Litclub.ge

უდღეური ბატკანი
ზღაპარი
 
ნოდარ, ჩემო ბაქია მეგობარო, წუხელ ბაბუამ დიდებული ზღაპარი გვიამბო. ვწუხდი, რომ შენც ჩვენთან არ იყავი. ერთი ბატკანი იყო, _ ასე დაიწყო ბაბუამ, _ ქვეყანა თავისი აშენებული ეგონა. ბოლოს მისი დანგრევაც სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. 
ჩვენ ყველანი გაგვაოცა ასეთმა ამბავმა, თვალები დავაჭყიტეთ და სმენად გადავიქეცით. 
თურმე, მარტის თვეში უდროოდ დაბადებულა უჭკუო ბატკანი. 
მთვარიანი ღამე იყო,_განაგრძო ბაბუამ,_მთელი ღამე იწვალა დედა ცხვარმა და გარიჟრაჟზე შვა ის უკეთური. მისი გამოჩენა არავის ესიამოვნა ბაკში, ან რა სასიამოვნო იქნებოდა პატარა, მომაკვდავი არსების დანახვა! მოხუცმა ერკემალმა ზურგი შეაქცია იქაურობას, თავი მაღლა აღმართა და ჭუჭრუტანიდან დღის სინათლეს დაუწყო ლოდინი. ცხრა თვის კრავი კი გაბრაზებული თავს ურტყამდა კარებს. 
გარეთ ჩამიჩუმიც არ იყო. უცებ ტოროლამ შექმნა ცაში ხმაური. ჯერ გაურკვევლად ღუღუნებდა რაღაც სიმღერას, მერე საოცარი ამბავი წამოიწყო: 

ერთი ვაჟკაცი, კოხტა ვაჟკაცი, 
მოიმღეროდა, ჩემო ბატკანო. 
ენძელისფერად აფეთქებული 
რაში ელოდა, ჩემო ბატონო. 
ამაყი იყო, ლამაზი იყო, 
კისკისა იყო, ჩემო ბატონო... 
მდინარის პირას დაბერებული 
ლომი ღმუოდა, ჩემო ბატონო... 
გაფრინდა რაში შრიალა ქარში 
და მოჰკლა ლომი, ჩემო ბატონო. 
მისი სახელი მე არასოდეს 
არ წამომცდება, ჩემო ბატონო... 

ვიდრე ტოროლა ტკბილად მღეროდა თავის სიმღერას, ცნობისმოყვარე მამალი ადგილზე ვერ ისვენებდა. რამდენჯერმე წაიგრძელა კისერი, დაყივლება სცადა, მაგრამ შერცხვა და თავი შეიკავა. ახლა კი, როცა მომღერალმა ლამაზი ვაჟკაცის ამბავი თქვა, ხოლო მისი ვინაობა არ დაასახელა ვეღარ მოითმინა: 
_ ლამაზი ვაჟკაცი ვინ იყოოოო?_თავისებურად შესძახა მამალმა.
პასუხის მოლოდინში ქათმებმა ყურები სცქვიტეს, მაგრამ ამაყმა ტოროლამ არაფერი არ უპასუხა მეტიჩარა მამალს. ყივილის გაგონებაზე უდღეურმა ბატკანმა ენა გადმოაგდო და სასაცილოდ დაიძახა ,, მეეე “ 
ეს რომ მამალმა გაიგონა, სიცილი აუტყდა, ფეხები აუძიგძიგდა ტოტზე თავი ვერ შეიმაგრა და ფრთხიალით ძირს დაეშვა დედალმა ქათმებმა ხომ კისკისით და კრიახით სულ აიკლეს იქაურობა. 
მამალი რომ სულელი არ ყოფილიყო, ტოროლას ნათქვამის გამოცნობას რა დიდი საქმე უნდოდა, ბებერი ლომი ზამთარი იყო უთუოდ. თეთრი გაზაფხული იქნებოდა. 
ამ უდღეური ბატკნის საქმე მართლა საკვირველი იყო: ნახევარი საათის ხნოვარება არც კი ჰქონდა ასეთი სიცრუე გაბედა. ნახევარი დღის რომ გახდებოდა არ იყო დღის სინათლე მოსული, გარიჟრაჟის ბურუსს მოეცვა მთელი სოფელი. მგალობელი ფრინველები დიდი ხანია დღის შესახვედრად ემზადებოდნენ ტოტიდან ტოტზე გადადიოდნენ, ვინ რას ჟრურტულებდა და ვინ რას. ბოლოს ბულბულმა დაიწყო თავისი მშვენიერი სიმღერა და ყველამ ხმა ჩაიკმინდა. 

,, ეს ამგავი თქვენ რომ გითხრათ, 
მე არ დამეძინება... 
ცეცხლის კაცმა ცეცხლის რაშით 
გაქროლება ინება. 
მოდის, ეჟვნებს აჟღარუნებს 
ვაჟი ოქროსთვალება 
ხან იელვებს ვარდისფრად, 
ხან კი მიიმალება. 
ჩემი გული თან წაიღო 
მისი ქარვის მძივებმა... 
დანარჩენი თქვენ რომ გითხრათ, 
მე არ დამეძინება 
ამ უცნაურმა გამოცანამ ყველა გააკვირვა. 
_ ვინ არის ის ვაჟკაცი? _ დაიბღავლა უშობელმა. 
_ ვინ არიიიიის? _ აზმუვლდა კამეჩი. 
_ ვინ არის, ვინ არის! _ ყროყინებდა ვირი. 
მაგრამ კადნიერი ბულბული პასუხს არ იძლეოდა. ბულბული ვირის გასაგონად როდი მღერის თავის ტკბილ სიმღერას. 
ბოლოს ისევ ბატკანი ამოძრავდა, თავი ამაყად ასწია და თავისებური,, მეეეე” დაიძახა. 
ამის გაგონებაზე საშინელი ხმაური ატყდა ეზოში. ყველამ ცხვრის ფარას მიაშურა. 
უშობელი უჭკუო ყოფილა, კამეჩიც და ვირიც, თორემ ბულბულის ნათქვამი სულ ადვილი გამოსაცნობი იყო. ოქროსთვალება ვაჟი მზე იყო ნამდვილად, გაზაფხულის პირველ დღეში ხან რომ ანათებს ხან არა. ბულბულს ხომ ძალიან უყვარს კაშკაშა მზე. 
ბატკნის საქმე კი მართლა საკვირველი იყო. ფარეხის კარი რომ გააღეს, ყველამ კარგად დაინახა საბრალო არსება. ყველამ გაიგო, რა შვილიც იყო და წვალება დაუწყეს. 
_ ვინ არის ყველაზე ლამაზი ამქვეყნად? _ ეკითხებოდა ინდაური. 
_ მეეეე,_პასუხობდა ბატკანი 
_ ვინ ააშენა ეს ქვეყანა? კითხულობდა ცუღლუტი ვარია. 
_ მეეეე, _ თავისას გაიძახოდა ბატკანი. 
_ ვინ? ვინ? ვინ? _ ღრუტუნებდნენ გოჭები. 
_ მეეეე, მე, _ არ იშლიდა ბარტკანი. 
ყველამ სასაცილოდ აიგდო საბრალო. ვირი ხომ დასცინოდა და დასცინოდა, მაგრამ ინდაურის ჭუკებსაც კი ბრძნად მოჰქონდთ თავი. 
ამასობაში გათენდა კიდეც. მზემ ღრუბლებლებში პატარა ჭუჭრუტანა მონახა და ნაწყენი თვალებით გადმოხედა ქვეყანას.
უდღეური ბატკანი შფოთავდა და მიწას ფეხებს უბაკუნებდა. 
_ ქვეყანა ხომ ააშენა და ახლა იმის განგრევა უნდაო, _ იხუმრა ვირმა და სიცილი ვერ შეიკავა. 
მსუქანმა ტახმა ამაზე საშინელი ხარხარი ასტეხა. ქათმები ხომ სულ გაგიჟდნენ კისკისით. ასე დაჩაგრეს ტრაბახა ბატკანი. 
მე ეს ამბავი იმიტომ გადმოგეცით, ბავშვებო, რომ ბევრჯერ თქვენც იცით ტრაბახი. თუ სიცრუეში ერთხელ დაგიჭირეს, ყველაზე სულელი და უჭკუოც შენ დაგიწყებს დაცინვას. ყველაზე საცოდავი ამ ქვეყანაზე ბაქია კაცია. _ ასე დაასრულა ზღაპარი ბაბუამ. 
ნოდარ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე დიდი გულისყურით მოვისმინე უდღეური ბატკანის თავგადასავალი და ძალიან ვწუხდი, რომ შენც ჩვენთან არ იყავი. კარგად იცი, რა კარგი კაცია ბაბუაჩემი, როგორი თეთრი წვერები და ტკბილი ენა აქვს... 

1939 წ.