I
მდინარე ტეხურის პირას, სოფელ უშაფათის ბოლოს, ორ მთებ შუა, საკმაო ფართე ველია გაჭიმული. ეს ველი ნაყოფია მოუსვენარი მდინარის ათი ათასი წლობით მუშაობისა. უხსოვარი დროიდან ურეცხია მას, ნაპირების გაყოლება მარჯვნივ და მარცხნივ ამართული, ხშირი ტყით და მუდამ მწვანე დაფნის ბუჩქებით დაბურული სერები; ეს ხელისგულივით სწორი ველი გაუკეთებია, სილა-დანალექით გაუპოხიერებია და ამნაირად ადამიანისთვის მშვენიერი სახნავ-სათესი ადგილი მოუმზადებია.
ადამიანიც სარგებლობს ბუნების უხვი წყალობით: ხელისგულის ოდენა ადგილს ვერ იპოვნით ამ ველზე დაუმუშავებელს, მოუხნავ-მოუთესავს.
ამ ერთ-ნახევარ საუკუნის წინადაც ამ ველზე სამარგლავი ღომის ჯეჯილი ბიბინებდა. მკათათვე იყო. მოწმენდილ, ფირუზისფერ ცაზე თავისუფლად მისცურავდა დიდებული მნათობი და ქვეყანას უხვად უგზავნიდა მაცოცხლებელ სხივებს ფართე ველზე აქა-იქ მოსჩანდა ზოგან ერთი, ზოგან ორი, სამი და მეტიც, პერანგისამარა, თოხიანი მომუშავე. ველს აქა-იქ საჩრდილობლად დატოვებული, ლამაზად ტოტებგაშლილი ბჟოლის, იფნის და სხვა ხეც ამშვენებდა.
ერთ ალაგას სამი კაცი მუშაობდა. ერთი მათგანი მთლად ჭაღარა იყო, მეორე დაწვერულვაშებული, ხოლო მესამეს საულვაშე ოდნავ ამწვანებოდა. პირველი მამა იყო, ორნი კი მისი შვილები.
- დაჰკათ, ვაჟებო, დაჰკათ თოხები! სადილობამდე ეს სვე როგორმე ავიტანოთ, - გადასძახა მოხუცმა ახალგაზრდებს, - ღვთის შეწევნით, არ ჰხედავთ, რა ჩინებული დარია? ისე გაუხმეს სინსილა-სახსენებელი გლეხი კაცის და საქრისტიანოს მაწუხებელს, როგორც დღევანდელ მოჭრილ ღვარძლს სამუდამოდ ძირი გაუხმეს. ო...ო... შენი გულისა, რა ალ-ცეცხლს უკიდებს მადლით მოსილი!
- მე კი ვერ გამიგია, ბაბა, - შენიშნა უფროსმა შვილმა გიგომ, - საიდან გაჩნდა ჩვენს ყანაში ამდენი ჭოჭყოტი და დოლოკეტი? მგონია, შარშან ორჯერ გავმარგლეთ, ეგ ოხერი. თითქოს ღვარძლის ყური არ დაგვიტოვებია და წრეულს, შეხედე, კვალამოსაგდებ თათრის ლაშქარივით დასევია ისევ ჩვენს ყანას!
- კაი დახსომება გცოდნია, - სიტყვა მოუჭრა უმცროსმა ძმამ, მალხაზიამ, - ბიჭო, შარშან ეს კუთხე ერთხელაც არ გაგვიმარგლავს ხეირიანად. აი იქ, ქუჩურა კოპიტის გაყოლება, მართალია, ორჯერ გავმარგლეთ და კიდევაც, თუ სქლად ამოსულ ღომს დავარიგებთ თორემ, მარგვლა არც კი სჭირდება.
- მართალს ამბობ, შვილო, - დაემოწმა მამაც, - ხომ გახსოვს, ბაბაია, ვერ მოვასწარით მაშინ ამ მუხუროს გამარგვლა, არ დაგვაცალეს ღვთისა და კაცის მიერ მოძულებულებმა. მიუხედავად ჩემი ჭაღარა წვერისა და ხელ-ფეხის სისუსტისა, მე, იმერეთისკენ სალაშქროდ წავჩანჩალაკდი. ყველა წმინდა ხთიშობელო, - თვალები ზევით აღაპყრო მოხუცმა, - შენ მოუსწრაფე დღე ყველა უთავბოლო შფოთის ამტეხს, ძმათა შორის ხოცვა-ჟლეტის მოსურნეს! ღმერთო, შენ გაუმარჯვე სოლომონ იმერთა მეფეს... ხრესილთან კი გვარიან კარგა ჩაუკაკუნა იმ ურჯულოებს, ჩაუძაღლებია ის ძმათა მოღალატე ლევან აბაშიაც. ღმერთო, შენ გაუმარჯვე!
- მართლა, მომაგონდა! მაშინ მეც ხომ ორი კვირა გავცდი, სალაშქროდ წამსვლელთა უნაგირების შემკეთებელს ვეხმარებოდი. - ცოტა არ იყოს დარცხვენით სთქვა გიგომ. - ოჰ! რამდენი ვზილე მაშინ აყროლებული ღვედი! დასწყევლის მაგათ ყული და ქიაჩი! ყანა კი გაუმარგლავი მიგვირჩა და ახლა ორკეცი შრომა სჭირია.
სამთავემ მარჯვედ დაჰკრეს თოხი. სილანარევ, მსუქან ნიადაგში ბასრ რკინამ ჩახა-ჩუხი გაადინა.
- საცა წონა-სამართალია, სადილობის დროც კია, - სთქვა მალხაზიამ.
მოხუცმა შუბლზედ ხელი მიიდო და მზეს შეხედა.
- მართლაც და შუადღეს ბევრი არ უკლია, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მან, მუშაობა შეწყვიტა და თოხის ტარზე დაეყრდნო, - ბიჭო, ივაკია და ფილუია ხომ წავიდნენ სოფლისკენ მესადილე დედაკაცების თანამგზავრად. ალბათ, საცაა გამოჩნდებიან. ვერ მოასწრებდნენ საწყლები, ვერ მოასწრებდნენ, ბაბაია. ვაი, ახავაი! როცა ბევრთან გვაქვს საქმე, მუდამ ასეა, დროით თავს ვერ მოუყრი. ზოგს რა უჭირს და ზოგს რა. ავადმყოფობაც რომ არ გვასვენებს. ქუჩუს დედა ხომ ლოგინში მწოლიარე ავადმყოფია და წვრილფეხობით ხელფეხშეკრული მისი რძალი მაია დროით ვერ მოიცლიდა. ბიტას ცოლიც ავად გამხდარა... თორემ საბრალო დედათქვენი? სადილი რა ხანია დამზადებული ექნება, მაგრამ მარტო ხომ ვერ წამოვიდოდა. იძულებული იქნება სხვებს მოუცადოს.
- მოგშივდა, ბიჭო, ბაღანა! - გაეხუმრა გიგო მალხაზიას, - აი, გაიხარე, მოდიან.
მართლაც, მდინარე ტეხურის გაყოლება მიმავალ სასოფლო გზაზე ორი თოფით შეიარაღებული კაცი გამოჩნდა, მათ უკან თხუთმეტიოდე მხარზე კალათგადებული დედაკაცი მოსდევდა.
ქალები ველზე თავიანთ მომუშავეებისაკენ გაიფანტნენ. ჩვენ ნაცნობ მომუშავეთკენაც გამოეშურა ერთი შუახნის, გამხდარ-გამხდარი, მაგრამ მხნე და თამამი გამომეტყველების დედაკაცი. გვერდით შვიდი-რვა წლის ვაჟი მოსდევდა. ბავშვს მხარზე, თუმცა კარგა მოზრდილი დოქი ედგა, მაგრამ მაინც თამამად მოაბიჯებდა, დედას წინ თუ არ უსწრებდა, უკან არა რჩებოდა.
- ეს ვინ მოდის! ეს ვინ მოდის! ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი? - მიეალერსა შორიდანვე ბავშვს მოხუცი. - ბაბაია, თხები ხომ არ დააბნიე, შენ შემოგევლოს ჩემი თავი?!
- არ დაიჯერა, თოლიგე, საშველი არ მომცა, ყანაში წამიყვანე და წამიყვანეო. რაც თხები მორეკა, სულ ბუზღუნით თავი მომაბეზრა. მართალი უნდა ვსთქვა, ეს დოქი სახლიდან მარტოდ-მარტო წამოიღო, - სიცილით სთქვა ქალმა, ქუჩურა ბჟოლის ძირას კალათი მოიხსნა და ჩითის ჭრელი მანდილით გაოფლიანებული პირისახის წმენდას შეუდგა.
- კარგი, ბაბაია, კარგი, ჩემო გულის გავლავ, თხები კი არ დააბნიო შენ შემოგევლე, თორემ ყველი და მაწონი, შენ რომ გიყვარს, არ გვექნება, - კვლავ მიეალერსა ბავშვს მოხუცი, მუშაობას თავი დაანება და ქუჩურა ბჟოლისაკენ გაემართა.
ყველანი ბჟოლის ჩრდილქვეშ ჩამოსხდნენ.
დედაკაცმა კალათიდან წაბლისა და წიფლის მწვანე ჟვერი ამოალაგა და ფხვიერ მიწაზე სუფრის მაგივრად დააფინა. მაზედ, ახლად ამოღებული, ჯერ კიდევ თბილი ღომი დააწყო; ღომს შიგადაშიგ ყველის ნაჭრები ჰქონდა ჩარჭობილი, ერთი მოზრდილი ნაჭერი ცალკეც იდო.
- ჩალამკალამი არ მოიტანე? - დაეკითხა ცოლს მოხუცი. - ბეჩა, რად დაგაგვიანდა! ამ შენმა ვაჟებმა კინაღამ ყელში ბაწარი მომიჭირეს, ყმაწვილები არიან, დროზე ჭამა უნდათ, - ხუმრობით ამბობდა მოხუცი... - ჰაი, ჰაი, დედაკაცო, რაც სიბერე შემეპარა, მას აქეთ აღარაფრად მაგდებ... მაგრამ მომიფრთხილდი! ხშირ გვალვას, ხომ იცი, ჭექა-ქუხილი და ჟუჟუნა წვიმა მოსდევს!
- უი, თვალიც დაგიდგეს! რაებს ბოდავს ეს ქვესკნელში ჩასაძრომი, - ხუმრობითვე შეუტია ცოლმა და თანაც ტუჩზე მხიარულმა ღიმმა გადაურბინა, - ჩალამკალამს რავა არ მოვიტანდი, - ამბობდა ქალი და კალათაში რაღაცას ეძებდა - აი ჩალამკალამი! რად დაიგვიანეო? ასეთ ყოფაში ისიც კარგია, ამ დროს მოვაწიეთ. ერთს ავადმყოფი უწევს, მეორეს ბატონის სასახლეში ღომი აქვს საცეხვავი, მესამეს იქვე შალი აქვს საქსოვი. სანამ ყველა თავს მოიყრის, დრო და ხანი გადის. ახლა შეიარაღებულ გამცილებლების მოსვლას უნდა უცადო. ღმერთო, ჩვენი ცხოვრება რა ცხოვრებაა! ვითომ მოვესწრებით ისეთ დროს, სადილი ყანაში უთოფ-უიარაღოდ მიგვქონდეს? ამ ზღვა-მდინარის გამოსვლაც ერთი ჭირია სწორედ! ვარცლის ტოლა ნავში ყველანი ერთბაშად ვერ ჩავეტიეთ, ხელმეორედ უკან დასაბრუნებელი შეიქმნა ნავი და ერთხანს დავბანდდით...
- კარგი, კარგი, თოლიგე! ნუ მიაყოლე საბაია დიაკონივით, - კვლავ გაეხუმრა ცოლს მოხუცი. - მე და შენ, ბეჩა მოვრიგდებით! ხვიჩა, ბაბაია, ერთი ამ ჩალამკალამში დამისხი ის ძირკურთხეულის მონასხამი. თუ ყელი არ ჩავისველე, ისე ტყუილია, ლუკმას ვერ გადავყლაპავ.
სახით ცქვიტმა, თვალებბრიალა და ნიკაპმოგრძო ბიჭმა დოქს მწვანე ფოთლებისაგან გაკეთებული თავსაცობი მოხადა და ბროწეულის ფერი ღვინო ჩალამკალამში დაასხა.
მოხუცმა სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა, სასოებით ზევით აიხედა და წარმოსთქვა: ღმერთო, დიდობა მოგეხსენა, ღმერთო. შენ იყავ ჩვენი მფარველი, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაამყარე, მებატონეთ შორის დაუსრულებელ მტრობა-ქიშპობას ბოლო მოუღე, ურჯულო დაამარცხე, ქრისტიანობა აღამაღლე. გაუმარჯვე და კეთილად წარუმართე ყოველ საქმეში მაფა1 სოლომონს. მაგას კი ვენაცვალე. ბრძანება გაუცია, ვაჟებო, თურმე, ვინც ოსმალეთში ტყვის გაყიდვას გაბედავს, ერი, ბერი, სულერთია, თუნდ ჭყოინდარიც2 რომ იყოს, არ დავინდობ, თვალებს დავთხრიო... ო... ოხ! შენ რომ მოგისხა, იმ ბრუნდე ვაზს ვენაცვალე! - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, როცა ჩალამკალამი გამოსცალა, წვერ-ულვაშზე ხელი მოისვა და აქა-იქ დავარდნილი ღვინის წინწკლები მოიწმინდა.
დასხდნენ სადილად მაშვრალნი და მადიანად ჭამას შეუდგნენ. პატარა ხვიჩაც გვერდში მოუჯდა მამა-ძმათ და თუმცა შინ უკვე ესადილნა, მაგრამ სხვების წაბაძვით, ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს სამი დღე ლუკმა არ გაუღეჭიაო.
- ის ვინ უნდა იყოს, ბაბაია? აბა, შვილო, გიგო, ერთი გაიხედე, იმ შარაგზაზე ცხენოსანი ვინ მიდის? ნეტავ, ვინ უნდა იყოს? ჰეპე გუშა, სადა ხარ დროებავ! როგორ მირბის დრო, თვალსაც დამაკლდა, ეგ სანგარო! ხეზე ჩამოკიდებულ კვერცხს სამოცი ნაბიჯის მანძილზე ტყვიით შუა ვხვრეტდი, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა, - ახლა კი ცხენოსან კაცსაც ვერ ვარჩევ ხეირიანად.
გიგომ და მალხაზიამ ცხენით მიმავალს თვალები დააშტერეს.
- ე... ს... ვინ უნდა იყოს? მურზაყან რევიას ჰგავს, - სთქვა გიგომ.
- უეჭველად მურზაყანია, ნაბდის ტარება ზამთარ-ზაფხულ იმან იცის ხოლმე, - კვერი დაუკრა მალხაზიამ.
- მურზა რევიაო? აბა, ქალო, გაქვს თუ არა კიდევ ღომი კალათაში? ყველი გვაქვს? - საჩქაროდ დაეკითხა მოხუცი ცოლს.
- ღომი ორი ჩოგანი კიდევ მაქვს. ყველიც მაქვს, მაგრამ ასეთი მცირე რამ როგორ გაებედება, შე დამწვარო, უცხო სტუმარს. იქით არ გადაირიო, არ მოიპატიჟო, - უშლიდა ცოლი.
- შენ რა იცი, უტვინო დედაკაცმა! აბა, ბაბაია, მურზაყანს ერთი ჩალამი ღვინო უნდა დავალევინო. შევთავაზებ, იმედი მაქვს, არ გამაწბილებს. ე... ხე... ხე ნანაია შური, დავღლილვარ, - ჩაიკვნესა მოხუცმა, მძიმე-მძიმედ ზეზე წამოდგა და გზად მიმავალი ცხენოსნის მისაგებებლად გაემართა.
ერთი ორი წუთის შიგნით ქუჩურა ბჟოლასთან ბედაურმა ცხენმა ჯირითი მოადინა.
- უკაცრაოდ კი ვარ, ბატონო მურზაყან, კადნიერებისათვის, - ებოდიშებოდა მოხუცი, - მაგრამ ჩვენი გაზრდილი ხარ, იმედი მაქვს ჩვენს ძუძუ-მკერდს არ შეაფურთხებ, პატივს სცემ ჩემს ჭაღარას და ერთ ჩალამკალამ ღვინოს მიირთმევ.
- დიდის სიამოვნებით, ჩემო ტაგუია, ჩემო მორდუ, ძლიერ მოხარული ვარ, რომ მშვიდობით გხედავ შენი ძვირფას ცოლ-შვილიანად. დიდი მადლობელი ვარ, რომ დამიძახე, - სთქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა: ნაბადი გადიძრო და უნაგირზე დააფარა. - ამ ოხრის დაკეცვაც დამეზარა, მუდამ ზედ ვათრევ, რას იზამ, ჩემისთანა, მუდამ მოგზაური კაცისთვის მიუცილებელი საქონელია.
- ჭკუიანი მოსაზრებაა, ჩემი ბატონის დღეგრძელობამ, ხომ გაგიგონია, ბატონო, ჩვენებური არაკი, - თუ ნაბდის ხელით წაღება დაგეზაროს, კავს მოაბი და იმით ათრიეო. მობრძანდი, ჩემო ბატონო! - მოიპატიჟა მოხუცმა.
- სალამი, ჩემო ტაგუია, - სთქვა მურზაყანმა და კოხტად გამოიჭიმა. კაცი იყო ტანად მაღალი, მხარ-ბეჭა; ზურგზე განდაგან ეკიდა მშვენიერი სტამბოლის თოფი. ერთი დამბაჩა უკან ქამარში ერჭო, მეორე წინ ეკიდა. წელზე ხმალი ერტყა, სახის გამომეტყველება მამაცი და მხიარული ჰქონდა.
- შენი თავი არ მომიკვდეს იმის მეტი, - მტკიცედ მიუგო ტაგუიამ.
- შენი ჭირიმე.
- არა, შენ არ მომიკვდე.
- მე გთხოვ!
- არა, ეს სამივე ბაღანა ნუ დამეხოცება.
როგორც იყო, კაი ხნის ხვეწნა-მუდარის და ბოდიშის შემდეგ, მურზაყანი დასთანხმდა სალამის მიცემას, თოფი მოიხსნა და ბჟოლის ძირას მიაყუდა. იქვე ორი სხვა თოფი უკვე ეყუდა, ერთი ტაგუიასი, მეორე გიგოსი.
მურზაყანიც მიუჯდა მუშის სახელდახელოდ გაწყობილ სუფრას. თბილი ღომი ლამაზად მოტეხა, მშვენიერი, ახალი სულგუნის ყველი შეატანა და სხვებზე არანაკლებ მადიანად ჩაძმუძნა.
- უკაცრაოდ, ბატონო, ღმერთო მომკალი... დასაპატიჟებლად არა ვღირსვართ შენ თავს და ამ გადაშთერებულმა ყაზახმა სად მომიყვანა შენი თავი, ჩემო ბატონო, - ებოდიშებოდა სტუმარს ტაგუიას ცოლი მზეხაც.
- როგორ გეკადრება, ძიძა, ამისთანა სიტყვები, ამ სუფთად გაკეთებული ბაიასფერ ღომს და თოვლი “ატატია”-სავით თეთრ ყველს მე კი არა, დადიანის შვილი არ დაიწუნებს. ღმერთმან ეს არ მოგვიშალოს და სხვას ნუღარ სწუხარ, ჩემო გამზრდელო ძიძა. ამისთანა ჭამას აქვს გემო, - ამბობდა სტუმარი და ლუკმას ლუკმაზე ანელებდა.
- რომ მცოდნოდა, ქათამს მაინც გავაკეთებდი, ნეტავ გამაქვავოს...
- ერთი შენც ახლა, დედაკაცო, ქათამი კი არა, კვერცხი არ გინდა! რაც გვაქვს, ის არის, - ამბობდა ტაგუია. - მურზაყანი ჩვენია, არ დაგვძრახავს. ღომი და ყველი კი არა, მარტო ღომის ქერქის მეტი არაფერი მქონდეს, თუ კი ეს ღვთივკურთხეული მექნება, - მიუთითა ტაგუიამ დოქზე, - კაცის დაპატიჟების სრულებით არ შემრცხვება, თუ გინდ უფლისწულიც მომადგეს კარებზე.
- მართალია, მართალი, ჩემო ტაგუია, საცა ღვინოა, იქ ყოვლისფერია. ჩინებული ღვინო დაგიყენებია სწორედ. შენ ყოველთვის კარგი ღვინოს დაყენება იცოდი. წმინდა ოჯალეშია განა?
- აბა, მურზაყან. როგორ მოგატყუილო, ბიძიჩემის უტასი და ბიცოლაჩემის თათიას გაზრდილი ხარ. აზნაურიშვილი ხარ, ღვინოს გამოცნობა კარგი იცი. შვილებს გეფიცები, ოჯალეში, მართალია, კი ურევია, მაგრამ დიდად მეტი წილი პანეშია.
- მამაჩემის სულს გეფიცები, ეს ღვინო ოჯალეშს არ დაუვარდება. ღვინოს, მართალს ამბობ, გვარიანად გამოვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინც გინდა მოიყვანე, ამ ღვინოს ოჯალეშად ჩააგდებს.
- შენი ჭირიმე, ა? მურზაყან! - გამხიარულდა მოხუცი. - წმინდა ოჯალეში სამიქელ-გაბრიო ლაგვანში1 მაქვს ჩასხმული. დაილოცა მისი სახელი! ამ ნამარიობებს მინდა მოვილოცო. მაშინ რომ მეღირსებოდეს შენი თავი, ის იქნება ღვთის წყალობა, თორემ ახლა რაა, მართლაც და ამ ჩვეგერე დედაკაცისა არ იყოს, დასაპატიჟებლად ვინ მაღირსებს შენს თავს და ახლა კი ამ ჟვერს მოგიჯდინე, სწორედ თავხედობაა, მაგრამ...
- სწორედ, სწორედ დიდი თავხედობაა, - გააჯავრა სტუმარმა. - კაცო, ეს აფხაზური ბოდიში სად გისწავლია! საქმე კეთილი გულია და არა ბევრი ხორცეულობა და ხის ფართე ტაბაკი. მე კი, მართალს თუ მათქმევინებ, ასეთი გემრიელი საჭმელი ერთიხანია არ მიჭამია. თქვენ გვაროვნობით მოგდევთ პურმარილიანობა. თქვენ მიერ მითავაზებული მწარე ბოლოკიც გემრიელია... ჩემო ბაბაია. ტაგუია, - სთქვა სტუმარმა და ღვინით სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ღმერთმან და წმინდა გიორგი ხორციელმა გიცოცხლოს ჯერ შენი თავი და მერე შენი ცოლ-შვილი. ყოველგვარ ალიან-ჩალიანს აგაცდინოს... ფო...ფო...ფო!. ამაზე უკეთესი ნამდვილი ოჯალეშიც ღმერთმა დასწყევლოს! ან რა ფერისა დამდგარა, თითქოს გაწურული ბრეწოულიაო. შენ რომ მიგისხა, იმ ვაზის ძირს ვენაცვალე, - სთქვა სტუმარმა, როცა ჩალამი დასცალა.
- სწორედ ვენაცვალე, - კვერი დაუკრა ტაგუიამ...
- მოიცა, ტაგუია, ეს პატარა ბიჭიც შენია, არა?
- დიახ, ბატონო, ეს ჩემი ბაბაია გახლავს, - მიუგო ტაგუიამ და მოალერსე თვალებით ბიჭს გადახედა.
- ერთი შეხედეთ ამ ბებრუცანას, რა ჩაუდენია ამ სიბერის დროს? - გაიხუმრა სტუმარმა...
- ეს ბატონო, სულ ამ გლახაკი დედაკაცის ბრალია! ბებერი ხარ, ბებერი ხარო, მაყვედრიდა მუდამ და მეც ვუჩვენე ბებერი ვარ თუ არა! ჰა, ჰა, ჰა!..
- იქით დაიღუპე!.. მიწა მოსაყრელი შენი ენა, - დატუქსა ცოლმა, შეწითლდა და ბჟოლის ძირს მოეფარა.
სტუმარი იცინოდა, ვაჟებიც იცინოდნენ.
- ჯერ კიდევ დამაცადოს. ჯერ სადაა, ერთი მოვრჩე ამ სამარგლავს, - წახალისდა ტაგუია,- მე შენ გიჩვენებ ბებერი ვარ თუ არა!
- არაფერია, ძიძა, ნუ შეგრცხვებათ! ხუმრობს, თორემ მეტს ვეღარ გაბედავს, ღვთით ტარიელივით ბიჭები გარს გახვევია, რამე რომ გაგიბედოს, ბადიდ-კაცს ცხვირს მოამტვრევენ. ხი, ხი, ხი!.. - ხითხითებდა სტუმარი.
- იმდენი აღდგომა მაგას გათენებია, - ბუტბუტებდა დედაკაცი.
- სხვას თავი დავანებოთ, ძიძა, პატარა ბიჭიკო დაგიფარავს, ბადიდ-კაცს ფეხზე ბაწარს მოაბამს, არა, ჯიჯი? - ალერსიანად დაეკითხა სტუმარი ხვიჩას.
ბიჭმა მოღიმარი სახით სტუმარს შეხედა, მერე მამას გრძნობით სავსე თვალებით დააცქერდა...
- ჩემი ბაბაია მე არ მიღალატებს, - მიეალერსა მოხუცი ბავშვს და თავზედ ხელი გადუსვა.
ყველანი გამხიარულდნენ და ჭამა გააგრძელეს.
- სხვა, ბატონო მურზაყან, შენ ხომ ყველგან დადიხარ, რა ამბავია ქვეყანაზე, ვითომ ცოტა მოგვეშვა? ვითომ ღმერთმა მოგვხედა? ვენაცვალე მის სახელს, - პირჯვარი გადიწერა მოხუცმა, - ვითომ განმტკიცდა ჩვენი დადიასი და მეფის მეგობრობა?
- ასე მოგახსენებენ და საქმითაც ასე სჩანს ჯერ-ჯერობით, - საქმიანი კილოთი მიუგო სტუმარმა. - ჯერ-ჯერობით, ჩვენი ოტია დადია ერთგულად იქცევა, თუ ეშმაკი არ დააჯდა მხრებზე და არ უღალატა ფიცსა და ნათესაობას. ამ დროებით, მართალი უნდა სთქვას კაცმა, ძლიერ შველის მეფეს. გურიელიც თითქოს მოლბა, საშიში არაა. მხოლოდ საქმეს აჭირებს ის როსთოია რაჭის ერისთეე. არ ცხრება და არ ცხრება მაგ ურჯულოს თანაზიარი. თუ ისიც დაამარცხა მეფემ, მაშინ, იცოდე, ტაგუია, რომ ჩვენშიაც ისეთი მშვიდობა დამყარდება, როგორიცაა მეფე ელეკრეს სამეფოში, ქართლ-კახეთში.
- ჰო! ელეკრე მეფე? ის არ არის, რომ სიმღერაში იხსენიებენ?
- დიახ, ის არის. სხვანაირად კიდევ პატარა კახს ეძახიან, - განუმარტა მურზაყანმა.
- შენი გულის ჭირიმე! - აღტაცებით ამბობდა მოხუცი. ახალგაზრდებმა ჭამას თავი დაანებეს და სმენად გადაიქცნენ.
- ელეკრე მეფე, ჩემო ტაგუ, რას ამბობ, ბაბა, - დინჯად გააგრძელა სტუმარმა, - ციდან მოვლენილი კაცია. საითკენაც ხელი გაისვა, ყველგან მუსრი გაავლო ურჯულოებს. ლეკები გინდა, ყიზილბაშები, თუ ეს წყეული ოსმალები! ინდოეთში რა ამბები ქმნა თურმე! ამბობენ, ბედაურზე რომ შეჯდება, ქარქაშიდან ლეკურს რხიალს გაადენს, შესძახებს და შეუტევს მტერს, ცოდვილ თვალს არ დაენახვება თურმე. საარაკო რამეაო, მოგახსენებენ.
- ბიჭიც ის ყოფილა და... - წარმოსთქვეს ჯეილებმა.
- ღმერთო, შენ გაუმარჯვე, - ამოიოხრა მოხუცმა და ღვინით სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ღმერთო, შენ გაუმარჯვე ყველა ურჯულოთა მებრძოლს, ქვეყანაზე მშვიდობის დამამყარებელს, საწყალი გლეხი-კაცის გამკითხველს, ქვრივ-ობოლთა შემწეს. ყველას ერთობ, წონა-სამართლის მექონს. ღმერთო, ის დღე მაჩვენე, ისე საფლავში ნუ ჩამიყვან, რომ ყანაზედ უთოფოდ მივდიოდე, დედაკაცს სადილი მარტოდ-მარტო მოჰქონდეს და არაფრის შიში და რიდი არ ჰქონდეს.
- ჰაამინ, ჰაამინ, - მიუგო სტუმარმა.
ტაგუიამ ჩალამი დასცალა და სტუმარს დაულოცა.
- ბატონ მურზაყანს დაულოცავ მრავალ წელს, ღმერთმან შენი თავი მიცოცხლოს. შენ სხვა მტაცებელ-ამწიოკებლებს არა ჰგავხარ და იმიტომ სულით და გულით მიყვარხარ. ღმერთმან დიდი დღე მოგცეს.
- მადლობელი ვარ, ჩემო ტაგუია. ახლაც თუ დავაკვირდებით საქმეს, რაც იყო ამ ხუთიოდ წლის წინათ, იმის შედარებით, ბაბაია, მშვიდობიანობაა. ქალს შენ თავი დაანებე, კაცო, მე თვითონ, რაც გინდა იყოს, გვარიან გამოქნილი და მარჯვე ვაჟკაცი ვარ მგონია, მაგრამ ტყუილი რა საჭიროა, უდამბაჩოდ სახლიდან ვერ გამოვიდოდი. ახლა, აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ მოხდა რამე, თორემ ისე შიშიანობა არაა. სასტიკი ბრძანებაა გაცემული მეფისაგან ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ!
- ამბობენ, ამბობენ, ბატონო მურზაყან, - სიხარულით წარმოსთქვა მოხუცმა.
- ტაგუია, იცოდე, თუ ჩვენმა ოტია დადიამ და იმისმა შვილმა კაციამ არ უღალატა მეფე სოლომონს და თუ გურიელიც დაუმეგობრდა, მე მითქვამს, ამ შინაურ ჩვენ წუწკებს ხომ ალაგმავს და ალაგმავს, ოსმალებსაც განდევნის აქედან. იცოდე, ქუთაისსაც დაიბრუნებს, შეიძლება ფოთიდანაც განდევნოს ურჯულოები. ღმერთმა ნათქვამი შეგვისრულოს, - სთქვა სტუმარმა და ჩალამი დასცალა.
- ღმერთმან ქნას, იოსე ქისტემ ჰაამენი შეგაწიოს, მაშინ ხომ თრევაც აღარ დამჭირდება ყანაში...
- იცოდე, ასე მოხდება, თუ ღმერთმან აცოცხლა სოლომონ მეფე. მე ვიცი, ბაბაია, როგორ არის საქმე. სამჯერ ვიყავი ლაშქრობაში...
- მურზაყან, შენი ჭირიმე, იმ შარშანდელ ხრესილის ბრძოლაში1 იყავი? - დაეკითხა მოხუცი.
- ვიყავი. აი ეს თითი იქ დავიშავე, - მიუგო მურზაყანმა და მარცხენა ხელი უჩვენა. სალოკი თითის ალაგას რაღაც პატარა აბორცვებული მოსჩანდა.
- ნანა შვილო! - მწარედ წამოიძახა მზეხამ.
- ეს რა არის, ძიძა, ისეთ ადგილას ჩავვარდი, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, არ მეგონა. ჩვენებმა, ღმერთს მართალი უყვარს, მაშინ სწორედ თავი ისახელეს. ოო, ბაბა ტაგუ, დიდი რამეა ერთი პირი და ერთი გული! საცა ერთი პირი და გულია, იქ ჯარი უძლეველია. კარგახანია იმერლების და მეგრელების ასეთი ერთსულ-გულოვნობა არ უნახავს კაცს და კიდევაც საშინლად დავამარცხეთ მტერი. მტერი მარა რა მტერი, ჩემო ხვანთქარო. ოსმალები ხომ თმის სისქე იყვნენ, ახლა ჩვენიანებიც, თვალდაბნელებულნი, რამდენი გინდა მათ ზურგს უმაგრებდნენ, ბედუკუღმართ ლევან აბაშიას მეთაურობით, მაგრამ, გაქვს ღვთის წყალობა, ჩვენ მაგათ სეირი ვაჩვენეთ. შინაური განხეთქილება ღუპავს, ტაგუ, ჩვენს ქვეყანას, თორემ, მე მაშინ დავრწმუნდი, გარეშე მტერი ერთზე ათიც მოვიდეს, თუ ჩვენ ერთობა გვაქვს, გავუმკლავდებით.
- მერე ვინ არის, მურზაყანის ჭირიმე, განხეთქილების მიზეზი? ისევ დადია, მისი კარისკაცები, თავადები, ჭყოინდარი და მაგისთანები, თორემ თაარ ანგილოზს გეფიცები, მე და ოკრიბელი, ჩემსავით მხვნელ-მთესველი, თავისს დღეში არ ავიშალოთ და ერთმანეთის მოსაკლავად არ მივიწიოთ. საერთო მტრის წინააღმდეგ კი ერთგვარი ხალისით გავალთ ორთავე. მე ერთი უბრალო ძროხა ყაზახი გეუბნები ამას. შფოთის და დავიდარაბის ამტეხი ყოველთვის დიდკაცობაა, თუ გინდ მიწყინე ეს სიტყვა, - ცოტა აპილპილდა ტაგუია.
- მწყინს კი არა, მიხარია, რომ მართალს ამბობ, - აღტაცებით მიუგო სტუმარმა.
- მართალს, მამი ჩემის სული ნუ წამიწყდება, - წათამამდა ტაგუია. - ჩვენ, დაბალ ხალხს, არაფერი სამტრო ერთმანეთთან არა გვაქვს. ერთხელ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მე და ცხონებული ჩვენი კოჩა დავითაია იქით, შორს, ზემომხარისკენ მოვხვდით. მივედით ერთ საწყალ კაცის სახლში. მტრობა კი არა, ისე გაუხარდა, თითქოს სათათრეთში გაყიდული და უკვალოდ დაკარგული ძმები დაბრუნებოდესო. თავს შემოგვევლო, საბრალო, რაც შეეძლო, პატივი გვცა, მეორე სოფლამდი გამოგვაცილა. მეც ახლა, თავის ქება კიტრად ღირსო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენი შორებელი მოძმე თუ ვნახე ჩემ სახლში, ვუმტრობ კი არა, სხვამ რომ ხელი ახლოს, უსიკვდილოდ არ დავანებებ... ჰაი, მართლა რა გითხრა, ამას წინათ რა მომივიდა, - მხიარულად წარმოსთქვა ტაგუიამ. - შევიხედე, კარს მომადგა ორი ცხენოსანი, ისინი სულ იქითური, ქართის1 მხრიდან უნდა ყოფილიყვნენ. იმათ უნაგირს, მურზაყან, უკან კომპული სულ არა აქვს, ისეა თაღივით გადამრგვალებული.
- კი ვიცი, რამდენი მინახავს, - შენიშნა სტუმარმა...
- აი, მესტუმრნენ. ისეთი გამიხარდა, რომ მამა ჩემი ცაკვაია აბედია მოსულიყო საიქიოდან, ისე არ გამიხარდებოდა სწორედ; მაგრამ საქმე იმაშია, ვაჟო, რომ ისინი თურმე ღომს არა სჭამენ, სულ პურის ჭამას ჩვეული ხალხია. აი, თოლიგე, შეიძლება რამე მოაგვარო-მეთქი, ვუთხარი დედაკაცს. საბრალოს სადღაც ერთი-ორი ატარი2 იფქლის ფქვილი ჰქონოდა, სალოცავი კვერებისთვის შენახული. საჩქაროდ ხაჭაპური გამოვაცხობინე. სხვა ცოტ-ცოტა, შენი და მიქამ-გარიოს წყალობა, პურით არ ვიყავი ზურგგამაგრებული, თორემ ყოვლისფერი მქონდა. ოჰ! ღმერთმან დასწყევლოს უკეთესი ტაბაკის ხალხი! ისე მოილხინეს, ისე დაგვლოცეს, ისეთი მრაალჟამიერი დასძახეს, თავისებური, მაგათ გრძლად სცოდნიათ, გაჭიანურებული, რომ დიდი და პატარა გაგვამხიარულეს... ეს იმას მოვაყოლე, თორემ რა სალაპარაკოა. ჩხუბს და მტრობას დიდკაცობა სთესავს, თორემ ჩვენ, მხვნელ-მთესველი ხალხი მუდამ კეთილგანწყობილებაში ვიქნებით ერთმანეთთან. მაშ, ეს ღმერთმა შური და მტრობა მოსპოს ჩვენს ქვეყანაში. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთი პირი და ერთი გული მოგვცეს. მაშინ არც ტყვედ გაიყიდება სთამბოლში უბედური ჩვენი კაცის შვილი, - წარმოსთქვა მასპინძელმა და სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ოხ, ღმერთმან სწორედ მიცოცხლოს შენი თავი, დღეს გული გამიმსუბუქე მოხუცებულ კაცს. ჩემო ბატონო მურზაყან, შენისთანა ერთი ასი რომ ერიოს ჩვენ თავად-აზნაურებში, მაშინ ჩვენი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა.
- გმადლობ, გმადლობ, ჩემო ტაგუია.
- თაარ ანგილოზი იყოს შენი მფარველი ყოველ შარაგზაზე, - დალოცა სტუმარი მასპინძელმა და ღვინო დალია - ოო... მართლა გვარიანი ღვინოა, ღმერთმა უკეთ იცოდეს. ბატონ მურზაყანს სიცოცხლე და გამარჯვება.
- ღმერთმან გაგიმარჯოს! ღმერთმან ეს შენი ვაჟები გიცოცხლოს, მათი წითელი გვირგვინი გაჩვენოს! იცოცხლეთ, ბიჭებო, - გადასძახა ჯეილებს.
გიგომ და მალხაზიამ მადლობა მოახსენეს.
სტუმარმა ღვინო დალია და ჩალამი გიგოს გადასცა. გიგომაც და მალხაზიამაც ხელახლა მადლობა მოახსენეს და ღვინო დალიეს.
- იმ ხრესილის ბრძოლაში, ბატონო მურზაყან, შარშან მეც გამიწვიეს. რავა გგონია? წავჩანჩალაკდი ამ ჩემი კუნტა1 თოფით. ცხენისწყლამდე მივედით და ამბავიც მოვიდა, მეფეს და დადიას გაემარჯვაო, და უკანვე გამოვბრუნდით.
- ოი, შენ რომ სალაშქროდ გაგიწვია, იმას შენი მეტი ჭკუა არა ჰქონია, - შენიშნა მზეხამ...
- ჰა, შე ტვენგერე2 დედაკაცო, ერთ ტყვიას ხომ მოვიკავებდი, შეიძლება, ერთიც იქით გამესაღებინა...
- რას ამბობ, ძიძა, ტაგუია ჩინებული მსროლელია, - უთხრა სტუმარმა. - ვო, ტაგუია, მახსოვს, მე რომ პატარა ვიყავი და თქვენ ოჯახში ვიზრდებოდი! მაშინ, აღდგომა დილით ადრე, ნაწირვევს ცაცხვის ქვეშ წითელ კვერცხს რომ ჩამოკიდებდნენ და იყო ერთი ნიშანში სროლა! შენ რამდენჯერ ჩამოგიგდია...
- იმდენი, შენ არ გწყევლი, და ამ ჩემს ბაღნებს გაუთენდეს აღდგომა, - სთქვა მასპინძელმა.
- იმ ხრესილის ბრძოლაშიო, ამბობენ, ხუტუნია შარაშიამ ისახელა თავიო, - მორიდებით შენიშნა გიგომ.
- ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია! - დაადასტურა მურზაყანმა. - ხუტუნია ხომ კაცი კი არა, დევი იყო სულგანათლებული! რომ შევარდა, ყმაწვილო, ოსმალოს ჯარში და რომ მოისვა ლეკურზე, თექვსმეტი კაცი ჭარხალივით მიათალა ერთმანეთს და თვითონაც ზვარაკად შეეწირა საერთო საქმეს.
- ღმერთმა ნათელი აღუდგინოს, - სასოებით სთქვა მოხუცმა, ჩალამკალამში ღვინო ჩაასხა, მერე ჩალამს თავი გადუწია და რამდენიმე წვეთი ღომის ნამცეცზე დააწვეთა.
ხუტუნიას შესანდობელი ყველამ ლოცვა-მოხსენებით დალია.
- ახლა კი საკმაოა, ბაბა ტაგუია, - სთქვა სტუმარმა.
- ერთი კიდევ, შენი ჭირიმე, ბატონო, ჯერ ღვინო კიდევ არის.
- ნურც გამოლიოს ღმერთმა, მაგრამ ჩვენთვის კი მეტი რიგი არაა. ყანაში მუშაობის დროს ესეც გადავაჭარბეთ.
- ყველა წინდა ღვთიშობელი იყოს, ბაბაია, შენი და შენი ოჯახის შემწე, - წარმოსთქვა სტუმარმა, ჩალამში ცოტა ღვინო დაასხა, დალია და ზეზე წამოდგა. - დიდად გმადლობ, ბაბაია: ასეთი გემრიელი საჭმელი, მგონია, ხშირად არ მიჭამია, ნუ მოაკლოს ღმერთმა ბარაქა შენს ოჯახს.
- მომკლას ნეტავ ღმერთმან, სული ამომხადოს, მოგატყუილეთ, ბატონო, - უანგარიშო ბოდიშს მოჰყვა დიასახლისი.
სტუმარმა ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა, თოფი გადიკიდა, ცხენზედ შეჯდა და თავის გზას გაუდგა.
მზეხა და ხვიჩა სხვა მესადილე ქალებთან ერთად ისევ შეიარაღებულ მამაკაცების თანხლებით შინისკენ წავიდნენ.
- აბა, ბიჭო, ხვიჩა, შენ ჭკუიანად იყავი, - დააბარა გიგომ, - მარტო არ გარეკო თხები, არც შორს წახვიდეთ. ბეკოს ნაფუზართან მაღალი ანწლია, იქ ხუთასი თხაც რომ იყოს, გაძღება. ჭკუიანად იყავით. ჩიტის ბუდეს ნუ შლით ხოლმე.
- ჭკუიანად, ჩემო ბაბაია, ჩემო გულის გამხარებელო ბაბაია, - დააბარა მოხუცმაც.
II
ტაგუიამ და მისმა შვილებმა ნასადილევს ჩრდილ ქვეშ ცოტა წაიძინეს. მზე გადაიხარა თუ არა, წამოცვივდნენ, დაავლეს თოხს ხელი და მუშაობას შეუდგნენ.
სამხრობის დრომ მოაწია. მწვანე ჯეჯილით აბიბინებულ ველს მოწმენდილ-მოკრიალებული ფირუზის ფერი ცა დაჰყურებდა. არსად ერთი ბეწო ღრუბლის ბულული არ მოიძებნებოდა. თითქოს ჰაერი ერთ ალაგას გაიყინაო, არსაიდან სიო არ ჰქროდა.
- ოჰ, მეტისმეტად ცხელა, ლამის სული შემიგუბდეს. ვო შური საყვარელი, ერთი კაი ბორია ახლა ათას ქისა მარჩილად ღირს, - ინატრა უმცროსმა - მალხაზიამ.
- მაინც რა გადაცემული დღეა ეს დალოცვილი, - დაეთანხმა გიგოც.
- მართალია, ბაბაია, ცხელა, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, - სიცხე ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ჭირნახულისთვის კი დაუფასებელია. ყველასათვის სასიამოვნო იმ დალოცვილ ღმერთსაც რომ ვერ შესძლებია! ჩვენ გვასიამოვნოს, ჭირნახულს არ ესიამოვნება, ჭირნახულს ასიამოვნოს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი.
- ჰეპე, რაღა გაეწყობა! - წამოიძახა გიგომ. - გაგვიძლია, კიდევ გავუძლოთ, სხვაფრივ არ იშოვება მაგრად ჩასალუკმებელი. ჰე, ბიჭო! - გადასძახა მალხაზიას და თოხი მარჯვედ მოიქნია. მალხაზია აჰყვა. არც მოხუცი ჩამორჩა უკან და კვლავ გაისმა თოხის აჩქარებული ჩახაჩუხი.
- ეს სვე, როგორმე, ბიჭებო, და მერე ცოტა შევისვენოთ, არც მაინცდამაინც თავის გადაყოლება ვარგა, - სთქვა მოხუცმა.
- სიცხეს კი გავუძლებ, რაც გინდა იყოს, სანგარო, სხვანაირადაც არა ვარ კარგად, - რაღაც მთელი ტანი დაბეჟილივით მაქვს, - ჩიოდა გიგო.
- ალბათ, ბელტზე დაწოლილხარ, შვილო, უხერხულად, - მიუგო მამამ.
- არა, დილიდანვე უხასიათოდ ვარ, მთელ ტანში სიმძიმესა ვგრძნობ, ვაი თუ ცივება დამიწყოს...
- სუთ, სუთ! - გააწყვეტინა მალხაზიამ. შეჩერდა, თოხის ტარს დაებჯინა და სმენად გადაიქცა.
- რა იყო, ბაბა? - დაეკითხა მამა.
რაღაც კივილივით მომესმა.
სამივენი შეჩერდნენ და ყური დაუგდეს.
- თითქოს რაღაც მეც მესმის, - სთქვა გიგომ.
- ძაღლი ყეფს, მგონია, - შენიშნა ტაგუიამ.
- ძაღლის ყეფაც ისმის, ნამდვილია.
სხვა მომუშავენიც ველზე შეჩერდნენ და ყურს უგდებდნენ.
სოფლიდან რაღაც ხმაურობა მართლა მოისმოდა, ქალების კივილს ჰგავდა.
- ავავაია! მოკვდა ვიღაცა, - გაუბედავად სთქვა მალხაზიამ.
- ვაი, საბრალო, თუ ქუჩუს დედა გარდაეცვალა. ხანში შესული ადამიანი იყო საცოდავი, - შენიშნა ტაგუმ, - მე რომ, ბაბაია, პატარა ბიჭი ვიყავი, იმას მაშინ ხუთი შვილი ქე ყავდა. კაცი, სანგარო, ერთი გუდა სისხლია, რა ბევრი უნდა, რომ მოკვდეს.
- არა, ქუჩუს დედა გუშინწინ ვნახე, სასიკვდილო პირი არა აქვს, - დაფიქრებით სთქვა გიგომ - ალბათ, გარეშე სოფლიდან ვისმე სიკვდილის ამბავი თუ მოიტანეს. უეჭველია ქალების კივილია. ე! უყურე, ხმაურობა თანდათანა ახლოვდება, თითქოს აქეთკენ მოდიანო.
ხმაურობამ იმატა. ახლა ქალების წივილ-კივილი ნათლად მოისმოდა. ერთი ქალი განსაკუთრებით საშინლად გაჰკიოდა.
შვილებმა იცნეს დედის ხმა.
- ეჰე, ჩვენი ცოდვა! რაღაც სახეირო არ არის ჩვენს თავზე, -წამოიძახა გიგომ, თოხი იქვე დააგდო და ქუჩურა ბჟოლასთან მიირბინა, თოფს ხელი დაავლო და სოფლისაკენ გავარდა. ტაგუია და მალხაზიაც იმას მიჰყვნენ. სხვა მომუშავეთაც დაყარეს თოხები და თოფებს მიაშურეს, ზოგი ახალუხს იცვამდა, ზოგი პერანგის ამარა თოფით გარბოდა.
მდინარის გაღმა რამდენიმე თმაგაწეწილი ქალი წივილ-კივილით მორბოდა, მათ შორის მზეხაც გულსაკლავად ღრიალებდა.
- ნანა შვილო, ნანა შვილო, მოგიკვდა დედაშენი, ხვიჩა ნანა! მი... შვე... ლეთ...
- რა ამბავია, რა მოუვიდა! ჩემი ბიჭი ახლა აქ ხელში არა მყავდა? - დაიყვირა წყალგამოღმიდან საბრალო ტაგუიამ, მაგრამ მისი ხმა უცებ გაწყდა, ფეხები აუკანკალდა და იქვე ჩაიკეცა.
მუშებმა, საცა მოხვდათ, წყალში შეტოპეს და ერთი კიჟინით და ხმაურობით გაემართნენ.
ნახევარი საათის შიგნით მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ქალების წივილ-კივილი, ძაღლების ყეფა, მამაკაცების კიჟინა, ერთად შერეული, რაღაც გულშემზარავ ხმაურობას აყენებდა... სოფლის ბოლოდან მოისმა თოფის ხმაც. გავარდა ერთი... ორი... სამი...
მზის ჩასვლას ცოტა-ღა აკლდა. დასავლეთიდან სიო საგრძნობლად უბერავდა, ცაზე აქა-იქ ღრუბლებიც მოსჩანდა. ერთი პაწია სერის კალთაზე მოთავსებული ტაგუია აბედიას კარ-მიდამო ქალით და კაცით სავსე იყო.
მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.
მამაკაცები, თითქმის ყველა მოხუცებული, სახლის წინ, ვაშლის ხის ქვეშ, დამსხდარიყვნენ და მოწყენილ-შეშფოთებულნი მსჯელობდნენ.
ტაგუიას ცოლი მზეხა ლოყებდაკაწრული და გასისხლიანებული ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულიყო და ცხარედ გაჰკიოდა. სხვა ქალები მას ძლივ-ძლიობით იმაგრებდნენ.
- ხვიჩა ნანა, ხვიჩა ნანა, ჩემი ბიჭი, ჩემი საფლავის გამთხრელი... საით წავიდეს... საით გეძებოს... ვის მიმართოს... სად მოგნახოს... უბედური დედაშენი! - მწარედ მოთქვამდა გამწარებული დედა.
- მზეხა, მზეხა, ცოტა დამშვიდდი, ადამიანო! ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ამბავს მოგვიტანენ, ვისაც თოფის დაჭერა შეეძლო ჩვენ სოფელში, ყველანი დაედევნენ. გზა-გზა კიდევ რამდენი მიეშველებოდა. ის ვიღაც უღვთო და უსულგულო, კაცია ალბათ, ცაში ხომ ვერ აფრინდებოდა: უსათუოდ დაეწევიან და დააგდებინებენ, - ანუგეშებდა მზეხას ერთი სხვებზე უკეთ ჩაცმულ-დახურული მანდილოსანი; ეტყობოდა, ვინმე აზნაურის ცოლი უნდა ყოფილიყო.
- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელი ბაბა, - მოთქმით ლუღლუღებდა თავშიშველი და გულხელდაკრეფილი ტაგუია და ეზოში უთავბოლოდ დადიოდა.
- ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი მაინც არ ყოფილა. ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ, - ნაღვლიანად ამბობდა ერთი მელოტი, ჭაღარა გლეხი.
- ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას, თუ სიკვდილი არ სჯობდეს, ღმერთი გამიწყრეს, - მიუგო მეორემ.
- კაცო, ქე მაინც არ გვაიმედებდნენ, - სთქვა ისევ მელოტმა. - ამას წინეთ ნოქალაქევში ტაია ბატონიშვილის სასახლეში გიახელ. გერიე სახუცესი იქ ბრძანდებოდა. - რა ამბავია, უჩარდია, როგორ ცხოვრობო? - თოლი, რა ცხოვრებაა, ბატონო, ჩვენი ცხოვრება-მეთქი, ქათმებივით გვიჭერენ და ოსმალეთში გვყიდიან-მეთქი.
- ეს წინეთ იყო, ჩემო უჩარდია, თორემ ახლა ხომ მშვიდობააო. ბარეღამ ოციოდ გლეხი კი ვიყავით. ნუ გეშინიათო, გვიბრძანა გერიე სახუცესმა, კაცის სული კი არა, უსამართლოდ ერთი თიკნის ყურიც არ დაგაკლდებათო. დადიამ და მაფამ ერთი პირი შეკრეს, ჯვარზე და სახარებაზე შეფიცეს ერთმანეთს, რომ სათათრეთში ტყვე არ გაყიდინო. ყველამ პირჯვარი გადავისახეთ, ღმერთს მადლობა შევსწირეთ. არხეინად იყავით, ნუ გეშინიათო, ბარემ ხუთჯერ გვითხრა...
- სულ ტყუილიც არ არის, ბატონი ნუ მომიკვდება, - ხრიწიანი ხმით სიტყვა ჩამოართვა მეორე მოხუცმა, - აგერ მეორე აღდგომა გავიდა, რომ ჩვენ სოფელს მართლაც და თიკნის ყურიც არ დაკლებია. რასაკვირველია, ძალით, აბრაგის მოტაცებით, ეს რაღაც ჯიბრის საქმე უნდა იყოს.
- საჯიბრო ვის რა უნდა ჰქონდეს საწყალ ტაგუიასთან! ამისთანა გულკეთილი და მართალი კაცი მეორე არ გვირევია, -წამოიძახეს მოხუცებმა.
- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა!.. - მოისმოდა ტაგუიას მწუხარე მოთქმა.
- ბატონმა იცის ნეტავ? - იკითხა ერთმა.
- როგორ არა. საშინლად ეწყინა თურმე. ეს ტაგუიას აგდება კი არა, ჩემი აგდებაა, მაგრამ მე თუ ვამეხი ვარ, მაგას არ შევარჩენო, უთქვამს და მაშინათვე თავისი ვაჟი ტარიელი ცხენით დაუდევნებია, - სთქვა ერთმა ქოსა მოხუცმა.
- მაშ, ჯერ კიდევ იმედი დაკარგული არაა. ტაგუია, ბაბა, აქ მოდი, - თანაგრძნობით მიმართა მელოტმა მოხუცმა, - არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც კაცს ეგონება. ტარიელ ბატონიშვილი დასდევნებია, მთელ სოფელში რამედ რომ ვარგა ისეთი, ყველა დაედევნა. მართლა და ქვესკნელში ხომ არ ჩაძვრება. გული დაიმშვიდე, შე კაცო! შენ სხვა რამდენი გინუგეშებია და თვითონ ასე ჩქარა რამ მოგტეხა, შე ძაბუნო! - ხმა მაღლა დაათავა მელოტმა მოხუცმა.
- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! მოგიკვდეს მამაშენი, - მწარედ წარმოსთქვა ტაგუიამ და მსხვილ-მსხვილი ცრემლი გადმოყარა. - ნეტავ, ღმერთო მომკალი, დღეს მაინც ხელში არა მყოლოდა! დიდი დოქი ღვინო მხარზე გადაედო და დედამისთან ერთად ყანაში მოგვიტანა. რომ გენახა, ის რომ ვაჟკაცურად ფეხს მიაბიჯებდა, სწორედ გაგიკვირდებოდა, - ტირილით ამბობდა ტაგუია. - მე შავ დღეში გაჩენილს, დღე და ღამ მაგის შიში მქონდა, მაგრამ რა მექნა, კაცო, რა მექნა, ქრისტიანებო?! ბავშვს ხულაში ხომ ვერ დავამწყვდევდი? ჭამა გვინდა, სმა გვინდა! რა შიმშილით მოვმკვდარვარ, რა აბრაგს მოუტაცნივარ, სანამდი უნდა ვიმალოთ... ათიოდ თხის გარეკვაში მალხაზია, ვაჟკაცი, როგორ გავაცდინო-მეთქი, ვამბობდი და ის ბაღანა ერეკებოდა და მერე რა ჭკუიანად ერეკებოდა... უი... უი... მოგიკვდეს მამაშენი... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... დადია მე მწიწკნის, მებატონე მე მწიწკნის, ურჯულო მე მწიწკნის და რჯულიერი... სად არის ღმერთი, სად არის სამართალი! რით უნდა ვინუგეშო თავი მე უბედურმა? უკანასკნელი ყოფილა, შვილო, დღეს ჩვენი ერთმანეთის ნახვა. შეიძლება შენ კიდევ ბევრხანს იცოცხლო, გაიზარდო და ბევრიც მხიარული დღე ნახო...მე კი! სიბერეგაძაღლებული, საფლავში უნდა ჩავიდე! უი ჩემს თავს! უი ჩემს თავს! - ბღავილით ამბობდა ტაგუია და შუბლში ხელს იცემდა.
ყველას ცრემლი მოერია. სანუგეშო სიტყვას ვერავინ პოულობდა. ყველა ერთ ტაფაში იწოდა.
“ვაი, ახავაი, ჩვენი ცოდვა! - ისმოდა მწარედ ამოძახილი.
- ღმერთო დიდებულო! რად მოგვიძულე ამ ზომამდე! - მაღლა ხელებაპყრობით წარმოსთქვა ერთმა ღრმად მოხუცებულმა გლეხმა, კაი ხნის მწუხარე დუმილის შემდეგ, - რა შეგცოდე ისეთი, შე სახელკურთხეულო! კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ. დანარჩენი სამი დღის ნამუშევარსაც, როცა მოესურვებათ, მაშინ წამართმევენ... ცხენს მტაცებენ, ძროხას მტაცებენ, ქათამს მტაცებენ... ჯანდაბას, რა გაეწყობა... ისე მოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ შვილი მაინც არ მოგვტაცონ და ურჯულოებში არ გაგვიყიდონ! კაცნო! - მიუბრუნდა მოხუცი გლეხებს, - ამ ხნის კაცი ვარ, ასი აღდგომა როგორ არ მეხსომება და ერთი წელი არ მახსოვს, რომ შიშიანობა არ ყოფილიყოს. ახლა სადაა ბაბა, შიშიანობა, შიშიანობა ამ ორმოცდა-ორმოცდაათი წლის წინათ უნდა გენახა! ლოგინიდან იტაცებდნენ ხალხს. საკვირველებაა, სულ როგორ არ ამოწყდა საწყალი ჩვენი ხალხი?! მხოლოდ ე... განსვენებული მამაჩემი ცაკვაია, ისე, ზღაპარივით იტყოდა: ვაი, ახავაი, სად არის ახლა ან გიორგი ლიპარტია, ან ლევან დადიაო. იმათ დროს ვინ გაბედავდა ტყვის გაყიდვასო! მე კი, რაც გავჩნდი, სულ შიშიანობა მახსოვს.
- ხვიჩა ბაბა! ხვიჩა ბაბა! - მოსთქვამდა ისევ მოხუცი...
- დამშვიდდი, დამშვიდდი, ტაგუია, ჯერ იმედს ნუ გადაწყვეტ, - მტკიცედ უთხრა ერთმა გრძელწვერა ჭაღარა, მაგრამ ვაჟკაცური გამომეტყველების გლეხმა, - მე, ბაბაია, პატარაობისას ბარემ ორჯერ მომიტაცეს, მაგრამ, ხომ მხედავ, აქა ვარ და იმედი მაქვს ჩემი ძვლებიც ჩემ წინაპრების საძვალოში დაიმარხება...
- მართლა, სეფანე! შენ ხომ ორჯერ ხარ მონატაცები. - ცოტა არ იყოს, ხალისით წამოიძახეს მოხუცებმა.
- ორჯერ, აბა, რავა გგონია! პირველად რომ მომიტაცეს, აქეთკენ წამათრიეს, აი! - ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ, - ამ ეკით, საწულეისქირიოთ და თეკლათით...
- ფეხით მიყავდით? - ჰკითხა ვიღაცამ.
- ფეხით, აბა, ცხენით კი არა! კარგა მოჩიტული ბიჭი ვიყავი და ერთი კაცი, ტყუილია, ცხენზე ვერ დამიმაგრებდა. ორ კაცს ვეჭირე ხელებით იქით-აქეთ და მიმათრევდნენ, სულ ტყე-ტყე. სად უფსკრულში რობუ და ჩქოფუში არ ჩამიყვანეს, სად მთის წვერზე არ ამათრიეს, კაცო, რომ გამახსენდება, კაცი ძაღლი ყოფილა-მეთქი, ვამბობ! ან მე როგორ გადავრჩი მაშინ ცოცხალი და ან ისინი! ისინიც რა, კაცები იყვნენ, დევები ხომ არ იყვნენ!
სტეფანეს არაერთხელ ეამბნა ეს ამბავი, მაგრამ ყველანი მაინც დიდის სიამოვნებით ყურს უგდებდნენ. ტაგუიამაც თითქმის შესწყვიტა მოთქმა-გოდება და ისიც სულგანაბული ყურს უგდებდა.
- წირვის დადგომის დრო იყო, რომ მომიტაცეს და ისე დაღამდა, რომ არც ლუკმა ჩაგვსვლია პირში და არც მოგვისვენია. მივედით თეკლათში და იქ მდინარე ცივის პირას ვიღაც მოსახლე კაცის სახლში თავი შეაფარეს. მე სხვა არაფერი მახსოვს. იქ მივედით თუ არა, სადღაც დავეგდე და მკვდარივით დამეძინა. გათენებული არ იყო, რომ გამაღვიძეს. რაღაც ორი ლუკმა მაჭამეს და, მართალი უნდა ვსთქვა, ცხენზე შემსვეს, მხოლოდ ფეხები აბჟანდებთან მიმიკრეს, სხვაფრივ, ხელები თავისუფალი მქონდა, ბურთიც ამომაცალეს პირიდან, ან რა საჭირო იყო? იქ რომ მეყვირნა აბა, ვის რას გავაგონებდი.
- მოიცა, ჩვენები იყვნენ, არა? - ჰკითხა ერთმა.
- ჩვენები, კაცო, მაშ თათარი აქ ჩემ სახლში ბავშვის მოსატაცებლად მოსვლას როგორ გაბედავს? თათრები იქა სხედან ციხესიმაგრეებში! მეც ხერხი ვიხმარე, იცოდე, ისეთი მხიარული სახე მივიღე, ისე შევეჩვიე, რომ რიონის პირას გამოვედით თუ არა, ფეხებიდანაც მომხსნეს ბაწარი. მხოლოდ ჭალადიდში შემოგვიერთდა ორი ცხენოსანი თათარი. ეტყობოდათ, ვიღაც კაი კაცები იყვნენ. ჩემი მომტაცებლები დიდის პატივით ეპყრობოდნენ. ერთ უდაბურ ტყეში დასასვენებლად ჩამოვხტით. ჩვენიანებს მაშინვე დაეძინათ. რა გასაკვირია, კაცო, დაღლილები იყვნენ, ძლივს ქაქანებდნენ. მეც მაშინათვე მივეგდე და ვითომ დავიძინე. ერთმა თათარმაც დაიძინა, მაგრამ იმ მეორემ, გაგონილა?! დიდი ეშმაკი ვინმე უნდა ყოფილიყო მაგ სახეძაღლი! თვალებს დახუჭავს, ვითომ ძინავსო, გაჩერდება, გაჩერდება ასე, და მერე უცბად გააღებს და ჩემკენ მოიხედავს. მე კი ვწევარ გატრუნული გოჭივით და ხანდისხან ფრთხილად შევხედავ ხოლმე. იმასაც, მართლაც არ ჩაეძინა?! ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ აქედან ჯიხაფერდში გაიგონებდი. მოგეცა ღვთისწყალობა, წამოვხტი და მოვკურცხლე. ჩემ ბედზე ერთი ცხენი მოშორებით მიებათ ხეზე. ფრთხილად მოვხსენი, ჯერ ოციოდ ნაბიჯი წინ გავუძეხი, მერე მოსართავები მოვუჭირე, შევჯექი და მოვუსვი, მარა რა მოვუსვი!
- ჰა წიე! - სიცილით წამოიძახეს მოხუცებმა.
- მაშ ცხენიც დაინარჩუნე? - ჰკითხა ერთმა.
- ეს! რის ცხენი! რა მეცხენებოდა! - მიუგო სეფანემ. - ცხენი ვაჭენე, სანამ ფეხის გადადგმა შეეძლო, მერე მივაგდე იქ და ტყეს შევაფარე თავი. მერე ეშმაკი ვერ დამიჭერდა.
- გამოქნილი ყოფილა, ეს მიწაში ჩასაძრომი, - გაიხუმრა ერთმა.
- მეორეჯერ როგორ იყო, სეფანე, მეორეჯერ! - მოსძახეს აქეთ-იქით.
- მეორეჯერ ბევრი არაფერი! მომიტაცეს თუ არა, ჩქარა შეუტყვეს, მთელი სოფელი დაესია და ჩემი თავიც დააგდებინეს.
- ვაი, ახავაი! დღესაც რომ დროზე შეეტყო კაცს, მაშინათვე დააგდებინებდა, - სთქვა მელოტმა მოხუცმა.
- ჩემ ბედზე ყოვლისფერი შეიკრა, - მწუხარებით სთქვა ტაგუიამ, - სანამ თხები აბნეულად არ უნახავთ ტოტიას სახლის ქვემოთ, ყურადღება არავის მიუქცევია. მერე აუტეხიათ წივილ-კივილი. მარა გვიან იყო. ჩვენ რომ შევუტყვეთ, მაშინ ის კაცი სორტას ჭალას გაცილებული იქნებოდა.
- ვაი, ახავაი, ვაი, ახავაი! - მოწყენით ამბობდნენ მოხუცები.
დაღამდა. მდევრები ჯერ არ მობრუნებულიყვნენ. საქმის არც ავი და არც კარგი სოფელში არავინ იცოდა. მოხუცნი თავიანთ სახლებში წავიდნენ. ტაგუია და მზეხაც გაურკვეველ მომავლის მოლოდინში ჯერჯერობით მიწყნარდნენ.
III
უღრან ტყეში, უშველებელ ფუღურო მუხის გვერდით, მდელოზედ, ნაბადი იყო გაშლილი. ზედ წამოწოლილიყო ვიღაც თავით ფეხებამდე შეიარაღებული კაცი. თოფის ლულა ფეხებ შუა დაემალა, ხოლო კონდახი მკერდში ჩაეხუტებინა. წელზე შავი რქისტარიანი ხმალი ერტყა, ხელში დამბაჩა ეჭირა. იქვე ახლო ხის ტოტზე მიბმული იყო გიშერივით შავი ბედაური ცხენი. ერთი შეხედვით ნაბადზე მწოლი თითქოს სთვლემდა, მაგრამ ყოველ ფოთლის შრიალზე, ან სხვა რამე გახმაურებაზე ტყეში, ფრთხილად, გველივით თავს მაღლა აიშვერდა, დამბაჩას მოიმარჯვებდა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა.
კაცი იყო ტანად − ჩასკვნილი, პირად − სახე ოდნავ დანაოჭებულს, მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. ნიკაპს უფარავდა ნახშირივით შავი, მოკლე, აქა-იქ ჭაღარაშერეული, ქოსა წვერი. მრისხანე გამომეტყველების დიდრონ შავ თვალებს აქეთ-იქით მოუსვენრად აბრიალებდა.
- ფიტ, ფიტ, ფიტ! - გაისმა ტყეში ლარჭების ხმა. ნაბადზე მწოლი საჩქაროდ წამოდგა, თოფსა და დამბაჩას ფალია გაუსინჯა და სმენად გადაიქცა.
- ფიტ, ფიტ, ფიტ! - ახლა უფრო გარკვევით მოისმა ხმა.
ნაბადზე მჯდომი ზეზე წამოდგა.
- ფიი...ტ, − გაისმა ტყეში ერთხელ კიდევ, მაგრამ გრძლად. − ფიიი...ტ, - გაისმა კვლავ ცოტა სიჩუმის შემდეგ.
კაცმა თოფი ზურგზე გადიკიდა, ახალუხის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ლერწმის პატარა ნაჭერი ამოიღო, პირზე მიიდო და დაუსტვინა.
“ფიტ!” მოკლედ და მკაფიოდ გაისმა უღრან ტყეში.
გავიდა დრო. მახლობელი ბუჩქნარი მძლავრად შეინძრა და ტოტების შრიალი მოისმა.
- ქუჩუია! - დაიძახა ხის ქვეშ მდგომმა, მუხას ოდნავ მოეფარა და დამბაჩა წინ გამოიშვირა.
- მე ვარ, ფიქრი ნუ გაქვს, - მოისმა ნაცნობი ხმა.
- სანგარო, რამდენი სიფრთხილეა საჭირო, - ჩაილაპარაკა შავ-შავმა კაცმა, თავისუფლად ამოისუნთქა, დამბაჩა ქამარში ჩაირჭო და მოლოდინში ერთ ალაგას გაჩერდა.
ცოტა ხნის შემდეგ თხილის ბუჩქებში ვიღაც დაბალ-დაბალი, ჩასქელებული, წითური კაცი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იმასაც ხელში თოფი ეჭირა.
- თენგიზ, მარტო ხარ? - ფრთხილად დაიძახა მან და ხელი რაღაცნაირად გააქნია.
თენგიზმა მარცხენა ხელი პირზე მიიდო და მარჯვენა ხელის სალოკით მუხის ფუღურო უჩვენა.
ახალმოსული ფეხაკრეფით მივიდა და ფუღუროში შეიხედა. ფუღურო დიდი იყო. ავდრის დროს სამი-ოთხი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა შიგ.
- ეჰე! - ჩუმად სთქვა ახალმოსულმა და თავი კმაყოფილებით გააქნია.
- სუ, სუ! ძინავს, ძინავს! - ფრთხილად ჩაულაპარაკა თენგიზმა.
ორთავენი მუხის ცოტა მოშორებით ჩამოსხდნენ.
- ნელა ვილაპარაკოთ. ჯერ არ მინდა გაიღვიძოს, საშინლად დაღლილია, - სთქვა თენგიზმა.
- წარმომიდენია, - მიუგო ქუჩუიამ, - კაი ბიჭსა ჰგავს, აი! რამდენი წლისაა, ნეტავ?
- აბა, რა ვიცი, მის დაბადებას არ დავსწრებივარ და ნათლობას. გარეგანი შეხედულებით ასე შვიდი-რვა წლისა უნდა იყოს.
− ბიჭო, ბიჭო, შე ღმერთგამწყრალო, როგორ მოახერხე?! სწორედ რომ ეშმაკი ხარ, ეშმაკი!
− ეხ! ნუ გამახსენებ ქე მაინც! ეშმაკი კი არა, კინაღამ ანგელოზიც დამავიწყდა. მოხერხება კი არა, კინაღამ თავიც ზედ გადავაგე. რასაც ერთხელ დაეჩვევა კაცი, რაშიაც ერთხელ ხელს გაისვრის, მერე მისი მოშლა შეუძლებელი ყოფილა, კაცო, თორემ ამისთანა სახიფათო და აშკარა საშიშ საქმეს კაცი როგორ უნდა სჩადიოდეს. ეს შემთხვევა მაინც სულ სხვა იყო. ჩემ სიცოცხლეში, ქუჩუია, აბა შენც ხომ იცი, რამდენი ბავშვი მე მომიტაცნია. რაღა ბავშვი გინდა, რამდენი გასათხოვარი ქალი! ხომ გახსოვს, ამ ათი წლის წინათ რას ჩავდიოდით, მაგრამ ამდენი შიში და ჯაფა, რაც ახლა გამოვცადე, არ გამომიცდია. მე თვითონ მიკვირს, აქამდის ცოცხალი როგორ მოვაღწიე.
- ვახ! ვახ! - ამბობდა ქუჩუია. - მოტაცებით კი ადვილად მოიტაცე?
- კაცო, უცაბედათ შემეხეჩა... მე, მართალი გითხრა, საგანგებოდ სხვაგან მივდიოდი. შევიხედე ერთ ალაგას, საისლეს გვერდით, დაღმართზე, მაღლა ანწლიანში თხების ფრუტუნი მომესმა. იქვე სკვინჩასავით პატარა ბავშვი შევამჩნიე, ხელში პატარა ჯოხი ეჭირა და რაღაცას თამაშობდა. საისლეს გვერდით, დაღმართშივე კვამლი ამოდიოდა. ეტყობოდა, ვიღაცა ესახლა. დედაკაცის ხმაც მომესმა: იქით მიაბრუნეო. ჩემ დანახვაზე ბავშვი სრულებით არ შეშინდა, გამიღიმა კიდეც, ალბათ, ვისმე მიმამსგავსა. მე მაშინვე მარჩილით სავსე ქისა ამოვიღე, დავაჟღარუნე და ვუჩვენე. ა, ჯიჯი, შენ გქონდეს-მეთქი. მაშინათვე მოირბინა. მეც, ხომ იცი, პირველი შემთხვევა არაა ჩემთვის ამისთანები, ხელი ვტაცე, ბურთიც პირში მარჯვედ ჩავჩარე და ბაწრით ნაბდის ქვეშ ზურგზე შემოვიკარ. მერე მოვკურცხლე, მაგრამ შენს მტერს, რაც დღე მე დამადგა...
− შეგიტყვეს ჩქარა, ა?..
− რის შეტყობა! შეტყობით გვიანამდე არ შეუტყვიათ. შეტყობა კი არა, ბავშვმა გამიჭირა, კაცო, საქმე. ცხვანტივით დაიწყო ტრიალი! კინაღამ ბაწრიანად გამიძვრა. საცა ხელი დამავლო, ამ მუშტისტოლა ბავშვმა, ისე მაგრა ჩამჭიდა, რომ ახლაც მტკივა. იმ ზომამდე მივედი, ქუჩუია, რომ, ეხ, ჯანი გავარდეს, დავსცხებ ამ დამბაჩას შუბლში ამ ლაწირაკს და მოვრჩები და მოვისვენებ-მეთქი. არ იქნა, ვაჟო, მისი საშველი! სანამ ღონე სრულებით არ გამოელია, არ მოისვენა. აღმართ-დაღმართი რომ გავიარე და როსთოს ჭალას მოვატანე, თოფის ხმა და კიჟინა მაშინ მომესმა. ისეთი ამბავი იყო, რომ მეგონა, დიდი და პატარა ერთად მომდევს-მეთქი. რომ მომწეოდნენ, შენი მტერი, ბოლოკივით ამთლიდნენ, მაგრამ რას გეტყვი, იცი, ქუჩუია, ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო... ინატრე მხოლოდ კარგი ცხენი. კარგი ცხენის ფასს, იცოდე, ენა ვერ გამოსთქვამს. ღმერთმან აკურთხოს ამის გამზრდელი. ეს ის ცხენია, გურიიდან რომ მოვიყვანე შარშან. ეს ცხენი არა მყოლოდა, ახლა ლუკმა-ლუკმა დაკეპილი ვეგდებოდი სადმე. აბაშაში ისე გამოვედი, არ შეუსვენია, მერე ღამემაც მომასწრო და, როგორც არის, ჯერ-ჯერობით სული კბილით გადავარჩინე.
- ახლა როგორ ვქნათ? - დაეკითხა ქუჩუია.
- ორპირთან ნავი არის?
- ვითომ ორპირით წახვალ?
- საით ჯობია?
- ორპირისაკენ არ გირჩევ, ძლიერ საშიშია. ყოველ სანაოზე და შარაგზაზე მეფის ყარაულები დგანან. თუ შეგამჩნიეს რამე მაგგვარი და ხელში ჩაგიგდეს?! ავა ვაია... არავითარ წირვა-ლოცვას არ მოგაშველიებენ. მოკვლით, მართალია, არ მოგკლავენ, მაგრამ სიკვდილი ათას წილად მირჩევნია მაგნაირ სიცოცხლეს: თვალებს დაგთხრიან და გაგიშვებენ. იარე, რამდენიც გინდა და საითკენაც გინდა...
- ოჰ! მაგას ცხრაჯერ სიკვდილი მირჩევნია... მაშ საით ჯობია წავიდე? ვითომ სუჯუნისკენ?
- აპაპა! იქ უკვე, ალბათ, მარაგად იქნებიან, გზები ახლა ყველგან შეკრული იქნება. შენ გგონია ჩვენ ჭკუიანები ვართ და სხვები ტუტუცები?
− მაშ, როგორ?
− მომითმინე, - აუჩქარებლად მიუგო ქუჩუიამ და შუბლზე ხელი მიიდო... - იცი რა გითხრა?
- ჰო!
- ფართე ჩქონი იცი?
- ვიცი.
- აი იმის პირდაპირ, ახლო, გამოღმა შავი ღელე ერთვის რიონს; მიუვალი ადგილია. ცხენით, ტყუილია, იქ ვერ მივადგებით. ისეთი ჭაობები და პაპანწყვლია, რომ თუ ფეხითაც გავედით, ღმერთს ათჯერ თავი დაუკარი. მე წავალ, სადმე პატარა ნავს მოვიპარავ და ასე შუაღამისთვის იქ დაგხვდები. თუ ამაღამ ნავი ვერ ვიშოვნე, სხვა რა ჩარაა, ხვალ საღამომდეც ტყეში უნდა შევინახოთ თავი.
- მაშ, აბა, შენ იცი, ქუჩუია! როგორმე იშოვნე ნავი. თუ რიონს გავედი, მერე არა მიჭირს რა... ცხენი კი, ქუჩუ... შენი ხელით ყელი არ გამომჭრა და თვალიდან არ მოიშორო ჩემს მოსვლამდე. კაი საბალახოებზე დააბი, ომბალე არ შეყვეს... შენ იცი, აბა, ჩემი საკუთარი თავივით ჩამიბარებია.
- შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ქუჩუს მაგისთანების დარიგება არა სჭირია. შენ კი, იცი, რომ მიუახლოვდე ფართე ჩქონს, ორჯერ ზედიზედ დაისტვინე. ხანი გამოუშვი და კიდევ ორჯერ დაისტვინე. თუ პასუხი მიიღო, იცოდე, საქმე გაჩარხულია, თამამად მომიახლოვდი. ახლა კი - ჰა, ეს ცოტა რაღაც მოგიტანე, ჯერ-ჯერობით ეს წაისაუზმე, - სთქვა ქუჩუიამ და ჩოხის აკეცილი კალთიდან კვახის ფოთლებში გახვეული რაღაც ამოიღო და თენგიზს გადასცა. - რომ შებინდდება, ერთ დოქ ღვინოსაც მოგიტან და ცხენსაც მაშინ წავიყვან, - დაუმატა მან, ფრთხილად გზას გაუდგა და ხშირ ფოთლებში მიიმალა.
IV
მღვდელმა მარკოზ დაბაძემ ბოსტანში მუშაობა გაათავა, ხელ-პირი დაიბანა და თავის პატარა, მაგრამ კოპწია ფიცრული სახლის დერეფანში, გრძელ და ფართე სკამზე ჩამოჯდა. ხვალ კვირა იყო და წირვისათვის მომზადებას დღეს საღამოდანვე უნდა შესდგომოდა.
მღვდელი მარკოზი მთელ გურიაში განთქმული იყო, როგორც ღრმად მორწმუნე, სიმართლის მოყვარული, პირში მთქმელი, კადნიერი, ჩინებული მწიგნობარი და ტკბილი მგალობელი. ორი ვაჟი მღვდელი ჰყავდა სხვადასხვა სოფელში, სამი ქალიშვილი გათხოვილი და, ახლა უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი, სახლში მარტო დარჩენილიყო თავის მეუღლესთან, ყველასაგან პატივცემულ, მისი ჭირის და ლხინის გამყოფ მოხუც მარიკასთან.
მღვდელი მარკოზი აზნაურთაგანი იყო. მამისაგან რამდენიმე მეკომური ყმა ერგო მემკვიდრეობით, მაგრამ იმან ადრიდანვე ცოტაოდენი სასყიდელი აიღო მათგან და ყოველგვარი გარდასახადებისა და სამსახურისაგან გაანთავისუფლა. სახლში ჰყავდა მხოლოდ ერთი ნაყმევის ასული ლერწამისა, აწ უკვე ხანში შესული დედაკაცი. ლერწამისა პატარაობითვე მათ ოჯახში იყო აღზრდილი, მერე გათხოვილიყო, მაგრამ ქმარ-შვილი დახოცოდა და სამუდამოდ მღვდელ მარკოზთან დაბინავებულიყო.
მღვდელი მარკოზისთანა კაცი იმ ჩვენი ქვეყნისთვის ავად სახსენებელ დროს მართლაც და სანუგეშო მოვლენა იყო. იმ დროს მთელი საქართველო, ამერ-იმერი შინაურ და გარეულ მტრების მიერ აწიოკებულ-აოხრებული, საზარელ სურათს წარმოადგენდა. მაშინდელი ქართლ-კახეთის მდგომარეობის დასასურათებლად საჭიროა მხოლოდ გავიხსენოთ სახელოვანი მგოსნის დავ. გურამიშვილის სიტყვები:
“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი”.
უარეს მდგომარეობაში იყო იმერეთის მხარეც. იმერეთის მეფე და მთავრები: გურიისა, ოდიშისა და აფხაზეთისა და მათი მიმყოლი დიდებულები ერთმანეთის მტრობაში, მიხტომ-მოხტომაში და სისხლის ღვრაში ლევდნენ სულს. ეს ვაჟბატონები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენდა ერთმანეთის დარბევა-აწიოკების საქმეში. მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი ამ ხანაში იყო ტყვეების მოტაცება და ოსმალეთში გაყიდვა. გაქვთ ღვთის წყალობა, მშიერი მგელივით მღრინავი ოსმალეთი ჩინებულად სარგებლობდა ჩვენ მაშინდელ მესვეურთა გრძნობა-გონების დაბნელებით. თითქმის ყველა, ასე თუ ისე გამოსადეგი ციხეები, როგორც ქუთაისი, ფოთი, შორაპანი, ოსმალებს ეჭირათ. ათასობით გზავნიდნენ სტამბოლში ტყვე ქალს ოსმალთა დიდკაცების ჰარამხანების დასამშვენებლად და ტყვე კაცებს მათი სხვადასხვა ჯარების გასაძლიერებლად.
ასეთ შემთხვევაში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე შიში, უნდობლობა, ორპირობა... ამდენი უბედურება ყველაზე მეტად თავს ატყდებოდა საწყალ დაბალ ხალხს, გლეხკაცობას, ამიტომ იგი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ყველა მას წიწკნიდა, ყველა მას სთლიდა, ხოლო შემწე და შემბრალე არავინ იყო.
ასეთ საშინელ პირობებში მღვდელი მარკოზი გამოვიდა უსამართლობის მამხილებლად, ჩაგრულის მფარველად, შურისა და მტრობის ნაცვლად ძმობისა და ერთობის მქადაგებლად. ის არავის ერიდებოდა, არც თავადიშვილებს, არც თვით გურიელს... სასტიკად გმობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ტყვეთა გამყიდველებს. ვინ იცის, რამდენი ტყვე დაუხსნია სტამბოლში გასაგზავნად განმზადებული! დაბალი ხალხი “მარკოზ ხუცესს” აღმერთებდა. დიდებულებს, თუმცა არ უყვარდათ, მაგრამ მის უანგარობას, კაცთმოყვარეობას და სიმტკიცეს ძალაუნებურად პატივსა სცემდნენ. ამასთანვე მარკოზ ხუცესი იშვიათი მუშაკაცი იყო და ქონებითაც შეძლებულ კაცად ითვლებოდა. მარკოზ ხუცესს არა თუ გურიაში, იმერეთ-სამეგრელოშიაც ქება-დიდებით იხსენიებდნენ.
მაგრამ აი, თითქოს ბედმა გაუღიმა ბედკრულ საქართველოს. როგორც საშინელი ჭექა-ქუხილის და წამლეკ ნიაღვრის შემდეგ გამოიდარებს ხოლმე, ბრწყინვალე მზე მოღიმარ სხივებს ისვრის და მილეკილ-მოლეკილ მიდამოს ხელახლა აღორძინების იმედს ჩაუსახავს, ისე გაოხრებულ-დაუძლურებულ აღმოსავლეთ საქართველოს ამ დროს მოევლინა იმედი, სახელოვანი გმირი, პატარა კახი, მეფე ერეკლე. ერეკლეს “ელვარე ხმალი” ისე საგრძნობლად გაუმასპინძლდა სულ მტრად გარს მომდგარ თურქ-სპარს-ლეკ-ყიზილბაშებს, რომ ისინი არა თუ გარეკა საქართველოდან, თავიანთ სახლშიაც შიშისაგან ააძაგძაგა. 1752 წ. მეფე ერეკლემ ათას-ხუთასი კაცით საშინლად დაამარცხა ერევნის ახლო მის წინააღმდეგ ათჯერ უფრო მეტი ჯარით და ზარბაზნებით გამოსული სპარსეთის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანი. ამ გამარჯვებით თავისი ხმალი და ჯარი ახალი შარავანდედით შემოსა და მთელ აზიას დაანახვა, რომ შაჰ-აბაზისაგან აოხრებული და სასიკვდილოდ განმზადებული საქართველო უკვე მოღონიერებული და წელში გამაგრებული, კვლავ აპირებს სიცოცხლის განგრძობასაო.
ამავე დროს ბედმა თითქოს დასავლეთ საქართველოსაც გაუღიმა. სწორედ იმავე წელს, რა წელსაც მეფე ერეკლემ აზატ-ხანზე ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა, იმერეთში გამეფდა სოლომონ პირველი, მრავალგვარი სიკეთით და სათნოებით აღჭურვილი. ის დაემოყვრა სამეგრელოს მთავარს ოტია დადიანს, დაიმორჩილა ურჩი და თავგასული თავადები. ზოგი მათგანი დასაჯა, ზოგი გააძევა, ზოგს მოეფერა, სასტიკი ბრძანება გასცა ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. ბრძოლაში რამდენჯერმე საგრძნობლად დაამარცხა ოსმალები და თუმცა სრულებით მათი გაძევება ყველა ციხე-სიმაგრეებიდან ვერ მოახერხა, მაგრამ მათი პარპაში და ბატონობა ძლიერ შეამცირა. საერთოდ მთელი იმერეთის მხარე გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და განახლების გზაზე დააყენა.
საქმის ასე მოგვარება ვის უნდა გახარებოდა, თუ არ მღვდელ მარკოზ დაბაძეს. ჯერ როცა ერეკლეს მეფის გმირობის სახელი გავარდა, მღვდელი მარკოზი სიხარულით ცას ეწია, უსურვა მტრებზე გამარჯვება და დღედაღამ მის საკეთილდღეოდ ლოცულობდა. მაგრამ, როცა იმერეთის მხარესაც მოევლინა ღირსეული მეფე სოლომონი, მღვდელ დაბაძეს გულმა ვერ მოუთმინა და სიხარულით აღსავსემ თვით მეფეს გუმანი მიართვა; მიულოცა მეფობა, აუწერა იმერეთის საშინელი მდგომარეობა და იმედი გამოსთქვა, რომ აღმოსავლეთით ერეკლე და დასავლეთით სოლომონი ერთმანეთს მხარიმხარს მისცემენ და ამჟამად დაუძლურებულ საქართველოს ისევ ძველ ღირსებას და სახელს აღუდგენენო.
მეფე სოლომონს წინეთაც გაგონილი ჰქონდა მღვდელი დაბაძის ამბავი და ახლა მის მიერ გამოგზავნილმა გუმანმა ძლიერ ასიამოვნა, მით უფრო, რომ, საუბედუროდ, მაშინდელი სამღვდელოება გონებრივადაც და ზნეობრივადაც სახარბიელო არ იყო. თვით მღვდელმთავრებიც ერივნენ სტამბოლში ტყვეთა გაყიდვის საქმეში და ადვილი წარმოსადგენია დაბალი სამღვდელოება რაღა იქნებოდა.
მეფემ სახლთხუცესს უბრძანა, მადლობის ბარათი მიეწერა მღვდელ მარკოზ დაბაძისათვის, გაემხნევებინა, აღეთქვა მფარველობა და საჩუქრად გაეგზავნა ერთი კაი მაუდის კაბა და ქალაქიდან მოტანილი თბილი ყელიანი ჩუსტები.
ამ ამბავმა მღვდელი მარკოზი და მისი მომხრე საწყალი, გაჭირვებული ხალხი ძლიერ გაამხნევა და გაახარა, მაგრამ მისი მტრები, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის მოტრფიალე თავადები და მათი დამქაშები ძლიერ შეაშფოთა და მარკოზ ხუცესის წინააღმდეგ შურითა და მტრობით აღავსო. პირადად შეხვედრის დროს ძალაუნებურად ანგარიშს უწევდნენ მაღალი მფარველობის ქვეშ მყოფ ხუცესს, პატივით ეპყრობოდნენ, ეფერებოდნენ და თითქოს თანაუგრძნობდნენ. მღვდელი მარკოზი კარგად იცნობდა ყველას და თავის არჩეულ გზას მტკიცედ ადგა. არც არავის ქება-დიდება ასხამდა თავბრუს და არც არავის მტრობა-მუქარის ეშინოდა.
- მარიკა! - დაუძახა მღვდელმა მარკოზმა ცოლს.
- რა გინდა, - მოისმა სახლიდან ხმა.
- ე მანდ რას აკეთებ?
- ბეჩა, როდის მნახე უსაქმოდ მჯდარი. საჩოხე მატყლს ვწეწავ. განა ვერ დაინახე, რომ პაჭიჭები სულ მთლად გაგცვეთია?
მღვდელმა პაჭიჭებზე დაიხედა. მართლაც, ერთიც და მეორეც რამდენიმე ალაგას ამოგლეჯილიყო. მარკოზს სრულებით არ შეუმჩნევია პაჭიჭების გაცვეთა და თუ შეამჩნია, ყურადღება არ მიუქცევია. მუდამ სხვადასხვა ფიქრებში და მუშაობაში გართულ მღვდელს სად ეცალა პაჭიჭებისათვის.
- კაი დაგემართოს, კაი ფიქრი შენ მოგსვლია, - კმაყოფილებით მიუგო მღვდელმა. - მაშ სამარიობოდ ახალი პაჭიჭები მექნება! ლერწამისა სად არის?
- წყალზე წავიდა.
- ჰო, კარგი! მაშ იცი, რა გითხრა, ერთი გაისარჯე და ეფუთი მომიძებნე, მინდა შევიტყო რა ხნისაა დღეს მთვარე, ამ დღეებში ხეხილის დამყნობას ვაპირობ.
რამდენიმე ხნის შემდეგ კარებში გამოჩნდა სანდომიანი სახის ტანდაბალი მოხუცი დედაკაცი. ერთ ხელში მატყლის ფანტელი ეჭირა, ხოლო მეორეში კარგა მოზრდილი, შავ ყდაში ჩასმული წიგნი. წიგნი მღვდელს მიაწოდა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
მღვდელმა წიგნი გადაშალ-გადმოშალა:
- იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი... - წარმოსთქვა მან, - ნიადაგი და თვის თავი, ზედნადები ოცდასამი... ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...
- შენდობა მოძღვარს, - გაისმა ამ დროს ხმა და მის წინ მხარზე მოკლე თოფგადაკიდებული გლეხი გამოჩნდა.
- თედორიკა, რა ამბავია, შვილო, ხომ არა გიჭირს რა? - ჩვეულებრივ ტკბილად მიეგება მღვდელი.
ახალ მოსულმა მღვდლისაგან ლოცვა-კურთხევა აიღო.
- არა, მამაო! - ცოტა არეულად მიუგო თედორიკამ. - სასახლიდან გამომგზავნეს. ქალბატონი როდამი უქეიფოდ გახლავთ და გთხოვეს... საზიარებლად მობრძანდითო.
- ჰა, ბიჭო, ქალბატონს რა დამართნია? იქით კვირას წირვაზე ბრძანდებოდა და ისე ყოჩაღად იყო, რომ...
- იქით კვირას კი არა, დღეს დილითაც კარგად გახლდათ და მერე უცბად ცუდი გული შეექმნა.
- ბატონი გიორგი შინ ბრძანდება?
- არ გახლავთ, მამაო, ჯუმათში წაბრძანდა.
- ოო... - გაჭიანურებით წარმოსთქვა ხუცესმა და თოვლივით თეთრ და გრძელ წვერზე ხელი მოისვა.
- კარგი, კარგი, შვილო! წავიდეთ, წავიდეთ! - მიუგო მღვდელმა, წიგნი დაკეცა და წასასვლელად მზადებას შეუდგა.
- ჯორი მოგიძებნო, მამაო? - დაეკითხა თედორიკა.
- არა, შვილო, არა ფეხითაც ავირბენ, მაგის მოძებნა-შეკაზმვაში ბევრი დრო წავა, ხვალ კვირაა, წირვა-ლოცვა მიჭირს, - აუჩქარებლად მიუგო მღვდელმა მარკოზმა, სიწმინდის კოლოფი გულზე გადიკიდა და თედორიკას გაჰყვა.
V
ნიგოითის ერთ-ერთ, ზამთარ-ზაფხულ ამწვანებულ სერზე, თავადი გიორგი ჭორიშვილის სამოსახლო იყო გამოჭიმული. თავადის ეზოს ორასამდე ქცევა ადგილი ეჭირა. ეზოს ერთ მხრივ, საუკეთესო, სწორე და ამაღლებულ ალაგას იდგა ყავრით დახურული დიდი ოდა - ბატონების საცხოვრებელი და მახლობელი სტუმრების მისაღები. იქვე მახლობლად იდგა მეორე პატარა ოდა, საზოგადო სასტუმრო. იქვე ცოტა მოშორებით სხვადასხვა ზომის, - ზოგი ფიცრული და ზოგიც დაფაცხული: ისლით დახურული შენობა სამზარეულო, საჯინიბო, საბაზიერო და სხვა. ეზოს მეორე მხრივ დაბლობზე, წყაროს პირას, ოციოდ პატარა სახლები და ფაცხები იყო გაფანტული. იქ მოჯალაბეთა მოსახლეობა იდგა.
მზე უკვე ჩადიოდა, როცა მღვდელი მარკოზი თედორიკას თანხლებით თავადის ეზოში შევიდა. მას მოეგება თავადის ვაჟიშვილი ალექსანდრე და თავაზიანად სახლში შეიპატიჟა, მაგრამ მღვდელმა მარკოზმა ერთი შეხედვითვე შეატყო, რომ მისი მოსვლა ბატონიშვილს არ ესიამოვნა, ძლიერაც ეწყინა.
მღვდელმა მარკოზმა თავადიშვილს პირდაპირ თვალებში შეხედა და თითქოს ანიშნა: რა ვქნათ, შვილო, ეტყობა, არა გსურდა ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ მე მაინც, ეს არის გეახელიო.
- რა დაემართა, ნეტავი ქალბატონს? ძლიერ საწყენად დამირჩა, - მიებოდიშა მღვდელი მარკოზი თავად ალექსანდრეს, - ქრისტე მეუფეს ვთხოვ მის ჩქარა განკურნებას.
- გმადლობთ, მამაო, - ზრდილობიანად მიუგო თავადიშვილმა, - რაღაც უქეიფოდ გახდა დღეს, არ ვიცი, აწყინა რამემ, თუ გაცივდა.
გაუბედავი კილო თავადიშვილისა ძალაუნებურად ეჭვს უბადებდა მღვდელს, რომ არც ერთი მიზეზი სწორი არ იყო.
- რა აწყენდა, ბატონიშვილო, ან სად გაცივდებოდა? - სიცილით მიუგო ხუცესმა, - მე შენ გეტყვი და ცივი ღომით საუზმობს, ან კოკით წყალს ეზიდება.
თავად ალექსანდრეს ბრაზით ფერი ეცვალა, მაგრამ თავი შეიკავა, იცოდა მღვდელი მარკოზის მოურიდებლობა ლაპარაკის დროს და ღიმილითვე მიუგო:
- ეხ, მამაო, ცივი ღომის მჭამელი და კოკით წყლის მზიდავი ხშირად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი...
- ეს სწორედ ჭეშმარიტი ბრძანებაა, - კმაყოფილებით მოუსწრო ხუცესმა, - ღმერთი წონა-სამართალია! ღარიბი და დაჩაგრული კაცის ერთადერთი ნუგეში მისი ჯანმრთელობაა, შრომა-გარჯით და ზომიერი ცხოვრებით მოპოებული. გამჩენს ასე განუწესებია.
- სიმართლე რომ ვსთქვათ, მამაო, დედაჩემი, თუმცა ფუფუნებით გაზრდილი ადამიანია, მაგრამ ძლიერ გამრჯელია. დილიდან საღამომდე არ ისვენებს და ხშირად ისეთ საქმეებში ერევა, რაც მას სრულებით არ შეეხება...
- ვიცი, ვიცი, შვილო! განა არ ვიცი! ვიხუმრე, თორემ ქალბატონ როდამს მარტო დღეს ვიცნობ? შენ ქვეყანაზე არც კი არსებობდი, როცა მე მას ვიცნობდი. ჯვარი მე არ დავწერე?.. როგორ მიბრძანებთ, პირდაპირ შეიძლება შევიდეთ?
- უკაცრავად, მამაო, მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ, მგონი. ახლახან ჩაეძინა...
- რა საბოდიშოა, შვილო! - გააწყვეტინა ხუცესმა, - იყოსმცა მისთვის ძილი განმკურნებელი. მე მანამდე აქ დერეფანში ჩამოვჯდები. ჯდომას და აქედან ყურებას რა ჯობია. იფ, რა მშვენიერებაა! მთელი რაიონის დავაკება, გაღმა-გამოღმა და თითქმის მთელი ოდიში ხელისგულივით მოსჩანს. ახ, ცხონებულ ბაბუაშენმა ქაიხოსრომ აირჩია ეს ადგილი სამოსახლოდ... რა წყალი, რა ჰავა! გურიაში ამის ბადალი ალაგი მეორე არ მოიძებნება.
მღვდელი დერეფანში გრძელ სკამზე ჩამოჯდა, თავადი ალექსანდრეც შორიახლო მოუჯდა.
ცოტა ხანს სიჩუმე სუფევდა.
ორთავენი ცოტა უხერხულად გრძნობდნენ თავს. მღვდელი ატყობდა, რომ თავადიშვილს მასთან დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ ზრდილობის გულისათვის არ მიდიოდა და თვითონ ხუცესს კი - წადი, მომშორდი, ვერ ეთქვა...
ბოლოს სიჩუმე ისევ თავადმა ალექსანდრემ დაარღვია.
- რას ამბობს, მამაო, შენი ეფუთი? როგორი წელიწადი იქნებაო, როგორი მოსავალი, როგორი სიმრთელე?
- ჰო! - ჩაახველა ხუცესმა. - ეფუთი რაღათ გვინდა, შვილო, - აუჩქარებლად, მაგრამ ჩვეულებრივ მტკიცედ მიუგო მღვდელმა მარკოზმა, - როცა უეფუთ-უკარაბადინოდაც ჩვენი ცხოვრება და მისი ბედ-იღბალი დღესავით ნათელია! თვალით ვხედავთ, ყურით გვესმის, რაც ხდება ირგვლივ. გული კი სწუხს და შფოთავს. მოსავალი კარგი საიდან იქნება, თავადიშვილო, როცა მხვნელ-მთესველი შიშით თავისუფლად ვერ გამოსულა სამუშაოდ. სიმრთელეს ვინ მიანიჭებს შიმშილით კუჭ გამხმარ ხალხს. ან ეს მიბრძანეთ თვით ხალხი სად არის? სად არის ხალხი? ან სად იქნება, როცა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ძენი და ასულნი ასობით და ათასობით, შავ ზღვას გაღმა ბატკნებივით და თიკნებივით იყიდებიან. ჭეშმარიტად დიდია სულგრძელობა უფლისა, თორემ, საკვირველია, რატომ ამდენხანს არ მოგვივლინა როგორც საღმრთო წერილში წერია: “ცეცხლი და წუმწუმა და სული ნიავ-ქარისა” და სრულებით არ აღგავა პირისაგან ქვეყნისა ჩვენი ცოდვილი კუთხე. მე მიკვირს, რატომ ზღვად და პალეასტომად არ გადიქცევა მთლად ჩვენი ქვეყანა, საცა ამდენი შესაზარი უსამართლობა მომხდარა და კიდეც ხდება, საცა... მაგრამ, ჰოი, უფალო შეგცოდე! მაშინათვე ადამიანური სულმოკლეობა მომიტაცებს ხოლმე და სრულებით მავიწყდება, რომ სულგრძელი ხარ და მრავალმოწყალე. არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებ ჩვენ და არცა საქმეთა ჩვენთაებრ გვასწავლი ჩვენ. შენ უკეთ უწყი უმჯობესი... ახლა მგონია არ გაგვწირავ სრულიად, რადგან მოავლინენ ჩვენდა შემწე წმიდით შენით და სიონით გამო ხელი აღგვიპყარ ჩვენ... რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლო. არა, თავადიშვილო, - ხმას დაუშვა ხუცესმა, - ჩემი ეფუთ-კარაბადინი ხელისგულივით ჩვენს წინ გადაშლილი ჩვენი ცხოვრებაა, თუმცა სახარბიელო არაა, მაგრამ არც სულ უნუგეშოა. აწ გულის ხმა ვყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი... უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩვენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდეთ შენ... ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა ვხადოდეთ. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღვსდეგით და აღვემართენით.
თავად ალექსანდრეს პირისახეზე ალმური აედინა. ის ძლიერ კარგად მიუხვდა, თუ რა ქარაგმებით უბნობდა მარკოზ ხუცესი. საქმე იმაში იყო, რომ თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს, - გურულს, იმერელს თუ მეგრელს, თავადის სახლში მყუდრო ბინა ჰქონდა, რადგან თავადი დიდი გავლენიანი კაცი იყო და მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას უბრალო ვინმე კი არა, თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა. თავადი გაცნობილი იყო ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან. ისინი თავად გიორგის დიდად აფასებდნენ და პატივსა სცემდნენ. ერთი სიტყვით, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე თავადმა ძლიერ კარგად იცოდა და ამით კაიძალ ქონებასაც იძენდა.
ვინ იცის, რამდენჯერ მოსვლია უსიამოვნება მარკოზ ხუცესს თავად გიორგისთან ტყვეთა გაყიდვისა გამო. ბევრი უქადაგნია ხუცესს თავადისთვის, ბევრი უხვეწნია, ბევრი უმხილებია აღეკვეთა ეს საზიზღარი საქმე, მაგრამ ვერა გაეწყო რა. თავის მხრივ თავადს მღვდელი მარკოზი, რასაკვირველია, სძულდა, უნდოდა მასთან ყოველივე კავშირი გაეწყვიტა და სახლშიაც არ შემოეშვა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა, რადგან ქალბატონი როდამი დიდი პატივისმცემელი იყო მარკოზ ხუცესისა და სხვა მოძღვრის არჩევაზე არასგზით არ თანხმდებოდა. თავადი გიორგიც გულის სიღრმეში, უეჭველია, გრძნობდა ხუცესის პირად ღირსებას და, თუმცა არ ესიამოვნებოდა მუდამ მამხილებელი კაცი, მაინც, ვიგინდარა ყურმოჭრილ ყმა-მღვდელს მაინც ერჩივნა. “რას დავეძებ, ილაპარაკოს რამდენიც უნდაო, მე მაინც ჩემსას ვიზამო”, - ფიქრობდა თავადი, მაგრამ როცა მარკოზ ხუცესი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო თვით მეფე სოლომონმა, საქმე შესამჩნევად შეიცვალა. მღვდელი მარკოზი ახლა ტყვეთა გამყიდთათვის საშიში კაცი შეიქნა. ხუცესს შეეძლო თავის მომხრენი, რომელთ რიცხვი, განსაკუთრებით დაბალ ხალხში, მრავალი იყო, აემხედრებინა, მეფისთვის მიემართნა, ისიც ძალას მოაშველებდა და ტყვეთა გაყიდვის საქმეში მხილებული სასტიკად დაისჯებოდა. თუმცა ხუცესი ჯერჯერობით ჩვეულებრივ ტკბილ სიტყვებს და იგავების თქმას სჯერდებოდა, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო სხვა ღონისათვის მიემართნა და თავადი გიორგისთვის საგრძნობელი უსიამოვნება მიეყენებინა. ამიტომ თავადმა ბოლო დროს ხუცესს მოფერება და უფრო პატივით მოპყრობა დაუწყო, თანაც ეფიცებოდა, რომ ახლა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმეში ჩარევას სრულებით თავი დავანებეო. ერთი მხრივ ეს ტყუილიც არ იყო. აშკარად მოყვანა ტყვეებისა თავადის სახლში, რაც წინათ ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რისთვისაც თავადი გიორგი არავის ერიდებოდა, შესამჩნევად შემცირდა.
სხვა დროს თავად ალექსანდრესაც მღვდლის იგავებზე შეიძლება პასუხიც გაეცა, მაგრამ დღეს საუკეთესოდ სცნო გაჩუმებულიყო. ხუცესისადმი უკმაყოფილებას მხოლოდ თვალებით გამოსთქვამდა და მით კმაყოფილდებოდა. მღვდელმა კი ძლიერ კარგად შენიშნა, რომ თავადიშვილს მისი სიტყვები არ ესიამოვნა, მაგრამ თითქოს არ შეუმჩნევიაო, კვლავ განაგრძო ლაპარაკი.
- იცოდე, თავადიშვილო, ჩვენ აღვსდგებით და აღვიმართებით! სძლევს სიკეთე სიბოროტეს, მაგრამ შურს არ იძიებს. ქრისტიანულ სიკეთეს შურისძიება არ უყვარს. რაც იყო, შვილო, იყო! - უკვე პირდაპირ სთქვა ხუცესმა, - მას ნუღარ გავიხსენებთ. ყოვლად მოწყალეს ვსთხოვოთ შენდობა და დავადგეთ ახალ გზას. მაშინ ნახავ, რომ ცაც დროზე წვიმას მოგვცემს და ქვეყანაც უხვად აღმოაცენებს ნაყოფსა თვისსა, მოსავალიც კარგი იქნება და სიმრთელეც ხალხში სანატრელი.
- ღმერთმან ქნას! ღმერთმან ქნას! - ამბობდა თავადი, მაგრამ ზედვე ეტყობოდა, გულწრფელი არ იყო ეს მისი სურვილი.
- დროა, გონს მოვიდეთ, სიტყვით ნათქვამი საქმითაც შევასრულოთ, ხელი ხელს მივცეთ და წარმოვსთქვათ სიტყვა იგი მეზვერისა, - მტკიცედ სთქვა მღვდელმა მარკოზმა, მაგრამ სიტყვა ვეღარ დაათავა, ოდნავ შეკრთა და ეზოში რაღაცას დააკვირდა.
ეზოში საჯინიბო სახლისაკენ ვიღაც შავწვერა, ჩასქელებული, ყაბალახით თავშეხვეული კაცი მიდიოდა, უკან ქამარში განდაგან დამბაჩა ერჭო და რაღაცნაირი რხევა-ზნექით მიდიოდა. გამოცდილ მღვდელს ეს კაცი მაშინათვე თვალებში ჩაუვარდა.
- ეს კაცი ვერ ვიცანი, ბატონიშვილო! - მიუთითა ხუცესმა ეზოში მიმავალ კაცზე.
თავადმა ალექსანდრემ გაკვირვებით აიხედა, სახე ცოტა გაუფითრდა, მაგრამ შეეცადა სრულებით დამშვიდებული სახე მიეღო.
- ესა? ჰო, ჩვენი მოკეთე კაცია.
- აქაური არ უნდა იყოს.
- ... არა, ოდიშელია, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ ცოტა სიჩუმის შემდეგ.
- ოო!.. - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა ხუცესმა და სასტიკი თვალით თავადს შეჰხედა.
- მამაო, დედას უკვე გაეღვიძა, - მოიბოდიშა თავადიშვილმა, საჩქაროდ წამოდგა და სახლში შევიდა. სხვა გზა არ იყო, ხუცესის მრისხანე თვალს თვალი ვერ გაუსწორა.
- ოო... ახლა კი მივხვდი! აქ რაღაც საქმეა, - გაიფიქრა მღვდელმა და თეთრ წვერზე ხელი მაგრად მოისვა. - სახეზე ვატყობ იმ შავ-შავ ყაზახს, კეთილი სული არ უნდა იყოს. ვითომ ახლაც გაბედეს და ვინმე უბედური მოიყვანეს? მოიცა, ვნახო ქალბატონი, ყოველისფერს გამოვააშკარავებ. მაშინ გაუხმეს ხელი მარკოზ ხუცესს, თუ მან ვისმე ზიარება მიაწოდოს, სანამ დაწვრილებით არ შეიტყობს, თუ რაშია საქმე. თავადიშვილს მე არასოდეს გულზე არ ვეხატე. მამის შვილი არაა! მაგრამ დღეს კი რაღაც განსაკუთრებული არეულობა შევატყვე. ღმერთო, მწეო ჩემო და მფარველო ჩემო, განმისწავლენ გზანი ჩემნი! - ლოცულობდა გულში ხუცესი. მის ყურამდე სამზარეულო სახლიდანაც კანტიკუნტად საგულისხმიერო სიტყვებმა მოაღწია. მღვდელს ესეც არ გამოეპარა.
- ვაი, ვაი, დედაი სულო! უღმერთოები, უღმერთოები, - ამბობდა მოხუცი გადია... - მისი ცოდო... კაცის გული... და...
რამდენიმე ქალი ერთად ლაპარაკობდა. სამზარეულო სახლიც კარგა მოშორებით იყო და მღვდელმა მარკოზმა დალაგებით ვერ გაიგონა მოხუცი გადიას ნათქვამი, მაგრამ რაც გაიგონა, ისიც საკმარისი იყო, ეჭვი აიღო, რომ ამ სახლში რაღაც საიდუმლო საქმე იმალებოდა, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო იმ შავწვერა მეგრელის მოსვლასთან.
- ვითომ, რაც თავადმა შემომფიცა, მაგისთანები აღმოვკვეთეო, კიდევ გაბედეს? - თავისთვის წარმოსთქვა ხუცესმა. - დამაცადეთ, განკითხვის დღე მოახლოვებულია, - იმუქრებოდა მღვდელი მარკოზი.
VI
ქალბატონს გამოეღვიძა. ალექსანდრე არსად სჩანდა. გამოვიდა მოახლე ქალი და მღვდელი სახლში შეიპატიჟა. მღვდელი მარკოზი შევიდა.
ოთახი, სადაც იწვა ქალბატონი, დიდი არ იყო. კედელში გამოჭრილი პატარა ფანჯარა სახლს საკმაოდ ვერ ანათებდა. ერთ-ერთ კედელთან, ტახტზე, ძვირფას აბრეშუმეულობა გადაკრულ ქვეშაგებში იწვა ქალბატონი როდამი. ტახტის წინ ძვირფასი, სტამბოლიდან მოტანილი ხალიჩა ეგო. ავადმყოფის სარეცელთან მაღალი სამფეხა სკამი იდგა, რომელზედაც მხედრულად დაწერილი პატარა დაუჯდომელი და ვერცხლის პატარა შანდალი იდგა. შანდალში შინ ჩამოქნილი ყვითელი თაფლის სანთელი ერჭო. ოთახში, ავადმყოფს გარდა, არავინ იყო.
მღვდელმა მარკოზმა ოთახში ფეხი შესდგა თუ არა, მცირე ლოცვა წარმოსთქვა და მერე ავადმყოფს აუჩქარებლად მიესალმა.
- იაგუნდისა, - მილეული ხმით დაიძახა ქალბატონმა, - მოძღვარს სკამი მიართვი.
მოახლემ სკამი შემოიტანა. ხუცესი ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოავლო, ერთიც დაუჯდომელს გადახედა და ავადმყოფს თანაგრძნობით დაეკითხა:
- რა დაგმართნია, ქალბატონო? ძლიერ ვწუხვარ, სასო ღვთისმშობელს შევთხოვ შენს ჩქარა განკურნებას.
- გმადლობ, მოძღვარო! ძლიერ ცუდად ვიგრძენი თავი და შეგაწუხე. ვინ იცის, სიკვდილ-სიცოცხლე ხომ ერთი წუთის საქმეა, - ნელ-ნელა წარმოსთქვა როდამმა.
მღვდელმა თავისი გამომცდელი თვალებით ახედ-დახედა ავადმყოფს და ტკბილად მიუგო:
- კეთილი, ქალბატონო! მოხარული ვარ, რომ გაჭირვების დროს ღმერთს მიმართავ ხოლმე. და ხმა ჰყოს ჩემდამი და მე ვისმინო მისიო, ბრძანებს უფალი. უეჭველია, შენც გისმენს იგი, თუ კი გულწრფელად მიმართავ მას.
- მოძღვარო, ძლიერ სუსტადა ვარ.
- უფალი განამტკიცებს უძლურთა და დაამხობს ძლიერთა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი, - თვალების ზეაპყრობით ამბობდა მღვდელი მარკოზი.
- ეხ! მოძღვარო, უფალსაც მოსწყინდა, ალბათ, ჩვენი ცოდვები... ჩვენი...
- ჩვენი ცოდვები, ქალბატონო, რაღა საკითხია... დასამალი არაა, აშკარაა, - გააწყვეტინა ხუცესმა, - მთანი და ბორცვნი, მდინარენი და ველნი, ზღვა და ხმელეთი, უსჯულოთა ბანაკი და ქვრივ-ოხერთა თავშესაფარი ქოხი სულ ჩვენ ცოდვებზე არ ღაღადებენ?
- მოძღვარო, მე ხომ მიცნობ? მრავალჯერ მითქვამს ხომ გულწრფელი აღსარება შენთვის... ჩემი სულიერი ტანჯვა, ჩემი წუხილი... უფალმა ხომ... უწყის... - ქალბატონს ტირილი მოერია და სიტყვა ვეღარ დაათავა.
- მგონი, მეც მიცნობ, ქალბატონო! ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ჯვარი დაგწერე. კარგად იცი, რამდენი უსიამოვნება შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში, თვით შენ ოჯახშიაც რამდენჯერ ყოფილა ჩემ დასაღუპად შეთქმულება, მაგრამ პირადად შენი ყოველთვის მადლობელი ვიყავი, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ არ შენ, ბევრი ხნით ადრე ცოცხალთა რიცხვში არ ვიქნებოდი. უფალმან მოგაგოს მაგიერი. მრწამს ისიც, რომ გულწრფელად იტანჯებოდი, როცა ჰხედავდი აშკარა უღმრთოებას შენ ოჯახშივე შენს დაახლოებულთა მიერ. მართლაც და დიდი უნდა იყოს ის მწუხარება, რაც უნდა განეცადა პატიოსან ცოლსა და დედას, როცა ხედავდა, რომ მისი ქმარი და შვილი ძმათა მტაცებელს და ურჯულოში გამყიდველს თავშესაფარს აძლევდნენ. მაგრამ დაგვიდგა სხვა დრო. ღმერთმან ზეცით გარდმოიხედა, მოგვივლინა მხსნელი, ხომ შეიტყე, რა სასტიკი ბრძანება გაუცია მეფეს ტყვეთა გაყიდვის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს ბრძანება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. კიდევაც ახლავე დაეტყო ამ ხმის ძლიერი გავლენა ჩვენ ქვეყანას. ახლა მთესველი უკვე მხიარუალად გამოდის თესვად, ხოლო მტაცებელი თავზარდაცემული იმალება. მე იმედი მქონდა, ასე სანატრელად დროების შეცვლა შენ გაგახარებდა და, აი, საუბედუროდ, ვხედავ, რომ, პირიქით, დაუძლურებულხარ, ტირი და გოდებ. გატყობ, რომ შენი ავადმყოფობა რაღაც სხვანაირია, ასოთა ტკივილისაგან არ არის გამოწვეული. მითხარ, რაშია საქმე, ნუ დამიმალავ!
ქალბატონი მწარედ ქვითინებდა.
- პასუხის მოცემა გეძნელება, ცრემლი ნებას არ გაძლევს? - გულდამშვიდებით გააგრძელა ხუცესმა. - არა უშავს-რა, ცრემლი დიდი ნუგეშია, მწუხარე გულის დამამშვიდებელია. შეიძლება, ჩემ შეკითხვას პასუხიც მე მივცე? კარგი, შენ არ შეგაწუხებ, მე თვითონ გიპასუხებ. ხომ იცი, ქალბატონო, ჩემ გამოცდილ თვალებს არაფერი გამოეპარება, მაგრამ ერთი მაინც უნდა მიბრძანოთ: ვინა ბრძანდება ის შავწვერა მეგრელი, თქვენს სახლში დღეს სტუმრად რომ არის? უეჭველია, კეთილი სული არ უნდა იყოს!
ქალბატონი ცრემლით სავსე თვალებით მღვდელს დააშტერდა.
- ნუ გიკვირს, ქალბატონო, მე ის უკვე ვნახე! თუმცა შორიდან, მაგრამ მაინც ვნახე და ჩემთვის ესეც საკმარისია. დანარჩენი ხომ ცხადია, მე და შენ მაინც განმარტება აღარ გვჭირია.
- მოძღვარო, ვფიცავ იესო მაცხოვარს, - წამოიძახა ქალბატონმა...
- აბა, შენი ფიცი მე რაღათ მინდა... განა არ ვიცი, რომ მისი სტუმრობა შენც ისე გაგიხარდებოდა, როგორც მე დღეს მისი ნახვა? რას ვამბობ, მე თუმცა არ მესიამოვნა მისი ნახვა, მაგრამ ავად არ გავუხდივარ და იმედი მაქვს, არც გამხდის, შენ კი, აი, სარეცელში წევხარ.
- მოძღვარო, გულთმისანი ხომ არა ხარ? - ისევ წამოიძახა ქალბატონმა.
- გულთმისნობა რაღა საჭიროა! ისედაც მივხვდებით, სირცხვილიცაა მარკოზ ხუცესისთვის, მაგისთანეები გამოეპაროს.
- რა ვქნა, მოძღვარო, ორ ცეცხლშუა ვარ ჩავარდნილი, საცოდავად წარმოსთქვა როდამმა და ცრემლი მოიწმინდა. - ერთხელ დაჩვეულის ერთი მოსმით გადაგდება ძნელი ყოფილა. შენც ხომ იცი, რომ ჩემმა ქმარმა და შვილმა გურიელთან ერთად მეფეს შეფიცეს, რომ ფაშისთვის ტყვეები არ მიეწოდებინათ და, მართალი უნდა ვსთქვა, სხვა დროსთან შედარებით, ძლიერაც შეამცირეს ეს საძაგელი ხელობა, ეს შენც იცი, მაგრამ სრულებით მაინც ვერ აღმოკვეთეს. მე ცალკე ქმარს ვეჩხუბე, ცალკე შვილს და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ აქ, ამ ჩემს ოჯახში, ჩემ თვალწინ მაინც არ უნდა მომხდარიყო ეს საზიზღრობა. ორთავემ პატიოსანი სიტყვა მომცეს და, მართლაც, სამი თვე გავიდა, რაც ჩემ ეზოში ტყვე არ შემოუყვანიათ; მოწმე იყოს თვით ქალწული უბიწო! დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკი, ის იუდა გამცემლის თანაზიარი, ის დაუნდობელი და ერთი პატარა ყმაწვილი მოიყვანა... ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი, რომ... ვაი დედამისს გამწარებულს, ცეცხლ-გენია მოკიდებულს! მე მაშინათვე ყვირილი მოვრთე, თავი მოვიკალი... ბატონი შინ არ იყო, არც ახლა გახლავთ... ჩემმა შვილმა კი ჩვეულებრივ მანუგეშა, ეს უკანასკნელიაო. დანაპირი ვართ ფოთის ფაშასთან, სასყიდელი წინდაწინ გვაქვს მიღებულიო. მე ეს არ დავიჯერე, გავცოფდი, გადვირიე. ბავშვი გამოვტაცე და ჩემს ერთგულს გადიას და მოსამსახურეებს ჩავაბარე... მერე საშინელი თავის ტკივილი ამივარდა... გონებაც დავკარგე...
- მესმის, მესმის, ქალბატონო, ყოველისფერი მესმის, დამშვიდდი! შენი სათნოებით და სიყვარულით სავსე გული მეოხ ეყავნ შენ ქმარ-შვილს დღესა მას განკითხვისასა, - თანაგრძნობით მიუგო მოძღვარმა. - არ დაგიმალავ, მე ამას მაშინათვე მივხვდი. თავადიშვილს ალექსანდრეს თვალებში შევატყე, რომ ჩემი ნახვა არ ესიამოვნა. რა ვქნა! მე მაინც ღვთისადმი ვითხოვ მის კეთილ გზაზე დაყენებას. დრო კი არის, ქალბატონო, შენმა ქმარ-შვილმა აღმოკვეთონ ეს საზარელი საქმე. ნუთუ არ კმარა, რაც მდუღარე ცრემლი დაიღვარა უბედურ ჩვენი ქვეყნის დედათაგან მთელი საუკუნის განმავლობაში! დაე, ჩვენი ქვეყნის ტურფა ძენი და ასულნი ჩვენ ქვეყანაშივე დარჩნენ, აქვე დაიზარდნენ, აქვე იშრომონ, აქვე განვლონ დღენი ცხოვრებისა, მოიხადონ მოვალეობა სამშობლოს წინაშე და აქვე მიწას მიებარონ. გარდაეცი ბატონს ჩემ მაგივრად, რომ ფიცი მტკიცედ შეინახოს. ნუ ჰკადრებს თავის ჭაღარას არასაკადრისს, თორემ მოახლოებულია დღე განკითხვისა. ხომ იცის, ისმინა უფალმან ტირილი და გოდება ხალხისა და მოუვლინა მას მფარველი. ეკრძალოს, მე გამიფრთხილებია.
- ახლა როგორ მოვიქცე, მოძღვარო, ბავშვს რა ვუყოთ? - დაეკითხა როდამი.
- ბავშვი ჯერ-ჯერობით მე მომეცი. გავზრდი, შევასწავლი რასმე და მერე პატრონი მოვძებნოთ და ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ამ საქმეში ხმა არავინ ამოიღოს. არც შენ და არც ჩემ წინააღმდეგ, თორემ ბოლოს სასინანულოდ დაურჩება. მარკოზ ხუცესი თავმდაბალია, მაგრამ, თუ გაჭირდა, ქუდმაღალზე უარესს იზამს. შენ კი, ღირსო ადამიანო, უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე. დამშვიდდი, ზიარება არ გეჭირვება.
VII
დაღამდა. მოღრუბლულ-მოღუშული და საწვიმრად განმზადებული ცა ქვეყანას მრისხანედ დაჰყურებდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და ირგვლივ სიბნელე სუფევდა.
მღვდელი მარკოზი ორი შეიარაღებული კაცის თანხლებით თავად გიორგის სასახლიდან გამოვიდა და თავის სახლისაკენ გაემართა. გვერდით ანაფორის კალთაში გამოხვეული ბავშვი მისდევდა. თუმცა ზაფხული იყო და ცხელოდა კიდეც, მაგრამ ბავშვი მაინც ძაგძაგებდა.
- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად უთხრა მღვდელმა, - შინ ჩქარა მივალთ, საჭმელს გაჭმევ, დაგაძინებ... შენი სახელი?
- ხვიჩა, - ტირილით მიუგო ბავშვმა.
მღვდელმა ხელი მაგრა მოხვია და ტანზე მიიკრა.
- უღმერთოები, უსვინდისოები, - ბუტბუტებდა იგი, - ბავშვისთვის პერანგი მაინც ჩაეცვათ ხეირიანი. ან ღმერთს რას ეტყვიან, ან კაცს ეს ურჯულოები!
- ეხ, ეხ, ჩვენი ცოდვა, - ოხვრავდნენ მღვდლის მხლებლები.
მარკოზ ხუცესის სახლის კერაზე ხმელი ფიჩხის ცეცხლი კაშკაშებდა და მთელ სახლს საკმაოდ ანათებდა. მარიკა და ლერწამისა კერას აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ და მღვდლის მოლოდინში საჩოხე მატყლს ართავდნენ.
- მარიკა, მარიკა, აბა, გამოიცანი ვინ მოგიყვანე, - სახლს მიუახლოვდა თუ არა, დაიძახა ხუცესმა. მისი ხმის გაგონებაზე ქალებმა თითისტარები განზე გადადეს და ზეზე წამოიჭრნენ. ამასობაში მღვდელი სახლში შევიდა, ანაფორის კალთა გადასწია და თმახუჭუჭა, შავგვრემანი ბავშვი წინ წამოაყენა. ბავშვი თითქმის ტიტველი იყო, დაჭერილ მხეცივით შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- ეს ვინ არის? - გაოცდა მარიკა.
- ვინ უნდა იყოს, დედაკაცო, - მშვიდად მიუგო ხუცესმა, - თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცთომისა, ჩვენი გათახსირებისა, გულგაქვავებისა და გონების დაბნელებისა.
მარიკა მიხვდა, შეშინებულ ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა... ოი, ნანა, შვილო! რა მწარეა შვილის დაკარგვა... უღმერთოებმა რა იციან, რა მწარეა დედის გულ-მკერდი! ნანა, შვილო, უბედურ მთვარეზე დაბადებული შენი მშობელი დედა... იმას ვინ ანუგეშებს? იმას ვინ გაუმრთელებს დაჭრილ გულს? იმას შენ მაგიერობას ვინ გაუწევს?... საფლავში უნდა ჩაიტანოს უბედურმა შენი სიმწარე, - მოთქმით ამბობდა მარიკა, ბავშვს თავზე ხელს უსვამდა, ჰკოცნიდა და თან ქვითინებდა.
ალერსით და დედის გახსენებით გულაჩვილებული ბავშვი მწარედ ატირდა. ატირდა ლერწამისაც. მღვდელი მარკოზი შორიახლო იდგა და ცოლის ქცევით კმაყოფილი და აღტაცებული, ისიც აცრემლებული, გრძელ წვერზე ხელს ისვამდა.
- კარგი, გეყოფა დედაკაცო! - უთხრა ბოლოს ხუცესმა. უიმისოდაც გულჩათუთქულ ბავშვს დედის გახსენებით კიდევ უფრო გულს ნუ უკლავ. აჭამე რამე და დააძინე. შეხედე, რავა ცოცხლად დაუხრჩვიათ მაგ უღმერთოებს.
მარიკა გამოერკვა, ბავშვი კერის პირას დაბალ სკამზე დასვა და ვახშმის თადარიგს შეუდგა.
- აკი ამბობდი, ხუცესო, მაგისთანა სამარცხვინო საქმეები მოისპოო, ამდენ სამადლობელ პარაკლისებს ტყუილად იხდიდი? - ამბობდა მარიკა.
- განა ასე ადვილია, ქალო, ძაღლის კუდის გასწორება? ჯერ კიდევ დროა საჭირო, სანამ ასეთი საძაგელი ჩვეულება სრულებით აღმოიფხვრებოდეს. ყველა ბოროტებაში გასვრილი ხელი ჯერ უნდა სამარეში დაიმარხოს, რომ კაცის შვილთა მოტაცება და გაყიდვა საზღაპრო ამბად გადაიქცეს, მაგრამ ასეთი სამწუხარო მოვლენა იშვიათი რომ გახდა, ესეც დიდი ნუგეშია, ესეც ღირს იმად, რომ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადო და გადვიხდი კიდეც, - მხიარულად მიუგო ხუცესმა.
ნავახშმევს ლერწამისამ სპილენძის ქვაბით წყალი გაათბო. ქალებმა ბავშვი დაბანეს, მარკოზის ერთ-ერთი პერანგი ჩააცვეს და ლოგინში ჩააწვინეს. მერე მღვდლის ძველი კაბა მოსძებნეს და მისგან ბავშვის ჩასაცვამ ახალუხის გამოკერვას შეუდგნენ.
- უღმერთოები, უსულგულოები, დედას შვილს სტაცებენ და უსჯულოებზე ყიდიან! არ აჭმევენ, არ აცმევენ... ღმერთო, მიაგე მაგიერი, - ბუტბუტებდა მარიკა და გაჩქარებით ჰკერავდა.
მღვდელმა წმიდა სანთელს მოუკიდა, კუთხეში მიყუდებულ პატარა ხატის წინ წარსდგა და ლოცვას შეუდგა.
- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, - სლოკინით წამოიძახებდა ხოლმე დროგამოშვებით მუშაობაში გართული მარიკა.
- ვითარ განდიდენ სახელი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენო, - ღაღადებდა ხუცესი.
ლერწამისა საჩოხე მატყლს ართავდა, ხოლო პატარა ხვიჩას ლოგინში ტკბილად ეძინა, ოთხი დღე და ღამე გავიდა, რაც მას ასე ტკბილად მოსვენება არ ღირსებია.
***
- არა, ღმერთს გეფიცები, თავადო ალექსანდრე, თუ მართლა ვინმე კუდიანია ქვეყანაზე, სწორედ ეს მარკოზ ხუცესი უნდა იყოს, - ამბობდა აზნაური ყარამანი, თავადი გიორგი ჭორიშვილის ძლიერ ერთგული და დაახლოვებული პირი.
- კუდიანი კი არა, გულთმისანია, მაგ ჩამოსახრჩობი, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ.
- წაგვართვა, მარა რა ბიჭი წაგვართვა, მაგ წვერით ხეზე თხასავით ჩამოსაკიდებელმა, - სწუხდა ჩვენი უკვე ნაცნობი თენგიზი, ხვიჩას მომტაცებელი და თავადის სასახლეში მომყვანი, - რამდენი ტანჯვა და ბრძოლა გამოვიარე იმის აქ მოყვანაში.
სამთავენი კერის პირას ისხდნენ და საუზმის მოლოდინში მუსაიფობდნენ.
- მართალი რომ ვთქვათ, დედაჩემმა წაგვართვა, იმას არ ეთქვა, ხუცესი ასე მაგრად ხელს ვერ ჩაგვჭიდებდა, - ამბობდა თავადი ალექსანდრე, - მაინც, კაცო, დამელაპარაკა თუ არა, მაგ ჩასაძაღლებელმა, მაშინათვე იჭვიანი თვალებით აქეთ-იქით ყურება დაიწყო, თითქოს მეძებარია და ნადირს სუნავსო. თენგიზი რომ შეამჩნია ეზოში, მაშინათვე პირში მომახალა უბოდიშოდ: ეს ვიღაცაა კეთილი სული არ უნდა იყოსო.
- ჰა, მაგი ყოფაგაქუცული... - შეაგინა თენგიზმა.
- იმის შეხვედრას ხომ ჭრელი გველის შეხვედრა მირჩევნია, - გააგრძელა ალექსანდრემ, - მერე, კაცო, მომიყვა სხვადასხვა იგავებს! ეს საღმრთო წერილიო, ეს ესაო, ეს ისაო... დედაჩემი ხომ ხელში ჰყავს, რასაც ეტყვის, იმას აქნევინებს... ის, ალბათ, როგორც გულუბრყვილო დედაკაცი, ყოვლისფერს უამბობდა და, რაკი ერთხელ ყური დაეხვრიტა მენცარს, მერე ხომ არ მოგვეშვა და არ მოგვეშვა, თორემ დედაჩემს მარტო ჩქარა დავამშვიდებდი... ერთი ორი დღე რომ დამცლოდა, ბავშვს ისევ წყნარა გამოვტყუებდი... ახლა კი არ ვიცი, რა პირით დავხვდე ან მამაჩემს, ან ხელცარიელი როგორ ვეახლოთ ფოთის ფაშას. შეიძლება, თენგიზ, შენებურად კიდევ მოაგვარო რამე?
- ვეცდები, ბატონიშვილო, განა ცოტა მომიყვანია, მაგრამ საძნელო კი არის, ოხერი! შეიცვალა დროება, - ნაღვლიანად ამბობდა თენგიზი. - თუ დადიას მოხელეებმა ხელთ მიგდეს, შენი მტერი! თვალებს დამთხრიან. ხალხიც გამაგრდა. ყოველ სოფელში ყარაულები მორიგეობენ.
- კიდეც იმიტომაა, რომ მარკოზ ხუცესმაც ფრთები შეისხა და ახლა მუქარასაც არ ერიდება, - ბრაზით ამბობდა ალექსანდრე.
- ტყუილად დარდობ მაგ ამბავს,- ბატონის მზემა, - გაერია ყარამანი. - ერთი მეცა მკითხე და, თავადიშვილო, იმ ხუცესმა ბავშვი ხომ თავის სახლში წაიყვანა?
- კი.
- ხომ არ გაყიდის?
- ათასი ქისა მარჩილი რომ მისცე, არ მოგცემს, მაგის ხასიათი კი ვიცი, კერპი ვინმეა.
- მაშ, ყავდეს, ბატონო, ჯერ-ჯერობით ასვას და აჭამოს. თვალი გაუტყდეს, აქაურობას გაეჩვიოს. მე ყარამანი არ ვყოფილვარ, ის თუ ბოლოს ისევ ჩვენი არ იქნეს. მერე უფრო მეტი ფასი არ ექნება თუ?
- ერთი შენცა!
- ჩემი თავი მოგიკვდეს, თავადიშვილო, თუ მე ეს არ შევასრულო.
- ეხ, ყარამან! შენ ხუცესს ნუ ეხუმრები. მთელ ქვეყანას შესძრავს. პირდაპირ მეფესთან წავა. შეიძლება ხალხიც ააჯანყოს. ერთი რომ დაუძახოს და წინ წაუძღვეს, შენ რავა გგონია, პირველად თვით ჩვენი ყმები ცეცხლს მისცემენ ჩვენ სახლ-კარს.
- შენი მოღალატე ვიყო-მეთქი, ვაჟო თუ შენ ოჯახზე ვისმე ეჭვი კი შევატანინო... ისე მოვაწყობ საქმეს, თავი და ბოლო ვერავინ გაუგოს. ჯერ დამაცალე, მიჩქმალდეს ეს საქმე, გავიდეს დრო და ხანი.
- თუ შენ მაგას იზამ, ყარამან, და თუ იმ ხუცესის ჯავრს ამომაყრევინებ, - მიუგო თენგიზმა, - ლეჩაქი დამეხუროს, თუ ერთი კაი ყირიმის თოფი არ მოგიტანო ფეშქაშად.
- იცოცხლე! კარგად იყავი, უფეშქაშოდაც ვიზამ მაგას. შენზე ნაკლებ ჩვენ არ გვიმწარებს სიცოცხლეს მაგ გასატყავებელი. რაც ზარალი მაგას ჩვენთვის მოუცია, ა, თავადიშვილო?
- ოი! სახსენებელ ამოსაგდები! - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.
- შენ, თენგიზ, მხოლოდ ის იცოდე, რომ - გააგრძელა ყარამანმა, - აქ, სასახლეში მეტი არავინ მოიყვანო. აქ ისეა საქმე, რომ ვერ დაიმალება. დიდი იყოს თუ პატარა, თუ ღმერთმა ხელში ჩაგიგდო, ჩემ სახლში მოიყვანე. მე ახლა შავ ღელეს სათავეში დავსახლდი. ირგვლივ უდაბური ტყე მარტყია, კაცის ჭაჭანება იქ არ არის.
- კაი დაგემართოს, ვეცდები, - მიუგო თენგიზმა და ულვაშები გადიგრიხა. - მე მიკვირს, ამდენხანს ცოცხალი როგორ ატარეთ მაგ ფეხმოსატეხი. ისეთი ოხერი და ხელისშემშლელი უნდა მოსპო, თორემ, რასაკვირველია, საშველს არ მოგცემს, საქმეს ყოველთვის დაგიხლართავს.
- კარგი, მაგაზე მერე ვიფიქროთ. ახლა ერთი გემრიელათ ვისაუზმოთ, აგერ ყაზახს მოაქვს კიდეც შემწვარი ბატკანი, - მადიანად წარმოსთქვა თავადმა ალექსანდრემ.
სამთავენი გემრიელ საუზმეს მოუსხდნენ.
***
ხვიჩა ჩქარა გაეჩვია მარკოზ ხუცესთან. გულკეთილმა მოპყრობამ და საჭმელ-სასმელმა თავისი ქმნა. ბავშვი გამხიარულდა, მოღონიერდა, შვლის ნუკრივით დახტოდა. ხუცესს ძლიერ შეეჩვია. საყდარში დაჰყავდა, საცეცხლურს უბერავდა, სანთლებს უკიდებდა. შინ შეშა-წყალი მოჰქონდა და სხვა წვრილმან რამეებს აკეთებდა. ორ-სამ თვეში ბავშვს სულ სხვა სახე დაედო. ტირილისაგან ჩაცვივნულ-ჩალურჯებული და საშინლად გამომყურე თვალები დაუმრგვალდა, აუმხიარულდა, ლოყა ამოებორცვა და ვარდისფერი დაედო.
- ხვიჩა! - დაუძახებდა ხოლმე მღვდელი მარკოზი.
- პატონი! - ცქვიტად ეტყოდა ბავშვი.
- ჰა, კიდევ ვერ გამოტეხე! ბატონო-თქვა, ბა...ტონო!
- ბა...ტო...ნო!
- ჰო ასე. აბა გაიქე, ერთი დაათვალიერე, ხბორები ხომ არ გაიქცნენ შემოღობილიდან.
ბავშვი ელვის სისწრაფით გარბოდა.
- აბა, სთქვი, ბიჭო: “დიდება შენდა”, - ასწავლიდა მღვდელი ლოცვას.
- დიდობა შენდა, - ამბობდა ბავშვი.
- ჰა? მეგრულ კილოზე ნუ უბნობ, ბიჭო, წმინდა ქართული ილაპარაკე. “დიდება შენდა”.
- დი... დე...ბა შენდა.
- ჰო, ემაგრე.
- წმიდაო ღმერთო.
- წიმიდაო ღმერთო.
- კიდევ თავისებურად გადაუხვია! ბიჭო, კარგად გამოხატე!
- წმი...და...ო ღმერ...თო.
- ჰო, ემაგრე, - გულშეუწუხებლად უსწორებდა მღვდელი და ბავშვს ლოცვებს ასწავლიდა.
ლოცვებიდან მღვდელი ანბანზე გადავიდა. ბავშვი საოცარ გულისწყურვილს იჩენდა. ჩქარა დაისწავლა წერა-კითხვა, გალობა; დავითნს, სამოციქულოს კითხულობდა. მღვდლის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, ბავშვს თვალიდან არ იშორებდა და როცა სამრევლოში წავიდოდა, მუდამ თან დაჰყავდა.
VIII
გავიდა წელიწადნახევარი. ხვიჩა სრულებით შეეჩვია მარკოზ ხუცესის ოჯახს. მოხუცნი მას საკუთარ შვილებისაგან არ არჩევდნენ. ბავშვი ძლიერ გაიწაფა როგორც ხუცურში, ისე მხედრულ კითხვაში. ერთი წელიწადი კიდევ და დიაკვნობასაც შესძლებსო, ხუმრობდა მღვდელი.
ერთხელ მღვდელი მარკოზი სამრევლოდან შინ ბრუნდებოდა, ხვიჩაც თან მოსდევდა. მაღალ სერზე მოექცნენ. ამ სერიდან მშვენიერი გადასახედავი იყო. ირგვლივ დიდ მანძილზე ბევრი ადგილები სჩანდა. დაბლა გაშლილი იყო უშველებელი, ხელისგულივით სწორი, ტყით დაბურული ადგილი, სადაც შუაგულ მისდევდა ფართე, დაკლაკნილი მდინარე. ჩრდილოეთ მხარეს - შორს, შორს, თვალუწვდენელ ტყის ბოლოს, მტრედისფერ ბურუსში გახვეული ბორცვები მოსჩანდა და მათ თავზე თოვლით შელესილი ბუმბერაზი მთები დაჰყურებდა.
- აი, ის, ფართე ზოლივით რომ მისდევს, შვილო, დაბლა გაშლილ ხშირ ტყეს, მდინარე რიონია, - აუხსნა ხუცესმა. - იმ მდინარეს რომ ქვევით ჩავყვეთ თვალუწვდენელ ზღვას მივადგებით, ეს მდინარეც იქ შეწყდება, რადგან ზღვას უერთდება, რიონის ზღვასთან შესართავთან არის ციხე ფოთი. იქ ახლა ურჯულო ფაშა ზის. მაგრამ ღმერთი გაუმარჯვებს ჩვენს მეფეს და იმ საზიზღარს იქიდან განდევნის. მაშინ ქვეყანაზე ნამდვილი მშვიდობა დამყარდება, ავაზაკ-მტაცებლებს საბუდარი მოეშლება.
აი, აქეთ კი, ჩრდილო მხარეს, მტრედისფრად სერები რომ მოსჩანან, იმ სერებ შორის შენი სოფელია. შენი დედ-მამა და ძმები იქ ცხოვრობენ. ნუ გეშინია, ცოტახანს კიდევ, მივაწყ-მოვაწყობ საქმეებს, შენც მანამდის წიგნში გაიწაფები და მერე უსათუოდ წაგიყვან, - ალერსიანად დასძინა მღვდელმა.
მარკოზ ხუცესის ნათქვამმა ბავშვს ნორჩი გული აუტოკა, შიგ დამალული და გარედან ვითომდა მომთელებული წყლული გაუღვივა. ბავშვმა თვალები გააციალა ბურუსში გახვეულ სერებისაკენ და სიშორის გამო ნაცნობი ადგილები თუმცა კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ გონებაში მაინც ნათლად წარმოუდგა ტყით დაბურული მთები. მათ შუა ფართე ველი და იქვე მოჩუხჩუხე მდინარე ტეხური. მოაგონდა სახლ-კარი. აი მათი ეზო, თითქოს თვალწინ უდგასო. აი დიდი ვაშლის ხე, იმათ სახლის წინ რომ დგას; მერე რამდენი ნაყოფის მოსხმა იცის, ან რა გემრიელი წითელი ვაშლები? აი უზარმაზარი კაკლის ხეც! აი მამა, აი ძმები... აი ისიც... მაგრამ მის გახსენებაზე ბავშვს საშინლად გული დაეწვა, სახე გაუწითლდა, თვალები გაუდიდდა და ძალაუნებურად მდუღარე ცრემლები გადმოჰყარა... ის ხომ მუდამ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას... ოხ! ამ დღეებში რა კარგი სიზმარი ნახა! სიზმარი ნახა?! სიზმარი კი არა, სულ ცხადივით იყო. ვითომ თავიანთ სახლის გვერდით იდგა ის, ხელში რაღაც ეჭირა, მაგრამ ხვიჩას დანახვაზე გადააგდო და მისკენ ხელებ-გაშლილი გამოექანა. ხვიჩასაც უნდოდა მიჰგებებოდა და გაშლილ ხელებში ჩავარდნოდა, რაც არაერთხელ უქნია ხოლმე, მაგრამ, რაღაც საუბედუროდ, ვერ მოახერხა, ადგილიდან ვერ დაიძრა, მთელი ტანი აუთრთოლდა და გამოეღვიძა კიდეც. ნანა, ნანა! მწუხარედ წამოიძახა გულდამწვარმა, მაგრამ “ნანა” არსად იყო. თვითონ კი, მთლად გაოფლიანებული, ქვეშაგებში იწვა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა და დამძიმებული თავიც, თითქოს უტრიალებდა. ჯერ ვერ გამოერკვა, არ იცოდა, თუ სად იყო, შიშის ზარმა აიტანა, მერე ცოტ-ცოტად გონს მოვიდა და ჩუმად ტირილი დაიწყო. ოჰ, რამდენი იტირა. “შეიძლება ახლა ნანა, ერთ-ერთ იმ სერიდან აქეთკენ იყურება, მაგრამ მე აქედან ვერ ვამჩნევ, ალბათ, არც მე მამჩნევს”, მოსდიოდა ბავშვს ფიქრი და მწარე ცრემლით იმდუღრებოდა.
- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად განიმეორა მარკოზ ხუცესმა, თუმცა ბავშვის ცრემლების მნახველი თვითონაც აღელვებული იყო, - უსათუოდ წაგიყვან შენს სახლში. სხვა ვისმე არ გაგატან, მე თვით წაგიყვან. აი შემოგისვამ ამ ჯორზე და გავსწევთ. არც იმდენი შორი გეგონოს, დიდი დიდი ერთი დღის სავალია, დილას ადრე გზას რომ გავუდგეთ, საღამოთი იქ ვიქნებით. მოდი, ახლაც შემომიჯექი ჯორზე.
- არა, მე ფეხით სიარული მირჩევნია, - მიუგო ბავშვმა. ეტყობოდა, ცდილობდა ტირილი შეეწყვიტა და ჩვეულებრივი სახე მიეღო.
მზე უკვე ჩავიდა, ხვიჩა დამშვიდდა. მაღლობიდან დაბლობში ჩამოვიდნენ.
- აბა, თუ მეტყვი, ბიჭო, ამ დაბლობს რა ჰქვიან, ახლა ჩვენ რომ მივდივართ? - მხიარულად დაეკითხა მღვდელი.
- ტახოგანი, - ცქვიტად მიუგო ხვიჩამ.
მღვდელს ძლიერ გაუხარდა.
- ყოჩაღ, გცოდნია. ამას რომ ფერდობი მოსდევს?
- ის გვერდოულია, - სიტყვის გათავება არ დააცალა ბავშვმა.
- ჰა! ჩემო ბიჭიკო, - მხიარულად სთქვა მღვდელმა მარკოზმა. -კარგი, გვერდოულს იქით?
- შავი ღელე ჩამოუდის.
- იქით?
- ტყეა...
- ტყეს იქით?
- ვაკე კარი, იმას მოსდევს ხულადგმულას სერი, სადაც საყდარი დგას და იმის იქით ხომ ჩვენი სახლია, - ჩამოთვალა ბავშვმა.
- ეს ადგილები რა კარგად დაგიხსომებია, ჩემო ბიჭიკო, - კმაყოფილებით ამბობდა ხუცესი. - მაშ ახლა შინ რომ გაგიშვას კაცმა მარტოდ-მარტო, მიხვალ?
ბავშვი ცოტა შეჩერდა.
- ცოტა უფრო ადრე რომ იყოს, წავიდოდი, - გაუბედავად წარმოსთქვა ბავშვმა.
- ხა, ხა, ხა, ხა! - ხარხარებდა მღვდელი.
მარკოზს უფრო ის ახარებდა, რომ ოჯახის მოგონებით გამოწვეული მოწყენა ბავშვს ასე ჩქარა გაუქარდა. მღვდელი შეეცადა, რაც შეიძლებოდა გაემხიარულებინა ბავშვი.
- აბა, შენ თუ კაი ბიჭი ხარ, ბაიობის სამოციქულოსაც მომიყვები, აი, გუშინწინ რომ გაკითხებდი?
- სულ თავიდან დავიწყო? - ცქვიტად დაეკითხა ხვიჩა.
- სულ თავიდან დაიწყე! - აღტაცებით მიუგო ხუცესმა.
- “და სულისაცა შენისა თაააანა”, - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა ტყეში.
- ჰო, ემაგრე, ემაგრე! - ამხნევებდა ხუცესი.
- “წარდგომა, ფსალმუნი დავითისი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ”, - წართქმით ამბობდა ბავშვი.
- ნუ ჩქარობ, სიტყვები მკვეთრად გამოტეხე, - ტკბილად ეუბნებოდა მღვდელი მარკოზი.
- “ფილიპელთა... მიმართ ეპისტოლე... წმი... დი...სა... პავლე... მო... ცი... ქუ... ლისა... საკით... ხაააავი”, - ჩააგალობა ბავშვმა.
- ემაგრე, ემაგრე, - ამხნევებდა მღვდელი.
- “ძმაააანოო! გიხა...როდენ... მარა...დის უფლისა მიერ... კვალად გეტყვი გი...ხა...რო...დეენ! ”
- ჰო, ასე, ერთი მუხლი დაბლა კილოთი უნდა ჩააგალობო, -შენიშნა ხუცესმა.
- “სიმდაბ...ლე თქვენით ცხად იყავნ ყოველთა კაცთა”, - თამამად გააგრძელა ხვიჩამ.
- ოჰო, ჰო... აქ უნდა მაღალი კილოთი ჩავაგალობოთ, - ვერ მოისვენა ხუცესმა.
- “უფალი ახ... ლოოოოს არს? - ჩაამღერეს ორთავემ.
- ყოჩაღ, ჩემო ბიჭიკო, - აღტაცებით ამბობდა მღვდელი. - აბა, შენ თუ კაი ბიჭი ხარ, შოთას შაირსაც მეტყვი.
- ეგ რომელი? “მაქვს საქონელი”? - მხიარულად დაეკითხა ბავშვი.
- სულ ერთია, თუ გინდ “მაქვს საქონელი“ მითხარი.
- “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები, მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები”, - შეუსვენებლად ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.
საცოდაობა არ იყო, რომ ეს ბავშვი სამშობლო მიწა-წყლისთვის მოეწყვიტათ და ოსმალეთში გაეყიდათ! - ფიქრობდა მღვდელი. - ჰოი, უბედურო, მამულო! განა საკმარისი არ იყო, რაც შენ შვილებს თავი შეუკლავთ გარშემორტყმულ უანგარიშო მტერთათვის, რომ სამშობლოს დაცვისათვის თავდადებულთაგან გადარჩენილნიც, ისევ ჩვენივე გონების დაბნელების წყალობით, ურჯულოთა სათრევი არ გამხდარიყვნენ?
- აი, შვილო, ეს შაირი ხუთას წელზე მეტი იქნება, რაც გამოთქვა ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა, - გასაგონად სთქვა ხუცესმა, - და ჩვენ ანდერძად დაგვიტოვა, მაგრამ, ჩვენდა სამარცხვინოდ, არა თუ არ აღვასრულეთ, პირიქით, ამ ანდერძის წინააღმდეგ წავედით. რას იტყოდა ის დიდებული ადამიანი, თავის თვალით რომ ენახა ყველა ის სისაძაგლე, რასაც სჩადიან ჩვენი ვაჟბატონები?! კინაღამ შენც მაგ სიბოროტის მსხვერპლი გახდი, მაგრამ უფალმა შეგვაძლებინა შენი გამოხსნა მტარვალთა ბრჭყალებისაგან, - გულდაწყვეტილად დაათავა მღვდელმა მარკოზმა. მაგრამ ჩქარა ისევ მხიარულად წარმოსთქვა: - აბა, ჩემო, ბიჭიკო, კიდევ თუ მეტყვი შაირს. მგონია, მეორე შაირიც დაგასწავლე?
- მეორე რომელი? “ვაჰ სოფელო”? - ცქვიტად დაეკითხა ბავშვი.
- კარგი, მითხარი “ვაჰ სოფელო”, - ცქვიტადვე უპასუხა გამხიარულებულმა მღვდელმა.
- “ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა”, - ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.
- ესეც კარგად დაგიხსომებია, - მოუწონა ხუცესმა. - ჭეშმარიტად, შვილო, კაცისაგან განაწირს ღმერთი არ გასწირავს. ჩვენც არ გაგვწირავს, იმედი მაქვს. ღმერთო! - ხელი მაღლა აღაპყრო მღვდელმა, - შენ გაუმარჯვე ერეკლე და სოლომონ ბაგრატოვანთ, შეაძლებინე საბოლოოდ დაამხონ მტერი და ძვირის მოქმედი და ადიდონ სახელი შენი! მაგრამ, ეჰ, შვილო! - უკმაყოფილოდ სთქვა მღვდელმა. - ეს ყოვლისფერი კარგი, მაგრამ ჩვენ კი შუაგზაზე შემოგვიღამდა. მერე რა ბნელი ღამეებია! ნეტავ ახლა სადა ვართ?
- შავ ღელეს ვუახლოვდებით.
- კარგი, შვილო, ტყე ჩქარა გავიაროთ, ნუ გეშინია, ჩქარა ვიქნებით შინა... ეს, საკვირველია ჩვენი ხალხი! რაც გინდ უბედურება დაატყდეს თავს, რაც გინდ გაჭირვებული იყოს, თუ ღვინო ნახა, ყოველგვარი ჭირ-ვარამი დაავიწყდება. აბა, რა საჭირო იყო, იმდენხანს სმა-ჭამა საბრალო ლუკაიას სახლში? ცოლი რომ მოუკვდა, არ ეყოფოდა, აღაპშიაც ამდენი უხეირო ხარჯი არ გაეწია? მეც ხათრი ვერ გავუტეხე, დავრჩი და, აი, შუაღამე სადღაც ტყეში მიხდება ფორთხიალი, - უკმაყოფილოდ სთქვა ხუცესმა.
- აი შავი ღელეც, - სთქვა ბავშვმა...
- ჰხედავ, ბიჭო, რასმე? მე კი ვერაფერს ვარჩევ. მაინც რა უკუნეთი ღამეა! ოი, ძნელია, შვილო, სიბერე! შენ ჰასაკში მეც ისე ცქვიტად დავხტოდი ყოველგან, თვალი კატასავით მიჭრიდა, მაგრამ დრომ თავისი ქნა. ეეჰ, სადა ხარ, ახალგაზრდობავ! რამდენი ამბები მახსოვს ამ ღელის პირას. ჰე, შვილო, ყური დამიგდე, რომ გაიზრდები, გაგახსენდება ჩემი ნათქვამი ამბები. მე მაშინ მონასტერში სწავლას ვათავებდი, - ჩვეულებრივ ტკბილად დაიწყო ხუცესმა, - ის იყო სადიაკვნოდ ვემზადებოდი. ახლაც არ არის სახარბიელო დროება და მაშინ ხომ ჯოჯოხეთი იყო. მონასტერში კაცი მოიჭრა: არიქათ, გაიხიზნეთ. ოსმალები საცაა დაგვეცემიანო, მა...
მღვდელმა სიტყვა ვეღარ დაათავა... ერთი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა. ჯორი გამწარებით ტლინკებს ისროდა. ბავშვმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცას მაგარი ხელები მკლავებში ჩაებღაუჭა.
- ჩქარა ბურთი ჩასჩარე და ტომარაში ჩააჯდინე, - ყურში მოხვდა ხვიჩას აღელვებით წარმოთქმული ჩურჩული. სხვა რა მოხდა იქა, ვერ გაიგო რა, რადგან შიშისაგან მაშინათვე გონება დაჰკარგა და როცა გონს მოვიდა, უკვე ცხენზე დაკრული სადღაც უდაბურ ტყეში ვიღაც უცნობებს გაჩქარებით მიჰყავდათ.
მეორე დღეს მთელი სოფელი შეშფოთებული ერთი მეორეს ეკითხებოდა:
- გაიგეთ, რა უბედურება დატრიალებულა? მარკოზ ხუცესი ჯორს გადმოუგდია და მოუკლავსო.
- ვაი, ახავაი! ვაი ახავაი! რა კაცი, რა ანგელოზი კაცი, რა საღმრთო კაცი! - ამბობდნენ გულდამწვარი სოფლელები.
IX
შავ ზღვაში აფრააშვებული ხომალდი მისცურავდა. ზღვის ლურჯი, ფაფარაქაფებული ტალღა ტალღაზე მოგორავდა და გემის კედლებს მრისხანედ ეხეთქებოდა − თითქოს დიდებული სტიქიონიც უკმაყოფილოა გემით და მისი დანიშნულებით, სურს შეანგრიოს სქელი კედლები და უფსკრულში ჩასძიროს ეს მრავალ ცოდვათა მტვირთველიო, მაგრამ კედლის სიმაგრეს ვერ უძლებდა, უანგარიშო წინწკლებად იყოფოდა და იფანტებოდა, რომ ხელახლა ერთ მტკიცე ძალად შეერთებულს, ახალი იერიში მოეტანა და უფრო მძლავრად სცემოდა. თუმცა ჯერჯერობით ხომალდი რჩებოდა გამარჯვებული, ის უშიშრად აპობდა ტალღებს და თამამად მიდიოდა სტამბოლისაკენ; სრულებით ანგარიშს არ უწევდა ტალღათა შხაპუნს და არჩეული გზიდან არ უხვევდა, მაგრამ არც ტალღა ცხრებოდა; გამოცდილებით იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, ამოვარდებოდა ქარიშხალი, ჩაუნერგავდა მას არაჩვეულებრივ ძალ-ღონეს და მაშინ? ფრთხილად ხომალდო! შავ ზღვას არა ერთი და ორი შენისთანა ამპარტავანი და თეთრ ლეჩაქებით მორთულ-მოკაზმული თავქვე მოუქცევია და სამუდამოდ დაუსამარებია თავის უფსკრულში.
ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფას ხალიჩებით და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე: ზოგი მათგანი ფეხმოკეცით იჯდა ბალიშზე, ზოგი ყავას მიირთმევდა, ან ყალიონს აბოლებდა, ზოგი წამოწოლილი იყო და სთვლემდა, ზოგიც გემის პატარა ფანჯრიდან თვალუწვდენელ ზღვას გაჰყურებდა.
ერთი მათგანი, სახით გამხდარი, თეთრწვერა მოხუცი, სხვებისაგან განირჩეოდა. ის ხნით ყველაზე უფროსი ჩანდა, სხვებზე უფრო მდიდრულად იყო ჩაცმული და წითელ ოსმალურ ქუდს ირგვლივ თეთრი დოლუბანდი ჰქონდა შემოხვეული. მას სხვები მორიდებით და პატივით ეპყრობოდნენ. ამას თვითონ მოხუციც გრძნობდა და ცოტა არ იყოს თავი ამაყად ეჭირა, ბალიშზე დაფიქრებული იჯდა და მსხვილ გიშრის კრიალოსანს აუჩქარებლად აჩხაკუნებდა.
- არა, რჯულის მადლმა, სრულებით არა ვარ კმაყოფილი ამ მოგზაურობით, - წყნარად სთქვა მოხუცმა და კრიალოსანი დააჩხაკუნა. - რა ხანია ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელნაკლები ჯერ არ წამოვსულვარ. სტამბოლში სირცხვილით თვალს ვერ გავახელ.
სხვებმა მოხუცს ლმობიერად შეჰხედეს.
- ვაჰ, რას ბრძანებ, პატივცემულო ეფენდი ალი-უსუფ! - მორიდებით მიუგო ბალიშზე წამოწოლილმა, კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდა ოსმალომ. - შენც რომ წუწუნებ, ჩვენ რაღა გვეთქმის? შენ, პატივცემულო, ორმოცდა ათი ტყვე მაინც მოგყავს და ჩვენ ყველას ერთად იმდენი ვერ გვიშოვნია.
- ჰა, მართლაც და ესეც რომ წუწუნებს, - გამოეხმაურა ერთი შუახნის პირმოპარსული, ნაყვავილარი ოსმალო, - ჩვენზე მეტი რომ მოჰყავს, - ეს ხომ ცხადია, და შენ ის იკითხე, იბრაჰიმ, რა რჩეული ქალ-ვაჟები მოჰყავს! ერთი ორი გოგონა ისეთი ურევია, რჯულის მადლმა, რომ ფადიშაჰის ჰარამხანაც არ დაიწუნებს.
- ეხ, იმ დღესაც მოვესწარი, რომ რაღაც ორმოცდაათი ტყვეც შურთ ჩემთვის, - დინჯად წარმოსთქვა მოხუცმა ალი-უსუფმა, - აბა, ერთი გემის პატრონს ჰკითხე, რამდენი ტყვე წამისხამს მარტო ამ გემით გურჯისტანიდან სტამბოლში... არ მოგიკვდეს იმის მეტი ალი-უსუფი, რომ მისთვის არც ფადიშაჰის ჰარამხანა იყოს მიუწვდომელი. არა ერთი და ორი ჩემ მიერ მოყვანილი გოგო მოხვედრილა იქ. ფაშებზე და ნაზირ-ვეზირებზე ხომ არას ვიტყვი. ისინი ჩემს სტამბოლში დაბრუნებას ისე შეხაროდნენ, როგორც მართლმორწმუნე წმინდა ალიას დღესასწაულს. მერე რა იაფი იყო მაშინ ტყვეები! ახლა მხოლოდ ფოთის ფაშის ხელიდან გამოდის ტყვეები, მაშინ კი ვინ გინდოდა, რომ ტყვეებს არ ყიდდა: თავადი, აზნაური, კერძო პირი... ერთხელ, წმიდა ყურანს ვფიცავ... რა ქვია ე? მაგათ მოლათმოლას, თავზე დიდ კოთხოს რომ იხურავს... მგონი, ჭყოინდელს ეძახიან... იმას, ყმაწვილო, ერთი ქარვის კრიალოსანი ვუფეშქაშე და ერთი ქალი და ორი ვაჟი გამომიგზავნა. რა იაფობა, რა იაფობა იყო! ალლაჰ, ალლაჰ! განა შენ თვითონ არ გახსოვს, ზაიდოლ, - მიუბრუნდა მოხუცი ჩოფურას, - ერთხელ იმდენი ტყვე წავასხით, რომ ტრაპიზონში, სამსუნში და სტამბოლშიაც, ყავახანებში, ნაღდის მაგივრად ტყვეებით ვუსწორდებოდით. ახლა რაა? განა ეს ვაჭრობაა? ზარალის მეტი შიგ არა ყრია რა. რაც მიმყავს, ესენი თუ დავასაღე, ვფიქრობ, სულ ხელი ავიღო ამ ხელობაზე.
- შენ კი სულაც ხელი აიღო, არა გიჭირს რა მაჰმადის იმედით, მაგრამ ჩვენი უნდა იკითხო, - შენიშნა ახალგაზრდა იბრაჰიმმა.
- რათ გამახსენდება მაინც ის წინანდელი დროება! - გულდაწყვეტილად სთქვა ჩოფურა ზაიდოლამ. - ორი წელიწადი რომ დამცლოდა, ეფენდი რომ ბრძანებს ისეთი, მეტი მეც არ მინდოდა. კაი, გაუწყრა ალლაჰი, რა დროს გაფუჭდა საქმე?
- მართლაც და, რა მიზეზია, მართლმორწმუნენო? - იკითხა ერთმა ბალიშზე წამოწოლილმა, კბილებჩაჟანგებულმა ჭაღარა ოსმალომ. - რათ გაფუჭდა ასე უცბად საქმე? შარშან ხომ იმდენი ტყვეები იყო სტამბოლის მოედანზე, არც კი ეტეოდა. ეს სულ ჩემ ჯინაზე მოხდა, მე რომ წამოვედი სავაჭროდ, ტყვეც გაძვირდა.
- ჰაი, ჰაი, სხვა მიზეზი რომ არა იყოს რა, ამას ჩვენც დავდებდით წამალს, სხვა რომ არა ყოფილიყო რა, შენ ქრთამს მაინც მოგცემდით, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ნამდვილი მიზეზი ძნელი გასაქრობია და! - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.
- ეს სულ მაგ იმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიფუჭა საქმე. ჩვენ ჭირად, ღვთის რისხვად გაჩენილა სწორედ ის გიაური, ისა!! - ამბობდა ზაიდოლა.
- ალლაჰ, ალლაჰ, - თავს აქნევდნენ ოსმალები, - ღმერთო, შენ ნუ დააცლი, ღმერთო, შენ ნუ დააცლი!
- ფოთის ფაშა მის სახელის გაგონებაზე ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. სადღაც ორ-სამ ციხეშია კიდევ მართლმორწმუნეთა ჯარი გამაგრებული, თორემ სხვაგან ისედაც ვერ გაივლიანო, - ბრძანებდა ფაშა...
- ოჰ! შარშანწინ დიდი სირცხვილი აჭამა მაგ ჩამოსახრჩობმა ჩვენს მხედრობას, საშინლად დაგვამარცხა და კიდევაც აქედან დაიწყო ტყვეთა სიძვირე, - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.
- ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, - ამბობდნენ და თავს აქნევდნენ ოსმალები.
- იმას მაინც რა ღმერთი გაუწყრა, იმ ოდიშის მთავარს დადიანს? ის ხომ ჩვენი მეგობარი იყო? ტყვეთა ყიდვას გვიშლიდა კი არა, ხელსაც გვიწყობდა, - გაერია ლაპარაკში ერთი წითურა ოსმალო.
- ის ახლა იმ წყეული სოლომონის მოკავშირეა, - მიუგო ზაიდოლამ, - რასაც ის ეტყვის...
- რის მოკავშირე, ყურმოჭრილი ყმაა, - გააწყვეტინა ალი-ეფენდიმ. - ახლა მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთ გურჯისტანის ბატონი სოლომონია. სანამ ის არ დამარცხდება, ჩვენი საქმე წაგებულია!
- ვაი დედასა, ალლაჰ, ალლაჰ! - ბრაზით თავს აქნევდნენ ოსმალები.
- არა, მომითმინეთ! ჭეშმარიტებას თუ მათქმევინებთ, აქ კიდევ სხვა მიზეზიცაა. წყეულ სოლომონს აღმოსავლეთ გურჯისტანიდანაც აქვს ზურგი გამაგრებული. იქ ხომ ახლა ერეკლე მეფობს. იმან ხომ ლეკთა და ყიზილბაშთა ძალა გაანადგურა, განჯა და ერევანი დახარკა, ტყვეთა გაყიდვა სრულებით აღმოკვეთა და, ღმერთი არ დააცლის, თორემ, თუ ასე მიჰყვა, შენი მოსისხლე მტერი, შენ როგორ გგონია, სრულებით უბოდიშოდ ფადიშაჰის მხედრობის წინააღმდეგაც გამოილაშქრებს.
- ალლაჰი არ დააცლის, ალლაჰი არ დააცლის! - ხმაურობდნენ ოსმალები.
- ასეთ პირობებში, რა გასაკვირალია, რომ ტყვე ნაკლებ მოგყავდეს; რაც მოგვყავს, იმაზედაც მადლობა უნდა შევწიროთ დიდებულ ალლაჰს, - სთქვა კბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.
- კიდევ ღმერთმან აკურთხოს ის ზოგიერთი თავადები, მიუხედავად სიძნელისა და შიშისა, კიდევ ახერხებენ ჩუმჩუმად. თურმე ნუ იტყვით, კაცნო, მაგ გიაური სოლომონი, თუ შეატყო ვისმე ტყვეთა გაყიდვა, დააჭერინებს და თვალებს დაათხრევინებს ხოლმე! ის აშენებულები თავს მაინც არ ზოგავენ და ცოტ-ცოტად მოჰყავთ ტყვეები ფოთის ფაშასთან და ისიც ჩვენზე ჰყიდის, - სთქვა ჩოფურამ.
- ალლაჰმა აკურთხოსთ, ალლაჰმა აკურთხოსთ! საკვირველია, რატომ ისინი მართლმორწმუნეობაზე არ გადმოვლენ! - ამბობდა კბილებჩაჟანგებული.
- ეხ! ალლაჰმა ადღეგრძელოს, რა თქმა უნდა, ფოთის ფაშაც, მაგრამ ძვირად კი ჰყიდის ტყვეებს! ეს მეტისმეტია, ძმაო! ახლა ჩვენ რომ ჩავალთ, უეჭველია, ფასიც დიდი უნდა დავადვათ. აბა, ისე მუქთად თუ გავყიდეთ, რა გამოვიდა, ვირის მხედნავი ხომ არ ვართ. შენ ნახე, რა ალიაქოთი ატყდეს სტამბოლის ბაზარზე, - წარმოსთქვა იბრაჰიმმა.
- ეჰ, რაც არის, არის, მართლმორწმუნენო! - ანუგეშა ყველანი ალი-უსუფმა. - დიდებული წინასწარმეტყველი არ დაგვივიწყებს, შეირყევა წესრიგი, დაგვიდგება ისევ ძველებური დრო. მე, აგერ ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ტყვეთა ყიდვის საქმეში ვარ გართული. თქმა არ უნდა, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს, ალლაჰს ვფიცავ! კაცნო, ამდენი ტყვე ჩვენ გავზიდეთ გურჯისტანიდან, ამდენი ეხოცებათ ურთიერთ ბრძოლაში, ამდენი იჟლიტება გარეშე მტერთან ბრძოლაში და მაინც რომ არ ამოწყდნენ სრულებით ეგ სავერანენი?
- გიაურს რა ამოწყვეტს, გვიმრასავით მრავლდება, - შენიშნა კბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.
- რას ამბობ, ალლაჰმა უკეთ არ იცის? - მიუგო იბრაჰიმმა. -სრულებით რომ ამოწყდნენ, მაშინ ტყვესაც ვერ ვიშოვნით საყიდლად...
- კიდევ ვიმეორებ, მართლმორწმუნენო! წინასწარმეტყველს მიანდეთ თქვენი საქმე და ის უკეთ წარმართავს, - სთქვა ალი-უსუფმა, - მე კი ჩემი თავი და ჩემი საქმე კვლავაც იმისთვის მიმინდვია... მან...
- ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! - კვერი დაუკრეს სხვებმა.
- ახლა კი ერთი თვალი უნდა მოვატყუო, წუხელ ძლიერ ცუდად მეძინა. ალმასხან! - მიუბრუნდა ერთ-ერთ ოსმალოს, - წადი, თუ ძმა ხარ, და ტყვეები დაათვალიერე. იმ პატარა ბიჭს, ფაშამ რომ მიფეშქაშა, პური აუტანე, არ მოაშიო. მაინც სულ ტირის ის შეჩვენებული! რომ დამშვიდდებოდეს ის წყეული, ფერ და ხორცში მოვა და უეჭველად კაი ფასად გავყიდი. იმას უსათუოდ ეგვიპტელი მამელუკები იყიდიან. ძარღვიანი და მაგარი ბიჭია, ამასთან ისეთი ცქვიტი და მარჯვე, რომ ერთი წამოუძახო, ამ ბაქანიდან ზღვაში გადაფრინდება. ქორივით თვალებს აბრიალებს. ფაშამ მითხრა, კინაღამ ციხიდან გამეპარაო.
- საჭურისად გაყიდე, ეფენდი, კაი ფასს მოგცემენ, - შენიშნა კბილებჟანგიანმა.
- რას ამბობ! საჭურისად კი რაა, ბავშვს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს. კაცი დავბერდი ამ ხელობაში და ყმაწვილს არ ვცნობ, ვინ სად გამოდგება? - მიუგო ალი-უსუფმა, ბალიში თავქვეშ ამოიდო და მიისვენა.
რამდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ზოგი ყავას მიირთმევდა, ზოგი ყალიონს ეწეოდა, ზოგს ეძინა...
- შესამჩნევად კი გვარწევს, აი, იბრაჰიმ, - მიმართა ჩოფურა ზაიდოლამ და გემის პატარა მრგვალი სარკმლიდან ზღვაში გაიხედა, - ერთი შეხე, რა დიდი ტალღები ადის და ჩადის!
- არაუშავს რა, - გულდამშვიდებით მიუგო იბრაჰიმმა, - ზღვის ღელვის მეტი რა გამოგვიცდია, რაც გავჩნდით, სულ ზღვაში არ დავცურავთ? ზღვა და ღელვა, მეგობარო, ისეთი განუშორებელია, როგორც ქუხილი და ელვა.
- ეს მეც ვიცი, მაგრამ ამ ცოდნაში სანუგეშო ბევრი არაფერია! მე სრულებით არ მინდა ხელმეორედ გამოვცადო ის, რაც ერთხელ, ამ ხუთიოდ წლის წინათ გამოვცადე სამსუნ ქალაქის ახლო. თუ ეს ზენაქარი არ ჩადგა, შენი მტერი, დღესაც უარესი მოგვივიდეს. საძაგელი ზღვა კი არის ეს პონტის ზღვა.
- შენ ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია, ზაიდოლ! გინდა ერთი გადაგიყარო სევდა და დარდი? მოდი, ვითამაშოთ ნარდი.
- ყაბული მაქვს, - მიუგო ზაიდოლამ. - რაზე ვითამაშოთ?
- რაზედაც გინდა.
- თითო ყურუში?
- ვა, ყურუში რაღაა! გლახაკები ხომ არა ვართ?
- მა რა გინდა?
- თუ ვითამაშებთ, რამე რიგიანზე ვითამაშოთ.
- მაინც?
- თუ მოგიგე... მხარბეჭა ვაჟკაცთ რომ გირევია ტყვეებში, ახალციხელი, ის ჩემი იყოს.
- ვა! გაგიჟდი? რას ამბობ, გონზე მოდი! ის ერთადერთი მიმყავს თვალსაჩინო და ისიც ნარდში წავაგო?
- ჯერ გაიგე, და არ გესმის, რას გეუბნები? თუ მოგიგე-მეთქი. განა არ შეიძლება შენ მომიგო?
- მე თუ მოგიგე, რას მომცემ?
- ჩემი გრძელთმიანი ცირა შენი იყოს.
- პახ, პახ, პახ, - წამოიძახა ჩოფურამ და თვალები გაუღვივდა.
- ჰა? მოგწონს განა? არ არის ბარი-ბარი შენს ახალციხელთან?
- ე... იფ, თუ თვალები დაგთხარე, მოგიგე და ხელში ჩავიგდე! შენი გულისა, როგორც კაცი, არ გავყიდი. მე თვითონ ჩემ ჰარამხანაში წავიყვან, - აღტაცებით ამბობდა ჩოფურა ზაიდოლა, - მაგრამ თუ წავაგე? ვაი, მაშინ ხომ ფუჭად წამივიდა ეს მოგზაურობა... ცუდი საქმე მომივა რჯულის მადლმა, ზარალ, ზარალ! - საორჭოფოდ თავს აქნევდა ზაიდოლა.
- შენმა მზემ, ერთი ჩემი ზარალიც იკითხე და, თუ წავაგე! ვითომ შენზე ნაკლებ ვიზარალებ? ამ სიძვირეში ცირას ფასი უკანასკნელი ათასი ყურუშია.
- ეეხ, მოდი, რაც იყოს, იყოს! დავხუჭო თვალები და გავბედო? ახ, ბედო, თუ სადმე... აალლაჰ! - ხელებ ზეაპყრობით წამოიძახა ჩოფურამ.
- ალლაჰ! - შეევედრა იბრაჰიმიც და კამათლები ხელში აიღო.
- ვინ უნდა დაიწყოს?
- ვისაც ნაკლები მოუვიდეს, - იბრაჰიმმა კამათლები გადააგდო.
- აჰ! დუ!- დაიძახა მან.
- ჰოჰ! შაში! - ამბობდა ზაიდოლა. - შენ ნაკლები მოგივიდა. დაწყება შენია.
- კარგი, მოდის! - სთქვა იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა, -ჩარუ-ფანჯი, ოო... ეს ჩარუ, ეს ფანჯი.
- შაშ-ბეშ! - იძახდა ზაიდოლა. - ეს შაში, ეს ბეშ!
- დუ-ბარა! ვა, ეს რა ნავსი კამათლები მოდის! - უკმაყოფილოდ სთქვა იბრაჰიმმა.
- დუ-შაში? ერთი მოდი და, შე გიაურების სათრევო! - წახალისდა ზაიდოლა და კამათლები გააჩხაკუნა, - ე... ეხ! ფანჯუ-იაქე მომივიდა, ნავსად დასარჩენი, - იმედგაცრუებულად დაუმატა მან.
- ჰაჰ! ერთი შეხედე და, - წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა იბრაჰიმმა. - დუ-შაში! შენ კი გენაცვალე, მაჰმად, სულში!
- ვაჰ, არ უყურებ მაგ ყურუმსაღსა! - შურით წარმოსთქვა ჩოფურამ, როცა დარწმუნდა, რომ იბრაჰიმს მართლა დუ-შაში მოსვლოდა.
- მოდი შე ოხერო რაღა? ჰა! შაშ-ჩარი! ჰო, ამასაც არა უშავს რა, - გული დაიიმედა ზაიდოლამ.
- ვითომ ჩემ ცირაზე ხელი ამაღებინო გინდა რაღა?
- წინასწარმეტყველის იმედით, - სასოებით ამბობდა ჩოფურა.
- წმინდაო ალია, თუ შენ შემეწევი და იმ ახალციხელს ხელში ჩამიგდებ... - აღთქმას სდებდა იბრაჰიმი.
- ჰა, კარგი, ითამაშე, - აჩქარებდა ზაიდოლა.
- დამაცადე ერთი, არც შენა გაქვს დაკვანწული საქმე, - მშვიდად მიუგო იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა.
- შაში-ფანჯი! ეს შაში, ეს... იქ... მოიცა, საშიშია... დამიკეტავს მაგ პირძაღლი... არა, ასე იყოს... აჰა, ესეც ფანჯი!
- ახლა, თუ დუ-შაში მომივიდა, ხომ გამოგიბრიცე თვალები! - აღიზიანებდა ზაიდოლა. - სე-დუ, ღმერთიც გასწყრომია. ვაჰ, მართლაც და, არ მომიგოს მაგ გიაურების სათრევმა!
- მაშ, რა გგონია! თავის ქება ბრძოლის შემდეგ უნდა! ჰა, იფ ერთი შეხედე და, დუ-შაში, ალია, შენ კი გენაცვალე სულში, -სიხარულით წამოიძახა იბრაჰიმმა, - ახლა როგორ გინდა? დავ!
- მოვიდეს. შეგიშინდები გგონია, თუ? - მიუგო ზაიდოლამ.
- რამდენი მოვიდეს?
- რამდენიც გინდა.
- ორმოცი ყურუში!
- ყაბული მაქვს... სე-დუ, ფუ შენს გამომთლელს!
- შაში-ჩარი!
- დუ-შაში? ვააჰ, ალლაჰ, ალლაჰ! - ისე მძლავრად წამოიძახა ჩოფურამ, რომ მძინარე ალი-უსუფი შეინძრა და რაღაც ჩაიწმუკუნა.
- დავბა-სე, გინდა? - დაეკითხა ჩოფურა.
- ზაიდოლ! ძლიერაც ნუ თავხედობ! - გაჭიანურებით შენიშნა იბრაჰიმმა.
- დავბა-სე-მეთქი, - განიმეორა ზაიდოლამ.
- კარ...გი, თამაშობა ხომ ჩემია. ესეც ჩარი-სე.
- ფანჯუ-სე.
- დუ-შაში.
- ჰოი, შე შეჩვენებულო! - წყენით წამოიძახა ჩოფურამ, ერთ-ერთი კამათელი აიღო და ნარდის ფიცარზე დაანარცხა...
- ჯერ რას ცხარობ, ბოლო ვნახოთ, და! - მშვიდად ამბობდა იბრაჰიმი.
- ალი-უსუფ! ზაიდოლ! იბრაჰიმ! - ყვირილით შემოიჭრა ამ დროს გემის უფროსი. - ტყვეები ჩხუბობენ. შენ რომ სქელ-სქელი კაცი მოგყავს, რა ჰქვიან… ახალციხელია, თუ რა ჯანდაბაა, დიდი შფოთის მოყვარე ვინმე ყოფილა. რატომ მაგისთანებს ხუნდს არ ადებთ, კაცნო!
ყველანი წამოიშალნენ.
- რა მოხდა? რა ამბავია? ესენი ხომ... - ბუტბუტებდა ალი-უსუფი და თვალებს იფშვნეტდა.
- ალი-უსუფ! მიშველე... ტყვეები აჯანყდნენ, - აღელვებით ამბობდა გემის უფროსი.
ყველანი საჩქაროდ გემის ბაქანისაკენ გაემართნენ.
- რა დროს შემიშალეს ხელი მაგ წყეულებმა, უეჭველია მოვიგებდი, - ფიქრობდა იბრაჰიმი და უკმაყოფილოდ თავს აქნევდა.
- ალლაჰ! ალლაჰ! რანაირად შესცდება კაცი? როგორ ავყევი მაგ ცხოველ ეშმაკს და კინაღამ არ ვიზარალე? სწორედ ბეწვზე ეკიდა ჩემი საქმე, ერთი ორი თამაში და მოიგებდა მაგ პირძაღლი, -ფიქრობდა ჩოფურა ზაიდოლა. - ყოჩაღ ჩემო, ახალციხელო! რა კაი დროს აუტეხია აურზაური! მე შენ დაგაფასებ, თუ ბიჭი ვარ. ორ-ორ პურს ზედმეტს მოგცემ ყოველდღე.
X
გემის ფართე ბაქანზე ტყვეები უთავბოლოდ ეყარნენ. მათში რამდენიმე ჭაღარაც ერია. უმრავლესობა კი, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდობა იყო, ათიდან ოცდაათ წლამდე. ზოგს ფეხზე სრულებით არაფერი ეცვა. ზოგს რაღაც ჭინჭებში ჰქონდა ფეხები შეხვეული, ზოგს ზედატანიც რაღაც ნაფლეთებით ძლივ-ძლივობით ჰქონდა დაფარული. აქა-იქ, ტყვეებს შორის, წითელქუდიანი ოსმალებიც მოსჩანდნენ, უშველებელი შოლტით ხელში. ესენი ტყვეთა მეთვალყურენი იყვნენ. თავიანთ შოლტებს ისინი ხშირად ძლიერ მარჯვედ ხმარობდნენ. სულ მცირე რამ მიზეზისათვის, ზოგჯერ ისე, თავშესაქცევადაც, გადაუტყლაშუნებდნენ ხოლმე უბედურ ტყვეებს ტიტველ მხარ-ბეჭზე.
სიცივისა, შიმშილისა და ხმელ იატაკზე პირუტყვივით გდებით არაქათგამოლეულნი და ბევრი ტირილისაგან თვალებჩალურჯებულნი ეყარნენ თავისთვის, ვინც სად მოხვედრილიყო. დაღვრემილნი, გულმოკლულნი და სასომიხდილნი, დამფრთხალი ნადირივით აქეთ-იქით იყურებოდნენ, თითქოს თავიანთი მდგომარეობა თვითონაც არა სჯერათო... ხანდისხან ზოგიერთთა თვალებში იმედის ნაპერწკალიც ანათებდა, ალბათ, ეს იყო ნაყოფი ან მხურვალე ლოცვისა, ან ტკბილი ოცნებისა. მაგრამ დრო მიდიოდა, შველა კი არსაიდან სჩანდა და მოსალოდნელიც არსაიდან იყო. ირგვლივ პირქუში, მოუსვენარი, წამდაუწუმ ამავალ-დამავალი ზღვა სჩანდა. წინ წყალი, უკან წყალი, მარჯვნივ წყალი და მარცხნივ წყალი...
მაღალი ანძის ძირს ახალგაზრდა ტყვე ქალი იჯდა. ტანთ ეცვა შედარებით სუფთა, შინ მოქსოვილი ბამბის კაბა. თვალებზე ლეჩაქი ჩამოეფარა და თითქმის სულ ტიროდა.
ტიროდნენ და მოსთქვამდნენ სხვებიც. ოხერი კაცის გული ყოველგვარ მდგომარეობას, ყოველგვარ უბედურებას შეეგუებ-შეეთვისება. ზოგმა უკვე გამოიტირა თავისი თავი. ინაღვლა, იტირა, თავი ქვას ახალა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და მომავალს გულგრილად დაუწყო ყურება.
განსაკუთრებით ჩქარა შეეჩვივნენ თავიანთ ახალ მდგომარეობას ახალგაზრდები. თავდაპირველად ისინი სხვებზე მეტს სწუხდნენ, ბღაოდნენ, ხელებსა და ფეხებს აქნევდნენ, მაგრამ ისევ ჩქარა დამშვიდდნენ და ჩქარა სიცილ-თამაშიც დაიწყეს, თუმცა ხანდისხან გადაეკვროდა ბინდი მათ პირისახეს, გაახსენდებოდათ მშობლები, სახლ-კარი, სამშობლოს ველ-მინდვრები, აუტოკდებოდათ ახალგაზრდა გული, აემღვრეოდათ თვალები და ცრემლი, ცრემლი, ერთადერთი მათი ნუგეში, კამკამით ჩამოვარდებოდა იმათ ლოყა-ნიკაპზე.
- ჰასან, რა ვუყოთ, სულ ტირის და ტირის ის წყეული ქალი? მესამე დღეა, რაც ფოთი დავტოვეთ, და კიდევ არა ცხრება ის გიაურის შვილი, - სიცილით უთხრა ერთმა მეთვალყურემ მეორეს, - რჯულის მადლმა, ყურთასმენა წაიღო მაგის მოთქმა-წუწუნმა.
- გინდა, დავამშვიდო? მაგის ვაი-ვუი მეც არ მაძლევს მოსვენებას. წუხელ ისეთ დროს გამომაღვიძა მაგის გოდებამ, ისეთი კარგი სიზმარი გამაწყვეტინა, რომ კინაღამ მივედი და გადავუჭირე ეს ჩემი მათრახი.
- ალბათ, ქმარი თუ აგონდება. ო... ხო, ხო, ხო!.. - უშნოდ დაიღრიჯა ოსმალო.
- ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაჟკაცი იქნებოდა მისი ქმარი? მართლმორწმუნე პირისახით რაც გინდ უშნო იყოს, გიაურს მაინც სჯობიან, - ამაყად წარმოსთქვა ჰასან მეთვალყურემ და მტირალ ქალს მიუახლოვდა.
- ეი, შენ, ჰაანუმ! ა, ჰაანუმ! თირილი რა თირილი, გაჩუმდა, გაჩუმდა... შენი არ... ესმის? - დამტვრეული ქართულით მიუბრუნდა ოსმალო მტირალ ქალს.
გაოცებულმა ქალმა პირისახეზე მიფარებულ ლეჩაქს გადასწია და შავგვრემანი, ცრემლით დანამული თვალებით ოსმალოს შემოხედა...
ვნებათა ღელვით გაბრუებულმა ჰასანმა ერთი ხელი ქალს მხარზე უბოდიშოდ დაადო და მეორე ძუძუებისაკენ წაიღო.
ქალმა შეჰკივლა, მოძალადეს ხელი ხელში სტაცა და ასადგომად წამოიწია, ოსმალომ კი ხელი კისერზე მაგრად შემოჰხვია და საკოცნელად მიიწია, მაგრამ ამ დროს ვიღაცას ხელი ისე მძლავრად მოხვდა ბეჭზე, რომ საჩქაროდ ქალს ხელი უშვა და გაცოფებულმა უკან მოიხედა. მის გვერდით ტყვე იდგა - ასე ოცდაათი წლის კარგა ჩასკვნილი ვაჟკაცი. ტანზე დახეული ჩოხა ეცვა, თავზე ნაბდის პატარა ქუდი ეხურა.
- შე ურჯულოვ, შენა! მაგას თავისი მწუხარება და დამცირება არ ეყოფა, რომ შენც ნამუსი არ ახადო? მაგის ლეჩაქი შენთვის დამიხურავს ემაგისთანა ვაჟკაცობისათვის, - დასჭყივლა თვალებანთებულმა ტყვემ.
- ოჰ, გიაურ! ვის უბედავ ხელის მიკარებას, - წამოიძახა ოსმალომ და ქამარში გარჭობილ შოლტისაკენ ხელი წაიღო, მაგრამ ტარზე ხელის მოკიდება და მომარჯვება ვერ მოასწრო, რომ გემის ბაქანზე პირაღმა გაშხლართული იწვა.
შეიქმნა ერთი ალიაქოთი. ტყვე ქალებმა წივილ-კივილი ასტეხეს. საჩქაროდ მოცვივდნენ მეთვალყურეები და უწყალოდ მოურთეს შოლტი მოჩხუბარ ტყვეს. გამწარებულმა ხელი გაიქნია. სწვდა ერთ-ერთ მეთვალყურეს, წაართვა შოლტი და თვითონაც გადუჭირა მარჯვნივ და მარცხნივ. რა თქმა უნდა, ტყვესაც ბევრი მოხვდა, ნახევრად ტიტველი ზურგი ბევრგან ლურჯად აებურთა, მაგრამ ორი-სამი მეთვალყურე მაინც კიდევ მიაწვინა. ამის შემყურე დანარჩენმა ტყვეებმაც ვერ მოითმინეს, წამოიშალნენ, დაავლეს ხელი რაც მოხვდათ...
ჩქარა გემის უფროსი, ვაჭრები და სხვა შეიარაღებული ბიჭებიც გამოჩნდნენ.
- რა ამბავია? რა მოხდა? დაწყნარდით, დაშოშმინდით! -იძახოდა ალი-უსუფი.
მათ დანახვაზე ტყვეები ცოტ-ცოტად დამშვიდდნენ.
- აი ამან, აი ამან, ეფენდი! - უთითებდა ერთი მეზღვაური ოფლში გაწურულ ზურგ გასისხლიანებულ ტყვეზე, ამან ასტეხა ჩხუბი, მეთვალყურე ჰასანს სულ ცხვირიდან ძმარი ადინა.
- ეს ხომ ზაიდოლას ახალციხელია! - გაისმა რამდენიმე ხმა.
- უეჭველია, მაგი იქნება ამბოხების თავი... - ყვიროდა იბრაჰიმ. - დაჰკათ მაგას ასი შოლტი!..
- მოიცა, ნუ ჩქარობ, გავიგოთ, რაშია საქმე, - აუჩქარებლად წარმოსთქვა ალი-უსუფმა.
- ასი კი არა ორასი უკვე დაურტყამთ... მიზეზი უნდა ვიცოდეთ, - უკმაყოფილოდ ამბობდა ზაიდოლა.
- რაც გინდა იყოს, ასეთი მოვლენა გემზე მოსათმენი არაა! ერთი ორი ჩემი მეზღვაურთაგანიც ნაცემია, - ყვიროდა გემის უფროსი...
- შფოთის ამტეხს და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება? - დაიყვირა მოთმინებისაგან გამოსულმა ერთმა ჭაღარა ტყვემ. - ოსმალებო, თავს ნუ ირცხვენთ! უსამართლოდ ნუ ირჯებით! გვაკმარეთ ამდენი დამცირება, თორემ იცოდეთ, ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულში! სულერთია, რაღა დაგვრჩენია ამის მეტი! მაინც დაღუპულნი არა ვართ? ღვთისა და კაცისაგან განწირულნი და მოძულებულნი!
ჭაღარას სხვებიც მიჰყვნენ. ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ, ყველამ თავი წამოჰყო.
- დაე ყველას სათითაოდ ყელი გამოგვჭრან. რა დაგვკარგვია, ამ ქვეყნისა მაინც ხომ აღარა ვართ! - ყვიროდნენ ტყვეები.
- დაჩუმდით! დაწყნარდით! გამაგებინეთ, რაშია საქმე? იძახოდა ალი-უსუფი, მაგრამ არც ისე ადვილი იყო მოთმინებიდან გამოსულ, გააფთრებულ ტყვეთა დაცხრობა. როგორც იყო, ცოტ-ცოტად გამოირკვა შფოთის ატეხის ნამდვილი მიზეზი.
- არც ასე შეიძლება, ალლაჰს ვფიცავ, - დინჯად ამბობდა ალი-უსუფი,- ყოველნაირ საქციელს საზღვარი უნდა ჰქონდეს... ამ შემთხვევაში ჰასანი შემცდარია. დედაკაცს ისე აშკარად, ისიც დღისით, ამგვარად არ უნდა მოპყრობოდა.
- მოპყრობოდა კი არა, ხელითაც არ უნდა მიჰკარებოდა! ცხარობდა ჩოფურა. - ჰასან ხომ ჩემი მეთვალყურე არ არის! რა უფლების ძალით ერეოდა სხვის საქმეში? მაგრამ ვიცი, ეს სულ იბრაჰიმის ოინებია!
- ერთი ჭკუაზე მოდი, და! - წამოჭარხლდა იბრაჰიმი - ჩემი კი არა, თუ მათქმევინებ, შენი ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლოდა, შენს ახალციხელს ნარდში მოგიგებდი...
- მე მითხოვნია, შენმა მეთვალყურეებმა ჩემს ტყვეებს ხელი არ ახლონ, - ყვიროდა ზაიდოლა და ქამარში ჩარჭობილ ფიშტოს მალ-მალ სინჯავდა.
- გაგონილა? იწამეთ ალლაჰი! - ცხარობდა თავის მხრივ იბრაჰიმი. - კაცნო, ვერ გამიგია, რა ოინებს მწამებს ეს ადამიანი! ჩვენ ნარდს აი, იქ, გემის დარბაზში ვთამაშობდით, ფეხი იქიდან არ მომიცვლია...
- ერთი ახლა თქვენცა... როგორ გეკადრებათ, სოვდაგრებო! - ჩაერია გემის უფროსი. - პირველად მეც ტყუილად ავჩქარდი. სრულებით დამავიწყდა, რომ ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ღვთის გულისთვის, დაარიგეთ მეთვალყურეები, თორემ ხუმრობა იქით იყოს და ნუ გავაღიზიანებთ, თორემ საშიშია. როგორ გგონიათ? არ ყოფილა მაგალითი, რომ ტყვეებს გემი დაეღუპოთ?
- აი ჭკუა! მაშინ რად არ გახსოვდა, როცა ხალხს ტყვეების საცემრად იწვევდი? - დინჯად შენიშნა ეფენდი ალი-უსუფმა. - შენც ფიცხი კაცი ხარ. იცოდე, არავითარ საქმეში აჩქარება და აღელვება არ ვარგა. რამდენს მეტს იყვირებ და იშფოთებ, იმდენს უფრო გააფუჭებ საქმეს. მეთვალყურეებს სასტიკი ბრძანება უნდა მივცეთ, დედაკაცებთან განსაკუთრებით ძლიერ თავდაჭერილად იყვნენ. მივიდეთ, ბატონო, სტამბოლში, ფეხი დავდგათ დედამიწაზე და მერე, ვისაც როგორ მოესურვოს, შენს ტყვეს, თუ გინდ სცემე, თუ გინდ ტყავი გააძრე, ვინ გიშლის? იქ ქე მაინც, შენ მიერ ჩადენილ საქმეზე შენვე აგებ მარტო პასუხს. აქ კი, შე ოხერო, რას ამბობ, ერთი მრუდედ გადადგმული ნაბიჯით შეიძლება თავიც დაიღუპო და ამოდენა ხალხიც დაღუპო.
ალი-უსუფმა გემის უფროსთან ერთად ტყვეები დაიარა, ზოგს უსაყვედურა, ზოგს მოეფერა, ზოგს დაემუქრა და ერთი-ორი საათის განმავლობაში ყველანი დაამშვიდა.
XI
თამამად აპობდა ხომალდი ზღვის ტალღებს და წინ მიეჩქარებოდა. მაისის მზემ გამოანათა და ერთნაირი პირუთვნელი ღიმილით მიესალმა ზღვასაც, გემსაც და ბედკრულ ტყვეებსაც.
გუშინ ჰასან მეთვალყურის მიერ შეურაცხყოფილი ქალი ჩვეულებრივ ანძასთან იჯდა. თავზე გადაგდებული ლეჩაქი პირისახეს სანახევროდ უფარავდა. დღეს ის არ ტიროდა, მხოლოდ მოწყენილი გაჰყურებდა თვალუწვდენელ ზღვის სივრცეს.
მის გვერდით ათიოდე წლის ბიჭი იჯდა და გამხმარ პურის ქერქს კვნეტავდა. ბავშვს ტირილისაგან თვალები ჩალურჯებოდა, სახე ძლიერ გამხდარი ჰქონდა. თავისებური მოგრძო ცხვირი და ნიკაპი მოგაგონებდათ, რომ ეს ის ხვიჩა იყო, რომელიც ასე ვერაგულად მოიტაცეს უცნობებმა შავი ღელეს პირას და იმავე ღამეს ფოთის ფაშას მიჰგვარეს. ფოთის ფაშამ კი ბავშვი ეფენდი ალი-უსუფს უფეშქაშა. გემზე ასვლისთანავე ბავშვი ქალს მიეჩვია და არ შორდებოდა. ალი-უსუფსაც ჯერ-ჯერობით ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
- კიდევ გინდა ქერქი? - ალერსიანად დაეკითხა ქალი ხვიჩას.
- ქერქი კი არა, რბილ პურს მივცემ, - გაისმა ხმა და მათ წინ ახალციხელი გამოიჭიმა. ხელში ორი მრგვალი პური ეჭირა.
ქალი შეკრთა, წამოწითლდა და თვალები ძირს დაჰხარა.
- შენ რად სწუხდები... მეც... - არეულად მიუგო ქალმა.
- შესაწუხებელი რა მაქვს. შესაწუხებელი რეზოს გუშინ ჰქონდა, როცა შავი დღე ადგა, თორემ დღეს რა მიშავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე მომივიდა, ქალო სალომე, - აღტაცებით ამბობდა რეზო. - გუშინ, მართალია, ცოტა ამიწვეს ზურგის კანი მაგ ძაღლებმა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს ჩემმა ბატონმა ერთის მაგივრად ორი პური მომცა. შემდეგშიაც დამპირდა, ყოველ დღე ორ-ორ პურს მოგცემო... ვერ გამიგია! მე დამტუქსავდა მეგონა, ის კი ისე მომეფერა, რომ... გაოცებული ვარ! გამიხმო ცალკე და, ყოჩაღ, ყოჩაღო, მეუბნებოდა და ხელს მხარზე მიცაცუნებდა... საცა თავისი დაიკვეხონ, იქ ჩემიცა სთქვან მაგ წუნკალებმა, - თავისთვის ჩაილაპარაკა რეზომ, პურის კარგა მოზრდილი ყუა მოსტეხა და ბავშვს გაუწოდა.
- ჰა, ხვიჩა, შვილო, ჭამე! - ტკბილად უთხრა მან, - შენ კიდევ არა გიშავს რა, ჯერ პატარა ხარ. ახალ ადგილას, ხალხს და ენას შეეთვისები. ვინ იცის, შვილო, რა კარგი ბედი გიძევს წინ. შეიძლება ისეთი კაცი გახდე, რომ შენ სახლში ისეთი კაცობა სიზმარშიაც არ მოგლანდებოდეს. ჩვენი საქმე უნდა იკითხო, ჩვენ უბედურების! ათასი წელიც რომ ვიცოცხლო, ოქრო-ვერცხლში რომ ვიჯდე, მაინც როგორ დამავიწყდება ჩემი სახლ-კარი, ჩემ მიერ დამყნობილი, ყოველწლივ აუარებელ ნაყოფის მომცემი ხეხილი... ჩემი პატარა, ერთი ბეწო ნუცა... პატარა დოქით წყალს რომ ამომიტანდა ბაღში და თავისი მოტიკტიკე ენით დამიძახებდა, “მამა, მამა, ტყალი მოგიტანეო...” ვაი, მოგიკვდეს, შვილო, მამაშენი, - მკერდში ხელი ჩაიკრა ვაჟკაცმა და თვალებიდან მსხვილი ცრემლები გადმოუცვივდა...
- ნანა, შვილო, მოგიკვდეს დედაშენი! - მწარედ დაჰკვნესა ქალმაც.
ხვიჩაც ატირდა. თვალებიდან ლოყებზე ნაკადულად წამოსული ცრემლები ნიკაპთან ერთდებოდა და მსხვილ-მსხვილ წვეთებად პურის ყუას ეცემოდა.
- ე... ეხ! მინდოდა რამე სანუგეშო მეთქვა, - თავშეკავებით სთქვა რეზომ, - მაგრამ მაინც სამწუხაროზე გადავედი. ჩვენი მდგომარეობა ისეთი საცოდავია, ისეთი უმწეოა, რომ რაც გინდა გამაგრდე, მაინც საკაეშნოზე უნდა გადახვიდე, მაინც ცრემლით და ტირილით უნდა გაათავო.
- რეზო, ღმერთს გეფიცები, - თან ტირილით, თან ბრაზით წარმოსთქვა სალომემ, - პირდაპირ თათრებს მოვეტაცე, იმდენს არ ვინაღვლებდი. გულს ის მიკლავს, კაცო, ის ვერ მომინელებია, რომ ისევ ჩვენებმა, ჩვენმა ნათელ-მირონებმა მიღალატეს. ყოვლად წმინდაო, ნუ მისცემ ნურაფერს სიკეთეს და წარმატებას თავად ალმასხან წვერაძეს და მის ჩამომავალს... ოოხ! შხამად შეარგე მას ჩვენი პურ-მარილი...
- თავადის სახლში თუ მოხვდი, ქალო, რა გამიკვირდება, არ დაგინდობდა, - მიუგო რეზომ, - ჰაი დედასა, მძინარე მომიმწყვდიეს მთაში, თორემ მე მაგათ დედას აუტირებდი, მაგრამ რაღა დროსია! მადლობა ღმერთს, ეს ყოფილა ჩემი ბედისწერა!..
- ეს საცოდავი ბავშვი ორჯერ არის მონატაცები თურმე, - ამბობდა სალომე, - ერთხელ დედ-მამის სახლიდან და სანამ თათრებს ჩაუვარდებოდა ხელში, ვიღაც ღვთისნიერ ხუცესს გამოუსყიდნია და თავის სახლში დაუნარჩუნებია. შვილივით ეპყრობოდა თურმე, ზრდიდა, ასწავლიდა, თვალიდან არ იშორებდა, სულ თან დაჰყავდა თურმე. მაგრამ უღმრთოები ღამე გზაზე მიმავალს თავს დასხმიან და ბავშვი მოუტაცნიათ.
- თათრებსა?
- რის თათრებს, ვაჟო, ჩვენებურებს! იქნება იმ ხუცის მეზობლებიც იყვნენ.
- ჰაი დედასა, - თავს იქნევდა რეზო.
- თათრები ახლა, ბოშო, ჩვენში ბევრს ვერაფერს გაბედავენ. ისევ ჩვენიანები იკლებენ ქვეყანას. მელა-ტურასავით დაეხეტებიან დაუნდობლები და, თუ სადმე მოხერხებულ ალაგას მოიმწყვდიეს ვინმე, შებორკავენ, პირში ბურთს ჩასჩრიან და ოსმალებთან მიჰყავთ. აშკარად ახლა ჩვენებიც ვერაფერს გაბედავენ. მეფემ რომ შეუტყოს, თვალებს დასთხრის.
- სხვა არა მინდა რა, ერთი ეს ვიცოდე... ცოცხალია თუ არა მარკოზ ხუცესი, - ტირილით სთქვა ბავშვმა.
- ბიჭო, შენ რომ მოგიტაცეს, არაფერი დაიძახა?..
- ერთი კი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა... სხვა არაფერი დაუძახნია... ბნელი ღამე იყო... მე დამიჭირეს... სხვა არაფერი მახსოვს.
- მოჰკლავდენ ის უსვინდისოები, - უკმაყოფილოდ თავი ჩაიქნია რეზომ, - კაცი რომ გამხეცდება, ნადირზედ უარესია... ჩვენში კი, ქალო, მეფე ერეკლეს საბრძანებელში, ემაგისთანები ვის გაუგონია. ყმის ტყვედ გაყიდვას იქ ვინ გაბედავს. მე სულ შემთხვევით მოვყევი, გაუწყრა ღმერთი... მე ბორჯომის ხეობიდან ვარ. შარშან ზაფხულ ახალციხის მთებში მოვყევი და იქ სულ უცაბედად ურჯულოთ ხელში ჩაუვარდი... ეეხ! დამშვიდდი, ქალო, - ლმობიერად უთხრა რეზომ... - აი ეს პური გაღეჭე, ათასიც რომ ვიდარდოთ და თავში ქვა ვიხალოთ, ვერას გავხდებით. ჩვენი საქმე მორჩომილია.
ქალმა პურის ნატეხი ნელა გამოართვა და რეზოს შეხედა. რეზო ოდნავ გაფითრებული იყო.
- დიდი მადლობელი ვარ შენი, რეზო, - მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ, - გუშინ შენ არ ყოფილიყავი... - ქალმა სიტყვა ვერ დაამთავრა, ტირილი მოერია და ლეჩაქი თვალებზე მიიფარა...
- ნუ გეშინია, ქალო, - მტკიცედ უთხრა რეზომ, - სანამ პირში სული მიდგა, შენთვის ხელს არავის ვახლებინებ. - ქალმა თავი მაღლა აიღო, ლეჩაქს გადასწია, მათ ერთმანეთს შეჰხედეს და ორთავეს სახეზე ღიმმა გადაურბინა.
- ნეტავ როდის მოეღება ბოლო ჩვენს ტანჯვას. ამ საზიზღარ გემს მაინც მოვშორდებოდეთ როგორმე! ვნახო ქე მაინც ჩემი საბოლოო ბედი... ალბათ, სადმე ადამიანებთან ვიქნები... ხეზე ხომ არ ჩამომკიდებენ... თუ გინდ ჩამომკიდონ, დამახრჩონ, ოღონდ ამ დამცირებას, ამ შეურაცხყოფას, რასაც ამ გემზე გვაყენებენ, მოვშორდე.
- გადავრჩებით, გადავრჩებით, ქალო, - მოწყენით მიუგო რეზომ. - მეზღვაურები ამბობენ: თუ ზღვა ძლიერ არ გაფუჭდა, ორ-სამ დღეში მივალთ სტამბოლშიო. ეეხ. სახარბიელო იქაც არა ყრია რა! აქ ჩვენ ენაზე ხმას მაინც ვცემთ ერთმანეთს, იქ კი გაგვთიშავენ და სააღდგომო ბატკნებივით თითო-თითოდ დაგვყიდიან.
- ვაიმე, ეს სრულებით არ გამხსენებია! - მწარედ წამოიძახა ქალმა და რეზოს თვალებში შეაჩერდა, - მერე ისე ვერ მოხერხდება, რომ ერთმანეთს არ დაგვაშორონ... რეზო?.. - ამბობდა ქალი და გაფითრებული ვაჟკაცს თვალს არ აშორებდა.
- ვეცდები, თუ გამოვიდა რამე, ჩემი ბატონი, რაც ის წუწკი აქ გავშოთე, კარგად მიყურებს. მივალ, შევეხვეწები, არ დაგვაშოროს ერთმანეთს...
- მეც თქვენთან მინდა ყოფნა, მე თქვენ არ მოგშორდებით! - წამოიძახა ბავშვმა და იმედით აღსავსე თვალებით რეზოს და სალომეს შეხედა.
- ხვიჩა, ნანა შვილო, ბედდამწვარი დედაშენი! - მიეალერსა ქალი და ბავშვი გულში ჩაიკრა. - რეზო! გესმის, რას ამბობს ეს ჯერ უსუსური ყრმა, ესეც ჩვენსავით უღმერთოთაგან ძალად დაობლებული და დამცირებული, მეც თქვენთან მინდა ყოფნაო! ჩვენ ვითომ რა სიკეთეს მოველით, რა ბედნიერ დღეს შევხარით, მაგრამ ერთადერთი ნუგეში მაინც ერთად ყოფნა დაგვრჩენია, ჰხედავ, ეს ბავშვიც ამით ნუგეშობს, თურმე... ღმერთო... - ძლივს წარმოსთქვა ქალმა, ბოღმა მოაწვა, სული ყელში მოებჯინა და მწარედ აქვითინდა. ატირდა რეზოც, სამთავენი ტიროდნენ.
ირგვლივ კი მრისხანე ზღვა თავისებურად შხუოდა, ფაფარგათეთრებული ტალღა ტალღას მოსდევდა, გემის კედელს ეხეთქებოდა და ზედ აკვდებოდა.
XII
სტამბოლის ტყვეთა მოედანზე ხალხი ირეოდა. სხვადასხვა ქვეყნებიდან გასაყიდად მოყვანილი ტყვეები აქ იყო თავმოყრილი. ვინ გინდოდა აქ რომ არ გენახა, შავკანიანი, წითელკანიანი, თუ ყვითელკანიანი. წინა წლებში უმრავლესობას კავკასიიდან მოდენილი ტყვეები შეადგენდნენ: ქართველები, აფხაზები, ოსები, ჩაჩნები... წრეულს კი მათი რიცხვი ძლიერ მცირე იყო, რაც საერთო ყურადღებას და გაკვირვებას იწვევდა.
ზოგი ტყვეები მინდორში ჰყავდათ გამოფენილი, ზოგიც სახელდახელოდ გაკეთებულ ფარდულებში. მყიდველები მოდიოდნენ, სინჯავდნენ, ზომავდნენ, ანჯღრევდნენ, ტყვეთა პატრონებთან ვაჭრობდნენ, ჩხუბობდნენ, ილანძღებოდნენ და, როცა ფასში მორიგდებოდნენ, ნაყიდ ტყვეს კისერში ბაწარს, ან ჯაჭვს ხბოსავით აბამდნენ და შინ მიჰყავდათ. ეს ჩვენ დროში წარმოუდგენელი სისაძაგლე, მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მდიდარი სოვდაგრები ათობით ყიდულობდნენ ტყვეებს სხვადასხვა საჭიროებისათვის. ზოგს ჯარის კაცად, ზოგს მიწის მომუშავედ, ზოგს ხელზე მოსამსახურედ; ლამაზ ქალებს კი, რა თქმა უნდა, დიდკაცობის გასართობად და სასიამოვნოდ.
- დიდება ალლაჰს, დიდება ალლაჰს, - სასოებით ამბობდა და ნელ-ნელა, დინჯად ფეხს მოაბიჯებდა ჰუსეინ-აღა, მდიდარი სოვდაგარი და განთქმული ტყვეთ მყიდავ-გამყიდავი. ჰუსეინ-აღას მრავალჯერ მოულოცნია არაბეთის წმინდა ადგილები, ნაკითხ კაცად და რჯულის მცოდნედ ითვლებოდა. თავი მუდამ თოვლივით თეთრი დოლბანდით ჰქონდა შემოხვეული. ტანზე ჩინეთიდან მოტანილი ფარჩა-ქსოვილის გრძელი ხალათი ეცვა და ხელში ოქროთი მოჭედილი ჯოხი ეჭირა. ჰუსეინ-აღას თითქმის მთელი სტამბოლი იცნობდა.
- ჰუსეინ-აღა მოდის, ჰუსეინ-აღა მოდის! - გაისმა აქეთ-იქიდან ტყვეთა მოედანზე.
სხვათა შორის, ჩვენ ნაცნობ ეფენდი ალი-უსუფსაც აქ მოეყვანა თავისი ქართველი ტყვეები.
- არ ვიცი, რა ვუყო, ეფენდი, რომ არა ცხრება ის შეჩვენებული? ვერაფრით ვერ დავამშვიდე, - მოახსენა ერთ-ერთმა მეთვალყურემ.
- რომელი?
- აი პატარა ბიჭი, ფოთის ფაშამ რომ გიფეშქაშა, ხვიჩა რომ ჰქვიან.
- რის ხვიჩა! - გაჯავრდა ეფენდი, - მე ხომ მაგას მახმუტი დავარქვი, მახმუტი დაუძახე განა კიდევ ტირის?.. მიფეშქაშა!.. ისე ამდგარა დილა ადრიან ფოთის ფაშის გვერდები, რაც მე იმან რამე მიფეშქაშოს! კარგი ფეშქაშია, შენ არ მომიკვდე... იმის ფასად, რაც მე მაგას საჩუქრები მივართვი, ხუთ ტყვეს ვიყიდიდი... რა მინდაო, ბიჭო, რა ატირებს?
- თავს იკლავს, რატომ ზაიდოლას დედაკაცს არ გამაყოლეთო.
- ვა, გაგიჟდა? ხუმრობს თუ! ერთი მაგ ლაწირაკს უყურე და! ბიჭო, ხომ არ შიან?
- თავზე საყრელს ვაძლევ, ეფენდი, მაგრამ დღეს პურისთვის ზედაც არ შეუხედავს. გემიდან გამოსვლისას, შენც კი უყურებდი, ეფენდი, კინაღამ ზღვაში გადიჩეხა. ამსიმსხო კაცმა ძლივ-ძლივობით დავიმაგრე. ისე ღონივრად გამწია მაგ სარივით წვრილმა ბიჭმა, რომ ჯაფარა არ მომშველებოდა, ორთავენი ტყლაშუნს მოვადენდით წყალში.
- ჰა, შეჩვენებული! ეგ სულ მაგ ზაიდოლას გაღიზიანებულია. მაგის ოინებს ეშმაკიც ვერ გაუგებს თავბოლოსა. არ გამიკვირდა? ჯერ კიდევ გზაშივე ჩამაცივდა, ბიჭი მომყიდეო. არ ვყიდი-მეთქი. ორ დიდრონ ტყვეს მოგცემო, კაცო, თავი დამანებე-მეთქი. ის მასწავლის, რომელ ტყვეს რა ფასი აქვს?
- მართლაც და, იმ ზაიდოლას ტყვე დედაკაცს ძლიერ შეეჩვია ბიჭი. გემზე სულ მასთან იყო. ერთმანეთს რომ დავაშორეთ, ის ქალიც საშინლად ატირდა, თითქოს საკუთარ შვილს აშორებენო.
- ეხ! რაღა დროის მაგისთანებია! დალოცვილები, მაგათი გულის ასაყოლად ვის-ღა სცალია... მაშ, დღეს პური არ უჭამია? ეს სასიამოვნო ამბავი ვერ მითხარი სწორედ... სახეზედაც ძლიერ გამხდარი იქნება.
- არც ისე, მაგრამ...
- სალამ-ალეიქ, სალამ-ალეიქ ჩემს ალი-უსუფს! როგორა ხარ? მე და შენ ხომ მუდამ უნდა ვიცხოვროთ, - გაისმა ჰუსეიმ-აღას ხმა, - რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანია, ეფენდი, გურჯისტანიდან. რა ამბავია? შარშანწინ, მახსოვს, ამ მოედანზე არ ეტეოდნენ და წრეულს საგანგებოდ უნდა ეძებო, რომ შეამჩნიო.
- ეხ, აღაჯან! გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად, იღვიძებენ, მგონია, გიაურები. რაც ჩამოგვიყვანია, ისიც დიდის წვალებით, რჯულის მადლმა. მთელ დასავლეთ გურჯისტანში ახლა ერთი კავშირია იმერთა მეფის სოლომონის მეთაურობით. შეიტყობდით რა სირცხვილი აჭამა მაგ ურჯულომ მაჰმადის სახელს, რა საშინლად დაამარცხა მართლმორწმუნეთა მხედრობა... ისე გაძლიერდა, რომ ყველა მთავრები, ბეგები, თუ აღები მის სახელის გაგონებაზე კანკალებენ... ტყვეთა გამყიდველებს სასტიკად სდევნის, მოურიდებლად თვალებსა სთხრის...
- სამწუხარო, ძლიერ სამწუხაროა, ფადიშაჰის დღეგრძელობამ, - დარბაისლურად სთქვა ჰუსეინ-აღამ.
- ლამაზი ქალები ხომ თავის წონა ოქრო გახდა, - განაგრძო ეფენდი-ალიმ.
- ეჰ, მაგ ლამაზი ქალების დავიდარაბას კარგა ხანია თავი დავანებე, ჩემო ეფენდი. ზარალია, სწორედ ზარალი მათი ყიდვა-გაყიდვა. დღეს შეჰხედავ, ლამაზია, ლოყა ბროწეულის მარცვალივით უღუის, ახალ გაშლილ ვარდს ჰგავს, ხვალ შეხედავ, მომაკვდავს დამსგავსებია... ზარალია, ზარალი... მე ახლა ქალების დავიდარაბის თავი არა მაქვს... ეხ, ეფენდი, ხათრი, ჯანიც არ არის საიმისო. ყოველ საქმეს თავისი დრო ჰქონია... გული მოდრკა, მოდუნდა, სიბერე შემეპარა... მე ახლა, ჩემო ალი-უსუფ, მიწის მუშები მინდა და, თუ რიგიანი ვიშოვნე, მეომრები... სამწუხაროა. ალლაჰს ვფიცავ, გურჯისტანში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე ასე რომ შეფერხებულა. წინათაც მქონდა იქაური ამბები გაგონილი...
- რა ვქნათ, აღა რაც არის, ის არის. ალლაჰის მადლით ცოტ-ცოტა მაინც გვყავს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც...
- ალლაჰის მადლით, ალლაჰის მადლით! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და ტყვეებს ათვალიერებდა. გაიარ-გამოიარა ტყვეებს შუა, გახედ-გამოხედა, ზოგი გასინჯა, ზოგს დაელაპარაკა, - კარგი, კარგი, ძლიერ კარგი, მაგრამ ძლიერ ცოტაა. ასეთი ქესატობა ჯერ მართლაც-და არ მინახავს, - აუჩქარებლივ ამბობდა ჰუსეინ-აღა და ოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე ახაკუნებდა.
უეცრად მისი ყურადღება რაღაც ხმაურობამ მიიპყრო.
- გაჩუმდი! გაჩუმდი, შე კისერმოსატეხო, თორემ სულს გაგანთხევინებ! რა მიზეზიანი რამ ყოფილა ეგ ღორის შვილი! - უჯავრდებოდა ვიღაც მტირალ ბავშვს.
ჰუსეინ-აღას გამოცდილ ყურებს ეს არ გამოეპარა.
- ეს ვინ ტირის იმ ფარდულში, ეფენდი-ალი? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა. - ის ტყვე ბიჭი იქნება.
- ჰა, კიდევ ტირის მაგ წყეული! - თავისთვის ჩაილაპარაკა ეფენდიმ, - ტყვე ბიჭია, დიახ, კისერმოსატეხი. ხომ მოგეხსენებათ მაგათი ჯინიანობა, აიტეხა რაღაც მიზეზი და არ ცხრება.
- შეიძლება ვნახო?
- აქ მოვაყვანინებ, აღა! აღმოსხით, აქ მოიყვა ეგ გიაურის შვილი. ჰა, კიდევ არ გაჩუმდა?
ბავშვი გამოიყვანეს.
ჰუსეინ-აღას ჭრელი ტანისამოსის და თოვლივით თეთრი დოლუბანდის დანახვაზე ბავშვი მართლაც გაჩუმდა.
- რისთვის ტირი, ბიჭუნია? ტირილი როგორ გეკადრება, - ტკბილად უთხრა აღამ და თავზე ხელი გადუსვა. ბავშვმა გაოცებით შეხედა. ოსმალოთგან ცემისა, გინებისა და ყვირილის გარდა, ასეთი ტკბილი სიტყვა ჯერ არ გაეგონა.
- გურჯია, არა?
- გურჯია. ფოთის ფაშისაგან საგანგებოდ ვიყიდე, - მიუგო ეფენდიმ.
- სახელი რა ჰქვიან?
- მახმუტ!
- მახმუტ? მახმუტ! კარგია, კარგი! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და თავზე ხელს უსვამდა. - ნეტავ რისთვის ტიროდა?
- მისი სისულელე! გზაზე ერთ ტყვე დედაკაცს გადაეკიდა, - გინდათ თუ არა, იმას გამაყოლეთო. გიჟია ეგ ოხრის შვილი? ის დედაკაცი ჩოფურა ზაიდოლასი იყო. ჩამოვედი თუ არა გემიდან, ის დედაკაციც და მეორე ტყვეც იმ კაცმა ანდრიანოპოლელ ვაჭარს მიჰყიდა და მყიდველმა ნაყიდი ტყვეები, რა თქმა უნდა, თან წაასხა. ამანაც იმათკენ გაიწია, და, რომ არ გავუშვით, დაუღია პირი და ბღავის...
ჰუსეინ-აღა დაფიქრდა.
- კარგი, კარგი! - ჩუმად ჩაილაპარაკა მან. - ეხ, მახმუტ, მახმუტ. შენისთანა ბიჭს როგორ არ გრცხვენია, რომ ტირი. - აღამ აუჩქარებლად ხალათის ჯიბეში ხელი ჩაიყო, მუჭით ჩამიჩი ამოიღო და ბავშვს გაუწოდა.
ბავშვმა საჩქაროდ ორივე მუჭი ერთად გაუშვირა, ნაწილი ჩამიჩი უბეში ჩაიყარა და ჭამას შეუდგა.
ირგვლივ სიცილ-ხარხარი ასტყდა.
ჰუსეინ-აღამ ბავშვი გასინჯა - მკლავში ხელი მოუჭირა, პირი გაუღო და კბილებში შეხედა, შეანჯღრ-შემოანჯღრია და სახეზე კმაყოფილების ღიმმა გადაურბინა.
-კაი აგებულობის ბიჭია! წმინდა სამამელუკოა, - უთხრა ეფენდი-ალიმ.
ჰუსეინ-აღამ ცბიერად შეჰხედა და ტუჩები ჩაიკვნიტა.
- საგანგებოდ მომიყვანია სალეკ ეფენდისათვის. საცაა, ალბათ, ისიც გამოჩნდება, - დინჯად ამბობდა ეფენდი-ალი.
ჰუსეინ-აღამ ორ აზროვნად გადახედა, თითქოს ეუბნებაო: ხომ იცი, შვილო, ორთავენი ვაჭრობის ძაღლები ვართ, ჩვენ შორის მაინც ტყუილი რაღა საჭიროაო.
- კეთილი, კეთილი, ეფენდი! - დინჯად მიუგო მან და ბავშვი ხელახლა უფრო დაკვირვებით გასინჯა. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა.
- შენ, პაწიავ, ჭიდაობა იცი? - ტკბილად მიუბრუნდა ჰუსეინ-აღა.
ბავშვმა ვერ გაიგო შეკითხვა. სხვებმა გააგებინეს. მაშინ ბავშვმა საჰოიოდ თავი დააქნია.
- კარგი. მაშ, ეფენდი, მოდი, დავჭიდოთ ვისმე.
- რას დავეძებ, - მიუგო ეფენდი-ალიმ. - ვის დავჭიდოთ? ტყვეთაგანს?
- არა, არა, ქუჩის ბიჭს... აბა, გაიქეცით, მომგვარეთ ვინმე, - სთქვა აღამ.
მეთვალყურენი აქეთ-იქით ეცნენ და ცოტა ხნის შემდეგ თორმეტ-ცამეტი წლის ოსმალო ბიჭი მოიყვანეს.
- ეს შესაფერი არაა! - ითაკილა, ეფენდი-ალიმ. - ეს ხომ დიდია!
- მახმუტ, დაეჭიდები მაგას? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა.
ბავშვმა გაუღიმა და თავი დაუქნია. ეს მისი თითქმის პირველი ღიმილი იყო იმ უბუდური ღამის შემდეგ.
- შენ თუ მაგას დასცემ, აი შენი საჩუქარი, - შეაგულიანა აღამ და ჯიბიდან ვერცხლის ფული ამოიღო.
ოსმალოს ბიჭი თუმცა სიმაღლით არა სჭარბობდა, მაგრამ თვალსაჩინოდ უფრო ხნიერი და მსხვილიც იყო.
ოსმალომ მედიდურად გადახედა ტყვე ბიჭს და დაუბღვირა. ტყვეც თავისი მიმინოსებური თვალებით დააჩერდა.
- ჰა, დავჭიდოთ? - წახალისდა მოხუცი აღა...
- თანასწორი ძალა არაა, ჰუსეინ, - ჭოჭმანობდა ალი-უსუფი, - სად ეს თითისტოლა ბიჭი, ზღვაში მოგზაურობით გალახული, და სად ეს ჭაბუკი, ჩამრგვალებულ-ჩასუქებული.
- ბიჭი თანახმაა. ალბათ, თავის იმედი აქვს, ჰა? გაბედე! - აძალებდა ჰუსეინ-აღა.
ეფენდი-ალი დასთანხმდა.
მეტოქენი ერთმანეთს დაეტაკნენ. ოსმალომ სტაცა ხელი მახმუტს და თავისუფლად ზეით ისროლა. ყველას ეგონა ეს არის ძირს დაანარცხებს და დაამტვრევსო.
- მე ხომ ვსთქვი, ბარი-ბარი ჭიდაობა არაა! - უკმაყოფილობას უცხადებდა ეფენდი ალი-უსუფს.
მაგრამ ბავშვი, ყოველი მოლოდინის გარეშე, თუმცა წაბარბაცდა, მაგრამ არ დაეცა, თავი შეიმაგრა, საჩქაროდ გასწორდა და მოპირდაპირემ შემოხედვა ვერ მოასწრო, რომ გულდაგულ ეცა. ხელები ირგვლივ წელზე შემოჰხვია, მოსდო კაჭა და იმსიმსხო ბიჭი მიწაზე გააგორა.
შეიქმნა ერთი სიცილ-ხარხარი. ეფენდი-ალის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
- კარგი, კარგი! მე პირობას შევასრულებ, - ჩვეულებრივის აუჩქარებლობით წარმოსთქვა ჰუსეინ-აღამ და ბავშვს ფული გაუწოდა. - ახლა როგორ? დაეკითხა ეფენდი-ალის და რაღაცნაირად ტუჩები დაჭმუჭნა. ეფენდი-ალიმ მხრები აიჩეჩა და იმანაც ტუჩებით ანიშნა, თითქოს ეუბნებაო: ხომ ჰხედავ, რაც არის, რა საჭიროა მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ჩვენ ხომ ორივენი ერთ დარჯაკში ვართ ჩამოყალიბებულნი და რისთვის უნდა ვცადოთ ერთმანეთის მოტყუება, მაინც ხომ არა გამოვა რა.
- ხომ მოგახსენეთ, აღა, რაც დროება დადგა, დღითი დღე მატულობს საქონლის ფასი. სალეკ ეფენდიც...
- ზღაპრებს თავი დაანებე, ალლაჰი ნუ გაგიწყრება, - მოუჭრა ჰუსეინ-აღამ, - შენ ვაჭარი ხარ, მეც, აგერ საქონელი, აგერ ფული!
- სოვდაგარო, იცოდე, უკანასკნელია, - ჩუმად უთხრა ეფენდიმ და თითები უჩვენა.
- ალლაჰ! რას ამბობ? - გაიკვირვა აღამ. - ამდენი ფულით მთელ რაზმს შევადგენ.
- ნება შენია. ქება მეტია. საქონელი ხომ თვალწინაა. ვიცი, ვისთვის გინდა. უკეთესი ძნელი მოსაძებნია.
- მართლადა, ეს რა მომივიდა, რომ ქუჩის ბიჭს დავჭიდე, -ფიქრობდა ჰუსეინ-აღა, - მაგრამ ესეც კარგია, დარწმუნებული მაინც ვარ საქონლის სიკარგეში... ასი და ორასი ყურუში ჯანდაბას! - გულს იმაგრებდა აღა.
- ეფენდი-ალი! - მიმართა აღამ და თითები უჩვენა.
- ოო! ყოვლად შეუძლებელია. ჯერ გემის პატრონს რამდენი ფული მივეცი.
- გემით ის ერთი ხომ არ მოგყავდა?
- ყოველ შემთხვევაში...
- მაინც.
- ერთი ყურუში არ დააკლდება.
- ჰა, ესეც.
- რას ბრძანებთ, ჰუსეინ-აღა! მარტო ფოთის ფაშას ფარჩის ქსოვილი რომ ვუფეშქაშე, ორმოცდაათი მეჯიდიე მაინც ღირდა.
ჰუსეინ-აღამ ბავშვი ხელახლა გასინჯა. გაატარ-გამოატარა, ახტუნა, არბენინა...
- კარგია, კარგი! ჩინებული მამელუკი გამოვა! - ამბობდა გულში სოვდაგარი და ოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე სცემდა. მერე ჰუსეინ-აღამ განზე გაიხმო, მთელი ქისა ოქროები გადასცა და ბავშვი თან წაიყვანა. ბავშვი სიხარულით გაჰყვა.
პუსეინ-აღამ სხვა ტყვეებიც ბევრი იყიდა, გემი დაიქირავა და ორი დღის შიგნით ეგვიპტისკენ გზას გაუდგა.
XIII
ალი-ბიი, მამელუკთა სახელოვანი სარდალი, ოქროთ მოვარაყებულ და ლალ-ფირუზით მორთულ ტახტზე ფეხმოკეცით იჯდა, ყალიონის ტარი პირში ჩაედო და ნელ-ნელა აბოლებდა. ღრმა ფიქრებში იყო გართული ალი-ბიი, და, ღვთის წინაშე, საფიქრებელიც ბევრი ჰქონდა. მთელი ეგვიპტის უმთავრესი გამგე ახლა ის იყო. მან მიიყოლია მამელუკთა დანარჩენი ოცდასამი ბიი ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეთა მმართველ-გამგებელნი, და სტამბოლის სულთანისა და მის მიერ ეგვიპტის უფროსად დაყენებულ ფაშისაგან თავისი თავი სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძლიერ საწყენად დაურჩა სტამბოლის სულთანს და მით უფრო ეგვიპტის ფაშას, რადგან მისი უფლება არარაობამდე ჩამოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერა გააწყო რა. ძალა მამელუკთა ხელში იყო და ძალა ხომ აღმართსა ხნავს.
მამელუკთა რიცხვი იმ დროს ათი-თორმეტი ათასი იქნებოდა. ისინი გაფანტულნი იყვნენ მთელ ეგვიპტეში, სათავეში უდგნენ მხედრობას, ეჭირათ თანამდებობის ადგილები, ერთი სიტყვით, მთელი ქვეყნის განუსაზღვრელი ბატონ-პატრონნი იყვნენ.
“მამელუკი” არაბულად ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. მეცამეტე საუკუნეში ეგვიპტის სულთანმა მალეკ-სალეჰმა მონგოლებისაგან რამდენიმე ათასი ტყვე თურანელები და კავკასიელები იყიდა და იმათგან თავისი მცველი გვარდია ისე გააძლიერა, რომ თვით სულთანისათვის საშიში შეიქმნა. როცა 1250 წელს, ქრისტეს დაბადების შემდეგ, ეგვიპტის სულთანმა თურმან-შაჰმა მათ დაუკითხავად ზავი დასდო ჯვაროსანთა წინამძღოლ ლუდოვიკ მეცხრესთან, მამელუკები საშინლად გაბრაზდნენ, მოჰკლეს თვით თურან-შაჰი, იმის ნაცვლად თვის შორის ამოირჩიეს ვინმე ჰეიბეკი და გააბატონეს. ამ დროიდან დაიწყო მამელუკთა ბატონობა ეგვიპტეში. 1517 წელს თუმცა სულთანმა სელიმ პირველმა დაიპყრო ეგვიპტე და ქვეყნის მთავარ გამგედ ფაშა დაუყენა, მაგრამ იძულებული შეიქნა პროვინციების გამგედ მამელუკთაგან არჩეული ოცდაოთხი ბიი დაენიშნა. ბიიებმა მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩქარა ხელთ იგდეს. ალი-ბიის მეთაურობით ხომ სულთან ფაშისაგან სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადეს თავისი თავი და იმდენად გრძნობდნენ ძალას, რომ არავისი შიში და რიდი არა ჰქონდათ.
თავიანთ მხედრობის შესავსებათ ისინი ახლაც სიამით ყიდულობდნენ ახალგაზრდა ჯანსაღ ბიჭებს, ზრდიდნენ და მეომრებად წვრთნიდნენ. უპირატესობას ამ მხრივ კავკასიელებს აძლევდნენ.
შემოვიდა კარისკაცი და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.
- მბრძანებელო, - მოწიწებით მოახსენა მან, - სოვდაგარი გეახლათ.
ალი-ბიიმ ყალიონის ტარი ტუჩს აუჩქარებლად მოაშორა.
- ჰუსეინ-აღა? ოხ, ჩქარა, აქ დამიძახე! - ბრძანა ალი-ბიიმ. - ის, ალბათ, სტამბოლიდან ჩამოვიდა... ერთი რა ამბები ჩამოიტანა? - ოდნავ გაიღიმა ალი-ბიიმ და ყალიონი განზე გადასდო.
- სალამ ალეიქ, დიდებულო მბრძანებელო! - შემოილაპარაკა ჰუსეინ-აღამ, ხელი გულზე და შუბლზე მიიდო და მძიმედ დაუკრა თავი.
- ოოჰ! მობრძანდი, ჩემო ჰუსეინ, ჩემო ძველო მეგობარო! ამ ბოლო დროს რა იშვიათი და სანატრელი გამიხდა შენი ნახვა, აქეთ, ჩემო აღა, ამ ბალიშზე ჩამობრძანდი, - მხიარულად უთხრა ალი-ბიიმ და ძვირფას ხალიჩაზე დაგებულ, ოქრომკედით მოქარგულ ბალიშზე მიუთითა.
ჰუსეინ-აღა ჩამოჯდა.
- სხვა, მეგობარო, სტამბოლში იყავ?
- ეს არის იქიდან გიახელ, მბრძანებელო!
ალი-ბიიმ კოპი ოდნავ შეიკრა.
- რა ამბებია, ჩემო ჰუსეინ? ფადი-შაჰი როგორ ბრძანდება? ალბათ, ძლიერ გაჯავრებულია ჩემზე!
ჰუსეინმა თავი საორჭოფოდ ჩააქნია და ჩაიცინა.
- რასაკვირველია, მადლობელი არ იქნება. აქ დასამალი რა არის, ქვეყანამ კიდით კიდე იცის.
- რა ვქნათ, აღა, რა ვქნათ! - დინჯად გააგრძელა ალი-ბიიმ. - დრონი მეფობენო, ნათქვამია. ჩვენ ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრი ასეთია - ან უნდა ვიყვნეთ, როგორც რიგია, ან სულ არ უნდა ვიყვნეთ. თუ ეგვიპტის ბატონ-პატრონი ჩვენა ვართ, ჩვენ უნდა ვიყვნეთ, უგამდლოთ, უხელმძღვანელოთ მადლობა ალლაჰს, ჰასაკით სრულნი ვართ. თუ ბატონი ფადი-შაჰი და მისი ფაშაა, ისინი უნდა ბრძანდებოდნენ, მამელუკები რაღა საჭიროა? შენ კარგად იცი, ჩემო ჰუსეინ, რომ მამელუკს საბოდიშო, პირმოსაფერებელი არავისთან არაფერი აქვს; მისი უტყუარი მეგობარი მისი ბასრი ხმალია, რომელსაც მუდამ თან ატარებს და სწორედ ნამდვილი მამელუკი ისაა, ვინც სისხლით შეღებილი ხმლით ხელში სულს განუტევებს. ამიტომ ჩვენ არავისთან და არც ფადი-შაჰთან საბოდიშო არა გვაქვს რა, ვცოცხლობთ, - ვცოცხლობთ, მოვკვდებით, - მოვკვდებით. მე აგერ სამოცდაათის წლის მოხუცი ვარ, თხუთმეტი წლიდან ბრძოლის ველზე ხმალს ვატრიალებ, ახლაც ნაღარის ხმას რომ გავიგონებ, ამიფართხალდება მოხუცი გული. გაქრება ჯან-ღონის სისუსტე, მინდა ტაიჭს მოვახტე და ხმალამოწვდილს მწადიან ჩემ ძმებთან, უშიშარ მამელუკებთან შევანავარდო მკვეთრი მახვილი და, თუ საჭიროა, მათთან სულიც დავლიო, - თანდათან აღტაცებით სთქვა მოხუცმა. - სხვა, მეგობარო, როგორი ვაჭრობაა, როგორ იმოგზაურე? - ტკბილად დაეკითხა ალი-ბიი.
- კარგად, მბრძანებელო! უბედურობა არ შეგვხვედრია რა. ზღვა მშვიდობით გავცურეთ. ვაჭრობა კი ძლიერ ნაკლებია. საქონელი არ არის, ბატონო! გურჯისტანიდან ტყვეთა დენა ძლიერ შემცირდა, - მოწყენით დაუმატა ჰუსეინ-აღამ.
- რათაო? - გაიოცა ალი-ბიიმ.
- მოგახსენებენ, მბრძანებელო, რომ გურჯთა მეფეები გაძლიერებულან. არც სპარსელებს აძლევენ თურმე ახლა ხარკს და არც ოსმალებს. შაჰ-აბაზის გალაშქრების შემდეგ გურჯისტანი საუკუნოდ დამარხული ეგონა ყველას და, დახე მათ ბედსა, დამარხვა კი არა, განახლების გზას დასდგომიან. ყიზილბაშები ზედი-ზედ სასტიკად დაუმარცხებიათ და... ჰოი, ალლაჰ! ოსმალთა მართლმორწმუნე მხედრობაც... - ვერ დაათავა ჰუსეინ-აღამ.
- ძლიერ სამწუხაროა, - წარმოსთქვა ალი-ბიიმ და წყენის ნიშნად შუბლზე ხელი დაიკრა. - რა თქმა უნდა, თუ მომჯობინდნენ, ტყვეებს არ გაიმეტებენ. ტყვეების გაყიდვა, ჩემო ჰუსეინ, როგორც შენც კარგად მოგეხსენება, ერის შინაური გახრწნილების, უწესრიგობისა და უმეთაურობის ბრალია, თორემ საცა ხალხს ცოტაოდენი ძალა შესწევს, ერთი მეორეს უჯერებს და საერთო კეთილდღეობის საჭიროების გემო აქვს გაგებული, ის ერი განა ტყვეს მოგვყიდის? რომელი დედა ნახე შვილის გამყიდველი, თუ არ სრულებით ზნეობით დაცემულ-გათახსირებული?.. მაგრამ ჩვენთვის კი სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა, სჯულის მადლმა, აუჩქარებლად დაუმატა ალი-ბიიმ და ყალიონის ტარს ხელი წაატანა.
- მაგრამ მე შენთან, მბრძანებელო, შენ ამომავალ მზეებრ გაბრწყინვებულ სახესთან, რაც გინდა იყოს, მაინც ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი: ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე.
- პატარა ბიჭი? - მხიარულად დაეკითხა ალი-ბიი და თვალები გაუბრწყინდა.
- დიახ, მბრძანებელო, პატარა ბიჭი, ცხრა-ათი წლისა.
- აბა, სადაა? ყოჩაღ, ჩემო ჰუსეინ, ვიცოდი, რომ ხელცარიელი არ მოხვიდოდი...
- თქვენ საფარეშოში გახლავს...
- ბიჭი საჩქაროდ მომგვარონ აქ, ახლად მოყვანილი ბიჭი, - მოუთმენლად ამბობდა ალი-ბიი.
ცოტა ხნის შემდეგ მდიდრულად მორთულ ოთახის კარებში ჩვენი მახმუტად მონათლული ხვიჩა გამოჩნდა. ბავშვი დაბანილ-დავარცხნილი იყო, ტანზე ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. რიგიანი მოვლის მეოხებით სახითაც შევსებულ შელამაზებულიყო და ამ კარგ ტანისამოსში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა.
შემოჰყო თუ არა თავი ოთახში ბავშვმა, ორივე ხელი გულზე დაიჭდო და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.
- ოო, ჩემო პატარა გურჯო! ყოჩაღ, ყოჩაღ! - დაიძახა ალი-ბიიმ. - გმადლობ, სოვდაგარო, ძვირფასი ძღვნისათვის, გმადლობთ იმისათვისაც, რომ ახლავე ჩვენი ზნე-წესები შეგითვისებინებია. ან რა კარგად გამოგიწყვია! სახელი რა ჰქვიან ჩემს პატარა ბიჭს?
- მახმუტ, მბრძანებელო, - მიუგო ჰუსეინ-აღამ.
- მახმუტ! - დაუძახა ალი-ბიიმ.
ბავშვმა ხელები ისევ გულზე დაიჭდო და მძიმედ თავი დაუკრა.
ალი-ბიის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.
- ერთი შეხედეთ, რა ჩქარა შეუთვისებია ჩვენი წესრიგი! - კვირობდა მოხუცი.
- ეს სულ გზაში ვასწავლე, - მოახსენა ჰუსეინ-აღამ. - მაინც ეს გურჯები, მბრძანებელო, ნიჭიერი ხალხია. ერთს რომ ეტყვი, განმეორება არა სჭირია. ოთხი-ხუთი თვე არ იქნება, რაც ეს ბავშვი თავის ქვეყანას მოშორებია და უკვე კარგად ესმის ჩვენი ენა...
- გმადლობ, გმადლობ, ჩემო აღა, - კმაყოფილებით ამბობდა ალი-ბიი, - შენ სოვდაგარი კი არა, ოსტატი ხარ, ალლაჰის მადლმა! შენ სადმე სასწავლებლის გამგე უნდა იყო... აბა, ჩემო ბიჭიკო, ახლო მოიწი ჩემთან, - ალერსიანად მიმართა ალი-ბიიმ მახმუტს.
ბიჭმა ფეხი მოკრძალებით წინ წადგა. ასე მდიდრულად მორთულ-მოვარაყებული ოთახი თავის დღეში არ ენახა და, ცოტა არ იყოს, ფეხის თამამად გადადგმას ვერა ბედავდა.
ალი-ბიიმ ბავშვი გასინჯა, თავზე ხელი გადაუსვა, შეანჯღრ-შემოანჯღრია. ბავშვი თავისი მიმინოსებური თვალებით პირდაპირ შეჰყურებდა.
- ჰა, სოვდაგარო, მეომარია რაღა, მეომარი! წმინდა მამელუკადაა დაბადებული, - მხიარულად ამბობდა მოხუცი და ბავშვს მკლავებს უსინჯავდა.
- მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, დიდებულო, რომ ბავშვი ძლიერ გალახულია, ბევრი ნათრევ-ნაწამებია. ჩემ ხელში მომჯობინდა ცოტა, თორემ ძვალი და ტყავი იყო. არ იცის, მბრძანებელო, ზოგიერთმა ვაჭარმა ტყვეთა მოვლა. განსაკუთრებით ბავშვებს დიდი ყურადღებით მოპყრობა სჭირია... უკმეხად ექცევიან, სცემენ, რიგიანად არ აჭმევენ, არ აცმევენ. რაც გინდა იყოს, კაცის შვილი ძროხის შვილისაგან უნდა გაარჩიო, ესეც არ იყოს, პირდაპირ ანგარიში ითხოვს ვაჭარმა საქონელი მუშტარს რიგიანი სახით უჩვენოს. ჩვენს ვაჭრებს ესეც არ ესმით!
- სწორია, სწორია, ალლაჰის მადლმა! მე ხომ გითხარი, ოსტატი ხარ-მეთქი, - კმაყოფილებით მიუგო ალი-ბიიმ.
- ცხენზე ჯდომა იცი, ჩემო ბიჭიკო? - დაეკითხა მახმუტს ალი-ბიი.
- ვიცი, - თამამად მიუგო ბავშვმა.
- ისეთ ცხენზე შეგსვა, რომ იმის ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ძვირფას ხალათს ჩაგაცმევ, საჭმელ-სასმელი ხომ ულევი გექნება. შენ მხოლოდ ჭკვიანი ბიჭი იყავ. დიდად გმადლობთ, სოვდაგარო, სასიამოვნო ძღვენისათვის, - მიუბრუნდა აღას ალი-ბიი. - ბიჭი ძლიერ მომწონს. ამას უეჭველად ჩემ სახელობაზე გავზრდი. მამელუკთა მხედრობას ერთი მეომარიც მიემატება. არც შენ დაგრჩები უმადური, მეგობარო კარგი ძღვნისათვის, კარგ საჩუქარსაც მოგართმევ. ბიჭო, მოლარეთუხუცესი დამიძახე! ახლა როგორ მირჩევ, აღა? არ სჯობია, რომ ამთავითვე მოლა-აღაფიჯის მივაბარო, რომ მაჰმადის წმიდა მოძღვრებაში გაწვრთნას?
- ჩინებული აზრია, დიდებულო! სამხედრო ვარჯიშობასაც ამთავითვე შეაჩვიოთ, ემჯობინება.
- ეს ხომ ჩვენი ხელობაა, ოსტატო! ხვალვე ჩემს ჯაბადარბაშს ვუბრძანებ, შესაფერი იარაღი მოუმზადონ და მის ტარებასა და ხმარებას შეაჩვიონ. შენ კი, მახმუტ, ძლიერ ფრთხილად უნდა იყო. აქ უშველებელი მდინარე რომ მიდის, ის თქვენებური პატარა მოჩუხჩუხე წყაროები არ გეგონოს. იქ ისეთი ბასრკბილა ნიანგები ბუდობენ, რომ ა... ჰა, ჰა, თუ კბილი დაგავლეს, ჩაგახრამუნებენ.
მოჩუხჩუხე წყაროს გაგონებაზე ბავშვს მდინარე ტეხური გაახსენდა... გაახსენდა იქაურობა. - “ნეტავ სად არის ახლა ჩვენი თხები”, - გაუელვა ბავშვს თავში. - “ნეტავ ვინ ერეკება მათ ახლა? ... ნანა და ბაბა როგორ არიან? მე ვახსოვართ თუ არა? მარკოზ ხუცესი ცოცხალი გადარჩა თუ არა? ... მარიკა... ლერწამისა... ბავშვს თვალწინ წარმოუდგა სამშობლო ქვეყნის მთები, ველ-მინდვრები, ტყეები... გაახსენდა პატარა ნამყენი მსხალი მარკოზ ხუცის სახლში. ეს მსხალი ძლიერ უყვარდა. ყოველ დილით მივიდოდა ნორჩ ხეხილთან და ადამიანივით ემუსაიფებოდა, მიესალმებოდა, გამოეთხოვებოდა ხოლმე. გაახსენდა გემით მოგზაურობაც, სალომე და რეზო, შვილივით ეფერებოდნენ, უკანასკნელ ლუკმას მას უყოფდნენ... რა მწარე იყო მათთან გაშორება... უჰ, რამდენი იტირა მაშინ!.. ისეთი სიმწარე, პირველად როცა მოიტაცეს, მაშინაც არ უგრძვნია... წარმოუდგა ბავშვს თვალწინ ყველა ეს და თვალები ცრემლებით აევსო. ალი-ბიიმ ეს შეამჩნია... თითქოს მის სახეზე აღმოიკითხა მისი გულისწუხილიო. ნაზად მიეალერსა და თავზე ხელი გადაუსვა.
ბავშვი კი მწარედ აქვითინდა.
XIV
ქალაქ ქაირის განაპირას, აღმოსავლეთით, მოკატტამის ხრიოკ მთის კალთაზე ამაყად ამართულა სალადინის ციხე თავისი მაღალი კოშკებით და სქელი გალავნებით. გავიდა ოცდაათი წელიწადი ზემოთ მოთხრობილი ამბის შემდეგ. ერთ დღეს სალადინის ციხის გარშემო ფართე მოედანი ხალხით გაივსო. ეგვიპტის ყოველი მხრიდან მოგროვდნენ აქ მამელუკთა საუკეთესო წარმომადგენელნი. იყვნენ ბიიები, ათასისთავები, ასისთავები და რჩეული მხედრობა. შეკრებილნი მოედანზე მიდი-მოდიოდნენ, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, ზოგი ცხარობდა, ზოგი დინჯად მუსაიფობდა... ეტყობოდა, რაღაც მძიმე საქმე ჰქონდათ გადასაწყვეტი.
ციხის ერთ-ერთ კოშკზე მამელუკთა სათაყვანებელი დროშა აიმართა. ამ დროშას იშვიათ შემთხვევის დროს გამოიტანდნენ ხოლმე. დროშის დანახვაზე მთელმა საზოგადოებამ, ნიშნად სიხარულისა, ერთი დაუსრულებელი კიჟინა დასცა. მსჯელობა-კამათი ცოტ-ცოტად მისწყდა და ხალხმა მოედანზე გალავანთან რაზმებად დამწკრივება დაიწყო. შუაგულ ქვეითები დარაზმდნენ, იქით-აქეთ ცხენოსნები... რა თქმა უნდა, ყველანი შეიარაღებულნი იყვნენ.
ბევრი ხანი არ გასულა, რომ ციხის გალავანზე ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილი ბიიები გამოჩნდნენ და მხედრობას მიესალმნენ. ჯარმა აღტაცებული ყიჟინა დასცა.
მაგრამ აგერ გამოჩნდა მოოქრული ტახტრევანი. ხალხმა სული განაბა. ტახტრევანი გალავანზე მოწიწებით დაასვენეს და ფრთხილად კარი გააღეს. იქიდან აუჩქარებლივ გამოვიდა თეთრწვერა ხმელ-ხმელი მოხუცი. ტანზე სადათ შეკერილი ჭრელი ხალათი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ეხურა და წელზე ოქროთ შეჭედილი, ჩვეულებრივ, მოღუნული ხმალი ერტყა. ეს გახლდათ მოლა ომერ-ბი-საიდი, მამელუკთა მეთაური, მთავარი ბიი, ერთხმად არჩეული ალი-ბიის სიკვდილის შემდეგ. ომერ-ბიიმ ხელით ანიშნა მოსამსახურეებს ტახტრევანი წაეღოთ, წელზე ხმალი გაისწორა, გალავანზე გადმოდგა და მხედრობას მხიარულად მიესალმა.
- გაუმარჯოს მოლა-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა უძლეველ მხედრობას! - გრიალებდა ჯარი.
ომერ-ბიის აქეთ-იქით დანარჩენი ბიიები მოუდგნენ. ომერს თვალები გაუბრწყინდა და ღიმილით გახედა მის წინ დარაზმულ რამდენიმე ათას ცხენოსან ქვეით მხედრობას. ჭრელ ხალათებში და წითელ ქუდებში გამოწყობილი ჯარი რაღაც საარაკო სანახავი იყო.
- დიდება ალლაჰს, შემოქმედსა და მოწყალესა. - სასოებით წარმოსთქვა ომერ-ბიიმ და ხელები მაღლა აღაპყრო. საკმაო მკაფიო და საამო მოსასმენი ხმა ჰქონდა.
- დიდება ალლაჰს! - ბანი მისცა ჯარმაც.
- გაუმარჯოს მამელუკთა მძლეთა-მძლე მხედრობას, - დაიძახა ომერ-ბიი-საიდმა და კისერი ამაყად მოიღერა.
ჯარის აღტაცებული ყიჟინა წუთს არ შეწყვეტილა.
ომერ-ბიი მოთმინებით აღიჭურვა და, როცა ყველანი ცოტა-ცოტა დამშვიდდნენ, აუჩქარებლად, რაც შეეძლო, ხმა მაღლა წარმოსთქვა:
- მამელუკნო! - ხალხმა ხმა გაკმინდა, თითქმის ცხენების ფრუტუნიც აღარ ისმოდა. - დიდებულის წინასწარმეტყველის დროშის ქვეშ შეკრებილა მისი უძლეველი მხედრობა. ბევრს გულს უმღვრევს და სულს უშფოთებს მისი გმირობა და მამაცობა. ბევრი მტრობს, არ მეგობრობს... ფადი-შაჰიდან მოყოლებული ხართუმის ველურ თემთა მთავრამდე, ყველანი ბრაზით კბილებს აკრაჭუნებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავის არ ეპუება, შესაფერ პასუხს აძლევს ყველას. მისი დროშა თამამად ფრიალებს და, უეჭველია, კვლავ იფრიალებს, თუ არ მოაკლდა ერთსულოვნება, სიმამაცე და ბრძოლის ველზე თავგანწირულება, რაც დღემდე გვჩვევია, ძმანო, საყვარელნო მამელუკნო.
- გაუმარჯოს ომერ-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა მხედრობას! - დაიგრიალა ჯარმა.
- მამელუკნო! - განაგრძო ომერ-ბიი-საიდმა. - ყველამ ვიცით, საყვარელნო, რომ ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება ალლაჰისა და წინასწარმეტყველის შემდეგ, ჩვენი მარჯვენა და ჩვენი ხმალია. ისიც გამოცდილებით ვიცით, რომ მაგარი მკლავი და ბასრი ხმალი, მრავალთა უმრავლესიც რომ იყოს, უღონოა და სუსტია, თუ ღირსეული მეთაური წინ არ მიუძღვის და გზას არ უჩვენებს. მამელუკნო, სხვათა შორის, ჩვენს საერთო ღირსებას ის შეადგენდა, რომ ვიცოდით ღირსეული წინამძღოლის არჩევა... ჩვენ სრულებით არა გვჭირია ანგარიში ან ხათრი გავუწიოთ ვინმეს ჩამომავლობას და გვარიშვილობას! პირადი ღირსება: ჭკუა, სიმამაცე და მამელუკთა ერთგულება - აი რას ვეძებთ ჩვენ მეთაურში. მოგეხსენებათ, დღეს გლოვობს მამელუკთა მხედრობა. წინასწარმეტყველმა ინება და სახელოვან სარდალს, თავდადებულ მამელუკს, ფიბის მაზრის გამგეს, ბაგირ-ბიის ზეცად მოუწოდა. ახლა მისი სული იმქვეყნიურ სიტკბოებაშია. მარად ქალწულ გურიებთათანა განიხარებს მისი განახლებული არსება. ჩვენ კი, აქ დარჩენილთ, დიახ გვესაჭიროება მისი მაგიერი სარდალი. მამელუკნო, უნდა ავირჩიოთ განსვენებულის ბაგირ-ბიის მოადგილე. დაასახელეთ, ძმანო, ღირსეული კაცი. იყოსმცა მფარველი ჩვენი დიდებული ალლაჰი და მისი წინასწარმეტყველი, სანამ ეს მუდამ ფირუზისფერი უღრუბლო ცა ეგვიპტეს დაჰყურებს და სიგრძე-სიგანე განუზომელი ნილოსი მასაზრდოებელ ტალღებს უძირო ზღვისაკენ მიაქანებს! დიდება ალლაჰს, მოწყალესა და შემწყალებელსა ჩვენსა! - ისევ ხელების მაღლა აღპყრობით დაათავა ომერ-ბიი-საიდმა.
- დიდება ალლაჰს! - დაიგრიალა მხედრობამაც.
ცოტა ხანს ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა. “სულ-ერთია... იმან... კარგია... სთქვას...” - ისმოდა კანტიკუნტად ხალხში.
- მამელუკნო! - გაისმა მჭექავი ხმა და ერთი შავტაიჭოსანი ჭაღარა მხედარი დაწინაურდა.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
- მამელუკნო, ოცი წელიწადი გავიდა მას აქეთ... მაშინ... ეხ! მეც ჯეილი ვიყავ. სეუტელებმა ხარკის მოცემა მოგვისპეს. გამარები და სხვა შავკანიანთა თემები მოიწვიეს და ჩვენი გამკლავება განიზრახეს. მათ წინააღმდეგ ორი ათასი მხედრობა გაიგზავნა. მეც მათში ვერიე. სეუტის ალყა შემოვარტყით, გვინდოდა ერთი დაკვრით აგვეღო, მაგრამ ეს არც ისე ადვილი შესასრულებელი შეიქმნა, როგორც გვეგონა. ურჯულომ ჩირან-ბეიმ, შუბოსანთა წინამძღოლმა, ჩვენ მარცხენა ფრთას შემოუარა და სეუტის გალავანსა და ოღრო-ჩოღრო კლდეებს შუა მოგვამწყვდია. ჩვენმა ცხენებმა ფეხი ვერ მოიკიდეს, გალავნიდან კი ცეცხლსა და ქვას წვიმასავით გვაყრიდნენ. მწარე გასაჭირი გვადგა. მამელუკნო, ვინ შეახტა მაშინ მარჯვედ მტრის გალავანს, მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი? გმირს სხვებიც უკან მიჰყვნენ, ციხეში შეიჭრნენ, კარი გაგვიღეს და გაგვამარჯვებინეს. იმ მამელუკმა მაშინ ასისთაობა მიიღო. ის ვინ იყო?
- მახ... მუტ! მახ.. მუტ! - დაიგრიალა ჯარმა.
- მამელუკნო! - გაისმა ხმა ცხენოსანთა მეორე მხრიდან და ვიღაც წითური, შესაზარი შესახედაობის კაცი დაიძრა. უშველებელი ულაყი ცხენი მხედრის ქვეშ ბორგავდა, თავს აკანტურებდა და საჯირითოდ მიიწევდა. ჯარმა გზა უტია და მხედარი წინ წარსდგა.
- იმედია, ძმებო და თანამოაბჯრენო, მეც მომისმენთ. ეს მშვენიერი, ვიწროდ და გრძლად გაჭიმული წალკოტი ამ ვერან და ხრიოკ უდაბნოს შორის, ვით მწვანე ფირუზი კლდის ნაპრალში გდებული, ეს ძველთა-ძველი ჩარდახებით, ტაძარ-გალავნებით, უზარმაზარ წოწლოკინა სასაფლაოებით, ეს ვაზით, ფინიკით და ხორბლით გალაღებულ-გაპოხიერებული ქვეყანა - ეგვიპტე, დიდებულმა წინასწარმეტყველმა, ჰოი, მამელუკნო, ჩვენს ხმალს და ჩვენს დროშას დაუმორჩილა! ზლაზვნით მიგორავს ნილოსი, მიაქვს ქვეით ჩვენი ამბები, რომ განუზომელ ზღვას და იქიდან მთელ ქვეყანას ამცნოს და გააგებინოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ერთობა და ჩვენი შეუდრეკელი გამბედაობა. სხვა რაღა უნდა მიქოს ნილოსმა? პაპას ვერ მიქებს დიდებულს და პაპის პაპას ჩინებულს! მე არც კი ვიცი, ვინა ვარ, სადაური ვარ, მხოლოდ ვიცი, რომ მამელუკი ვარ! ხმალი ჩემი - დედ-მამაა ჩემი, მკლავი ჩემი - სიმტკიცეა ჩემი, თქვენთან, ძმებო, შეურყეველი კავშირი - გამარჯვებაა ჩემი...
- ვაშა, ვაშა! - გრიალებდა ჯარი.
- სრულებით ვეთანხმები ჩვენს მბრძანებელს, მეთაურს და მასწავლებელს ომერ-ბიის, - გააგრძელა წითურმა კაცმა, - რომ კარგ მეომარს, კარგი მეთაური სჭირია. უშიშარი და გამბედავი მუთაური ტოლია მთელი მხედრობისა! მახსოვს და ბევრს თქვენთაგანსაც ახსოვს, სულ ათი წლის საქმეა, ასუანთან მოგვიხდა ბრძოლა. ზანგები ყიჟინით და კბილის კრაჭუნით წამოიშალნენ ჩვენზე. ჩვენც მედიდურად ვეკვეთეთ. ჩვენი ხმალთა ელვა-კაშკაში მზის სხივებს ეცილებოდა. ხელჩართული დიდხანს გაგრძელდა. უთვალავი მტერი, კალიასავით მოზღვავებული, წინ მოდიოდა. ათასი ვძლიეთ, ორი სხვა აღმოჩნდა, ისიც გავანადგურეთ, ხუთი კიდევ მოზღვავდა. დაიქანცა, შედრკა ჩვენი მხედრობა. თითქოს გვღალატობს ბედიო, ოდნავ განზე გადიხარა ჩვენი ამაყად მოფრიალე დროშა. მკლავში ტკივილი ვიგრძენ, ხმლის ტარს ხელი ვერ მოვუჭირე.. ხელის გულზე დავიხედე, წითელი ზოლები შევამჩნიე... ჩვენიანების გულზვიადი ურთიერთის გამხნევება ყურთასმენას არ მიტკბობდა. შევიხედე, ჰოი, თვალები დამიდგეს! მამელუკთა მხედრობის სიამაყე, სწორუპოვარი სარდალი ბათირ-ბიი ზანგის შუბით განგმირული ცხენიდან ჩამოეშვა... შევკრთით, დავძაბუნდით. ერთი წამი და მტრისთვის ზურგი უნდა გვეჩვენებინა. მამელუკნო, გახსოვთ ასისთავი, ხმამაღლა რომ შეჰკივლა? ისეთ ხმას, მხოლოდ მაღალი მთის მწვერვალზე მობინადრე არწივები გამოსცემენ ხოლმე. ხმალი შეათამაშა და, ვით შავარდენი მტრედთა გუნდში, მტრის რაზმში შეიჭრა. ჩვენები გამხნევდნენ, შურდულივით უკან დაედევნენ, მტრის ჯარი შუა გააპეს, სძლიეს და ჩვენი დროშა კვლავ ამაყად ააფრიალეს. ვინ იყო ის ასისთავი?
- მახ... მუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.
- მამელუკნო! - გაისმა მესამე ხმა, - ფიბის ნანგრევების ქვემოდ ჩვენი რაზმი იდგა. გარს მტერი ერტყა, ატბართა და ჰოტენტოტთა თემები შოას ნეგუსის, ჩვენი დაუძინებელი მტრის იმედით ზურგგამაგრებულნი, ჩვენზე თავხედურ იერიშს ლამობდნენ. ჩვენდა სამარცხვინოდ, აწ უკვე განსვენებულმა საღირ-ბიიმ (ალლაჰ, იქ მაინც ნუ მოაკლებ სახელსა და ნეტარებას), ვერც ერთი მხრივ შეტევა ვერ გაბედა. მტერმა თითქოს იგრძნო ჩვენი გაზურგება, რკალივით შემოგვერტყა და ისე შეგვავიწროვა, რომ გასაქანი არა გვქონდა. ორში ერთი: ან იარაღი უნდა დაგვეყარა, ან მტერი გაგვერღვია. მაშინ ვინ იყო, მამელუკნო, რომ დაიძახა: ჩემთან, ძმებოო! ტაიჭი გააქანა და ჰოტენტოტთა მეთაურს, გუთხარ-ხათუს ხმალდახმალ ეძგერა და ერთი დაკვრით თავი გააგდებინა?..
- მახმუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.
მოხუცი ომერ-ბიი-საიდი კვლავ გალავნის მოაჯირზე გადმოდგა. თან სხვა ბიიები ახლდნენ.
- დიდება ალლაჰსა, გამჩენსა და მწყალობელსა ჩვენსა, - ხელაპყრობით წარმოსთქვა მან, - საქმე გამორკვეულია. ხმა ერისა და ხმა ღვთისა! სურს შენზე მონდობილს მამელუკთა მხედრობას და იქმნას ასე:
გვყავს მახმუტ-ბიი, ძმა და თანამოაბჯრე ჩვენი.
ჯარის მხიარულ კიჟინს დასასრული არ უჩანდა. ომერ-საიდმა მოოქრული ხმალი მოიხსნა და ხელში დაიჭირა, დააცადა, სანამ ჯარი დაწყნარდებოდა, და მერე ხმამაღლა დაიძახა:
- მახმუტ-ბიი!
ჯარში ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა.
ცოტახნის შემდეგ რაზმმა გაიწ-გამოიწია, გზა უტია და გამოჩნდა ერთი ახოვანი, კარგა აჭაღარაებული ვაჟკაცი. ის ოქროსფერ ბედაურზე იჯდა, აბრეშუმის ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. ტიპიური, ოდნავ ხუჭუჭა წვერ-ულვაში, მოგრძო ცხვირი, ზომიერი თვალები და თეთრი პირის კანი ეჭვში თუ შეიყვანდა კაცს, რომ მაღალ ხარისხზე არჩეული მამელუკი შთამომავლობით არც ოსმალი იყო და არც არაბი, თორემ სხვაფრივ წმინდა წყლის მაჰმადიანსა ჰგავდა.
მახმუტს სახეზე აღელვება ეტყობოდა. მან კოხტად მოახტუნა ცხენი და გალავნის ძირს შეჩერდა. ბედაური კი არ ისვენებდა, კიშმიშზე დგებოდა.
- ჰა! - დაიძახა ომერ-საიდმა და ხმალი ისროლა. ყვითლად შეიკაშკაშა მზის სხივებზე ოქროთი მოჭედილმა მრუდე ქარქაშმა.
მახმუტ-ბიიმ ხმალი დაიჭირა.
კვლავ იგრიალა ჯარმა და მახმუტ-ბიის ფუტკარივით გარს შემოეხვია.
XV
ქაირის ფირუზის სასახლეში ყველა ოცდაოთხივე ბიი შეკრებილიყო.
ომერ-ბიი-საიდმა, მეთაურთ-მეთაურმა, დიდად აღელვებულმა და აღშფოთებულმა, კრება გახსნა.
- წარჩინებულნო, წინამძღოლნო! - მიმართა მან ბიიებს - უკვე გაგონილი გექნებათ, რა მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბავი მოგვივიდა. ალექსანდრიაში უკვე, გადმოუსხამს თავისი ლაშქარი ფრანგთა ფაშათ-ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტეს და გაჩქარებით მოდის თურმე ჩვენკენ საომრად. გვიახლოვდება მტერი ძლიერი, მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოწვრთნილი, მტერი ბრწყინვალე გამარჯვებით გულ-გაზვიადებული და გაამაყებული. რა უნდა გითხრათ, მამელუკნო, სიყრმიდანვე ბრძოლას ჩვეულნო? ძლიერი მტერი მოდის. პასუხი ერთადერთია: გალესილი მახვილი უნდა დავახვედროთ. მამელუკნო! დასამალი რა არის, შინაც არა გვაქვს მტკიცედ საქმე. ფელახებში დიდი მოძრაობაა, თურმე. ზოგნი ფრანგთა ტანმოკლე ფაშათ-ფაშას ჩვენზე გამარჯვებას წინდაწინვე დღესასწაულობენ - იქნებ გვეშველოს და მამელუკთა ბატონობას ბოლო მოეღოსო, ამბობენ, თურმე. მაშ, მსწრაფლი მზადება, მამელუკნო, ჭკვიანი თადარიგი, მედგარი დახვედრა, სახელოვანი სიკვდილი...
ბიიებმა სულგანაბულად მოისმინეს თავიანთი წინამძღოლის სიტყვები. ყველანი გრძნობდნენ საქმის არაჩვეულებრივ სირთულეს.
- ვერ გამიგია, - დაარღვია სიჩუმე ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასლან-ბიიმ, - რისთვის მოდის ტანმოკლე ფაშათ-ფაშა ჩვენზე? რა უნდა ჩვენგან? რა დაგვიშავებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი. მასთან და მის ჯართან თავის დღეში შეტაკება არ მოგვსვლია. საიდან მოგვწვდა ამ სიშორეზე?
- ადვილი ასახსნელია, ჩემო ასლან, - მიუგო სალეკ-ბიიმ, გრძელწვერა, ჭაღარა კაცმა, - ფაშათ-ფაშას ახლო-მახლო უცხო ტომთა ჯარები დაუძლევია და ახლა უკვე მოხვეჭილი სახელის შარავანდედის მოსაფენად ჩვენკენ გამოილაშქრა. ეს ხომ ყველა გულადი მეომრის თვისებაა.
- რა ვუყოთ, მობრძანდეს, აგერა ვართ - სთქვა ხაირ-ბიიმ, პირმოპარსულმა, შავ-შავმა კაცმა.
- ეს ხომ ასეა, აბა, სად უნდა გავექცეთ? მამელუკს სიკვდილის როდის შეშინებია, მაგრამ საქმე ისაა, ყოველ გალაშქრებას და, მით უფრო, გალაშქრებას ასეთ შორეულ ქვეყანაზე, რამე პატივსადები მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე მგონია, უმიზეზოდ არც ეს გალაშქრება უნდა იყოს. ხომ მოდიოდა ამბები, მამელუკნო, ნაპოლეონ ფაშათ-ფაშა ინგლისელებზე აპირებს გალაშქრებასაო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს მძიმე საქმე იმასაც ვერ გაუბედნია. ინგლისელებს შინ რომ ვერა დააკლეს რა, გარედან სურთ უკბინონ, ჩვენსკენ გამოლაშქრებით უნდათ ვნება მიაყენონ ინგლისელთა ვაჭრობას... მისი, ასე ვთქვათ... აღებ-მიცემობა შეაფერხონ, - ჩაერია ლაპარაკში ქილმა-ბიი, შუახნის თვალ-ტანადი კაცი.
- ადვილი შესაძლებელია, ასეც იყოს, მხოლოდ ამ მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ბევრს ვერაფერს შეგვძენს. წარმოვიდგინოთ, ამ წუთში გაჩნდა აქ თვით ტანმოკლე ფაშათ-ფაშა და თავისი პირით დაწვრილებით აგვიხსნა და განგვიმარტა, თუ რამ აიძულა, ჩვენსკენ გამოელაშქრა. მე მგონია, ამით საქმის მდგომარეობა ნამცეცისოდენად არ შეიცვლება, ჩვენი მდგომარეობა ამ მიზეზის ცოდნით სრულებით არ გაუმჯობესდება. თავი და თავი მიზეზი, რაც ყველამ უკვე ვიცით, მაინც უცვლელი დარჩება - ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო, გვეუბნება ის კაცი, - სთქვა მახმუტ-ბიიმ.
- დავხვდებით, - წამოიძახეს ბიიებმა და ოქროთი მოჭედილ ხმლებზე ხელი იტაცეს.
ელვის სისწრაფით მოედო მთელ ეგვიპტეს ფრანგთა შემოსევის ამბავი. ყოველი მამელუკი, ვისაც ტანის განძრევა შეეძლო, საბრძოლველად მოემზადა. რაც ჯარი ჰყავდათ, სულ საბრძოლველად გაიწვიეს. მამელუკები კარგად გრძნობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ არა იმ ნახევრად ველურ აფრიკელებთან, ვინც უთანასწორო ბრძოლაშიც არა ერთხელ სახელოვნად დაუმარცხებიათ, მათ წინააღმდეგ მოდიოდა მთელ ქვეყანაზე განთქმული, იმ დროის მიხედვით საუკეთესო თოფებით და ზარბაზნებით შეიარაღებული, ევროპის შიშის ზარის დამცემი დიდებული ნაპოლეონ ბონაპარტე. მამელუკებს კი ზარბაზნები თითქმის არ ჰქონდათ. ისინი ნაქები იყვნენ, როგორც ცხენდაცხენ ხმლით მეომრები. სიკვდილის არ ეშინოდათ და ბრძოლაში შეუდარებელ სიმამაცეს იჩენდნენ, მაგრამ ხმალი ზარბაზნის წინააღმდეგ, რაც გინდა მამაც კაცს ეჭიროს ხელში, მაინც სუსტი იარაღია. მამელუკები ძლიერ კარგად გრძნობდნენ, რომ ახლანდელს გამარჯვება-დამარცხებაზე იყო დამოკიდებული მათი ბატონობა ეგვიპტეში და შეიძლება მთლად მათი არსებობაც, ამიტომ გადაწყვიტეს მთელი თავიანთი ძალ-ღონით დახვედროდნენ მოულოდნელ საშიშ მტერს.
ბონაპარტემ გადმოსხა თუ არა ჯარი გემებიდან ქალაქ ალექსანდრიაში, პირდაპირ ქაირისკენ გაემართა.
ქალაქი ქაირი დედა ქალაქია ეგვიპტისა. არაბულად მისი სახელია მაზ-ულ-კახირა, რაც ნიშნავს ძლევამოსილს. გაშენებულია მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. ქაირი დაარსებულია მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ არაბთა სარდლის ამრუ ფოსტატის მიერ. შემდეგ მეათე საუკუნეში სარდალმა გოჰარმა ძველი ქალაქის მახლობლად ახალი ქალაქი გააშენა. შემდეგ ორივე ქალაქი - ძველი და ახალი - შეერთდა. ქაირის ირგვლივ ძველ ეგვიპტელთა ოდესმე დიდებული და აწ უკვე დამარხული კულტურის ნაშთები ახვევია. ქალაქიდან სამხრეთით ათი-თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე მოსჩანს ძველ ეგვიპტელთა სატახტო ქალაქის მემფისის ნანგრევები, ჩრდილოეთით კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ძველ ქალაქის ჰელიპოლისის ნანგრევებია, ხოლო დასავლეთით, მდინარე ნილოსის გაღმა ათი-თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით, ხრიოკ უდაბნოთა მიჯნაზე, ამართულია სამი უზარმაზარი, თავ-წოწლოკინა შენობა, ეგრეთ წოდებული პირამიდები, აშენებული ორი ათასხუთასი წლის წინათ ქრისტეს დაბადებამდე. ამ შენობებს თავისი სიდიადით დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს კაცობრიობა. ყველაზე უფრო დიდს ქეოპსის პირამიდის, მაგალითად საძირკველთან, სიგრძე აქვს 227 მეტრი, ამდენივე სიგანე, ხოლო სიმაღლე 137 მეტრი.
სწორედ ამ პირამიდების ცოტა ჩრდილოეთით, პირამიდებისა და მდინარე ნილოსის შუა, დარაზმდნენ საბრძოლველად განმზადებული მამელუკები. ჭრელი ხალათები ჩაიცვეს, ბედაურებზე შესხდნენ, მრუდე ხმლები გალესეს და, გამოჩნდა თუ არა ფრანგთა ჯარი, თავგანწირულად ეკვეთნენ.
XVI
მახმუტ-ბიის განკარგულებაში იყო ხუთი ათასი მეომარი, ის სარდლობდა ჯარის მარცხენა ფრთას და ეჭირა ადგილი მდინარე ნილოსის ახლო. მას წილად ხვდა შეტაკება ფრანგთა ცხენოსან ჯართან. ფრანგთა კავალერია პირველად, ცოტა არ იყოს, მოუხეშავად იქცეოდა. მამელუკთა ჭრელი ტანისამოსის დანახვაზე ფრანგთა ცხენები დაფრთხნენ და აირივნენ. ამით ისარგებლა მახმუტ-ბიიმ, ბედაური წინ გააგდო, იშიშვლა ხმალი და ათასი მეომრით ფრანგთა კავალერიის შუაგულში შეიჭრა. მახმუტს განზრახვა ჰქონდა ფრანგები შუა გაერღვია, ერთი ნაწილი როდას კუნძულის ბოლოს, მდინარის მოსახვევთან მოემწყვდია, ახალი ძალები მიესია მათთვის და გაენადგურებინა. ნილოსის ლერწმოვან და ჭაობიან ნაპირებზე ფრანგთა ცხენები, ადგილმდებარეობას უჩვეულო, ფეხს ვერ მოიმაგრებდნენ და საჭირო სიმარდეს ვერ გამოიჩენდნენ. ამ მოსაზრებით შეუტია ასე ცხარედ მახმუტმა.
ფრანგები თითქოს მიუხვდნენ მახმუტ-ბიის განზრახვასაო, ცხარე შეტევაზე ცხარედვე არ უპასუხეს, პირიქით, უკან დაიწიეს; იმავ დროს შეეცადნენ არ არეულიყვნენ, შემტკიცდნენ და თავიანთი მთავარი ჯარისაკენ ალმაცერად გაიწიეს. ფრანგთა შუაგულ ჯარში კი ზარბაზნები ქუხდა და გრგვინავდა.
მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოჯეჯკილმა მახმუტ-ბიიმ პირველ შეტაკებისთანავე შენიშნა, რომ საქმე ჰქონდა ჯერ მისთვის უნახავ და უცნობ წესრიგთან. ფრანგების ყოველ მოძრაობას, ყოველ ფეხის გადადგმას ეტყობოდა მოფიქრება, მდგომარეობის წინდაწინ აწონ-დაწონა, აუჩქარებლობა და სასტიკი დისციპლინა. მამელუკთა ყოველ შეტაკებაზე ისინი მწყობრად უკან იხევდნენ და მსწრაფლ მოქნეულ ხმლებს აუჩქარებლად, მაგრამ საოცარის ოსტატობით იგერიებდნენ.
- ხასან! - დაუძახა მახმუტ-ბიიმ მის გვერდით მებრძოლს ერთ-ერთს ასისთავს. - ხომ ჰხედავ, შვილო, რომ ჩვენ წინ ზანგები, ან კორდოფანელები არ არიან! ხომ ჰხედავ, რა ოსტატურად იგერიებენ ჩვენ შეტევას, როგორ ცოტ-ცოტად გვიტყუებენ თავიანთ მთავარი ძალებისაკენ? აბა, ჩქარა გაიქე ასლან-აღასთან. ათასი კაცით საჩქაროდ ნახიდარისაკენ გავარდეს, გიზეხის ქვემოთ ლერწმოვანთან ჩასაფრდეს და ელოდეს ჩემს განკარგულებას. მე მახმუტი არა ვყოფილვარ, თუ ფრანგებს მათი ეშმაკობა თავზე არ დავატეხე.
ხასანმა ცხენი მოაბრუნა, მათრახი შემოჰკრა და გავარდა.
მახმუტ-ბიიმ ჯარს უკან დახევა უბრძანა. დაიხიეს. ახლა კი ფრანგებმა შემოუტიეს. მათი ცხენებიც მიეჩვივნენ მამელუკთა ჭრელ ტანისამოსს, იმ ზომამდე არ ფრთხებოდნენ, კიშმიშზე აღარ დგებოდნენ. მახმუტმა ჯარს კიდევ უკან დახევა უბრძანა. ფრანგები სქლად მოაწვნენ. მახმუტმა პირი იბრუნა და ჭენებ-ჭენებით უკან დაიხია. ფრანგები დაედევნენ. ორას ნაბიჯამდე გაირბინა მახმუტმა და მერე სწრაფად მოტრიალდა და შეუტია. ფრანგები ამას აღარ მოელოდნენ, თავი ვეღარ შეიმაგრეს და დაიქსაქსნენ. მახმუტმა მედგარი იერიში მიიტანა, ფრანგთა კავალერია გაარღვია, რამდენიმე ასი კაცი დანარჩენ ჯარს მოჰგლიჯა და ნილოსის ნაპირისაკენ გაირეკა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ტრიალი მინდორი მოსჩანდა, მაგრამ ფრანგები იქით გაქცევას მოერიდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუჩქნარი და ლერწმოვანი იყო. რაღაც მოსაზრებით აქით უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს ფრანგებმა თავის შეფარება და კიდევაც გაქუსლეს ცხენები.
მახმუტ-ბიისაც ეს უნდოდა. სწორედ აქ იყო ჩასაფრებული ასლან-აღა. ასლან-აღა საფარიდან გამოვიდა, ათასი ახალი ჯარით გაქცეულ ფრანგებს გზა გადაუღობა, უკან კი ფეხდაფეხ მახმუტი მისდევდა.
სწორედ ორ ცეცხლს შუა ჩავარდა ფრანგების რაზმი, მაგრამ არ შედრკა, არ დაიბნა, ორად გაიყო. ერთმა პირი უკან იბრუნა და მახმუტის რაზმს შეუტია, ხოლო მეორე ასლანის რაზმს შეებრძოლა. შეიქმნა საზარელი უთანასწორო ჟლეტა. ფრანგთა მომწყვდეული რაზმი ყოველ წუთობით თხელდებოდა, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იდგნენ და თამამად იბრძოდნენ. მახმუტმა ახლა მთელი თავისი ძალა შემოიკრიბა და ფრანგთა მთავარ კავალერიას მიუსია, რომ მომწყვდეულებთან კვლავ შეერთებისათვის ხელი შეეშალა. თქმა არ უნდა, ნახევარ საათს მაინც თუ გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა, ფრანგთა რაზმი უკანასკნელ ჯარის კაცამდე ბრძოლის ველზე დაწვებოდა. მაგრამ აი იგრიალა ზარბაზანმა. უშველებელი ყუმბარა მახმუტ-ბიის შორი-ახლო გასკდა და რამდენიმე მამელუკი იქვე გააგორა.
ტანმოკლე ფაშათ-ფაშას, თურმე, არ ეძინა. მისი არწივისებური თვალები ყველაფერს ხედავდა, მისი გამჭრიახი, არაჩვეულებრივი გონება ყოველგან იყო. კავალერიის ზიანი რომ შეამჩნია, საჩქაროდ ზარბაზნები და ქვეითა ჯარი მიაშველა.
ზედიზედ გაიქუხა ზარბაზანმა და ოციოდ ახალი მსხვერპლი შეიწირა. “რა ყოჩაღად უმიზნებენ ეგ სახე-ძაღლები? - გაიფიქრა მახმუტ-ბიიმ და თავის მხრივაც შეუტია.
მაგრამ, აი, გაისმა ბარაბნის ხმა და მომწყვდეულთა საშველად წამოსული ხიშტიანი თოფებით შეიარაღებული ქვეითი ჯარიც გამოჩნდა.
ახლა კი მამელუკთა რაზმი შეიქმნა მომწყვდეული, სწორედ ის რაზმი, სადაც თვითონ მახმუტ-ბიი იმყოფებოდა.
- ხასან, ეს ქვეითა ჯარი რა ჯურის ხალხია, მწვანე მაუდის, ყვითელ გრეხილშემოვლებული მოკლე ტანისამოსი რომ აცვიათ, წმინდა წყლის ფრანგებს როგორღაც არ ჰგვანან? - დაეკითხა მახმუტ-ბიი თავის ასისთავს.
- ესენი ვენეციელები უნდა იყვნენ. ვითომ მივსცეთ გზა და მერე მათ მარჯვენა ფრთას შევუტიოთ?
- რას ამბობ! ალლაჰმა დაგვიფაროს, ჯერ-ჯერობით, რაც უნდა მოგვივიდეს უნდა გავმაგრდეთ და მერე ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა ყოველი ღონე უნდა ვიღონოთ, რომ ქვეითა ჯარი მომწყვდეულ ცხენოსნებს არ შეუერთდეს, თორემ ხომ ტყუილუბრალოდ დაიკარგა ჩვენი შრომა. გავუძლოთ როგორმე, მივსცეთ ასლან-აღას შეძლება ის რაზმი გაანადგუროს... სახსოვრად მაინც დარჩება... ყოჩაღ, ასლან-აღა! ჩინებულად იბრძვის! მეოთხედი საათი თუ დასცალდა, იმ პირმოპარსულ, ქუდზე ცხენის ძუა გარჭობილ ფრანგებს სათითაოდ ამ ველზე გამოსჭიმავს. ეს თუ მოხერხდა, მერე ასლან-აღაც ჩვენ შემოგვიერთდება და თავგანწირვა... სიკვდილი... ჩემო ხასან!..
ქვეითა ჯარს აქა-იქ ცხენოსნები მოსდევდნენ. ტანსაცმელზე ეტყობოდათ, რომ ისინი ასისთავები უნდა ყოფილიყვნენ. ერთმა მათგანმა, შუახნის ლამაზმა კაცმა, ზურგს უკან გადაკიდებული თოფი საჩქაროდ მოიმარჯვა და მახმუტ-ბიის თვალ-წინ ერთი მამელუკი მიწაზე უსულოდ გააგორა. თოფი საჩქაროდ ისევ ზურგს უკან გადიგდო, მარჯვედ ხმალი იშიშვლა, რაღაც დაიყვირა და საიერიშოდ წამოვიდა.
- ახ, გიაურ, არ შეგარჩენ, იცოდე! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ, მიზანში ეს ასისთავი ამოიღო და პირდაპირ მისკენ მიიწია.
მახმუტ-ბიის ერთი პატარა მათრახი ჰქონდა. ამ მათრახს ხელიდან არ იშორებდა, მუდამ ხმლის ქარქაშზე ეკიდა. ეს მათრახი ხართუმის თემთა ერთ-ერთ მთავარმა უფეშქაშა. ტარი წმინდა სპილოს ძვლისა ჰქონდა, ხელმოსაკიდი კი ოქროთი მოჭედილი. რასაკვირველია, მახმუტ-ბიი ისეთ ბედაურზე იჯდა, რომ მათრახის დაკვრა არ ესაჭიროებოდა. მათრახს ატარებდა მხოლოდ როგორც სახსოვარს, მეგობრისგან მიძღვნილს. ცხენზე გაქნევ-გამოქნევის დროს, რაღაც მიზეზით, ეს მათრახი ქარქაშს მოშორდა და მიწაზე დავარდა. მახმუტმა ამას თვალი შეასწრო და ძლიერ ეწყინა. “ჯანდაბას, რაღა დროს მათრახზე დარდიაო”, გაუელვა თავში, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა, საჩქაროდ ჩამოიწია ცხენიდან, მათრახს დააფრინდა, აიღო და ისევ უნაგირს ზედ მოექცა. აღშფოთებული მამელუკები გარს შემოერტყნენ.
- ვაიმე, მოგკლეს?.. განგგმირეს მაგ...- იძახდნენ მამელუკები...
- რა მოხდა? - გულგრილად დაეკითხა მახმუტ-ბიი.
- განა ტყვია არ მოგხვედრია ახლა? - ხმის კანკალით დაეკითხა ხასანი.
- ჯერ არაფერსა ვგრძნობ.
- როგორ? აქვე შენ უნაგირზე მტრის ტყვიამ გაიზუზუნა, შუა გახვრიტა და ჩამოგაგდო, გვეგონა.
- ჰაიტ! - დაიჭყივლა მახმუტ-ბიიმ, - ბედი ამასა ჰქვიან! ტყუილად კი არ მიყვარს ჩემი მათრახი! ჯერ-ჯერობით ხომ სიკვდილს ამაცდინა... თუმცა სულერთია... საბედისწეროა დღევანდელი დღე... მამელუკნო, წინ... მომყევით! - დაიძახა მან და ვენეციელთა რაზმში ხმალამოწვდილი შეიჭრა. მოხდა საშინელი ხელჩართული შეტაკება. ორი მხარე მშიერი მგლებივით ეძგერნენ ერთმანეთს. ცხენი, ხმალი, ხიშტი, კაცი - დომხალივით ერთმანეთში აირია. მახმუტი თავგანწირვით იქნევდა ხმალს მარჯვნივ და მარცხნივ. მისი გამოცდილი ხელი ერთხელაც არ მოცდენილა.
ამ სასიცოცხლო შეტევის დროს მახმუტ-ბიის ისევ ის ვენეციელი ასისთავი მოელანდა. მახმუტმა დამბაჩას ხელი იტაცა, ვენეციელი მიზანში ამოიღო და მისკენ გაექანა. იმანაც შეამჩნია, ცხენი შეაყენა და უკან, თოფისაკენ ხელი წაივლო, მაგრამ საჩქაროდ ისევ უშვა, ალბათ, გატენილი არ ჰქონდა, ცხენი მიაბრუნა და გაჰქუსლა. მახმუტ-ბიი გამოუდგა.
- თითქოს მეცნობება! სადღაც მინახავს ეს კაცი! - ფიქრობდა მახმუტი, მაგრამ ვერ მოეგონა, თუ სად ენახა.
- მოითმინე, ყმაწვილო! შენ ბრძანდებოდი, რომ ჩემ თვალწინ ჯარისკაცი მომიკალ, მე მოგიკვდი, თუ სამაგიერო არ გადაგიხადე! - წაიბუტბუტა მახმუტ-ბიიმ, დამბაჩა გასინჯა და მარჯვე წამს ეძებდა, რომ ვენეციელი ასისთავი ნიშანში ამოეღო, მაგრამ ამ დროს მის ცხვირწინ ხიშტიანი ჯარისკაცი აიტუზა. ხიშტი აიქნია და მახმუტისათვის ბარძაყში უნდა ეთხლიშა. სხვა რა გზა იყო! მახმუტის უკვე ფეხზე შეყენებული დამბაჩა გავარდა და ჯარისკაცი იქვე უსულოდ ჩაიკეცა.
ასისთავმა ეს შენიშნა, საჩქაროდ ცხენი მოაბრუნა, ხმალი იშიშვლა და პირდაპირ მახმუტ-ბიისაკენ წამოვიდა. ორთავემ ანთებული თვალებით გაზომეს ერთმანეთი.
- ჰაიტ, გიაურ! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და, სანამ ვენეციელი ხმალს მოიმარჯვებდა, ელვის სისწრაფით მოქნეული ხმლით მკერდი გაუპო.
- ვაი, ნანა! - გარკვევით წამოიძახა მწარე კვნესით, ვენეციელს ხმალი ხელიდან გავარდა და ხის მოჭრილი ტოტივით ნელ-ნელა ცხენიდან ჩამოეშვა. ალისფერი სისხლით შეიღება მისი მწვანე მაუდის კოხტად შეკერილი და ყვითელ გრეხილებით მორთულ-მოქარგული ტანისამოსი.
XVII
მახმუტ-ბიი გაფითრდა, მთელი ტანი აუცახცახდა. არც კი ახსოვდა, თუ რამდენი კაცი მოეკლა ბრძოლის ველზე ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ხოცვა-ჟლეტა ჩვეულებრივ უბრალო მოვლენად გადაექცა, მაგრამ ასეთი სულიერი აღშფოთება ჯერ არ განეცადა.
ვაი, ნანა! ჩასძახოდა მას ყურში რაღაც ხმა და ეს ხმა გულის სიღრმემდე სწვდებოდა და აშფოთებდა. შეირყა მთლად მისი არსება. იგი თითქოს უცბად მოსწყდა იმ სინამდვილეს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ირგვლივ თოფების ტკაცატკუცი, ხმლების ჩახაჩუხი, ზარბაზანთა გრიალი დედამიწას აზანზარებდა, მახმუტ-ბიის კი არაფერი არ ესმოდა. ის უძრავად, გარინდებული იჯდა ცხენზე და სულგანაბული, სულთმობრძავ ვენეციელს თვალს ვეღარ აშორებდა.
ახლა კი გაახსენდა მახმუტ-ბიის, თუ სად ენახა ასეთი კაცი. ეს თვალები, ეს ცხვირი, ეს შუბლი... ეს ხომ სალომეა! ეს წვერ-ულვაში, ეს ტუჩები ხომ რეზოსია!.. სწორედ ამნაირად, როგორც ახლა ეს მომაკვდავი, კრეჭდა რეზო კბილებს, როცა მას ოსმალები უწყალოდ მათრახს უშენდნენ... “ვაიმე!... ვითომ ეს მათი შვილია?” - გაუელვა თავში საშინელმა აზრმა. “შეუძლებელი რა არის?.. ღმერთო, რა საშინელებაა!..” მახმუტ-ბიის გონებაში ელვის სისწრაფით გადაირბინა მისმა განვლილმა ცხოვრებამ, მოჩუხჩუხე, მუდამ ამწვანებული ტეხურის ნაპირიდან, ფართე, უზარმაზარი ნილოსის ნაპირამდე. გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა სახლ-კარი, დედ-მამა, ძმები, მარკოზ ხუცესი, სალომე, რეზო.... ნუთუ ეს ყოველისფერი ცხადი იყო?... “ცხადია! ცხადია! - ეფუჩუნებოდა ყურში რაღაც ხმა. - დიახ, ცხადია! სულ ყოველისფერი ცხადია!” - პასუხს აძლევდა მეორე ხმა. განა არ გახსოვს, ამ შორეულ ქვეყანაშიაც ბევრჯერ მოგგონებია ისინი! ბევრი ცხარე ცრემლი დაგიღვრია ცხადლივ თუ იდუმალ მათ გახსენებაზე. არ გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ, შენსავით მოტაცებულ-გაყიდულმა, ხელით გიჩვენა, თუ საითკენ უნდა ყოფილიყო შენი საყვარელი, ის შენთვის და შენ მისთვის სამუდამოდ ცოცხლადვე დამარხული სამშობლო. შემდეგში ხომ გულდამწვარი და თვალებაცრემლებული ბევრჯერ იყურებოდი იქით, გულმოდგინედ ათვალიერებდი ნილოსის გაღმა გაჭიმულ, თვალუწვდენელ ხრიოკ უდაბნოს? თითქო გსურდა, ოდნავ მაინც გაგერჩია იმ უდაბნოს იქით ტყით შემოსილი სერები და მათ შორის შხუილით ჩამომდიმარე ანკარა ტეხური. მაგრამ ამაოდ! ხრიოკი, კვლავ ხრიოკი! უდაბნო, კვლავ უდაბნო, ერთფეროვანი და უსიცოცხლო გვხვდებოდა თვალებში! ხომ ბევრჯერ მოგსვლია ჭაბუკობაშიაც ფიქრი: ახ, ნეტავ როგორ ცხოვრობენ იქ, ცოცხალნი არიან თუ არა? სულ ყველანი როგორ დაიხოცებოდნენ... მე ვახსოვართ თუ არა?.. შენ კი გახსოვდა ყველა, გახსოვდა... ადამიანი კი არა, რამდენჯერ გაგხსენებია თქვენი ცხარედ მოყეფარი ძაღლი აშგერია და რქამოღუნული ვაცი ოჩაგა, რომელიც ყველა თხებს ურქენდა და ეჭიდებოდა... მაგრამ მიდიოდა დრო, წელიწადი წელიწადს მისდევდა... შენ შეეჩვიე ახალ ცხოვრებას... ბედმა გაგიღიმა... საუცხოვო პირობებში ჩავარდი... არაფერი არ გაკლდა - კარგი გარეგნობა, სიმდიდრე, სახელი, სიამოვნება... ყველანი გაქებდნენ, პატივით გეპყრობოდნენ. ჩაგითრია ცხოვრების ახალმა პირობამ... განვლო ბევრმა დრომ და ამ ხნის განმავლობაში ახალი ცხოვრების ტალღის დანალექმა დაჰფარა შენი გული, თუმცა გულის სიღრმეში ერთი ბეწო რამ მაინც დარჩენილიყო, რაც ვერავითარმა დრომ, ვერავითარმა დანალექმა ვერ დაჰფარა და ვერ გააქვავა. ის “რაღაც” ხანდისხან მოულოდნელად ამოძრავდებოდა, გაგახსენებდა ძველს, დამალულს, დავიწყებულს, საგრძნობლად გიკბენდა და სევდით მოცულს დაგაფიქრებდა.
“ვაი ნანა!” ალბათ, ჩურჩულებდა მომაკვდავის ოდნავ მოძრავი ტუჩები. ეს ხომ პირწავარდნილი რეზოა?.. ნუთუ? ღმერთო, რად დამსაჯე ამ ზომამდე! განა ჩემი ბრალია!.. ნამდვილი მაინც ვიცოდე... ვითომ ყურმა მომატყუა? შეუძლებელია! “ვაი ნანა!..” - არ ცხრებოღა ხმა.
ვენეციელმა ერთიც გაიწ-გამოიწია, კბილები დააკრაჭუნა და გაშეშდა.
მახმუტ-ბიის თმა აებურძგნა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თავის გასისხლიანებულ ხმალს თვალი მოავლო, ტარს ხელი მოუჭირა და ნელა გადააბრუნ-გადმოაბრუნა. ბასრი რკინა მზის სხივებზე ელვარებდა; სისხლის ერთი პატარა ნაკადული ხმლის ყუის ღარს ჩაჰყოლოდა და ერთ ალაგას შემდგარიყო.
- მახმუტ-ბიი! ალლაჰ! ცოცხალი ხარ? - დაიყვირა ვიღაცამ.
მახმუტი გამოერკვა. მის წინ სისხლში ამოსვრილი, ტანისამოსშემოგლეჯილი მამელუკი იდგა. მისი აქაფებული ცხენი საცოდავად ქშინავდა. ველზე უთავბოლოდ ეყარნენ მკვდარი ცხენები, მამელუკები, ფრანგები. ხმაურობა და ტკაცატკუცი პირამიდების მხრიდან ისმოდა. მახმუტმა ახალ მოსულს შეხედა, იცნო - ეს ათასისთავი ახმეტი იყო, მაგრამ თავისი თავი კი ვეღარ იცნო. ორმოცი წლის დანალექი მისი გულიდან თითქოს ამ ერთ წამს გადაირეცხა, გასუფთავდა. ის უკვე მამელუკი აღარ იყო.
- მახმუტ-ბიი! - ათრთოლებით განიმეორა მამელუკმა, - რა ვქნა, მოჩვენებაა, თუ სიცხადე? კაცო, ცოცხალი ხარ? აქ ასე გაქვავებული რამ გაგაჩერა? ვერა ჰხედავ, გვძლევენ ფრანგები! ასლან-აღას რაზმი განადგურდა. შენი რაზმი სადღაა? ომერ-საიდმა შენ საძებნელად გამომგზავნა, საჩქაროდ გვიბარებს, - მოუთმენლად ამბობდა ათასისთავი.
მახმუტი-ბიი თითქოს დამუნჯდაო, გარინდებული იყურებოდა. ათასისთავს უაზროდ შემოჰხედა და მერე ისევ ვენეციელის გაციებულ გვამს დააჩერდა.
მოისმა ცხენების თქარა-თქური და ათიოდ მამელუკი მოიჭრა. ზოგი მათგანი ათისთავი იყო, ზოგი ათასისთავი.
- მახმუტ... აქა ხარ?.. ეს რა ამბავია? ახმეტ, აქ რას უდგიხარ?.. დავიღუპეთ! ტანმომცრო ფაშათ-ფაშამ ჩვენი გვარდია გაანადგურა... ომერ-საიდმა გმირულად თავი შესწირა მამელუკთა სახელს! მახმუტ, კაცო, ბიიები შენ გეძებენ, არ იციან, რა ქნან, როგორ მოიქცნენ! ფრანგები გარს გვერტყმიან, ყოველ წუთს უბედურობაა მოსალოდნელი! - სხაპა-სხუპით აყრიდნენ მამელუკები.
მახმუტი სდუმდა. ბიის გონებაში სულ სხვა სახეები, სულ სხვა პირები იხატებოდნენ.
- იქნებ დაჭრილია? - შენიშნა ერთმა.
- კაცო, რას გაჩერებულხარ? - მედგრად დაეკითხა ახმეტი. - ვერ გამიგია, რას დასჩერებიხარ ამ გიაურის ლეშს! ახლა ნახე? ვენეციელი ასისთავია, ვიღაც ძაღლი ძაღლურათ ჩაძაღლებულა!
- ვინ არის ვენეციელი? - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და თვალები კაკლის სისხო გაუხდა. მამელუკებმა ერთ-ორი ნაბიჯი უკან დაიხიეს.
- ალლაჰ! ალლაჰ! რა ამბავია, მახმუტ, შენ თავს? - გაოცებით წამოიძახეს მამელუკებმა.
- ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე არაბი! - ხმას აუწია მახმუტ-ბიიმ.
- ალ...ლაჰ! ალლაჰ! წინასწარმეტყველო, შენ დაგვიფარე! ხომ არ შეშლილა ნეტავ? - ჩაილაპარაკა ერთმა.
- შენს წინასწარმეტყველსაც და შენს ალლაჰსაც... სად არის ერთი, ან მეორე?! უსამართლობაა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრეობა მისი წინასწარმეტყველი! - დაიჭექა მახმუტ-ბიიმ.
შეშფოთებულმა მამელუკებმა კიდევ უკან დაიხიეს.
- მახ... მუტ?! - შეჰყვირა თავის მხრივ ათასისთავმა ახმეტმა, - ეს რა გვესმის? შენ რჯული დაჰგმე?.. მამელუკთა ფიცს უღალატე?!
- მახ... მუტ!? ეს რა ამბავია... იქნებ ფრანგების მოსყიდულია? შე მოღალატევ, შენა! - დაიძახა ერთმა ათასისთავმა ისმაილმა.
- ადვილი შესაძლებელია, - კვერი დაუკრეს სხვებმა.
- არა ჰგავს თუ? ამისი რაზმი დაიქსაქსა, ეს კი სრულებით უვნებელი აქ გამოჭიმულა...
- მაგრამ, გიაურ, არ შეგარჩენ იცოდე! - დაიყვირა ახმეტ ათასისთავმა და ხმალზე ხელი დაიდო.
მახმუტ-ბიი, თითქოს ამას ელოდებოდაო, ცქვიტად შეტრიალ-შემოტრიალდა უნაგირზე.
- არ იკადრო, ყმაწვილო, - მწარე სიცილით წარმოსთქვა და სანამ ახმეტ ხმალს ქარქაშიდან ამოიღებდა, უკვე შიგ კისერში უთავაზა ბასრი რკინა.
- ჰა, გიაურ! ჰა, მოღალატე! - წამოიძახეს მამელუკებმა და ხმლებზე ხელი მოისვეს.
ერთ ხანს ელავდა მზის სხივებზე სწრაფად მოქნეული ხმლები.
- ვაი ნანა! - გაისმა მწარე კვნესა და სასიკვდილოდ დაჭრილი მახმუტ-ბიი ვენეციელ ასისთავის გვამს ზედ დაეცა.
ზარბაზნების გრიალი და თოფების ტკაცატკუცი ცოტ-ცოტად მიწყდა, სამაგიეროდ ბარაბანის და საყვირის ხმას დასასრული არ უჩანდა.
ფრანგთა ჯარი უზარმაზარ პირამიდის ირგვლივ მოგროვდა და გამარჯვებას დღესასწაულობდა.
საზარელ ბრძოლის ველზე, ურიცხვ გვამთა შორის, ორი ერთმანეთს გადაჭდობილი გვამიც ეგდო, ერთს ძვირფასი არაბული ხალათი ეცვა, მეორეს ვენეციელ გვარდიელის მუნდირი.
ღმერთმა ხომ იცოდა, რომ არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი.
ორთავენი ბედკრულ საქართველოს შვილები იყვნენ.
1 მაფა - მეფე.
2 ჭყოინდარი - ჭყონდიდელი.
1 ლაგვანი - ქვევრი.
1 ხრესილის ბრძოლა 1756 წ.
1 ქართი - თბილისი.
2 ატარი - ჯამი.
1 კუნტა - მოკლე.
2 ტვენგერე - გამოჩერჩეტებული.
მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი.
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი.
1773 წ.
მაშინ კაჟიანი თოფებით ომობდნენ.