Litclub.ge

* * * ხევს გაღმა მოჩანს მწვანე სერები
ხევს გაღმა მოჩანს მწვანე სერები
და მოთენთილი მწუხრი ზაფხულის.
მოგონებების ცისფერ ტევრებში
გაიფოთლება ჩემი წარსული.

მას სიხარული ახლავს ნამცეცი,
ამძიმებს დარდი ქვეყნის ოდენი.
ბავშვობას ნისლავს ომის ქარ-ცეცხლი
და სიჭაბუკეს _ ჭრელი ძონძები.

ვიხსენებ, სულში ჩნდება ხანძარი
და მიკვირს _ იმ დროს რატომ შევხარი,
როს თექვსმეტი წლის ბიჭი საწყალი
საფიცრე მორებს ხელით ვხერხავდი.

ცაში ავფრინდი, ბალღმა კალმახი
რომ ამოვაგდე წყლიდან ანკესით
და მერე ჩემი ლექსად ნაჯღაბნი
რომ დაიბეჭდა ონის გაზეთში.

როგორ ვისწავლე ვაჟა ზეპირად,
ან როგორ გავხდი კარგი მკითხველი,
და ქალამნებში გამოწკეპილმა
როგორ ვიგემე კოცნა პირველი.

ახალგაზრდობა ნაჯახირევი
თვალს და ხელს შუა ქარს გაჰყოლია,
პირველი კოცნა, ლექსი პირველი _
სხვა სიხარული მე არ მქონია.

ვწრიალებ, როგორც ღველფის მჩხრეკელი,
ვარ მეცხრე ცაში ფიქრით ასული,
ცისფერ ბურუსში დარდის ეკლებით
ჩანს დაფლეთილი ჩემი წარსული.