რამ შემქმნა ადამიანად,
რატო არ მოველ წვიმადა?..
ვაჟა ფშაველა
დალოცვილ ვაჟას უთქმია -
`რატო არ მოველ წვიმადა~...
მე რა ვთქვა, როცა მას შემდეგ
სიგლახემ ასჯერ იმატა.
ქვეყანა არეულია
და ყველგან შხამი თესია,
და უმტკიცებენ ძმები ძმებს
ვინ ვისზე უკეთესია.
საშოვრად უნდათ სამშობლო,
ნახვეჭ-ნაძარცვით ტკბებიან,
ხალხს აბრიყვებენ, მშრომელ კაცს
სიმშვიდე მონატრებია.
ლიქნამ კაცობა წაბილწა
და პურფერობამ - ღირსება,
ქვეყანა _ გმირთა, რაინდთა,
ქურდბაცაცებით ივსება.
განმკითხავს სადღა შეხვდები,
ყველა კანონი მკვდარია,
ვის ენაღვლება - რა გიჭირს,
რა გიმძიმს, რა გიხარია.
შე დალოცვილო, მე რა ვთქვა,
რას ამოვუდგე გვერდშია,
იქნება არ მოვსულიყავ,
იქნებ არმოსვლა მერჩია.