რა უცნაური ოცნება მოდის
სიგარეტების ფერფლით და კვამლით,
რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის,
მე შევეფარო დახეულ ხამლით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი,
თითქოს საყვედურს წვიმას აბარებს,
ვიღაც გინებით, ლანძღვით და მუშტით
აზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რომ სიგარეტის ცისფერი კვამლი
იყოს ამაზე მუქი და სქელი,
მე ვიჯდე მარტო და ჩხრეკით რამლის,
მქონდეს თვალები მთვრალი და სველი.
მერე კი ვიღაც მღეროდეს ნაზად
და ესტრადაზე ცეკვავდეს შუქი...
მას ერქვას ნინეტ, ანეტ თუ აზა,
თმა ჰქონდეს ქერა, თვალები_ მუქი.
და მეძავები თეთრი ფეხებით
მუხლიდან მუხლზე ფარფატ_ფარფატით
სხდებოდნენ და თან მათი შეხებით
ვიღაც ხარობდეს და ფულს ფანტავდეს.
მე კი წვალებით შეგროვილ ფრანკით
ვსვამდე ერთადერთ ბოთლს და ვტიროდე
და იქვე ახლოს გაცვეთილ ფრაკით
ვიღაც უშვებდეს ლოთის ტირადას.
მენატრებოდეს სამშობლო ჩემი
ათასი სევდით და დაუღლებით,
რომ გადიოდეს მარსელში გემი
და ვიცოდე, რომ ვერ დავბრუნდები.
და რომ ვიცოდე, მოვკვდები სადმე
ბაღში, ძელსკამზე, იანვრის ღამით,
რომ დავიწყებულს ჯიში და მოდგმა
არ გამიხსენებს არც ერთი წამით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი,
თითქოს საყვედურს წვიმას აბარებს
და ამ დროს ვიღაც ძარღვიან მუშტით
აზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რა უცნაური ოცნება მოდის
სიგარეტების ფერფლით და კვამლით,
რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის,
მე შევეფარო დახეულ ხამლით.