Litclub.ge

რა დაგიშავე
რატომ ამაფორიაქე, რა დაგიშავე?
გთხოვდი, აგრე ნუ მიცქერი, არ დაიშალე,
ჩამიღვენთე გულში შენი თვალთა სიშავე
და ქვეყანა ბაღჩა-ბაღად გადამიშალე.

შენი შუქის აბრეშუმით სული მოვქარგე,
რაც კი სევდა-დარდი მქონდა, მივკარგ-მოვკარგე,
შენს ძებნაში ამ შორეთში გადმოვიკარგე,
მადლი უფალს, რომ ვიპოვე შენი სიკარგე.

ჩემი ფიქრის ალამდარო, ცამდე ასულო,
ჩემს მკლავებზე მოხვეულო ალადასტურო,
გთხოვ, სიცოცხლის სიხარული არ დაასრულო,
და ტრფიალით სიჭაბუკე დამიდასტურო.

სიყვარულით გამიშუქე გულის ლამპარი,
ლაღად გამისინამდვილე ტრფობის ზღაპარი,
გაზაფხულად გამიმწვანე წლების ზამთარი
და დავდივარ მაგ ღიმილის ელვით გამთბარი.

ჩემთა ლექსთა, ფიქრთა ჩემთა ოქრომჭედელო,
ცრუ ბედია წინ აღმართულო მთების კედელო,
სევდია ზვავთა გზების ზღვართა გადამკეტელო
და სიცოცხლის გზნების ტაძრად ასაგებელო.

ეს ქვეყანა ბაღჩა-ბაღად გადამიშალე,
ჩამიღვენთე გულში შენი თვალთა სიშავე,
გთხოვდი, აგრე ნუ მიცქერი, არ დაიშალე,
რატომ ამაფორიაქე, რა დაგიშავე?!