Litclub.ge

იყო ტიციანი
იყო ტიციანი. დენდი და პოეტი. იყო მელიტა. გალაკტიონი. შერვაშიძე მისი მერი და იყო მაყაშვილი. ჩოლოყაშვილი. ო, რა ელიტა გააგზავნეს მოუსავლეთში. სტალინიც იყო. ორჯონიკიძეც. იყო ბერიაც. უხსენებელი რომელ გვარში აღარ ერია – აჰა, ტიციანიც. პირისპირ ბერიას: "შენი დედა და შენი მამა..." გველი გველია. "შუაში გახლიჩეთ" – მბრძანებლობს ბერია. იყო ჟორდანია. იყო წერეთელი... ევროპას ელიან. ევროპას სხვა რამ უნდა. ევროპა ჭრელია. ქართული გზები კი გოლგოთის გზებია. იყო სულხან-საბაც... ო, ეს ისტორია, ღმერთო, რა ძველია. იყო. ჯიში იყო. რობაქიძე. ამაოდ ელიან ჩემი ჯილაგის გადაშენებას. ჯიში ფაქიზია. ჯიში ჯიშია. ცხოვრება ძნელია. მაგრამ სარეველა ყველაფერს გაახმობს – ჯიში თუ ძველია, იტყვის თავისას. მე მივაგენი შენს ძარღვს მელიტა და შევადარე ისინი ერთხელ წყლიდან ნაპირზე ამოცვენილ უსუსურ თევზებს – ფერი ფერს ეძებს, მადლი ღმერთს, რომ ფერი ფერს ეძებს... თუმცა თქვენს ფერებს შეჰპარვიათ ჟანგი და მიწა. იყო ტიციანი. დენდი და პოეტი. იყო მელიტა. გალაკტიონი. შერვაშიძე მისი მერი და იყო მაყაშვილი. ო, რა ელიტა გააგზავნეს მოუსავლეთში...