Litclub.ge

დიდედას
ფეშტემალში* გამოკოჭილ
ფიქრებსა და სიბრძნეს მაფრქვევ,
მჭადზე დასმულ ჯვარს ფიცულობ,
რწმენით თვალებს შემომანთებ.

ბეწვის ხიდზე გატარებულ
რწმენაზე და რჯულზე მეტყვი,
სულში ქართულს ინახავდი,
მაშ რა გექნა ამის მეტი?!

გამოაცხვე გულში რწმენა,
კეცში მჭადი ჯვარდასმული,
ცეცხლს და მახვილს გამოსტაცე
რწმენა ,ენა და მამული.

შენ მასწავლე სიყვარული
მოძმისა და გამჩენ ღმერთის,
შენ მიჩვენე , ჩემო დედი,
გადარჩენის ის გზა ერთი.

ხმამაღლა რომ ვერ მღეროდი ,
დედის სამღერ იმ ტკბილ ნანას,
და მალულად,ნენი ,გულში
ღიღინებდი იავნანას.

ქართულ ჯიშის საპატრონოდ,
ქართულ ოჯახს ბურჯად ედექ.
ქართულ ენის გადარჩენას,
ემსახურე რწმენით ჰელბეთ.*

შენ ,აჭარის სამას ზამთარს,
ფარად ედექ ქართულ სულით,
გადარჩენილ იმ ქართულით
დღეს მადლობას გეტყვი გულით.

*“ფეშტემალი’’–წინსაფარი, *“ჰელბეთ’’ –უთუოდ.