Litclub.ge

ქართულის გაკვეთილები
მე პირველად მაშინ მივხვდი,
რომ მიყვარს სიტყვა,
როცა გრამატიკის გაკვეთილზე
მას შემოაცალეს აზრის და რითმის სამოსელი,
მოკვეცეს ზარივით აჟღერებული თმა,
ქინძისთავებით მიამაგრეს დაფას
და დაუწყეს დაქუცმაცება,
არა იმიტომ, რომ რამე ტკიოდა და ეშველათ,
არამედ ჩვენთვის რომ ესწავლებინათ ანატომია,
რომელიც მე ვერასოდეს ვერ ვისწავლე,
რადგან მიყვარს ხმოვნების ღიაობა,
ძალიან ღრმა, მაგრამ არა ორმო,
არამედ გაოცებული ბავშვის პირი
და უცაბედი თანხმოვანით გადარაზული ტუჩები,
თითქოს მუსიკის გამცემი სახლის
ფანჯარა ჩაკეტეს.
პირველი გრძნობა _ გაბრაზება _ რატომ ჩაკეტეს!
მერე კი: _ ვინ იცის, იქნებ ქვას ესროდნენ...
როცა მე ლოცვასავით ვიმეორებდი:
`ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი,
ხოლო მცხოვრებნი დამღიერებულნი და
ჩარადოვანნი~.
ბრაზობდნენ ჩემზე,
რადგან იმის ნაცვლად, რომ სნეული ადამიანები შემბრალებოდა,
ჩემი გაუწაფავი გონება შესძრა მუსიკამ,
აზრით გატენილი, დიდი, რახიტული თავი
კი მერე შემეხო...
მე სულ დედააზრის პოვნას მასწავლიდნენ.
მაგრამ რა მექნა, როცა უკეთურ სიტყვებში
`დამღიერებულნი და ჩარადოვანნი~
დედა-ზარი რეკავდა
ჟანგისფერი
და მოლაპარაკე ჩიტივით ენააცრილი...
და მე ნორმალური, თანამედროვე ბავშვი
ვცდილობდი ამეხსნა უფროსებისთვის:
_ ამ სიტყვებში ორღანია ჩამონტაჟებული
წითელი პრიალა ატლასიდან ამოზრდილი
ათასი ხე ბროწეულის...
(გარეთ ატლასი, შიგნით-ათასი)
ვერ გამიგეს, მხოლოდ ანდაზა ეცნოთ.
რადგან მათ მეხუთე საუკუნისგან
უპიროვნო და უხორცო სივრცე აშორებდათ,
მე კი ვგრძნობდი, რომ სივრცესაც აქვს სისხლი,
ყაყაჩოებიანი მინდორი რომ 
წარმოიდგინო თოვლზე,
ოღონდ მინდორი რომ გამოაცალო
და ყაყაჩოები დატოვო _ 
მარწუხებით დაგლეჯილი ფრჩხილები თოვლზე
პატარა ბიჭის აბოსი,
რომელიც მე შვილად მეკუთვნის, _ 
თუ მე ვეკუთვნი მას უმწიფარ შეგირდად,
რადგან ლერწამივით ვირყევი ორ სიტყვას შორის,
ის კი მასწავლის მარტვილობის ხელოვნებას,
სიტყვების თანხვედრაც ისეთივე ძნელია,
როგორც ორი, ერთმანეთის მაძებარი ადამიანის...
და თუ ეს მოხდა, ასე მგონია,
შუაღამის ბნელ და ცარიელ ქუჩაში
სახლს მივაგენი _ 
განათებულს, ფანჯრებდაღებულს, მუსიკის გამცემს...