Litclub.ge

გაზაფხული ნატრულეთში

 

   გაჩაღებულა, გიზგიზებს ჭიაკოკონა აპრილის,

   აზავებულა ფერები მიწის და ზეცის არილის.

 

   დაბლა კვირტების სკდომაა და მაღლა _ მეხის ქუხილი,

   ღიჭა-გვირილის ღადარში _ ყაყაჩოების დუღილი.

 

   ია და იასამანი და სელი აყვავებულა,

   დალალჩაშლილი ტირიფი ტბის პირას დამკლავებულა.

 

   ვკოცნი მიწას და ბალახი თავზე ხელს მისვამს რუდუნით,

   მესმის ქვესკნელთა გულიდან ცეცხლის ღელეთა დუდუნი.

 

   რტოზე გადადის ლოქორა, ვით ორბიტაზე პლანეტა,

   ანგელოზებით სავსეა ფრთები ღრუბლების პლანერთა.

 

   კუდი ზღვას დაჰკრა ვეშაპმა, შხეფი ესხურა მთაწმინდას,

   ქურმუხთან მოკლეს ნიბლია, ცრემლი უშბაზე გაწვიმდა.

 

   ნუ იზვიადებ, ძლიერო, ნუ დაიდარდებ, საპყარო,

   შენს მოსვლამდე და შენს შემდეგ შენს გულზე გადის სამყარო.

 

   განგებავ, შენ ხარ ბუნება! Bბუნებავ, შენ ხარ განგება!

   შექმნაა შენი ნგრევა და ნანგრევთა აქანდაკება,

 

   შენი ტრიალი _ ფერხული, სანთლები _ შენი ხანძრები,

   შენი ფეთქება _ სიმღერა, გალაქტიკები _ ტაძრები;

 

   ზეიმით დაინგრევი და ზეიმით აეშენები,

   ჰოი, რა საოცარი ხარ ამ საშინელი მშვენებით.

 

   წყალი ხომაა კოსმოსში, ღვინოც ყოფილა _ ეთილი,

   მუზების მეზვრედ მივდივარ ლექსებად გადაღმერთილი.

 

   მზეში შევდივარ, გავდივარ, ზოდიაქოებს დავეგზნე,

   ვით ცისარტყელა წვეთებზე, ვდგავარ კოსმიურ ტალღებზე.

 

   სამყაროს სკაში ვარსკვლავთა ზუზუნია და ნაყარი,

   ჰე-ჰე-ჰეი! _Mმინდა სიმღერახა-ხა-ხა! _ მინდა ხარხარი.

 

   სიცოცხლით დავრწყულებულვარ, სიკვდილიც წყაროს წყალია,

   კურთხეულია ორივე ვინც თავის დროზე დალია.

 

   ერთია ჩვენი სულები! სიკვდილ-სიცოცხლე ერთია!

   ერთია დედაბუნება, ერთი არის და ღმერთია!

 

                                            2010