Litclub.ge

ჭეშმარიტება
დედამიწამ უნატიფესმა
და მორიალემ მწვანე ფერებით,
ვერ დაიტია ჩემი სული _ გიზგიზა ცეცხლი...
ეს რა ხანია გავცდი ჰორიზონტს,
ამ პლანეტარულ აზროვნებას, წესებს და ზღუდეს
და ცაში ელვას დავემგზავრე ფრთებშეტრუსული;
სანამ კოსმოსში ჩემს სახლს მივაგნებ
მე _ ციცქნა ხატი შემოქმედისა,
ვარსკვლავებს შორის დავძრწი და დავქრი....
და მსურს შევიცნო მთელი სამყარო,
თავად გონებაც უდიადესი;
მამაო ჩვენო,
მამცნე სრული ჭეშმარიტება,
ერთხელ მაინც მახილვინე სასუფეველი....
აი, ღრუბელი, ისე ვით დაფა განათებული,
წინ გამობრწყინდა ღვთიურ სიტყვებით:
აქ რას დაეძებ, შვილო ჩემო, აქ რას დაეძებ,
თავს ჩაუკვირდი, ჩაიხედე საკუთარ გულში
და შენი სულის შეისწავლე ყველა ანბანი,
ყველა ჯურღმულში ჩაიჭვრიტე,
ლაბირინთს ჩაჰყევ....
არ შეგეშინდეს,
უფრო თამამად ჩააბიჯე, ე, მაგ კიბეზე,
ხედავ საფეხურს, ბოლო საფეხურს,
თვალისმომჭრელად ციალებს ალი,
ჩაჰბერე სული, გააჩაღე კოცონი, ჩქარა!