Litclub.ge

ჭინჭაოს ტბაო, ქალი ხარ...
ჭინჭაოს ტბაო, გინატრებ,
ხარ ჩემი სიყრმის ემბაზი.
ახლა რო გითხრა სიმართლე,
უშენოდ ბალღსაც ვერ გავზრდი.
უშენოდ ლექსსაც ვერა ვშობ,
ვერ ჩავაქუხებ ჩასაქუხს.
ვგავ მამალ კალმახს, დაწინწკლულს,
შენსავ ქვირითში ჩასახულს.
უშენოდ ვერსად ვეღირსო
ჩემ ბედს, ჩემ იღბალს, ჩემ არჩივს.
მთელ ერთ სიცოცხლედ ეგ მიღირს,-
რო შენ გულმკერდზე მხრებს გავშლი.
ბარში რო ქუჩებს დასცხებათ,
დუღს როცა ზივთის ჯებირი,-
მინდება შენთან მოვრეკო
ქუჩებიც კამბეჩებივით.
შევდენო, შემოვუძახო
წყალს შენსას, ცივ-ყინტაროსა.
თავად კი დავწვდე, დავაკვდე,
იქვე, სათავე-წყაროსა
გავგრილდეთ მეც და ხარიცა,
ჩემთა კამეჩთა ნახირი.
ჭინჭაოს ტბაო, ქალი ხარ,
მე მიხმობს შენი ძახილი.
თუ ლექსის ხანძარს დავურჩი,
თუ ვეღარასფრით დავნელდი,-
შენ გრილ სხეულში დავუცდი
ბედს, როგორც თავფარავნელი.
ჩაგკოცნი, შენაც ჩამკოცნე,
გეშს ნუ მომაკლებ დანაჩვევს.
მზეს გაგყრი, მთვარეს ქმრად მოგწევ,
მე მაყრად დაგიდარაჯებ.
ვთქვა,- შორს ხარ, ვერ გაგაგონებ,
ახლოდან გეტყვი დანარჩენს.
მზე როცა გადმოაგორებს
ცრემლს,- ჩემ ლექსებად განაჩენს!