Litclub.ge

ჩანს ბათუმი
ჩამავალი მზის ხანძარი
გასჩენია ზღვას,
მწვანე კონცხი შეიფაკლა
შეღამების ნისლით.
ჩანს კლდე-ლოდი,
ზღვის ჩიტების
სალოცავი ქვა
და მამული _
ყოველი მხრით
გაწვდენაზე ისრის,
ჩანს ბათუმი
სიმაღლიდან, _
სამოთხეა, სამოთხეა!
მიხმეთ, მიხმეთ ანგელოზებს!
ვდიდგულობ და ვეფერები,
ქალაქი მაქვს,
ქალაქი მაქვს
ზღვამიბმული საყელოზე.
ვეფერები,
პათეტიკამ ამიტანა,
შევიმოსე ჩამავალ მზის ფერით,
დატკბი, სულო,
ამგვარი და ამისთანა
არ გქონია
დღე, კვირა და წელი.
დატკბი სულო,
შადრევანი ცას სწვდება და
დედაენის საგალობელს მღერის.