"მცეხთის ქალაქს მირონი დუღს", მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.
ბულბულს როგორ არ ესტვინა
იბერიის ბაღთათვის,
არ მოევლო პალესტინა,
კილიკია, ბაღდათი.
მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,
მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი.
მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,
იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!
ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,
დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.
გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო
და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო.