Litclub.ge

მეძახის
მეძახის შენი ბიბინა ველი
და შენი დიდი სინათლის ღვარი,
შენი ცის ფერი, შენი მზის ჩქერი,
შენი წარსული და მომავალი.

შენი მარადი სიცოცხლე ფეთქავს,
მშვენებით ღვივი, იღვრები სითბოდ
და რაც სიმაღლე არსებობს ქვეყნად _
შენ ხარ, ყველაზე მაღალო ფიქრო.

მინდა შენი ცით სული ავივსო,
შენი ცხელი მზით გული გავრუჯო,
ჩემო თბილისო, ჩემო კრწანისო,
ჩემო ხერთვისო და არტანუჯო.

ხმა გამაგონე გულის გამღები
და სიყვარულის მადლი მომფინე,
დამალოცვინე შენი ბარები
და შენი ზვრები დამაკოცნინე.

შენი ცვარ-ნამის სუნთქვა მეძახის,
მოლზე მძივებად გაბნეულების,
გადაფოთლილი შენი ვენახი,
შენი ჭალა და ანეულები.

შენი “ლილეო” და შენი “ნანა” _
ჩვენი სიცოცხლის ტკბილი ბანგები,
ჟუჟუნა წვიმა, შრიალა ყანა,
მზით შემოსილი განთიადები.

მეძახის შენი ფუძე და კარი
და გადაუხდელ ვალით მავალებს
შენი სინათლის უწყვეტი ღვარი,
შენი წარსული და მომავალი.