Litclub.ge

არ მომიწყინო და-ძმები
ხოხბის ყელივით ლამაზი,
ხოხბის ყელივით მწველი,
გამოჩნდა არხილოსკალო
და ალაზანის ველი.

გამოჩნდა თეთრი სახლები
ბალღების ჟრიამულით,
ამოფრინდება გნოლივით,
საცაა, ჩემი გული.

შენ გენაცვალე, კახეთო!
უხვო, ძლიერო, ხმიერო,
ნაღვარეველის მარჯვენა
შენს მიწას _ საბედნიეროდ!

შუბნელის შუბლი გაშლილი
შენს ცას მაგონებს კრიალას,
არ მომიწყინო და-ძმები,
შეჩვეულები იალაღს!

ფოთაროელი ჯაფის და
ოფლის მარილით იზილა,
დაგიზრდის, დაგიფრთიანებს
შალვას, ელიზბარს, ბიძინას!

საქართველოში ქართველი
არსად არ არის სტუმარი,
უარი კუთხურ ზღუდეებს
და კუთხურ კუნკულს უარი!

შენ გენაცვალე, კახეთო!
სამთაწყაროს და `ფიროსმანს~
ჩემი ყოველი სტრიქონი
მიერთვას ძღვნად და მილოცვად!