Litclub.ge

საქართველოს მზე გვეხატოს გულზე
მისი იყოს გამორჩენის სიხარული,
ვინც ლოზუნგობს შეზლონგების გულისთვის,
მე მოვკვდები საქართველოს სიყვარულით,
არც რას ველი დედის სამსახურისთვის.

ვტკბები მზით და მლოცველივით უხმაუროდ
ვმსახურებ და ვუნთებ თაფლის სანთელს,
შენ დაიხსნი ჩემს სამშობლოს, სიყვარულო,
შენი მადლი არ მოაკლდეს ქართველს.

პირჯვარს ვიწერ, საქართველო უკვდავია,
ასე მწამს და ასე სწამდათ ოდის,
ჩვენს მამულზე მტრებს უჩვენოდ უდავიათ
და ჩვენს ბედზე სულ უჩვენოდ ბჭობდნენ.

ახლა, როცა ცა გაიხსნა ვარდისფერად,
ახლა, როცა ღვთიურ ნათელს ვუმზერთ,
თქვენ მოგიძღვნით ლაღი გულის ამ სიმღერას -
საქართველოს მზე გვეხატოს გულზე.