Litclub.ge

პროვინციური გაზაფხული
ცვალებადია დრო და ალაგი.
ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი, ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.
ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.
აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.
რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.
ცაზე ჰკიდია მზე-მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.
სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.