველა ხელმოკლე ოჯახის საერთო დარდს გარდა, ის აწუხებდა, რომ მათი სახლი დაგირავებული იყო. როცა ფულის შეტანის დრო ახლოვდებოდა, ჭირი უმრავლდებოდათ: ძნელი იყო ნაღდის წინადვე შეგროვება, დღიურად ძლივს გამოდიოდნენ; უნდა ესესხნათ და ნელ-ნელა გადაეხადათ თავნ - სარგებელი. 
აი ამ პატარა ოჯახისა და ჩემ სახლის გვერდზედ ჩამოსახლდა ყვითელი პეტრე, ეხლა უკვე შეძლებულთ წრეში შეჭრილი, ფულით ძლიერი პავლეს ძე პეტრე. სულ რამდენსამე კვირაზედ გადააკეთა თავისი ახალი მამული. მორთო პატარძალივით. ჩეჩქივითა ჰქონდა ფული, არა ზოგავდა. ისე აცხოვრებდა თავის სახლობას, სიზმარშიაც ვერა ვნახავდი მისთანა ფუფუნებას. 
- ხელის ჭუჭყია ფული; მიდის, მოდის, გზა-გზა კარგ ცხოვრებასა სთესავს. შნო უნდა გქონდეს თანხის მოგებისა, მისი ხარჯვისაც. 
- მართალს ამბობ! თუ უნარი არა გაქვს, რას მოახერხებ?! მაინც მაითხარი, როგორ დაურუვე შენკენ ოქროს ნაკადულს? 
- ქაღალდისას-თქო! მაგრამ ჰო! ჩემს ხელში ქაღალდის ფარატინიც ოქროს ფირფიტებად გარდაიქმნება თილისმის ძალით. რა ჭკუა აქვს ეხლა ან შინ დასტა-დასტა ქაღალდის დაგროვებას, ან ბანკში შეტანას?! ერთიც ვნახოო, გააუქმეს ქაღალდის ფული, ან მიითვისეს ბანკის თანხები. 
- მაშ რა უნდა უყოს მდიდარმა ფულსა? 
- ქონებად აქციოს: მამულები იყიდოს ქალაქში, - სოფლად მიწა აღარაფრად ღირს ჩვენისთანა კაცისათვის. - სავაჭრო საქონელი დაამზადოს ბლომად, ძვირფასი ნივთეულობა შეიძინოს. უნდა ატრიალო თანხა დაუსვენებლივ. 
- მაინც როგორ მოიგდე ხელში დიდი ფული? 
- გეტყობა, მოხელე ხარ, ქაღალდს ჩასცქერი. თავი აიღე, დალოცვილო, გაიხედ-გამოიხედე. იცი რა ხდება? ერთს თვეზედ შეიძლება გამდიდრდე. ჩემი დუქანი სხვას გადავეცი. ვგონებ, გითხარი, ის დუქანიც, სახლებიც ეხლა ჩემია. ისევ ფეხზედ ვაჭრობა დავიწყე ხან წვრილ-წვრილად, ხან ბითუმად. ბაქო, ბათუმი, ერევანი, კავკასია, თრიალეთი. რა ვიცი, სად არ დავდივარ, რით არა ვვაჭრობ. ცხვარი, ძროხა, ნავთი, ბოსტნეულობა, ერბო-ყველი, ღვინო-არაყი, თამბაქო, ხორბლეულობა, თუ ფქვილი... ეხლა მთელ გემ საქონელსაც ვყიდულობ და იქვე ვასაღებ ადგილობრივ, თითქმის უნახავად. ბევრჯელ რამდენსამე საათში მანეთზედ თუმანი მოდის. ჰაზრიანად კი უნდა ყველაფერი, ნახტომი არ შეგეშალოს, თორემ ხრამია ახლო უძირო. მაინც აუცილებელია გამბედაობა, თავხედობამდის მისული გამბედაობა! - სთქვა პეტრემ. 
და აუბზინდა თვალები, აუთამაშდა თვალთა ბაიაში მცურავი ცბიერებისა დაუნდობელი. შემეზარა. ხომ არ შევიმჩნევდი: ძლიერი კაცი იყო, მთელ ჩვენ უბანში სხვა არავინა სჯობდა ეხლა იმას შეძლებით და შეუპოვარი გამჭრიახობით; ვერც მოხერხებით და მოქნილობით. არც მიზეზი მქონდა მემჟღავნებინა სიძულვილი: სიავკაცე არ მიუძღოდა ჩემ წინაშე. 
გაუჭირდაო ბაბალეანთ: ფული დასჭირდათ. მიმგზავნეს პეტრესთან. როცა ვუთხარი, რამდენი ფული უნდოდათ, სიცილად არ ეყო. ეგ რა ფულია, ერთი დღის საგძალიო. მოიხმო დედაკაცი, უთამასუქოდ ჩააბარა ფული. 
- რა ქაღალდი მინდა, ან რა სარგებელი?! მეზობლები ვართ და ესეთი ხელის გამართვა უბრალო საქმეა. არა, კეკუციჯან? - მიუბრუნდა თავის ცოლს. 
- ოღონდაც! ამისთანა პატარა საქმეში თუ ვერ ვენდობით ერთმანეთს, მაშ რაღა მეზობლები ვყოფილვართ?! - დაუკრა კვერი კეკომ. 
და ხელები გაპარჭყა, ალბათ იმისთვის, რომ დაკვლანჭილ თითებზედ აელაპლაპებინა ძვირფასი ბეჭდები. მერმე რამდენი, ღმერთო ჩემო! ზღაპრულმა მელამ რომ კუდზედ აისხა ბეჭდების გროვა, კუდის წვერამდინ, ის გამახსენდა. 
- მაინც მეხათრება. 
- მაშ ხელსაქმეს გაგაკეთებინებთ და გამოგიქვითებთ: მიქეს შენი ქალი, კარგი მკერვალიაო. 
შეიჩვიეს მადლიანი ქალები პეტრიანთ. მეც შევეჩვიე, თითქმის მივენდე. ისევ ვხედავდი გველს მის თვალებში, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემს კერძო განცდას ვაწერდი, რომელსაც არავითარი ფუძე არა ჰქონდა სინამდვილეში. 
* * * 
ცხოვრება კი თანდათან ძნელდებოდა. ფასები ზღაპრულად იწევდნენ ზევით. ქალაქ ადგილას მხოლოდ ვაჭრებს და მტაცებლებსღა შეეძლოთ გაჭივრებულ ყოფასთან გამარჯვებულად ბრძოლა, ან რა ვიცი, ერთობ მოხერხებულებს. იწყეს ქონების გაყიდვა, რომ შიმშილით არ ამოხოცვილიყვნენ. შიშით და ძრწოლით ვუყურებდი მომავალს; ველოდით, ძირს მოგვითხრიდა ხვალინდელი დღე. რა ადვილად! ჩვენ ხომ ღრმად არა გვქონდა ფესვები გამდგარი, ძლივს მოვკიდებოდით კლდეს. ერთი შერყევაც და მოვსწყდებოდით ნიადაგს, უფსკრულისაკენ დავეშვებოდით. 
ჩვენ მეზობელ ქალებს კი თითქო უფრო გაუშუქდათ: პეტრიანი ხშირად აძლევდნენ სამუშაოს და კარგ ფასებში; ყვითელი ძალიან ხელს უწყობდა მეზობლებს. 
- ალბად ებრალება. გულკეთილი თუ არის, თუმცა გველი უთამაშებს თვალებში, - ვფიქრობდი. 
და მრცხვენოდა ჩემი საკვირველის განცდისა. როგორ გავამხელდი იმ გრძნობას?! ჩემი მაიკოსათვისაც არ მითქვამს. შეურაცხჰყოფდა კაცს ჩემი განცდა, მთლად უდანაშაულო ადამიანს. რომ გაეგოთ ეს ჩემი შთაბეჭდილება, იქნება კიდეც შემკრთალიყვნენ; შეიძლებოდა, აღარც კი გაჰკარებოდნენ იმ ოჯახს. ცოდვაა, კაცზედ აუგი სთქვა, აქაო-და შენზედ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს ის: მისი საქმეებით შეაფასე ადამიანი; ნაყოფათ იცნობების ხეხილი. 
ვცხოვრობდით. ვიბრძოდით ლუკმა-პურისათვის. ეხლა ერთითა პურითა სცხონდებოდის ადამიანი, ცარიელი პურით; სატანაზედ ოცნება შეუსაბამო შეიქნა. უზომოდ მძიმდებოდა უღელი ყოფნისა, იღარებოდა წახრილი ქედი, იცრცნებოდა, ადგილ-ადგილ კიდეც სკდებოდა. ცხიმი არსად იყო, წაგეპოხა გაღვერილი ტყავი. 
მაინც არა უშავდა რა: ვიწროებში ვიყავით, ფართო გზისაკენ მივისწრაფოდიო, ჭრელ-ჭრელი ოცნებით. ეხლა კი ვგვანდით ფრინველთა ცისათა, რომელნი არა შეიკრებენ, და მწირობის ჟამს შიმშილით იხოცებიან. ზამთრის დღეებში, ბუნების სიცარიელის ჟამს, თორემ ეხლა რა უჭირდათ ბედნიერებს: ყველა ხეზედ თუ ბალახზედ საზრდო მზამზარეული, ბუჩქებში თუ მდელოთა შორის ბინა უშურველი, ყველგან სითბო და სინათლე სამხიარულო. 
ბედნიერები იქნებოდნენ ეს ჩიტუნებიც, კლდის წავაკებულზედ რომ იკრიბებოდნენ, მდელოთი დაფენილ მიუვალ ადგილას, თუ წყეული არ შესჩენოდათ იმათ დაუძინელ მტრად. რა დაიგეშა! გაალაგა საცოდავები! მე მხოლოდ კვირა-უქმეში მქონდა დრო მეთვალიერებინა. უთუოდ გამოინადირებდა. ჯავრი მამდიოდა მის დანახვაზედ, თან მოვჯადოვდებოდი და თვალს ვერ ვაშორებდი მის თვითეულ მოძრაობას. ზღაპარშია ნათქვამი: 
”მოფრინდებოდის დღე ყოველ გველეშაპი ფრთოსანი და ჩანთქამდის რჩეულთაგანს კაცთა შორის. კაცნი იმა ქვეყნისა უმწეონი იყვნენ წინაშე გველეშაპისა მის და განიგდიან თვის შორის წილი. ზვარაკად დადებულსა მას სციან ჭამადი ფრიად, ჩააცმევდიან ბისონსა; უმღერდიან და უგალობდიან”. 
საწყლები! ალბათ არ იცოდნენ; იმისთანა მობყრობა ბევრად გააღრმავებდა ტანჯვას განწირულისას. 
ჩიტუნები თითონ არ ირჩევდნენ თავის შორის მსხვერპლს, თვითონ გველი იბყრობდა თავის ზვარაკსა. არც იცოდნენ გულუბრყვილოებმა განსაცდელის აუცილიბლობა. არ ვიცი, ალღო ვერ აართვეს, თუ ახალ-ახალნი მოდიოდნენ და ძველებსაც იტყუებდნენ თავიანთი უზრუნველი ჭიკჭიკით თუ ხტომა-ცელქობით. 
გამოვიდა ჭრელი. ნაჩვევი გეზით წავიდა, ქიმზედ რომ ქვა იდვა, იმის პირდაპირ. გადაეშვა ელვასებურად. წყალწყალა მოჰხვდა, საბრალო წყალწყალა! 
- დახელოვნდა წყეული! - ვიფიქრე. 
იმისთვისა ვთქვი, რომ ეს ჩიტუნა უფრო მარდი იყო, ფრთხილი და დაუდგრომელი. პირველად იგემა გესლიანმა ლამაზი. შევბრუნდი შინ თითქო კმაყოფილი, რომ დღესაც ვნახე ჩემი სანახავი, თან შემძიმებული: ვაჟკაცი ვიყავ, ღონე კი არ მქონდა მომესპო ეს საცოდავობა, ზედ ჩემი ეზოს წინ რომ ხდებოდა, ის ბოროტება. 
ძალიან ჭკვიან არსებად მიმაჩნდა ეხლა მე ჭრელი და მით უფრო საშიშრად, რამდენადაც გესლიანი იყო ის და ულმობელი. 
- რახან გადავდგავ ნაბიჯს მის საზიანოდ, უნდა კიდეც გამიმარჯვდეს და მთლად მოვსპო ის, თორემ ამემტერება, ჯავრს ამოიყრის: ჩამოცურდება ღამე, დაეხვევა ბალღის აკვანს თუ ლოგინს და დამიგესლავს პატარებს. რა გაუმაგრდება ამისთანა მტერს?! კარ-ფანჯარის აფრაკ ადგილიდან შემოსრიალდება, უჩინარ რამ ხვრელით შამოვა, ვფიქრობდი შემკრთალი. 
და ვცდილობდი არ მიმექცია ჩემზედ ბოროტი ქვემძრომის ყურადღება, მტრად არ გადამკიდებოდა, წყეული. გოგირდს თუ ათასგვარ სხვა წამალს ვაყრჩოლებდი ეზო-ყურეში, მცურავისათვის არასასიამოვნო წამალს, რომელსაც კი ვინმე მირჩევდა. 
იწურებოდა ზაფხული, მალე მთლადაც დათავდებოდა. ჯერ ისევ ცხელოდა, მაგრამ მაინც შეეტყო ბუნებას გახუნება: ბოროტი სიბნელე თუ დაძრულიყო ჩვენის ქვეყნისაკენ სითბო-სინათლის გასადევად, ბუნების კეთილ ძალთა შესაბორკავად, წყვდიადით, ყინვით ხალხთ საწამებლად. 
ლამპარი ანთებული გვქონდა. ტახტზედ ვიჯექი ბალღების შუა. შემოვიდა მაიკო აღელვებული. 
- ცოტახან აქ გამოდი! 
- რა იყო, რა ამბავია? - მივაძახე შეშინებულმა. 
მეგონა, გველი ჩამოსრიალდა ჩვენს ეზოში. გავყევი. ხელი დამიჭირა, ბაბალეანთკენ წამიყვანა. 
- დახე, რაღაც უბედურებაა ამ საწყლების თავს - მითხრა ჩურჩულით. 
ლამპარი ენთოთ. ფარდა ჩამოუფარებელი დარჩენოდათ. დედაკაცი მოსთქვამდა უსიტყვოდ, ირხეოდა ტახტზედ ჩამომჯდარი, გადად-გადმოდიოდა; ხელებს ასავსავებდა შიგადაშიგ, ბრჭყალებად მოხრილ თითებს ბუწუწებზედ ჩამოისვამდა. ფეფიკო ტახტზედ მიგდებულიყო და ცდილობდა ხმა-ჩაწყვეტით ექვითინა; მხრებს აყოლებდა, თავს აწყვეტდა. 
- შევიდეთ! მივეშველნეთ! 
- რას ამბობ?! ჰხედამ, ისეთი ავი წაჰკიდებიათ, თავიანთ თავსაც უმალავენ. თუ შველა შეიძლებოდეს, თუნდა ნუგეში, დაგვიძახებდნენ. 
ჭკვაში დამიჯდა ნათქვამი; მაინც ჰაზრიანი იყო ჩემი მაიკო. ცოტა ხანს კიდევ ვუყურეთ მეზობლის უხმო ვაებას და გამოვბრუნდით. ფარდაც ჩამოაფარა დედაკაცმა. 
- ჰა, ქალო, რა გგონია, რა უბედურება დაემართებოდათ? 
- ვერაფერი მოგიფიქრია, ალღოთი მაინც ვერ მიმხვდარხარ? 
- ვერა! 
- მე კი წინადვე ვგრძნობდი მაგათ უბედურებას, თითქმის ვიცოდი: სარკეში ვხედავდი. 
- მაინც? 
- ყვითელს ცოლ-შვილი შინ არა ჰყავს. ფეფიკო კი წინანდებურად დადიოდა მის სახლში: პეტრეს ცოლს დაევალებინა რამეების შეკერვა; ეთქვა, ოჯახსაც ხანდისხან მიხედეთ, ხომ იცით, ვაჟკაცი შინა საქმეში შეუგნებელია, მსახურებს კი ადამიანი ვეღარ ენდობაო. თითონ ბაბალემ მიამბო ეს. სანდო არ არის ის კაცი: შემიმჩნევია, როგორი ნდომით უყურებდა ქალს. 
- შენა გგონია, გველმა დაიჭირა საბრალო წყალწყალა? ეჰ, სხვაზედ წაველ. გგონია, ხელში ჩაიგდო გაქნილმა გოგო? 
- რა ვიცი?! რაღაცა საიდუმლო დარდი კი დაატყდათ თავს ამ საცოდავებსა და... 
* * * 
ამ შემთხვევების შემდეგ დადუმდა ბაბალეს პატარა ოჯახი, გაწვა, გაიტრუნა. ველოდით, გვეტყოდა დედაკაცი თავის დარდს, გაგვიზიარებდა თავის გაჭივრებას, რომ საქმით თუ ვერა, სიტყვით მაინც გვენუგეშებინა კარგი მეზობელი. ამაოდ: სიტყვა არ დასძრა იმ შემთხვევაზედ. სხვანაირად დაგვიწყო მზერა, ეჭვიანი თვალით. ფეფიკო ათასში ერთხელ გადმოირბენდა ჩვენთან და მაშინვე გაიქცეოდა, პირდაპირ არ შემოგვხედავდა. პეტრიანთან მთლად ამოიკვეთა ფეხი. იმათ სახლიდან აღარც სიცილი გაგვიგონია, აღარც ხმამაღლა საუბარი ხალისიანი. წინად კი იმათ კერაზედაც იყო შვების წუთები, გულახდილი სიცილი თავისუფალი. რა ვუყოთ, რომ ღარიბები იყვნენ, დაჩაგრულები?! საწყალსაც შეუძლიან სიცილ-ხალისი, თავის პაწაწა კმაყოფილების დაჩენა წუთიერი. 
- სწორედ მართალია ჩემი ეჭვი: თუ სხვა რამ უბედურება მოჰხდომოდათ, ესე არ გაჩუმდებოდნენ, პირში წყალს არ ჩაიგუბებდნენ. 
- ვატყობ! ხმასაც აღარ იღებენ ყვითელ პეტრეზედ, სრულებით აღარ ახსენებენ იმის სახელს. 
- აღარც მეზობლობა აქვსთ იმასთან. ქალი ეხლა ქალაქში ჩადის სამუშაოდ. შორს რად წავიდოდა უმიზეზოდ, როცა კარზედაც ბევრი ჰქონდა ხელსაყრელი ხელსაქმე?! 
- წინად კი ხანდისხან სადილადაც იმათთან რჩებოდა. 
- ალბათ იმან დაღუპა საცოდავი: მაგარ სასმელს შეაპარებდა ან ბანგსა და... 
- რა იცი, იქნება ფული დაახარბა: ჩეჩქივითა აქვს ნაღდი. 
- არა მგონია! მაშინ აღარ ატყდებოდა ბაბალე, სახლი უნდა გავყიდოვო: შეეჩვევოდნენ თავიანთ ყოფას და ქონების გაუყიდავადაც კარგად იცხოვრებდნენ. არა, პატიოსნები არიან საწყლები; მხოლოდ უბედური რამ შემთხვევა ეწეოდათ. 
ვეჭვობდით. ნამდვილ კი არაფერი ვიცოდით. პეტრეს ქცევას არ ეტყობოდა რამე ცვლილება ბაბალეანთ შესახებ. არც ეცალა ყვითელს ამისთანა წვრილმანისათვის. ვაჭრობდა, იჯარადრობდა, სცვლიდა საქონელს. ციბრუტივით დატრიალებდა. ახალ ნაყიდ სახლსაც საფუძვლიანად აკეთებდა, სულ სხვა სახეს აძლევდა. ფულს აღარც კი სთვლიდა: დასტა-დასტა ელაგა ჯიბე-უბეში. ალღო აერთვა ცხოვრებისათვის და მარჯვედ ასდევდა მის მღვრიე ტალღებს მცურავი გამოცდილი, ყველა ფანდის მცოდნე. მორევისა თუ ჩანჩქერის, საფერ ყველა ყაიდისა. ისე დატენა სარდაფები, საძრაობა აღარა ჰქონდა საქონელს. 
- ძლივს დავითანხმე ბაბალე სახლის გაყიდვაზედ. ნეტა რად უნდოდა? მაინც ხომ ვერ შეინარჩუნებდა ამ საშინელ სიძვირეში: ვერ შესძლებს იცხოვროს ნემსის წვერით. სჯობია, დროზე მოიშოროს, - მომმართა პეტრემ. 
- ძალიან გაუძნელდებოდა გაყიდვა: შვილივით უყვარდა ქოხმახი. 
- გაუძნელდა. იტირა. მაინც გადაწყვიტა. ქალიც ძალიან დაღონდა. თითქო მტრულად დაგვიწყეს ყურება. მე კი მხოლოდ სიკეთე მინდა მათთვის. 
დავაკვირდი პეტრეს ნათქვამს. ყველა მისი სიტყვა გათვლილი იყო. გრძნობდა, შევატყვეთ, როგორი უნდობლობა ჩამოვარდა ბაბალეანთა და მათ შორის, თითქო მტრული განწყობილება, და ცდილობდა ჩვენი ჰაზრი სხვა მხარეს მიემართა; ჰსურდა, გვეფიქრა, რომ მათ შუა უსიამოვნების მიზეზი სახლის გაყიდვაზედ საუბარი იყო. ისეც კი შევატყვე, რომ ნათქვამიდან არაფერი იყო მართალი: თითონ რომ დინჯად ამბობდა, დაჭეშმარიტებით, მისი თვალები სულ სხვას მეუბნებოდნენ, მათში ათამაშებული გველი მაცთუნებელი. 
- იმისთვის ვაძლევ ღირებულებაზედ ბევრით მეტს და ფულს არა ვზოგავ, რომ ჩემთვის ძლიერ მარჯვეა და საჭირო ეს პატარა ადგილი: მინდა ლამაზი სასახლე ავაგო, ზევიდან დავამშვენო ჩვენი თბილისი. ესე მოზდილი ადგილი დამჭირდება, ამოდენა, - სთქვა პეტრემ. 
და ხელი ისე შემოავლო ჰაერში, ჩემი სახლიც მთლად შიგ მოჰყვა, თან დაკვირვებით შემომანათა მოუსვენრად მოთამაშე თვალები უქუთუთო. მოვუწონე განზრახვა. გულთმისნობაც შევუქე ფიქრში: ჩვენ, მე და ჩემს მაიკოს, ჯერ არაფერი გვეთქვა ჩვენი სახლის გაყიდვაზედ, არ გაგვემჟღავნებინა ეს დარდი ერთმანეთისათვის, მაგრამ უსიტყვოდაც დარწმუნებული ვიყავით, რა აუცილებელი იყო ეს ჩვენთვის ამისთანა გარემოებებში. თურმე ისიც გათვლილი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი სახლიც ამ ახალი ძალის ხელში გადავიდოდა. ალბათ მოგვაჯადოვა იმ კაცმა. თითონ ხომ მთლად დარწმუნებული იყო ყვითელი, რომ აისრულებდა წადილს. სანადიროდ გამოსულ გაგეშილ გველს ვერ დაუსხლტებოდა მიზანში ამოღებული ვერც ერთი მსხვერპლი. ფულით ძლიერ პეტრეს რა შეუშლიდა ხელს თავის სურვილის ასრულებაში. 
დამაღონა პეტრეს სიტყვებმა, თითქო შემთხვევით ნათქვამმა მისმა; არც თუ დამაღონა. მენანებოდა უკვე განწირული ჩემი სახლი; არც თუ მენანებოდა. სიტყვაც ხომ არ უთქვამს ცხადად, მხოლოდ მანიშნა. კარგი შემთხვევა იყო ჩემთვის: დიდ ფასს ავიღებდი და ნაღდად. გაყიდვა მაინც არ ამცდებოდა: ზევ-ზევით იწევდა ფასები ყველაფერზედ, მე კი საზრუნველი უფრო და უფრო მემატებოდა. 
* * * 
- ბაბალეანთ კიდეც დაუჭერიათ ბინა ანჩხატის უბანში. მიწის პირადა სდგას ოთახი, მაგრამ სანთიანი და ნათელი არისო. პეტრემ თურმე თითონ ითავა მთელი საქმის წარმოება. ბარგსაც მე გადაგიზიდინებო, შეჰპირებია. 
- რატომ! ცხენები ჰყავს და ეტლებიც აქვს, მადლიც იქნება დაეხმაროს. 
- იცი? კარგი კაცი მოჩანს ეგ პეტრე: ფულის მოგება რომ იცის, ხარჯვაც ეშხიანად სცოდნია. შეეძლო ერთიორად ნაკლებ ფასში ეყიდნა სახლი, მაგან კი დარდიმანდულად გადააპნია ფული. 
- მეც ეგრე მოვიქცეოდი. მაგისთანა შნო რომ მქონდეს ფულის მოგებისა. 
- შენ იზამდი, სხვა არა. რაც უფრო მდიდრდება კაცი, იმდენად უფრო ძუნწდება, კრიჟანგი ხდება, სისხლის მწოველი. 
- ჰაზრიანი კაცია პეტრე, მოხერხებული. ალბათ ეხლანდელ დროს აღარ შეჰშვენის ისეთი სიძუნწე; დრო თუ უთხრობს, ხერხივით გაჰქონდეს და გამოჰქონდეს კაცს, თავისაკენ ერთი ათად მეტი, რა საკვირველია. 
- ეგრე გგონია? 
- დარწმუნებული ვარ, რომ აქაც მაგისი გულუხვობა გაანგარიშებულია და გათვალისწინებული, თუმცა არ ვიცი, რა გზით და როგორ. 
- ძალიან ხელსაყრელად კი გაყიდეს ბაბალეანთ სახლი; სხვა მაგისთანა მუშტარს ვერ იშოვნიდნენ. 
დავრწმუნდი, ჩემს მაიკოსაც უიმედოდ მიაჩნდა სახლის შენარჩუნებაზე ზრუნვა, უსარგებლოდაც, რაკი ამისთანა შემთხვევა მოგვდგომოდა კარს. დავღონდი. გონება მეუბნებოდა, ნუღარ ეწინააღმდეგები მოსულ შემთხვევას, მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ისარგებლე, შენკენ გადახარე ბედის სასწორიო; გული არ ემორჩილებოდა ფიქრს, კვნესოდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ სურვილით შეძენილი ბინა ხელიდან უნდა გამეშვა. მაგრამ რა შუაში იყო აქ გრძნობა?! აღებ-მიცემა ხდებოდა ჩემთვის სასარგებლო და უნდა დავმორჩილებოდი ანგარიშს. 
დაღონებული შევყურებდი კლდეს. ჩაფიქრებული იდგა შუბლ-დაღარული. საუკუნო ფიქრს მოეცვა მისი გონება, სამარადისოს. იმ ჟამს ვეღარა ჰხედავდა უზარმაზარ ქალაქს, რომელს ტალღები შეერტყორცა მის ფერდობებზედ; ვერა გრძნობდა დაუდგრომელ ცხოვრების დენას, რომელიც დუღდა და გადმოდიოდა. მისთვის ჭიანჭველათა ბუდე თუ იყო ეს, სად ფუინი გაჰქონდა მწერს თვალთუჩინარს. 
- ნუ შეაშფოთებ, ჭიავ უმწეოვ, დიდებულ ბუმბერაზის ყოფას გარინდებულს, ნუ დაარღვევ მის ყუჩილს საუკუნოს! იცის ძლიერმა: მხარებს შებერტყავს ჟამითი-ჟამად, საუკუნეთა უწყვეტ დენაში, და მტვრად იქცევა მის კალთებზედ ნაგები ყველა, გრიგალის საზიდ კორიანტელად. არც ის იცოდა ეხლა ღრმად ჩაფიქრებულმა, რომ ყვავილნი იშლებოდნენ მის ახოვან მკერდზედ, სირნი ხარობდნენ, გველნი ავობდნენ, მხეცქმნილნი კაცნი ერთმანეთს სჭამდნენ. ეს ყველა სხლტებოდა სალ კლდეზე ღრმად ჩაფიქრებული ბუმბერაზისა. ვინ სცნას მისი ფიქრი საუკუნე?! ვინ განსჭვრიტოს რას ჰხედავს იგი თვის სიმაღლიდან, რა მომავალსა?! 
ძალიან ცხელოდა. თუმცა შემოდგომის დღე იყო. იცის: უკანასკნელად გაიბრძოლებს სიცხე და... შემოდგომის დღე ზაფხულისას გადააჭარბებს. ფრინველები ჯელგა-ჯელგა დანავარდობდნენ. ბარტყებიც მთლად დაზრდოდათ, დედა-ჩიტებში ვერ გამოარჩევდით. ხალისობდნენ ერთად, ქეიფობდნენ, ზეიმობდნენ თავისებურად. კლდის წავაკებული უეცრად აივსო ფრთოსან სტუმრებით: დაპურებულ ბალახს ეწვივნენ. მწარედ გამეღიმა: თითონვე მოდიან-მეთქი მტაცებელთან, ვინ იცის, მათში რომელია განწირული. 
დღეს დაიგვიანა მცურავმა. თუ ეძინა გესლიან სიბოროტეს მიუვალ ხვრელში; ან იქნება სიამოვნებდა მსხვერპლთა ჭიკჭიკით. მუსიკასავით შეესმოდა მათი ჟღივილი, ხორცთა მატკბობელ შეწყობილ ხმებად. საკვირველია: მწყინდა, რომ იგვიანებდა; გულს შემაკლდებოდა, თუ არ გამოსულიყო, ბოროტსაც ეჩვევა საცოდავი გული კაცისა. გამოვიდა. ყელი მაღლა აიღო, მიიხედ-მოიხედა. გააღო საშინელი პირი, ენა გაალავლავა ორკაპიანი. მყის გაეკრა სალს. მსწრაფლ გასრიალდა. პირდაპირ გადაეშვა და... საწყალი ჩიტუნები! ერთს რომ პირი სტაცა, მეორე ტანის ხლართში მოიყოლა, ანაზდად შეკრულ რგოლში ტანისა. მაგრა თუ შემოესალტა ბეჩავს, რომ პირს აღებდა, უძრავად შეჩერებული. გადანთქა ერთი, მერე მეორეც. აცურდა ზევით. მორთო სისინი. გაიშხლართა გახურებულ ფიქალზედ. თბებოდა, სტკბებოდა, ტანს აღელვებდა. 
საშინელი ჯავრი მომივიდა, ბრაზი უღონო. მზისა სინათლე და სითბო სანეტაროდ ამ გესლიანსა! სიცოცხლით სავსე ლამაზი არსნი გამოსაკვებლად დაუნდობელსა! ვინ სთქვა, ბოროტსა კეთილი დასძლევს, ბნელსა განდევნის ნათელთა სხივი?!.. რად შეივრდომე, კლდევ ფიქრიანო, ბნელის ნაშენი. 
- რაღა ძალიან ჩაფიქრებულხარ, გადაწყვიტე და გაათავე! - მომესმა პეტრეს ხმა და გამომარკვია. 
ვიცოდი რაზედ მეტყოდა მეზობელი; ვგრძნობდი, აუცილებელი იყო მისი ნება, ბედისწერასავით შეუმართებელი, და მორჩილად ვუპასუხე: 
- კარგი! ადრე თუ გვიან ხომ უნდა შეველიო ამ მამულს და რაღად გაუშვა მარჯვე შემთხვევა?! 
- იმისთვის გეუბნები, ჩემო გობრონ, რომ სხვაგან უნდა წავიდე კარგახნობით და ბარემ გაგითავებთ საქმეს ბაბალესაც, შენც. რახან ვაკეთებ საქმეს, მინდა საფუძვლიანად გავაკეთო, ფართოდ გავწიო. ფასი? 
- რა უთხრა? იცი, რაც დამიჯდა ეს მამული და ეხლა ხომ ფული ერთი ხუთად იაფია. 
- ერთი ათად და მეტადაც, ჩემო კარგო! ვიფიქრე მაგაზედაც და აი ჩემი ფასი. დამტკიცებაზე და საქმის წარმოებაზე ხარჯი სულ ჩემია. ბაბალეანთაც ვუთხარი მათი სახლის ფასი. თქვენ მარტო ხელს მოაწერთ. ფულს ეხლავე გაბარებთ ნაღდათ. სიტყვას დავაგდებ, ბარგი გადაგიზიდონ ჩემმა ბიჭებმა. ისეთი თანხა დამისახელა, მე თავის დღეში ვერ გავბედავდი, იმდენი მომეთხოვნა. ჩემი მაიკოც კარებში იდგა. მარჯვენა ხელი ყბაზე მიედვა, მარცხენაზე ნიდაყვი დაეყრდნო და ისე გვიყურებდა დაფიქრებული. დავთანხმდით. რა გვეთქმოდა?! 
ერთის დაკვრით მოგვსპო, ჭრელმა პეტრემ ჩვენ და ბაბალეანი. როგორც ყვითელმა გველმა წყვილი ჩიტუნა. რა ლბილად! რა ძლიერად! კმაყოფილი წავიდა სოვდაგარი თავის სახლისაკენ, ნელ-ნელა მიცურავდა ტანის ოდნავ ხლაკვნით. 
- ცხოვრების ტაბლა მაგათი არის, ყვითელი გველისა - ჭრელი პეტრესი! - მომესმა მკვეთრად. 
მეც ესე ვფიქრობდი. 
გონების სარკემ უეცრად დამისახა ბალღობისას ნანახი სურათი: 
ცხელოდა საშინლად. ცამოწმენდილზე გაჩნდა ფრთაწათეთრო ღრუბელი გულშავი. ანაზდად გადაეფინა კაშკაშ ლაჟვარდსა; კაკლის ტოლა სეტყვა წამოვიდა. ყინვის გულა ხტოდა, ცეკვავდა ხმელ ნიადაგზე. ქარბუქი, ღვარი. არემარე თან წამოიღო. გადიდარა. გორის ძირას ზვინი დამდგარიყო ღვარის ნაზიდი ქვიშისა, თუ ქვის ნალეწისა და მის ნაშალში უზარმაზარი გველი გაშხლართული, ამობრუნებული. სეტყვამ თუ მოასწრო და ჩააქვავა, ღვარმა თუ ზიდა გესლით აღსავსე. 
- ჭრელსა პეტრესაც, იმ ყვითელ გველსაც ღვარი მოუსპობს ყოფას გესლიანს, ღვართქაფის ძალა, ხალხთა ტალღები! 
- ვინ იცის, ვინა?! 

1919წ.