Litclub.ge

თავი მიაბრუნე...
ვდუმთ და ... არაფერი,
ვყვირით... არაფერი,
ვცოცხლობთ შერისხულნი,
ვკვდებით დანანებით.

ჩემი ფანჯრებიდან
ომობს შემოდგომა,
შენი ფანჯრებისკენ
უკვე შემოთოვა.

დილა, დილის ლოცვა,
ყავა, თბილი პალტო,
ქუჩა, სამსახური,
მინდა განგიმარტო:

ვდაობთ არაფერზე.
ისევ თბილი პალტო,
ქუჩა, ცივი სახლი,
გვშია. კითხვა: რატომ?

ღამე, ღამის ლოცვა,
მინდა განგიმარტო:
ჩვენ–ჩვენს დარაბებთან
ვომობთ მხოლოდ მარტო.

შენი ოთახიდან
ჩუმი ცრემლის წყარომ,
ჩემთან ჩამოწვიმა,
უნდა დავიხმარო,

რათა განგიმარტო:

ღმერთი კი არ გვართმევს,
მუდამ თავად ვკარგავთ,
ხვალ კი ჩვენს დაკარგულს
მაინც დაგვიბრუნებს,
სხვა გზით დაგვიბრუნებს,
თავი მიაბრუნე...