Litclub.ge

თბილისის თოვლი
თოვლში თბილისი უტურფესია,     
ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები,
მთებზე ვარდები დამითესია,        
თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.  
  
მთებზე მფრინავი ფანტელებია,    
მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები,   
ხევში გალობით გამთენებია          
და მთებს კვამლივით თავზე ვევლები.
 
მეწვის ვერაზე სულის საკმელი,    
შენი მშვენების გავხდი მოწამე.     
შენი ფიქრი და შენი საქმენი          
გულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.
 
ისანში ღვინო არ მითხოვია,            
მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები.     
თბილისის მთებზე დაუთოვია,     
თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.                                          
მაინც თბილია შენი კალთები,     
საგზლით ივსება გულის კალათი,
შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრები
და ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.
 
ჩემი სისხლია თოვლში ჩაღვრილი,
მაინც თეთრია თოვლის ფიფქები.
შენი ყელი ვარ, შენი საყვირი      
და შენი ფესვიც მალე ვიქნები.