Litclub.ge

ანტონიოსი და კლეოპატრა
მოქმედება პირველი


სურათი 1



ალექსანდრია. ოთახი კლეოპატრას სასახლეში.



(შემოდიან დემეტრიოს და ფილო)



ფილო

ეს ტრფიალებით გადარევა ჩვენის სარდლისა

მეტისმეტია. იმ ბრწყინვალე თავლებით იგი,

რანიც საომრად დარაზმულის ჯარის წინაშრ

ელავდენენ ხოლმე, ვით შევერცხლილ მარეხის თვალნი,

ეხლა შეჰხარის და შესცქნავის შავტუხა სახეს.

თვითონ გულმაც კი, რომელიც მას ცხარე ბრძოლის დროს

უწყვეტდა ღილებს მხარ-მკერდზედა მედგარი ძგერით, -

ამ დიდებულის სარდლის გულმა თავის ბუნება

დასტოვა მისთვის, რომ საბერვლად, მარაოდ იქცეს

და ვნებათაღელვა გაუგრილოს ბოშის დედაკაცს.

(საყვირის ხმა)

აგერ მოდიან. ყური უგდე და შენც შეამჩნევ,

თუ ვით მესამე დედაბოძი მტელის ქვეყნისა

თავის მასხარად გაუხდია მაგ უნამუსოს.


(შემოდიან ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთი ამალოთ.

საჭურისნი მარაოებით უგრილებენ).



კლეოპატრა

მართლა გიყვარვარ? რაოდენად, ისიც მითხარი.

ანტონიოს

ნამდვილ სიყვარულს ანგარიში როდი შეჰფერის.

კლეოპატრა

მაინც სამზღვარი მსურს ვიცოდე მაგ სიყვარულის.

ანტონიოს

სამზღვრად მონახე მაშ სხვა ზეცა, სხვა დედამიწა.

(შემოდის ერთი მხლებელი)

მხლებელი

ამბავი გახლავს რომიდანა, ბატონო ჩემო.

ანტონიოს

რა დროს ეგ იყო!... ბარემ გეთქვა.

კლეოპატრა

გთხოვ მოუსმინო.

ვინ იცის, ეგებ ფულვიაა გაჯავრებული,

ან კეისარი ახლად წვერ-ულვაშ-აშლილი

გიგზავნის მძლავრად თვის ბრძანებას:''მოიქეც ასე, 

ეს სახელმწიფო დაიპყარ, მას ანებე თავი 

და თუ ამას არ შეასრულებ, სასჯელში მიგცემთ''. 

ანტონიოს 

სატრფოვ,რას ამბობ?

კლეოპატრა ან იქნება... რაღა ''იქნება''

უთუოდ ასე უნდა იყოს :გადაგაყენა 

კეისარმა შენ, აღარა გაქვს აქ ყოფნის ნება.-

უნდა მათ სწორედ მოუსმინო... აბა ფულვიას 

ბრძანება ვნნახო... კეისრისა მინდოდა მეთქვა; 

ან თუნდ ორივე მაჩვენეაქ. უთხარ, შიკრიკნი 

წარმოგიდგინონ.-ანტონიოს, გაწითლდი კიდეც?!

როგორც ამჟამად დედოფალი ვარ ეგვიპტისა, 

ისე მე ამას სწორეს ვამბობ. მაინც მორჩილი 

სისხლით და ხორცით ხარ კეისრის და მხოლოდ მაშინ

წითლდები კიდევ, როს აშარი ფულვია გლანძღავს. 

უხმე შიკრიკთა.

ანტონიოს

დეე, რომი ტიბრმა წალეკოს

და ძირს დაემხოს ამ ძლიერის სახელმწიფოის

ვრცელი კამარა. მა აქ ვარ და აქ მსურს ყოფნა. 

მტვერნი არიან სამეფონი და მიწის ჭუჭყი

კაცსაც, პირუტყვსაც ასაზრდოებს ყველას თანაბრად;

დიდებულებით ცხოვრება აი რას ჰქვიან:

(მოეხვევა კლეოპატრას)

ორი არსება ამისთანა როს ჩავხუტულვართ,

მთელ ცისქვეშეთსა მოვიმოწმებ, მართალი მითხრანმ,

თუ სადმე ნახვენ დედამიწის ზურგზედ ჩვენს ბადალს.

კლეოპატრა

რა კარგად სცრუობ! მაშ ფულვია არ გყვარებია

ცოლად შერთვის ჟამს. ნუ გგონივარ ნურც აგრე სუსტი,

როგორცა ვჩანვარ; ანტონიოსს ვერა რა შესცვლის...

ანტონიოს 

დიაღ, ოღონდაც, კლეოპატრას ტრფიალის მეტი. 

კმარა. გაფიცებ სიყვარულის ძალას, მის ტკბილ წამით,

ნუ გავიმწარებთ სიცოცხლესა ამ ტუქსვა-კილვით,

ყოველ წუთისთვის მოვნახოთ რამ სიმოვნება:

რით გავატარო ამაღამ დრო? 

კლეოპატრა

ელჩთ მოუსმინე. 

ანტონიოს

უჰ, გელიანო დედოფალო! შენ ყველა გშვენის:

იცინი, სტირი სტუქსავ ვისმე, ყოველი ვნება

მშვენიერდება გასაოცრად შენში შენითვე;

შენგან მივიღებ მხოლოდ ელჩსა, მე სხვა არ მინდა.

წამო, წავიდეთ ქუჩა-ქუჩა დავვლოთ ამაღამ

და დავუკვირდეთ დაბალ ხალხის ცხოვრებას;

წუხელის ასე ისურვე შენ, ჩემო ხელმწიფევ.

შიკრიკებზედ კრინტს ნუღარ დასძრავთ. 

(ანტონიოს და კლეოპატრა თავიანთ ამალით გადიან)

დემეტრიოს

ასე სცემს პატივს

ანტონიოსი კეისარსა? 

ფილო

ხანდიხან, როცა

ჰკარგავს თავის სახეს, ჰკარგავს ხოლმე იმის სამტკიცესაც, 

რაც ანტონიოსს აროდეს არ უნდა გაშორდეს.

დემეტრიოს

ვწუხვარ მე დიდად, რომ მეჭორეთ სიტყვას ამართლებს,

რომლნიც რომში ავრცელებდნენ სწორედ მაგ ხმებსა.

ხვალ უკეთესის იმედი მაქვს. მშვიდობით იყავ.

(გადიან).


სურათი 2

იგივე ქალაქი. სხვ ოთახი კლეოპატრას სასახლეში.

(შემოდიან ქრმიანა, ირას ალექსას და მკითხავი)

ქარმიანა

ბატონო ალექსას, ჩემო ტკბილო, ჩემო ყველავ, ჩემო სწორუპოვარო ალექსას! აბა, სად არის ის მკითხავი, დედოფალს რომ ისე ძლიერ უქებდი? ოჰ, როგორ მინდა შევიტყო, მეუღლედ ვინ მეყოლება და, შენის თქმისა არ იყოს, ყვავილებით თავს ვინ დაიმშვენებს. 


ალექსას

ბატონო ალექსას, ჩემო ტკბილო, ჩემო ყველავ, ჩემო სწორუპოვარო ალექსას! აბა, სად არის ის მკითხავი, დედოფალს რომ ისე ძლიერ უქებდი? ოჰ როგრო მინდა შევიტყო, მეუღლედ ვინ მეყოლება და, შენის თქმისა არ იყოს, ყვავილებით თავის რქებს ვინ დაიმშვენებს.

ალექსას

ეი, მკითხავო!

მკითხავი

რა გნებავს?

ქარმიანა

მაშ ეს არის? შენა ხარ, ძმაო, გულთმისანი?

მკითხავი

ცოტა ვკითხულობ საიდუმლოს მე ბედის წიგნში.

ალექსას

აბა, აჩვენე ხელისგული.

(შემოდის ენობარბოს).

ენობარბოს

მიართვით ჩქარა, ნუღარ უყურებთ! საჭმელებიც და ღვინოც ბლომად, რომ კლეოპატრას სადღეგრძელო უხვად დალიონ.

ქარმიანა

აბა, ეცადე, კარგი ბედი მომცე.

მკითხავი

მე არავის რას ვაძლევ, მე მხოლოდ ვმკითხაობ.

ქარმიანა 

მაშ მიკითხე.

მკითხავი

შენ ეხლანდელზედ მეტად გალამაზდები.

ქარმიანა

როგორ, ხორცი მომემატება?

ირას

არა, როცა დაბერდები, ფერ-უმარილით თხუპვნას მოჰყვები.

ქარმიანა 

ღმერთო, დამიფარე სახის დაღმეჭვისაგან.

ალექსას

ნუ აწვალებთ, ყური უგდეთ.

მკითხავი

უფრი შენ შეიყვარებ, სანამ შენ შეგიყვარებენ.

ქარმიანა

რაკი აგრეა, იმდენსა ვსვამ, რომ ნაღველი გამისკდეს.

ალექსას

დაიცადე, სთქვას.

ქარმიანა 

კარგი მითხარ რამე: აი, თუნდ ერთ დილას სამი ხელმწიფე შემრთე და სამივეზედ დამაქვრივე; ორმოც და ათი წლისას იმისთანა შვილკი მაყოლე, რომელსაც ებრაელთ მეფე იროდიც კი თაყვანსა სცემდეს. ოქტავიოს კეისარს მომათხოვე და ჩემი ქალბატონის მეგობრად გამხადე.

მკითხავი

შენ შენს ქალბატონზედ მეტს იციცხლებ.

ქარმიანა

ძალიან კარგი, მე სიცოცხლეს ლეღვზედაც კი არ გავცვლი.

მკითხავი

შენი მომავალი ბედი წარსულზედ უარესი იქნება.

ქარმიანა

მაშ ნეტა უშვილოდ გადავეგო. ბარემ ისიც მითხარ, რამდენი ვაჟი მეყოლება და რამდენი ქალი?

მკითხავი

თუ დარგვალდება თვითეული სურვილი შენი და ნაყოფს მოგცემს, მილიონი კიდევ ცოტაა.

ქარმიანა

დაიკარგე, სულელო! კუდიანი რომ არ იყო, ამას არ გაპატიებდი.

ალექსას

გეგონა, მარტო შენმა ლოგინმა იცოდა შენი ჟინის ამბები?!

ქარმიანა

კარგი აბა, ახლა ირას უკითხე.

ალექსას

ყველას გვინდა ჩვენი ბედის შეტყობა.

ენობარბოს

ჩემი და ბევრი ჩემისთანას ბედი ამაღამ ის იქნება, რომ ღვინოში თავი ჩავიხრჩოთ.

ირას

აი ეს ხელისგული ქალწულებასა ნიშნავს, სხვა კი არ ვიცი რასა.

ქარმიანა

როგორც მოდიდებული ნილოსში შიმშილობას.

ირას

წადი, უნამუსო, მკითხაობისა შენ რა გეყურება!

ქარმიანა

თუ სველი ხელისგული ნაყოფიერებას არა ნიშნავს, მაშინ მართლა არა მცოდნია-რა. გეთაყვა, ამას უბრალო რაამ ბედი გამოუძებნე.

მკითხავი

თქვენ ორივეს ბედი ერთნაირია.

ირას

როგორ, განსხვავება სულ არა არის-რა?

მკითხავი

რაცა ვთქვი, ვთქვი.

ირას

ერთი გოჯით მაინც მაგაზე ბედნიერი არა ვარ?

ქარმიანა

მართლაც რომ ერთი გიჯით იყო ჩემზედ ბედნიერი, სად მოათავსებდი მაგ გოჯსა?

  ირას

რასაკვირველი, არა ჩემის ქმრის ცხვირში.

ქარმიანა

ღმერთო, გვაშორე ცუდ ფიქრებს! - აბა ეხლა ალექსასს უკითხე, ამის ბედი შევიტყოთ. - ტკბილო იზიდავ! შენ შეჰყარე მას ცოლად კუტი-საპყარი; ის მოუკალ და მერე უარესს შეახვედრე, ყ=უარესს უარესი მოჰყვეს და ყველაზე უხეირომ გააცილეს ეგ ხითხითით საფლავამდე ორმოცდაათჯერ რქებგამობმული. კეთილო იზიდავ, ოღონდ ეს შემისმინე და სხვა უფრო საჭირო თხოვნაზე თუნდ უარი თქვი, გევედრები, კარგო იზიდავ!

ირას

ამინ! მოწყალე ღმერთავ, შეისმინე ჩვენი თხოვნა. თუ ცოდოა, რომ კარდ კაცს ცუდი ცოლი ჰყავდეს, ის უფრო სამწუხარო იქნება, წუწკი ქმარი რქებგამობმელი დარჩეს. სამართალი ჯქმენ, იზიდავ, და ეს ისე დააჯილდოვე.

ქარმიანა

ამინ.

ალექსას

ერთი შეჰხედეთ! ამათ ხელში რომ ვიყო, სულ მთლად გაუნამუსდებოდნენ, ოღონდ ჩემზე რქები ენახათ.

ენობარბოს

ჩუმად იყავით! ანტონიოსი აქ მობრძანდება.

ქარმიანა

დედოფალია და არა ის.

(შემოდის კლეოპატრა) 

კლეოპატრა

ანტონიოსი ხომ არ გინახავთ?

ენობარბოს

არ გვინახავს.

კლეოპატრა

აქ არ ყოფილა?

ქარმიანა

არა ხელმწიფევ.

კლეოპატრა

მხიარულად იყო, მაგრამ იმ რომის ამბავმა შეაშფოთა. - შენ, ენობარბოს...

ენობარბოს

ჩემო ხელმწიფევ!

კლეოპატრა

იპოვე და სთხოვე, მობრძანდეს. - ალექსას!

ალექსას

აი, აქ გახლავარ. აგერ თვით იგიც.

კლეოპატრა

მის ნახვა არ მსურს. თან წამომყევი.

(გადიან. შემოდის ანტონიოს და შიკრიკი და მხლებელნი მოსდევენ).

შიკრიკი

შენი მეუღლე გამოვიდა საომარ ველზედ.

ანტონიოს

როგორ, ჩემი ძმის, ლუციოსის წინააღმდეგა?

შიკრიკი

დიაღ, მაგრამ კი მალე ბოლო მოეღო იმ ომს და შერიგება მოჰყვა მტრობას. მაშინ დეერთნენ, კეისარს ომი აუტეხეს, დამარცხდნენ პირველს შეხვედრაზედვე და ძლეულნი იტალიიიდან განდევნილ იქნენ.

ანტონიოსი

სხვა უარესს კიდე რას იტყვი?

შიკრიკი

ცუდი ამბავი ცუდად სახავს თვით მოამბესაც.

ანტონიოსი

დიაღ, სულელის, ნ ლაჩრის თვალში, მაგრამ მე არ შევუდრკები მას, რაც მიხდა, რაც მომცა ბედმა. მართლის მომტხრობელს, თუნდ სიკვდილი ეკეროს ენას ისე მოვუსმენ, როგროც ქების პირმოთნედ შემსხმელს.

შიკრიკი

ლაბიენოსმა, - უარესის ამბიდან დავიწყებ – პართიელ ჯართა დახმარებით მთელი ზია ევფრატის წყლამდე დაიჭირა; მისი დრიშანი ძლევამოსილნი სირიას თავს დაჰფრიალებენ, ლიდიის ქვეყნებს, იონიას, იმ დროს, როდესაც....

ანტონიოს

ანტონიოსი, გსურდა გეთქვა.....

შიკრიკი

ბატონი ჩემო.

ანტონიოს

ნუღარ დამალავ, ხალხის ენას ნუ მოხდი ბოდიშს, და რასაც რომში კლეოპატრას სახელსა სდებენ, იგივ უწოდე; გაილანძღე ფულვიას ენით და თავისუფლად ჩემნი ნაკლნი გაჰკიცხე მკაცრად, ისე ვით რისხვას და სიმართლეს ამის ნება აქვთ. როს მივყუჩდებით, ღვარძლი მიგვაქვს მხოლოდ ნაყოფად წა, დაისვენე პატარა ხანს.

შიკრიკი

შენი ნებაა. (გადის)

ანტონიოს 

სიკიონიდან რაღა იცით, ისიც მითხარით.

პირველი მხლებელი

სიკიონიდან რომელი ხართ?

მეორე მხლებელი

აქ გახლავს, ელის შენს ბრძანებას.

ანტონიოს

დაუძახეთ! არა, უთუოდ დამსხვრევა უნდა ამ ეგვიპტის მაგარ ბორკილებს, თორემ მომიდნობს ტრფიალება სულით ხორცამდე. - (შემოდის სხვა შიკრიკი)

შენ რაღას იტყვი?

მეორე შიკრიკი

შენი ცოლი გარდაიცვალა.

ანტონიოს

სად მოხდა ეგე?

მეორე შიკრიკი

სიკიონში. აი აქედან შეიტყობ ყველას, რის გაგებაც საჭირო არისდა ან რით იყო იგი ავად. (წერილს აძლევს)

ანტონიოსი

კარგია, წადი. - რა დიდებული სული თვის გვამს განშორებია! მე კი ვნატრობდი ამ ამბავსა. ხშირად მოხდება, რომ დაბრუნდება გვწადის ჩვენგან უართქმულისვე და სიხარული მეტისმეტად აღტყინებული აქარწყლებს თვითვე თვის ბუნებას. რაკი მომშორდა, ძვირფას ქმნილებად გადაიქცა იგი აწ ჩემთვის და სიციცხლეს მას სიხარულით დავუბრუნდები. თუ რომ ამ გრძნეულ დედოფალსა არ გავეყარე, ეს უსაქმობა ათასს ბოროტს შემამათხვევს კიდევ, ჩემთვის ჯერ უცნობს და უხილავს. - ჰე, ენობარბოს.

(შემოდის ენობარბოს)

ენობარბოს

რა გნებავს, ბატონო ჩემო?

ანტონიოს

მინდა საჩქაროდ აქედან წავიდე.

ენობარბოს

მაშ აქაურ ქალებს ბარემ ყელები დავჭრათ. ცოტა რომ გულგრილად მოვექცეთ, თავს იკვლენ და ჩვენი წასვლა ხომ ერთიანად ამოჰხოცავს.

ანტონიოს

უნდა წავიდე-მეთქი.

ენობარბოს

თუ მართლა წასვლა საჭიროა, რა ვუყოთ, დაიხოცნონ, მაგრამ უბრალო საქმისათვის კი ნუ გავწირავთ, ცოდონი არიან. ესეც კი მართალია, რომ ცოტა მძიმე საქმესთან შედარებით დედაკაცი უბრალო რამ არის. კლეოპატრა, ყურს მოკრავს თუ არა ამ ამბავს, მაშინვე სულს დალევს. მე ბევრჯერ მინხავს მკვდარი ბევრად უფრო მცირე მიზეზით. თითქო სიკვდილში რაღაც ცხოველი ძალაა და ამ ძალას ტრფიალით ეარშიყებაო, ისე ეხალისება სიცოცხლესთან გამოსალმება.

ანტონიოს

ენით აუწერელი თვალთმქცია.

ენობარბოს

არა, ბატონო. ყოველი ვნება მასში ნამდვილი სიყვარულის წმინდა ნაწილია. იმის ოხვრასა და ცრემლს ოხვრა და ცრემლი არ უნდა ერქვას: ეს არის საშინელი ადარი და უძლიერესი ქარიშხალი, რომლისთანა კედლებშიაც არა სწერია. ეს თვალთმაქცობა არ არის და თუ არის, იგი იუპიტერისა მზგავსებია და წვიმა-ავდარი იმის ხელთა ყოფილა.

ანტონიოს 

ნეტავი ჩემს დღეში მე ის არ მენახა.

ენობარბოს

მაშ უუსაკვირვლეს ქმნილებას ვერა ნახავდი, ვერ დასტკბებოდი მასთან ყოფნით და შენი მოგზაურობაც ფუჭი იქნებოდა.

ანტონიოს 

ფულვია მომკვდარა.

ენობარბოს

ბატონო ჩემო!

ანტონიოს 

ფულვია მომკვდარა-მეთქი

ენობარბოს

ფულვია?!

ანტონიოს

ჰო, მომკვდარა.

ენობარბოს

ღმერთებს მაშ მადლობის მსხვერპლი შესწირე. როცა ისინი კცს ცოლს ართმევენ, ნუგეშად მკერვლებზე მიუთითებენ ხოლმე. მკერვლებს გაცვეთილი ტანისამოსის მაგივრად ახლის შეკერვა შეუძლიათ. ფულვიას გარდა რომ ქვეყანაზე დედაკაცი არ იყოს, მაშინ დიდი დანაკარგი იქნეოდა და გლოვა-ტირილიც გმართებდა. ეხლა კი მწუხარებას ნუგეში აგვირგვინებს. ქალის ძველი პერანგისაგან ახალი ქვედატანი გამოაჭრევინე და მაგ დარდის გასაქარვებელი ცრემლები ერთ თაცვ ხახვში მონახე.

ანტონიოს 

მისგან დაწყებული საქმე ჩემს იქ ყოფასა თხოულობს.

ენობარბოს

და შენგან აქ დაწყებული საქმე უფრო არა თხოულობს შემს აქ ყოფასა, მეტადრე კლეოპატრას საქმე, რომელიც უშენოდ არ გარიგდება!

ანტონიოს

დაეხსენ მსუბუქ ლპარაკსა. შეატყობინონ ჩვენი განზრახვა ჩვენს ოფიცრებს. მე თვით ავუხსნი დედოფალს ეხლა წასვლის მიზეზს და ნებას ვთხოვ. მე ძალას მატანს არა მარტო ცოლის სიკვდილი, არამედ იგიც, რომ წერილებით ბევრნი ჩემნი დარბაისელნი მეგობარნი რომს მიმიწვევენ. სექტ პომპეოსი შემბია თურმე კეისარსა ზღვებს მთლიანად მფლობელობს და ჩვენი ხალხიც ჩვეულებრივ დაუდგრომელი ღირსეულ კასა სიკვდილს შემდეგ აფასებს ხოლმე და ეხლაც დადის პომპეოსის პატივ-ღირსება შვილზედ გადმოაქვს. ამ სახელით გაამაყებულს მაღლა უჭიეავს თურმე თავი, ვით პირველ სარდალს და, თუ დროზე არ შევაჩერეთ, ქვეყნიერებას შიში მოელის. მრავალი რამ მომხდარა კდევ, რაც ცხენის ძუის მზგავსად თურმე მოძრაობს მხოლოდ და გველივით კი ჯერ ვერ შხამავს. უთხარი-მეთქი ჩემთა ხელქვეითთ, რომ წასვლა მსურს.

ენობარბოს

ეხლავ, ბატონო.

(გადიან)





სურათი 3

იგივე ქლაქი, სხვა ოთახი კლეოპატრას სასახლეში.

(შემოდიან კლეოპატრა, ქარმიანა, ირას და ალექსას).

კლეოპატრა

სად არის იგი?

ქარმიანა

მე მას უკან აღარ მინხავს.

კლეოპატრა

წადი, მოსძებნე, ისიც ნახე, ვინ არის მასთან, ან რას აკეთებს. ეს იცოდე, მე როდი გგზავნი. თუ მოწყენილი იყოს, უთხარ, რომ მე ვცეკვაობ, თუ მხიარული, შეიქმნა-თქო უცებ ავადა. წადი და ისევ მალე მოდი. (ალექსას გადის).

ქარმიანა

ბატონო ჩემო, თუ მართლა გიყვარს და ისიც გსურს, იმას უყვარდე, აგრე არ უნდა ეპყრობოდე.

კლეოპატრა

მაშ რა უნდა ვქმნა და არ ჩავდივარ?

ქარმიანა 

ნუ უხდები წინააღმდეგი, თავი ანებე, რაც უნდა ჰქმნას.

კლეოპატრა

ეგ სულელური რჩევაა სწორედ, აგრე ქცევით ხომ სულ დავკარგე.

ქარმიანა

მოთმინებას ნუ გამოულევ, შენ თვით ითმინე; რაც კი გვაშიკნებს, ხშირად ბოლოს გვძულდება ხოლმე. აგერ თვით იგიც.

კლეოპატრა

შეუძლოდ ვარ, დარდი მომაწვა.

(შემოდის ანტონიოს)

ანტონიოს 

არ ვიცი, როგრო მოვახერხო, ვით გავუმჯღავნო.

კლოპატრა

ოჰ, ქარმიანა, მიშველე რამ, ლამის წავიქცე, ვერა ბუნება ვერ გაუძლებს ამდენ გასაჭირს.

ანტონიოს

ცემო ძვირფასო დედოფალო!

კლეოპატრა

ახლო ნუ მოხვალ!

ანტონიოს 

რაო, რა იყო?

კლეოპატრა

გატყობ, გატყობ, თვალებში გატყობ, კარგი ამბავი რამ მოგსვლია. რას გწერს ცოლი ქმარს? უნდა წახვიდე. ოჰ, ნეტავი აქ მოსვლის ნება შენთვის არასდროს არ მოეცა! ნუ ათქმევინებ, ვითომ აქ გიჭერ, აბა მაგის ძალა სადა მაქვს, შენ იმის ხარ, მთლად იმისი!

ანტონიოს

ღმერთთა იციან......

კლეოპატრა

ამ სახით არც ერთ დედოფლისათვის არ უმუხთლიათ, მგრამ პირველშივ მე ღალატსა ცხადად გატყობდიჯ.

ანტონიოს 

ოჰ, კლეოპატრა!

კლეოპატრა

არა, სიდან წარმოვიდგინე, ჩემი ერთგული იქნებოდი, თუნდ თვითონ ღმერთნი საშინელ ფიცით შეგეყრია მათ ტრაპეზებზედ! შენ არ უმტყუნე ფალვიასა? უჭკოობაა, კაცი გაებას იმ ფიცის და აღთქმის ბადეში, რაიც იშლება და იბნევა წარმოთქმის უმალ!

ანტონიოს

სულზე უტკბესო დედოფალო! 

კლეოპატრა 

მიზეზს რად ეძებ, წადი პირდაპირ, რისთვის ხარჯავ უბრალოდ სიტყვებს? ეგ მაშინ იყო საჭირო, როს ითხოვდი ნებას აქ დარჩენისას. ოჰ, მაშინ ხომ ციური ნიჭი ამოძრავებდა ყოველ ჩემ ნაკვთს, ჩემ ტუჩ-თვალებში ისახებოდა საუკუნო ცხოვრების ხატი და ნეტარები თ დაჰხაროდი ამ მოხრილ წარბებს. მე იგივე ვარ, რაც ბიყავი, ან შენ გარდიქეც, უდიდესი მეომარი მთელ ცისქვეშეთში, უუძლიერეს ცრუპენტელად.

ანტონიოს 

აბა, რას ამბობ!

კლეოპატრა

ენი ძალ-ღონე მომცა ნეტა, გაგრძნობინებდი, რომ ეგვიპტეში ჰფეთქავს კიდევ მაყი გული. 

ანტონიოს 

გთხოვ, მომისმინო, დედოფალო: საჭიროება მიმიწვევს სხვაგან ცოტა ხნითა, მაგრამ ეს გული მთლად და სრულად შენთანა რჩება. ჩვენი ქვეყანა პრიალებს თურმე ძმისგან ძმაზედ მოქნეულ ხმლებით და რომის კარებს სექსტ მომპეუსს უახლოვდება. თანასწორობა ორისავე მეომარ მხარის ჰბადებს საშინელს, სამარცხვინო შფოთს, ხოცვა-ჟლეტას და მოძულებულთ რაკი ეხლა ღონე მოიცეს, ხალხის სიყვარულს თან ეძებენ. ბევრნი არიან კიდევ ისეთნი, რომელნიც ამ ჟამთა ტრიალში სასურველის გზასა ვერ დაადგნენ და იმათ გულთან ჩუმად იკეთებს განდევნილი პომპეოს ბუდეს მამის სახელით მოქადული, თითქო მშვიდობას, დასნეულებულს მყუდროებით, სურს განიწმინდოს რაიმე საშიშ ცვლილებათა. თვითონ მე კი კერძოდ სხვა მაქვს მიზეზი, რაც შენს თვალში უფრო ბოდიშს მხდის: მე ვამბობ სიკვდილს ფულვიასაც.

კლეოპატრა

თუ წლოვანებამ ჭკვა არ შემძინა, ბავშვი ხო მაინც აღარა ვარ. განა ფულვია მოკვდებოდა?

ანტონიოს

სწორედ, მომკვდარა. აი წერილი, მით შეიტყობ, როს დრო გექნება, რამდენი შფოთი, უწესობა მოუზდენია და ბოლოს როგორ, ან რა ადგილს მომკვდარა იგი ჩვენდა ნუგეშად და საამიდ.

კლეოპატრა

ვიშ, ცრუ სიყვარულს! მაჩვენე, აბა, სად არის ის წმინდა ფიალა, რომელიც უნდა მოზღვავებულ ცრემლით გაგევსო? ეხლა კი ვხედავ, ვხედავ კარგად მაგ მაგალითით, ჩემი სიკვდილის ამბავსაც თუ ვით დაუხვდები.

ანტონიოს

ნუ მიჯავრდები, მისმინე ჩემი განზრახვა, რასაც სრულიად შევუთანხმებ შენს რჩევა-სურვილს. ვფიცავ იმ ცეცხლსა, რაც ნილოსის ლამს აცხოველებს, უნდა მიგულო შენს ხელქვეით ყურმოჭრილ მონად: გსურს და ვიომებ, გსურს, ქვეყანას მოვფენ მშვიდობასა!

კლეოპატრა

გამხსენ ზონარი, ქარმიანა! დაე, დაესხნენ. ხან ავადა ვარ და ხან კარგად. ანტონიოსის სიყვარულს ვბაძავ თითქო ამით.

ანტონიოს

უძვირფასესო, ენდე სრულიად ამ სიყვარულს და გამოსცადე, რა გზითაცა გსურს.

კლეოპატრა

აგერა ვცდი თვით ფულვიაზედ. იმით მიბრუნდ, დააბნიე მის გამო ცრემლი და სთქვი, ეგვიპტეს რომ ვშორდები, მისთვის ვტირი-თქო. რაღას უყურებ, ითამაშე ერთ-ერთი სცენა თვალთმაქცობისა, წრფელი სახე მიიღე უცბად.

ანტონიოს 

კარგია, კმარა, ნუ მაცხარებ.

კლეოპატრა

მე უკეთესის იმედი მქონდა; მაგასაც კი არ უშავს-რა.

ანტონიოს 

ამ ხმალსა ვფიცავ....

კლეოპატრა

სთქვი, ფარსაცა, აგრე კარგია, თუმცა უმჯობესს ველი კიდევ. - ერთი შეჰხედე, შეჰხედე-მეთქი, ქარმიანა, რომის ჰერკულესს როგორ უხდება მრისხანება!

ანტონიოს

მაშ მოგშორდები.

კლეოპატრა 

ბატონო ჩემო, სიტყვა მაქვს რამ შენთანა სათქმელი: უნდა გავშორდეთ ჩვენ ერთმანეთს... არა, ეს არა, ჩვენ ერთმანეთი რომ გვიყვარდა... არა, არც ესა, ისედაც კარგად იცი ეს შენ... რის თქმა მინდოდა?.. რა გულმავიწყო გავხდი მსგავსად ანტონიოსის და დავავიწყდი თვით მეც ყველას!

ანტონიოს 

რომ არ ვიცოდე, შენს ძლიერებას უჭკუობაც ემორჩილება, მაშინ შენ თვითონ უჭკუობა მეგონებოდი.

კლეოპატრა

მართლაც ძნელია უჭკუობამ გულთან ალაგი დაიდოს ისე, როგორც აი ამ გულთანა აქვს. - გთხოვ მაპატივო! ჩემი ქცევა როცა არ მოგწონს, მევე სულს მართმევს: იქ მიგიწვევს მოვალეობა და ნუ მოჰხედავ ჩემს სიგიჯეს, ყურს ნუ მათხოვებ. გიძღოდენ ღმერთნი ყველა ერთად, დაფნის გვირგვინით შემკობილ გექნას ხმალი ნიშნად გამარჯვებისა და წარმატება ფიანდაზად წინ გაგფენოდეს.

ანტონიოს

გშორდები, და არც გშორდები... რჩები შენ აქა და მოჰფრინავ კი გულით ჩემთან. მე თუმც მივდივარ, მაინც მუდამ აქ, შენთანა ვარ. აბა, წავიდეთ. (გადიან)




სურათი 4

რომი. ოთაცხი კეისრის სასახლეში.

(შემოდიან ოქტავიოს კეისარი, ლეპიდოს და მხლებელნი).

კეისარი 

აი, აქედან დაინახავ, ლეპიდოს, კარგად, 

(წერილს აძლევს)

რომ კეისარსა არ სჭირს ჭირად მოცილეობა და სიძულვილი მოცილესი. ალექსანდრიით იწერებიან ამ ამბებსა: - “თევზაობს, ლოთობს, ღამეს დღედ აქცევს, არ ასვენებს თვით მნათობთა, გაქალაჩუნდა, ვაჟკაცობას გამოესალმა და ეჯიბრება კლეოპატრას დედაკაცთ ზნეში. არც კი მათხოვა კარგად ყური თქვენ გამოგზავნილთ და ამხანაგნი გვარში ნაკლი მოიპოვება, დადებულა მასში ყველა”. 

ლეპიდოს

მაინც არ ვგონებ, წუნდა დაჰფაროს ყოველივე მისი სიკეთე. მისი ნაკლი ჰგავს ცაზედ მოკრულს ბრწყინვალე ლაქას, რაიც თვალსა სჭირს უფრო ღამის სიწყვდიადეში. მას ეგე ნაკლი ბუნებითვე შეუძენია და მოშორებია სამწუხაროდ მის ხელთ არ არის.

კეისარი 

შენ მეტად ხარობ. ნუ დავძრახავთ თუნდა იმისთვის რომ პტოლომეის სარეცელში ურცხვად გორაობს, რომ ერთის წამის ქეიფისთვის სახელმწიფოებს ჯილდოდ არიგებს და მონებთან ატარებს სმით დროს, დახეტიალობს ქუჩა-ქუჩა დღის სინათლეზედ ოფლით მყრალ ხალხთან, დუქან-ბაზარ ფეხითა სთელავს, - 

უხდება იმას, ვთქვათ, ეს ყველ, თუმც უცნაური

აგებულება უნდა ჰქონდეს, რომ ამ ამბებსა

უვნებლად მორჩეს, - მაგრამ როგორ მოიხდის ბოდიშს,

რაკი იმის სიმსუბუქე ჩვენ ასე გვავნებს?!

თავისუფალ დროს დასდოს თავი გარყვნილებაზედ,

ძვლებიდან ტვინი ამოიშროს, რაც უნდა, ის ჰქმნას, 

მაგრამ თვის ქეიფს სწირავს იგი თვითონ იმ დროსაც,

რაც საქმისათვის საჭიროა და სირცხვილში გვყრის

თავისთან ერთად ჩვენ ორივეს. გასაკიცხია

ისე, ვით ვკიცხავთ ხოლმე ჭაბუკთ ჭკუით მოწუფულთ,

მაგრამ უგონოდ გატაცებულთ დღეის სიამით.

(შემოდის შიკრიკი)

ლეპიდოს

კიდევ ახალი რამ ამბავი 

შიკრიკი

შენი ბრძანება ასრულდა, დიდო კეისარო. საათში ერთხელ

რაც რამ მოხდება, გაცნობებენ. ზღვაზედ პომპეოსს

გამაგრებულა და იგი მათ შეყვარებიათ, 

ვისაც კეისრის შიში ჰქონდა. ნავთ-სადგურებთან

მიისწრაფიან მომდურავნი თქვენნი და ხალხნი

იძახის თურმე უსამართლოდ შეურაცხჰყვესო.

კეისარი

ეგ აგრე უნდა ყოფილიყო. დასაბამითვე

ვიცოდით: იგი გვინდა გვყავდეს, ვინც კი არა გვყავს.

მოძულებული და არც ღირსი სიყვარულისა

ძვირფას ქმნილებად გადაიქცევა, რა ვეღარ ვხედავთ.

ხალხი ჰგავს სწორედ მიმომავალს ზღვაზედ იალქანს,

რაიც ცვალებად ზვირთებს იმდენს მიჰყვებ-მოჰყვება,

ვიდრე დალპებ და იქცევა ნაკუწ-ნაკუწად.

შიკრიკი

აი კიდევ რას მოგახსენებ, ბატონო ჩემო:

ძლიერ მეკობრედ, მენეკრატეს და მენას თურმე

ზღვა ერთნაირად დაუპყრიათ; მათი გემები

სხვადასხვა გვარნი თავისუფლად მიდი-მოდიან

და იტალიის ქვეყნებს ბევრგან დასხმიან თავსა.

ნაპირის ერნი შიშით თრთიან იმათ წინაშე, 

ახალგაზრდობა დრტვინავს თურმე; ვერა ხომალდი

ვეღარა ბედავს ცურვას მათგან შეპყრობის შიშით

და თვით აშკარა ომზედ უფრო მეტს თავზარსა სცემს

მარტო სახელის პომპეოსის.

კეისარი

ოჰ, ანტონიოს!

დაეხსენ ემაგ ფუფუნებს, მაგ გარყვნილებას!

არ გახსოვს, ერთხელ მოდენადან როცა განდევნეს,

სადაც კონსულნი ჰირციოს და პანსა დახოცე!

უკან შიმშილი მოგდევდა შენ, ნებივრად აღზრდილს,

და ამ საშინელს მტერს ებრძოდი მოთმინებითა

ნადირ-ხალხთათვის საძნელოთი; სვამდი ცხენის შარდს,

დახავსებულის, ყვითლად მბზინავ წუმპის წყალს სვამდი,

რასაც ზიზღით არც კი ეკარებოდნენ,

ჰგემობდი ტყის ხილს, მკვახეს, მაგარს, ყოვლად უვარგისს

და ვით ირემი, როცა თოვლი საძოვარს ჰფარავს,

ხეს ქერქს აფრცქვნიდი.. ალპის მთებზედ შენ გიჭამია

ისეთი ხორცი უცნაური, რომლი ნახვაზედ

გულს ეპყრობოდათ დამშეულთ და იხოცებოდნენ; -

და ეს ყოველი, - უნდა გწყინდეს, ეზლა რად ვამბობ, -

აგიტანია, როგორც ჰფერობს მამაც ჯარისკაცს

და ოდნავადაც არ დაგტყობია ტანჯვა სახეზედ.

ლეპიდო

საბრალისია სწორედ იგი!

კეისარი 

ნეტავი ძალა სირცხვილმა მაინც დაატანოს და რომს მოვიდეს. - 

ორნივ გავიდეთ ლაშქრად ეხლავ და ამისათვის 

შევყაროდ ფირცხლად რჩევა, თორემ ჩვენი უქმობა

გააძლიერებს პომპეოსსა.

ლეპიდოს

ხვალ მე გაცნობებ,

თუ რამდენ ლაშქარს გამოვიყვან ზღვაზედ, ან ხმელეთზედ

ამ ომისათვის.

კეისარი

მეც აგრეთვე ვიანგარიშებ.

მშვიდობით იყავ.

ლეპიდოს

შენც მშვიდობით. თუ სცნა ამბავი 

გარეული რამ, გთხოვ, მეც ყველა შემატყობინო.

კეისარი

რა თხოვნა მინდა, ვალი მიწვევს, აგრეთვე მოვიქცე. 

(გადიან)





სურათი v

ალექსანდრია. ოთახი კლეოპატრას სასახლეში.

(შემოდიან კლეოპატრა, ქარმიანი, ირას და მარდიან)
კლეოპატრა

ქარმიანა!

ქარმიანა

რა, დედოფალო?

კლეოპატრა

გთხოვ, მანდრაგორა
დამალევინო

ქარმიანა

რადა გნებავს?

კლეოპატრა

მსურს, სულ მეძინოს,
ვიდრე ჩემს სატრფო ანტონიოსს კვლავ შევეყრები.

ქარმიანა

მეტად ბევრს ჰფიქრობ შენ იმაზედ.

კლეოპატრა

ის მოღალატე არ არის, განა?

ქარმიანა

არა,ვგონებ.

კლეოპატრა

შენ, საჭურისიო მარდიან, აქ მო.

მარდიან

რა სურს შენსა დიდებულებას?

კლეოპატრა

არ მსურს, იმღერო; ან კი, აბა საჭურისაგან
რას მოვისურვებ! ოჰ, მარდიან, ბედნიერი ხარ,
რომ მოკვეცილი გრძნობას ფიქრით ვერ გაჰფრინდები
ეგვიპტის გარე. სიყვარულის რამ გაგებება?

მარდიან

რატომაც არა, დედოფალო.

კლეოპატრა

მართლა?

მარდიან

რას ბრძანებ!
შენგან არ მიკვირს, მართლა ვინ რას გამაგებინებს.
უმანკოებას ვერ ვუმუხლთებ, მაგრამ მაინც კი
არშიყობა მსურს და თვალწინ სულ ის მებლანდება,
მარეხ ვენერას ვით ეტრფოდა.

კლეოპატრა

ოჰ, ქარმიანა,
სად უნდა იყოს იგი ეხლა, ნეტა ვიცოდე!
ზის, ფეხით დადის, თუ ცხენითა? რა ბედნიერი
არის ის ცხენი, ანტონიოს მას ზურგზედ უზის. -
თავმომწონებით გმართებს იყო, იცი, ვინ დაგყტავს?
თვით ატლასის მთა, მაღლა ზეცას აყუდებული,
კაცთ ნათესავის მუზარადი, მარჯვენა ხელი.
აი, მესმის, ის ამბობს ეხლა, ნეტა სად სად არის
ჩემი ასპიტი, - აკი ასე მიწოდებს ხოლმე.-
ოჰ, რა ტყუილად ვიწამლავ თავს ტკბილ საწამლავით.
ჩემზედ იფიქრებს იგი ეხლა?! შავად დავმწვარვარ
მზისა შუქთაგან, სახე ღრმად დამნაოჭებია;
ვის რად ვუნდივარ! ოჰ, მაშინ კი, მაშინ სხვა ვიყავ,
როს შუბლგაშლილი კეისარი ცოცხალი იყო
და აქ მეწვია, საკადრისი ვიყავ მეფეთა;
მაშინ თვით დიდი პომპეოსიც შეჩერდებოდა,
ამ ჩემს თვალ-წარბში მოსძებნიდა თავის სადგურსა
და მოკვდებოდა უკვდავებას მიუღწეველი.

(შემოდის ალექსას)

ალექსას

დიდხანს იცოცხლე, მეფეო ეგვიპტისაო.

კლეოპატრა

მარკ ანტონიოსს შენ ვერ ჰგავხარ, მაგრამ იმასთან
რაკი ყოფილხარ, დაგფერავდა თვის ბრწყინვალებით.
მითხარ, რას სჩადის, როგორ არის ჩემი ხელმწიფე?

ალექსას

უკანასკნელი მისი საქმე იყო, რომესე აღმოსავლეთის მარგალიტი მთლად გადაჰკოცნა და რაც დაურთო კოცნას სიტყვით, გულს მიმარხია.

კლეოპატრა

მაშ ამ ყურებით ამოგაძრობ გულიდან სიტყვებს.

ალექსას

“აი რას გეტყვი, მეგობარო,- მიბრძანა იმან, - მოახსენე, რომ ლოკოკინის იმ ძვირფასს განძსა ეგვიპტის მფლობელს უგზავნის ძღვნად რომის სარდალი, რომ ამ მცირე ძღვენს ბოდიშს მოვხდი: იმის მდიდარ ტახტს მრავალ სამეფოს დავუმონებ და თავის პატრონად, თვის მბრძანებლად იწამებს მთლად აღმოსავლეთი;.
მასუკან თავი დამიქნია და ზე მოახტა დარახტულ მერანს, რაიც მოჰყვა ხმამაღლა ჭიხვინს, ასე რომ ჩემი ლაპარაკი დაახშო სრულად.

კლეოპატრა

შეწუხებული იყო იგი, თუ მხიარული?

ალექსას

არც მხიარული, არც მწუხარე იმ დროის მსგავსად,
რაც ცხერლ ზაფხულის და ცივ ზამთრის შუაა ხოლმე.

კლეოპატრა

ოჰ, ქარმიანა, დაუკვირდი იმის გუნებას;
კაცი ასეთი უნდა იყოს: „არც ნწუხარეო“,
ვინ მიაწვდენდა მაშინ სხივთა მის მოტრფიალეთ!
„არც მხიარული“, თითქო ყველას ეუბნებოდა,
რომ ჩემს სიხარულს ეგვიპტეში გამოვესალმე.
ორივ, არც ერთი, რა ციურთა გრძნობათ ნასკვია.
შეწუხებული იყო გინდა, გინდ მხიარული,
ორივე გშვენის ისე, როგორც არც ერთ სულიერს.-
არ შეგხვედრია ჩემნი კაცნი?

ალექსას

ოცამდე შემხვდა.
რად საჭიროებ, დედოფალო, მაგდენ შიკრიკსა?

კლეოპატრა

თუ დღე გავა და ანტონიოსს წერილს არ მივწერ,
გლახადმცა იყოსყველა იმ დღეს დაბადებული. -
საწერ-კალამი, ქარმიანა! - მშვიდობით, წადი,
ჩემო ალექსას. - ქარმიანა, ერთი ეს მითხარ,
ასე მიყვარდა კეისარი?

ქარმიანა

ო, კეისარი
ძლიერი იყო.

კლეოპატრა

მაგ თქმისათვის ჭირმა დაგაღრჩოს!
გიბრძანებ ასე სთქვი, ძლიერი ანტონიოს-თქო.

ქარმიანა

მამაცთ-მამაცი კეისარი!

კლეოპატრა

იზიდას ვფიცავ,
ცემით სისხლს გადენ კბილებიდან, თუ კვლავ გაბედავ
და შეადარებ კეისარს ჩემს გმირს ანტონიოსს.

ქარმიანა

მე შენს სიმღერას, დედოფალო, მხოლოდ ბანს ვაძლევ.

კლეოპატრა

ეგ სიყმაწვილის ჟამი იყო, ჭკვა არ მიჭრიდა
და გულციობით მომდიოდა მაგ სიტყვების თქმა. -
რაღას უყურე, მომეც ჩქარა საწერ-კალამი, 
წავიდეთ მალე, კაცი უნდა ვგზავნო მუდამ დღე,
თორემ გავაწყობ ეგვიპტეში კაცთ სახსენებელს.

(გადიან)