Litclub.ge

უღირსი სიკვდილი
არაფერი აღარ დამჩრა,
ყველა იმედი გადაწურულია,
განსაკუთრებით, ბოლო,
გასაქცევი გზა _ გადაკეტილი
მანქანების ნიშნით.
_ ბატონო პოლიციელებო, გამატარეთ,
მე ხომ ფეხით მოსიარულე ვარ!
ჩემი წინაპრები ღვინის ჭიქებს ჭამდნენ,
რუსთაველური სილამაზისთვის,
(ლალი და ბროლი),
მე _ ლამპის შუშებს და მანქანების შლეიფებს,
კანცეროგენის მისაღებად,
ჰოდა, გამიშვით, ცოტა ხნით
დავემალო სიკვდილს!
წონით კი არ ჩავაბარო
ხორცი და ძვალი,
ე. წ. სიკვდილის სარეცელზე,
არამედ მანქანა დამეჯახოს,
ან ხეს შევასკდე
და ჩვეულებრივ მუშა ტვინში
ტანჯვის ადგილი გამინათდეს!
ოხრად დარჩეს ამ დღისთვის ნაყიდი
მაქმანებიანი თეთრეული!
_ იმის ნაცვლად, რომ
ღირსეულად მომკვდარიყო,
შპრიცების შარავანდედით თავზე,
აგონიის ზღარბებით ყელში,
ძაღლივით წავიდა სახლიდან
უკმაყოფილოა რომელიღაც გარე ბიძაშვილი,
ყვავი ჩხიკვის მამიდა,
ზეპირი მორალიტეებით
განთქმული ნათესაობაში...