Litclub.ge

მახსენდება განდი
ჩაუშესკუ მოკლეს. ჩაუშესკუ ბოძზე. აღელდა ხალხი და ფერები თალხი შეიცვალა ბანგით – შურისგების ჰანგით. მახსენდება განდი. მაჰათმა განდი. სისხლი. სისხლი. დარდი. ფარდა უკან ფარდის. წარმოდგენა ერთი: შურისგების ღმერთი. მეფის ხელში კვერთხი. მონა მეფის კვერთხით. სისხლის კვალზე სისხლი. ცეცხლის კვალზე ცეცხლი. ძველი მეფე თარსი. მეფის ტახტზე ფარსი. მახსენდება განდი. მაჰათმა განდი. რევოლუციები. ევოლუციები. გზა კი, გზა რომ გადის, იქ არავინ დადის: "ვინაც აღიღოს მახვილი ხელში..." ქართველნო, გესმით? თქვენ თუ არ გესმით, მაშინ მითხარით, გაიგოს ვიღამ? საქართველო ხომ სინათლისკენ სულ სხვა გზას მიჰყავს! ჯვარია. ჯვარი. მოთმინება. მოთმენა ჯავრის. შემოგვესია ბოროტების ჯარი და ჯარი... არა იმიტომ, რომ არ შეგვრჩა ქართველებს ჯანი, ხამს მოვითმინოთ: გოლგოთა ხომ მოთმენა არის... ჩაუშესკუ მოჰკლეს. ჩაუშესკუ ბოძზე. აღელდა ხალხი და ფერები თალხი შეიცვალა ბანგით – შურისგების ჰანგით. მახსენდება განდი. მაჰათმა განდი...