იქ, იმერეთში ტყემლები ბოლავს,
აქ კი წრიალებს ჩემი ოთახი.
მე შევიშლები ამ მარტის ბოლოს,
მე შევიშლები… ოღონდ ცოტახნით.
მოზიდეთ მთების ეს თოვლ-ყინული,
ეს გაუშლელი ფოთლის სინედლე,
თქეში და თქეში კოკისპირული,
სულის ვარვარი რომ გამინელდეს.
სულ ერთი ბეწო, ერთი ნამცეცი
ყელზე დამადგა სიტყვა ფხიანი _
მე სასულეში გადამცდა ლექსი
მიშველეთ, სული მხდება ხრიალით.
ღმერთო, ერთხელაც მომეც იღბალი,
გადავიტანო წუთი უკვდავი,
იქნებ როგორმე ამოვიბღავლო
ლექსი _ ეს ჩემი სულთამხუთავი.