Litclub.ge

ძალა ნიჭისა
თამაზ ბაძაღუა თავის სათქმელს დუმილით უფრო ამბობდა. დიდი ცისფერი თვალებით გვაგრძნობინებდა ჩვენდამი სიყვარულს.თუ ამ დუმილს არ დააფასებდი,შეუძლებელიც იყო მისთვის გაგეგო.ვინ იცის, იქნებ ეს ტრაგედიაც იმიტომ მოხდა, რათა რაღაც, ბევრად მეტი, ეთქვა ჩვენთვის და ჩვენც უფრო მეტი გაგვეგო მისგან. დუმილი ყოველთვის იდუმალია. მისი ლექსებიც იდუმალებით არიან მოცულნი, ისინი აწი უფრო გასაგები გახდება ყველასათვის. მან მოახერხა ის, რაც პოეზიის უპირველესი მიზანია: სულს აასხა სიტყვები, რის გამო მისი ლექსები მისი სულივით უსაზღვროა, დაუსრულებელი. სულის სიღრმეში ჩასული პოეტი ყოველთვის გრძნობს თავის ბედისწერას. ამან თუ დააწერინა სრულიად ახალგაზრდას უაღრესად ტრაგიკული ლექსი "ბოლო გაჩერება”, რომელშიც თითქო იწინასწარმეტყველა თავისი და მისი ოჯახის ნაადრევი აღსასრული; დღეს თავსხმასავით მოაწყდა სხეულს შემზარავი სიტყვა “სიკვდილი” დღეს ლოცვასავით გაიღვიძა ტანში სიკვდილმა და ალისფერი ყვავილივით დააჩნდა ასფალტს. ამ ახალგაზრდა ოჯახის სიკვდილი მართლაც რომ თავსხმასავით შემოვარდა ჩვენს,ახალგაზრდა მწერლების სიცოცხლეში. შემზარავია ამ ლექსის ის ადგილები, რომლებშიც მისი გოგონას და მეუღლის აღსასრულიცაა თითქოს განჭვრეტილი; გათავდა, უკვე აღარ არის ბავშვი, რომელსაც ხვალ ცისფერი მოსასხამი უნდა ეყიდა... გვაგონებეს ციტატაც: იმის მკერდი? მზემ იხილა და ვარსკვლავებმა ოქროს საცერში გაცრილი ოქროს წყალში ამოვლებული. გათავდა. აღარ მიეჩქარება.. არადა სამივენი მართლაცოქროს წყალში იყვნენ ამოვლებულნი ოქროსფერი თმებიქონდა სამივეს. ლექსში "მზეო ამოდი!” ისიც განჭვრიტა თითქოს, რომ წყალი იქნებოდა მათი სიკვდილის მიზეზი; გინახავს წყალში დამხვრჩალი გვამი. ბნელი ტალღა რომ აბრუნებს უკანასკნელად, უკანასკნელად დაუვლის სხივი... მე იმ ტალღაზე გატრუნული ვწევარ და ვუცდი... უცდიდა, როდის დაიწყებდა ახალ სიცოცხლეს, უკვე სხეულის გარეშე და ყველაზე ნამდვილ სიცოცხლეს სიცოცხლის ლექსებში, მკითხველებში, მეგობრებში, ყველაში, ვინც მას იცნობდა ისე უეცრად შემოვარდა სიტყვა “სიკვდილი”, თითქოს სიკვდილი არ არსებობდა და დაბნეული მეოცნებე ბიჭუნასავით იდგა ქუჩაში... მეოცნებეც იყო, საოცრად ნიჭიერიც და უაღრესად შრომისმოყვარეც. მის პოეტურ სამყაროში მოექცნენ საქვეყნოდ განთქმული პოეტები პეტრარკა, ჯაკომო ლეოპარდი ტორკვატო ტასო,მარია რაინერ რილკე, რომელთა ბრწყინვალე თარგმანებიც შესთავაზა მან ქართველ მკითხველს. უფრო მეტიც გაკეთება სურდა მაგრამ დაშორდა ღიმილს შენი ტუჩები 
და გაეხვია გაოცებულ დუმილის ტბაში... 

ჩვენც დაგვშორდა მისი ღიმილი, მისი ცხოვრება, ჩვენც გაგვაოცა ასეთი უეცარი განშორებით. ის ხომ თავისსავე ლექსიდან გვეუბნება: 

ო, დასასრულის დასაწყისო, 
ჩვენი სიცოცხლე განშორებაა, 
ჩვენი ცრემლები განშორებაა, 
ჩვენი სიყვარული განშორებაა, 
ჩვენი რელიგია განშორებაა... 

მაგრამ ეს განშორება მხოლოდ მის სხეულს ეკუთვნის, სულით კი მარადიულად დარჩება ჩვენთან, რის საფუძველსაც მისი ლექსები იძლევა. არ არსებობს თაობა, რომელსაც თავისი მოუშუშებელი ტკივილები არ ქონდეს. ასეთ ტკივილად დარჩება ჩვენთვის პოეტი თამაზ ბაძაღუა.