Litclub.ge

საათის ისრები
მა, ახლა შენ გძინავს... 
მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარ 
და ისევე მინთია მაგიდის ნათურა, 
როგორც ყოველ ღამე. 
ვწერ ყოველ ღამე, 
ხან რას, ხან რას, 
და შენი სუნთქვა 
სივრცეს ასხლეტილი მზის სხივივით 
პირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა, 
წუთში ოცდაათჯერ 
(გითვლი სუნთქვას ყოველ ღამე), 
მელანივით ვაწობ შიგ თითებს 
წუთში ათჯერ მაინც 
და ვწერ, 
ხან რას, ხან რას... 
ჰო, ახლა შენ გძინავს. 
ბოლო ხანია ჩემზე ადრე იძინებ. 
იძინებ, მაგრამ საათში ერთხელ 
ჩემი ნათურის შუქს ამოწმებ. 
საათში ერთხელ გამომძახებ, 
მომიკითხავ... 
და როცა შუქს ვაქრობ და 
ვემზადები დასაწოლად, 
იმ წუთას თვალს ახელ და 
მეძახი, მეკითხები, 
ვწვები თუ არა. 
და იმ წუთას არ მინდა მჯეროდეს, 
რომ უკვე გავიზარდე. 
ალბათ არც შენ გინდა. 
არადა, ბოლო ხანია, 
მე და შენ ერთად ვმალავთ 
ჩემს პირველ ჭაღარებს 
(მაკრატელს გაწვდი და ჭაღარებს 
შენვე პოულობ). 
მე მაინც ჯიუტად კეტებით დავდივარ, 
ვიცვამ ყველაფერს ბავშვურს 
და სასაცილოს 
(არ ვიცი, შენ ყოველთვის გეცინება, 
როცა დილით სახლიდან გავდივარ, 
და მაშინაც, როცა უკან ვბრუნდები). 
არ მინდა მჯეროდეს, რომ გავიზარდე, 
ალბათ არც შენ გინდა. 
ყოველ საღამოს მეკითხები, 
ამდენ ხანს სად ხარო, 
მაშინაც კი, როცა იცი, რომ – 
სამსახურში. 
ისე მეკითხები, როგორც ადრე. 
მე აღარ ვდარდობ პასუხზე ძველებურად, 
უბრალოდ გიღიმი, 
შენ კი მელოდები - ძველებურად, 
საათს შესცქერი ყოველ საღამოს. 
მა, შენ ახლაც ისევე წევხარ 
და ელოდები ჩემს დაძინებას, 
როგორც ყოველ ღამე, 
თვალი გაახილე და გამომძახე, 
ხომ არ გცივაო, მე მოკლედ 
გიპასუხე, რომ არა და წერა გავაგრძელე, 
შემეშინდა, სიტყვა არ გამიწყდესმეთქი, 
შენც გაჩუმდი, იქნებ ცოტა გეწყინა კიდეც 
(არადა, რა იცი, რომ ახლა სწორედ 
შენზე ვცდილობ რამე დავწერო)... 
მა, ახლა შენს ნაწყენ სუნთქვაში ჩავაწე 
ცივი თითები... და დავწერე ბოლო სიტყვები: 
მა, იცი, როგორ ვგავართ ისრებს ციფერბლატზე, 
შენ – დიდი, მე - პატარა. 
მიდიხარ, მოგყვები... 
მიდიხარ, მოგყვები...