Litclub.ge

მომავლისთვის, წინაპარისთვის
                        ზურაბ ხაბაძეს
რას ველოდებით,
რას მოგვიტანს ყურება სულ წინ...
მშიერი მტაცებელია,
მაძღარი _ ძუნწი.
მე კალამს ვლოკავ,
შენ გაგჩრია კბილებში ფუნჯი,
მაინც ვამაყობთ ჩვენი მოდგმით,
ჩვენი საუნჯით.
რაკი სამშობლო დედინაცვლობს,
გახდა ყრუ-მუნჯი,
უნდა ვიხაროთ ყვავილებით,
ზეცის სილურჯით...

ვწეროთ და ვხატოთ
მომავლისთვის, წინაპარისთვის,
ხვალ რომ გაჩნდება იმ ბიჭისთვის
და იმ ქალისთვის...
ვწეროთ და ვხატოთ, მეგობარო,
მხოლოდ ხვალისთვის.