მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,
მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;
მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით
მოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნიავით,
და მომდინარე ხან ზვირთთცემით, ხან ნელად მტკვარი,
მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!
ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა გარე
ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.
აქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი
პირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,
და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,
ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.
თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,
როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა. —
”სთქვი რამ”, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,
”თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!”
ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაიღიღინებს
გულის საკვდავად და თან და თან ყელს მოიღერებს.
ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები
არა აშლოდეს, ჩვენსა ქალსა — ტრფობის ჭირები!
უეცრად მათში დავინახე თეთრკაბიანი
და მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.
არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?
სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!
ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,
მას აქეთ თვალი ვეღარ მოჰვკარ და ახლა ერთი
სდგას აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,
ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!
თვალი შემასწრა მან ამ დროს მე და შემომცინა;
ამან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინა
და ასე ვუთხარ: ”ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად
სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!”
”გმადლობთ, მითხრა მან, რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:
ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ”.
”დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები
ვერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”
ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,
ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა
და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,
რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.
ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი — თვალსა!
1836 წ.