Litclub.ge

შთაბეჭდილება
დასვენების ჟინმა
სოფლად გადმომაგდო.
ბაღის ჩრდილში ვზივარ,
უსაქმობავ, გმადლობ!
ამ გზისტენციალიზმი
იმ გზისას სჯობს მგონი.
მოაქვს ჩიტებს ალიზი,
მიშენებენ გომურს.
წლების სიმარტოვენი
სალაღობოდ მითხოვს _
არც სოკრატე,
არც პლატონი
არ ყოფილან თითქოს.
არაფერზე არ ვიტკივებ
თავს და არც რას ვიტყვი _
ვისმენ აკომპანემენტს
მიმალული ჩიტის:
ფოთოლცვენის თემას
თხზავდა რაღაც მიზნით
ჩიტი-მაკრატელა
იმპრესიონიზმის.
შემოდგომის ჟირაფს
ჭამს სიყვითლე ჭორფლის _
დავიწყება ხშირად
გახსენებას სჯობნის.