Litclub.ge

კაკალ გულში
პიესა 3 მოქმედებად

მოქმედნი:

ჭაღარა, დაწესებულების უფროსი

კვეჟენაძე, მისი თანაშემწე

გოჩოლავა

რინკველი

ირინარხ პარასკიდი

ირაკლი

მარო

მოხუცი

ახალგაზრდა

მარტიროსოვი, სახლის პატრონი

უცხოელი, ჟურნალისტი

თარჯიმანი, პრესის წარმომადგენელი

მგზავრი, ჭაღარას ამხანაგი

მაკა, ჭაღარას დედობილი

დარბაიძე

თამუნია

ნადიკო

ცაცა

თიკო, მოსამსახურე გოგო

დაწესებულების თანამშრომლები, მთხოვნელები, მუშები, კომკავშირლები.

მოქმედება პირველი

ფართო დარბაზი, ეტყობა ოდესღაც მისაღები, სასტუმრო ოთახი ყოფილა, მდიდრულად მორთული. ერთ კუთხეში დგას მეტად ძვირფასი, ჩინური სურათებით და ინკრუსტაციებით შემკული, შავი ხის შირმა. მუშები საკანცელარიოდ ამზადებენ დარბაზს. შემოაქვთ მაგიდები და გააქვთ რბილი ავეჯი. ფანჯრებზე სალუქ-მარმაშის ფარდებს და გარდინებს ხსნიან, კედლებზე ოქროს ჩარჩოებში დიდროვან საღებავით დახატულ სურათებს. დიდი ფუსფუსია და ორომტრიალი. თანამშრომლები დარბიან, მოაქვთ ქაღალდები, სამწერლო ჭურჭლები და მასალა. ოთახს გადაირბენს ირინარხი.

1

1-ლი თანამშრომელი (მისძახის)

ირინარხ! ირინარხ!

მე-2 თანამშრომელი

(მეორე მხრიდან შემორბის და მისძახის)

ამხანაგო... ამხანაგო... კაცო! - ვერ ვისწავლე ამის სახელი...

1-ლი თანამშრომელი

ვისი?.. ირინარხის?

მე-2 თანამშრომელი

ირინეა... არხია... თუ რაღაცა... ვერ დავიხსომე და...

ირაკლი

(უადგილოალაგას მდგარ მაგიდასთან ზეზეურად ქაღალდებს ჩაღრმავებია. თავს არ იღებს)

არხია, ძმაო, არხი... ჩვენთვის ახლა არხიეფისკოფოზიცაა და ყველაფერი...

მე-2 თანამშრომელი

როგორ?

1-ლი თანამშრომელი

არ იცი?

2

მე-3 და მე-4 თანამშრომელი (შემოცვივიან)

აქ ირიკო არ არის? (აქეთ-იქით ეძახიან) ირიკო! ირიკო! (ერთ-ერთი ხმას აუმაღლებს) ვირიკო! ვირიკო!..

ირაკლი (ისევ ისე)

ჩშ... ჩუმად, ყმაწვილებო!

ყველა (პირველის გარდა)

რა იყო? რა მოხდა?

ირაკლი

(თავს აიღებს, თითქოს საზეიმო კილოთი)

ამიერიდან ვირიკო და ირიკო აღარ არსებობს...

1-ლი თანამშრომელი

განა არ იცით რაცა ჰქვიან?

მე-2 თანამშრომელი

რა ვიცი ან რა ოხრად მინდა?

მე-3 თანამშრომელი

როგორ თუ რა ოხრად გინდა!.. აგერ სამი დღეა დავდევ და არ იქნა ხელთ ვერ დავიჭირე... აუარებელი საქმე მაქვს... უფროსმა მითხრა მაგას მიმართეო...

მე-2 თანამშრომელი

მეც ეგრე არ მჭირს!..

მე-4 თანამშრომელი

ჰოდა ირიკოს ვეძებთ ყველანი.

მე-3 თანამშრომელი

აქამდის სულ ირიკოს და ვირიკოს ვეძახდით.

ირაკლი

ჰოდა გაიგონეთ, რომ ეგ დაუნიშნავთ ჩვენი განყოფილების გამგეთ და სახელადაც ირიკო კი არა...

1-ლი თანამშრომელი

ირინარხი ქვიან...

ირაკლი

და მარტო ირინარხი კი არა, არამედ ირინარხ პოლიხრონიევიჩ პარასკიდი.

მე-2 თანამშრომელი

აი, ჯანდაბას მაგის თავი და ტანი...

მე-3 თანამშრომელი

კაი ადვილი სახელი და გვარი არ ჰქონია!

მე-4 თანამშრომელი

მშვენიერი გამოსათქმელია, მე შენ გეტყვი...

მე-3 თანამშრომელი

რაც უნდა ის ერქვას მაგ ოჯახქორს, რა ვუყო ახლა, მაგრამ ეს საქმეები, საქმეები!.. აგერ სამი დღეა ხელით დამაქვს...

ირაკლი

რა შენი სცალია, მთელი დაწესებულება თავდაყირაა დაყენებული. ახალ ბინაზე გადმოვედით და მაგან უნდა გადაგვარიგოს, გაგვანაწილოს...

მე-2 თანამშრომელი

კარგი, მაგრამ საქმეებს ხომ შესრულება უნდა.

3

ირინარხი

(გამორბის და უნდა ოთახი გადაირბინოს. წინ გადაეღობებიან თანამშრომლები).

თანამშრომელი

ირიკო... ირინარხ... ბატონო ირინ...

ირინარხი

(ცოტა ბერძნულად უქცევს)

ბათონო, ბათონო... ხომ იცი საცა არიან...

მე-3 თანამშრომელი

უკაცრავად... მაგრამ მაგას არ დავეძებ ახლა... აი ეს საქმეები... (უჩვენებს პაპკას).

ირინარხი

ოჰ, ოჰ, ო... აბა ახლა სად მცალია მაგისთვის... (მუშას) მაგას რას ჩადიხარ?.. აა, ეგ შირმა ჯერ იყოს მანდა... შემდეგ ჩემს კაბინეტში გადავიტან... (სხვა მუშას) აქ წამომყე... (გარბის).

მე-4 თანამშრომელი

ვერცხლის წყალია ნამდვილად... ხელში ვერ დაიჭერ...

მე-2 თანამშრომელი

საიდან გამოტყვრა ეგ ოხერი?

ირაკლი

სტავროპოლიდან, ჩემო ძმაო...

მე-4 თანამშრომელი

კაცო, შენ არ თქვი მაგის გვარი პარასკევია თუ რაღაც.

ირაკლი

პარასკიდი.

მე-4 თანამშრომელი

ჰოდა ეგ პარასკიდი ბერძნული გვარი არ არის?

მე-2 თანამშრომელი

ბერძენს სტავროპოლში რა უნდოდა?

ირაკლი

დამსახურებული კაცია...

მე-3 თანამშრომელი

შენ რა არ იცი!.. ინფორმბიუროს ტყუილად კი არ გეძახით...

მე-2 თანამშრომელი

მე რომ აქამდის ეს კაცი არ შემიმჩნევია, როგორ არის ჩემი საქმე...

მე-4 თანამშრომელი

კაცო, აგერ ერთი თვეა, რაც ჩვენს დაწესებულებაში გაჩნდა... რაღასაც მსახურებს, კაცმა არ იცის რას მსახურებს და სად მსახურებს, ესე იგი, რომელ განყოფილებაში, მაგრამ რომ მსახურებს ეს კი ცხადია... სულ ან უფროსის კაბინეტშია, ან თავქუდმოგლეჯილი სადღაც დარბის და ისევ უფროსთან ბრუნდება...

მე-3 თანამშრომელი

ჰოდა ჩვენც ირიკო-ვირიკოს ვეძახდით.

მე-2 თანამშრომელი

უთუოდ მფარველი ეყოლება ვინმე, თორემ ასე უეცრად...

მე-4 თანამშრომელი

(ირაკლის)

შენ გეცოდინება...

ირაკლი

როგორ არ ვიცი, მოდი აქ, ყურში გეტყვი...

ყველანი

კაცო, რას გვიმალავ...

4

ირინარხი

(გამორბის. ისევ შემოესევიან).

თანამშრომელი

ირინ... ირიკო... იერარხ...

ირინარხი

(უეცრად შეჩერდაბა).

ყმაწვილებო, მე თქვენთვის ისევ ამხანაგი ირიქო ვარ... „ვირიქო“ არა, „ვირიქო“ არა... ვიცი მეზახით... ახლა რა გინდათ?

თანამშრომელნი

- საქმეებია დაგროვილი...

- ზოგი სამი დღეა ბრკოლდება...

- ხომ იცით ვოლოკიტაზე ბევრსა სწერენ...

- გვამტყუნებენ!

- ზოგი საქმე ისეთია, მოცდა მართლაც არ შეიძლება...

ირინარხი

(ამ ლაპარაკში შირმას მუშტრის თვალით სინჯავდა).

რა ვქნათ, ამხანაგებო, რა ვქნათ... დგეს არავის არ გვცალია... ხომ ხედავთ რა ამბავია... ამ შენობაში დგეს გადმოვედით და ხომ უნდა დავლაგდეთ... ჯერ ჩვენ უნდა მოვეცხოთ, ოთახები და ადგილები დავინაცილოთ, შემდეგ კი ისევ საქმეებს შეუდგეთ.

თანამშრომელნი

- კარგი და როდის?

- სამი დღეა ასე დავფუსფუსებთ, ერთი ორომტრიალია.

- ნეტავი ისევ იმ შენობაში ვყოფილიყავით...

- ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცოდით...

- საქმეც ჩანგივით იყო აწყობილი.

- ახლა როდის დავეწყობით, ვინ სად ვიქნებით, კაცმა არ იცის...

ირინარხი

აი ქამისია მოვა და გაგინაცილებთ.

მე-3 თანამშრომელი

მაინც საქმეები როდის?

ირინარხი

(შირმას შორდება).

მე მგონია ხვალ, ამხანაგო... (უფრო გადაწყვეტით) ხვალ!

თანამშრომელი

ახლა ეს მაინც გვითხარით... ირინ... იერარხ... არხირინ...

ირინარხი

ირიქო, ამხანაგებო, ირიქო... „ვირიქო“ არა, „ვირიქო“ არა... (ღიმილით გარბის).

1-ლი თანამშრომელი

რა გინდა, კაცო, კარგი ბიჭია!

მე-3 თანამშრომელი

კარგი მაგის ცხვირს მოუვა! რა აქვს კარგი?!

5

მარო (შემოდის)

თანამშრომელნი

- აა, მარუსია! მობრძანდი, მარუსია!

- რა გნებავთ, მარუსია?

- ქართველია, კაცო მა რუსია?

მე-2 თანამშრომელი

ჰო, კარგი ახლა, ნუ ღლაბუცობთ...

ირაკლი

რა გნებავთ, ამხანაგო?

მარო

დუდაროვმა მეცხვარეობის პროექტი გამომიგზავნეთო... აი მე რომ დაგიბეჭდეთ...

თანამშრომელნი

(ირაკლის მიესევიან).

- როგორ, კაცო, მეცხვარეობის პროექტებსაც ადგენ?

- ეს ხომ ჩვენი იმფორმბიუროა...

- ინფორმბიურო კი არა, ეგ ცოცხალი ენციკლოპედიაა...

ამას წინათ, არ იცით? საბალეტო სკოლის პროგრამაც შეუდგენია და დებულებაც დაუწერია...

- აი გიდი, კნიაზო!

ირაკლი

(თავაჩაღუნული ქაღალდებში ეძებს).

იცინეთ, იცინეთ! რა გენაღვლებათ!.. აქ მე ხუთიათასს სხვადასხვა პროექტებს ვადგენ, თქვენ კი შემოსულ და გასულ ქაღალდზე თვალები გიღამდებათ...

მე-3 თანამშრომელი.

არა, ეს კი ნამეტანია, შენმა მზემ! სად ჩვენი დაწესებულება და სად მეცხვარეობა, მით უფრო საბალეტო სკოლა!...

1-ლი თანამშრომელი

თუკი აძლევენ შესადგენად... ახლა რა? მაგან უარი თქვას თუ როგორ არის საქმე?

მე-3 და მე-4 თანამშრომელი

ტკუილა კი არ არის კნიაზი...

Он мог поговорить об Ювенале,

В конце письма поставить Vale…

ი ტაკ დალეე, ხომ გახსოვთ ევგენი ონეგინი, ცოტ-ცოტა რომ ყველაფერი იცოდა. მაგანაც ყველაფერი იცის.

აბა, ჰკითხე აინშტაინის თეორია, რეები მოგიყვეს!

მე-2 თანამშრომელი

კაციც ეგ არის და ქუდიც მაგას ხურავს.

მე-3 თანამშრომელი

(ამასობაში მაროს ეკურკურებოდა. ჩაუღიღინებს).

Ах, Маруся, Маруся... Прямо ты дуся...

მარო

აბა როგორ გეკადრებათ... თავის დაჭერა არ იცით...

მე-3 თანამშრომელი

ჰმ... ვინ არ იცის თავის დაჭერა? მე არ ვიცი?.. ისიც ქალებთან?

მე-4 თანამშრომელი

ეგ ხომ განთქმული ლოველასია...

მე-3 თანამშრომელი

არა, შვილოსა... მე წვრილი მოხელე ვარ და მიტომ ფიცხობს ეგრე, თორემ აბა გამგემ თვალი ჩაუკრას...

მარო

დაიკარგე!

მე-3 თანამშრომელი

მერე რა კოხტა გამგე გვყავს ახლა? ისეთია - ვერცხლის წყალი...

მარო

თქვე უბედურებო! მაგის მეტი მასალა რომ არა გაქვთ რა... აქაოდა რაკი მემანქანე ქალია, უსათუოდ გამგეს უნდა ეარშიყებოდეს?..

მე-4 თანამშრომელი

მე და ჩემმა ღმერთმა, ეგ მართალია... ზაჰლა წაიღეს: გაზეთებში და პიესებში სულ მუდამ მემანქანისა და გამგის არშიყობას დასცინიან...

მარო

Прямо надоели... თითქო მაგის მეტი არაფერი არ ხდებოდეს ცხოვრებაში...

1-ლი თანამშრომელი

ოო, ბევრი, ბევრი, ამხანაგო მარუსია... მაგრამ ესეც რომ ხდება, ხომ ცხადია...

მარო

შეიძლება, მაგრამ нельзя же до безчувствия.. (ირაკლის) რა ჰქენით, ირაკლი, პროექტი ვერ მოსძებნეთ?

ირაკლი

ეხლავ, ეხლავ... ძალიან არეულია ქაღალდები... ეხლავ მივაგნებ.

მე-4 თანამშრომელი

(მიიხედავს გაღებულ კარებისკენ).

ყმაწვილებო, მგონი კამისია მოდის და ჩვენი უფროსიც...

6

ჭაღარა

(შემოდის და მას მოჰყვება კვეჟენაძე, ირინარხი, გოჩოლავა, რინკველი და რამოდენიმე კიდევ სხვა. ჭაღარას ყველა მორიდებით ექცევა, ის კი ყველას სათნოდ და ამხანაგურად. ეს ემჩნევა მის საქციელს, მის ლაპარაკს, თავის დაჭერას). მაშ ეს არის დიდი დარბაზი? აქ გინდათ რომ მოთავსდეს საერთო კანცელარია, არა? (პასუხს არ დაუცდის, შეამჩნევს კედელზე მხატვრულ არშიას). ამხანაგებო, ეცადეთ კედელს ნაკლებ შეეხოთ... ნუ ჰკიდებთ ესე ბლომად ამხანაგების სურათებს, часовня ხომ არ არის! ან портретная галлерея, ეს დაწესებულებაა და ზედმეტი აქ არაფერი არ უნდა იყოს... საერთოდ კედლები და თვით მთელი შენობაც უნდა იყოს სუფთა, უბრალო... აქ მაინც, ამ კედელზე ხომ ხედავთ რაიმე ზედმეტის გაკვრა, თუნდ უბრალო განცხადებისაც, ბარბაროსობა იქნება. თვითონ არის კედელი უბრალო და ლამაზი... საერთოდ, ამხანაგებო, აღარ უნდა არავითარ ესეთ გამაფრთხილებელ პლაკატებს ჩამოკიდება, როგორც მაგალითად: „დაჯექით“, „ნუ აფურთხებთ“, „ხელს ნუ ჩამომართმევთ“ და სხვა ამგვარი. მოჭამა ამან თავისი დრო. ხალხი, ესე იგი, მომსვლელები თვით დაიცავენ წესრიგს თუ თვითონ თქვენ მოექცევით რიგიანად და იქნებით წესიერები... (უეცრად ყველას თვალს გადაავლებს და სათნოდ გაეღიმება) ჰა, ჰა! მე ნოტაციებს კი არ გიკითხავთ... Я просто рекомендую свою мысль... მაშ ეგრე... იყოს აქ საერთო კანცელარია... იქით რაღა არის? (გადის. მომყოლთაგან გოჩოლავასა და რინკველს გარდა ყველა გაჰყვება. ეს ორი კი რჩება შირმასთან, რომელსაც უფროსის ლაპარაკის დროს ყურადღება მიაქციეს და ეტყობა ჩუმი, მაგრამ ცხარე ლაპარაკი აუტყდათ).

მარო (ირაკლის)

ეტყობა კარგა ხანს მოგინდებათ ძებნა. მე წავალ...

ირაკლი

არა, ეს მაგიდა ჩემია. წამოიღეს თუ არა, თან გამოვყევი, რომ ქაღალდები არ დამკარგოდა, თორემ აქ ახლა ისეთი ამბავია... ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. ნამდვილი ტაციაობაა: ვის ვისი მაგიდა მიაქვს, ვის შკაფი, ვის სკამი... აი, აი, შეხედეთ! ნამდვილად ერთი-მეორეს დაჰკრავენ ეს ოჯახდაქცეულები.

გოჩოლავა

ამხანაგო, მე გიმტკიცებთ, რომ ჩემი კაბინეტი თვრამეტი კუბიკური მეტრია ან კუბიკური მეტრის თვრამეტი და ეს შირმაც იქ თავისუფლად მოთავსდება. თუმცა შეიძლება არც მოთავსდეს, მაგრამ მაინც მე უნდა წავიღო. იასნო, დალშე!

რინკველი

კაცო, დაარწმუნეთ ეს ღიჯინა ურია... Убедите этого паршивого жида, ნუ მევაჭრება, пусть не торгуется со мной... შირმა ჩემს ოთახში უნდა მოთავსდეს... Ширма должна быть в моей комнате... მორჩა და გათავდა... решено и подписано.

გოჩოლავა

რავა ახლა!.. ღონით მჯობიხარ, სიგრძით, სიმაღლით თუ დამსახურებით... არა, შეიძლება მჯობდე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს... იასნო, დალშე!

რინკველი

შე უბედურო, несчастный ты, შენ ყველაფრით გჯობივარ, я всем лучше тебя, არ იცი? не знаешь?

გოჩოლავა

ჯობიხარ თუ არა პერეკოპი შენ ეიღე, შენი ცხვირი ნუ მომიკვდება, არა, შეიძლება პერეკოპი მეც ამეღო, ან მე ავიღებდი, ან შენ აიღებდი, ან ვინმე აიღებდა - ჰოდა, ახლა თუ შენ ეიღე პერეკოპი, მე რაღაზე ევიღებდი... იასნო, დალშე!

რინკველი

მე, ძმაო, я брат, პერეკოპზედაც ვიყავი, И на Перекопе был, დუშეთშიაც ვიბრძოდი, и в Душетах воевал და მამისონის უღელტეხილზედაც ჯარი მე გადმევიყვანე и на мамисонском перевале армию я перевел... შენ კი მაშინ, შე უბედურო, а ты тогда несчастный, მენშევიკების ფუქსავატ ფულების ბეჭდვას უნდებოდი, все свое время посвящал печатанию меньшевистских дутых денег.

გოჩოლავა

ო, კარგი ახლა... იასნო, დალშე! მენშევიკობას რომ მაყვედრი, მე თავის დროზე პატიოსანი მენშევიკი მაინც ვიყავი და თუ არ ვიყავი, ახლა პატიოსანი ბოლშევიკი ვარ. იასნო, დალშე! შენი თქვი რომ არც თავში იყავი პატიოსანი და არც ბოლოში... ჰოდა, თუ ბოლოში არ იყავი, თავში რაფერ იქნებოდი... იასნო, დალშე! შენ საქმეებს ნუ მომაყოლებ თუ არა... ან მე მოვყვები, ან შენ მოყვები, ან სხვა ვინმე მოყვება... იასნო, დალშე!

7

ირინარხი

(შემოდის გოჩოლავას უკანასკნელ სიტყვებზე).

ირაკლი

ძიძგი, ძიძგი მამალსაო...

ირინარხი

(მიუახლოვდება გოჩოლავას და რინკველს).

კარგია, ყმაწვილებო, სირცხვილია, ყველას ესმის თქვენი ლაპარაკი.. . რა გინდათ, რაზე ჩხუბობთ?

რინკველი

როგორ თუ რაზე? Как это о чем? შირმა უნდა წამართვას, хочет ширму отнять...

ირინარხი

როგორ თუ შირმას?! მერე საიდან არის შენი...

გოჩოლავა

მეც მაგას ვეუბნები... შენც მაგას ეუბნები, ყველა ამას ეუბნებით, მაგრამ... იასნო, დალშე...

ირინარხი

შირმა არც შენია და არც მაგისი... და რომ ორივე გაგასწოროთ, მე დავიდგამ ჩემს კაბინეტში.

გოჩოლავა და რინკველი

ერიჰაა! ახლა შენ დაიჩემე!

8

მაკა

უიმე, უიმე! ეს სად გადმოსულხართ. (ყველა იმას მიაქცევს ყურადღებას). ძლივს მოგაგენით... სად არის ჩემი ჭაღარა?

ირინარხი

(წინ გამოვა).

ჭაღარა აქ არის მაკა... რაზე გარჯილხართ, რა ამბავია?

მარო (ირაკლის)

ეს ჭაღარას დედა ხომ არ არის?

ირაკლი

არა, დედა არ არის... დედობილია... განთქმული მაკა... მაკას ბავშვობიდანვე აუყვანია ჭაღარა და აღუზრდია... ასე რომ, ახლა ჭაღარას სახლში ცხოვრობს როგორც დედა. დიდი გაფოფრილი დედაკაცია, მაგრამ საკვირველია, აქ რა უნდა?

მაკა

დაშლილი მაქ, შვილო, აქ თქვენთან სამსახურში მოსვლა, ჭაღარამ სასტიკად ამიკრძალა, მაგრამ... არც ტელეფონი გქონიათ, შვილო...

ირინარხი

დალოცვილო, ეს არის გადმოვდივართ ამ ახალ შენობაში და...

მაკა

ჰოდა... ძველ ბინაზედაც ტელეფონით ვერავის გავაგონე... სახლშიაც სხვა არავინ იყო... მე თვითონ წამოვედი...

ირინარხი

მაინც რა ამბავია?

მაკა

რაღა რა ამბავია... ვანომ დარეკა ტელეფონით: ჭაღარა ეხლავე ჩემთან მოვიდეს, ამაღამ მოსკოვში უნდა გავემგზავროთ კონფერენციაზეო... გადაეცით თუ კაცი ხარ... მე ვერ ვნახავ, ნუ მაჩვენებთ თორემ ძალიან გამიჯავრდება...

ირინარხი

კარგი, ეხლავ გადავცემ... (გარბის)

გოჩოლავა (რინკველს)

ჰო, კარგია ახლა... შევრიგდეთ, ან მე შეგირიგდები, ან შენ შემირიგდები, მაგრამ თუნდაც არ შევრიგდეთ დარწმუნებული ხარ, რომ მე უფრო მერგება შირმა, ამაში მე დარწმუნებული ვარ, შენც დარწმუნებული ხარ, ან შეიძლება დარწმუნებული არ იყო, არც მე ვიყო დარწმუნებული, მაგრამ იასნო, დალშე!

რინკველი

მერე ირინარხი? А потом Иринарх?

გოჩოლავა

არაფერია, დავასწროთ და მერე რას იზამს?.. ან მე დავასწრებ, ან შენ დაასწრებ, ან შეიძლება იმანაც დაგვასწროს... იასნო, დალშე!

რინკველი

თუ ასეა, მაშინ შუაზე გავჭრათ, если так, тогда пополам разрежем, მაინც კარგა ზორბაა და ორივეს გვეყოფა... довольно большая и обоим хватит, თუ გინდა если хочешь ცოტა მეტი შენ წაიღე, немного больше ты бери, ჯანდაბას, к черту!.. აბა, ერთი დურგალს დაუძახოთ, ну-ка позовем плотника...

გოჩოლავა

იასნო, დალშე! (თანამშრომელთაგანს) დურგალი, დურგალი, ხერხი... (თანამშრომელი გარბის).

რინკველი

(შირმის ნაწილს შეაბრუნებს)

შირმის ეს ნაწილი, вот эта часть ширмы, ჩემი უნდა იყოს, должна быть моей...

მაკა

(აქამდის დარბაზს ათვალიერებდა, ზოგ რამეს დიდის ცნობისმოყვარეობით ხელით სინჯავდა, უეცრად დაინახავს შირმას და სიხარულით შეჰკივლებს, თან ქორივით მივარდება შირმას).

უიმე! შირმა, ოჰ, ეს რა მშვნიერი რამ არის?.. რა უნდა ამას აქ... სახლში უნდა წავაღებინო... ეხლავ, ამ წუთას...

გოჩოლავა და რინკველი

(განცვიფრებული გაშეშდებიან და ერთიმეორეს ყვედრებით შეხედავენ. თანამშრომლებში მოისმის თავშეკავებული „ფხუუ“).

მე-3 თანამშრომელი

ერთი დაკვრით გოჩოლავა და რინკველიც გაათანასწორა.

ირაკლი

დაკვრითი წესით მუშაობს.

მაკა

სად არის ირიკო?.. აქ კაცი არ არის უფროსი?

გოჩოლავა

აქ ყველაზე უფროსი მე გახლავარ... არა, შეიძლება არ ვიყო, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვიქნები, იასნო, დალშე!

მაკა

მერე რომ მახლავხარ!.. თვალები რას დაგიჭყეტია? რას უყურებ, დაუძახე მუშებს და უბრძანე, რომ შირმა ჩემსას წაიღონ...

გოჩოლავა

პატივცემულო მაკა... თქვენს ბრძანებას ვინ არ შეასრულებს, ან მე შევასრულებ, ან ის შეასრულებს, მაგრამ მაინც იასნო, დალშე!..

რინკველი (მორიდებით)

ეს შირმა, эта ширма, დაწესებულების არის, учереждения და... и...

მაკა

დაწესებულება არ ვიცი მე... ან დაწესებულებას რად უნდა ამისთანა შირმა... ჩემმა ჭაღარამ განა არ გამოგიცხადათ, რომ კანცელარიაში ყველაფერი უბრალოდ უნდა იყოსო?..

რინკველი

იმას არც სახლში უყვარს, он и дома не любит, მაინც და მაინც გადამჭიჭული მორთულობა, непременно пышное убранство...

მაკა

ეგ შენი საქმე არ არის... ჩემ სახლში უფროსი მე ვარ... თქვენ თქვენ დაწესებულებას მოუარეთ...

მე-2 თანამშრომელი

(რინკველს)

გაჩუმდი, კაცო, არ იცი რა დამთხვეულიცაა...

მაკა

რა ამბავია... კომენდანტი არ ყავს ამ თქვენ დაწესებულებას?

1-ლი თანამშრომელი

რა გნებავთ, ბატონო?

მაკა

მე შენი ბატონი არა ვარ, მაგრამ აი, თუ შეგიძლია ეს შირმა წამოაღებინე... შენ რა, კომენდანტი ხარ?

1-ლი თანამშრომელი

კომენდანტი არა ვარ, მაგრამ... თქვენს ბრძანებას ვინ არ შეასრულებს... ეხლავე, ეხლავე... (ეძახის მუშებს. ისინი ცოტა ხანს ყოყმანობენ, მაგრამ 1-ლი უჩვენებს მაკაზე) ბრძანებაა აგეთი... ეხლავე ზურგზე მოიკიდეთ და წაიღეთ... (მუშებს შირმა გააქვთ).

მაკა (გამარჯებული)

ასე არ სჯობია... (რინკველსა და გოჩოლავაზე) ჰმ!.. ესენი მასწავლიან ჩემს სახლში როგორ მოვიქცე!.. ჭაღარამ აქ დამიშალა მოსვლა და თქვენს საქმეებში ჩარევა, თორემ... ჩემს სახლში...

გოჩოლავა (განზე, სხვებს)

დალოცვილო, მეტი ჩარევა რაღა იქნება?.. იასნო, დალშე!

მაკა (ყურს მოჰკრავს)

რაო?

1-ლი თანამშრომელი

არაფერი არ უთქვამს, პატივცემულო მაკა, არაფერი...

მაკა

ჰოო, აბა, როგორ გგონია! ეს ვიღაა? (მაროს) ვინა ხარ, ლამაზო?

მარო

(ცოტა შარცხვება).

მე აქ ვმსახურობ...

მაკა

რომ მსახურობ, მეც ვხედავ, ისე აბა, აქ რა გენდომება, მაგრამ გვარი არა გაქვს?

მარო

როგორ არა მაქვს... ჰოზბეტელაშვილი გახლავართ...

მაკა

ამისთანა გვარი ჯერ არ გამიგონია, მარა კაია, შვილო, კაი... მერე და რატომ ჩვენსა არ დაიარები?.. ჩემი სახლი სავსეა შენისთანა ლამაზებით...

მარო

რა ვიცი, ბატონო...

მაკა

ბატონოს ნუ მეუბნები... საშინლად მეჯავრება ეს ფეოდალური სახელწოდება... მოდი, შვილო, მოდი... (განზე გაიყვანს). თუ გინდა რომ ბედს გწიო... ჩვენსა უნდა იარო...

მარო

აბა, როგორ გავბედო... ვინ მომიშვებს?

მაკა

ვინ მოგიშვებსო რა სათქმელია... მოიცა, მოიცა... ა, ჭაღარა ამაღამ წავა... ჰოდა ძალიან კარგი!.. ხვალ საღამოს შვიდ საათზე მოდი ჩემთან... შენთვის კარგია, შვილო, ბედს ეწევი... რა არის, ვერა ბედავ?.. რაკი გეუბნები, უნდა მოხვიდე კიდეც... ეს ასე. ეს ვიღა არის? აა, კნიაზ ირაკლი? თქვენ აქ მსახურობთ?

ირაკლი

დიახ, ჯერჯერობით.

მე-3 თანამშრომელი

ეგ გახლავთ ჩვენი პროექტების ბუდე და საერთოდ ყველას ინფორმბიურო.

მაკა

აა, დაგცინიან, კნიაზ, არა?

ირაკლი

ნუ მეძახით კნიაზს, საშინლად მეჯავრება ეს ფეოდალური სახელწოდება.

მაკა

ოჰო, მე მაჯავრებთ? ფრთხილად იყავით, ირაკლი.

1-ლი თანამშრომელი

ოო, მაგისთანა ფრთხილი არა მგონია კურდღელიც იყოს. მხოლოდ ერთი განსხვავებაა: კურდღელი ჩერჩეტია და ეს კი ჭკვიანიც არის...

მაკა

ვიცნობ, ამხანაგო, კარგა ხანია ვიცნიაბ. ახალგაზრდობისას მაგას ჩვენს მაზრაში მარშლად ირჩევდნენ... მეც ბევრჯელ მივსულვარ მაგასთან სათხოვნელად. მე არაფერი არ მავიწყდება ზოგიერთივით და... არც უმადური ვარ... მხოლოდ თქვენ კი არა გვწყალობთ... არ დადიხართ ჩვენსა...

ირაკლი

საქმეები, მაკა ჩემო, საქმეები...

მაკა

კარგია საქმე რომ გაქვთ... ეს ჩემ ჭაღარას კარგა მოუფიქრებია, რომ თქვენთვის საქმე გაუჩენია... გამოცდილი კაცი ხართ, გამოსადეგი... ბევრი გინახავთ, ბევრი იცით... მართლა, მოდით ჩვენსა, აი, მოიყვანეთ ეს თქვენი თანამშრომელი (მარუსიაზე) და... ხვალ მოდით საღამოთი შვიდ საათზე.

ირაკლი

დიდადა გმადლობთ, მაკა!

მაკა

(უეცრად თითქო რაღაც გაახსენდაო)

ვაიმე, შირმა?! წაიღეს ხომ... აქ ჭაღარამ არ მომისწროს, თორემ ეწყინება... (წასვლა უნდა). მაშ ეგრე, გელოდებით...

9

ირინარხი (შემორბის)

ჭაღარა სადღაც წასულა, ვერსად ვერ ვნახე...

მაკა

ო, ძალიან კარგი... ირიკო, ჯერ არ უთხრათ, რომ შირმა მე წავიღე...

ირინარხი

შირმა? რომელი შირმა? როგორ თუ წაიღეთ? (ცოტა ხანს სახტათ არის, შემდეგ ხარხარი აუტყდება). ჰა, ჰა, ჰა... მერე გოჩოლავა? რინკველი?

მაკა

კარგია, რა გაცინებს... მაშ როგორ გეგონა... აბა, ახლა ნახვამდის! ირიკო, ხვალინდელი საღამო არ დაგავიწყდეს და... ჭაღარას შირმაზე არაფერი უთხრა... ნახვამდის, ნახვამდის, ყმაწვილებო... (გაგოგმანდება).

(ცოტა ხანს უხერხული სიჩუმე. შემდეგ გოჩოლავა და რინკველი

მივარდებიან ირინარხს).

გოჩოლავა

კაცო, გინახავს ამისთანა? ან შენ გინახავს, ან მე მინახავს, ან სხვას უნახავს? იასნო, დალშე!

რინკველი

ვის გაუგონია, кто слышал, ესეთი საქციელი такой поступок...

გოჩოლავა

ახლა, ჭაღარას დედობილი რომ არის იმისათვის ხომ არ დავერიდები? ყველას გვყავს დედობილი კი არა დედაც... ახლა, ჩემი დედაც, შენი დედაც, იმისი დედაც რომ გავიხსენოთ რა გამოვა! იასნო დალშე.

ირინარხი

კარგია ახლა... გირს ამაზე ლაფარაქი... ცაიგო, შირმა, ცაიგო...

რინკველი

სადაური კანონია, какой это закон, რომ დაწესებულებიდან, что с учреждения, ვინმემ რაიმე ავეჯი წაიღოს, какую нибудь вещь взял და ისიც и то სრულიად უცხო პირმა, совершенно посторонее лицо.

გოჩოლავა

ვინ ლაპარაკობს, ვინ? შენ რომ შარშან ტელეფონის აპარატი წააღებინე და სახლში დაიდგი, ის რაღა იყო?.. არა, მერე მოიტანე, მაგრამ შემდეგ ისევ წააღებინე. იასნო, დალშე!

ირინარხი

ქარგია, ქაცო, რაგას ეჩხუბები!.. ახლა აგარც შენ გაქვს შირმა და აგარც მაგას... იმ ქალმა ორივე გაგასცორათ...

რინკველი

ამას მე ასე არ დავტოვებ, это я так не оставлю: ადგილკომში განვაცხადებ, в местком заявлю კომუჯრედში დავსვამ საკითხს, в комячейке поставлю вопрос...

გოჩოლავა

თვითონ ჭაღარას ვეტყვი... არა, შეიძლება არც ვუთხრა, მაგრამ მაინც, იასნო, დალშე!

ირინარხი

დაიცათ, დაიცათ რომ ვთქვი რა! ვითომ ზალიან დაგიმადლებს?.. (მიდის).

რინკველი

კაცო, რომ მიდიხარ, куда идёшь, ასე როგორ იქნება, какже так (მიჰყვება).

გოჩოლავა

გარწმუნებ, ჭაღარას ვეტყვი-მეთქი. იასნო, დალშე!

(ესეც მიჰყვება, მიდიან მუქარით და ხრიალით).

1-ლი თანამშრომელი

აბა, ეხლა ჩვენც წავიდეთ, ძმაო...

მე-3 თანამშრომელი

სად უნდა წავიდე? ოთახი მე არა მაქვს, მაგიდა და სკამი. ეს ქაღალდები შემრჩა ხელში, კაცი არ არის გამკითხავი. ხვალო, ამბობს ვირიკო... უკაცრავად! „ვირიქო არა, ვირიქო არა“... ირინ... არხი თუ არხი... დიაკონი... ჯანდაბას მაგისი თავი...

მე-2 თანამშრომელი

შენ ის თქვი, ჭაღარაც თუ მართლა კონფერენციაზე წავიდა, ვიღა დარჩება ჩვენს უფროსად. დარჩიაშვილიც შვებულებაშია და...

1-ლი თანამშრომელი

როგორ გგონიათ; იცით ვინ იქნება?

ყველანი

ვინ, ვინ?

მე-4 თანამშრომელი

ვჩომდილო.

1-ლი თანამშრომელი

ოჰ, რას ამბობ!

მე-4 თანამშრომელი

მერწმუნეთ. ძალიან უყვარს ჭაღარას და... ასე არ არის, ირაკლი?

ირაკლი

მართალია. მეც მგონია, რომ ვჩომდილოს, კვეჟენაძეს დასტოვებენ.

მე-3 თანამშრომელი

რატომ, კაცო, რატომ?

მე-2 თანამშრომელი

მაშინ ხომ ეგ ორი დაგვაჯდება თავზე, - მათ ჩხუბს კი ჩვენ ვერ აუვალთ, ახლა შეიძლება ვირიქოც ჩაგვერიოს საქმეში და სულ ავირევით, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. ვჩომდილოს კი თავისი არ ესმის, სხვისას არ დაიჯერებს, უბედური რამე ჯიუტია...

1-ლი თანამშრომელი

პატიოსანია.

მე-4 თანამშრომელი

პატიოსანი მე ვიცი ვინც არი და რაც არი, მაგრამ...

ირაკლი

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ, სხვისი თქვენ ნუ გედარდებათ...

მე-4 თანამშრომელი

აა, დაიბანა პილატემ ხელი...

მე-3 თანამშრომელი

შენ რა გიჭირს, ძმაო. ამ პროექტს კი დასწერ და ამ ამბებს მუდამ გაიგებ... სხვა რა გინდა?

ირაკლი

მე რა მინდა? (შემღერებით)

წასრიგი და აზრი წმინდა...
უხეირო მომუშავე?
აღარ მინდა, აღარ მინდა!

1-ლი თანამშრომელი

ერიჰა! ეს ოპერეტის გუნებაზე დადგა... (მაროზე) კაცო, გაუშვი ეს ქალი თუ უშვებ...

მე-3 თანამშრომელი

მაგას როგორ გავუშვებ, ღმერთო კი მომკალი... აქ იყავი, გენაცვალე, მაგ პროექტს რას დაეძებ... (მოხვევა უნდა).

მარო (არ იკარებს)

კარგი ერთი... ხომ იცით არ მიყვარს მაგისთანები...

ირაკლი

ვერ ვნახე კიდევ... სადღაც გადაიხაფრა... მოვნახავ უთუოდ, მაგრამ ახლა მე სულ სხვასა ვფიქრობ...

ყველანი

რას, რას?

ირაკლი

აი, გადმოვედით ამ „ოსობნიაკში“. აქ ახლა გაჩაღდება კალმის წრიპინი, ქაღალდების შრიალი, ჩოთქის ჩხაკუნი, მთხოვნელების სიარული, თანამშრომლების გულისხეთქა, უფროსების ყვირილი და ინტრიგები, ინტრიგები დაუსრულებელი...

მარო

თან სხდომები, კრებები, კრებები და სხდომები, ეგეც დაუსრულებელი...

მე-4 თანამშრომელი

ისიც დაღლილზე, სამსახურის გათავების დროს, სამ საათზე. უჭმელი, უსმელი, ხახაგამომშრალი, ტვინგამოლაყებული...

ირაკლი

ჩვენამდე კი ამ დარბაზში ტრიალებდა სულ სხვა ცხოვრება. ვინ იცის, აი, ამ კუშეტზე რამდენჯერ წამოწოლილა კარგს ნასადილევზე სახლის პატრონი, სიგარა გაუბოლებია და მისცემია ტკბილს ოცნებას. ან საღამო ხანს, ელექტრონის აბაჟურიან, შუქფარიან სინათლეზე კოხტა დიასახლისი ზღაპრულ, სალუქ სამოსელში გახვეული, მკერდმოღიავებული და მკლავებშიშველი ესე სტუქსავს თავის კავალერს, ვინმე ნიჟეგოროდის პოლკის, ულვაშგაწკეპილ დრაგუნს: Что Вы делаете? Как вам не стыдно? შემდეგ გადასულა უფრო სახუმარო კილოზე და დარბაზში გახმაურებულა: ”Ах ты зюлик московский”. ”Неет... нижегородский”. შეუწყვეტინებია საამურ ბარიტონს, ამასობაში ქალი გასხლეტია ვაჟს და ამოფარებია აი იმ შირმას, ახლა რომ ესე დიდის ამბით გაგვშორდა სამუდამოდ, შირმის იქით ჩამალულა ქალი და კავალერი კი აქედან დასტრიალებს. ხან გამოჩნდება ქალის ლამაზი თავი შირმის ზემოდან და იძახის Куку! ხან ისევ იმალება. კავალერი კი უტრიალებს შირმას. ბოლოს ერთგან შეამჩნევს ღრეჩოს და ისიც ქალთან ერთად მოექცევა...(აქამდე, რაცა სთქვა, ყოველივე თვითონ გამოხატა კომიკურ მიხვრა-მოხვრასა და ჟესტებში). ამის შემდეგ კი, შირმის იქიდან რაც მოისმოდა, თქვენც კარგად იცით... ბევრი არაფერი! ხვნეშა, სულთქმა აჩქარებული!

მარო

აბა, რა საკადრისია, ირაკლი!

ირაკლი

მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ სულ სხვა სურათი: დარბაზი გაბდღიალებულია, ელექტრონი უხვად იფრქვევა ყოველ კუთხის კუნჭულშიაც. საზოგადოება ბრწყინვალე: ოქრომკედით გაჭედილი მუნდირები, დეზები... ბზზიკ... ბზზიკ... შავი ფრაკები, დეკოლტიანი ქალები და ამბრნარევი: შიპრი, კარილოპსის ახლად მოთიბული თივა... გულმკერდი ადის და ჩადის, ათქვირებული ძუძუები თრთოლავენ, ახალგაზრდა თვალები ელვარებენ. სიმებიანი ორკესტრი უკრავს სადღაც მესამე ოთახში... გაკრიალებულ და პუდრამოყრილ იატაკზე სხლტება და მიგოგმანებს მოქნილი ფეხები. ნაზი სითბო აღელვებულ სხეულებისა ათრობს და თენთავს ერთიმეორეს. ბრაზილია აქ გადმოსულა და ტანგო ღვენთავს თავის ყვითელ აღტყინებას...

მე-4 თანამშრომელი

პოეტია, მა რა ჯანდაბაა!

მე-3 თანამშრომელი

მე მგონია მალე ფუტურისტულ ლექსებსაც დაგვიწერს ირაკლი...

ირაკლი

(ცოცხლად მიუგებს)

მაგაზე ადვილი რა არის... აი ახლავე:

რა ხორუ დო ხორია,
წამკითხველი ღორია!

1-ლი თანამშრომელი

მერე, მერე, ირაკლი, განაგრძე თუ ძმა ხარ ამ „ასაბნიაკის“ აღწერილობა... მომეწონა!

ირაკლი

შემდეგ ვახშამი... აი, უთუოდ იმ მეორე, ამის გასწვრივ მდებარე დარბაზში... შამპანიური, ანანასები... დურაჯები და არტიშოკები... ბევრმა არც კი იცის ჭამა როგორ უნდა... ეს უბრალო თავმოწონებაა თბილისელ ბურჟუასი, თორემ მამა მისი გეურქა მოუხარშავ, ჰუმი ნივრის ჭამამ გადაიტანა... შვილები ჰყავს საზღვარგარეთ გაზრდილი, მისი ძმისწული ქალაქის თავია, მისი დისწული უდიდესი ფინანსისტია ამიერკავკასიისა, ბანკის თავმჯდომარეა. აი, ნავახშმევს ეს დარბაისელი ხალხიც იწყებს ცეკვას და იცით რისას? გაცხარებულ მათჩიშისას... აი როგორ ცეკვავენ... მოდი!.. (მაროს გარდა სათითაოდ ათამაშებს ყველას, ბოლოს გახურებული ცეკვა).

10

ირინარხი (შემორბის)

რა ამბავია? რა დაგმართვიათ? ხომ არ გაგიჟდით?∗

მე-2 თანამშრომელი

რა, ჩემო ძმაო! საქმე ჩვენ არა გვაქვს, რადგან არ ვიცით ვინ სად ზის, რომელ ოთახში, როგორ ვართ განაწილებული, არავინ არაფერს არ ალაგებს, მუშებიც აღარსად მოსჩანან, შირმის წაღებამ გადაიყოლა ყველანი... ამასობაში ირაკლის მოეგუნება და ყველანი აგვაცეკვა...

ირინარხი

ირაკლი! ამხანაგო! როგორ არა გრცხვენიათ... თქვენგან მოველოდი მაგას? დარბაისელი კაცი და ეგეები?.. საცაა უფროსი მოვა, ქამისია ისევ დაბრუნდება... როგორ იქნება?

მე-4 თანამშრომელი

მაშ, გვიბრძანე მანამდე რა გავაკეთოთ?

ირინარხი

რას ამბობთ!.. პირდაპირ სავოდევილო საქმეა... რა დროს ცეკვაა... დაწესებულებაში?.. საოცარია, როგორ შეიძლება...

11

მარტიროსოვი (შემოდის)

უკაცრავად, შეიძლება?

ირინარხი

რა გნებავთ?

მარტიროსოვი

მე ამ სახლის ძველი პატრონი გახლავართ...

ირინარხი

მერე რა გნებავთ?

მარტიროსოვი

ის მნებავს რომა... მე აქ არ ვიყავ... ორი თვეა თბილისში (ქალაქში) არა ვარ...

ირინარხი

კარგი, ნუ აჭიანურებთ, რა გნებავთ?

მარტიროსოვი

სახლი ჩამოგირთმევიათ... კეთილი და პატიოსანი!.. ბინაც წაგიღიათ უთუოდ საჭირო იყო... მაგრამ ამ ავეჯს რას მერჩით, ავეჯი ხომ არ ჩამოგირთმევიათ?..

ირინარხი

ავეჯი?.. სად არის თქვენი ავეჯი?

მარტიროსოვი

აი თუნდა ის ბარიშნა რომ ჩამომჯდარა... (მარო გველნაკბენივით წამოვარდაბა). ეს კუშეტი ჩემი გახლავთ. აი ეს ფარდებიც, ეს რბილი კრესლოებიც... მართლა, აქ კიდევ ერთი საუცხოვო შირმა იდგა, უთუოდ სხვა ოთახში გადაიტანდით... მეტათ ძვირფასი რამ არის... ცხონებულ მამაჩემს პარიზში აქვს ნაყიდი, ჩინური ხელობა გახლავთ.

ირინარხი

შირმა?.. ჰო, სხვა ოთახშია.

მარტიროსოვი

დიახ და ახლა ის მინდა, რომა თქვენს დაწესებულებას არა სჭირდება რბილი ავეჯი, შირმა, ფარდები... აქ ქუხნის მოწყობილობაც არის დარჩენილი, აბა, რაში დაგჭირდებათ... გთხოვთ ყველა ეს მიბოძოთ, დამიბრუნოთ...

ირინარხი

ძალიან კარგი... აი, ჯერ კიდევ დალაგებული არა ვართ, დღეს გადმოვედით ნაწილობრივ... უფროსს მოვახსენებთ და...

მარტიროსოვი

ჭაღარას? ძალიან მშვენიერი...

ირინარხი

არა, ჭაღარა მოსკოვში მიდის...

მარტიროსოვი (შეწუხდება)

მაშ ვის?

ირინარხი

აი, ვისაც თავის მაგივრად დასტოვებს...

მარტიროსოვი

ვინ იქნება არ იცით?

ირინარხი

რა მოგახსენოთ...

მარტიროსოვი

ჰმ... ჰმ... მაშ როდის შემოვიარო...

ირინარხი

აი, ამ დღეებში.

მარტიროსოვი

დიდადა გმადლობთ... (გადის).

მე-3 თანამშრომელი

ეს კარგი სიურპრიზია!

მე-4 თანამშრომელი

აბა, ახლა დაიწყება კატავასია...

12

(შემოდის ჭაღარა, კვეჟენაძე და კიდევ რამდენიმე. დამხვდურები გამოიჭიმებიან).

ჭაღარა (მიიხედ-მოიხედავს).

რა ამბავია? კიდევ ვერ დალაგდით? ირინარხ!.. მუშები სადღა არიან?.. დაუჩქარეთ, თუ კაცი ხარ... ხვალ დილისთვის მთელი კანცელარია თავთავის ალაგას იყოს...

ირინარხი

მესმის.

ჭაღარა

სად არიან გამგეები... (ირინარხს წასვლა უნდა). კარგი, არაფერია... გამოუცხადეთ ყველას, რომ მე დღეს მივდივარ მოსკოვში კონფერენციაზე... ძალიან კი მეზარება ახლა დაწესებულების მიტოვება, რადგან რეორგანიზაცია უნდა ჩაგვეტარებინა და ახალ შენობაში სხვანაირად უნდა გადავრიგებულიყავით, მაგრამ აი, ჩემს მაგიერ კვეჟენაძე დარჩება... მაგას ყოველი დირექტივები მიცემული აქვს... მე კი ამჟამად მეტად მოუცლელი ვარ, სახლშიც კი ვერ შევივლი... ცეკას სხდომაზე უნდა წავიდე და იქიდან პირდაპირ ვოკზალზე... მართლა, გეთაყვა, ირინარხ, სახლში როგორმე აცნობეთ, რომ ჩემოდანი საჭირო ბარგით სადგურზე გამომიგზავნონ (ირინარხი გარბის). მაშ ასე... ნახვამდის, ამხანაგებო... იმედი მაქვს წესიერად იმუშავებთ და განსაკუთრებით არც სხვებს მოაცდენთ და არც თავის თავს... ნახვამდის!.. (გადის, მომყოლნი გააცილებენ).

1-ლი თანამშრომელი

ხედავ, შინაც კი ვერ შეივლის...

მე-4 თანამშრომელი

მაშ, შირმის ამბავსაც ვერ გაიგებს...

მე-2 თანამშრომელი

ძალიან გადარჩა, მაკა, ძალიან!..

მე-3 თანამშრომელი

ხახვივით შერჩა შირმა...

ირაკლი

(ამოიღებს რაღაც ქაღალდებს)

აი, მოვნახე... უკაცრავად, მარო რომ ამდენხანს გაგაჩერეთ. მართლა, მარო, წავიდეთ მაკასთან?

მარო

მეტის სიამოვნებით წავიდოდი, რომ...

ირაკლი

რომ ჭაღარა იქ იყოს, არა?

მარო

რატომ ფიქრობთ ეგრე?

ირაკლი

მე ძველი მონადირე ვარ... იხვს ფრენაზე შევატყობ, მოვახვედრებ თუ არა...

მარო

მერე აქ იხვი სად არის?

ირაკლი

საქმეც ის არის, რომ იხვი მოსკოვისკენ მიფრინავს... თქვენი თოფი ვეღარ მიწვდება...

მარო

რა უცნაური ხართ...

ირაკლი

ძალიან მოგწონთ?

მარო

ვინა?

ირაკლი

ჭაღარა.

მარო

ჰა, ჰა!.. ახირებული ხართ... მომწონს როგორც პიროვნება: თავდადებული, პატიოსანი, უმწიკვლო და ურყევი. მაკვირვებს, რომ ვერც დიდმა სახელმა გააყოყოჩა და ვერც დიდმა თანამდებობამ გააამაყა. მუდამ ისეთია, როგორიც უნდა იყოს ადამიანი... ესეთები კი იშვიათია პასუხისმგებელ ამხანაგებში... ყველა გაბღენძილი, ყველა გაჭიმული, ყველა მიუკარებელი, სალამსაც არ გაღირსებს, კბილდაჭერილი გელაპარაკება, სულაც რომ არ გიცნობდეს, არავითარი მიზეზიც რომ არა ჰქონდეს, მაინც ისე გელაპარაკება თითქო გიწყრებაო...

მე-3 თანამშრომელი (ახლა მიაყურა).

მართალია, მართალი... ჰაიდა, მარუსია!

ირაკლი (მაროს)

მაშ, ხვალ მაინც მივდივართ.

მარო

კარგი, მივდივართ.

13

კვეჟენაძე (შემოდის, მოჰყვება ირინარხი).

ვჩომდილო, ტავარიშჩ?.. არაფერი არ გამეგება... ა?

ირინარხი

იმას გეუბნები, რომ ეს ავეჯი პატრონს უნდა დაუბრუნოთ-მეთქი... კანონით მისია და თუ აქამდის არ წაუღია, ეს არც ჩვენი ბრალია და არც მისი. აქამდის პატრონი აქ არ ყოფილა...

კვეჟენაძე

ჰოდა, აიღეთ და დააბრუნეთ... ა?

ირინარხი

დაბრუნებით დაუბრუნებთ, მაგრამ არის კიდევ ერთი...

კვეჟენაძე

ვჩომდილო, ტავარიშჩ... არაფერი არ მესმის? ა?

ირინარხი

არის კიდევ ერთი შირმა...

კვეჟენაძე

რა შირმა, რის შირმა... ვჩომდილო?.. ახლა მაგის თავი არა მაქ, მერე იყოს, მერე... ა?

ირინარხი

კარგი და როდის გაგახსენო?..

კვეჟენაძე

(კარგ გუნებაზე იყო, თანდათან გული მოდის).

ვჩომდილო, ტავარიშჩ... რას ჩამაცივდი?.. გეუბნები მერე... ნეპანიმაიშ?.. ა?

ირინარხი

(თავს დახრის. სხვა ყველა გამოჭიმული დგას).

კვეჟენაძე (დაინახავს თანამშრომლებს).

რას გამოჭიმულხართ? მე გენერალი კი არა ვარ... ვჩომდილო, ტავარიშჩ... ა?.. ოო, ის სად არის, ის... კნიაზი... აი პროექტებს რომ ადგენს?.. ა?

1-ლი თანამშრომელი (ირაკლიზე)

აგერ გახლავთ, ამხანაგო...

კვეჟენაძე

აა! სწორედ შენ მინდიხარ... ა?.. გესმის ამხანაგო!.. შენ უნდა სასწრაფოდ შემიდგინო ერთი პროექტი... ა?.. დაკვრითი წესით... ხვალ, დილის 9 საათზე მზად უნდა იყოს... ხვალვე უნდა წარვადგინო... ა?

ირაკლი

მესმის... მხოლოდ ერთი პირობით...

კვეჟენაძე

რა პირობით? ვჩომდილო, ტავარიშჩ?

ირაკლი

ტყუილა არ დამაწერინოთ ეს პროექტი...

კვეჟენაძე (ეწყინა).

როგორ თუ ტყუილა... ვჩომდილო, ტავარიშჩ?.. ტყუილა კი არა, უსაჭიროესი პროექტია... ისეთი, რომელიც... ა?.. თვით ცხოვრებას უნდა შეეფერებოდეს და არა მარტო თეორიულათ იყოს კარგი, ა?..

ირაკლი

ძალიან კარგი... მიბრძანეთ რა საგანზე?..

კვეჟენაძე

აი, წამომყევით და მოგცემთ დირექტივებს... ა?

14

(შემოდის ოთხი კომკავშირელი)

1-ლი კომკავშირელი (კვეჟენაძეს)

თქვენა ხართ ამ დაწესებულების უფროსი, ამხანაგო?..

კვეჟენაძე

ვჩომდილო? რა გნებავთ?

მე-2 კომკავშირელი

ჩვენ ჭაღარასთან მოვედით, მაგრამ ის აქ არ ყოფილა და გვითხრეს თქვენ მოგმართოთ...

კვეჟენაძე

მერე რა საქმე გაქვთ?

მე-3 კომკავშირელი

ჩვენ კომკავშირელები ვართ... ამჟამად ვეცნობით ჩვენ დაწესებულებათა მდგომარეობას და სხვათა შორის გვინდოდა გავცნობოდით თქვენს წარმოებასაც...

კვეჟენაძე

აა?.. კარგი, ძალიან კარგი, მაგრამ ახლა არ მცალია...

მე-4 კომკავშირელი

მაშ როდის შეიძლება... ჩვენ ერთი საათის მეტი არ დაგვჭირდება...

კვეჟენაძე

აჰა...

15

ირინარხი (შემორბის).

ამხანაგებო, ამხანაგებო, სადა ხართ?

კვეჟენაძე

ვჩომდილო? რა ამბავია?

ირინარხი

ამხანაგო კვეჟენაძე! ადგილკომი სასწრაფო სხდომას აწყობს და გთხოვთ დაესწროთ...

ყველანი

ადგილკომი? ახლა? უკვე 3 საათია...

კვეჟენაძე

რა დროს სხდომაა? ვჩომდილო? (გადის).

ირინარხი

წამობრძანდით. ძალიანა გთხოვეს... ამხანაგებო, რას უდგეხართ. წამოდით... დღის წესრიგში შირმის საკითხია დასმული (ყველა გაშეშდება და ჩუმად არიან. ირინარხი შეატყობს, რომ თანამშრომლები გაპარვას აპირებენ და პირველად თვითონ მოძუძგავს). მაშ არ მოდიხართ?.. მე კი გავიპარები და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით (სასწრაფოდ გადის).

1-ლი თანამშრომელი

რა დროს სხდომაა ამ მშიერ კუჭზე! (გაიპარება).

მე-4 თანამშრომელი

შირმას სულ ერთია მე მაინც არ მომცემენ და ვინც უნდა ის წავიდეს სხდომაზე... (გაიპარება).

მე-3 თანამშრომელი

საკითხს უჩემოდაც ამოსწურავენ და მე რა მოხელე-ნაჩალნიკი ვარ... (მიიხედ-მოიხედავს და გაიქცევა).

მე-2 თანამშრომელი

რა დროს სხდომაა, ცოლი მშობიარე მყავს!.. (უკმაყოფილოა, ნელი ნაბიჯით გადის).

1-ლი კომკავშირელი (თავისიანებს).

აი, ძმაო, ნამდვილი საბოტაჟი, ბიუროკრატიზმიც და ყველაფერი თუ გინდათ ეს არის...

ირაკლი

(იღებს პორტფელს და ნელ-ნელა, ზანტად მიდის).

მარო, მარუსია! არ მოდიხართ? ვჩომდილო?

მარო

(გამოერკვევა, წამოდგება და მიდის).

რასაკვირველია წავალ... სხდომაზე (გადის. მას მიჰყვება ირაკლი).

მე-2 კომკავშირელი

არა, ამხანაგო! ამათ ვერაფერი ვერ გამოასწორებს, სანამ ჩვენი სანათი არ შეანათებს მაგათ დაწესებულებაში. (მღერიან: „ჩვენ ვართ და ჩვენი სანათი, გამნათებელი ბნელისა“ და სხვ. დროის შესაფერ კუპლეტებს).

ფარდა

მოქმედება მეორე

პირველი მოქმედების დარბაზი უკვე კანცელარიად არის ქცეული. მოჩანს აგრეთვე ოთხი კაბინეტი: კვეჟენაძის, ირინარხის, გოჩოლავასი და რინკველის. კვეჟენაძის კაბინეტის წინ დგას ახალგაზრდა დარაჯი. ირინარხის კაბინეტის წინ მოხუცი.

I. გოჩოლავასთან

1

გოჩოლავა

კაცო, ვინ კითხავს რინკველს, ვისი ტიკი-ტომარაა!.. ან ვისი ტომარის ტიკია... იასნო, დალშე!

მე-3 თანამშრომელი

ტიკი-ტომარა კი არა, მიბრძანა უჩემოთ ამისთანა საქმეები არ გაგზავნოთო...

გოჩოლავა

კაცო, იმან თუ თავისი ფუნქციები არ იცის, მე კარგად ვიცი... არა, შეიძლება იმანაც იცის, შენც იცი, ყველამ იცოდეს, მაგრამ მეც ვიცი... იასნო დალშე! რინკველს რა უფლება აქვს ჩემი ხელმოწერილი ქაღალდები გადასინჯოს... არა, შეიძლება უფლება ჰქონდეს, მაგრამ მე ჩემი პირდაპირი უფროსი მყავს... იმასაც ყავს უფროსი, შენც გყავს უფროსი, ყველას გვყავს უფროსი... იასნო დალშე! როგორც ისაა განყოფილების გამგე, ისე ვარ მეც... და მე თუ ვარ განყოფილების გამგე, ისეა ისიც... იასნო, დალშე!

მე-3 თანამშრომელი

არ ვიცი სწორედ ახლა როგორ მოვიქცე?..

გოჩოლავა

როგორ მოიქცე და ისე მოიქეცი, როგორც მე გეუბნები... და მე გეუბნები ისე, როგორც უნდა მოიქცე... იასნო დალშე! ჩემი ქაღალდები უშუალოდ უნდა წავიდეს, სადაც ჯერ არს, საერთო კანცელარიის გზით... და თუ არ წავა, მაინც უნდა შევიდეს კანცელარიაში... იასნო, დალშე!

მე-3 თანამშრომელი

(ქაღალდებით ხელში გადის ბუზღუნით)

არაფერი არაა ჩემთვის იასნო და დალშე, სად წავიდე, რა უბედურება ვქნა... სწორედ არ ვიცი...

II. რინკველთან

2

1-ლი მთხოვნელი

როგორც მოგახსენე ასე იყო და აი განცხადებაც მანდ გიძევთ და წაიკითხეთ.

რინკველი

რა წავიკითხო, ძმობილო... что читать, брат? რამდენი დაგიწერია? Сколько ты написал? ამას ვინ წაიკითხავს? Кто это прочтет?

1-ლი მთხოვნელი

აბა როგორ მექნა? საქმის მთელი გარემოება უნდა მომეხსენებინა თუ არა?

რინკველი

მოგეხსენებინა კი უნდა მოგეხსენებინა, изложить ты должен изложить, მაგრამ ასე გრძლადაც არ შეიძლება, но так длинно тоже невозможно... ახლა მაგისთვის დრო არა მაქვს, нет времени у меня для этого...

1-ლი მთხოვნელი

მაშ როგორ მოვიქცე?

რინკველი

როგორ მოიქცე და ისე, რომ... Как поступить... Так чтобы... ორი სიტყვით მითხარი ყველაფერი... Двумя словами скажи все...

III. ირინარხთან

3

ირინარხი (მთხოვნელს)

მაგას კარგაძალი ფული დასჭირდება. გაქვთ?

მე-2 მთხოვნელი

არა მაქვს, მაგრამ... კარგი მაგარი ამხანაგები მყავს და ავწევთ ამ საქმეს... კარგი ახლა, ნუ გამიჭიმე საქმე, ირიკო, რამდენი გინდა მითხარი და გაათავე...

ირინარხი

მეე? მე რა უნდა მინდოდეს... დაწესებულება იჯარას გაძლევს, ორ თვეში უნდა დაამზადო და ბეც წინდაწინ უნდა მომიტანო ორი ათასი თუმანი, ოცი ათასი მანეთი, გესმის?

მე-2 მთხოვნელი

მესმის, როგორ არ მესმის... მაგ საქმემ შეიძლება სულ ბოლო მომიღოს... აგერ ნახევარი წელიწადია მაგას ვსდევ... უწინ აქ რომ შენ მაგიერი იყო, ვერაფერი გავაწყვე იმასთან. ერთი უცოდინარი, ხეპრე კაცი იყო... ვენაცვალე ღმერთს, გადაუგდიათ ახლა... რაღაც ამბავი შეხვედრია პარტიაში, რას დავეძებ!.. ახლა შენ ხარ, ჩემი დიდი ხნის კარგი ნაცნობი და მეგობარი და... ნუღა მიჭიანურებ საქმეს. შენი ხელის მოწერა უნდა მხოლოდ... მითხარი რამდენი გინდა და საქმეც გავათავოთ...

ირინარხი

გეუბნები, მე არაფერი არ მინდა... რა საკადრისია ამისთანა სიტყვები, მხოლოდ ჩვენ ინვალიდთა კასას უნდა შესწირო მეათედი მთელი სუმისა...

მე-2 მთხოვნელი

ჰო, კარგი, ვიცი... მხოლოდ მეათედი ძალიან ბევრია, ხუთასი მანეთიც გეყოფა.

ირინარხი

მე რა? გევაჭრები თუ როგორ არის? ჩემთვის ხომ არ მინდა?

მე-2 მთხოვნელი

ჰო, ვიცი ვისთვისაც გინდა, მაგრამ მეტისმეტად ბევრია... ოჯახი ვერ აიტანს...

ირინარხი

ვერ აიტანს და ჩვენც იჯარას სხვას გადავცემთ.

IV. კანცელარია

4

(თანამშრომლები სხედან. მარო გაქანებული ბეჭდავს. მე-2 თანამშრომელი გაზეთს კითხულობს, მე-3 პაპიროსს აბოლებს, 1-ლი ჩოთქზე ანგარიშობს, მე-4 საქმეებშია ჩაღრმავებული).

მე-3 თანამშრომელი

მარო, მარუსია... დააყენეთ, თუ ქალი ხართ, ეგ მანქანა.

მარო (გაკვირვებული)

როგორ თუ დავაყენო... აუარებელი საქმეა, ვერც კი აუდივარ (სხვა თანამშრომლებს მიაქვთ და მოაქვთ საქმეები მემანქანესთან). ვერა ხედავთ?.. ამეებს აბა როგორ უნდა მოვერიო...

1-ლი თანამშრომელი

(მესამე თანამშრომელზე უჩვენებს)

არა, მაგას რას უშლის მანქანა ნეტა ვიცოდე? მხოლოდ პაპიროსს აბოლებს...

მე-4 თანამშრომელი (თავაუღებლად)

კომუნიზმზე ოცნებობს...

1-ლი თანამშრომელი

აი ღმერთი მაგას უშველის... მე ვიკითხო, რომ მართლა ტვინი გამომილაყა ამ მანქანის კაკუნმა... ერთი ხუთჯერ მაინც ამერია ციფრები... მარო, მარო, მალე გადახვალთ აქედან?

მარო

ირინარხმა სთქვა ამ სამ დღეშიო.

მე-4 თანამშრომელი

ვაი ჩვენი ცოდვა!.. რაო? იმ საერთო ოთახში ვერ ეტევით მემანქანეები?

მარო

დიახ, ვერ ვეტევით და ახლა უნდა აქვე თქვენს გვერდით დერეფანში დამსვას...

მე-3 თანამშრომელი

რატომ? დერეფანი კი არა, კარგია... სრულიად განმარტოებულია.

მარო

არასგზით არ წავალ...

მე-3 თანამშრომელი

რატომ? რატომ? (გადახედავს თანამშრომლებს და ერთ-ერთს, რომელმაც სწორედ ამ დროს შეხედა, თვალს ჩაუკრავს). ჰე, ჰე, ჰე! როგორ, დაიწყო გამგემ? (ყრუ სიცილი).

მარო

(პირდაპირ უპასუხებს. მოღუშული, მტკიცედ)

არასგზით არ წავალ.

1-ლი თანამშრომელი

აბა, მოგიკლავართ, მარო, ამ რახუნითა და კაკუნით და ეგ არის...

5

(შემოდის მე-3 მთხოვნელი, ქალაქგარეთ მცხოვრებთა უბრალო მოქალაქის ტანისამოსში გამოწყობილი, ხნიერია. შედგება, ეტყობა არ იცის რომელ თანამშრომელს მიმართოს, ხელში ორდერი უჭირავს. თანამშრომლებში სიჩუმე ჩამოვარდება. ბოლოს გაბედავს მთხოვნელი და მიდის მესამესთან, რომელიც ისევ პაპიროსს აბოლებს).

მე-3 მთხოვნელი

უკაცრავად, ერთი ეს მიბრძანე, ამაზე ხელი ვინ უნდა მომიწეროს?

მე-3 თანამშრომელი

(არც კი შეხედავს, თითს გაიშვერს სადღაც ჰაერში).

მე-3 მთხოვნელი

(თითს თვალს გააყოლებს და მისი აზრით თითს მე-4 თანამშრომელზე უნიშნებს, გასწევს მისკენ).

ამხანაგო, ხელი მომიწერე ამაზე, შენს გაზდასა...

მე-4 თანამშრომელი

(თავაჩაღუნული მუშაობს).

მე-3 მთხოვნელი

(ჯერ კიდევ გაუბედავად)

ამხანაგო... თუ შეიძლება...

მე-4 თანამშრომელი

(ჩუმად არის. მუშაობს).

მე-3 მთხოვნელი

(ცოტა ხმას აუწევს)

ამხანაგო! ხელი მომიწერეთ...

მე-4 თანამშრომელი

(საქმეს არ სცილდება, ისე გადაუქნევს თავს).

მე-3 მთხოვნელი

(თვალით გამოზომავს თავის გადაქნევას და ჰგონია, რომ მეორე თანამშრომელზე ანიშნა, მიდის მეორე თანამშრომელთან).

ამხანაგო... (აწვდის ქაღალდს).

მე-2 თანამშრომელი

(საანგარიშოზე მუშაობს, თავს არ აიღებს ისე გაწვდილ ქაღალდს ზემოდან დაადებს თავის საქმეებს).

მე-3 მთხოვნელი

(მის წინ აეტუზება და უცდის).

მე-2 თანამშრომელი

(ანგარიშობს და მოტანილ ორდერის თანხასაც საანგარიშოში ჩააგდებს, მაშინ დახედავს).

რა არის ეს? მანეთი და თოთხმეტი შაური? აქ რა უნდა?

მე-3 მთხოვნელი

მე შემოვიტანე, გენაცვა, და ახლა ხელი უნდა მომიწერო...

მე-2 თანამშრომელი

რაზე უნდა მოგიწერო ხელი? (კითხულობს ორდერს, გადააბრუნებს, კარგა გასინჯავს უეცრად) აი დაგწყევლოს ღმერთმა!.. რა მიქენი, კაცო ეს? აქ სად ჩამაგდებინე? არა, ძმა, არა, ეს ჩემი საქმე არ არის...

მე-3 მთხოვნელი

მაშ, ვისია, სად წავიდე... (დაბნეული აქეთ-იქით იხედება) აქეთ გამომაგზავნეს და...

მე-2 თანამშრომელი

არ ვიცი, ძმაო, არა... ჩემი საქმე არ არის...

მარო (თავს აიღებს).

რას აწვალებთ მაგ კაცს... მოდი აქ, ძია... (მე-3 მთხოვნელი მიდის, მარო ორდერს გაუსინჯავს და ირინარხის კაბინეტის კარებთან მდგარ მოხუც დარაჯზე უჩვენებს). აი, ძია, იმასთან მიდი. ის კაბინეტში შეგიშვებს და იქ რომ კაცი ზის, ის მოგიწერს ხელს...

მე-3 მთხოვნელი

აი ვაცხონე შენი მშობელი, თორე ამათ სუ დამაბნიეს... ზოგი ხმას არ იღებს, ზოგი პირაქეთ მე მიწყრება... (მიდის).

მე-3 თანამშრომელი

ირაკლი კიდევ არ მოდის, რა დაემართა?

მე-2 თანამშრომელი

არ ვიცი, ეს ორი დღეა სახლშია ჩაკეტილი.

მე-3 თანამშრომელი

კიდევ? აკი შეადგინა და მეორე დღესვე მოუტანა.

მე-2 თანამშრომელი

ოო, მას შემდეგ ბარე სამი პროექტიც შეადგინა, მაგრამ სულ დაუბრაკეს.

მე-3 თანამშრომელი

ახლა?

მე-2 თანამშრომელი

ახლა არ ვიცი... თვითონ გამოითხოვა ნებართვა ორი დღით სახლში ვიმუშავებო. რაღაც ძალიან მაგარი პროექტი უნდა იყოს. აი დღეს უნდა მოიტანოს 1-ლ საათამდე...

V. ირინარხის კაბინეტის კარებთან

6

მოხუცი დარაჯი

არ შეიძლება-მეთქი, არ გესმის?

მე-3 მთხოვნელი

არ შეიძლება, არ ვიცი... აგერ ხუთი დღეა დავდივარ... ფული შემომიტანია... ორდენზე ხელი უნდა მომიწეროს...

მოხუცი დარაჯი

იი, შენ და შენი ორდენი... სახელიც რომ კარგათ არ იცი.... ორდენი კი არა, ორდერი...

მე-3 მთხოვნელი

არ ვიცი, დაწყევლა ღმერთმა, ორდენია თუ რა ჯანდაბაა... ფული შემომიტანია, დამოწმება მინდა...

მოხუცი დარაჯი

მერე ფინგანყოფილებაში დოკუმენტი არ მოგცეს?

მე-3 მთხოვნელი

მოცემით კი მომცეს, მაგრამ წესი ეგრეა თურმე, მაგან უნდა მოაწეროს ხელი ორდენზეო...

მოხუცი დარაჯი

ჰოდა, მოიცადე და მოგიწერს...

მე-3 მთხოვნელი

კაცო, დავიცადო რომელია... გეუბნები ხუთი დღეა ამაზე დავდივარ-მეთქი, მოვცდი კაცი... მერე იცი სადა ვდგევარ?

მოხუცი დარაჯი

ჰოდა, სადა დგეხარ... ქალაქში იქნები, სხვაგან სად...

მე-3 მთხოვნელი

რის ქალაქი, კაცო... საბურთალოს იქითა ვდგევარ, დიღომამდე არაფერი უკლია...

მოხუცი დარაჯი

მერედა რამდენი ფული შემოგიტანია, რომ ასე ყოველდღე დადიხარ?

მე-3 მთხოვნელი

ფული ბევრი არ არი, მაგრამ მაინც ფულია... მანეთი და თოთხმეტი შაური შემომიტანია, ახლა ხელწერილი არ მინდა? ჩემი ხომ არ არის, არტელისაა... რასტრატჩიკობას დამწამებენ... ერთი გამიშვი, თუ ძმა ხარ...

მოხუცი დარაჯი

აქედან მომშორდი, თორე...

მე-3 მთხოვნელი

კაცო, რა ამდენი დრო უნდა წავართვა... შევალ, თავს დაუკრავ... ფხინკ... ხელი მოაწერა... მშვიდობით და გამარჯვებით...

მოხუცი დარაჯი

არ შეიძლება, ძმაო, არა... ბრძანებაა... სხდომაა აქ... ძალიან საიდუმლო საქმეა... დაიცადე ცოტაც...

მე-3 მთხოვნელი

კიდევ თავისას გაიძახის... აი დედასა, შემეძლოს ერთი ისე მიგაპტყელებდი მაგ კარებს, როგო ჯვარიმამი ლავაში...

მოხუცი დარაჯი

გადი, დაიკარგე, შე ცინგლიანო... ვის მიაპტყელებდი, ვისა? იცი, მე წინეთ ღუბერნატორთან ვმსახურობდი შვეიცრად - ისეთი წვერები მქონდა აქეთ და იქით გადაშლილი, რომ ავთვალს არ დავენახვებოდი... იმდენი გენერლები მოდიოდა და... თუ დრო არ იყო, იმათაც კი არ ვუშვებდი! ვინ რას გამიბედავდა! ახლა შენ მასწავლი ჭკუას?

VI. ირინარხთან

7

ირინარხი

(ფულების უკანასკნელ ნაწილს თვლის და ჯიბეში ილაგებს. შემდეგ უჯრაში რაღაცას ეძებს).

ოჰ, ქვითარის წიგნი აქ რომ არ მქონია!..

მე-2 მთხოვნელი

არაფერია, არაფერი! შემდეგში გამოვსწორდებით, დღეისწორს მაინც დანარჩენი უნდა მოვიტანო და... (ცბიერად) მაშინ მომცემთ. ნახვამდის. (გადის).

ირინარხი

(დგება და მიდის, კარებთან შეეფეთება მე-3 მთხოვნელს).

არა მცალიან ახლა, ხვალ მოდით, დღეს არავის არ ვღებულობ.

მე-3 მთხოვნელი

არ ღებულობ რომელია... ხელის მოწერაა საჭირო... სამი დღეა დაგდევ.

ირინარხი

ახლა რა უყო მე?.. ხომ ხედავ, არა მცალია... (გარბის).

მე-3 მთხოვნელი

ვა, ერთი ამას უყურედა... ხვალ რომელია... კაცი ჩამოვწყდი სიარულით... მოვცდი საქმეს... ზანთრა, ზანთრა... ეგ განა წინათაც არ იყო? (უეცრად შესწყვეტს და ტუჩებზე მჯიღს მიირტყამს) ღმერთო შეგცოდე, ღმერთო შეგცოდე!.. (თავის ქნევით გადის).

VII. კანცელარია

8

ირინარხი

(მიდის მაროსთან).

რა უყავით, მარო ქალო, ამდენ ხანს ვერ დაბეჭდეთ?

მარო

(თავს არ იღებს).

ვერ მოვასწარი... ხედავთ. რამდენი საქმეებია...

ირინარხი

ჯერ ჩემი უნდა დაგებეჭდათ...

მარო

აკი ვბეჭდავ, მაგრამ ბევრია დასაბეჭდი... მაინცდამაინც ოც წუთში მზად იქნება.

ირინარხი

ძალიან კარგი. გეთაყვა, გაათაოთ თუ არა, თქვენ თვითონ შემომიტანეთ. მინდა თქვენთან ერთად გავასწორო.

მარო

კარგი...

ირაკლი

(შემოდის პორტფელით, ცოტა დაღლილობა ეტყობა).

ყველანი

აა, ირაკლი, ირაკლი, ძლივ გვეღირსა შენი ნახვა...

ირინარხი (ირაკლის).

რა ჰქენით? გაათავეთ?

ირაკლი

როგორც არის, მაგრამ წელში კი გავწყდი.

ირინარხი

მალადეც, მალადეც. (შედის თავის კაბინეტში).

ირაკლი

კვეჟენაძე აქ არის?

1-ლი თანამშრომელი

აქ არის, მაგრამ მგონი ვიღაც ჰყავს...

ირაკლი

აჰა, ძალიან კარგი (ცარიელ მაგიდას მიუჯდება, ქაღალდებს ალაგებს).

გოჩოლავა

(გამოდის თავის კაბინეტიდან და მიდის კვეჟენაძის კაბინეტისაკენ).

ახალგაზრდა დარაჯი

უკაცრავად, მარა, მითხრა: სთხოვე ყველას, სანამ ეს კაცი არ წავა, მანამდე ნუ შემოვლენო.

გოჩოლავა

ვინ არის, არ იცი?

ახალგაზრდა დარაჯი

არ ვიცი, ერთი უცხო კაცია. აქ არ მინახავს.

გოჩოლავა

იასნო, დალშე. მერედა მაქაციას მუხრანსკიმ ქალი მოგცა?

ვი, ბიჭო?

ახალგაზრდა დარაჯი

ქორწილში ვიყავი.

გოჩოლავა

რაფერ ქორწილში?

ახალგაზრდა დარაჯი

ისე, ცოლი შევირთე... (იღრიჭება). მუხრანსკის ქალი.

გოჩოლავა

შენ, ბიჭო, რინკველის ნათესავი არ ხარ? თუ რინკველია შენი ნათესავი?

ახალგაზრდა დარაჯი

კი, ბატონო... მამიდაშვილია ჩემი... იმან არ დამაყენა აქ სამსახურში?..

გოჩოლავა

იყო ქორწილში?

ახალგაზრდა დარაჯი

კი, ბატონო!

გოჩოლავა

იასნო, დალშე... შეურცხვა ცხვირი, მე ვერ წამომიყვანა ქორწილში?

ახალგაზრდა დარაჯი

ო, მაგი გლახათ დამართია, ბატონო!

გოჩოლავა

ბიჭო და ვინ მოგცა შენ, მაქაციას ცოლი. შენ მაქაცია არ ხარ?

ახალგაზრდა დარაჯი

კი, ბატონო.

გოჩოლავა

იასნო, დალშე. მერედა მაქაციას მუხრანსკიმ ქალი მოგცა?

ახალგაზრდა დარაჯი

ვერ წარმოიდგენთ რა გაჭირვებულები არიან...

გოჩოლავა

იასნო, დალშე... როგორ, მშობლები ცოცხალი ჰყავს?

ახალგაზრდა დარაჯი

რავა გეკადრება... მამა ისეთი ვაჟკაცია, ამ კარებში არ შემეეტევა...

გოჩოლავა

იასნო, დალშე...

ახალგაზრდა დარაჯი (ღრეჭით).

მეტკები აქ, ბატონო...

გოჩოლავა

რას ამბობ?

ახალგაზრდა დარაჯი

ჩემ ცოლს, ბატონო, მუხრანსკის ქალს... პერანგებზე მეტკები აქ...

გოჩოლავა

იასნო, დალშე?

ახალგაზრდა დარაჯი

ჰოდა, გამოცვლა არ ჭირდება: მმუხრანსკი, მმაქაცია!.. მ... მ...

გოჩოლავა

დეიღუპე იქით... (თითქო ფიქრში) იასნო დალშე... მერე მოვალ აქ...

ახალგაზრდა დარაჯი

კარგი, ბატონო.

გოჩოლავა

(არ შედის თავის კაბინეტში, გადის კანცელარიიდან).

9

რინკველი

(გამოვარდება თავის კაბინეტიდან და ისე მიდის, რომ ირაკლის მაგიდასთან მოუხდება გავლა).

ოჰ, ირაკლი, გამარჯვება! Здравствуй Ираклий!.. რა ქენი, გაათავე? Что сделал, кончил?

ირაკლი

(თავს უქნევს და უჩვენებს მის წინ მდებარე სქელ რვეულზე).

რინკველი

ყოჩაღი ხარ, ირაკლი, ყოჩაღი, Молодец ты Ираклий, молодец! (ახალგაზრდა დარაჯს) თუ ვინმემ მიკითხოს, если кто меня спросит, უთხარი, რომ ძალიან მალე მოვალ, скажи, что очень скоро вернусь. (გარბის).

VIII. კვეჟენაძესთან

10

კვეჟენაძე

ძალიან კარგი, ამხანაგო... კიდევ ერთხელ გიმეორებთ... ა?.. რომ თქვენ სპეცი ბრძანდებით ამ საქმისა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს... ა?.. ხომ არ მოგვატყუებთ?

სპეცი

ეგ რა სათქმელია!

კვეჟენაძე

მე იმას ვამბობ, რომ ძნელია სპეცებთან საქმის დაჭერა... შენ რომ გგონია საქმეს ნამდვილად გიკეთებს, თურმე აქეთ გიბრუნებს კეხს.

სპეცი

როგორ გეკადრებათ... როდის იყო, რომ მე მოგატყუეთ?

კვეჟენაძე

არა, თქვენზე არ მოგახსენებთ... ისე, საზოგადოდ...

სპეცი

თქვენ თვითონ კარგად ხედავთ საქმე როგორც არის... მე ის მომწონს თქვენი, რომ სპეციალი განათლება არა გაქვთ, მაგრამ საქმეებში ძალიან ერკვევით... ბუნებრივი ჭკუა გაქვთ... არა, ჩვენი ხალხი არ დაიკარგება... ქართველები ნიჭიერები ვართ ძალზე... ეს რასიულია!

კვეჟენაძე

(ეტყობა ქება იამა, მაგრამ არ იმჩნევს).

აარა, რასიულობა აქ არაფერ შუაშია... ა?.. (უხერხული სიჩუმე), ჰო, ჩვენ ყველაფერი გავათავეთ, კარგა მოვილაპარაკეთ... (წამოდგება). მე საქმეს უკვე ვიცნობ... ახლა ფულებზე და საერთოდ საქმის სამნეო ნაწილზე ამხანაგ პარასკიდის უნდა შეუთანხმდეთ.

სპეცი

როგორ? ირიკოს? (ეტყობა წამოსცდა, ასწორებს) ირინარხ პოლიხრონიევიჩს?

კვეჟენაძე

დიახ, ახლა ის არის ჩვენი სამნეო და საფინანსო ნაწილის გამაგე.

სპეცი

მე მეგონა მარტო ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო ნაწილი ებარა.

კვეჟენაძე

ჰო, ორივეს განაგებს... ა?.. დროებით შეთავსება მოხდა.

სპეცი

ძალიან კარგი. ნება მიბოძეთ გამოგეთხოვოთ და ჩვენს საქმეს უსურვო სრული გამარჯვება.

კვეჟენაძე

ეგრე იყოს. ა? (ხელის ჩამორთმევა. სპეცი გადის. შემოდის მოხუცი დარაჯი).

11

კვეჟენაძე

ვჩომდილო! რა გინდა, ბიჭო?

მოხუცი დარაჯი

ჯერ ერთი, მე შენი ბიჭი არა ვარ.

კვეჟენაძე

(ცოტა შერცხვება. უფრო რბილათ)

ჰო, კარგი! რა გინდა შაქროჯან... ვჩომდილო?

მოხუცი დარაჯი

ვჩომდილო და შვებულება უნდა მომცე, ამხანაგო...

კვეჟენაძე

კაცო, ხომ გითხარი, ახლა ვერ გაგიშვებ-მეთქი, ა?..

მოხუცი დარაჯი

როგორ ვერ გამიშვებ... მაგის პრავა არა გაქ... კავშირი იცი რა დღეს დაგაყენებს?..

კვეჟენაძე

კავშირი არ ვიცი მე! მე აქ ადმინისტრატიული ხაზით ვაწარმოებ საქმეს და შენ ახლა მჭირდები... ა? აი, ჭაღარა ჩამოვა და იმან გაგიშვას, მე ვერ გაგიშვებ...

მოხუცი დარაჯი

ესეც ოთახის საქმე გამიხდა რაღა... ამდენი ხანი პადვალში ვიხრჩვები ცოლ-შვილით, ამათ ჩემთვის ერთი სუფთა, ჰაერიანი ოთახიც ვერ უშოვიათ.

კვეჟენაძე

ეგ კავშირის საქმეა...

მოხუცი დარაჯი

ჰოდა, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი... თქვენ კი თქვე დალოცვილებო, ძაან ჩამაირიგეთ ოთახებიც და შვებულებაც...

კვეჟენაძე

კაცო, ეს კიდევ თავისას გაიძახის... შენ რომ გაგიშვა, ვიღა დავიტოვო... აქ უდარაჯოთ ვიყო, რომ ხალხმა კარები ჩამომიმტვრიოს და მუშაობა აღარ მაცალოს, ა?

მოხუცი დარაჯი

ხალხს რომ ამოკლებდით, რატომ ეს უფროსები არ შეამოკლეთ, მაშინვე დარაჯებს და კურიერებს რომ მოგვვარდით. არ შეამოკლებდით და ჩემი სამაგიეროც გეყოლებოდა.

კვეჟენაძე

ჰო, კარგია ახლა, ამხანაგო... აი ჩამოვა ჭაღარა და შვებულებასაც მოგცემს და ოთახსაც მოგიხერხებს...

მოხუცი დარაჯი

(წასვლა უნდა, კარებში ირაკლის შეეფათება და ბუზღუნით მიდის).

ახლა ჭაღარა!.. ის კი ვიცი, რომ ყველაფერს გამიკეთებს, მაგრამ ახლა როდის ჩამოვა ი დალოცვილი, ვინ იცის... (გადის).

12

კვეჟენაძე

(შემოსულ ირაკლის)

ვჩომდილო, ტავარიშჩ?

ირაკლი

როგორ ვჩომდილო. პროექტი მოვიტანე (პორტფელიდან ერთად შეკრულ, კარგა სქელ, მანქანაზე დაბეჭდილ ფურცლებს ამოიღებს).

კვეჟენაძე

რა პროექტია?

ირაკლი

(თვალებს შეაბლეცებს)

როგორ თუ რა პროექტია?

კვეჟენაძე

ჰოდა რა პროექტია, ვჩომდილო?

ირაკლი

(ეტყობა თავს იკავებს).

კვეჟენაძე! მართალია უფროსი ხარ, მაგრამ თუ მემასხრები, მე არ მემასხრება...

კვეჟენაძე

სამასხრო რა მაქვს... ა?...

ირაკლი

კაცო, მაშ მასხრობა არ არის: კაცი ერთი კვირაა გადამაკალი სხვადასხვა პროექტებს, სამი დამიბრაკე, ახლა მეოთხე შემადგენინე, ისეთია რომ ქვას გახეთქავს... რაც კი რამ ცოდნა მქონდა შიგ ჩავალიე, ორი დღეა სახლში ვზივარ, თავი არ ამიღია ისე, რამდენი სხვადასხვა საბუთები, წიგნები, სახელმძღვანელოები და ლექსიკონები გადავქექე... ყოველივე შევისწავლე, გამოვიკვლიე, დავაწყე, დავალაგე, გავამზადე და ახლა მეუბნები რა პროექტიაო?

კვეჟენაძე

ჰო.. ისა... უკანასკნელი? (ძალიან მშვიდად) აღარ არის საჭირო, ამხანაგო!

ირაკლი (გააფთრებული).

კვეჟენაძევ!

კვეჟენაძე

რა კვეჟენაძე, რა! ბარემ მეც მინდოდა გულით... ჭაღარამ არ დამიბარა?.. მაგრამ იქ ვკითხე სადაც ჯერ არს და მითხრეს, რომ საჭირო აღარ არის, მაგის დრომ გადაიარაო.

ირაკლი

მერედა, შე ოჯახამობუგულო, თუ გითხრეს - რაზე მომკალი კაცი... ნამდვილად წელკავი დამემართება, ხეირიანად ვეღარ გავმართულვარ, თუ ასე იყო, გეცნობებია, შიკრიკი გეფრინა, ავტო გამოგეგზავნა, დეპეშა დაგეკრა... ჩემი უბედურებაა ტელეფონი არა მაქვს... მაგრამ არც მაშინ გაგახსენდებოდი უთუოდ.

კვეჟენაძე

ჩემი ბრალი არაა, ძმაო...

ირაკლი

უჰ, შე უღმერთო, შენ! მაგრამ რას ვლაპარაკობ? უღმერთოებში შენ კი არა, მეც ჩამწერეს გუშინწინ. უჰ, რა გითხრა მე შენ...

კვეჟენაძე

კარგი, ახლა დამშვიდდი, ირაკლი... მე ცოტა ხანს უნდა წავიდე, დაბარებული ვარ და... ა?.. მალე დავბრუნდები. (მიდის. მოხუც დარაჯს) მალე დავბრუნდები.

ირაკლი

უი, შენ კი დაგწყევლა ღმერთმა, კაი კაცი შენ არ იყო... (გამოდის კანცელარიაში ფურთხებით).

IX. კანცელარია

13

ირაკლი

ფუი!

თანამშრომელი (ხარხარით)

რა იყო, ირაკლი, კიდევ... ბრაკ?!

ირაკლი

აი ბრაკი და ბრანწი მაგის საქმეს...

მე-3 თანამშრომელი

ესე გეკადრება, შე პროექტების ბუდევ, შენ!

მე-2 თანამშრომელი

შე ინფორმბიურო, შენ!

1-ლი თანამშრომელი

შე მუდო, შენ!

მე-4 თანამშრომელი

შე თხუნელა, შე ქაღალდების მღრღნელო, შენ!

მარო

(სიცილით წამოდგება. ქაღალდები მიაქვს და შედის ირინარხთანა).

ირინარხი

(მარო შევა თუ არა, გამოიხედავს კარებში და მოხუც დარაჯს)

არავინ შემოუშვა, ხანგრძლივი საქმე მაქვს. (შებრუნდება და მაროს საუბარს უწყებს).

მოხუცი დარაჯი

(თავს დაუქნევს, იმავე დროს ხელებში ბოხად ჩაახველებს, შემდეგ სქელ ულვაშებს გადაიგრეხავს და კარებთან გამოიჭიმება).

X. ირინარხთან

14

ირინარხი

რა არის, მარო, აბა, რადა სწყრებით... ცალკე ოთახი გექნებათ... ჩემს მეტი არავინ უფროსი არ გეყოლებათ... კეთილი ცხოვრება, ფულები...

მარო (წამოიჭრება).

მეორეთ არ გაბედოთ...

ირინარხი

(წელზე ხელს მოხვევს. თავისთან იკრავს).

ნუ, ნუ ჩემო ირემო...

მარო

ფუ, შე წუწკო, შე გაფუჭებულო! (სილას გააწნავს. გულგახეთქილი და სახეალეწილი გამოვარდება. ირინარხი ლოყაზე, სადაც სილა გაარტყეს, ხელს მიიფარებს და სავარძელში მოიკრუნჩხება).

XI. კანცელარიაში

15

მარო

ფუი! (მიდის თავის მანქანასთან და აღელვებული დიდხანს ვერ იწყებს მუშაობას. თანამშრომლები შეამჩნევენ მაროს აღელვებას, მათ სახეს ეტყობა, რომ მიხვდნენ რაც მოხდა, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს და ყველა თავის სამუშაოს ჩაუღრმავდება).

16

მაკა

(შემოდის, თან მოჰყავს დარბაიძის ქალი).

მართალია, მე ჩემმა შვილობილმა ამიკრძალა აქ, დაწესებულებაში მოსვლა, მაგრამ ისეთი საქმე მაქვს, რომ არ მოვიდე, არ იქნება... შემოდი, ლიზბეტ, შემოდი.

დარბაიძე

მა ტანტ!.. რა მინდა კანცელარიაში?

მაკა

მოდი... საცა მე ვარ, იქ შენც არა გიშავს რა... (დარბაიძე შემოდის. მაკა გაექანება კვეჟენაძის კაბინეტისაკან, იქ ვერავის ნახავს, შემდეგ სხვა კაბინეტებში და ბოლოს გაწბილებული ბრუნდება). ეს რა ამბავია. როგორ გამოცალიერებულია აქაურობა? (თანამშრომლებს, რომლებიც ირაკლის გარდა სიხარბით შესცქერიან დარბაიძეს) არავინ არ არის? ოო, ირაკლი, ირაკლი! ირაკლი გიორგიევიჩ!.. (ირაკლი ზანტად წამოდგება). რა არის, რა მოგსვლია, ყმაწვილო?.. უქეიფოდ ხომ არა ხარ (მასთან უკვე ახლოს არის, ხელს ართმევს, მაჯას უსინჯავს). მოგიკვდა ჩემი თავი!..

დარბაიძე

კნიაზ ირაკლი!.. რამდენი ხანია... смотрю на него и нуль внимания...

ირაკლი (ნაძალადევად)

უკაცრავად... მაგრამ, სწორე გითხრათ, ვერა ვარ გუნებაზე...

დარბაიძე

О да, это я заметила, а то такой воспитанный человек...

ირაკლი

(მაკას ჩუმად)

რა არის? როგორ გიჭირავს თავი? აქ დაწესებულებაა, სახლში ხომ არა ხარ?.. მაკა! ან აქ რაზე მოხვედი... აკი ჭაღარასაგან აკრძალული გაქვს აქ მოსვლა...

მაკა

მოვედი კი არა, მთელის ჩემის არსებით აღშფოთებული ვარ... ამ დილით ვიღაც მარტიროსოვი ვარო, სახლში მომივარდა და დამემუქრა, ეგ შირმა უნდა წაგართვაო... იცოცხლე, მე იმას დღე დავათიე... მაგრამ მაინც არ ცხრებოდა: უთუოდ გიჩივლებ სადაც ჯერ არს და საჯაროთ შეგარცხვენო...

ირაკლი

მმ... მარტიროსოვი?

მაკა

აქ ახლა მიტომ გადმევიარე, კვეჟენაძე მინდა გავაფრთხილო.

ირინარხი

(მორიდებით გამოდის თავის კაბინატიდან).

მაკა

აა ირიკო აქ არ ყოფილა?.. ირიკო, ირიკო!

ირინარხი

ოო, პატივცემულო მაკა! (დარბაიძეს) თქვენ... наше очарование... რაზე გარჯილხართ?

მაკა

როგორ თუ რაზე? მარტიროსოვი მომივარდა. როგორ არა გრცხვენიან, ირიკო!.. შირმის საქმე აქამდე ვერ მოაგვარე...

ირინარხი

შირმა... მმ... შირმა... ხომ გიდგიათ, მეტი რაღა გინდათ?

მაკა

მიდგია რა, ის კაცი წართმევას მიპირებს და...

ირინარხი

არა, არაფერია... ადგილკომში იყო ეგ საკითხი, მაგრამ... ჭაღარას მოსვლამდე გედგათ იქ და მერე მან იცის და თქვენ...

მაკა

რას ქვია მის მოსვლამდე... მოსვლამდე კი არა, შირმა ჩემია და არაკაცს დაბადებულს ცოცხალი თავით არ დავანებებ.

ირინარხი

როგორც გენებოთ.

მაკა

ასე უთხარი კვეჟენაძესაც, პაჟალუსტა, ირიკო, დღეს საღამოს არ დაგავიწყდეს ჩვენთან მოსვლა... თვარა, ხო იცი, კნიაჟნას ეწყინება....

ირინარხი

ოო, მაგათ გულისთვის იქ კი არა, ხელახლა წავალ კატორღაში...

დარბაიძე

Я очен рада... (ირაკლის) Он такой забавный.

ირაკლი

როგორ? შენ კატორღაშიაც ნამყოფი ხარ?

ირინარხი

სად არ ვყოფილვარ, სად, კნიაზო... მაშ როგორა გგონია... Ничего... (მაროს გადახედავს) ჯერ კიდევ ბევრს მოუგრეხ კისერს...

მარო

(აენთება. წამოდგება და მანქანას ჯახუნით თავს დაახურავს).

ირინარხი

საღამოს გიახლებით... ახლა, უკაცრავად, არა მცალია... (გადის).

მაკა (ხმაურზე მოიხედავს).

ოო, მარუსია. ჩემო მარო... ქალო, რა ამბავია რომ დაგვივიწყე, აღარ გვეკარები... იმ ღამის მეტად არ ყოფილხარ (განზე გაიყვანს), შენ არ მომიკვდე, უზბეკისტანში რომ იყო ერთი, ნარკომი... გახსოვს? ისე მოეწონე, რომ... დამახრჩო...

ირაკლი (დარბაიძეს)

ოო. დღეს? გეფიცებით ისეთ გუნებაზე ვარ, რომ ნაღდათ დავითვრები...

დარბაიძე

Зачем же дело стало?.. ცავიდეთ ჩვენსა...

ირაკლი

იი, არა გრცხვენიათ: ცავიდეთ! რით ვერ ისწავლეთ ამდენ ხანს ქართული?

დარბაიძე

Я же вам сказала, что... მსხვენიან, ძალიან მსხვენიან, но вы же знаете, я тут не причем: отец русский генерал, мать урожденая Трубецкая... воспитывалась в России, заграницей... (ფრანგულად) მე მენტნან ჟე პრანდრ ლა ლესონ ლა ლანგ ჟორჟიენ... შერ მა ტანტ.

ირაკლი

ოო, ძაან ქართულს ისწავლით, მე თქვენ გეტყვით: აქინა, იქინე!..

მარო

მაშ, ირინარხიც იქნება?

მაკა

ყველანი იქნებიან, ყველანი, მაკა არ მოგიკტეს... უთუოდ მოდი...

მარო

მოვალ, მოვალ...

მაკ ა

მართლა, ირაკლი! შენ წამოდი ჩვენთან სადილად... ისეთი მოხრაკული ქათმები მაქვს და თქვენებური შილაფლავი... მეტი არაფერი არა მაქვს...

ირაკლი

მოვდივარ, მოვდივარ უსათუოდ...

მაკა

მაშ ესე, გელით. აპა, წევიდეთ, ლიზბეტ (გადიან).

მე-3 თანამშრომელი

რა ქალი იყო, ბიჭო, რა ქალი...

მე-4 თანამშრომელი

მართლა ჩამოსხმული არ არი, ე ოჯახქორი!..

მე-2 თანამშრომელი

რა უნდა მერე მაკასთან?

ირაკლი

Ну, შენც კითხულობ რაღა... (სიცილი).

1-ლი თანამშრომელი

არა „მა ტანტსაც“ რომ ეძახის?..

მე-3 თანამშრომელი

შენ ეგა თქვი და...

17

(შემოდიან კომკავშირლები, დაათვალიერებენ ოთახებს, აუტყდებათ ხარხარი).

1-ლი კომკავშირელი

ჩვეულებისამებრ არავინ არის?.. ჩასწერე...

მე-2 კომკავშირელი

ჩვენ მაინც ვისარგებლოთ და თანამშრომლებიდან მაინც მოვკრიფოთ ცნობები.

ყველანი

რასაკვირველია, რასაკვირველია, თორემ ძალიან გავცდით, ჭორების მეტი არა ვიცით რა... (ოთხივენი ოთხივ თანამშრომელს მიუსხდებიან და რაღაცას წერენ).

18

გოჩოლავა, ახალგაზრდა დარაჯი.

გოჩოლავა

იასნო, დალშე!..

ახალგაზრდა დარაჯი

შენზეა ახლა დამოკიდებული და შენ იცი...

გოჩოლავა

შენ რა გინდა ახლა, შვებულება?

ახალგაზრდა დარაჯი

ჰო!

გოჩოლავა

შვებულებას... ჰო... ან მე მოგცემ, ან სხვა მოგცემს, ან შეიძლება არავინ არ მოგცეს, მარა მაინც იასნო დალშე... მაინც შენ დაამზადე ანკეტები, ყოველგვარი საბუთები და... იასნო, დალშე!..

ახალგაზრდა დარაჯი

დალშე?.. დალშე რაღა გინდა, კაცო? გთხოვე და ის არის...

გოჩოლავა

არა კაცო, მე ისე ვლაპარაკობ... დაჩვეული ვარ ა ოხერს... იასნო დალშე?.. (დარაჯი გადის).

19

(შემოდიან თარჯიმანი და უცხოელი ჟურნალისტი).

თარჯიმანი (გოჩოლავას)

უკაცრავად, ამხანაგო... ნება მიბოძეთ გაგაცნოთ უცხოეთის ერთ დიდ გავლენიან გაზეთის თანამშრომელი - ჟურნალისტი... ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ თქვენს დაწესებულებაზე ცოტა რამ ცნობები შევკრიბოთ. ამჟამად სხვა უფროსები აქ არა ყოფილან, ამიტომ თქვენ გაწუხებთ.

გოჩოლავა

(პირველ ხანებში დაიბნევა, ეტყობა კარგად არ ესმის რა ამბავია)

ჟურნალისტიო? იასნო დალშე! რას მიბრძანებთ?

თარჯიმანი

ამათ ჩამოწერილი აქვთ კითხვები და მეც მაგათ წაგიკითხავთ.

გოჩოლავა

იასნო დალშე!

უცხოელი

(განცვიფრებული გადახედავს გოჩოლავას)

თარჯიმანი (უკითხავს)

რას ემსახურება თქვენი დაწესებულება?

გოჩოლავა

ჩვენი დაწესებულება? ჩვენი დაწესებულება ემსახურება იმას... რასაც უნდა ემსახურებოდეს... აი ასე რომ ვთქვათ... დაწესებულება ასრულებს თავის დანიშნულებას. იასნო, დალშე!

უცხოელი

(განცვიფრებით შეჰყურებს გოჩოლავას)

თარჯიმანი

თქვენ რომელი განყოფილების უფროსი ბრძანდებით?

გოჩოლავა

მე... აი განყოფილება რომ არის, იმის გამგე ვარ და... განყოფილების საქმე მაბარია... იასნო, დალშე!

თარჯიმანი

კეთილი და პატიოსანი! რამდენი მოსამსახურე გყავთ?

გოჩოლავა

სულ?

თარჯიმანი

დიახ, სულ თქვენი შემავალი საწარმოთი.

გოჩოლავა (იბნევა)

რვაას ოთხას... ვოსემსოტ სოროკ სემ...

თარჯიმანი

ძალიან კარგი... ახლა, როგორც მოგეხსენებათ უცხოელს ჩვენი ყველაფერი აინტერესებს და უნდა იცოდეს უმუშევრები ბევრი გყავთ თუ არა?

გოჩოლავა

უმუშევრები? უმუშევრები ჩვენ არ გვყავს... არა! გვყავს, გვყავს, მაგრამ ჩვენი უმუშევრები მაგენს რომ ყავს იმფერი არაა... იასნო დალშე!

თარჯიმანი

(კიდევ ქაღალდში ჩაიხედავს)

მაშ, ესეც გვიბრძანეთ: როგორ არის თქვენში დაყენებული მშობიარეთა საქმე... მაგალითად, მშობიარეებს მშობიარობის დროს შვებულება ეძლევათ თუ არა?

გოჩოლავა

მშობიარე?.. მშობიარობა ჩვენში საზოგადოდ იშვიათად არის. არა! არის, არის, მაგრამ შვებულება თუ ზაფხულამდე გასტანა, მიეცემა და თუ არა და... ვაძლევთ კი, როგორ არა, ვაძლევთ შვებულებას... იასნო, დალშე!

თარჯიმანი

გმადლობთ, გმადლობთ, მეტს აღარ შეგაწუხებთ... (უცხოელი რაღაცას ეტყვის). მართლა, უკაცრავად, თქვენი გვარი?

გოჩოლავა

გოჩოლავა.

უცხოელი (იწერს)

გოტ-სოლ-ავა... ოშინ რად, ოშინ რად!.. (გაბრუნდება, მიდის და ყველა იქ მდგომთ თავს უკრავს). ოლ-რაიტ, ოლ-რაიტ! (გადის თარჯიმანთან ერთად, გოჩოლავაც გაჰყვება).

მე-3 კომკავშირელი

აუდიენცია არ ითქმის რომ ხანგრძლივი იყო.

მე-2 კომკავშირელი

მე ჩავიწერე: „ამა და ამ დაწესებელებაში იყო უცხოელი ესა და ეს ჟურნალისტი, ხანგრძლივად ესაუბრა დაწესებულების უფროსის მოადგილეს ამხანაგ გოჩოლავას, რომლისგანაც ყველა კიხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო“.

1-ლი კომკავშირელი

რას სულელობ! არ გაბრიყვდე და გაზეთში არ მოათავსო.

მე-4 კომკავშირელი

ოჰ, როგორ შეიძლება!

მე-2 კომკავშირელი

ხუმრობს, ამხანაგო ხუმრობს...

მე-3 კომკავშირელი

„ხუმრობენ და ხუმრობითვე სწამლავენ ერმანეთსა“... არ იცი ეს საიდან არი?

მე-4 კომკავშირელი

რა ვიცი... შენ ხარ გადამკვდარი კლასიკოსებზე...

1-ლი და მე-2 კომკავშირელი

ჰო, ჰო... უთუოდ რომელიმე კლასიკოსი იქნება...

მე-3 კომკავშირელი

შექსპირია, ამხანაგო, შექსპირი.

მე-4 კომკავშირელი

ხომ გითხარი.

1-ლი კომკავშირელი

ოჰ, გასწი იქით შენი შექსპირი.

20

(კვეჟენაძე, გოჩოლავა, მარტიროსოვი)

კვეჟენაძე (მოყიჭინობს)

ვჩომდილო? ვინ იყო? რა იყო?

გოჩოლავა

უცხოელი ჟურნალისტი იყო... არავინ არ იყავით და მე დაუხვდი... იასნო დალშე! არა, რომ ყოფილიყავით მაინც მე უნდა დავხვედროდი, ან შეიძლება არც დავხვედროდი, მაგრამ მაინც იასნო დალშე!

კვეჟენაძე

დალშე და არც ის ოჯახქორი რინკველი იყო, არც პარასკიდი?

გოჩოლავა

რა ვიცი, ჯანდაბას იმათი თავი... მე კი ბევრი მესაუბრა, სუ ოფლში გავიწურე... იასნო, დალშე!

კვეჟენაძე

მწყინს რომ არ ვიყავი... ა?.. მაგრამ რა ვუყო... (მიდის თავის კარებისაკენ, წინ მარტიროსოვი დახვდება).

მარტიროსოვი

მე რას მიშვრები?

კვეჟენაძე (მოუბრუნდება ყველას)

კაცო, ვინ არის ეს კაცი, რას ჩამაცივდა, ვჩომდილო? რუსთაველის პროსპექტიდან მომდევს აქამდი... ა? რა გინდა, ვინა ხარ?

მარტიროსოვი

Я гражданин Мартиросов.

კვეჟენაძე

მერე რა გინდა, შვილო, ძმაო, ხელმწიფე, პრეზიდენტო, ა?..

მარტიროსოვი

(მშვენიერი აქცენტით)

Я хочу, чтобы мне мою ширму вернули бы...

კვეჟენაძე (სახე მოეღუშება)

შირმა?

მარტიროსოვი

Я это дело так не оставлю... Я знаю, что местком вынес постановление, уже неделя с тех пор, а вы до сего времени задерживаете выдачу ширмы... Мало ли что она у почтенной Маки на квартире стоит... Я этого не допущу...

კვეჟენაძე

კარგია, კაცო, რომ პარუსკობ, რას პარუსკობ ამდენს... აი ჭაღარა ჩამოვა და ის გამოაწყობს ყვალეფერს... ა? მე ამ საქმეში ვერ ჩავერევი...

მარტიროსოვი

კარგია, ერთი, მამა გიცხონდა... ვერ ჩაერევი რომელია... უფროსი ხარ და ვერ ჩაერევი?...

კვეჟენაძე

ვერ ჩავერევი-მეთქი... გესმის ქართული? ა? ვჩომდილო? (შედის კაბინეტში).

მარტიროსოვი

(დაბრუნდება თანამშრომლებისაკენ)

Вот грабеж среди белого дня...

1-ლი კომკავშირელი

რა გაწუხებთ, მოქალაქე, ჩვენ ვიცით თქვენი შირმის ამბავი და... ძალიან მალე ჩამოერთმევა კიდეც პატივცემულ მაკას...

მარტიროსოვი

ვა, მართლა!.. ეს რა კარგი ამბავი მითხარი... ეჰ თუ ჩემი შირმა მართლა დამიბრუნდა, ო, ყმაწვილებო... თქვენი პატივისცემა მაშინ ჩემზე იყოს... (გახარებული, ღიღინით და ხტუნვით გადის).

მე-2 კომკავშირელი

რა მოუვიდა? ვაი თუ ჰგონია, რომ შირმას მაგას დაუბრუნებთ?..

მე-4 კომკავშირელი

ეგ სულელი, ეგა... შირმას მაგასთან რა უნდა...

მე-3 კომკავშირელი

მაგისთანა ხელოვნების ნიმუში ისევ სადმე მუზეუმში უნდა იყოს, მუზეუმში...

1-ლი კომკავშირელი

მაშ ახლა კვლავ წინ, ამხანაგებო, გამოსაკვლევად, დასაზვერავად იაროს ჩვენმა მსუბუქმა კავალერიამ... (დარაზმულნი სიმღერით გადიან).

ფარდა

მოქმედება მესამე

1-ლი სურათი

რონოდაში. მიქსტ-კუპე. მატარებელი ეტყობა მიდის. სარკმლიდან იშლება სხვადასხვა სანახაობა. სხედან ორნი: ჭაღარა და მგზავრი. ჭაღარა ღრმად ჩაფიქრებული უსმენს მგზავრს.

მგზავრი

...ამგვარად, უკვე დამტკიცებულია, რომ შენი ირიკოა თუ მართლა ვირიკო, საოცარი მექრთამე ყოფილა, თავი მოსჭრა მთელს დაწესებულებას, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს... შენ როგორი იმედი გქონდა, მარჯვე კაცია, ცხოვრებას კარგა იცნობს, პრაქტიკოსიაო და აი...

ჭაღარა

(ისევ ფიქრშია. მაშინალურად)

დიახ, დიახ... მოდი და ენდე ახლა კაცსა...

მგზავრი

რინკველია და საქმე გააჭირა მისი კინკლაობით, არც საქმისა ესმის რამე... ვერაფერს ვერ გაუგებ რა ენაზე ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს... უნდა გოჩოლავა გადააგდოს და მისი საჩივრებით და პირადი განცხადებებით ამხანაგებს მოსვენება არა აქვს... კვეჟენაძეა და ხომ იცი... პატიოსანია, მაგრამ დურაკია... მაგრამ ეს ყველაფერი რაც გიამბე დაწესებულებას შეეხება და ამას, რაღა თქმა უნდა. ჩახვალ თუ არა, ყველაფერს გამოასწორებ, მოაწესრიგებ, მხოლოდ...

ჭაღარა (ფიქრში)

კარგი იყო გადაფრენა...

მგზავრი

გადაფრენას აქ სად მოახერხებ... თუ ესე გინდოდა ბესლანზე უნდა ჩამომხტარიყავი და კავკავიდან მოახერხებდი გადაფრენას...

ჭაღარა

მაშინ ასე დაწვრილებით არ ვიცოდი ყოველივე...

მგზავრი

მაშ, მე რომ გზაში არ შემხვედროდი, არაფერი არ გეცოდინებოდა...

ჭაღარა

ასე დაწვრილებით არა... აბა საიდან? მოსკოვში მომივიდა წერილი, მაფრთხილებდენ მხოლოდ და მაშინვე შემოვთვალე, რომ თვალყური დაეჭირათ დაწესებულებაზე... მერე არც მეცალა და შორიდან რადიოთი ბრძანების გაცემას და მოლაპარაკებას ისევ პირადად ჩასვლამდე დაცდა ვარჩიე...

მგზავრი

არა, რასაკვირველია, ეგრე სჯობია... რომ ჩახვალ დაწესებულების შესახებ... ყოველსავე გაიგებ... და ყველაფერსაც გაარიგებ, მაგრამ...

ჭაღარა

კიდევ რაღა არის?

მგზავრი

აი რაც არის ამის შესახებ, არ ვიცი სწორედ როგორ გითხრა, მაგრამ... ესეც მართალია, რომ ამის უთქმელობა დანაშაულია... (პაუზა).

ჭაღარა

ნუ დამზოგავ... ნურაფერს დამიმალავ...

მგზავრი

საქმე შირმას შეეხება...

ჭაღარა

(თითქოს რაღაც სხვას მოელოდა, გაოცებული)

შირმას? (პაუზის შემდეგ) რაზე ლაპარაკობ?

მგზავრი

მე ვლაპარაკობ იმ შირმაზე, შენს სახლში რომ დგას... არაფერი არ გესმის, განა?.. აი სწორედ ძაღლის თავიც მანდ მარხია... შირმა შენმა დედობილმა წააღებინა სახლში დაწესებულებიდან...

ჭაღარა

(წამოვარდება, მაგრამ ისევ დაჯდება).

მგზავრი

შირმა ვიღაც მარტიროსოვს ეკუთვნის და მას შემდეგ, რაც შენ წამოხვედი, ის კაცი დაიარება დაწესებულებაში, მაგრამ არ იქნა, თავისი შირმა მაინც ვერ დაიბრუნა. ყველამ იცის, რომ შირმა უკანონოდ არის წაღებული, რომ მისი მითვისება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ შენს დედობილს ვერავინ ვერაფერს უბედავს, რადგან ხათრი აქვთ შენი... შენი დედობილი კი...

ჭაღარა

(თვალებზე ხელს მიიფარებს).

კარგი, გაჩუმდი... მაკაზე ნუღარას ამბობ...

მგზავრი

არა, უნდა გითხრა... აკი შენ თვითონა სთქვი: ნუ დამზოგავ, ნურაფერს დამიმალავო... უნდა გითხრათ პირდაპირ... ეს არის ჩვენი, ამხანაგების მოქალაქეობრივი მოვალეობა... მაკა ვერ იქცევა ღირსეულად... მან თავის სახლში გააღო ბურჟუაზიულ სალონისმაგვარი რაღაც და... სალონი კი არ გამოუვიდა, არამედ... სულ სხვა სახელწოდების ღირსი დაწესებულება... ახლა, შენ ხომ შებრალება არ იცი, როდესაც ეს ეხება პარტიის სახელსა და პრესტიჟს... შენმა დედობილმა კი შებღალა ორივე... შენს სახლში ნათავადარი ირაკლი დაპარპაშებს და... დედაბერი სულ ჭკუიდან შეიშალა...

ჭაღარა

(ხელით ანიშნებს, რომ გაჩუმდეს).

მგზავრი

(პაუზის შემდეგ)

წარმოიდგინე რა საშინელი მდგომარეობაც არის... ხალხი ღელავს, მთელი ქალაქი მარტო შენს დაწესებულებასა და შენს ოჯახზე ლაპარაკობს... ამხანაგები აღშფოთებულები არიან... უცდიან შენს ჩამოსვლას...

ჭაღარა (მშვიდად)

მგონი მატარებელი შეჩერდა... ჰაერზე მინდა გავიდე. (მთელი განსახვა მატარებლის შეჩერების და სიგნალების ხმაურისა).

ჭაღარა

წამო! (დგებიან და კარებისკენ მიემართებიან).

ფარდა

მე-2 სურათი

მაკას სახლში. მისაღები ოთახი, უფრო ბუდუარსა ჰგავს. შირმა თვალსაჩინო ალაგას დგას, მორთულობა მდიდრულია, ზოგან კოხტა, მაგრამ ზოგან გემოვნების გარეშე, შემთხვევითი და ზერელე).

1

ცაცა, თამუნია, ნადიკო გამოდიან განის კარიდან სიცილ-კისკისით.

ცაცა

დედა, ეს რა ვნახე, რა... იმ გადახჩუებულს შეხედე...

თამუნია

მაიმუნს არ ჰგავს!..

ნადიკო

ჰო, კარგი ახლა... არ გრცხვენიათ! მის სახლში ხართ და მის პურმარილზე...

ცაცა

არა, როგორ იპრანჭება... ჰაი გიდი მაკა! ეს სამოცდაათი წლის ბებერი როგორ ეარშიყება ამ ირაკლის...

თამუნია

როგორ, ქალო, აქამდის არ იცოდი?

ცაცა

არა, ბეჩა, ასე აშკარად?!. რამ აახუნტრუცა... დასწყევლოს მაგისი სახელი...

ნადიკო

ჩვენ მაინც არაფერი გვეთქმის, ჩვენ ძაან პატივს გვცემს და...

თამუნია

მართალია, მართალი! რას დავეძებთ (ამოიღებს პუდრს, ტუჩების საღებავს და სარკეში ლამაზდება, ეგრე იქცევიან დანარჩენებიც). ის კი არა, ქალებო, ისეთი ჩულქები ჩამოუტანიათ, ისეთი რომ უკეთესი არ შეიძლება... ნამდვილი ვიქტორია, ზაგრანიჩნი...

ნადიკო

ვის, ვის?

ცაცა

არ ვიცი. ვიღაცა ურიაა... კონტრაბანდაა.

ნადიკო

ვინ გითხრა, ვინ?

თამუნია

სანდრომ მითხრა... აგერ სანდროც...

ცაცა

ოჰ, მთვრალია ძალზე...

ნადიკო

უჰ, თუ მთვრალია, არ შემიძლიან მაგასთან დადგომა, მეტისმეტი უზრდელია...

თამუნია

ისე რა კარგი ბიჭია...

ნადიკო

იცოცხლე, ფხიზელი ეგ კარგი ბიჭი იყოს... მაგრამ როცა მთვრალია, ღმერთმა დაგიფაროს მაგასთან ყოფნა...

ცაცა

დღეს მაინც რა დაემართათ... ყველანი ძალზე დაითვრნენ.

ნადიკო

უჰ, ძალიან, ძალიან... იცი, წერილი მომწერა. აგერ მაქვს. (კითხულობს ქაღალდის ხელსახოცზე დაწერილს) „ჩემო ლამაზო და ჩემო მწველო, ჩემო ახლო მეზობელო“... ეს მასთან ახლოს რომ ვიჯექი, ვითომ იმას ნიშნავს!.. (კითხულობს) „შენი თვალები სწვავენ ჩემ თვალებს... მითხარ, რაფერ მოგეფერო?... ანდრო ჩოხატაურელი“.

თამუნია

ეგ კვეჟენაძისაა?

ნადიკო

არ დაგინახავს სუფრაზე წერილებს რომ მიგზავნიდა?

ცაცა

მერე შენებურად ვერ უპასუხე?

ნადიკო

ვუპასუხე: ეს უთუოდ ჩოხატაურელი არშიყობა არის-მეთქი... ერთხანს გამებუტა, მაგრამ მერე ისევ მომწერა: „გენაცვალე კაკალ გულშიო!“

თამუნია

ოო, როგორ გააჭირეს ამ სიმღერით... საიდან მოიგონეს...

ცაცა

სანდრომ გაიხსენა: ძველი ქუჩური სიმღერაა: „გენაცვალე კაკალ გულში, როგორც ყველი ხაჭაპურშიო“.

ნადიკო

კარგი. ახლა აღარ დავბრუნდეთ სასადილოში? ჩვენ კავალრებს და უცხოელ სტუმარს მოეწყინებათ...

თამუნია

ნუ გეშინია, კნიაჟნა დარბაიძე იქ არ ყავს?

ცაცა

შენ ახლა გეხარბება, რომ კნიაჟნას მეტი ყურადღება მიაქცია...

თამუნია

არ გრცხვენია!.. კი არ მეხარბება, მაგრამ დიდი უზრდელი კი ყოფილა..

ნადიკო

მართალია, მაგრამ ასე არ არის ყველა უცხოელი?.. ჩვენ თუ ადამიანები ვართ კი არ გონიათ... ეს მაინც, ქალებს ისე გვექცევა, თითქო მისი ჰარამხანიდან ვიყოთ...

ცაცა

ჰარამხანა ამერიკელებს ვინ მისცა?

ნადიკო

ასე ქვია... მაგრამ მაინც დავბრუნდეთ, ჩვენ ჩვენი ზრდილობა მოვიხმაროთ...

2

(კვეჟენაძე და მე-3 თანამშრომელი მთვრალები შემოდიან)

მე-3 თანამშრომელი

ქალებო, ქალებო, სადა ხართ? გენაცვალეთ კაკალ გულში!

კვეჟენაძე

ვჩომდილო! ამდენ ხანს რად დაიგვიანეთ, ა! ოო, აგერ არ ყოფილა ჩემი ნადიკო! (მოხვევნა უნდა).

ნადიკო (გაუსხლტება).

პატივცემულო ანდრო, როგორ გეკადრებათ? ასეთი დიდი კაცი, სერიოზული, მთელი დაწესებულების უფროსი და...

კვეჟენაძე

ვჩომდილო? დაწესებულება იქ არის... აქ რა, მე ჩემს სახლში არ შემიძლია გავმხიარულდე?.. ვჩომდილო? მე არ შემიძლია არშიყობა თუ?

მე-3 თანამშრომელი

წამოდით, გვრიტებო, უთქვენოდ მოწყინდა ხალხს... გენაცვალეთ კაკალ გულში... (ხელს უყრის თამუნიას და ცაცას და ბარბაცით მიჰყავს).

კვეჟენაძე

ყველა ტინგიცა უცხოელს თუ ნება აქვს არშიყობის, მე რავა, ჩემს ქვეყანაში ამის ნებაც არა მაქვს, ა?.. წამოდით, ნადიკო, წამოდით... ვჩომდილო?

ნადიკო

ვჩომდილო და თუ დარბაისლურად მოიქცევით აი, წამოვალ...

კვეჟენაძე

ჰო, გენაცვალოს ანდრო, ჰო... ისე მოვიქცევი, როგორც შენ გიამება! ა? (ხელიხელ გაყრილი გადიან).

3

მე-3 თანამშრომელი

(ბარბაცით ბრუნდება. ეტყობა რომელიღაც კარებს ეძებს, ვერ მიუგნია).

4

(ერთ-ერთ კაბინეტიდან გამოდის მოსამსახურე გოგო, 25 წლის იქნება, დუნე მიხრა-მოხრა აქვს, ფერხორცზე კარგად არის, ცოტა სქელია, თავისებური სანდომიანობა აქვს. ორიგინალურად ჩაცმულია, ვითომ კარგად. ლანგარით წვნიანი თეფში მიაქვს).

მე-3 თანამშრომელი

აა, თიკო, თიკუნაო! (გლეხურად უქცევს) მოდი ეგ ვაშლები დაგიკვნიტოყე... (ძუძუზე უჩქმეტს).

გოგო

იი, თავი დამანებე... ბულიონი არ დამაღვრევინო... თქვენგნით ტანი სულ დალურჯებული მაქვს...

მე-3 თანამშრომელი

ჰო, კარგი... ეს მითხარი, თიკუნა.. აქეთ საით უნდა წავიდეს კაცი?

გოგო

ჰოდა ეგრე მეტყოდი, რას მაცდენ?.. აი, იმ კარებ იქითა... (წავლენ-წამოვლენ).

5

ირაკლი

(სასადილოს კარებში)

ეეჰ, მომწყდი თავიდან... რეჩი კი არა ახლა ის არ გინდა, დისსერტაცია... (მოდის, კუშეტზე წამოწვება პაპიროსს აბოლებს).

6

(გოგო გამოივლის).

ირაკლი

ბიჭოს! ეს შენა ხარ, თიკო? როგორ გამოპრანჭულხარ?

გოგო

იი, რა ვიცი... ქალბატონმა ჩამაცო...

ირაკლი

მერე რა, ემდური? ხომ კარგად გივლის?.. მართლა, თიკო, მართალი მითხარი: სად გერჩია? წინეთ რომ ჩემ ნათესავებთან, თავად ფალავანდიშვილებთან იდექი, თუ აქ?

გოგო

აბა, რა ვიცი!.. იქა კნიაზები მჩქმეტამდნენ, აქ კიდევ ესენი...

ირაკლი

მერე როგორ გადაურჩი ამდენ ჩქმეტას?..

გოგო

რა ვიცი! ე ხორცი კი არ დადნა და...

7

მაკა

(ეტყობა ვიღაცას ეძებს. ირაკლის წამოწოლილს რომ დაინახავს, დამშვიდდება, გოგოს)

შენ აქ რა გინდა? რამდენჯერ დაგითხოვე, როდესაც სტუმრებია აქ ნუ შემოხვალ-მეთქი.

გოგო

ჩვენ ავადმყოფს ბულიონი შევუტანე.

მაკა

მერე შენმა მზემ ბალკონიდან არ გეკადრებოდა გავლა?

გოგო

ბალკონიდან სტუმრები უფრო არ დამინახამდენ?

მაკა

კარგი, წადი აქედან. (გოგო გადის). ირაკლი, რა იყო, გენაცვალე?... დამეღალა შენი თავი?...

ირაკლი

არ გრცხვენია? ქალი კოხტაობ და ჩულქი კი ჩამოჩაჩული გაქ... გაისწორე!

მაკა

(შერცხვება, გაწითლდება, მიბრუნდება და ისწორებს).

რა არის ახლა. ირაკლი, პრიდირაეშსა...

ირაკლი

(გაიცინებს და ღიღინით)

განაცვალე კაკალ გულში,
როგორც ყველი ხაჭაპურში!
ერთი აქეთ მოიწიე,
რამე უნდა გითხრა ყურში...

მაკა

(მიუჯდება. ირაკლი რაღაცას ეტყვის, მაკა წამოვარდება აჭარხლებული და კისკისით).

ო, შე ციგანო, შე ჩაჩანო, შენ!

ირაკლი

(უეცრად წამოხტება, თითქოს უნდა მაკა დაიჭიროსო. მაკა სწრაფად შირმას ამოეფარება და იქიდან თავს გადმოჰყოფს).

აბა, მითხარი: зюлик московский...

მაკა

(ტუჩებს პრანჭავს)

Зюлик московский...

ირაკლი (ბოხი ხმით)

Неет, авлабарский... (უნდა შირმის იქით მოექცეს, ამ დროს შემოდიან გოჩოლავა და რინკველი კამათით, ნაღვინევი არიან).

8

გოჩოლავა

იასნო დალშე! ის იყო რომ პირველად ქიზიყში ჭაღარამ გააჩაღა მუშაობა...

რინკველი

ახლა შენ მასწავლი, теперь ты меня учишь? ჭაღარამ კი არა, იაკობი იყო, Не Чагара, а был Яков...

გოჩოლავა

აბა ახლა იაკობი ჯობია ჭაღარას... არა, შეიძლება ჯობდეს, კიდეც, მაგრამ რას ამბობ, ჭაღარასთან რავა მოვა იაკობი. იასნო დალშე!

რინკველი

მართალი თუ გინდა, если правду хочешь, არაფრით არ ჩამოუვარდება იაკობი ჭაღარას, ничем Яков Чагара не уступит!...

გოჩოლავა

ოჰ, ოჰ! Ты меня возмущаешь... იასნო დალშე!

რინკველი

რა ვაზმუშჩაეშ! არც იმდენი, не особенно, დიდი კაცია, большой человек, შენი ჭაღარა, твой Чагара!..

გოჩოლავა

ოო, ახლა კი შესტოპე დაუკრეფავში, არა, შეიძლება არ შეგიტოპავს, მაგრამ მაინც იასნო, დალშე!

9

მე-3 თანამშრომელი

(შემოდის ღიღინით)

ქალებო, გენაცვალეთ კაკალ გულში!.. (დაინახავს ყველას). ოჰ, სხვები სად არიან? სად არის ცაცა, ჩემი ცაცუნია, ვენაცვალე იმას კაკალ გულში! (მიდის სასადილოსკენ. კარებში შეეფეთება მაროს).

10

მე-3 თანამშრომელი

ოო, მილ-პარდონ, ქალბატონო!.. საჩემო არ არის... ქალი რომ გაფილოსოფოსდება, იმის არაფერი არ მწამს... (გადის).

მარო

(მწარე ღიმილით შეხედავს და ნელა წინ მიდის).

მაკა

მარო, გენაცვალე, მიატოვე სტუმრები? რა სხვანაირი ქალი ხარ?... არ გეწყინოს, გენაცვალე და ცოტა მიუკარებელი ხარ, თითქო ვინმე არისტოკრატი იყო...

მარო

ჰა, ჰა! არასტოკრატი?!. ჰოზბეტელაშვილის ქალის არისტოკრატობა ეს სულ ახალი ამბავია... თუ ჩემი ჩამომავლობა გაინტერესებთ, მე ნამდვილი ქიზიყელი, შუმი, დამოუკიდებელი გლეხის შვილი ვარ, მაგრამ ეს რას ამტკიცებს?..

მაკა

ჰოდა თუ აგრეა, მით უფრო უნდა გახალისებული იყო... ეს შენი საზოგადოება არ არის, შვილო?

მარო

(მტკიცედ და ხაზგასმით)

არა, პატივცემულო მაკა, ეს ჩემი საზოგადოება არ არის...

მაკა

არ ვიცი, გენაცვალე... რაღაცა ნამეტანი პრუწია ყოფილხარ და შენ იცი... (ჩამოშორდება).

ირაკლი

დაეთხოვეთ მაგ ქალს... მოდით აქ მარო...

მარო

(თითქო მაშინალურად მიდის და ირაკლისთან ჯდება. ამავე დროს გამოდის ირინარხი და რამდენიმე თანამშრომელი).

11

(სასადილოდან ხროვად და კისკისით გამოდიან ამერიკელი ჟურნალისტი, დარბაიძე, მაკა, თამუნია, ცაცა, ნადიკო, ირინარხი, კვეჟენაძე, 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 თანამშრომლები, თარჯიმანი და სხვა სტუმრები, რინკველი და გოჩოლავა მხოლოდ ამ დროს შესწყვეტენ კამათს და ერთიმეორეს გაბუტვით გაეცლებიან).

თარჯიმანი

ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენი უცხო სტუმარი თხოულობს, რომ ქალებმა ქართული ფერხული იცეკვონ... ძალიან მოსწონს ეს ცეკვა... ამას წინათ რაჭაში ნახა და აღტაცებულია...

თამუნია

ფერხული?

ცაცა

რაზე ლაპარაკობს?

ნადიკო

Что это за танец?

კვეჟენაძე

ვჩომდილო! ფერხული არ იცი? Хоровод?

ქალები

- А? Хоровод!

- სამწუხაროდ ჩვენ არ ვცეკვავთ...

ახალგაზრდობა (ახრიალდება).

ფოქსტროტი, ფოქსტროტი...

(დამკვრელი უკრავს. ახალგაზრდობა ფოქსტროტს ცეკვავს. ამერიკელი თარჯიმანს რაღაცას ეტყვის).

თარჯიმანი

(იქვე მდგარ ირაკლის და გოჩოლავას)

ფოქსტროტი აკრძალული ცეკვა არ არის?

ირაკლი

დიდკაცების ოჯახებში შეიძლება...

გოჩოლავა

(გადახედავს ირაკლის)

გააჩნია სად და როდის... იასნო დალშე!

ამერიკელი

(ყურს მოკრავს გოჩოლავას, ღიმილით)

იასნო, იასნო... გოტსოლავა!

გოჩოლავა

(ნაძალადევი ღიმილით თავს უქნევს).

ირინარხი

(ერთ ჯგუფს)

ეეჰ, არ არის ჩემი საქმე არა... ახლა იქ მიწვევენ კინოში... და იქ გადავალ.

1-ლი თანამშრომელი

კინოში კი არა...

მე-2 თანამშრომელი

რა? იცით ეგ ხელობა?

მე-4 თანამშრომელი

მაგან რა არ იცის, ძმაო, რა?.. ერთ დროს ფსალომშჩიკათ, მედავითნეთაც კი ყოფილა სადღაც...

1-ლი თანამშრომელი

თუმცა კინოს რა ცოდნა უნდა... მართლა! გამოწყობილი საქმეა. ირაკლისაც ხომ წაიყვანთ?

ირინარხი

ირაკლის რატომ?

1-ლი თანამშრომელი

ირაკლი ხომ ყველაფრის მცოდნეა...

ირაკლი (ყურს მოჰკრავს)

რა იყო, რაო ირაკლი? (მათთან მიდის).

1-ლი თანამშრომელი

(ღიმილით)

არაფერი. აი ირინარხი კინოში რეჟისორად გადადის, შენ კიდევ ყველაფრის მცოდნე ხარ და არც სცენარების წერა გაგიჭირდება... წაგიყვანს და უწერე და უწერე სცენარები...

ირინარხი

კაცო, ვინ გითხრათ რომ რეჟისორად?

ირაკლი

მართლა მიდიხარ?

ირინარხი

(ჯგუფს შორდება)

ისე ვთქვი რაღა... (გადადის სხვა ჯგუფთან).

ირაკლი (ამხანაგებს)

ეს სახუმრო ამბავი არ არის... კინოს შესახებ შეიძლება ხუმრობს, მაგრამ რაკი ხმას ავრცელებს მივდივარო, ეტყობა რაღაცის სუნი ეცა... ჩვენს დაწესებულებას რაღაც მოელის...

1-ლი და მეორე თანამშრომელი

როგორ? შენ განა არ იცი?

ირაკლი

რა?

მე-4 თანამშრომელი

კომკავშირელთა გაზეთში...

მე-2 თანამშრომელი

უშველებელი წერილია ჩვენს დაწესებულებაზე...

ირაკლი

სამწუხაროდ ვერა ვკითხულობ... არ ვუგდებ ყურს, არც კი ვიცი როდის გამოდის...

1-ლი თანამშრომელი

ოო, დიდი წერილია თურმე... Полный разгром...

ირაკლი

მაშ ყველას მოგვხვდა?

მე-2 თანამშრომელი

ჩვენ რა?!. მაგრამ ჰო, ჩვენც... ყველას, ყველას მოხვდა თურმე... ჩვენ არ წაგვიკითხავს.

ირაკლი

ოჰ, რომ წავალ, უთუოდ ვიყიდი... სად იყიდება ეგ გაზეთი?

მე-4 თანამშრომელი

ყიდვა რად გინდათ, მაროს აქვს.

ირაკლი

მაროს საიდან?

მე-2 თანამშრომელი

ჩვენთან რომ დაიარებიან, იმ კომკავშირელებს გადაუციათ... დღევანდელი ნომერია...

მე-4 თანამშრომელი

პირდაპირ სტამბიდან მოიტანეს სამსახურში... მხოლოდ დღეს საღამოს გავა ხალხში...

1-ლი თანამშრომელი (ირაკლის)

შენ როგორ ჩამორჩი, კაცო... ინფორმბიუროს ტყუილა გეძახდით?

ირაკლი

მე პირდაპირ აქ წამოვედი სადილად, საერთო კრებაზეც არ დავრჩი ხომ...

მე-2 თანამშრომელი

ჰოდა, სწორედ იმ კრებაზე გაიგო მარომ ყოველივე...

მე-4 თანამშრომელი

მარტიროსოვის ბრალი კია ყოველივე... იმისმა შირმამ წარმოშვა წერილი...

ირაკლი

ჰეი, ჰეი! ფიქირ-ბეი!

დარბაიძე

(ამერიკელს კისკისით)

რას მელაპარაკებით?

ამერიკელი

ახლა ხომ გჯერათ... მშვენივრად ვიცი რუსული ენა...

დარბაიძე

მერე საიდან, მონ დიე!

ამერიკელი

როგორ თუ საიდან... ოდესელი ებრაელი გახლავართ და დიდი ხნის ემიგრანტი... მართლაც ჟურნალისტი ვარ, ამერიკულ თვალსაჩინო გაზეთისა, ყალბი არ გეგონოთ... დანარჩენი ყველა მართალია გარდა იმისი, რომ ზოგჯერ და ზოგან რუსული ენის ცოდნას ვმალავ.

დარბაიძე

ეს კარგი ხერხია!

ამერიკელი

მხოლოდ თქვენ ხომ არ გამამხელთ... მაძლევთ სიტყვას?

დარბაიძე

რასაკვირველია... ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა...

ამერიკელი

ახლა გავიდეთ ისევ სასადილოში... მე მინდა თქვენი მშვენიერების სადღეგრძელო ერთხელ კიდევ დავლიო. ხომ შეიძლება?

დარბაიძე

დალევა? როგორ არა, წავიდეთ. (ხელს გაუყრის). მხოლოდ მშვენიერებისა კი რა მოგახსენოთ... თქვენ იმდენი გინახავთ... იმდენი ქვეყნები მოგივლიათ... (გადიან).

თარჯიმანი (მაკას)

ეტყობა კნიაჟნას თავის საიდუმლო გაუმხილა...

მაკა

რა საიდუმლო?

თარჯიმანი

აქვს ერთი საიდუმლო და როდესაც იმას ვინმე ქალს გაუმხელს, ეტყობა რომ ის ქალი ძალიან მოსწონს...

მაკა

ღმერთო, სასადილოში წავიდნენ!.. იქ ყველაფერია, მაგრამ ვაი, რომ კიდევ რამე დასჭირდეთ...

თარჯიმანი

არა, ახლა ხელს ნუ შეუშლით... ყველაფერს თვითონ მოსძებნიან...

ირინარხი (მაროს)

რა არის მარი ივანოვნა... ესე განმარტოვდით... ჩვენც ვითამაშოთ ფოქსტროტი.

მარო

(ზიზღით შეხედავს).

ირინარხი

რად მიყურებთ ეგეთი ზიზღით? ეგეთი რა დაგიშავეთ?

მარო

თუ თქვენ ვერა გრძნობთ თქვენი საქციელის მთელ სიმძიმეს, მე რაღა უნდა გითხრათ...

12

მარტიროსოვი

(შემოდის, წინ მოუძღვის გოგო).

ქალბატონი სად არის? აჰა, აქა ბრძანდება!

მაკა

(დაინახავს მარტიროსოვს და წამოიფოფრება)

თქვენ აქ რა გინდათ? (გოგოს) ოჰ, შე საძაგელო, ასე პირდაპირ როგორ შემოუშვი, ან შენ კარები რად გაუღე? ლაზარე სად იყო?

გოგო

ლაზარე აკი წავიდა სადღაც. კრება მაქვსო, თქვენთან დამაბარა და... ე პატიოსანი კი ვერაფრით ვერ დავაკავე...

მაკა

ფუჰ, შე დონდლო შენ!.. გადი, დაიკარგე. (გოგო გადის).

მარტიროსოვი

მე თქვენთან საჩხუბრათ არ გახლავართ მოსული... გეტყობათ სტუმრები გყოლიათ... დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისე ვერაფრით გნახეთ სახლში... მეც დავიდარაბის თავი არა მაქვს... ისევ მორიგებით მინდა საქმე გავათავო.

მაკა

მე მოსარიგებელი არაფერი მაქვს... ირიკო, ერთი ამას მოელაპარაკე შენებურად (თვითონ სტუმრებს მიუბრუნდება).

ირინარხი

თქვენ განაგრძეთ ცეკვა და მხიარულება... (მარტიროსოვს განზე გაიყვანს) ჭკვიანი კაცი ხართ, აბა, რა დროს მოსვლა იყო ახლა...

მარტიროსოვი

მაშ, როდის, კაცო? ვერაფერი ვერ გამოვიტანე თქვენგან, ვერც იქ დაწესებულებაში, ვერც აქ... დღეს კიდევ ვიღაც ახალგაზრდები დამპირდნენ გაზეთში ჩაგაგდებთო... არ მინდა გაზეთში ჩაგდება... გაზეთი ჩემთვის საჭირო არ არას... ვინ იცის ამას რა კუდი გამოებას! თვითონ მე, бывший нефтепромышленник, бывший дашнакцакан, бывший непман, бывший домовладелец... словом кругом бывший... გაზეთით ხეირი არ დამეყრება ვიცი... ისევ მოვრიგდეთ, კაცო, თქვენზე ამბობენ (ცბიერად) პრაქტიკული კაციაო... მომარიგეთ როგორმე... ბევრი არ შემიძლიან და ოცდაათ თუმანს მოგართმევთ...

ირინარხი

კარგი, კარგი, ახლა წადით და... ხვალ დილით ფული მოიტანეთ, მე შირმას ჩაგაბარებთ (თითქმის ძალით გაჰყავს მარტიროსოვი).

13

ამავე დროს ირაკლის და სხვებს გამოაქვთ ჭიქები, ღვინო, ხილი და მაროს გარშემო შექმნიან ცალკე წრეს. საიდანაც დროგამოშვებით მოისმის ნელი ღიღინი და ჭიქების ჯახუნი. მაროც სვამს და თანდათან მხიარულდება.

14

ამერიკელი

(შემოდის დარბაიძესთან ერთად ხელიხელგაყრილი).

ფოქსტროტ, ფოქსტროტ! (ცეკვავს მასთან. მარტიროსოვი ირინარხს გაჰყავს, ბრუნდება და მაროს ჯგუფისკენ მიდის. იმავე დროს ამერიკელი დარბაიძეს წელში გადაზნექს. ხელში აიყვანს და ხელით აყვანილს კუშეტზე დასვამს.

დარბაიძე

აი, ეს კი ჩვენში მიღებული არ არას...

ამერიკელი

ეს არსად არ არის მიღებული, მაგრამ თქვენ ისეთი წარმტაცი ხართ, რომ ვეღარ მომითმენია.

ირაკლი

...და აი, ბატონებო, მე ვამბობ: რომ შეეძლოს ამ შირმას ალაპარაკება-მეთქი, ეგ გადმოგვცემდა მთელს ისტორიას ბურჟუაზიის ოჯახური განწყობილებისას და დღევანდელ პატრონის მდგომარეობაზედაც გვეტყოდა ზოგ რასმე... საინტერესოა, რომელ პატრონს ირჩევდა იგი რომ შეეძლოს მას ალაპარაკება...

მარო (წამოდგება)

შირმის მაგივრად ახლა მე ავლაპარაკდები...

ირაკლი

მერე...

მარო

ვიცი... ცხენი შეკაზმული მყავს...

მე-2 თანამშრომელი

ჩუმად, მარო სიტყვას ამბობს. (პირველ ხანებში მაროს ყველა ჯგუფი არ უსმენს, მხოლოდ თანდათანობით იპყრობს დამსწრეთა ყურადღებას, მაგრამ აქა-იქ მაინც რჩებიან ცალკე ჯგუფები და წყვილები, როგორც, მაგალითად ამერიკელი და დარბაიძე.

მარო

მართალია, მე მოლაპარაკე არა ვარ, მაგრამ ახლა კი მინდა წარმოვთქვა ის, რასაც ვგრძნობ. ყველამ ილაპარაკა დღეს. ბევრი ფრაზეოლოგია იყო დახარჯული. მაგრამ სიმართლე მაინც არ უთქვამთ. აი, მე წაგიკითხავთ ერთი წერილის ნაწყვეტს, ყური დაუგდეთ (გარშლის გაზეთს: „ახალგაზრდა კომუნისტს“ და კითხულობს).

15

ჭაღარა

(შემოდის კითხვის დროს, თან მოჰყვება 4 კომკავშირელი. ყველანი დრომდე შეუმჩნევლად დგანან).

მარო

(გაზეთში ეძებს იმ ადგილს, რომელიც უნდა წაიკითხოს).

მმ... ეს არ არის საინტერესო... ჰო... (კითხულობს) „...და ამგვარად, ამ დაწესებულებაში“... ჩვენს დაწესებულებაზეა ლაპარაკი... „ამ დაწესებულებაში ზნეობრივად მახინჯებისა, დამთხვეულებისა, დეგენერატებისა და პატოლოგიურ ტიპების გარდა ვერავის ვერა ვხედავთ. თუნდა ჩამოვთვალოთ ზოგიერთი: ერთი სულ იასნო დალშეს გაიძახის, მაგრამ მისი იასნოსი კაცს ვერა გაუგია რა, მხოლოდ დალშე სად მივყევართ, თვითონაც არ გაეგება. მეორეა და ყოველ ქართულ ფრაზას, ყოველ სიტყვას რუსულად გითარგმნის, თითქო ამითი მაღალი ნოტარიუსის მოწმობა უნდა დაარტყასო... და თან ისეთი გველაძუაა, რომ მისგან ხეირიანს ვერაფერს ვერ გამოიტან. ერთია კიდევ და მის წინ იუბკიანს ვერავის ვერ გაუვლია, რომ მოურიდებელი და მსუნაგი წინადადებით არ მიმართოს... ამბობენ თანაც მექრთამეა თურმე გაცხარებული და კომბინატორი უსაშველო... არის ერთი კაცი, თითქო ცოცხალ ადამიანსა ჰგავს, მაგრამ მასაც ყველაფერზე ხელი ჩაუქნევია და მხოლოდ ჭორებს კრეფავს, თან რაზედაც უბრძანებენ, იმაზე პროექტებს ადგენს. ვისთვის? რისთვის? არ ენაღვლება... ხვალ რომ უთხრან მთვარის რკინისგზის პროექტსაც შეადგენს და გულში კი შეიძლება ეცინება მთელს გარემოზე და თავის თავზედაც... ამჟამად კი ამ დაწესებულებაში ყველაზე უფროსი არის გამგის მოადგილე და... მართალია, პატიოსანია, გულუბრყვილოც, მაგრამ ბრიყვია, ჩერჩეტი და მოხერხებული თანამშრომლები, გარეშე პირები და სპეცები ისე ატრიალებენ, როგორც მოეპრიანებათ. ის მათ ხელში მხოლოდ თოჯინაა და სხვა არაფერი... ადგილკომი? კომუჯრედი? ეს ისეთ მკრთალ პიროვნებათაგან შესდგება, რომ თავიანთი სახე არა აქვთ, არც ცოდნა, არც გავლენა და დაწესებულების შეტბორებულ ჭაობს ვერც ისინი წმენდენ... გარეთ კი არის ერთი ოჯახი, რომლის უხუცესი წარმომადგენელიც ამ დაწესებულების საქმეში ერევა, თუმცა მას სასტიკად აქვს აკრძალული ამ დაწესებულებაში მისვლაც კი და თუ ეს პიროვნება ბედავს, რომ ფრთა გაშალოს იმისთვის, რომ ამ ოჯახში არის „შირმა“... ამ შირმაზე ახლა მე თვით ვილაპარაკებ... მხოლოდ მე იმ შირმაზე კი არ მოგახსენებთ აი, იქ რომ დგას ჩინური ინკრუსტაციებით შემკული და, რომელიც ასე აკმაყოფილებს მეშჩანურ ყოყოჩობას ამ ოჯახის ბურჯისას, არა! მე ვამბობ ცოცხალ შირმაზე, რომელსაც მეტად მაღალი სახელი აქვს, თანამდებობაც დიდი და ამ სახელს ეფარებიან... მეორდება ის, რასაც წინათაც უჩიოდა ხალხი: სად არის სამართალი? ღმერთი მაღლაა და მეფე შორს არისო. ახლა? განა ახლაც ეგრე არ ითქმის? საკონტროლო ორგანოები მაღლაა, ჩვენი ჭაღარა შორსაა.

ჭაღარა

არა, აქა ვარ!..

(ყველამ მოიხედა. უნებლიე გაოცება და ხმაური „ოჰ, ჭ