Litclub.ge

მეფეების სპასალარი
                          მურად თედორაძეს

სიყვარულში სწორუპოვარს
გიხსენებთ და გეფერებით,
ღვთისგან პირჯვარდაწერილო,
სპასალარო მეფეების.

ფარნავაზთან ერთად ქმნიდი
ქართულ ანბანს სასოებით,
გადაგქონდა ეტრატებზე
საამბორო ასოები.

ჭოროხისპირს დავით მეფის
ლაშქარს გადასახე ჯვარი,
შვიდმნათობი თამარისთვის
ბრძოლით გახსენ ტაოსკარი.

აბრეშუმით ქსოვდი დროშას,
უმზადებდი რუსთველს მელანს,
თინათინის მიჯნურს გაჰყევ
ტარიელის დასახსნელად.

მოუსინჯე ქაჯებს ღონე,
ხანჯლით გამოსჭერი ყელი,
დაჰკარი და დაიმონე
პირუტყვნიც და პირმეტყველნიც.

ერეკლესთან საასპინძოდ
შეგიკაზმავს თეთრი ცხენი,
გითრევია, სამარცხვინოდ,
ღალატისთვის ტოტლებენი.

აშენებდი, ამშვენებდი
მამულს - მუმლით შენაწუხარს,
შინ შვილებთან ბრუნდებოდი,
ტოტებძლიერს ჰგავდი მუხას.

`დედა ენას~ გადაშლიდი
მოძღვართუხუცესი, ქველი,
იყავ მარჯვე მოსაუბრე,
გულწრფელი და გულფიცხელი.

ცხრით ხარობდი, ცხრანი ვიყავთ,
ცხრა ზღვა, ცხრა მთა, ცხრაკლიტულით...
საქართველოს ველ-მინდვრებში
ცხრათვალა მზით გაზიდული.

გვჯერა, ღმერთთან ახლოსა ხარ,
ხსოვნას შენსას ვეფერებით,
ღვთისგან პირჯვარდაწერილო,
სპასალარო მეფეების.