Litclub.ge

იალბუზი
                       გიორგი ბასილაძეს

თითქოს სამოსს იხდიდა
ქალი მზეთუნახავი,
იმგვარად შორდებოდა
ნისლიცა და ღრუბელიც
იალბუზს და მთლიანად
კავკასიის ქედს.
შენთვის,
ჩემო გიორგი,
სხვა რა მეთქვა ახალი,
დაბლა _
მთები ცხვრებს ჰგავდნენ,
მაღლა _
ცხენებს უბელოს,
გვერდით კიდევ _
ასაფრენად
გამზადებულ მტრედს.
ის კი _
უბრწყინვალესი,
თეთრი,
აღზევებული,
იდგა, როგორც ქალწულის
მკერდი ყოვლის მზაფრავი.
და ჩვენ _
მისი მნახველი,
მისით დატყვევებული,
ვერ ვნატრობდით უკეთესს _
სხვა მკერდს,
სხვა მზეს,
სხვა ყვავილს!