Litclub.ge

ორას დოლარად
ოცნებით რძისფერ ღრუბლებში ვწევართ,
ხომ კარგად ვიცით, ვინც ვართ და რაც ვართ,
ორას დოლარად იყიდი მწერალს,
ორას დოლარად იყიდი მხატვარს.

დაემსგავსება გამოწვრთნილ მწევარს
კაცი, რომელიც აივსებს სტომაქს,
ორას დოლარად იყიდი მკვლევარს,
მეცნიერს _ ძველის თუ ახალის ქომაგს.

ჭირს არსებობა, ყოფაა მძიმე
(ამ დღეში ჩამგდებს მიეცეს დარდი),
როცა დაკარგავს ყოველგვარ იმედს,
ორას დოლარად იყიდი არტისტს.

ორას დოლარად გაიჩენ ბორდელს
მზემოკიდებულ ბანოვანების,
ორას დოლარად მიიღებ ორდენს,
მასმედიაში გახმოვანებით.